წმიდა შიო მღვიმელის ცხოვრება

1. წმიდა და ღმერთშემოსილი მამა შიო იყო ასურეთიდან, ღვთის დიდი ქალაქ ანტიოქიიდან, რომელმაც მრავალი წმიდანი აღმოაცენა. იგი იყო შვილი ღვთისმსახური და აზნაური მშობლებისა, რომლებიც უფრო მდიდარნი იყვნენ ღვთისმსახურებითა და იმით, რომ იყვნენ მშობლები დიდი წმიდანისა. სხვა შვილი არ ყავდათ მათ ნეტარი შიოს გარდა, რომელიც მიეცა მათ ღვთისაგან, როგორც კეთილი საყრდენი მათი სიბერისა. ის იყო მემკვიდრე მათი ქონებისა. ნეტარმა მეუღლეებმა თავიანთი მშვენიერი ნაყოფი აღზარდეს მრავალგვარ მოღვაწეობასა და ღვთის სიტყვის სწავლაში. შეისწავლეს მას ძველი და ახალი აღთქმის წიგნები და მათი განმარტებანი. ის ყოველ სწავლას ღებულობდა როგორც კეთილი ნიადაგი, რადგან იზრდებოდა საკუთარ თავში ღვთის სიტყვის დაცვითა და წვრთნით. საღვთო სიტყვის უმეტესი ნაწილი დაისწავლა ზეპირად, ხოლო წმიდა სახარება, პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ფსალმუნის წიგნი მოუშორებლად თან ჰქონდა და ენა და პირი მისი მუდამ გამოთქვამდა მათ, რითაც თაფლზე მეტად დაატკბობდა თავის სასას.

როცა გახდა თექვსმეტი წლისა, დაიწყო წმიდა წიგნების გამოძიება, იჯდა შეუსვენებლად დღე და ღამე კითხულობდა და სულიწმიდის მადლით ყოველივეს შეუცდომლად ხვდებოდა, თან განმარტავდა ისე, რომ ყველას აკვირვებდა ღვთის დიდი მადლი, რომელიც მისი ბაგეებიდან მეტყველებდა. მშობლებს შეეშინდათ და შეწუხდნენ თავიანთი შვილის მოუკლებელი შრომის გამო და ურჩევდნენ მას, საკუთარი თავისათვის დასვენების ნება მიეცა და სხეული ასე გამეტებით არ გაეწვალებინა. წიგნებსაც კი შეეხნენ და მოარიდეს. ამან დიდად შეაწუხა ყრმა და უთხრა მშობლებს: „ასე რატომ იქცევით, ჩემო პატრონებო, და მაშორებთ ღმერთზე ფიქრს, რადგან ვინც მუდამ არ ფიქრობს ღვთის სჯულზე, იგი შორსაა ზეციური სასუფევლისაგან და ხდება ტყვე ეშმაკისა. ჩემო კეთილო მშობლებო, გინდათ, რომ ამისთვის თქვენც მოგერიდოთ?“ მშობლებმა დაუთმეს და მიიღო რა უფლება მათგან, დიდად დაწინაურდა ნეტარი შიო თავის ტოლებს შორის ღვთის შიშითა და საღვთო წერილის ცოდნით, რადგან იგი ირწყვებოდა ღვთის სჯულით, როგორც ეს დაწერილია, და ნაყოფიერდებოდა, როგორც ზეთისხილი ღვთის სახლში.

