რამდენიმე მაგალითი ვირიცელი ბერის
საკვირველთმოქმედებისა და ზეციური მეოხების შესახებ

მონაზონ ვერონიკას (კოტლიარევსკაია) მოგონება

„ღმერთმა წილად მარგუნა ბედნიერება, მემსახურა მამა სერაფიმესთან კელიის თანაშემწედ ალექსანდრე ნეველის მონასტერში მოღვაწეობის ჟამს.

ბერი უამრავ სტუმარს ღებულობდა. ზოგჯერ დაღლილობისგან ეცემოდა კიდეც. ძალიან მეცოდებოდა, ამიტომ მის კელიასთან გვიან მისულ ხალხს ვთხოვდი, შეხვედრა მეორე დღისთვის გადაეტანა, მაგრამ ამაოდ, მამა სერაფიმე მათ მაინც კელიაში იხმობდა. ის ხშირად, ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე, პირდაპირ იძლეოდა რჩევებს, არიგებდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, თითქოს, წინასაწარ იცოდა, რაზე უნდა ესაუბრათ მასთან. რამდენი ადამიანის ტანჯვასა და სატკივარს შევსწრებივარ! მათ შორის იყვნენ ეშმაკეულები, ავადმყოფები. ყველას ეწადა განკურნება. სხვადასხვა სულიერი საკითხის გადასაწყვეტად ბერთან მოდიოდა ინტელიგენტი თუ მდაბიო, მდიდარი თუ ღარიბი, მოხუცებული თუ ახალგაზრდა. თავმდაბალი ბერის წინ განუწვეტლივ მიედინებოდა ხალხის ნაკადი და მისი გულის კარიც ყოველთვის ღია იყო თითოეულის მწუხარებისა თუ სიხარულისათვის.

შეუძლებელია, გიამბოთ მამა სერაფიმეს ლოცვით აღსრულებული ყველა სასწაული თუ კურნების ფაქტი. მაგალითისთვის მოგითხრობთ ერთ შემთხვევას: ბერის მრავალრიცხოვარ სულიერ შვილებს შორის იყო ერთი ცოლიანი ინჟინერი. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდა და ბერს ლოცვა-კურთხევა სთხოვა ბავშვთა სახლიდან შვილობილის აყვანის თაობაზე. მამა სერაფიმემ აკურთხა. ბიჭუნა ძალიან კარგი და კეთილი ხასიათის აღმოჩნდა. სამი წლის რომ შესრულდა, მძიმედ დაავადდა. ვერანაირმა ექიმმა და წამალმა ვერ არგო, ბავშვი სიკვდილის პირას იყო. მამობილმა ცნობილი ბავშვთა ექიმი მოიწვია. მან ბავშვი გასინჯა და მშობლებს უთხრა, რომ ბიჭუნა იმ ღამით გარდაიცვლებოდა და მერე დილით შემოივლიდა გარდაცვალების მოწმობის დასაწერად. წასვლისას ექიმმა ხატებს გადახედა და დასძინა: „აქ მეცნიერება უძლურია, მხოლოდ წმინდანები თუ დაეხმარებიან“. პატარა ავადმყოფმა დაიწყო ბოდვა, სახე დაუგრძელდა, ტუჩები ჩაულურჯდა, პირიდან ქაფი სდიოდა, ფრჩხილებიც გაულურჯდა, მძიმედ სუნთქავდა. დედამ ვეღარ გაუძლო ბავშვის წამებას და მამა სერაფიმესთან გაიქცა მონასტერში. ბერმა ურჩია, სახლში დაბრუნებისას შევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, წმინდა ნიკოლოზს და ღირს სერაფიმე საროველს. დედამ ბავშვის საწოლთან დაიჩოქა, თავი საბანში ჩარგო და ლოცვა დაიწყო. ღამით უნებლიედ ჩაეძინა. დილით, როცა გაეღვიძა, საწოლისკენ გახედვის ეშინოდა, შვილი მკვდარი დამხვდებაო. ოთახში მეუღლე შემოვიდა. ცოლ-ქმარმა ბავშვს საბანი გადახადა და... რა ნახა?! - პატარას მშვიდად ეძინა, ლოყები ოდნავ შესწითლებოდა. სუნთქვადა წყნარად, ზომიერად. სიხარულისგან გაოგნებული მშობლები თვალებს არ უჯერებდნენ. დაუძახეს მეზობლად მცხოვრებ ექიმს. მან მძინარე ბავშვს რომ დაჰხედა, გაბრაზებულმა თქვა: „რისთვის შემაწუხეთ? ჯანმრთელ ბავშვთან გამომიძახეთ? ის სრულიადაც არაა ავად“.

მოვიდა გუშინდელი ექიმიც. „სად არის მიცვალებული?“ - იკითხა წყნარად. მას აჩვენეს საწოლზე წამომჯდარი ბიჭუნა, რომელიც საუზმეს მიირთმევდა. „არაფერი მესმის, აშკარად სასწაული მოხდა“, - მხრები აიჩეჩა ექიმმა“.

 

„ნიკოლოზი დაარქვით“

ეს ამბავი მოგვითხრო ვერა ივანეს ასულმა ბარიშევამ:

„ჩემი მეგობარი, ეკატერინე, ჯერ კიდევ ლავრიდან იცნობდა მამა სერაფიმეს. ის მეუღლესთან ერთად ლიგოვოში ცხოვრობდა. ოქტომბრის რევოლუციამდე ბეწვის ქუდების პატარა სამკერვალო და მაღაზია ჰქონდათ. სამი შვილი ჰყავდათ. ახალი ხელისუფლების დამყარების შემდეგ ძალიან გაუჭირდათ თავის რჩენა. ნეპ-ის პერიოდში ოჯახმა განაახლა ძველი საქმიანობა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ეკატერინეს მეუღლე დააპატიმრეს. ქალი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მეოთხე შვილს ელოდებოდა. ახლობლები ნაყოფის მოცილებას ურჩევდნენ. ეკატერინემ რჩევისა და ლოცვისათვის მამა სერაფიმეს მიმართა. ბერმა ძალიან თბილად მიიღო, აკურთხა და ყურადღებით მოუსმინა. შემდეგ უთხრა: „მოდი, ვილოცოთ: თქვენ - აქ, მე კი - საკურთხეველში“. ცოტა ხნის შემდეგ ბერი ქალს მიუახლოვდა და აუწყა: „აი რა, დედიკო! არაფერი გააკეთო, ყველაფერი ღვთის ნებას მივანდოთ. შენს ქმარს გაამართლებენ და ორმოცი დღის შემდეგ დაბრუნდება. შენ კი ისეთი ბიჭი შეგეძინება, ყველას ეყვარება. ნიკოლოზი დაარქვით უფლის წმინდანის პატივსაცემად. ლოცვა არ მიატოვო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და წმინდა ნიკოლოზს სთხოვე დახმარება. ღმერთი ყველაფერს მოაწესრიგებს“. ცოტაოდენი პაუზის შემდეგ ჩუმად დასძინა: „იცით, რა ძნელია, როცა ჩვიდმეტი წლის ქალიშვილი ტუბერკულიოზით იღუპება?!“ ეკატერინე მაშინვე დაფიქრდა: „რატომ ამბობს ამას?“

ლოგოვოში დაბრუნებულმა ეკატერინემ ახლობლებს მამა სერაფიმესთან შეხვედრის შესახებ უამბო. მათ ეჭვის თვალით შეხედეს ქალს, ქარაფშუტა უწოდეს და დასძინეს: „როგორ უნდა დაუჯერო ვიღაცა ბერს?!“ ეკატერინეს ხმა არ ამოუღია. ღვთისმშობლის დაუჯდომელი აიღო და ბავშვებთან ერთად ყოველდღიურ ლოცვას შეუდგა. სისტემატურად ევედრებოდა წმ. ნიკოლოზსაც და გულმოდგინედ ასრულებდა ბერის დარიგებას. ათი დღის შემდეგ მეუღლისგან ცნობა მიიღო, ერთი თვის განმავლობაში გამათავისუფლებენო. ოჯახი ლოცვას განაგრძობდა, ელოდა მამასა და მეუღლეს.

და აი, ასრულდა მამა სერაფიმეს წინასწარმეტყველება - გაათავისუფლეს ეკატერინეს მეუღლე. აღსანიშნავია ისიც, რომ გათავისუფლების მოწმობა ეკატერინეს მეუღლისთვის ქალის ლავრაში სტუმრობიდან ზუსტად მეორმოცე დღეს გადაუციათ.

და აი, ოჯახში მეოთხე შვილიც დაიბადა - ნიკოლოზი.

ეკატერინეს უფროსი ქალიშვილი, ნინა, ძალიან ნიჭიერი გოგონა გახლდათ: ხატავდა შესანიშნავად, უკრავდა ფორტეპიანოზე, არაჩვეულებრივად სწავლობდა. ნინა ძალიან უშუალო და ცოცხალი ბავშვი იყო. ერთხელ, ციგურებით სრიალის დროს ძალიან დასცხა, ზედმეტი ტანსაცმელი გაიხადა და გაცივდა. დაემართა ფილტვის ანთება, დაავადება ძალიან გართულდა და საბოლოოდ ტუბერკულოზი ჩამოყალიბდა. მკურნალობამ დადებითი შედეგი ვერ გამოიღო. ექიმებმა ავადმყოფის ყირიმში წაყვანა ურჩიეს, მაგრამ მამა სერაფიმემ ამაზე კურთხევა არ გასცა. მშობლები არ დაემორჩილნენ მოძღვარს და მაინც იშოვეს სანატორიუმის საგზური. ნინა გზაში გარდაიცვალა...

 

„ეცადე, შეძლებისდაგვარად ხშირად თქვა აღსარება“

გვიამბობს ელენე ნიკოლოზის ასული სერგიევსკაია:

„ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე, მამა სერაფიმე ჩემი მოძღვარი გახლდათ. აღსარების სათქმელად მასთან ჯერ კიდევ ბავშვობაში, დედასთან ერთად ალექსანდრე ნეველის ლავრაში დავდიოდი. ერთხელ დედა შეეკითხა: „მამაო, არ მომწონს დღევანდელ ხელისუფლებას რომ ვიხსენებთ ლოცვებში. როგორ მოვიქცე?“ „შენ რა გქვია?“ - მოულოდნელად იკითხა მამა სერაფიმემ, თუმცა დედაჩემის სახელი მშვენივრად მოეხსენებოდა. „ელენე...“ - გაუბედავად თქვა დედამ. „ჰოდა, შენც მოციქულთასწორი ელენე დედოფლისგან ისწავლე სიბრძნე. მიჰბაძე მას - არ მოგწონს, მაგრამ ასეა საჭირო“, - უპასუხა ბერმა.

მამა სერაფიმე ზოგჯერ თავად შეახსენებდა აღმსარებელს დროის ხანგრძლივობის გამო მივიწყებულ ზოგიერთ ცოდვას. ერთხელ აღსარებაზე მივიდა დედა და უამბო ბავშვობის დროიდან იმ დღემდე ჩადნილი ყველა ცოდვა. უცებ, მამამ მრავალმნიშვნელოვნად შეხედა და უთხრა: „გახსოვს, ბავშვობაში მეგობრის საყვარელი სავარცხლი რომ გატეხე ჯიბრით?!“ ამაზე აღმსარებელს ენითაუწერელი ძრწოლა დაეუფლა. ბერმა დედას თბილად გაუღიმა და უთხრა: „ვიცი, ვიცი, შეგნებულად რომ არ დაგიფარავს. მაგრამ ეცადე, შეძლებისდაგვარად ხშირად თქვა აღსარება“.

როცა მამა სერაფიმე ვირიცაში გადავიდა ხშირად ჩავდიოდით მასთან. ძნელია იმ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა, რომელიც მასთან შეხვედრისას გვეუფლებოდა. ბერის ანგელოზებრივი სახე, კეთილი, ალერსიანი სიტყვები, რბილი ხმა და შუქმფენი ღიმილი - ყველაფერი ეს გახლდათ უძვირფასესი საუნჯე, რომლითაც ღმერთმა ჩემი გული დააჯილდოვა. უსაზღვრო იყო მამა სერაფიმეს სიყვარული, თითქმის მთელი მსოფლიო ჰყავდა გულში ჩაკრული. მის სახლთან ახლოს, თითქოს, სუნთქვაც კი გიადვილდებოდა, ბერისგან გამომავალი მადლი თითქოს ყველაფერს მსჭვალავდა გარშემო. მასთან არაერთხელ მიგრძვნია უჩვეულო კეთილსურნელება. ბევრი სასწაული მომხდარა ჩემს თვალწინ.

ერთხელ მამის კელიაში ვიჯექი, როცა დედა სერაფიმა შემოვიდა. ახლად დაბრმავებული გოგონასა და ვიღაცა ქალის მოსვლა აუწყა. მამა სერაფიმემ გოგონასთვის ლოცვა დაიწყო, ავადმყოფს თვალის ჩინი დაუბრუნდა (ახლა ის ხედავს). თვალცრემლიანებმა გადაუხადეს მამა სერაფიმეს მადლობა. თავმდაბალმა ბერმა კი უთხრა: „ღირსმა სერაფიმე საროველმა განკურნა თქვენი გოგონა. აი, მას უნდა უმადლოდეთ!“

ღმერთმა მრავალი ნიჭით დააჯილდოვა ვირიცელი მოღვაწე, მე კი ღირსი გამხადა საკუთარ თავზე არაერთხელ გამომეცადა მისი ძალა. ბერი შორ მანძილზე მომხდარი მოვლენების ჭვრეტის უჩვეულო უნარს ფლობდა. ერთხელ მასთან მივდიოდი. ბერის კელიას ჯერ კიდევ არ მივახლოებოდი, როცა მას უთქვამს: „გააღეთ, ჩემთან მოდიან!“ ბერმა მოგვიანებით დამიდასტურა კიდეც, რომ ზუსტად ჩემზე ბრძანა ეს სიტყვები.

მამა სერაფიმეს წინასწარმეტყველებისამებრ, დაკრძალვის დღეს მისი კუბოს წინ ღირსი სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილებიან ხატს მიაბრძანებდნენ. ვირიცელი ბერი ჩემთვის ყოველთვის ცოცხალი იქნება. ის მარადიულ ცხოვრებაში მიემგზავრებოდა, ხოლო ჩვენ ამ გზაზე მივაცილებდით და ღრმად გვწამდა, რომ ამიერიდან კიდევ უფრო ახლოს იქნებოდა ყოვლადწმინდა სამების საყდართან“.

 

„შენ პროფესორი უნდა გახდე“

საღვთო განგებით შეხვდა მიხეილ სერგის ძე ფავორსკი მამა სერაფიმეს. ეს უკანასკნელი დაუფარავი მღელვარებით გვიზიარებს თავის მოგონებას:

„დავიბადე 1927 წელს. მამა სერაფიმე მახსოვს მას შემდეგ, რაც მაქვს საერთოდ მახსოვრობა. უმთავრესად დედასთან ერთად დავდიოდი მასთან. დედას ძალიან უყვარდა ბერი და ყოველთვის მის რჩევასა და ლოცვას ეძიებდა. ძნელია, სიტყვებით აღვწერო ის სულიერი მდგომარეობა, რომელიც ბერის სახლის ზღრუბლზე გადაბიჯებისას მეუფლებოდა. დიახ, დიახ! ჯერ კიდევ სახლის, და არა კელიის ზღრუბლის მახსოვს, სუფევდა საოცარი, მოკრძალებული სიჩუმე; ყველა ჩურჩულით საუბრობდა ან საერთოდ, დუმდა. იგრძნობოდა ღვთის მადლი და უხილავი ზეციური კავშირი.

