წმიდა კეთილმსახური მთავარი, მოციქულთასწორი ბორის-მიხეილ ბულგარელი (+907)

2 (15) მაისი

ბულგარელები ხშირად ეომებოდნენ მეზობელ ტომებს, ქვეყანა შიმშილობდა, 860 წელს კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ბორის მეფე წარმართული ქვეყნის ხსნას ქრისტიანული რწმენის მიღებაში ხედავდა. ბერძნებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ბულგარელებმა ტყვედ ჩაიგდეს სახელოვანი დიდებული თეოდორე კუფარა, რომელსაც ბერობის აღთქმა ჰქონდა დადებული. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც სახარების მარცვალი დათესა ბულგარელთა მეფის გულში. ამის შემდეგ ბულგარეთზე გამოლაშქრებულმა ბერძნებმა თავად იგდეს ხელთ ძვირფასი ტყვე - მეფის მცირეწლოვანი და, რომელიც შემდგომ ბიზანტიის იმპერატორის კარზე მართლმადიდებლურად იზრდებოდა. როცა იმპერატორი თეოფილე გარდაიცვალა, ბორის მეფემ გადაწყვიტა, შური ეძია ბერძნებზე. იმპერატორის ქვრივმა თეოდორამ ელჩები გაუგზავნა მეფეს და გააფრთხილა, რომ ის თვითონ დაიცავდა იმპერიას. ბორის მეფემ ზავი ირჩია და შერიგების ნიშნად ტყვეებიც გაცვალეს - თეოდორე კუფარა საბერძნეთში დაბრუნდა, ბულგარელთა მეფის ასული კი სამშობლოში. მან უფრო განამტკიცა ძმის გულში ქრისტეს სასოება. მოგვიანებით ბულგარეთში ჩამოვიდა წმიდა მეთოდე, რომელმაც ძმასთან, წმიდა კირილესთან ერთად მოაქცია სლავები. წმიდა მეთოდემ ნათელ-სცა მეფე ბორისს, მის ოჯახს და მრავალ ბულგარელს. წარმართმა ბულგარელებმა მეფის მოკვდინება გადაწყვიტეს, მაგრამ ახალმონათლულმა ბორისმა დაამარცხა შეთქმულები. მეამბოხე ბელადებისაგან თავდახსნილმა ბულგარელმა ხალხმა ნებით მიიღო ქრისტიანობა. ბიზანტიასა და ბულგარეთს შორის დაიდო ზავი, რომელიც არ დარღვეულა კეთილმსახური მეფის აღსასრულამდე. ბულგარელი ხალხის სულიერი განმტკიცებისთვის დიდი ღვაწლი გასწია პატრიარქმა ფოტიოსმა. 867 წელს ბულგარეთში ჩამოვიდნენ რომის პაპის წარგზავნილები. სამი წელი გრძელდებოდა ბულგარეთში დავა ბერძნულ და რომის ეკლესიებს შორის. 869 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარებულმა კრებამ უთანხმოებას ბოლო მოუღო. 870 წლის 3 მარტს კი ბულგარეთის ეკლესია საბოლოოდ შეუერთდა აღმოსავლეთის ეკლესიას. კეთილმსახურმა ბორის მეფემ ქვეყანა ტაძრებით შეამკო. შემდეგ ბულგარეთში საპატრიარქო კათედრაც დაარსდა. ხანშიშესული წმიდა ბორისი მონასტერში წავიდა, სამეფო კი შვილებს - ვლადიმირს და სიმეონს დაუტოვა. მონასტერში მყოფმა ბორისმა, ნათლობით მიხეილმა, გაიგო, რომ ძე მისი ვლადიმირი ქრისტიანობისგან განდგომის გზაზე იდგა. ამით შეძრწუნებული მეფე კვლავ სამეფო პორფირით შეიმოსა, ურჩი შვილი დასაჯა და საპყრობილეში ჩასვა, უმცროსი ძე, სიმეონი აღასაყდრა სამეფო ტახტზე და კვლავ მონასტერში განმარტოვდა. მხოლოდ ერთხელ გამოვიდა მეფე-ყოფილი მონასტრიდან - უნგრელთა შემოსევა მოიგერია - და კვლავ ღვთის სადიდებელ მოღვაწეობას შეუდგა.

წმიდა ბორისი მშვიდობით მიიცვალა 907 წლის 2 მაისს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.