როცა ღირსი შიო ოცი წლისა გახდა, დიდი მნათობი და მოღვაწეთა თვალი, ყველგან განთქმული იოანე გამოჩნდა, როგორც მანათობელი ვარსკვლავი, რომელიც უნათებდა ანტიოქიის მკვიდრთ და იმყოფებოდა უდაბნოში მრავალ მოწაფესთან ერთად. შიოც, მშობლებისაგან ფარულად, მივიდა იოანესთან, როგორც დიდ მწყემსთან, ფეხებში ჩაუვარდა მას, მოეხვია, თაყვანი-სცა ღვთის სიყვარულით აღძრულმა, რომელიც ცეცხლზე უფრო შემწველი და ყველაფერზე მეტია. ხოლო ნეტარმა იოანემ, ნახა რა ჭაბუკის გონიერება, მისი შინაგანი ხედვა და გონების სიმდაბლე, შემუსრვილება გულისა, სიტყვის სიმშვიდე და შინაგანი სიმტკიცე, სულით მიხვდა მისი სულის სიმაღლეს და, როგორც კეთილმა ნიადაგმა იცის მიღება თესლისა ღვთის ბრძანებით, ნეტარმა იოანემაც იცოდა წინასწარ და მიმართა მას: „შვილო შიო!“ - ნეტარი შიო შეაკრთო თავისი სახელის გაგონებამ და მიხვდა, რომ მიაგნო იმას, ვინც მას სურდა, თავის მოძღვარსა და განმანათლებელს. იოანემ კვლავ უთხრა: „შვილო, შიო, რატომ შეშფოთდები იმისათვის, რომ უფალმა ღმერთმა შენი სახელი მაუწყა? თუ გწამს წმიდა სახარება, რომელიც შეგიყვარებია, გჯეროდეს, რომ ღვთის რწმენას ყველაფერი შეუძლია“, - წამოაყენა იგი ნეტარმა იოანემ, ეამბორა მას, აკურთხა, შემდეგ კი მიუბრუნდა თავის მოწაფეებს და ნელი ხმით უთხრა: „აი, ეს ჭაბუკი გამოირჩია ღმერთმა და აავსო წმიდა სულით, და გახდება ეს მამა მრავალი სულისა, რომელთაც ღვთის სათნოებებით წინ გაუძღვება; იგი იქნება ანთებული სანთელი სასანთლეზე, რომ გაუნათოს ყველას“ შემდეგ მიუბრუნდა შიოს და უთხრა: „შვილო, ნეტარი ხარ შენ, რადგან დიდი იქნები ღვთის წინაშე და მეც ნეტარი ვარ, რადგან მამად ვიწოდები ასეთი დიდი მამათა მამისა“.

ესაუბრა მას იმ დღეს და თაფლზე უფრო ტკბილი სიტყვებით გაანათლა მისი გონება და გაამხიარულა. მეორე დღეს კი უთხრა მას: ახლა კი წადი, შვილო, შენს მშობლებთან, მიიღე მათგან კურთხევა და შემდეგ მოდი ჩემთან და ღვთის მადლმა დაგიფაროს და გაგაძლიეროს.

ნეტარი შიო დიდად შეაწუხა უკან გაგზავნამ, რადგან ეშინოდა, რომ მშობლებისაგან, კურთხევის ნაცვლად, არ მიეღო სასჯელი, როცა გაიგებდნენ მის სურვილს ბერული ცხოვრებისას. ამაზე ნეტარმა იოანემ მტკიცედ უთხრა: გწამდეს ჩემი, რომ შენზე უწინ ისინი მიიღებენ მონაზვნობას. წადი და უფალი იყოს შენთან, რათა განგამტკიცოს. შიომ მიიღო კურთხევა იოანესა და ძმებისაგან და წავიდა სახლში მშობლებთან. როცა დაბრუნდა, ჰკითხეს, თუ სად იყო და რატომ არ უთხრა მათ, თუ რა მიზეზით წავიდა სადღაც. ფრთხილმა შიომ არაფერი უთხრა მას, თუ რა მიზეზით წავიდა სადღაც. ფრთხილმა შიომ არაფერი უთხრა მათ, რათა უცებ არ შეეშინენიბა, არამედ დადუმდა და სხვა ღონე იხმარა მათ დასამშვიდებლად, ხოლო ღვთის სიყვარულის ალი, რომელიც მასში ცეცხლივით გიზგიზებდა, სწვავდა მას და ასწავლიდა, თუ მისთვის სასურველისათვის დროზე როგორ უნდა მიეღწია.