ომის წლები გმირ ქალაქში გავატარეთ ქალაქის დამცველებთან ერთად. იმ საშინელ დროს ყველაფერი იყო მოსალოდნელი, მაგრამ მამა სერაფიმეს ლოცვები გვიფარავდა. ყველაზე მძიმე წუთებში სწორედ მას მივმართავდით, ვიცოდით, რომ ვახსოვდით და ლოცულობდა ბლოკადაში მოქცეული ყველა ახლობლისთვის.

1945 წლის დასაწყისში მთელი ოჯახით გავემგზავრეთ ვირიცაში. ნამდვილი ზეიმი იყო: კვლავ ვიხილეთ ძვირფასი მოძღვარი, გავიგეთ მისი საოცრად ხავერდოვანი ხმა, მივიღეთ მისი ლოცვა-კურთხევა.

იმ წელს სამედიცინო ინსტიტუტის მისაღებ გამოცდებში ჩავიჭერი. კინაღამ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. დედა ჩემს გამო ძალიან ნერვიულობდა. წავედით მამა სერაფიმესთან. თითქოს ახლა ეთქვასო, ისე მახსოვს მისი სიტყვები: „ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. მომავალ წელს მოეწყობი, შენ პროფესორი უნდა გახდე“ (მ.ს.ფავორსკი ამჟამად, მართლაც, პროფესორია. ის, მამის კვალდაკვალ, უმაღლესი რანგის ექიმი-ჰომეოპათი გახდა და სანკტ-პეტერბურგის ი.პ.პავლოვის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის გამგის მოადგილე გახლავთ).

... და როგორი ღიმილი ჰქონდა მამას!.. მისი ნათელი, მხიარული თვალებიდან თითქოს არამიწიერი შუქი იღვრებოდა და მთელ სამყაროს ასხივოსნებდა. მისი დანახვაც კი საკმარისი იყო, დარდი და ნაღველი დაგვიწყებოდათ. აი, როცა ის შემოგხედავდათ და თავზე ხელს დაგადებდათ, აღარ იცოდით, მიწაზე იყავით თუ ცაში.

მომავალ წელს ყოველგვარი სიძნელის გარეშე ჩავაბარე უნივერსიტეტში და მამა სერაფიმეს ლოცვების დახმარებით ძალიან მიადვილდებოდა სწავლის პროცესი. ბერი ყოველთვის მეხმარებოდა, მოვწყდომოდი მიწას და მეხილა ის, რასაც ამქვეყნიურ შფოთს მიცემულნი ვერ ვხედავთ“.

 

„არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ ოპერაცია“

ალექსანდრა ივანეს ასული იაკოვლევა 83 წლისაა. საკმაოდ რთული ცხოვრება განვლო, მაგრამ ვიცირელი ბერის ცხოვრება ყოველთვის იფარავდა.

„მორწმუნე მშობლები მყავდა, ნებისმიერ საქმეს ლოცვითა და კურთხევით აღასრულებდნენ. ოჯახში ექვსი ბავშვი ვიზრდებოდით: ხუთი და და ერთი ძმა. მამა სერაფიმე ყოველთვის სიხარულით გვიღებდა. 1932 წელს ყოველ კვირას დავდიოდით იზმაილოვის სამების ეკლესიაში და ცისკრის ლოცვების შემდეგ მამა სერაფიმესთან მივეშურებოდით. მშობლები ადრე დამეხოცა: 1934 წელს მამა გარდაიცვალა, 1935 წელს - დედა. მშობლები მამა სერაფიმემ შეგვიცვალა. შინაურულად ბაბუას ვეძახდით. ვიცოდით, რომ იგი იყო ჩვენი საიმედო საყრდენი და ჩვენთვის ილოცებდა. მის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო, ისიც გამუდმებით გვეხმარებოდა. მასთან შეხვედრას ყოველთვის ზეციური სიხარული მოჰქონდა, საოცრად დამშვიდებულნი და შემსუბუქებულნი ვბრუნდებოდით ქალაქში. იმ მდგომარეობის სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია. ღრმად მწამდა, თუ ბერისგან ლოცვა-კურთხევას მივიღებდი, ღმერთი ყველაფერში ხელს მომიმართავდა.

ერთხელ პნევმონიით დავსნეულდი. ავადმყოფობა რთულ ფორმებში მიმდინარეობდა, თავი იჩინა გართულებებმა. გამიშვეს ქალაქ პუშკინის სასუნთქი ორგანოების სამკურნალო სანატორიუმში, მაგრამ ჩემი მდგომარეობა უფრო უარესდებოდა. დაიწყო ტუბერკულიოზის პროცესი. იშლებოდა ფილტვები. დამეწყო ხუთვები, მეკარგებოდა გონება. მკურნალი ექიმი დაბეჯითებით მოითხოვდა ოპერაციის გაკეთებას, თანაც მირჩია: „ნათესავებს შეუთანხმდი“.

ხშირად მნახულობდნენ ჩემი დები. გადავწყვიტეთ, სასწრაფოდ გვენახა ბაბუა და ლოცვა და რჩევა გვეთხოვა. მამა სერაფიმემ რიგის გარეშე მიგვიღო და მაშინვე გვითხრა: „ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი კარგად იქნება. არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთო ოპერაცია. სანატორიუმიდან პირდაპირ ჩემთან მოდით“, - აი, ასეთი კურთხევა მოგვცა.

ოპერაციაზე უარი ვთქვი იმ მოტივით, თითქოს ახლობლები ნებართვას არ მაძლევდნენ. სანატორიუმიდან გამოწერილს ინვალიდის ცნობა მომცეს. ექიმები არც კი მალავდნენ, რომ ჩემი დღეები დათვლილი იყო.

ბაბუასთან რომ მივედი, მითხრა: „ფილტვების ერთი კარგი სპეციალისტი ვიცი, ექიმი-ჰომეოპათი ოლგა ივანეს ასული სიდოროვა. მასთან იმკურნალებ, მხოლოდ არ დაგავიწყდეს, თან ღმერთს ევედრო“. მისამართთან ერთად მომცა ბარათი და მიბრძანა, ექიმისთვის მეთქვა, რომ მისი რეკომენდაციით ვიყავი მისული. ერთი წელი მიმდინარეობდა მკურნალობის კურსი, რის შემდეგაც დაინიშნა სამედიცინო კომისია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ვიყავი. გაოგნებული ექიმები ამბობდნენ: „სასწაულია! ძალიან დიდი კავერნა იყო და აი, უცებ, არაფერია“. ინვალიდობა მომიხსნეს, ოლგა სიდოროვამ მითხრა: „ახლა თქვენ უნდა გათხოვდეთ“.

ფრთაშესხმული გავემართე ბაბუასთან, ვირიცაში. შესვლისთანავე მან სიხარულით შესძახა: „ხომ ვამბობდი, კარგი ექიმია-მეთქი! ხომ გითხარი, განიკურნები-მეთქი!“ თვალებზე ცრემლები მომადგა. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ სინამდვილეში ზეციურმა ექიმმა განმკურნა მამა სერაფიმეს ლოცვით. დიდ სიწმინდესავით ვინახავ მადლმოსილი ბერის მიერ დაწერილ ბარათს“.

 

„მამა სერაფიმეს სახე თვალისმომჭრელ ნათელს აფრქვევდა“

გვიამბობს მარია პრეობროჟენსკაია, პოლტავის ეპისკოპოსის მეუფე თეოფანეს (ბისტროვი) ნათესავი:

„ბლოკადის დროს ჩვენი ქალაქის სახლი დაბომბეს. მართალია, ვირიცაშიც გვქონდა სახლი, მაგრამ არ მწერდნენ. შესაბამიასდ არ მქონდა სამუშაოს დაწყებისა და სასურსათო ბარათის მიღების უფლება. მეუღლე ჯერ კიდევ ომამადე გარდამეცვალა. მე და ჩემი ათი წლის გოგონა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

გავიქეცი მამა სერაფიმესთან. „მამაო, აღარ ვიცი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?! მიპასუხა: „დაიჩოქე და მთელი გულით ევედრე ღვთისმშობელს!“ ბერის კელიაში, მაგიდაზე მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის გვერდით, ყაზანის ღვთისმშობელი ესვენა. მივედი, მუხლებზე დავეშვი და როგორც შემეძლო, ღვთისმშობელს ჩვენი სატკივარი გავანდე. ვგრძნობდი, მამა სერაფიმე ჩემთან ერთად ლოცულობდა. რაღაც მომენტში ჩემს ცოდვილ სულს საოცარი ნათელი მოეფინა. აქეთ-იქით ჩუმად მიმოვიხედე. მამა სერაფიმემ მითხრა: „ახლა ჩემთან მოდი, გაკურთხებ!“ გულში სიხარულმა და იმედმა დაისადგურა, როცა მამამ მაკურთხა და მითხრა: „ახლა ვირიცის მკვიდრი გახდები და ბავშვებთანაც იმუშავებ“.

მეორე დღეს პეტერბურგის შინაგან საქმეთა სამმართველოში წავედი. განცხადების გადაცამისთანავე მითხრეს: „რასაკვირველია, უნდა ჩაგწეროთ“. ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩავეწერე. სამუშაოც მაშინვე მომცეს, ვირიცის ბავშვთა გამაჯანსაღებელ ბანაკში აღმზრდელად გამამწესეს. ვფიქრობ, ზედმეტია იმის აღნიშვნა, თუ რამდენად ხელსაყრელი იყო ეს მე და ჩემი ქალიშვილისათვის. ასე გამოვცადე მამა სერაფიმეს ლოცვის ძალა საკუთარ თავზე. განა, უფალმა სასწაული არ დაუშვა ჩემისთანა უღირსზე?!

მამა სერაფიმეს სახლში მუშაობდა ანა ლოგინოვა. ის ძალიან კეთილშობილი და გულისხმიერი ქალი გახლდათ, მოფერებით ყველა ანუშკას ეძახდა. ზოგჯერ ერთმანეთს გავესაუბრებოდით ხოლმე. ერთხელაც ასეთი საოცარი ამბავი მომითხრო: „სახლში ნავთის ლამფები გვქონდა და ღამით ყოველთვის ვამოწმებდი, ჩამქრალი იყო თუ არა. ერთხელაც შევამჩნიე, ბერის კელიიდან სინათლე გამოდიოდა. კელიის კარი ოდნავ შეღებული იყო. სუნთქვაშეკრული, ფეხაკრეფით მივუახლოვდი და კელიაში შევიხედე. ნანახმა სულის სიღრმემდე შემძრა: ბერის სახე თვალისმომჭრელად ბრწყინავდა. თვალთ რომ არ დამბნელებოდა, უკან დავიხიე. მამა სერაფიმეში საოცარი ფერისცვალება მომხდარიყო: როგორი ახალგაზრდა და ლამაზი ვიხილე მაშინ ის! კელიაში ხელმეორედ შეხედვის შემეშინდა და ჩემს ოთახში ჩუმად დავბრუნდი. ღია კარიდან კვლავ იფრქვეოდა საოცარი სინათლე. ბერი ღამ-ღამობით ყოველთვის ლოცულობდა, ზოგჯერ დილამდეც კი. ახლაც თვალწინ მიდგას ის სანახაობა: სრულ სიჩუმეში, ღამის სიბნელეში მზეზე უფრო გაბრწყინებული ანგელოზებრივი სახე. ეს ამბავი მაშინ არავის ვუამბე, ან კი ვის შეეძლო მსგავსი რამ წარმოედგინა?! რატომღაც მომეჩვენა, რომ შენ გამიგებდი..“

ეს ამბავი გულში დავიმარხე. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ბერის სახე მაშინ იმგვარადვე ბრწყინავდა, როგორც ღირსი სერაფიმე საროველისა მოტოვილოვთან საუბრის დროს. მაშინ ბერზე სულიწმინდა გადმოვიდა, სრულიად აღავსო ის და გაასხივოსნა. ვფიქრობ, ღვთის ნებით, ჩვენდა სასწავლებლად გახმაურდა ზემოთ აღწერილი ამბავი“.

 

„თქვენ აუცილებლად უნდა დატოვოთ ვირიცა“

ბერის შორსმჭვრეტელობის წყალობით ომის წლებში მრავალი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. ომის დასაწყისში ის ვირიცელებს აკურთხებდა, არ დაეტოვებინათ დაბა. მით უფრო გაოცებას იწვევს ლუდმილა ივანეს ასული ტიმოფეევას, ვირიცელი წიგნის მაღაზიის თანამშრომლის, ნაამბობი, რომელიც თავად მისთვის ბებიას, მარია ათანასეს ასულ ლაპინას მოუყოლია:

„ჩემი ნათესავები ჯერ კიდევ 30-იან წლებში დადიოდნენ ბერთან რჩევის და ლოცვის სათხოვნელად. ისიც აჯილდოებდა მათ სიხარულით, რწმენით, იმედითა და სიყვარულით.

როცა ფაშისტები რუსეთის მიწაზე შემოიჭრნენ, დედამ და ბებიამ სხვა ვირიცელებთან ერთად მიირბინეს პილნის ქუჩაზე, მამა სერაფიმეს სახლთან. ტრაგიკული ახალი ამბით შეძრწუნებული ხალხი ბერისგან დამშვიდებული და დაწყნარებული ბრუნდებოდა.

მოვიდა ჩემიანების რიგიც. იმ პერიოდში მამა სერაფიმე ხანგრძლივად არავის ესაუბრებოდა. დედას და ბებიას მან მოკლედ უთხრა: „თქვენ აუცილებლად უნდა დატოვოთ ვირიცა“. ასეთი იყო კურთხევა. თავდაპირველად ისინი შეცბუნდნენ და აბუზღუნდნენ. იცოდნენ, რომ დანარჩენებმა სრულიად განსხვავებული კურთხევა მიიღეს. მიუხედავად ამისა, ბერის სიტყვისამებრ მოიქცნენ.

წაიღეს ყველაზე აუცილებელი ნივთები და საკერავი მანქანა. დადიოდნენ ახლო-მახლო სოფლებში და თავს კერვითა და დღიური სამუშაოთი ირჩენდნენ. ღამის გასათევის და ლუკმა-პურის შოვნას დიდი შრომის ფასად ახერხებდნენ. მალე მაწანწალობისთვის ისინი ერთ-ერთი სოფლის მამასახლისმა ხელისუფლებასთან დაასმინა. დედა და ბებია ადგილგადანაცვლებულთა ბანაკში, ესტონეთში გააგზავნეს. იქ მათ უამრავი სიმწარე ნახეს, მაგრამ მამა სერაფიმეს ლოცვის წყალობით ცოცხლები გადარჩნენ.

ესტონეთის გათავისუფლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. სივერსკის ქუჩაზე საკუთარი სახლის ნახვა როცა მოიწადინეს, მხოლოდ ნანგრევების გროვას წააწყდნენ. მათი სახლი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი შენობებიდან, რომელიც ჩვენების შეტევაზე გადასვლის დროს სრულიად დაინგრა. აი, მაშინ კი ყველაფერს მიხვდნენ დედა და ბებია. ნანგრევებში მათ სასწაულებრივად გადარჩენილი წმინდა ნიკოლოზის ხატი იპოვეს“.

