წმიდა მოწამე აკაკი ასისთავი

 7 (20) მაისი

წმიდა მოწამე აკაკი (+303) დაიბადა კაბადოკიაში და იყო მარტისიის პოლკის ასისთავი. როცა იმპერატორ მაქსიმიან გალერიუსის (305-311) ბრძანებით დაიწყო ქრისტიანთა დევნა, მხედართმთავარმა თერმმა სათითაოდ დაკითხა თავისი ჯარისკაცები. წმიდა აკაკიმ მტკიცედ და საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა. თერმმა ის მთავარსარდალ ვივიანესთან გაგზავნა. ვივიანეს ბრძანებით წმიდა აკაკი სასტიკად აწამეს, შემდეგ მძიმე ბორკილები დაადეს და საკანში ჩაკეტეს. ცოტა ხნის შემდეგ მოწამე სხვა ქრისტიანებთან ერთად წაიყვანეს ბიზანტიაში. როცა ღამის გასათევად გაჩერდნენ, წმიდანმა მადლობა შესწირა უფალს წამებისათვის. ლოცვის დროს წმიდა მოწამეს ზეციდან ხმა მოესმა: „გაძლიერდინ, აკაკი!“ ეს ხმა სხვა პატიმრებმაც გაიგონეს და ირწმუნეს ქრისტე.

ბიზანტიაში წმიდა მოწამეს მკაცრად ექცეოდნენ, სხვებს კი შედარებით უმსუბუქებდნენ მდგომარეობას. ღამით პატიმრებმა იხილეს, რომ წმიდანთან ნათლით მოსილი ჭაბუკები მოვიდნენ, წყლულები მობანეს და საჭმელი მოუტანეს. 7 დღის შემდეგ ვივიანემ კვლავ მოიხმო წმიდა აკაკი და როცა მისი სიცოცხლით სავსე სახე ნახა იფიქრა, რომ დარაჯს მოჰქონდა წმიდანთან საკვები, მოაყვანინა იგი და მკაცრად დაკითხა. ამაოდ ირწმუნებოდა დარაჯი თავის უდანაშაულობას: ვივიანემ მისი გაროზგვა ბრძანა. მაშინ წმიდა აკაკიმ თვითონ უპასუხა ჯალათს: „სიმტკიცე და ძალა უფალმა იესო ქრისტემ მომცა, მანვე განკურნა ჩემი წყლულები“. გამძვინვარებულმა ვივიანემ სასტიკად ცემა წმიდანი და შემდგომი წამებისთვის გაუგზავნა მმართველ ფლაკინს, რომელმაც დაუფიქრებლად მოჰკვეთა თავი ქრისტეს აღმსარებელს.

წმიდა კონსტანტინე დიდის დროს წმიდანის წმიდა ნაწილები განისვენებდა კონსტანტინეპოლში, მოგვიანებით იგი გადაასვენეს კალაბრიაში, ქალაქ სიცილიაში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.