იყო დღეებს შორის დიდებული კვირა დღე და მისი მშობლები წავიდნენ ეკლესიაში. წირვის დროს შიო მამამისის მახლობლად, რასაც ადრე არ იყო ჩვეული. როცა დიაკონი გამოვიდა ასწიგნობელთან წმიდა სახარების წასაკითხად, ნეტარმა შიომ უთხრა თავის მამას: მივიდეთ და დავდგეთ წმიდა სახარების ქვეშ, რადგანაც მღვდლებისგან გამიგია, რომ იმათ, ვის თავზეც კვირა დღეს წაიკითხავენ წმიდა სახარებას, განშორდება ყოველგვარი სენი და უძლურება. მამა დაემორჩილა შიოს სიტყვას და შვილთან ერთად დადგა წმიდა სახარების ქვეშ. იმ დღეს დიაკონმა სახარებიდან წაიკითხა შემდეგი: „რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თვისი და ცოლი, და შვილნი, და ძმანი და დანი, და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა“ (ლკ. 14, 26). წირვის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ სახლში და დასხდნენ პურის საჭმელად. და ჰკითხა ნეტარმა შიომ თავის მამას: რა იყო დღევანდელ სახარებაში ნათქვამი? და გაახსენა მამას ის, რაც ტაძარში მოესმინა. შემდეგ კი უთხრა მას:  რა გვაყოვნებს ჩვენ, რომ ქრისტეს მოწაფეები გვერქვას, რადგან, როგორც მოვისმინეთ, მცირეოდენის დათმენისათვის ღვთისაგან ასწილს მივიღებთ მომავალ საუკუნო ცხოვრებაში? რა შეიძლება შევიძინოთ ამქვეყნად, მეფეც რომ ვიყოთ, რომ არ მოგვიწიოს მისი დაკარგვა? ხოლო მამის გულში, როგორც სანთლის ცვილზე, ისე აღიბეჭდებოდა ნათქვამი და უთხრა შვილს: შვილო, როგორც შენ თავად ხედავ, მე და დედაშენი მოხუცებულები ვართ, შენ კი მარტო ხარ, ჩვენი მამულის მემკვიდრე. თუ გსურს, გაგვხადე ჩვენ მონაზვნები, შენ კი მოიყვანე ცოლი და მემკვიდრის გარეშე ნუ დატოვებ შენს მამულს. აი, ყველაფერი შენს წინაშეა, მიიღე ჩვენგან ყველა უფლება. ამ სიტყვებმა ნეტარი შიო დიდად გაახარა, გულში კი თქვა: როცა ჩემი მშობლები მონაზვნები გახდებიან, მე თავისუფლი შევიქნები და რაც მსურს, იმას ვიზამ. და გაახსენდა სიტყვა, რომელიც მას უთხრა ნეტარმა იოანემ, რომ: შენზე უწინ მიიღებენ შენი მშობლები მონაზონობასო.

ნეტარმა შიომ უთხრა მშობლებს: „ჩემო პატრონებო, რადგან ასეთი კეთილი გონება მოგცათ თქვენ ღმერთმა, ნუ დააყოვნებთ, არამედ, რაც გსურთ - რომელიმე მონასტერს შესწირეთ, მე კი მომავალ წელს, თუ ღმერთი ინებებს, შევირთავ მეუღლეს“, რადგან მშობლებს გადააწყვეტინა ეს საქმე, აღარ მოიცადა, არამედ ჯერ დედამისი წაიყვანა ქალწულთა მონასტერში და შეავედრა დედათა დიაკონს, რომელმაც მონაზვნად აღკვეცა იგი. ნეტარმა შიომ უთხრა დედას: „დედაო, იცოდე, რომ ამიერიდან ღვთის მცნება უნდა აღასრულო, რადგან ქრისტეს აღთქმა მიეცი საკურთხევლის წინაშე, ვერც ჩემს ნახვას შესძლებ, ვერც - მამაჩემისას. იყავი დედათა დიაკონისა და სხვა სულიერი დების მორჩილებაში და ნუ იდარდებ ჩემზე, მაგრამ შენს წმიდა ლოცვებში ნუ დამივიწყებ“. მაშინ მათ უამრავი ცრემლი ღვარეს, შემდეგ უკანასკნელად მოეხვივნენ ერთმანეთს და დაშორდნენ.

ასევე მოექცა მამამისსაც, რომელიც მან წაიყვანა ზოგად ცხოვრებულთა მონასტერში, სადაც იგი შეიმოსა წმიდა სქემით. ბევრნაირი სწავლა-დარიგება მისცა შიომ მამას მოთმინების შესახებ. ორივე მონასტერს, სადაც მშობლები დაემკვიდრნენ, დიდძალი საფასე შესწირა. მამასაც, როგორც დედას, დაემშვიდობა, მიიღო მისგან კურთხევა და დაშორდა. როგორც კი მშობლებისაგან გათავისუფლდა, ყველაფერი, რაც კი დაეტოვებინათ მისთვის, გაყიდა და თანხა მონასტრებსა და, რომელთაც ჭირდებოდათ, იმათ დაურიგა. თვითონ დაიტოვა წმიდა სახარება და ფსალმუნთა წიგნი, დათმო ყოველგვარი სამხიარულო საქმენი, სახარების სიტყვის მიხედვით, თვით სულიც კი უარყო ქრისტესათვის და მიატოვა სახლი და ეს წუთისოფელი და წავიდა მისთვის სასურველი გზით, რასაც ეტრფოდა და ესწრაფოდა, რომლისთვისაც აღარ გადაუხვევია, როგორც ამას ვნახავთ შემდგომში.

