ბერის წინასწარმეტყველებები და დარიგებები

ეჭვგარეშეა, მამა სერაფიმე წინასწარმეტყველების ნიჭს ფლობდა. აღნიშნულს ადასტურებს ამავე წიგნში მოყვანილი მრავალი ფაქტი. მისი ზოგიერთი წინასწარმეტყველება უკვე ახდა, კერძოდ: 1927 წელს ხუტინსკის არქიეპისკოპოს ალექსის (სიმანსკი) პატრიარქად აღსაყდრება და სასტიკი დევნის დაწყება, დიდი სამამულო ომის დაწყება და საბჭოთა არმიის გარმარჯვება; პროტოპრესვიტერის ალექსი კიბარდინის აღსრულება მამა სერაფიმეს გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ; მან ასევე მრავალი ადამიანის ბედი წინასწარ განჭვრიტა.

ასევე წინასწარმეტყველური აღმოჩნდა 1939 წელს ბერის მიერ დაწერილი ლექსი „ქუხილი გადაუვლის რუსეთის მიწას...“ იმ დროს, როცა იყო სასტიკი დევნა და ყველას ეგონა, ტაძრებს სრულიად დაანგრევდნენ, მამა სერაფიმე განცხადებულად ქადაგებდა ეკლესიის მომავალი აღორძინების შესახებ. ამასთან, კონკრეტულად მიუთითებდა იმ მონასტრებზე, რომლებიც ამოქმედდებოდა. ესენი იყო: წმ. სამების ლავრა, დივეევო და სხვ. რაც შეეხება ალექსანდრე ნეველის მონასტერს, ის ამბობდა, რომ სახელმწიფო ჯერ წმ. სამების ეკლესიას დაუბრუნებდა მრევლს, ხოლო მრავალი წლის შემდეგ მთელ ლავრას გადასცემდა ბერ-მონაზვნებს. ასევე იწინასწარმეტყველა, რომ ვირიცაში მონასტერი დაარსდებოდა და ლენინგრადს კვლავ სანკტ-პეტერბურგი ეწოდებოდა.

ბერი ამბობდა, რომ დადგებოდა დრო, როცა მოსკოვში, პეტერბურგსა და რუსეთის რიგ ქალაქებში ამოქმედდებოდა მართლმადიდებლური რადიოსადგურები, მათი საშუალებით შესაძლებელი გახდებოდა სულისთვის სასარგებლო სწავლების, ლოცვებისა და საეკლესიო საგალობლების მოსმენა.

როგორც მამა სერაფიმეს ნათესავები და უახლოესი სულიერი შვილები აღნიშნავენ, ბერს მომავალი ვარდისფერ ფერებში არ ესახებოდა. „მოვა დრო, როცა დევნა აღარ იქნება, მაგრამ ამა ქვეყნის სიამენი მრავალს განაშორებს ღვთისგან და ბევრად უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე განცხადებული დევნის დროს, - ამბობდა ბერი, - მართალია, ჯვრებს აღმართავენ და გუმბათებს ოქროთი შეამკობენ, მაგრამ იქვე სიცრუე და ბოროტება იბატონებს. ჭეშმარიტი ეკლესია ყოველთვის დევნილი იქნება, ხსნა მხოლოდ ტანჯვითა და ტკივილებით მოხდება. დევნა მიიღებს საოცრად დახვეწილ, წარმოუდგენელ ხასიათს. საშინელება იქნება იმ დროს ცხოვრება, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენ ვერ მოვესწრებით. აი, მაშინ კი ყაზანის ღვთისმშობლის ტაძრიდან ალექსანდრე ნეველის ლავრამდე ჯვრით მსვლელობა იქნება“.

ვირიცელი ბერის წინასწარმეტყველებაში საგანგაშო სიტყვები ისმის: „რუსი ერთი თუ არ მოინანიებს, შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ კვლავ აღდგეს ძმა ძმის წინააღმდეგ“.