 

„მას ღვთისგან დიდი ძალა ჰქონდა მიცემული“

ლუბოვ ნიკოლოზის ასული სპირიდოვა იხსენებს ბერს:

„მამა სერაფიმესთან ჯერ კიდევ ომამდე დავდიოდი. თითქოს დღესასწაული ყოფილიყო, ისე მივიჩქაროდი მასთან. მამასთან საოცრად კარგად და უბრალოდ ვგრძნობდი თავს. მას ღვთისგან დიდი ძალა ჰქონდა მიცემული. როცა გაკურთხებდა, გეგონა, სულით ცას ეწიეო. მისგან დაბრუნებულს ხშირად მიფიქრია: ნეტავ, სამოთხეში ხომ არ ვიყავი?“

ომი რომ დაიწყო, ჩემი ვაჟი, ბორისი, სკოლასთან ერთად ციმბირში იქნა ევაკუირებული. ბლოკადის დროს მე ქალაქში ვიმყოფებოდი და ომის წლებში ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში ვმუშაობდი. წერილებს იშვიათად ვღებულობდი „სიცოცხლის გზის“ საშუალებით. და აი, ერთ-ერთი წერილში ბორისი მატყობინებდა, რომ ფეხი ძლიერ დაუზიანებია და ხშირად ტკიოდა.

ევაკუაციიდან დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონია ბიჭუნას კოჭ-წვივის სახსრის ძვლისსაზრდელას ქრონიკული ანთება. ძვალი ჩირქდებოდა და ტერფის მიდამოში განვითარდა სისხლდენადი, მოუშუშებელი სიმსივნე. ექიმები ამაოდ ცდილობდნენ ბავშვის დახმარებას, საბოლოოდ მკურნალობაზე ხელი აიღეს და გამომიცხადეს, დაავადება უკურნებელიაო. მხოლოდ ღმერთის დახმარების იმედიღა იყო.

1945 წლის გაზაფხულზე მე და ჩემი და ვირიცაში გავემგზავრეთ. ღმერთი დაგვეხმარა, სწრაფად გვეპოვა მამა სერაფიმეს ახალი საცხოვრებელი სახლი. მამამ, როგორც ადრე იცოდა ხოლმე, სიხარულით მიგვიღო და მაშინვე გვითხრა: „ყველაფერი კარგად იქნება! ბორისს ფეხი აუცილებლად შეუხორცდება“. მომცა ნაკურთხი წყალი და ამიხსნა ხმარების წესი: „ფეხი თბილი წყლით სავსე აბაზანაში ჩააყოფინე, ჩემი წყალი ნატკენ ადგილზე დაასხი ჯვრის სახით, თან ილოცე. ღამით ასეთივე წესით გაუკეთე კომპრესები“. როცა გვაკურთხა, მიბრძანა, რომ მისი ლოცვა-კურთხევა შვილისთვისაც გადამეცა. ერთი თვის შემდეგ ბორისს ტკივილები დაუყუჩდა და სიმსივნემ დაცხრობა იწყო.

ღმერთისა და მამა სერაფიმეს უსაზღვროდ მადლიერებმა კვლავ ვირიცისკენ გავსწიეთ, ამჯერად ბიჭუნასთან ერთად. ვინაიდან ავადმყოფობის გამო ფეხი ძალიან დასუსტებული ჰქონდა, ხელით მიგვყავდა. მამამ ურიგოდ მიგვიღო. გულით ხარობდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. ბერმა მიუალერსა ბორისს, მისცა სეფისკვერი, ნაკურთხი წყალი და აკურთხა. მახსოვს, თუ როგორი თანაგრძნობითა და სიყვარულით გვიყურებდა ბერი. მეჩვენებოდა, რომ მისგან ნათელი გამოდიოდა. ბორისი სადგურამდე ჩვენი დახმარების გარეშე მივიდა. სულ მალე „განუკურნელი“ სენისგან კვალიც აღარ დარჩენილა, მეტიც, ისიც დაგვავიწყდა, თუ რომელი ფეხი სტკიოდა.

1948 წელს ბორისი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, საჰაერო დაზვერვაში მსახურობდა და წარმატებით ასრულებდა პარაშუტიდან ხტომებს“.

 

„შენ წიგნებს გაყიდი“

დაახლოებით ორმოცი წელია, რაც ლუდმილა თევდორეს ასული ემკოვა პეტერბურგში წიგნების ვაჭრობაში მუშაობს. მთელი მისი ცხოვრება ვირიცელი ბერის ლოცვა-კურთხევით აეწყო.

„1945 წელს დედასთან ერთად ევაკუაციიდან ქალაქში დავბრუნდი. ომის დროს ბინა დავკარგეთ და აპრაქსინას ქარვასლასთან ახლოს ერთ ნესტიან და ცივ  სარდაფს შევაფარეთ თავი. მამამ ომი ჰოსპიტალში დაასრულა. ფრონტზე თავში დაიჭრა მძიმედ, ასე რომ ინვალიდი დაგვიბრუნდა. თვიდან თვემდე თავი ძლივს გაგვქონდა. დედა სრულიად დაეცა სულით.

ერთხელ დედა ნიკოლსკის ეკლესიაში იჯდა და მწარედ ტიროდა. კეთილმა ადამიანებმა ვირიცელი ბერის მონახულება ურჩიეს, აუცილებლად დაგეხმარებაო. ვირიცაში წავედით დედას მეგობარ ქალთან ერთად, რომელიც ჩვენთან ერთად იყო ევაკუაციაში. მივდიოდით ტალახში, ძლივს ჩავაღწიეთ. ბერის სახლთან ხალხი ჯგუფ-ჯგუფად იცდიდა. დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირვებია.

აი, ბერის კელიაც. თითქოს ღრუბლებიდან მზემ გამოანათაო და ალერსიანი სხივებით გაგვათბო. მამამ გვაკურთხა. მე ორცხობილით გამიმასპინძლდა და ბრძანა, ჩვენთვის ჩაი მოემზადებინათ. ჩანდა, მთელი გულით გვითანაგრძნობდა გაჭირვებაში მყოფთ. მშობელი მამაც ვერ შეიბრალებს საკუთარ შვილს ისე, როგორც მან დედაჩემი შეიცოდა. ასეთმა თანაგრძნობამ დედა გაამხნევა. „დააკაკუნეთ, უფრო ხმამაღლა დააკაკუნეთ! - თქვა მაშინ მამა სერაფიმემ, - მხოლოდ მას უღებენ კარს, ვინც აკაკუნებს. მეც ვილოცებ თქვენთვის“.

მას შემდეგ დედა ხშირად დადიოდა ბერთან. როგორც კი გაგვიჭირდებოდა ან რაიმე მწუხარება გვეწვეოდა, დედა მაშინვე ვირიცაში მიიჩქაროდა.

მალე კარგი და ნათელი ოთახი მივიღეთ. ეჭვგარეშე იყო, რომ ყოველივე მამა სერაფიმეს ლოცვით მოხდა. ერთხელ მამა სერაფიმემ დედას უთხრა: „ქმართან ცოტა ხანს იცხოვრებ, დედამთილთან კი - ძალიან დიდ ხანს“. 1949 წელს მამა გარდაიცვალა. მას შემდეგ ბებიასთან გადავედით. ოც წელზე მეტხანს ვიცხოვრეთ.

ერთხელ მამა სერაფიმემ დედას ოცდაათი მანეთი მისცა და უთხრა: „აი, შენ ჯადოსნური ჯოხი! ამიერიდან ყოველთვის გექნება ფული“. მართლაც, მას შემდეგ აღარ გაგვჭირვებია: ხან ნათესავები გვიგზავნიდნენ ამანათს პროდუქტებით, ხან დედა მიიღებდა პრემიას სამსახურში. მთელი ცხოვრება მამა სერაფიმეს ლოცვით გავატარეთ.

მე ძალიან მიყვარდა ბავშვები და სკოლის დამთავრების შემდეგ საბავშვო ბაღში მინდოდა მემუშავა. მამა სერაფიმეს ჩემი ჩანაფიქრი გავუზიარე. მან თავი გადააქნია და მითხრა: „შენ წიგნებს გაყიდი“.

სკოლა ბერის გარდაცვალების შემდეგ დავამთავრე. ბავშვობის ოცნება თავს არ მანებებდა და პედაგოგიურ ინსტიტუტში შევიტანე საბუთები, მაგრამ ვერ მოვეწყვე. ძალიან ვნერვიულობდი, არ მინდოდა წლის გაცდენა. ამ დროს შევხვდი კლასის დამრიგებელს. მან მითხრა, რომ წიგნების სავაჭრო ტექნიკუმში დამატებითი მიღება იყო გამოცხადებული და მირჩია, აუცილებლად ჩამებარებინა იქ. სუფთა, სასარგებლო და საინტერესო სამუშაოაო, - მითხრა. გამოცდები ადვილად ჩავაბარე, კონკურსი წარმატებით გავიარე. აი, ასე წარიმართა ჩემი ცხოვრება.

კიდევ რამდენჯერ დაგვეხმარა ეს დიდებული ბერი! ერთხელ საშინლად ამტკივდა კბილი. ექიმთან მისვლის ძალიან მეშინოდა. წავედი დედასთან ერთად მამა სერაფიმეს საფლავზე. დედამ მითხრა: „როგორც შეეფერება, ისე ითხოვე მამა სერაფიმესგან!“ მას შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში კბილის ტკივილს აღარ შევუწუხებივარ“.

 

„ღირსი სერაფიმეს განდიდებას დავესწარი“

ჭეშმარიტი ღვთის მოშიშებით გვიამბობს ვირიცელ ბერზე ნატალია სტეფანეს ასული ტიხონოვა: „ოღონდაც, ფუჭი სიტყვებით ღმერთი არ გაგვინაწყენდეს!“ - ამბობს ის.

„ღმერთმა ღირსი გამხადა არაერთხელ ვწვეოდი მამა სერაფიმეს. პირველად მასთან 1945 წლის დასაწყისში ჩავედი. სასტიკი ზამთარი იყო, თერმომეტრი - 30°-ს ქვემოთ უჩვენებდა. ფეხზე თხელი რეზინის ჩექმები მეცვა. ჯერ კიდევ მატარებელში ყოფნისას გავითოშე. ვირიცაში არასდროს ვყოფილვარ მანამდე, როგორც ჩანს, თავად ღმერთმა მიმიყვანა მასთან. ძალიან ადრე მივედი. ქუჩები თითქმის ცარიელი იყო. ვიარე პირდაპირ, შემდეგ მარცხნივ შევუხვიე და მამა სერაფიმეს სახლიც მაშინვე ვიპოვე. ბევრი ხალხი იყო. კიბე გადაჭედილი გახლდათ. გულში ბერს შევღაღადე: „მამაო! როგორ გავიყინე! მიმიღე, თორემ აქ ხომ საღამომდე არ მომიწევს რიგი?!“ და აი, საოცრება! გაიღო კარი, გამოვიდა მონაზონი და თქვა: „მამა სერაფიმემ პიტერიდან ჩამოსული ნატალია აკურთხა, შემოვიდესო“. გავიფიქრე: „აი, მამა! ეს-ესაა ვთხოვე და უკვე მეძახის!“ გამოხმაურება ვერ გავბედე. მონაზონი მეორედ გამოვიდა: „ნუთუ არ არის ნატალია პიტერიდან?“ მაშინ ვთქვი: „ეს მე ვარ, მაგრამ ამდენი ხალხია! ურიგოდ როგორ შემოვიდე?!“ „მოდი, მოდი!“ - ალერსით მითხრა ბერის თანაშემწემ.

აცახცახებული შევედი. სულ გადამავიწყდა, გარეთ ყინავდა, თუ ცხელოდა. მამამ თავისი სიყვარული შემომაფრქვია. მაიმბო, რომ სულ მალე ალექსანდრე ნეველის ლავრის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი გაიხსნებოდა, შემდგომში კი მთელ მონასტერს ეკლესიას გადასცემდნენ. ძალიან გამიკვირდა, ვთქვი: „რას ამბობთ, მამაო, ეს როგორ?! ახლა ხომ ყველაფერს ანგრევენ და აფეთქებენ?!“ ბერმა მიპასუხა: „აი, შენ არ გჯერა, მაგრამ მოვა დრო, როცა ეკლესიების, მონასტრების და სამლოცველოების აღდგენა-გახსნას დაიწყებენ. როცა ლავრის წმინდა სამების ტაძრის კურთხევაზე წახვალ, გაიხსენე გლახაკი სერაფიმე. მე მაშინ აღარ ვიქნები“... მამას პური გადავეცი, მან კი მაშინვე ორცხობილა და კანფეტები მომაწოდა. ერთმანეთს ძალიან თბილად დავშორდით. ბერმა მაკურთხა, კვლავ მივსულიყავი მასთან. ვბრუნდებოდი უკან და არავითარ ყინვას არ ვგრძნობდი, იმდენად გამათბო ნეტარმა ბერმა თავისი სიყვარულით.

მამა სერაფიმე ყოველთვის უახლოესი ადამიანივით მღებულობდა. ერთხელ შევნიშნე: „მამაო! თქვენ თითქმის ოცი წელია, რაც წევხართ. რა ცუდია!“ ბერს გაეღიმა და მიპასუხა: „რა ბედნიერი ვარ! წამებულის საცერელის გვერდით თავად უფალი და ღვთისმშობელი დგანან, ხოლო ფეხებთან - მფარველი ანგელოზი. ისურვებდი, შენც ჩემსავით წოლილიყავი?“ „არა, მამაო!“ - ვუპასუხე. „კარგი, ირბინე, ირბინე! შემდეგ კოჭლობით ივლი“... ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. ბერის გარდაცვალების შემდეგ ფეხი ვიღრძე და უკვე მრავალი წელია, რაც ვკოჭლობ.

ერთხელ ზაფხულში მამა სერაფიმესთან ჩავედი. კვლავ საოცრად დამამშვიდა. ბევრი კეთილი და სასიამოვნო სიტყვა მითხრა. რა ბედნიერი ვიყავი, ჩვენ ხომ ასეთი ადამიანები გვყავდა! მაშინ ბერმა საროვოს დღესასწაულზე მიამბო: „როცა ღირსი სერაფიმე საროველის განდიდების დღე დადგა, მისი წმინდა ნაწილების გახნას დავესწარი. შეუძლებელია სიტყვებით გადმოიცეს ის სიხარული და მადლი, რომელიც იქ დაგვეუფლა. მთელი რუსეთიდან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი იმ დღეებში, რათა ერთობლივად ელოცათ და თაყვანი ეცათ უფლის წმინდანისთვის“.

 

„ვილოცოთ! ღმერთი მოგვცემს - იცოცხლებს!“

გვიამბობს ტატიანა ნიკოლოზის ასული ალიხოვა: „ადრეული ასაკიდანვე გახლდით ნიკოლსკის ტაძრის მრევლი. 1944 წელს შევიტყვეთ მე და ჩემმა მეუღლემ ამ უდიდესი ბერის შესახებ. 1945 წლის დასაწყისში ჩავედით ვირიცაში.

აი, ჩვენი პირველი შეხვედრაც. ბერისგან გამომკრთალმა სიწმინდემ მთელი ჩემი არსება განმსჭვალა. არაფერზე მინდოდა საუბარი. ბერის თვალები უსაზღვრო სიყვარულითა და თანაგრძნობით იყო სავსე. მივხვდი, მისთვის ჩვენი ყოველი გულისცემა იყო ცნობილი. მის გვერდით საკუთარი უღირსება და არასრულყოფილება შევიგრძენი და ტირილი მომინდა. უსიტყვოდ გავუგეთ ერთმანეთს. კურთხევა ვითხოვეთ და წყნარად გამოვედით. უკან თითქოს სხვა ადამიანები დავბრუნდით. მას შემდეგ ყოველ კვირას, დავესწრებოდით რა ცისკარს ნიკოლსკის ტაძარში, მამასთან ვირიცაში მივიჩქაროდით.