მოვიდა იოანესთან, მოუდრიკა მუხლი და მიიღო მისგან კურთხევა. იოანემ გაიხარა დიდი სიხარულით, ტკბილად მიიღო და სიყვარულით უთხრა: შვილო შიო, ნეტარი ხარ, რადგან მოსჭიდე რა გუთანს ხელი, უკან აღარ მიგიხედია, არამედ კეთილად გაიტანე კვალი. ამიტომ გეტყვი შენ, ჩემო ძმაო, და გწამდეს, რომ ამისთვის მტრის ყოველ ბრძოლას იოალად განერიდები, რადგან მთელი სასოებით შეიყვარე შენ ქრისტე და მტკიცე რწმენით შეასრულე მისი ბრძანებები. შიო კი ევედრებოდა ნეტარ იოანეს, რომ ბერად აღეკვეცა იგი, რათა შერთვოდა მონაზონთა კრებულს. ნახა რა იოანემ შიოს დიდი სიყვარული, აღარ დააყოვნა და თავისი წმიდა ხელებით აღკვეცა იგი და შემოსა წმიდა სქემით და დაინახა, რომ შიოს სახე იყო ანგელოზის მსგავსი.

ხოლო ამის შემდეგ ვინ უნდა თქვას მისი ღვაწლის შესახებ, რომელიც თავს იტვირთა. იგი დღითიდღე იზრდებოდა ღვთის მეცნიერებით, როგორც წყლის ნაპირას დარგული ხე და ტკბილ ნაყოფსაც უხვად იღებდა, როგორც მსხმოიარე ფინიკი. ღირსი იოანეს სწავლით, მონაზონობის საქმეს, როგორც რაიმე დიდ ხელოვნებას, ისე დაეუფლა და მიაღწია დიდი მამების სისრულის საზომს. თვით მისი მოძღვარი იოანეც კი გაკვირვებული იყო იმ განუზომელი მადლით, რითაც სავსე იყო ნეტარი შიო, რადგან ეშმაკებსა და მათ ბრძოლებს ისე დაარღვევდა, როგორც ობობას ქსელს. ღვთისაგან მიეცა მადლი მას ადამიანებისა და პირუტყვების სნეულებათაგან გათავისუფლებისა და ეშმაკეულების სიტყვით განკურნებისა. ყოველი მხრიდან იოანესთან მისული სნეულები და ეშმაკეულები მისი წმიდა ლოცვით იკურნებოდნენ, რადგან ნეტარი შიო იყო ყოვლად უმანკო და მის გულში ვერ იპოვიდი ვერავითარ კვალს სიამაყისა და ამპარტავნებისა, ხოლო სიმდაბლე იმდენი მოეპოვებინა, რომ საკუთარი თავი არარაობად მიაჩნდა.

2. როცა ნეტრმა შიომ მონაზვნობაში გაატარა ოცი წელი, იოანემ ღვთისაგან მიიღო ბრძანება, რომ თავის მოწაფეთაგან გამოერჩია თორმეტი, სიტყვითა და საქმით ძლიერნი და წასულიყვნენ ქართველთა ქვეყანაში, რათა განემტკიცებინათ ისინი სარწმუნოებაში, რადგან მაშინ ქართველები ქრისტეს რწმენაში იყვნენ ახლად დანერგილები. ორასი წელი გასულიყო მათი მოქცევიდან, როცა მოციქულთა მადლით განმტკიცებულმა წმიდა დედა ნინომ წმიდა ემბაზით ხელახლა შვა ისინი და გაანათლა ღვთის მეცნიერებით. ღვთისაგან უწყებული იოანემ აცნობა თავის მოწაფეებს და მოსთხოვა, რათა ელოცათ გულმოდგინედ და მარხვასა და ღვთის ვედრებაში გაეტარებინათ ათი დღე, რათა ეხილათ გამოცხადების ბოლო.

როცა გავიდა ეს დღეები, ნეტარმა იოანემ იხმო ყველა და უთხრა მათ: „ჩემო შვილებო და საყვარელო ძმებო, უფლის მადლით ვხედავ ღვთის საქმეში თქვენს სისრულეს. მოისმინეთ, თუ რა მეუწყა ღვთისაგან: ვნახე ყოვლადწმიდა დედოფალი, ღვთისმშობელი, რომელმაც მიბრძანა, რათა თქვენგან გამოვარჩიო თორმეტი და წავიდე ქართველთა ქვეყანაში და იქ ვიღვაწოთ სარწმუნოებისათვის. ახლა დავწერ თქვენს სახელებს და მოვათავსებ წმიდა ტრაპეზზე. ყველამ, ღვთის ვედრებაში გავათენოთ ღამე და ღმერთი, რომელსაც გამოარჩევს, იგი დაემორჩილება მის წმიდა ნებას.