მარია პრეობრაჟენსკაიამ, მეუფე თეოფანე პოლტაველის ნათესავმა, ჩაიწერა ბერის რამოდენიმე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება: „ეს იყო ომის დამთავარებისთანავე. მე ვირიცის პეტრე-პავლეს ეკლესიის გუნდში ვგალობდი. ეკლესიის შემდეგ მგალობლები ხშირად მამა სერაფიმესთან მივდიოდით კურთხევის მისაღებად. ერთხელ ერთმა მგალობელმა უთხრა: „ძვირფასო მამაო, რა კარგი, რომ ომი დამთავრდა და ეკლესიის ზარები კვლავ რეკავს!..“ ამაზე ბერმა უპასუხა: „არა, ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. კიდევ უფრო საშინელი შიში დაისადგურებს. თქვენ კიდევ მოესწრებით ამას. მაშინ რთული იქნება ახალგაზრდების მუნდირით შემოსვა. და ვინ გადარჩება?! და ვინ დარჩება ცოცხალი?! (ეს სიტყვები ბერმა სამჯერ გაიმეორა). მაგრამ ვინც ცოცხალი გადარჩება, როგორც კარგი ცხოვრება ექნება?!“ მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო: „აი, მთელი მსოფლიოს ხალხმა, ყველამ, უკანასკნელი ადამიანის ჩათვლით (ეს სიტყვები წამღერებით რამდენჯერმა გაიმეორა), ერთსა და იმავე დროს რომ დაიჩოქოს და თუნდ ხუთი წუთი ილოცოს და ღმერთს შეევედროს, რათა სიცოცხლე გახანგრძლივდეს და ყველას მიეცეს სინანულის დრო!..“

ვირიცელ ბერს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ რუსეთი ფასდაუდებელი განძის მფლობელია, რამდენადაც ინახავს წმინდა მართლმადიდებელ სარწმუნოებას. ჭეშმარიტი განათლება სულის მართლმადიდებლური ნათლით განათლებაა. არა დასავლეთის აყვავებული ქვეყნები (სადაც ყოფიერების საბოლოო მიზანს ადამიანის მიწიერი კეთილდღეობა შეადგენს), არამედ რუსეთი, ნეტარი რუსეთი არის მსოფლიოს ჭეშმარიტი სინათლე. ის სიყრმის ჟამიდან ეზიარა „ჯვრის სიცოფეს“ და ჯვარცმული ქრისტეს ხატება ღრმად ჩაიბეჭდა გულში; რუსეთი, წმინდა რუსეთი, რომელიც ყოველთვის ზეციურის მოლოდინში ცხოვრობდა, შესცქეროდა ზეცას და უპირველეს ყოვლისა, ღმერთის სასუფეველსა და ჭეშმარიტებას მოელოდა. მართლმადიდებლობის სამარადისო ძალა და სიტურფე მჟღავნდება მიწისა და ზეცის საოცარ მთლიანობაში.

მონაზონი სერაფიმა (მოროზოვა) იხსენებს ბერის სიტყვებს: „ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და ჩვენს სამშობლოზე უკეთესი არაფერი მიპოვია, ჩვენს სარწმუნოებაზე უმჯობესი არაფერი მინახავს. ჩვენი რწმენა ყველაზე აღმატებულია. ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა. მსოფლიოში არსებული ყველა რელიგიიდან მხოლოდ მართლმადიდებლობა მიეცა კაცობრიობას განკაცებული ძე ღვთისას მიერ. დედა სერაფიმა, გთხოვ, ყველას უთხრა, რომ არავინ განაგდოს ჩენი რწმენა“.

„ყველაზე მძიმე დროს ძალისაებრ განუწყვეტლივ მოუწოდეთ ძე ღვთისას სახელს, იესოს ლოცვა დაეხმარება ადამიანებს გადარჩენაში“.