დედაჩემს მრავალი წლის განმავლობაში ქრონიკული თრომბოფლებიტი აწუხებდა. ფეხებზე ღია ჭრილობები ჰქონდა, რომელთა გადახვევაც დღეში 11-ჯერ მაინც იყო საჭირო. 1946 წლის თებერვალში დაეწყო სეფსისი. ტემპერატურა 40°- დე აიწია. ფეხი დაჩირქდა. დედას დაეწყო ციება, ჟრჟოლა, ზოგჯერ გონება ეკარგებოდა. ექიმები შეძლებისდაგვარად იბრძოდნენ მისი სიცოცხლისათვის, მაგრამ მდგომარეობდა უფრო და უფრო მძიმდებოდა.

7 თებერვალს, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის და ღვთისმშობლის ხატის - „დაშრიტე მწუხარება ჩემი“ ხსენების დღეს ექიმებმა გვითხრეს, რომ დედა, ალბათ, დილამდე გარდაიცვლებოდა. მე და ჩემი და, ვალენტინა, მაშინვე ეკლესიაში გავიქეცით, რათა უფლისთვის, ღვთისმშობლისა და წმ. ნიკოლოზისათვის დახმარება გვეთხოვა. 8 თებერვალს დილაადრიან ვეწვიეთ მამა სერაფიმეს ვირიცაში. საოცარი სითბოთი და თანაგრძნობით მიგვიღო. მისი გამომეტყველებით მივხვდით, რომ ჩვენი მდგომარეობა არც თუ მსუბუქი იყო. მიუხედავად ამისა, ბერმა გვითხრა: „ვილოცოთ! ღმერთი მოგვცემს - იცოცხლებს!“ სეფსისი სამ დღეში ალაგდა. ამის შემდგომ დედამ თხუთმეტი წელი იცოცხლა“.

 

„ყოველთვის ვლოცულობდი უძლურებაში მყოფი მამა სერაფიმეს ჯანმრთელობისთვის“

გალინა ივანოვამ მხოლოდ ერთხელ იხილა დიდი ვირიცელი მოღვაწე, მაგრამ ამ შეხვედრამ მთელი მისი შემდგომი ცხოვრება განსაზღვრა.

„ბებიასთან, მარია თევდორეს ასულ ეფემოვასთან, ერთად 1946 წლის ბოლოს ვესტუმრე ბერს. ეს პერიოდი მძიმე იყო ჩვენი ოჯახისათვის: მამა ომის წლებშუ უგზო-უკვლოდ დაიკარგა; ბებია ავადმყოფობის გამო ვერ მუშაობდა; მე თექვსმეტი წლისაც არ ვიყავი, არ მქონდა პასპორტი და ამდენად, არც მუშაობის უფლება. კეთილმა ხალხმა მამა სერაფიმეს ნახვა გვირჩია.

მივდიოდით მამა სერაფიმესთან ლოცვითა და იმედით. ბერის სახლთან უამრავი ხალხი დაგვხვდა, მღელვარებითა და იმედით ელოდნენ მასთან შეხვედრას. საბოლოოდ ჩვენი რიგიც მოვიდა...

აი, მისი კელიაც... არ ვიცი, სიტყვებით როგორ გადმოვცე, თუ რამ დაისადგურა მაშინვე ჩვენს გულებში. ეს იყო ჭეშმარიტი წმინდანის სახე. ცოცხალი ხატი ვიხილე! როგორ თბილად და ალერსიანად მიგვიღო! სულს მაშინვე სიხარული და სიმშვიდე მოეფინა. მამა სერაფიმეს გამოხედვაში იყო რაღაც საოცრად მშობლიური და მამობრივი. მამა ცოტა ხნით დამაკვირდა და შემდეგ სახელით მომმართა: „აი, პეტერბურგელი გოგონა, გალინუშკა, მოვიდა ჩემთან! შენ პირველად და უკანასკნელად მოხვედი ჩემთან. მომიახლოვდი, დაგლოცავ!“ მთელი არსებით გავიწიე მისკენ. მაკურთხა და მითხრა: „ამ ლოცვა-კურთხევით ბედნიერებას გაძლევ. ვიცი, სამსახურში მოწყობას ვერაფრით ახერხებ. ყველა საბუთი მოამზადე! ხვალ შენთან მოვლენ და კარგ სამუშაოს მიიღებ. კიდევ ერთ დავალებას მოგცემ. ჩემი გარდაცვალების შემდეგ დადგება დრო, როცა მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ გრიგორს შეხვდები. შეახსენე ჩემი თავი. დაე, ილოცოს და თავი მოიდრიკოს გლახაკი სერაფიმესთვის!“... მამამ ამასთანავე მითხრა, რომ ნიკოლსკის საკათედრო ტაძრის გუნდში ვიგალობებდი.

მამამ ჩვენი ახლობლების სახელები მოსახსენებელში ჩაიწერა. მგზავრობის წინ დაგვლოცა და კანფეტებით, თაფლკვერითა და ვაშლებით დაგვასაჩუქრა. გამოვედით მისგან - სულში სინათლესა და მშვიდობას დაესადგურებინა...

მეორე დღეს ჩვენთან ბებიას ნაცნობი ქალი მოვიდა და თქვა, რომ სამხედრო კარტოგრაფიის ფაბრიკაში ჩემთვის სამუშაო იშოვა. სამსახურში მაშინვე გამაფორმეს, როგორც ეს ბერმა მიწინასწარმეტყველა.

აღსრულდა მისი სხვა სიტყვებიც. გარკვეული ხნის შემდეგ ნიკოლოსკის საკათედრო ტაძრის მგალობელი გავხდი. ნეტარი მამის აღსრულების შემდეგ ღმერთმა, მართლაც, გამხადა ღირსი, შევხვედროდი მეუფე გრიგორს (ჩუკოვი). მაშინ მას ვუთხარი: „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ! ვირიცელმა ბერმა, სქემოსანმა მღვდელ-მონაზონმა სერაფიმემ მთხოვა, თქვენთვის ის შემეხსენებინა“. მიტროპოლიტმა ამაზე მიპასუხა: „ყოველთვის ვლოცულობდი უძულურებაში მყოფი სერაფიმეს ჯანმრთელობისათვის და ახლაც მუდამ ვიხსენე მის ნათელ სახელს...“

 

„ახლა ჩვენ განგკურნავთ“

კლავდია ივანეს ასული პეჩკოვსკაია ვირიცაში ცხოვრობს და მამა სერაფიმეს საფლავზე თითქის ყოველდღე დადის. ბერის სახელთანაა დაკავშირებული მისი მრავალი მოგონება.

„პირველად ბერის კელიაში როცა შევედი, მისმა ასკეტურმა შესახედაობამ გამაოცა: გამხდარი, მაგრამ საოცრად მხნე; გაცისკროვნებული თვალების თბილი, სიყვარულით სავსე მზერა. სულში მაშინვე საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი. ბერის სიყვარული ირგვლივ ყველაფერს ეფინებოდა.

ომის დროს თავში მძიმედ დავიჭერი და განუწყვეტელი თავის ტკივილი მტანჯავდა. ექიმებმა ვერაფრით მიშველეს. მამა სერაფიმემ მითხრა: „მომიახლოვდი, ახლა ჩვენ განგკურნავთ!“ მან თავზე ოლარი გადამაფარა და ხელი დამადო. მას შემდეგ არც კი ვიცი, რა არის თავის ტკივილი.

მამა სერაფიმე მრავალ ნიჭს ფლობდა. მასში იგრძნობოდა საოცარი ღვთიური ძალა. არაერთხელ მხვდა ბედნიერება წილად, ამ ძალის მოწმე გავმხდარიყავი.

ომის დამთავრებისთანავე ჩემმა მეგობარმა ქალმა მამა სერაფიმეს თხოვნით მიმართა: „უგზო-უკვლოდ დამეკარგა ქმარი. როგორ ვილოცო მისთვის?“ „ილოცე, როგორც ჯანმრთელისთვის. ტყვეობიდან მალე დაბრუნდება“, - უპასუხა მან. მართლაც, გარკვეული ხნის შემდეგ მეუღლე ავსტრიაში ტყვეობიდან ცოცხალი დაბრუნდა.

ვირიცაში ბევრს ახსოვს უჩვეულო შემთხვევა, როცა მამა სერაფიმეს ლოცვით მუნჯი გოგონა ალაპარაკდა. მამამ ჩემი მოხუცი დედაც განკურნა მრავალი დაავადებისაგან. მასაც, ანალოგიურად, გადააფარა თავზე ოლარი, დაადო ხელი და უთხრა: „მოგეტევება ყველა ცოდვა და ყველანაირი ავადმყოფობა გაგივლის“.

კარგად მახსოვს, მამა სერაფიმე რომ გვეუბნებოდა: „თქვენ ჩემთვის ილოცეთ, მე კი თქვენთვის ვილოცებ, ღმერთს შევევედრების...“ „ცა კარავივითაა, - ამბობდა ბერი, - მოვა დრო და ის გაიხსნება“.

 

„ის ახალი წლის პირველ დღეს დაიბადება“

ნინა ეგორის ასული კაროლი 1948 წელს ლატვიაში დაიბადა. ამქვეყნიურ მოვლინებას ის ვირიცელ ბერს უნდა უმადლოდეს.

„ჩემს ოჯახს მამა სერაფიმეს სახელთან მრავალი მოგონება აკავშირებს. მისი ლოცვით ჩვენი უახლოესი ნათესავი, ათი წლის გოგონა განიკურნა; გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა დეიდაჩემმა კი სამსახური იშოვა.

ერთხელაც დადგა დრო და ჩემმა მშობლებმაც მიმართეს ბერს. მათ ძალიან უნდოდათ შვილი, მაგრამ ღვთის განგებით, მრავალი წლის განმავლობაში ბავშვი არ უჩნდებოდათ. ძლიერ დარდობდნენ. ჩვენი ახლობლები პეტერბურგში ცხოვრობდნენ. დეიდას ერთ-ერთი მეგობარი ქალი მამა სერაფიმეს სულიერი შვილი იყო. ერთხელ ჩემი მშობლები პეტერბურგში იყვნენ შვებულებით. იმ ქალმა ვირიცელი ბერის ნახვა ურჩია.

1947 წლის გაზაფხულზე ჩემი მშობლები ბერთან წავიდნენ. ისინი ძალიან გაუკვირვებია მამა სერაფიმეს ასკეტურ გარეგნობასა და მისგან გამომავალ სიკეთეს და სიყვარულს. მათ თავის წარგენაც კი ვერ მოასწრეს, რომ ბერს უთქვამს: „აა, ნატაშკა ჩამოვიდა ჩემთან ლატვიიდან! აბა, მიამბე, მიამბე!“ პირველად მოხდა, რომ დედამ გული გადაუხსნა სხვას და სრულიად მიენდო ბერს. იყო ცრემლებიც, იყო სიხარულიც... მამა სერაფიმემ ჩემი მშობლების უმთავრეს კითხვას გასცა პასუხი: „თქვენ გოგონა გეყოლებათ. ახალი წლის პირველ დღეს დაიბადება. იქნება ბედნიერი და კარგად ისწავლის“. მშობლები ბერს უახლოესი ადამიანივით დაემშვიდობნენ. განშორებისას მამა სერაფიმემ მთელი ცხოვრების გზა დაულოცა მათ.

დავიბადე 1948 წლის 1 იანვარს, საათის კურანტების დარეკვიდან 10 წუთის შემდეგ. მართლაც, ადვილად ვსწავლობდი. დამავთავრე სამედიცინო სასწავლებელი. შევქმენი ოჯახი, სადაც მშვიდობა და კეთილდღეობა სუფევს“.

 

„ეს ბიჭი მედიკოსი იქნება“

ალექსანდრე სერგეის ძე ივანოვის მოთხრობილი ამბავი კიდევ ერთხელ ადასტურებს მამა სერაფიმე შორსმჭვრეტელობასა და მისი ლოცვა-კურთხევის საკვირველთმოქმედ ძალას. ალექსანდრე სერგეის ძე გვიამბობს ბერზე, როგორც უახლოეს ადამიანზე:

„30-იანი წლების დასაწყისში ჩემი ოჯახი ვირიცაში ცხოვრობდა. ჯერ კიდევ ომამდე ჩემი ნათესავები ხშირად დადიოდნენ მამა სერაფიმესთან და ცდილობდნენ მისი რჩევა-დარიგებების შესრულებას. იმ საშინელ წლებში მრავალი უბედურებისა და ჭირისაგან იფარავდა მათ ბერის ლოცვები. ჩემი მშობლები უდიდეს პატივს სცემდნენ მას, მეტიც, მოწიწებით ეპყრობოდნენ. ჩვენს ნათესაობაში თაობიდან თაობას გადაეცემა მისი წმინდა ხსოვნისადმი პატივისცემა. ეს არცაა გასაკვირი, რადგანაც ბერის სახელთანაა დაკავშირებული მრავალი საოცარი მოვლენა.

მოვიხმობ მხოლოდ ერთ მაგალითს:

ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რაოდენ რთული იყო ომის პერიოდში სურსათ-სანოვაგის შოვნა. არც ჩვენს ოჯახს ასცდა შიმშილი. და აი, ერთ მშვენიერ დღეს დეიდა მამა სერაფიმესთან მივიდა კურთხევის ასაღებად, სურდა, ნივთები სურსათზე გადაეცვალა. ბერმა ილოცა და გზა უკურთხა.

დეიდამ საოჯახო ნივთებითა და ტანსაცმლით დატვირთა მარხილი და ალალბედზე გაუდგა გზას. ახლა წარმოდგენაც კი ძნელია, თუ რაოდენ რთული და საშიში იყო ეს გზა. მას საშინელ ყინვაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე უხდებოდა სიარული, დადიოდა ტყვიისა და ყუმბარების ზუზუნში, მაგრამ ღვთის წყალობით ფსკოვშჩინის ქალაქ ოპოჩკამდე მიაღწია. გაუმართლა და ნივთები ორ ტომარა ფქვილზე გადაცვალა. მან მთელი ფრონტის ხაზი მშვიდობით განვლო და შინ დაბრუნდა. ახლობლებს დეიდას ნახვის იმედი აღარ ჰქონდათ. განა, ეს აშკარა ღვთის სასწაული არ იყო, რომელიც ბერის ლოცვით მოხდა?! მაშინ დეიდამ აქეთ-იქით, სულ 500 კმ-ზე მეტი გაიარა.

მამა სერაფიმეს ზრუნვითა და ზედამხედველობით არც ომის შემდგომ წლებში მოკლებია ღვთის წყალობა ჩვენს ოჯახს. მე 1947 წელს დავიბადე. ჯერ კიდევ ორი წელი არ შემსრულებოდა, როცა დედამ, ელენე ლავრენტის ასულმა ივანოვამ, ბერთან მიმიყვანა. მამამ შემომხედა და თქვა: „ეს ბიჭი მედიკოსი იქნება“... და მაკურთხა.

სკოლის დამთავრების შემდეგ I სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე ღვთის ნებით მუშაობა სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში დავიწყე. ეს გახლდათ კვლევითი და პრაქტიკული საქმინობის ბრწყინვალე სკოლა. 1976 წელს წარმატებით დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია.