მამებმა უთხრეს იოანეს: „წმიდაო მამაო, ისე მოიქეცი, როგორც უფალმა გამოგიცხადა, მაგრამ ჩვენ არ მიგატოვებთ შენ. და იყო ყველა დიდ მწუხარებაში, არ იცოდნენ, თუ რომელს მოუწევდა დარჩენა, რადგან წმიდა მამისაგან განშორება და იქ უიმისოდ ყოფნა ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩასვლად წარმოედგინათ. მთელი ღამე ფეხზე დგომით ლოცვაში გაათენეს მამებმა. დღის მესამე ჟამზე ნეტარმა იოანემ უბრძანა მწირველ მღვდლებს, რომ ღვთისათვის უსისხლო მსხვერპლი შეეწირათ. წირვის დასრულების შემდეგ, როცა მამები ეზიარნენ წმიდა საიდუმლოს, იოანემ უთხრა ყველას, რათა ხელაპყრობილებს ეთქვათ „კირიელეისონი“. და როცა მამები ხელაპყრობილები ამბობდნენ „კირიელეისონს“, ღვთის ანგელოზმა აიღო საკურთხევლიდან დაწერილი ფურცლები და ყველას დასანახად ნეტარ იოანეს ჩაუდო ისინი ხელში. ღვთისაგან გამორჩეულთა შორის იყვნენ: შიო, დავითი, იოსები, ანტონი, თადეოზი, თათე, პიროსი, ელია, პიმენი, ნათანი, აბიბოსი, იოანე. ასე იმიტომ მოიქცა წმ. იოანე, რომ არავის ჰგონებოდა, თითქოს ვინმეს მიმართ ჰქონდა გამორჩეული სიყვარული და კიდევ, რათა იქ დარჩენილი ძმები არ შეწუხებულიყვნენ მოძღვართან განშორებით.

ამის შემდეგ იოანემ შეკრიბა დარჩენილი ძმები, რომლებიც დიდად იყვნენ შეწუხებულები და მწარედ დასტიროდნენ მოძღვართან განშორებას და ევედრებოდნენ მას, რომ არ მიეტოვებინა ისინი. ნეტარმა იოანემ უთხრა მათ: „შვილებო, შეუძლებელია ღვთის ნების წინააღმდეგობა და თქვენ მოწმენი ხართ, რომ რა დღიდანაც ინებეთ გლახაკი იოანეს მოწაფეობა, არავისთვისაც დამიკლია ნდობა, არამედ მთელი გლით შეგიყვარეთ ყველა, ქრისტეა მოწმე ამისა. ახლა როცა ღვთის ნება თქვენზე ასეთია, რომ უფალს უნდა ემსახუროთ აქ, ხოლო იმათ იქ, სადაც უფალი გაუძღვება მათ, ნუ სწუხხართ, არამედ სიხარულით დაემორჩილეთ მას, რომ მოწინააღმდეგეებად არ იქცეთ ღვთისა. ამის შემდეგ ნეტარი იოანე ბევრს ევედრებოდა მათ, რომ შეეწყვიტათ უზომო გოდება. წმიდა მამამ მათ ექვთიმე დაუდგინა წინამძღვრად და მასწავლებლად თავის ნაცვლად. ბოლოს იოანემ აღაპყრო ხელები, დიდხანს ილოცა და შეავედრა ისინი უფალს, შემდეგ თითოეულს თავზე ხელი დაადო და აკურთხა, ყველა ერთად დალოცა და ცრემლებით დაშორდა მათ.

იმ დროს დიდი მნათობი სვიმეონი მოღვაწეობდა საკვირველ მთაზე, რომელიც სვეტზე კი არა, - თონეში ეწეოდა ღვაწლს. ნეტარმა იოანემ და მისმა მოწაფეებმა მოინახულეს იგი და მიიღეს ლოცვა-კურთხევა მისგან და ამის შემდეგ დაადგნენ ქართლისაკენ მიმავალ გზას, რომელიც დიდი გაჭირვებით გაიარეს მათ.

3. როდესაც მამებმა მიაღწიეს ქართლს, კათოლიკოზ ევლავიოსს ღამით ეჩვენა ანგელოზი, რომელმაც უთხრა მას: „აი, მოდის იოანე, უფლის განთქმული მონა, თავის მოწაფეებთან ერთად, რომელმაც უნდა გაანათლოს ეს ქვეყანა, როგორც ეს ადრე ნინომ გააკეთა. ახლა ადექი და მიეგებე მათ და მიიღე კეთილად და ყველანაირად დაეხმარე მათ, რადგან ღვთის ბრძანებით მოდიან და ნუ გაიკვირვებ მათს უბრალო ჩაცმულობას, რადგან შინაგანად ისინი ყოვლად ბრწყინვალენი და შემკობილნი არიან“.

