წმიდა მოწამე ალექსანდრე რომაელი (284-305)

 13 (26) მაისი

წმიდა მოწამე ალექსანდრე რომაელი (284-305) ქრისტესთვის აღესრულა IV ს-ის დასაწყისში. ის მხედარი იყო და რომში მსახურობდა ტრიბუნ ტიბერიანეს პოლკში. წმიდა ალექსანდრე 18 წლის იყო, როცა იმპერატორმა მაქსიმიანე ჰერკულესმა (284-305) გამოსცა ბრძანება, რომ განსაზღვრულ დღეს ყველა მოქალაქე მისულიყო ზევსის ტაძარში და მსხვერპლი შეეწირა. ბავშვობიდან ქრისტიანული სარწმუნოებით გაზრდილმა ალექსანდრემ უარი განაცხადა დღესასწაულში მონაწილეობის მიღებაზე. შეშინებულმა ტიბერიანემ იმპერატორთან დაასმინა წმიდანი. როცა მის შესაპყრობად მოვიდნენ, ალექსანდრეს ეძინა. წმიდანი ანგელოზმა გამოაღვიძა და მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრული აუწყა. მაქსიმიანეს წინაშე წმიდა ალექსანდრემ უშიშრად აღიარა ქრისტე. როცა დაპირებებმა არ გაჭრა, წმიდა მოწამე სასტიკად აწამეს. იმპერატორის ბრძანებით ტიბერიანე თრაკიაში წავიდა და თან იახლა წმიდა ალექსანდრე. უფლის ანგელოზმა წმიდანის დედას პიმენიას გამოუცხადა შვილის მოწამეობრივი მოღვაწეობა. წმიდა ალექსანდრეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ჯალათმა ხელი ვერ აღმართა წმიდანის მოსაკვდინებლად, რადგან ხედავდა მისი სულის წასაყვანად მოსულ ანგელოზებს. წმიდა მოწამის ლოცვით ანგელოზები უჩინო იქმნენ და ჯალათმაც თავი წარკვეთა მას. წმიდანის გვამი მდინარეში ჩააგდეს, მაგრამ ოთხმა ძაღლმა ხმელეთზე ამოიყვანა იგი და მხნედ უდარაჯა, სანამ არ მოვიდა დედა და პატივით არ დაფლა შვილის ცხედარი მდინარე ერიგონის ნაპირას. წმიდანის საფლავთან კურნებები აღესრულებოდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.