ვირიცელი ბერი ასევე ურჩევდა ხალხს, შეძლებისდაგვარად ხშირად ელოცათ წმ. ეფრემ ასურის „უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო“. „ამ ლოცვაშია თავმოყრილი მართლმადიდებლობის მთელი არსი, მთელი სახარება. ამ ლოცვით უფალს შეწევნასა და ჩვენში ახალი ადამიანის დაბადებას ვევედრებით“, - ამბობდა მამა. ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს ავადმყოფობად მამა სერაფიმე განკითხვას მიიჩნევდა. „ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავის განკითხვის უფლება გვაქვს. როცა ვინმეზე ვმსჯელობთ, უნებლიეთ მაშინაც კი განვიკითხავთ“, - ამბობდა ვირიცელი ბერი.

ბერი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ თითოეული ადამიანი მოვალე იყო სულიერი სამყაროსთვის მოემზადებინა თავი და იქვე კატეგორიულ გაფრთხილებას იძლეოდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვენდოთ არანაირ ხილვას, გამოცხადებასა თუ ხმებს. თავად ისიც ხალხის თვალისგან საგანგებოდ ფარავდა საკუთარი ზებუნებრივ ნიჭს და სხვების დასანახავად არანაირ სასწაულსა თუ გმირობას არ სჩადიოდა. „ხორციელი ცოდვილი ადამიანები ანგელოზებისა და წმინდანების ხილვის ღირსნი არ არიან, მათთვის უფრო ბუნებრივია დაცემულ ბნელ სულებთან ურთიერთობა. ისინი ჩვენი დაღუპვის მიზეზნი ხდებიან. ვილოცოთ, რომ ღმერთმა დაგვიცვას ბოროტის საცთურისაგან“, - ასე მოძღვრავდა ბერი ახლობლებს.

ვირიცელმა ბერმა საკუთარი ცხოვრებით პასუხი გასცა იმ მრავალ კითხვაზე, რომელსაც ცხონების მაძიებელი ადამიანები აწყდებიან თანამედროვე, მშფოთვარე ცხოვრებაში. მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ეწეოდა სხვებისთვის შეუმჩნეველ გმირობას. ეს იყო გარეშე თვალისთვის დაფარული ღვაწლი, რომელიც სრულ შინაგან განმარტოებაში აღესრულებოდა და სადაც არ იყო ადგილი მრისხანებისა თუ სიბრაზისათვის, სევდისა თუ უიმედობისთვის. ეს იყო ყოველდღიური გმირობა სინანულის, მარხვისა და ლოცვის; გმირობა, როცა ქრისტეს სახელითა და მოყვასის სიყვარულით აღესრულება რეალური საქმეები; ეს იყო გმირობა, როცა სარწმუნოების მტკიცედ და უშფოთველად პყრობა გაცილებით მეტ ვაჟკაცობას საჭიროებს, ვიდრე ყველაზე ხმამაღალი გმირობა და სასწაულთმოქმედება. სადაც ვნებები ბობოქრობს, იქ არ არის ადგილი ქრისტესმიერი მშვიდობისათვის.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი უკანასკნელი დროის მოღვაწეეების შესახებ წმინდა მამათა სწავლების გათვალისწინებით შემდეგს ბრძანებდა: „ისინი ვინც ჭეშმარიტად იშრომებენ ღმერთისთვის, კეთილგონივრულად დაიფარავენ თავს ხალხისგან და განცხადებულ ნიშნებსა და სასწაულებს არ მოახდენენ. ისინი, ღვაწლით შემოსილნი, ცხოვრების გზას თავმდაბლად განვლენ და სასუფეველში იმ მამებზე უფრო დიდნი აღმოჩნდებიან, ვინც მრავალი სასწაულით გაითქვა სახელი“.

სწორედ ამგვარი თავმდაბლობით განვლო საკუთარი ცხოვრების გზა ღვაწლმოსილმა ვირიცელმა ბერმა და მოსაგრეობის იმგვარ საზომს მიაღწია, რომელიც უტოლდებოდა მისი ზეციური მფარველების, ღირსი სერაფიმე საროველისა და ბარნაბა გეთსიმანიელის, გმირობას.