ადგა ღირსი ევლავიოსი ეკლესიის მსახურებთან ერთად და გავიდა ზენა სოფლამდე, სადაც გაჩერდა და თვალს ადევნებდა გამვლელ-გამომვლელს, რათა ეცნო ღვთის მონების შემოსვლა. და აი, გამოჩნდნენ წმიდა მამები, ძონძებით შემოსილები და უფეხსაცმლონი, უსიამოდ შესახედნი, ასურული წესით კუნკულებით შემოსილები. დაინახა თუ არა კათოლიკოზმა, მაშინვე მიხვდა, რომ ისინი იყვნენ, რომლებზეც ეუწყა ღამით, ადგა მაშინვე, მოეხვია იოანეს და უთხრა მას: „კეთილად მოსულხარ, წმიდაო მამაო“. ნეტარი იოანე ფეხებში ჩაუვარდა კათალიკოზს და უთხრა: „კურთხეულია ღმერთი, რომელმაც ღირსი გამხადა შენი სიწმიდის თაყვანისცემისა“. ასევე დანარჩენმა მამებმაც მიიღეს კურთხევა კათოლიკოზისაგან.

აქ მინდა შევჩერდე და მოგითხროთ დიდი საკვირველება, თუ ღირსმა კათოლიკოზმა და ნეტარმა იოანემ როგორ იცნეს ერთმანეთი და სახელებით მიმართეს ერთმანეთს, და იმაზეც, თუ როგორ იწყო იოანემ ქართულ ენაზე დაუბრკოლებლად საუბარი. ჰოი, შენს საკვირველებას, ქრისტე ღმერთო, როგორ ადიდებ შენს მადიდებლებს. ეს სასწაული, ძმებო, ჰგავს სიონში წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გადმოსვლას, ცეცხლის ენების სახით რომ დაადგა თითოეულს თავზე. ჭეშმარიტად საკვირველია ღმერთი თავის წმიდანებს შორის, ღმერთი, რომელმაც წმიდა სულით უცებ აამეტყველა იოანე იმ ენაზე, რომელიც არა თუ ესწავლა, გაგონილიც კი არ ჰქონდა. ვის არ გააკვირვებს და განაცვიფრებს ეს? ყველანი, ვინც კი იყვნენ მაშინ იქ და მოისმინეს ეს სასწაული, გაკვირვებულები და გაოცებულნი ადიდებდნენ ღმერთს, საკვირველებათა მოქმედს.

ყველას გასაგონად კათოლიკოზმა უთხრა ნეტარ იოანეს: „მამაო იოანე, მე უფალმა მაუწყა შენი მოსვლის შესახებ და ახლა ვმადლობ ღმერთს, რომელმაც აქ მოავლინა შენი სიწმიდე, რათა მრავალ სულს წინ გაუძღვე ღვთის მეცნიერებაში და ასწავლო ჭეშმარიტი  ცხოვრება, რომელიც კაცს ღვთის სასუფეველში დაამკვიდრებს“. წმ. იოანემ თაყვანი სცა კათოლიკოზს და მიუგო: „წმიდაო მეუფეო, შენ თავმდაბლობით მიმსგავსებიხარ ქრისტეს, რომლისაგანაც იგი ისწავლე, ხოლო ჩვენ, შენი მონები, უმეტესად ვმადლობთ ღმერთს, რომელმაც ღირსი გაგვხადა გვეპოვა კეთილი მწყემსი, რომელსაც ყოველგვარი დაფარული საქმე ეცხადება ღვთის მიერ. დიდება ღმერთს, რომელმაც ღირსი გაგვხადა და გნახეთ შენ რათა შენ გაგვიძღვე ჩვენ სუსტებს ცხოვრების გზაზე. ვხედავ ღვთის მადლს შენზე, რადგან, როცა ღირსი გავხდი შენი კურთხევის მიღებისა, ჩემმა ენამ დაიწყო საუბარი შენს ენაზე, გამეხსნა ყურნი, რომ მომესმინა შენი ბრძანებები, ჩემო უფალო“. ყველანი, ვინც კი ისმენდნენ ამას, ღმერთს მადლობდნენ.