1977 წელს სანიტარიისა და ჰიგიების ინსტიტუტში მასწავლებლად მიმიწვიეს. იქ საშუალება მომეცა, კვლევითი სამუშაო პედაგოგიურ მოღვაწეობასთან შემეთავსებინა და სადისერტაციო ნაშრომი მომემზადებინა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მისაღებად. ახლა პროფესორი გახლავართ და სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში სტომატოლოგიური კურსის გამგედ ვმუშაობ. მადლმოსილი ბერის სიტყვები ახდა!

ბავშვობიდან დავდივარ დედასთან ერთად მამა სერაფიმეს საფლავზე. აქ დრო სხვაგვარად მიედინება და ამქვეყნიური მშფოთვარებაც ქრება. აქ ყოველთვის მომავლის იმედი გეძლევა“.

 

„ღმერთისთვის ყველა ცოცხალია“

გვიამბობს ლუბოვ მატვეის ასული ფელკნერი, ვლადიმირის ეკლესიის მრევლი. ის წმინდად ინახავს ბერის ხსოვნას. შეუძლებელია, ცრემლების გარეშე მოუსმინოთ მის მოგონებებს. ისეთი შეგრძნება გვეუფლებოდა, თითქოს თავად ბერი ესწრებოდა უხილავად ჩვენს საუბარს.

„ომისშემდგომ წლებში საკონტროლო-სარევიზიო სამმართველო „როსგლავპტიცეპრომ“-ში ვმუშაობდი. ჩემი თანამშრომლისგან, მარინე ნიკოლოზის  ასულ კარლოვასგან, შევიტყე მამა სერაფიმეს შესახებ. ის ბერთან ხშირად დადიოდა. ომის დროს მარინას უსაყვარლესი მეუღლე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 1945 წელს ის მამას დაეკითხა, თუ როგორ უნდა ელოცა მეუღლისთვის. ბერმა მაშინვე უპასუხა: „ილოცე, როგორც ცოცხლისთვის“. მართლაც, მალე ოჯახს დაუბრუნდა მამა და მეუღლე.

ჩემი სამუშაო უფრო და უფრო დამღლელი და დამთრგუნველი ხდებოდა. გადავწყვიტე, მამა სერაფიმესთვის მეკითხა რჩევა. ეს იყო 1948 წლის გაზაფხულზე. ვირიცაში ორნი ჩავედით: მე და დედა.

ახლობლებივით მიგვიღო. მე ღიმილით მომმართა: „დაჯექი სავარძელში! ამ სავარძელში დიდი ადამიანები მსხდარან“. ისე გველაპარაკებოდა, თითქოს ძველი ნაცნობები ვყოფილიყავით, მეტიც, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჩვენს შესახებ ყველაფერი იცოდა. მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რომ მართლაც შემეძლო ჩემს შესახებ არაფერი მომეყოლა. უბრალოდ, უდიდესი მოღვაწე მოსაუბრის სულს ხედავდა. „რად მუშაობ?“ - თითქოს შემთხვევით შემეკითხა. „რევიზორად“, - ვუპასუხე. „აა, შენ ხალხი სასამართლოს უნდა გადასცე?! ყველაფერი ხდება, ასე არაა?! - ძარცვა, დანაკლისი... შენ თუ არ გადასცემ სასამართლოს, ისინი გადაგცემენ: ასეა, ხომ? სასწრაფოდ უნდა შეიცვალო სამსახური!“ - დაასკვნა მან. შემდეგ რაღაც უცნაურად შემომხედა და თქვა: „შვებულებაში დიდი ხნის წინ იყავი? მართლაც, დროა, დაისვენო“. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი შვებულება, მართლაც, ახლოვდებოდა. მე ჩავილაპარაკე: „მამაო, წასასვლელი არსად მაქვს“. „შენც ვირიცაში, ვირიცაში ჩამოდი!“ - გაისმა პასუხად.

ჩემი ძმა, ივანე მატვეის ძე სემიონოვი, იკუპაციის დროს სმოლენსკში ექიმად მუშაობდა. ის პარტიზანებს მედიკამენტებითა და ჭრილობების გადახვევაში ეხმარებოდა, რისთვისაც დააპატიმრეს. მის შემდგომ ბედზე არაფერი ვიცოდით. დედამ მამა სერაფიმეს ჰკითხა: „როგორ ვილოცო მისთვის?“ ბერმა უპასუხა: „ილოცე, როგორც ცოცხალისთვის. ღმერთისთვის ყველა ცოცხალია“.

შემდეგ კვლავ მოულოდნელად მომმართა მე: „ობლიგაციები დიდი ხანია, რაც შეამოწმე?“ „დიდი ხანია“, - ვუპასუხე. „შენც შეამოწმე!“ - დაჟინებით მირჩია მან. დამშვიდობებისას ბერმა მაკურთხა და თავზე მაკოცა. წარმოუდგენელი ნეტარება ვიგრძენი. შინისკენ მიმავალ გზაზე ვერავის და ვერაფერს ვამჩნევდი, მხოლოდ მისი საოცარი ხატება მედგა თვალწინ.

სახლში დაბრუნებისას ნამდვილი სასწაულები დაიწყო, პირველად შემნახველ სალაროში შევიარე. აღმოჩნდა, რომ სოლიდური თანხა მომეგო. რამოდენიმე დღეში შვებულება გავიფორმე. ვფიქრობდი, დროს კითხვასა და გარეუბანში პარკებში სეირნობაში გავიყვან-მეთქი. მაგრამ ღმერთს ჩემი გეგმების შეცვლა ეწადა. ავტომანქანა გაჩერდა და მედიცინის მუშაკთა დასასვენებელი სახლის საგზური მომცეს... ვირიცაში! აღარ ვიცოდი, როგორ გადამეხადა მადლობა ღმერთისა და მამა სერაფიმესათვის.

შვებულების პერიოდში რამდენჯერმე წავედი ბერთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმ დღეებში არავის ღებულობდა. კუტიკართან ვიდექი ხოლმე და ფიქრებში ველაპარაკებოდი. ვიცოდი, ის ყველაფერს ხედავდა და ესმოდა. სულში სითბო და სიყვარული დასადგურებულიყო და მეჩვენებოდა, რომ მაისის ქუჩაზე, ბაღში ბუჩქს კეთილსურნელება სდიოდა.

არც შვებულების შემდეგ დასრულებულა სასწაულები. მალე ახალი სამსახური შემომთავაზეს, სუფთა ჰაერზე და თანაც მატერიალურად ხელსაყრელი! სესტრორეცკის საკურორტო განყოფილების უფროსი ბუღალტერის თანამდებობა მივიღე. მამა სერაფიმეს ლოცვის წყალობით ღმერთი ხელის გულზე მატარებდა, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით.

ვინმესთვის, შეიძლება, ყოველივე ეს დაუჯერებელი აღმოჩნდეს, მაგრამ ღვთის წინაშე მთელი სინდისით ვაღიარებ ზემოაღნიშნულ ჭეშმარიტებას. მე ბევრ ადამიანს ვიცნობდი, რომელთაც ბერი ყველაზე ურთულეს პერიოდში სასწაულებრივად დახმარებია“.

 

„მალე კვლავ გახსნიან ლავრას“

ანა იაკობის ასული რიაბოვა ღრმად არის დარწმუნებული სქემოსანი მღვდელ-მონაზონი სერაფიმეს წმინდანობაში და მასზე როგორც უდიდეს მოძღვარზე, საკვირველ მკურნალსა და წინასწარმეტყველზე საუბრობს.

„ომის წლებში ჩემი მეგობარი, მარია ალექსანდრეს ასული, ვირიცაში ცხოვრობდა. მისი ექვსი წლის ბიჭუნა ძალიან მაღალი ხიდან გადმოვარდა. ყველაფერი გარდაცვალებაზე მეტყველებდა. ატირებულმა დედამ ხელში აყვანილი ბიჭუნა ბერს მიუყვანა: „მამაო, ჩემი ტოლიკა სასიკვდილოდ დაშავდა!“ მამა სერაფიმემ უთხრა: „დააწვინე!“ შემდეგ ბიჭისთვის ილოცა და აკურთხა. ბავშვი მოულოდნელად წამოდგა და რამდენიმე წუთის შემდეგ ქუჩაში დარბოდა.

მე მქონდა ბედნიერება, ბერთან ვყოფილიყავი 1948 წლის ზაფხულში. მაშინ მამამ მითხრა, „შორს არაა ის დროს, როცა ლავრა გაიხსნება. მრავალი ეკლესია-მონასტერი აღდგება და აშენდება“. რა ძნელი იყო მაშინ ამ სიტყვების დაჯერება.

ვირიცელი ბერის მეოხების ძალას ადასტურებს ამბავი, რომელიც მარიამის დას, ანას, გადახდა თავს. ის საშინლად ავადმყოფობდა. კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რაც საშინელ ტკივილს ანიჭებდა. ექიმები ანას საოპერაციოდ ამზადებდნენ. მას ძლიერ ეშინოდა ოპერაციის გაკეთებისა, მოიკრიბა უკანასკნელი ძალა და ბერის საფლავზე წავიდა. ძლივს მიაღწია. ტირილით, მთელი გულით ევედრებოდა მამა სერაფიმეს შველას. ის ბერის სიცოცხლეშიც დადიოდა მასთან. ანას ვედრება შესმენილ იქნა. იმავე დღეს შეუმსუბუქდა ტკივილები. ექიმებთან აღარ მისულა. დაიწყო საფლავზე რეგულარული სიარული. გარკვეული ხნის შემდეგ გაოგნეულმა ექიმებმა ანას სრული გამოჯანმრთელება დაადასტურეს“.

 

„ძალიან კარგი ბაბუაა!“

ქვემოთ მოყვანილია მოგონებები პროტოპრესვიტერის ალექსანდრე კიბარდინის რძლის, ვერა დიმიტრის ასული კიბარდინის, დღიურიდან:

„ვირიცა... 1949 წელი დგება. მირქმა... მზიანი დღეა. ბავშვით ხელში მივდივარ ქუჩაში. აი, სახლი, სადაც რწმენას, სინათლეს და ნუგეშს დანატრული ხალხი თავს იყრის ხოლმე. მამა სერაფიმეს სახლი... ახლა იქ არავინაა, მიღება აკრძალულია. კუტიკარიდან ბერის შვილთაშვილების ძიძა, დუნიაშა, გამოდის: „შემოდით, შემოდით, რა გვერდს გვიხვევთ?! თქვენთვის შეიძლება, თქვენ ხომ მამა ალექსის შვილიშვილი ხართ? შევედით, დედა სერაფიმა შემოგვეგება და მთხოვა, რადგანაც ბერი სუსტად იყო, დიდხანს არ გავჩერებულიყავი და ცოტა მელაპარაკა.

აი, ჩვენ კელიაში ვართ... მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის წინ კანდელი ანთია. მთელი კუთხე ხატებითაა მოფენილი. პატარა, დაბალ ტახტზე გამხდარი სქემოსანი წევს. მის გვერდით დავიჩოქე, ბიჭუნა კი წინ დავიყენე. ბერმა ძლივს ასწია გამხდარი, აცახცახებული ხელი, გვაკურთხა და წუთით შეეხო ბავშვის თავს. თვალდახუჭულმა წაიჩურჩულა: „ბაბუასთან მოვიდნენ...“ ჩუმად წამოვდექი. ბავშვს ხელი მოვკიდე და სასტუმრო ოთახში გავიყვანე. უცებ ბავშვმა მაგიდას შემოურბინა და ატიტინდა: „სად არის ბაბუა? სად არის ბაბუა?“ ვიფიქრე, ალბათ, თავის ბაბუას ეძებს-მეთქი და ვუთხარი: „ხომ იცი, ბაბუა სახლშია. მარტო ჩვენ მოვედით“. „მე კიდევ მინდა ბაბუასთან!“ - ბავშვი კელიის კარისკენ გაიქცა და მუშტებით ბრახუნი ატეხა. ძლივს დავითანხმე, რომ ქუჩაში გამეყვანა. მიმყავს ხელში აყვანილი ბავშვი, ის კი ჩემს სახეს ხელებით მისკენ აბრუნებს და იძახის: „ძალიან კარგი ბაბუაა!“

მზე... თოვლი... საოცრად ლამაზი ფიჭვები და მათი შორის ხის ეკლესია... მივდივარ და მიმყავს ბიჭუნა, რომელიც განუწყვეტლივ იმეორებს: „ძალიან კარგი ბაბუაა!“ გულში განსაკუთრებულ სიხარულს ვგრძნობ. უცებ მახსენდება სახარებისეული სიუჟეტი, უფალი მოსწავლეებთან ერთად ემაუსში რომ მიდიოდა და მათ მოძღვარი ვერ იცნეს. იქ ნათქვამია: „გულნი განხურვებულ იყვნეს...“ მივდიოდი და ვჩურჩულებდი: „აი, თურმე, რას ნიშნავს „გულნი განხურვებულ იყვნეს...“

 

„ავად არ ვყოფილვარ, ვლოცულობდი“

ნატალია ნიკოლოზის ასული სიმაკოვა დაბადებიდან ბრმა გახლდათ და გაერთიანებული იყო რუსეთის უსინათლოთა საზოგადოებაში. თვალცრემლიანი, მოწიწებით იხსენებს მამა სერაფიმესთან შეხვედრას. სიტყვები, თითქოს, გულიდან ამოსდის! „როგორი სიფრთხილე გვმართებს! სულ იმას ვფიქრობ, რაიმეში არ შევცდე, რაიმე ზედმეტი არ ვთქვა“, - გვითხრა მან თხრობის დაწყებამდე.

„ვირიცაში ხუთი წლის განმავლობაში დავდიოდი. პირველად 1944 წლის დეკემბერში მივედი ბერთან. მაშინ მან მითხრა: „ამიერიდან ჩემთან ივლი“. მე მას წმინდანად მივიჩნევდი. თუმცა ამ სიწმინდის ცხადად დანახვა არ შემეძლო, მაგრამ ყოველი შეხვედრისას საოცარი მადლი მეფინებოდა, სულში მშვიდობა და სიმსუბუქე ისადგურებდა. მისგან ყოველთვის სხვანაირი ვბრუნდებოდი. ყველანაირი დარდი მავიწყდებოდა. ისევ და ისევ ბერის ნახვის სურვილი მიჩნდებოდა.

ბერისკენ ბევრი ისწრაფვოდა. მასთან დადიოდა ჩემი სულიერი მოძღვარი, მამა ფილოთეოზ პოლიაკოვი, ვლადიმერის ტაძრის წინამძღვარი. ის ბერს ღვთის კაცად მიიჩნევდა.

მე კარგი ხმა მქონდა. ომისშემდგომ წლებში ჩემს წინეშე დადგა არჩევანი: ან საეკლესიო გუნდში უნდა მეგალობა, ან უსინათლოთა საზოგადოების ეგიდით სახლში მემუშავა. ბერთან ლოცვა-კურთხევისთვის რომ ჩავედი, უცებ მითხრა: „ბავშვებს თვალები ექნებათ. ღმერთი გამოგიგზავნის ადამიანს“. მართლაც, მალე გავთხოვდი. შემეძინა ორი შვილი - ქალ-ვაჟი. ვმუშაობდი სახლში. ოჯახის შესანახად ჩანთებს ვკერავდი. სახლის საქმეებსაც თავად ვასრულებდი.

