წმიდა მოწამე სოლოხონი, პამფამირე და პამფალონ მხედრები (284-305)

 17 (30) მაისი

წმიდა მოწამე სოლოხონი, პამფამირე და პამფალონ მხედრები (284-305). წმიდა სოლოხონი წარმოშობით ეგვიპტელი იყო, იგი ქრისტესთვის ივნო იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305) დროს. მასთან ერთად მოწამეობრივად აღესრულნენ პამფამირე და პამფალონი. ისინი იმპერატორის არმიაში მსახურობდნენ ტრიბუნ კამპანის პოლკში. ქრისტიანთა დევნის დროს კამპანის პოლკი ქალაქ ქალკედონიაში გაგზავნეს და ყველა მხედარს მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება მოსთხოვეს. სამმა მხედარმა - სოლოხონმა, პამფამირემ და პამფალონმა - უარი განაცხადეს წარმართული კერპების თაყვანისცემაზე და აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი, უფალი იესო ქრისტე. კამპანის ბრძანებით ისინი სასტიკად აწამეს. წმიდა პამფამირე და პამფალონი წამებისას გარდაიცვალნენ. განრისხებულმა ტრიბუნმა ბრძანა, ხმლით გაეღოთ პირი ცოცხლად გადარჩენილი წმიდა სოლოხონისათვის და ნაკერპავი სისხლი ჩაესხათ. წმიდანმა კი ისე მოუჭირა კბილები, რომ ხმალი მოიღუნა. მან ბორკილები დაამსხვრია და კვლავ ადიდა უფალი. ხანგრძლივი წამების შემდეგ სოლოხონი ცალი ხელით დაკიდეს, ფეხზე კი მძიმე ქვა ჩამოკიდეს. 3 საათი ეკიდა წმიდანი ასეთ მდგომარეობაში, შემდეგ კი თოკი გადაჭრეს. წმიდა სოლოხონი საღსალამათი წამოდგა ფეხზე. მრისხანებისგან გონდაკარგულმა კამპანმა კვერთხი ჩაარტყა წმიდა მოწამეს თავში. წმიდა სოლოხონი უგონოდ დაეცა, კამპანი და მხედრები კი სასახლეში წავიდნენ. ქრისტიანებმა მოწამე ერთი ღვთისმოსავი ქვრივის სახლში წაიყვანეს, სადაც სული მოითქვა, ქრისტიანებს ესაუბრა სარწმუნოებაზე და გაამხნევა ისინი. შემდეგ წმიდა სოლოხონმა ილოცა და სული განუტევა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.