ამის შემდეგ წავიდნენ წმიდა ეკლესიაში და თაყვანი სცეს წმიდა ადგილს, სადაც ღვთის ძალით ამაღლდა დიდებული და საკვირველი სვეტი, რომელიც დგას ჰაერში ადამიანთა გარეშე, უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ზეგარდამო მოქსოვილი კვართის თავზე. სვეტის წინ მრავალი ცრემლი ღვაწეს წმ. იოანემ და მისმა მოწაფეებმა. ლოცვის დასრულების შემდეგ კათოლიკოსი გაუმასპინძლდა მათ დიდი პატივით. მამები აქ კარგა ხანს დარჩნენ. ხედავდნენ ყველანი ნეტარი მამების წმიდა სახეებს, როგორც თვით ანგელოზებს და მათკენ მიისწრაფოდნენ, სხვადასხვა სენით დაავადებულნი მიჰყავდათ მამებთან და მათგან კურნებას ღებულობდნენ. მამებისაგან ისინი ისმენდნენ სიტყვებს საუკუნო ცხოვრების შესახებ და წმიდა სამების რწმენაში მტკიცდებოდნენ. მათი სწავლა-მოძღვრებებით აყვავდა ქართლის ქვეყანა, მათთან თვით მეფე და ქართლის დიდებულებიც კი მივიდნენ და კურთხევის მიმღებნი მათი სწავლით განათლდნენ. როგორც დიდი მდინარისაგან, ისე იწყვებოდა ქართველობა ასურელი მამების სწავლით.

ხოლო წმიდა მამები მრავალი ლოცვითა და ვედრებით ევედრებოდნენ ღმერთს, რათა მათთვის ეჩვენებინა სამოღვაწეოდ მყუდრო სამყოფელი. მათ მოინახულეს და თაყვანი სცეს იმ ადგილებს, სადაც ადრე უხდებოდა ყოფნა წმიდა დედა ნინოს, რომელსაც, როგორც სინამდვილეში ცოცხლად მყოფს, ისე ტკბილად ხვდებოდნენ. კითხულობდნენ და ეცნობოდნენ მის ცხოვრებას, ქადაგებასა და მოღვაწეობას და ღმერთს მადლობდნენ, რომელმაც უმწეოს მიანიჭა მოციქულების მადლი და ასეთი დიდი ღვაწლისთვის მამებზე მეტად გააძლიერა.

4. ერთ დღეს ნეტარმა იოანემ აღმოსავლეთით, ზედაზნის მთაზე შეამჩნია ნისლის მსგავსი, სადაც ეშმაკები რაღაც საოცრებების მსგავსს ჩადიოდნენ. გაუკვირდა და უთხრა თავის მოწაფეებს: „ნახეთ უკეთურები რას აკეთებენ? ამიტომ მსურს იმ ადგილზე დავმკვიდრდეთ, იმისათვის, რომ ჩვენს დასანახად შეიკრიბდნენ და ახდენენ რაღაც საოცრებებს, მაგრამ არაფერია, ქრისტეს ძალა უნდა შეგვეწიოს“. შემდეგ მიხედა არაწმიდა სულებს და უთხრა: „კურთხეულია უფალი, მაქედან განდევნილები ვერც სხვაგან სადმე იპოვით სამკვიდრებელს, სადაც კი გლახაკი იოანესა და მისი ძმების სახელებს ახსენებენ“. ამის შემდეგ მივიდნენ კათოლიკოზთან და სთხოვეს სამოღვაწეოდ ის უღრანი და ადამიანთათვის მიუვალი მთა, რათა იქ დამკვიდრებულიყვნენ, ვიდრე ღვთის მადლით გამოჩნდებოდა შემდგომი.

კათოლიკოზმა უთხრა მათ: „წმიდა მამებო, ყოველნაირად უნუგეშო, გაუვალი, ადამიანისათვის მიუსვლელი არის ის მთა და ადრე ზადენის ბილწი კერპიც იქ მდგარა, რომელიც გაანადგურა ნეტარმა ნინომ და ახლა, როგორც მესმის, ბოროტი სულები ბუდობენ იმ მთაზე“. მამებმა უპასუხეს: „იყოს ღვთის ნება, წმიდაო მეუფეო, და შენი წმიდა ლოცვები ჩვენი უღირსი მონების შემწე, მოგვეცი კურთხევა და გაგვიშვი“. როცა კათოლიკოზმა ვერ შეაცვლევინა აზრი, აკურთხა ისინი და გაუშვა.

იყო მაისის თვე და მდინარე არაგვი მოდიდებულიყო. მიაღწიეს მდინარის ნაპირს. თვით კათოლიკოსი ევლავიოსი ეპისკოპოსებითა და ხალხით მოსულიყო, რათა მამები მშვიდობით გაეყვანათ ადიდებულ მდინარეში. როცა ნახეს მდინარის მოდიდება, სთხოვდნენ მამებს, რომ არ გასულიყვნენ, რადგან ეს მაშინ შეუძლებელი იყო.