რამდენჯერმა ბერთან ისეთ დროს მომიხდა მისვლა, მიღება რომ არ ჰქონდა. შემდგომში მამა სერაფიმე შემეკითხა: „სად დაიკარგე ამდენ ხანს?“ „თქვენ ხომ ავად იყავით, მამაო?!“ - ვუპასუხე მე. კელიაში მხოლოდ ორნი ვიყავით. მან მითხრა: „ავად არ ვყოფილვარ, ვლოცულობდი. სულით მივდიოდი, ღვთის დედას, წმინდა ნიკოლოზსა და ღირს სერაფიმეს ვესაუბრებოდი. ძნელია ხალხის გონზე მოყვანა, ძალიან რთული ხდება. აი, ზეციურ მფარველებს მივმართე კიდეც დახმარებისთვის...“

მამა სერაფიმეს არაერთხელ უამბნია ჩემთვის თავისი საერო ცხოვრების შესახებ: „ვაჭავი ვიყავი, ახლა კი ბერი ვარ...“ მიამბო, რომ აპრაქსინის ქარვასლაში ბეწვეულით ვაჭრობის დროს გეთსიმანიის სკიტში მოღვაწე მამა ბარნაბას მორჩილი იყო. მამა ბარნაბა ხშირად დადიოდა თურმე პეტერბურგში. ასეთ დროს მომავალი ბერი სავაჭრო საქმეებს თანამშრომლებს გადააბარებდა ხოლმე და თავად მოძღვარს დაჰყვებოდა ქალაქში. სადღესასწაულო დღეებში ახალგაზრდა ვაჭარი დროებით წყვეტდა ოპერაციებს, მაგრამ ღვთის შეწევნით, საწარმო მაინც წარმატებით მუშაობდა. ღვთის სათნო საქმეებისა და ლოცვის მოშურნეობისათვის ღმერთი ყოველთვის აჯილდოებდა მას.

ბერის მაგალითმა მიჩვენა, რომ ერშიც შეიძლება გადარჩენა, თუ ღმერთის იმედი გექნება და ღვთის სიტყვით იცხოვრებ. ყოველი ახალი საქმე ლოცვითა და კურთხევით უნდა დაიწყო, კეთილი საქმე მუდმივად უნდა აკეთო.

ბერი უდიდესი მმარხველი იყო. მარხვასთან დაკავშირებით მან ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა წარმოთქვა: „ცხოველებთან უნდა დავზავდეთ!“

 

„ვინ გმკურნალობდათ?“

მარია ემელიანეს ასულ გოლუბოვასთან საუბრისას ძალაუნებურად გახსენდებათ სახარებისეული სისხლმდინარე დედაკაცი, რომელიც ოდენ მაცხოვრის სამოსლის ფესვს შეეხო უდიდესი რწმენითა და თავმდაბლობით და მაშინვე განიკურნა.

„1952 წლის დასაწყისში ჯანმრთელობა საგრძნობლად გამიუარესდა. პერიოდულად მქონდა ძლიერი სისუსტე და თავბრუსხვევები, უძილობისა და უმადობისგან ღონემიხდილი ვიყავი, სწრაფად ვიღლებოდი, წონაში საგრძნობლად დავიკელი. მალე სწორნაწლავიდან სისხლდენა დამეწყო. ანალიზებმა სისხლნაკლებობა და ჰემოგლობინის თითქმის არქონა დააფიქსირა. ექიმები დიაგნოზს არ მიმალავდნენ - სწორნაწლავის კიბო. ისინი ოპერატიულ სამედიცინო ჩარევას მირჩევდნენ, მაგრამ თავდაპირველად საჭირო იყო დაუძლურებული ორგანიზმის ოდნავ მაინც მოღონიერება და მძიმე ოპერაციისთვის მომზადება. ღვთის განგებით, გაზაფხულზე დაბა ვირიცის მედიცინის მუშაკთა დასასვენებელი სახლის საგზური მომცეს სამსახურიდან.

იქ წმინდა ბერის და მისი სასწაულთმოქმედი საფლავის შესახებ გავიგე. ერთ-ერთმა დამსვენებელმა, რომელიც წმინდა ბერს სიცოცხლეში იცნობდა, დაჟინებით მირჩია, მამა სერაფიმესთვის მეთხოვა დახმარება. ბერის საფლავამდე პირველად ძლივს მივაღწიე. გარშემომყოფი ხალხისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რწმენითა და მოწიწებით დავემხე მუხლებზე საფლავის წინ და მთელი გულით შევღაღადე: „მამაო, შენ ყველაფერი იცი. შენ ხედავ, როგორ მერთმევა ძალა. მიშველე მე ცოდვილს და გამკურნე!“ მაშინვე გულში სიმშვიდემ დაისადგურა. სული განმინათლდა და გამიმხიარულდა. მივხვდი, მამა სერაფიმემ ჩემი ლოცვა შეისმინა. შუაღამემდე დავრჩი იმ ღვთივკურთხეულ ადგილას. აშკარად ვგრძნობდი, ძალ-ღონით ვივსებოდი. ცოტა უკეთესად ვიგრძენი თავი. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, უკან დაბრუნებისას მოვფრინავდი. ყოველდღე დავდიოდი ბერის საფლავზე საგზურის ვადის დასრულებამდე. შინდაბრუნებული დედამ ვეღარ მიცნო. თავს სრულიად ჯანმრთელად ვგრძნობდი. დისპანსერში აღარ წავსულვარ, თუმცა დროდადრო უწყებას მიგზავნიდნენ.

ერთი წლის შემდეგ ავადმყოფობა სრულიად გადამავიწყდა. რომ იტყვიან, სინდისმა შემაწუხა და მაინც წავედი დისპანსერში. გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ სრულიად ჯანმრთელი ვიყავი. გაკვირვებულმა ონკოლოგებმა შესძახეს: „ვინ გმკურნალობდათ?“ ვუპასუხე, რომ ვირიცელი ბერის მეოხებით ღმერთის გარდა არავინ მკურნალობდა. აღირცხვიდან მომხსნეს. ეს ნამდვილი სასწაული იყო“.

 

„ჩვენ სასწაულებს არ ვახდენთ“

ოსტეომიელიტი უმძიმესი დაავადებაა და დაკავშირებულია ძვლის ტვინისა და ძვლების ანთებასთან. ამ დროს ავადმყოფს აუტანელი ტკივილები აქვს. როგორც წესი, ოსტეომიელიტით დაავადებულნი მთელი ცხოვრების განმავლობაში ინვალიდები რჩებიან.

ანდრეი ნიკიფორეს ძე ტიტოვი ვირიცის ყაზანის ეკლესიასა და მამა სერაფიმეს საფლავთან შეგიძლიათ იხილოთ. მას განსაკუთრებული შემთხვევა აკავშირებს წმინდა ბერთან. ერთ დროს მამა სერაფიმემ ის ზემოთ აღნიშნული სენისგან ლოცვით განკურნა. ადნრეი ტიტოვის სიციცხლით სავსე სახისა და აქტიურობის შემხედვარემ, ძნელია ირწმუნოთ, რომ ოდესღაც ის დაღუპვის პირას იყო და მის თავზე სიკვდილის ცელი გახლდათ აღმართული.

„1952 წელს ფეხის ტრავმა მივიღე. მალე ტემპერატურამ ამიწია და დამეწყო ციებ-ცხელება. ჩემი მდგომარეობა ძალიან ჰგავდა გრიპის დასაწყის სტადიას. გარკვეული ხნის შემდეგ ნაღრძობ ადგილას საშინელი ტკივილი დამეწყო, რომელიც შემდგომ შეშუპდა და გადაიქცა სოლიდური ზომის სიმსივნედ. იძულებული გავხდი, ექიმისთვის მიმემართა. დიაგნოზი განაჩენივით ჟღერდა - მარცხენა წვივის დიდი ძვლის მესამედის მწვავე ოსტეომიელიტი. დამაწვინეს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის კლინიკაში. ჩამიტარეს ინტენსიური მკურნალობა. ორ თვეს ებრძოდნენ ექიმები ავადმყოფობას. მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესდა. სიცხემ დაიწია და ტკივილიც ოდნავ შემსუბუქდა. 1952 წლის დეკემბერში საავადმყოფოდან გამომწერეს და ამბულატორიულ მკურნალობაზე გადამიყვანეს.

1953 წელს დაავადება კვლავ გამწვავდა და მიიღო ქრონიკული ხასიათი. კვლავ სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში დამაწვინეს. იქ ამჯერად ხუთი თვე გავატარე. ექიმების მცდელობის მიუხედავად მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდა, არამედ დამძიმდა კიდეც. გაჩნდა ჩირქის გროვები. თითქოს ელექტროდენს დაუვლია, ისე მეკრუნჩხებოდა და მისკდებოდა ფეხი. იძულებული გავხდი, პერიოდულად ჟანგბადის ბალიშით მესუნთქა. გამუდმებით მიხდებოდა წარმოუდგენელი ტანჯვის ატანა. უიმედობის მიზეზი მართლაც რომ მქონდა. ექიმები უძლურნი აღმოჩნდნენ დამხმარებოდნენ: „ვერაფრით დაგეხმარებით, ჩვენ სასწაულებს არ ვახდენთ!“ 1953 წლის ივლისში საბოლოოდ გამომწერეს და მომცეს ცნობა იმის შესახებ, რომ მკურნალობა უშედეგო იყო და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. მხოლოდ ღმერთს შეეძლო ჩემი შველა.

და მართლაც, ღმერთმა არ მიმატოვა გაჭირვებაში. ჩემმა თანამშრომლებმა ვირიცელი ბერის და მისი მადლმოსილი საფლავის შესახებ შეიტყვეს. წავიდნენ ყაზანის ეკლესიაში, მამა სერაფიმეს სახელზე პანაშვიდი გადაიხადეს და ჩემი ჯანმრთელობისათვის ილოცეს. იქიდან ნაკურთხი წყალი და საფლავის მიწა ჩამომიტანეს. მიამბეს მამა სერაფიმეს ლოცვით აღსრულებული სასწაულებრივი კურნებების შესახებ. ღამით საფლავის მიწა ნაკურთხ წყალში ავურიე, ვილოცე და მტკივან ფეხზე დავიდე. მართალია, ვირიცაში მანამდე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ბერს უახლოესი ადამიანივით მივმართე: „მამა სერაფიმე! შენ ხედავ, როგორ ვიტანჯები. შენ არასოდროს მიგიტოვებია სნეულთა და ტანჯულთა ზრუნვა. ევედრე ღმერთს, რათა მიხსნას სნეულებისაგან!“ სახარებაში მოთხრობილი სნეულივით უფალს მთელი გულით შევღაღადე: თუ გსურს, განმკურნე!“ სხვა რისი გაკეთება შემეძლო?! ამის შემდგომ მშვიდად დავიძინე. გვიან გამომეღვიძა. ჩემდა სასიხარულოდ, შევნიშნე, რომ სიმსივნე თითქმის გამქრალიყო. და ეს მხოლოდ ერთ ღამეში!.. ასევე შემიმცირდა ტკივილიც. მივხვდი, საჭირო იყო ვირიცაში სასწრაფოდ გამგზავრება, რათა მამა სერაფიმესთვის მადლობა მეთქვა და შემდგომი დახმარება მეთხოვა.

მაშინ ყავარჯნებით ძლივს დავდიოდი. წმინდა ბერის საფლავზე მეგობრებთან ერთად ავტომობილით წავედი. იქ ისეთი სიმშვიდე დამეუფლა, თითქოს თავად მაცხოვარი დაბინავდა ჩემს გულში. დიდხანს, დიდხანს ვესაუბრე მამა სერაფიმეს ჩემს შესახებ, თუმცა კარგად მესმოდა, უთქმელადაც რომ ყველაფერი უწყოდა. მას შემდეგ აღარ დამიკრგავს რწმენა, რომ ღმერთი ჯანმრთელობას დამიბრუნებდა.

საფლავის მიწის ფეხზე დაფენასა და ლოცვას ვაგრძელებდი. ჩემი მდგომარეობდა გაუმჯობესდა“.

 

კიდევ ერთი წინასწარმეტყველება

1964 წლის 12 აპრილს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს, მარიენბურგის ეკლესიის წინამძღვარმა მამა პეტრემ (ბელავსკი) ეპარქიის საქმეთა მმართველს, პროტოპრესვიტერ სერგეის (რუმიანცევი) მოხსენებითი ბარათი გადასცა. დოკუმენტი ამოღებულია სანკტ-პეტერბურგის არქივიდან. აი, მისი შინაარსი:

„თქვენო მაღალღირსებავ,
ძვირფასო და პატივცემულო დეკანოზო,
მამა სერგეი ვლადიმერის ძევ!

უპირველეს ყოვლისა უღრმეს მადლობას მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებლობა მომეცით, ჩამეტარებინა წირვა და წესი ამეგო ჩემთვის ძვირფასი მამა ალექსი კიბარდინისათვის, ვისთანაც ორმოცი წელია, რაც მჭიდრო სულიერი კავშირი მქონდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მე მისი სულიერი მამა გახლდით, ის კი - ჩემი. ყაზანის ეკლესიაში რეგულარული მსახურების შეწყვეტის მომენტიდან მასთან თვეში ორჯერ სულიერი საზრდოს მისაღებად დავდიოდი.

მსურს, გაუწყოთ სქემოსანი მღვდელ-მონაზვნის სერაფიმე ვირიცელის წინასწარმეტყველება, რომელიც აღსრულდა მამა ალექსისთან დაკავშირებით. მამა სერაფიმემ მას უთხრა, რომ ბერის გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ ის აღესრულებოდა. და აი, 1964 წლის 3 აპრილს მამა სერაფიმეს გარდაცვალებიდან 15 წელი განსრულდა და ზუსტად 15 წლის შემდეგ აღესრულა მამა ალექსიც.

ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით,
თქვენთვის მლოცველი ძმა
დეკანოზი პეტრე ბელავსკი“

 

„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვით მონასტერი აღდგება!“

ოლგა იაკობის ასული ვინოგრადოვა ღვთისმოსავ, მორწმუნე ოჯახში აღიზარდა. ღვთის შეწევნით ის სქემოსანი მღვდელ-მონაზონი სერაფიმეს სულიერი შვილი გახდა.

„მამა სერაფიმესთან ჩემი პირველი შეხვედრის დროს ბერის მეოხებით უფალმა უდიდესი სულიერი ნუგეში მიბოძა. ბლოკადის წლებში მამა გარდამეცვალა. ომის შემდეგ დედა ძალიან ავადმყოფობდა. სულიერი გამხნევება მჭირდებოდა. ბერის ლოცვა-კურთხევით მასთან თვეში 2-3-ჯერ დავდიოდი. მივდიოდი დარდითა და ნაღველით, ვბრუნდებოდი ფრთაშესხმული. ყოველი შეხვედრისასა ბერთან სინანული მიმქონდა და მის წმინდა ლოცვას ვითხოვდი. შეგეძლოთ, საკუთარ თავზე არაფერიც გეამბათ, ის მომსვლელთა აზრებს კითხულობდა და მაშინვე გაძლევდათ პასუხს. ხალხი თავად უშლიდა გულს დიდებულ ბერს. ეს იყო საპასუხო გამოძახილი მის გულმოწყალებასა და სიყვარულზე.