მაშინ ნეტარმა იოანემ უთხრა ნეტარ შიოს: „ილოცე მამაო, რომ ღმერთმა მშვიდობით გაგვიყვანოს“. მორჩილმა შიომ არაფერი მიუგო, არამედ თავისი მოძღვრის ბრძანებას მინდობილმა აღმოსავლეთით სამჯერ მოიდრიკა მუხლი, წყალს ჯვარი გადასახა და უთხრა: „ჩვენი მამა იოანე გიბრძანებს, წყალო, რათა დინება შეაჩერო, ვიდრე ჩვენ გავალთ იქით“. ჰოი, უსაზღვრო კაცთმოყვარებას შენსა, ქრისტე, მისი სიტყვით შეჩერდა მდინარე, ვიდრე მამები იქითა მხარეს გადავიდნენ. ყველა, ვინც კი დაინახა ეს, ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასე დიდი მადლი მისცა თავის ერთგულ მონებს. ხარობდა კათოლიკოზი და მასთან მყოფი ხალხიც და მადლობდნენ ღმერთს, რომელმაც სარწმუნოების ასეთი განმამტკიცებლები გამოუგზავნა ერს.

ნეტარი მამები გაუვალი ტყეებით დიდი წვალეთი ავიდნენ მთაზე. ნეტარმა იოანემ მოიარა მთელი მთა და იპოვა პატარა გამოქვაბული, სადაც მან წმიდა ეკლესია მოაწყო. აქ დამკვიდრდნენ მამები მცირე კარვებში და დაიწყეს მოღვაწეობა ძლიერი, რადგან ზამთარში ყინვისაგან დიდად წუხდებოდნენ. საზრდელად ბალახეულს სჯერდებოდნენ. მალე გახდა ყველასათვის ცნობილი მათი მთაზე დამკვიდრება და ხალხმა მთაზე ასასვლელი გზა გაიყვანა. საიდან არ მოდიოდნენ აქ სნეულები, ეშმაკეულები, ბრმები, ხეიბარნი, ყრუნი და ყველანი წმიდა მამების ლოცვით იკურნებოდნენ.

5. ერთ დღეს კათოლიკოზმა ისურვა თავისი კრებულითა და მასთან მყოფი ეპისკოპოსებით ასულიყო მთაზე წმიდა მამების მოსანახულებლად. იქ ასულები ნეტარ მამებს უყურებდნენ როგორც ანგელოზებს, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ ყოველგვარ ქვეყნიურ სახმარსა და ნუგეშს. როცა წმიდა მამებმა მათკენ მიმავალი კათოლიკოზი და ეპისკოპოსები დაინახეს, დიდად გაიხარეს, მიეგებნენ მათ და ფეხებში ჩაუვარდნენ და მათგან კურთხევა მიიღეს. ასევე ეპისკოპოსებმაც მამებს თავები დაალოცინეს. როცა კათოლიკოზმა დაასრულა ლოცვა, ყველანი დასხდნენ იმ გამოქვაბულის მახლობლად, რომელიც მ.წ იოანემ ეკლესიად მოაწყო. ნეტარმა იოანემ უთხრა კათოლიკოზებსა და ეპისკოპოსებს: „რატომ გაისარჯეთ, ჩვენო პატრონებო, ჩვენ უღირსთათვის? ჩვენ არა ვართ ღირსნი, რომ თქვენი სიწმიდე აქ ჩვენთან მოვიდეს. ღმერთმა მოგცეთ მაგიერი კეთილი, რომელიც დიდად მოწყალე არის“. კათოლიკოზმა უბრძანა იოანეს, რათა ეთქვა სულისათვის სასარგებლო სიტყვა. იოანემ მიუგო: „შენ გიხდება ეს, წმიდაო მეუფეო, შენი საქმეა, რომ შენი სწავლით ჩვენ ვხარობდეთ“. აიძულა რა კათოლიკოზმა, მაშინღა გახსნა იოანემ პირი და დაიწყო მშვენიერი მაცოცხლებელი სიტყვების წარმოთქმა. იოანეს პირი იყო როგორც წყარო, სიტკბოგამომდინარე, რომელიც აღმოაცენებდა უამრავ სწავლა-დარიგებას, როცა კი ამას მისგან ითხოვდნენ. უსმენდნენ მას ეპისკოპოსები და ხარობდნენ, რადგან იქიდან დიდი სარგებელი მიიღეს.

გაგრძელება...