მამა სერაფიმემ ყოველთვის იცოდა, ვინ და როდის მიდიოდა მასთან. ერთ-ერთი დღესასწაულის წინა დღეს ვირიცაში გვიან ჩავედი და ღამით მომიხდა სიარული. მამასთან რომ შევედი, მკითხა: „როგორ მოხვედი?“ ვუპასუხე, რომ მოვდიოდა და თან ვლოცულობდი, სიმშვიდეს და სიხარულს ვგრძნობდი-მეთქი. ამაზე ბერმა მიპასუხა: „იცი, რომ შენს გვერდით მივდიოდი და ღმერთს ვთხოვდი, არ შეგშინებოდა?!“

ბერი უდიდესი მოსაგრე იყო. თავიდან ვერ მივხვდი, რომ ღირს სერაფიმე საროველს ბაძავდა და ყოველთვის მკაცრად მარხულობდა. თავმდაბლობის გამო არასდროს ყვებოდა საკუთარი გმირობის შესახებ. ერთხელ წითელი ხიზილალა ჩავუტანე და ვუთხარი: „მამაო, ხიზილალა მაინც ხომ შეიძლება თქვენთვის? გთხოვთ, ცოტა მაინც მიირთვით!“ იმდენად გამხდარი იყო, მინდოდა ცოტა მაინც მომეღონიერებინა. ბერის ლოცვა-კურთხევით მისმა თანაშემწე ქალმა ხიზილალა მაშინვე ერთ-ერთ მომსვლელს გადასცა, მე კი მამამ მითხრა, ახლახან ვისადილეო.

ის იყო ჭეშმარიტი ღვთის კაცი, მთელი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა. მხოლოდ უფალმა უწყის მამა სერაფიმეს ყველა გმირობა. ერთხელ მაისის ქუჩაზე, მის სახლში ღამით დავრჩი. უძილობამ შემიპყრო. შემთხვევით დავინახე, როგორ ლოცულობდა ბერი მთელ ღამეს, დილით კი, თითქოს არაფერიაო, აურაცხელი ხალხი მიიღო.

მამა სერაფიმესთან ვიყავი, როცა დები, ვალია და ნინა, მონაზვნობაზე აკურთხა. შემდგომში ვალენტინა იერუსალიმის გორნენსკის მონასტრის იღუმენია, დედა გეორგია გახდა, ხოლო ნინა - პიუხტიცის მონასტრის მონაზონი, დედა არსენია. ისინი ბერის კელიიდან ძალიან გახარებულნი გამოვიდნენ. „ოლენკა, ჩვენ ახლა პიუხტიცაში წავალთ“, - მითხრეს. „გოგონებო, დამელოდეთ! მეც კურთხევას ავიღებ და ერთად წავიდეთ!“ - ვუპასუხე. შევედი კელიაში, დავიჩოქე: „მამაო, მაკურთხეთ, რათა პიუხტიცაში სულის გადასარჩენად ვიღვაწო. გოგონებს ვიცნობ. ერთად ვივლით თქვენთან ლოცვა-კურთხევისთვის (იმ პერიოდში პიუხტიცის იღუმენიას, დედა რაფაელასა და მონასტრის დებს ძალიან სურდათ, მამა სერაფიმე პიუხტიცაში გადასულიყო და მისთვის სპეციალური სახლიც კი ჰქონდათ მომზადებული)“. ჩემდა სამწუხაროდ, მამამ მითხრა: „არ გაკურთხებ. შენი შინაგანი არსით მათ რეჟიმს არ შეეფერები. დივეევოში გაკურთხებ! არაფერია, ახლა რომ დაკეტილია. მოვა დრო და გახსნიან. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვით მონასტერი აღდგება და ღირსი სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილებიც იქ იქნება დასვენებული“.

რა შემიძლია ამ სიტყვებს დავუმატო?! მაშინ 1948 წელი იყო. ღირსი სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილების მეორედ პოვნამდე ჯერ კიდევ ხანგრძლივი 43 წელი გვაშორებდა. და ვის შეეძლო მაშინ დაეჯერებინა, რომ ოდესმე მსგავსი რამ მოხდებოდა?! აი, რამდენად ძლიერი იყო ვირიცელი ბერის რწმენა. მისი მზერა მრავალი წლით წინ იხედებოდა“.

 

„სრულიად მივენდე ღმერთს“

მოგვითხრობს ყოვლადწმინდა და ცხოველსმყოფელი სამების ტაძრის („კულიჩი და პასქა“) მგალობელთა რეგენტი, ნიკოლოზ ივანეს ძე ზაიცევი:

„1994 წელს ცარსკოე სელოში ფეოდოროვსკის სამეფო ტაძრის რეგენტი გახლდით. მაისის დასაწყისში მოულოდნელად მუხლის სახსრის მძაფრი ტკივილი დამეწყო. მალე ფეხბურთის ბურთის ოდენა სიმსივნე გამიჩნდა. ოდნავი შეხებაც კი აუტანელ ტკივილს მგვრიდა. დამეწყო ციებ-ცხელება, ტემპერატურამ 40°-ს მიაღწია, ლოგინში ჩავწექი, მაგრამ ტკივილებისგან ვერ ვიძინებდი, ვკვნესოდი. ეკლესიის მსახურებმა პროფესორ ტურნერის სახელობის ინსტიტუტში მანქანით წამიყვანეს სპეციალისტთან. დამისვეს დიაგნოზი - მარცხენა მუხლის სახსრის სინოვიტი. დაიწყო ოპერატიული მკურნალობა: გაკვეთეს სახსარი და გაუკეთეს დრენაჟი. აქედანვე შეჰყავდათ ანტიბიოტიკები. აუცილებელი გახდა თაბაშირის დადებაც, რადგანაც ფეხი უმოძრაოდ უნდა მქონოდა. მკურნალობა თუ შედეგს არ გამოიღებდა, პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით აუცილებელი გახდებოდა ფეხის ამპუტაცია. ამგვარ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, არ გავუხარებივარ. უნდა დავფიქრებულიყავი, მაგრამ თავად ღმერთმა მიკარნახა სწორი გადაწყვეტილება.

მოულოდნელად ერთ-ერთმა ჩემმა გამცილებელმა შემომთავაზა, სასწრაფოდ დახმარება მეთხოვა მარადსახსოვარი მამა სერაფიმესთვის, რომლის მეოხებითაც ზეციური მკურნალი ჩვენს უძლურებას შეეწეოდა. ჩვენმა მგალობლებმა და მედავითნემ ხელში აყვანილი მიმიყვანეს საფლავამდე. მაშინვე საოცარი სულიერი სიმშვიდე და სიმსუბუქე ვიგრძენი. სრულიად მივენდე ღმერთს. ჩუმად ვიგალობე „სულთათანა“ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დაუჯდომელი. მთელი გულით მივმართე მამა სერაფიმეს და საოცრად მწამდა, რომ ჩემს თხოვნას შეისმენდა.

ღვთის განგებით, შევხვდი ადამიანებს, რომლებმაც საფლავის მიწის მოხმარების წესი მასწავლეს. სახლში მიწას ნაკურთხი წყალი გავურიე, პირსახორცი დავასველე და შესიებულ ადგილზე კომპრესი დავიდე. მრავალი დღის შემდეგ პირველად მეღირსა მშვიდი ძილი. ძალიან დიდხანს მეძინა. გაღვიძებისას შევნიშნე, რომ სიმსივნე საგრძნობლად დამცხრალიყო. მამა სერაფიმეს საფლავის მიწის და ნაკურთხი წყლის კომპრესი კვლავ დავიდე. სამი დღის შემდეგ მწვავე ტკივილები შემიჩერდა და შევძელი სიარული. გამუდმებით ვლოცულობდი, ვითხოვდი დამხარებას და ღმერთს მადლობას ვწირავდი ყოველივესთვის. ორი კვირის შემდეგ საერთოდ დამავიწყდა ავადმყოფობა და ეკლესიაში დავბრუნდი. მხოლოდ ღმერთმა უწყის, რა დამემართებოდა, ჰოსპიტალიზაციასა და ქირურგიულ ჩარევაზე რომ დავთანხმებულიყავი“.

 

„მარჯვენა ხელი მათრახივით მეკიდა“

რუსი პოეტის ვლადიმერ მარიხინის შემთხვევა ძლიერ ჰგავს სახარებისეული ხელგამხმარი კაცის განკურნების ამბავს.

„1996 წლის ზაფხულში გატჩინაში მშობლებს წიდაბლოკები ჩავუტანე ფარდულის ასაშენებლად. გადმოტვირთვის დროს მარჯვენა ხელის იდაყვი შემთხვევით ბლოკის კუთხეს ჩამოვკარი. დავარტყი ზუსტად ძვალი, ხელში საშინელმა ტკივილმა დამიარა. არ მეგონა, ტრავმა ამდენ უსიამოვნებას თუ შემამთხვევდა დროთა განმავლობაში. ძმას რომ ვუამბე ყოველივე, მიპასუხა: „აწი დიდხანს გეტკინება. მეც მსგავსი რამ შემემთხვა, იგივე ადგილი დავიზიანე სამსახურში და თორმეტი წელი მტკიოდა ხელი“.

გადიოდა დღეები, კვირები, თვეები, გავიდა ნახევარი წელიც. იდაყვის ტკვილი უფრო გამიმძაფრდა. ტკივილი მხარში გადადიოდა და მტევნისკენ ეშვებოდა. გამიჭირდა მუშაობა.

მართალია, სამსახურში ფიზიკური სამუშაოს შესრულება არ მიხდებოდა, მაგრამ ყოველთვის გამოიძებნება საქმე, რომელსაც ძალა სჭირდება. დადგა დრო, როცა ხელი მათრახივით დამეკიდა. დახრახნისის დაჭერაც კი არ შემეძლო.

მალე შევხვდი ერთ ნაცნობს, რომელიც ანალოგიური ტრამვით სამი წლის განმავლობაში იტანჯებოდა. მიუმართავს ექიმებისთვის, მაგრამ ყოველი მცდელობა უშედეგო აღმოჩენილა.

სასოწარკვეთილება იმედით შემეცვალა, როცა მეგობრებმა ვირიცაში, მამა სერაფიმეს საფლავზე წამიყვანეს. ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესიაში დავესწარი წირვას, შემდეგ სასაფლაოზე წავედით. კარიბჭეში ლოცვით შევედი. ორიოდე ნაბიჯზე აღმართულიყო მამა სერაფიმეს საფლავი, რომელიც გულმოდგინედ იყო შემკობილი წიწვოვანი ტოტებითა და ცოცხალი ყვავილებით (ზამთარში!). მივუახლოვდი საფლავს, რწმენით გადავიწერე პირჯვარი და ბერის სახეს დავაცქერდი. ხის ჯვარზე დამაგრებული ფოტოსურათიდან ის პირდაპირ გულზე მიყურებდა. ჩემი სული მის წინაშე ხელისგულივით იყო გადაშლილი.

ეს დაუვიწყარი წუთები იყო. განა, შეიძლება სიტყვით გადმოიცეს ის, რისი განცდაც მხოლოდ გულს შეუძლია?! მთელი არსებით ვიგრძენი, შეისმინეს ჩემი ვედრება. აშკარად მივხვდი, თუ ღმერთის სურვილი იქნებოდა, გამოაჩენდა თავის ძალას და განვიკურნებოდი. მამა სერაფიმეს საფლავიდან აღებული ერთი მუჭა მიწა ყაზანის ეკლესიის ნაკურთხ წყალში ავურიე.

ორი კვირის განმავლობაში საღამოს ლოცვების შემდეგ ნაკურთხი წყლისა და საფლავის მიწის კომპრესს ვიდებდი. ფიქრებითა თუ სიტყვებით ღმერთს და მამა სერაფიმეს გამუდმებით ვევედრებოდი ავბედითი სენისაგან განკურნებას. ჩემი მთავარი წამალი ლოცვა იყო. მიწიერ მედიცინაზე აღარც ვფიქრობდი, თითქოს არც არსებობდა.

ვირიცაში ყოფნიდან ერთი თვის შემდეგ ტკივილები საერთოდ გამიქრა და მარჯვენა ხელით მუშაობა კვლავ შევძელი. უკვე ნახევარი წელია, რაც ჯანმრთელად ვარ. მარჯვენა ხელი საბოლოოდ აღმიდგა. ახლახან დამოუკიდებლად შევძელი მშობლების ნაკვეთში ორმოცი მორის დასაპობად გადატანა.

მართლმადიდებლობა ჩემი ცხოვრების მთავარი ბურჯი გახდა. გამოჯანმრთელებისათვის მადლობის სათქმელად ვირიცაში, მამა სერაფიმეს საფლავზე როცა ჩავედი, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ უდიდესი მოძღვარი, ყოველგვარი ცხოვრებისეული მწუხარებისა თუ უბედურებისაგან დამცველი და ზეციური მფარველი შევიძინე“.

 

„ეს ნამდვილი სასწაული იყო!“

ამბავი, რომელიც ლარისა ნიკოლოზის ასულ სოლოვიოვას შეემთხვა, სერაფიმე ვირიცელის ზეციური მეოხების კიდევ ერთი დამდასტურებელ მაგალითს წარმოადგენს.

„ღმერთმა ბავშვობიდანვე დამაჯილდოვა კარგი სასიმღერო ხმით. ადრეული ასაკიდანვე, მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მასწავლებლები კლასიკური სიმღერის სოლო პარტიებში მამეცადინებდნენ. სისტემატურად გამოვდიოდი სოლო კონცერტებით, ვიყავი გუნდის სოლისტი.

1996 წლის ზამთარში მოულოდნელად ხმა დავკარგე. მას შემდეგ ერთი მუსიკალური ფრაზის შესრულებაც არ შემეძლო. ეს ჩემთვის ადვილი გადასატანი არ იყო. მართალია, გონებით ღვთის ნებას ვემორჩილებოდი, მაგრამ გული საშინლად მეტანჯებოდა. ჩემი წამება ორ წელს გაგრძელდა.

1998 წლის დასაწყისში შემთხვევით წავაწყდი განცხადებას, რომელიც სქიმოსანი მღვდელ-მონაზვნის მამა სერაფიმეს საფლავზე მოსალოცად იწვევდა მორწმუნეებს. მამა სერაფიმე ვირიცელის შესახებ არაფერი მსმენოდა. გადავწყვიტე წმინდა ადგილას წასვლა.

მოგზაურობამ სულში სიმშვიდე, სიხარული და იმედი ჩამისახა. ვირიცის მშვენიერ ტაძარში და ბერის წმინდა საფლავზე მთელი გულით ვილოცე. ჩემთვის არაფერი მითხოვია, ღმერთს მივენდე სრულიად. ტაძრის წინამძღვარმა, მამა ალექსიმ, საფლავზე პანაშვიდი გადაიხადა და ყველა მომლოცველი გვაკურთხა, საფლავის ჩაუქრობელი კანდელიდან ცოტაოდენი ზეთი წაგვეღო. ზეთი მაშინვე ოდნავ დავაპკურე ყელსახვევს.

საღამოს, ჩვეულებისამებრ, ვილოცე. მამა სერაფიმეს დახმარება ვთხოვე და მისი კანდელიდან აღებული ზეთით დაპკურებული ყელსახვევით ყელი შევიხვიე, ლოცვითვე დავიძინე.

დილით როცა გავიღვიძე, ვიგრძენი, რომ სიმღერა კვლავ შემეძლო. პირჯვარი გადავიწერე, იესოს ლოცვა წარმოვთქვი და ერთი-ორი ნოტის წამღერება ფრთხილად ვცადე. შემდეგ მოულოდნელად მთელი ხმით თავიდან ბოლომდე „ავე მარია“ ვიგალობე. ეს ნამდვილი სასწაული იყო! მამა სერაფიმეს მეოხებით ღმერთმა ხმა დამიბრუნა.

ცოტა ხნის შემდეგ ისე ჩავედი ვირიცაში. მამა ალექსის სამადლობელი ლოცვის გადახდა ვთხოვე. მამა სერაფიმეს ლოცვით ჩემზე მოღებულ ღვთის წყალობას ვერასდროს დავივიწყებ“.

 

დედა ვიქტორინა

დედა ვიქტორინას (ერისკაცობაში ზოია სოშალსკი) გახსენებით იწყება ელიზავეტა ტიხონის ასული მინჩუკის მოთხრობა.

„ბავშვობისა და სიყმაწვილის წლები პეტერგოფში გავატარე. ზოიაც იქ ცხოვრობდა. დეიდამისი, ევგენია ფეოდოროვსკაია, ღრმადმორწმუნე, უსათნოესი ადამიანი იყო. სწორედ მან მიიყვანა ზოია ქრისტესთან.

ისინი ერთად დადიოდნენ ვირიცაში მამა სერაფიმესთან. ღვთის ნებით იქ გაიცნეს ეპისკოპოსი მანუილი (ლემეშევსკი), რომელიც ასევე მამა სერაფიმესთან დადიოდა. მეუფე მანუილსა და მამა სერაფიმეს დიდი სულიერი მეგობრობა აკავშირებდათ 20-იანი წლებიდან. მაშინ მომავალი ეპისკოპოსი ჯერ კიდევ მღვდელ-მონაზვნის ხარისხს ატარებდა და ალექსანდრე ნეველის ლავრაში მოღვაწეობდა. 1933 წლის ბოლოს ის ციმბირში გადაასახლეს. ზოია და ევგენია მამა სერაფიმესთან ერთად იმ ძნელბედობის ჟამს მას წერილებითა და ამანათებით ამხნევებდნენ.

1936 წლის ბოლოს ეპისკოპოსი მანუილი გაათავისუფლეს, მაგრამ თავისუფლებაში მხოლოდ სამი წელი დაჰყო. კვლავ დააპატიმრეს და ციმბირის ბანაკში გააგზავნეს. ზოია და ევგენია კვლავ შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ“.

თხრობას მარია ემელიანეს ასული გოლუბევა აგრძელებს:

„ზოია ომამდე ხშირად დადიოდა მამა სერაფიმესთან. უკანასკნელად მასთან იყო საომარი მოქმედებების დაწყებიდან ორი კვირით ადრე. მაშინ ბერმა უთხრა: „შემდეგ კვირას ჩემთან თუ არ ჩამოხვალ, დიდხანს ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს“. მოხდა ისე, რომ გარკვეული მიზეზების გამო ზოია ვერ ჩავიდა ვირიცაში. მეორე კვირას კი ყველასთვის ცნობილი ავბედითი დღე - 1941 წლის 22 ივნისი - დადგა.

ბლოკადის დროს სოშალსკების ოჯახი პეტერბურგში ცხოვრობდა. დაბომბვებისა და საარტილერიო ცეცხლის დროს ზოია ზოგჯერ გონებით, ზოგჯერ ხმამაღლა მოუწოდებდა ბერს: „მამა სერაფიმე! გადაგვარჩინე, გვიშველე!“

ბლოკადის მოხსნის შემდეგ პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში ზოია ძვირფას ბერთან გაემგზავრა. როცა მაისის ქუჩაზე ბერის სახლში მივიდა, პირველ რიგში შეეკითხა: „მამაო! თქვენ, ალბათ, უკვე დაგავიწყდით!“ ბერმა ღიმილით უპასუხა: „რას დაგივიწყებდი! თავი მომაბეზრე შენი ყვირილით - „მამა სერაფიმე, გადაგვარჩინე, გვიშველე“. მამამ ზოია პიუხტიცის მონასტერში მონაზვნად აღკვეცაზე აკურთხა“.

მოგონებებს გვიზიარებს კლავდია გიორგის ასული პეტრუნენკოვაც:

„მამა სერაფიმემ როცა ზოიას მონაზვნად აღკვეცის ლოცვა-კურთხევა მისცა, დასძინა: „იერუსალიმში იღუმენიაც კი იქნები“. შემდეგ, თითქოს, გონება დაძაბა და დაუმატა: „არა, შენთვის ხაზინადარის მორჩილებაც საკმარისია“. ვის შეეძლო ომის შემდეგ წლებში ასეთ რამეზე ფიქრი?!

ზოია პიუხტიცაში სხვადასხვა მორჩილებას ასრულებდა. 1954 წელს ვიქტორინას სახელით მონაზვნად აღიკვეცა. 1955 წელს, სამებობას, ის იერუსალიმში გორნენსკის მონასტერში რუსეთის სასულიერო მისიით გააგზავნეს. თითქმის ოცი წლის განმავლობაში ემსახურებოდა ღმერთს დედა ვიქტორინა იქ. ბოლო წლებში ხაზინადრის მორჩილებას ასრულებდა, როგორც ეს მამა სერაფიმემ უწინასწარმეტყველა“.

 

იღუმენია ბარბარას მოგონება

(კურემიაეს (ესტონეთი) პიუხტიცის დედათა მონასტრის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი)

„1947 წელი გახლდათ. ჩვენი ოჯახი ახალი დაბრუნებული იყო ევაკუაციიდან, კიროვის ოლქიდან და მშობლებთან ერთად ლუგაში ვცხოვრობდი. იქ ბევრს საუბრობდნენ უდიდეს ბერსა და მლოცველზე, მამა სერაფიმეზე. ძალიან მომინდა მისი ნახვა და პირველივე შესაძლებლობისთანავე ვირიცაში გავემგზავრე.

ჩავედი პეტერბურგში, იქიდან - სადგურ ვირიცაში. ვუახლოვდები სახლს. დიდი ვერანდაა. ვაკაკუნებ, შევდივარ. იქ კი უამრავი ხალხია. „აქ ცხოვრობს მამა სერაფიმე?“ - ვკითხულობ. „აქ, ოღონდ არავის იღებს, წაიკითხეთ!“ კარზე განცხადებაა: „მამა სერაფიმე ავადაა, გთხოვთ, ნუ შეაწუხებთ და ნუ დააკაკუნებთ!“

უცებ კარი იღება, გამოდის მონაზონი და ამბობს: „ვინ არის აქ ლუგადან?“ ვფიქრობ: „ვინ არის აქ ლუგადან?“ დავიბენი. ყველა მე მიყურებს. „მე ვარ“, - ვამბობ. „მამა სერაფიმემ თქვა: „შემოუშვით ლუგადან ჩამოსული გოგონა“. შემოდი, შვილო!“ - თბილად მომმართა მონაზონმა.

აი, ბერის კელიაც, მარჯვნივ წმინდა ხატებისათვის დიდი კუთხეა, მარცხენა კუთხეში - საწოლი. ბერი ბალიშებზე წევს, მივუახლოვდი, დავიჩოქე და ვუყურებ. როგორი ნათელი, ჩაცვენილი ღაწვებია! გამჭოლი ნაცრისფერი თვალები, სახე კი... ეს სახე კი არა, ხატებაა! სქემოსანის ჯვრიანი თავსაბურავი... სქემითაა შემოსილი, საიდუმლო ჯვარი... პირი გავაღე, მაგრამ სიტყვის წარმოთქმაც ვერ შევძელი. ვუყურებ, ვუყურებ... ისიც დაკვირვებით მიცქერს. მამამ სიჩუმე დაარღვია: „შვილო, რა გნებავთ? რითი მოხვედით ჩემთან?“ მღელვარებისგან გული ამიძგერდა და ჩავიბუტბუტე: „მამაო, ძვირფასო, მე არაფერი მინდა, მხოლოდ თქვენი კურთხევა და წმინდა ლოცვა მჭირდება“. და თან ვუყურებ მას. ისიც მიყურებს. ეღიმება და ამბობს: „დედა ანა, მომიტანეთ ორი სეფისკვერი: ერთი დიდი და ერთი პატარა!“ დედა ანამ მოიტანა იღუმენიას დიდი სეფისკვერი. „ეს - თქვენ, - მამა სერაფიმე მაძლევს, - ეს კი დედათქვენს გადაეცით. დაე, სამოც ნაწილად გაყოს და სამოცი დღის განმავლობაში ნაკურთხ წყალთან ერთად მიიღოს“.

(დედამ ყველაფერი ზუსტად ისე შეასრულა, როგორც მამა სერაფიმემ თქვა. სულ უნდოდა ბერთან წასვლა და ამბობდა: „შვილო, ისე მინდა მამა სერაფიმესთან წასვლა!“ მაგრამ მასაც, როგორც ყველას, დრო არ ჰყოფნიდა. ასე რომ, გამოცანად დარჩა, თუ რატომ გააყოფინა ბერმა დედაჩემს სამოც ნაწილად სეფისკვერი).

„როცა წახვალთ - გააგრძელა ბერმა, - თქვენი ცოცხალი და გარდაცვლილი ნათესავების მოსახსენებლი დამიტოვეთ და შეძლებისდაგვარად ვილოცებ“. ბერი მიყურებს და მიღიმის. მის წინ მუხლებზე ვდგვარ და ვუყურებ. ის კი მეკითხება: „შვილო, როგორ წახვალ ლუგაში?“ დავიბენი. „ლენინგრადში - მატარებლით, იქიდან - ლუგაში“, - ვუპასუხე. „შენ კი, აი, რა გააკეთე! ჩემგან რომ წახვალ, ეკლესიაში შეიარე, ყაზანის ღვთისმშობლის ხატს ემთხვიე. შემდეგ საფლავებს ეცი თაყვანი. იქ ჩემი სქემოსანი მონაზონი, დედა სერაფიმა, განისვენებს. ახლოს დიდი გზაა. გახვალ ამ გზაზე და სატვირთო მანქანა ჩამოივლის. არ შეგეშინდეს, ხელი დაუქნიე. ის გააჩერებს და რკინიგზამდე მიგიყვანს. იქ მატარებელში ჩაჯდები და ერთ საათში შენს ლუგაში იქნები (აღმოჩნდა, რომ ვირიციდან 5 კმ-ში სადგური სივერსკაია მდებარეობდა, საიდანაც ლუგამდე ძალიან მოკლე მანძილი იყო)“. აზრადაც არ მომსვლია, ბერისათვის მსგავსი რამ მეკითხა. ძალიან გავოცდი. ვუყურებ მას: როგორი ნათელი, წმინდა ადამიანია, ზეციური სასუფევლის ნამდვილი ბინადარია და აი, უცებ ასეთ პრაქტიკულ რაღაცეებზე მელაპარაკება... ახლაც ხშირად ვიხსენებ ამას. პიუხტიცაში, ამ წმინდა ადგილას ყოფნისას, ხშირად მიხდება ცხოვრებისეული და პრაქტიკული საკითხების გადაჭრა. როგორი შორსმჭვრეტელი და უბრალო იყო მამა! რაოდენი დიდი სიყვარული ჰქონდა, როგორი მაგალითი იყო თითოეული ჩვენთაგანისათვის! ასეთი მზრუნველობა წვრილმან საკითხებშიც კი...

ვდგავარ მუხლებზე, გულზე ხელებგადაჯვარედინებული და შევყურებ მას. არ ვიცი, რა დრო გავიდა, რამდენ ხანს ვიყავი მასთან. ის კი მეუბნება: „მოდი, დაგლოცავ შენ, შენს მშობლებსა და მთელ შენს სანათესაოს!“ და პირჯვარი გადამსახა. მე თავი მოვიდრიკე. მოვემზადე წასასვლელად. ბერისთვის ზურგისშექცევა ვერ გავბედე და ფეხის წვერებზე გამოვედი კელიიდან.

შევედი ეკლესიაში. ყაზანის ღვთისმშობლის ხატს ვემთხვიე, საფლავებზე ვილოცე. ახლა, ვფიქრობ, გზაზე უნდა გავიდე. ვხედავ, აგერ, დიდი გზაა და მანქანა მოდის. მანქანაში მოხუცი ქალები სხედან, არყის ხეების უწყვიათ. გაუბედავად ავწიე ხელი: „ახალგაზრდავ, სივერსკაიას სადგურამდე ხომ ვერ მიმიყვანთ?“ - „ჩვენც იქით მივდივართ“. მიმიყვანეს გადასასვლელამდე. ჩამოვედი, მადლობა მოვახსენე. მესმის მატარებლის ხმა. ძლივს მოვასწარი ვაგონში ჩაჯდომა და დაიძრა კიდეც მატარებელი. გამვლელი, სწრაფი მატარებელი აღმოჩნდა. სიხარულისგან არც კი მახსოვს, როგორ ჩამოვედი. თითქოს, ახლა ვიჯექი ვაგონში და უკვე სახლში ვარ (მარშრუტს, ლუგა - ლენინგრადი - ვირიცა, დაახლოებით 8 სთ. სჭირდებოდა, ხოლო მამა სერაფიმეს მიერ მითითებულ მარშრუტს, ვირიცა - სივერსკაია - ლუგა, ორჯერ ნაკლები).

აი, ასეთი შეხვედრა მქონდა მამა სერაფიმესთან 50 წლის წინათ. ღვთის წყალობით, წმინდა ბერი ვიხილე და მისგან კურთხევა და სეფისკვერი მივიღე. ახლა, როცა იღუმენიას სეფისკვერს მაძლევენ, უნებლიეთ მამა სერაფიმე და ის დღე მახსენდება. ყოველივე კი ჩემი მონაზვნად აღკვეცამდე 20 წლით ადრე მოხდა“.

 

იღუმენია გეორგიას მოგონება

(ქალაქ იერუსალიმის გორნენსკის დედათა მონასტრის
ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი)

„დავიბადე 1931 წელს, სანკტ-პეტერბურგში. ომი რომ დაიწყო, მთელი ოჯახი ბლოკადაში მოვყევით. 1942 წელს მამა გარდაიცვალა, 1943 წელს - დედა. 1944 წლამდე მე და ჩემი უმცროსი და, ლიდა, ბავშვთა სახლში ვიმყოფებოდით. შემდეგ დეიდამ, მატრონა სტეპანოვამ, წაგვიყვანა აღსაზრდელად. ჩვენთან ერთად ცხოვრობდა ასევე დაობლებული ბიძაშვილი, ნინა, რომელიც ჩემზე სამი წლით უფროსი იყო.

მშობლები და მთელი ჩემი ნათესაობა მორწმუნეები იყვნენ. დეიდას სახლში სასულიერო წიგნები ჰქონდა: ბიბლია და წმ. დიმიტრი როსტოველის მიერ შედგენილი წმინდანთა ცხოვრება. ძალიან მიყვარდა ღვთის სიტყვის მოსმენა და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში წიგნებს ვკითხულობდი. თხუთმეტი წლის ასაკში მონასტერში წასვლის მძაფრი სურვილი დამეუფლა. წმინდანების მსგავსად მსურდა მეღვაწა. სურვილი უფრო და უფრო მიცხოველდებოდა, მაგრამ ხსნის გზაზე როცა დგება ადამიანი, აი, მაშინ იწყება ცდუნებებიც. ჩემთვისაც დადგა მძიმე განსაცდელისა და ცრემლთა ფრქვევის დრო.

დეიდა კატეგორიულად შეეწინააღმდეგა ჩემს კეთილ განზრახვას. თავდაპირველად თქვა, ეპარქიის გამგებლის კურთხევაა აუცილებელიო. იმ დროს ჩვენს კათედრას მიტროპოლიტი გრიგორი (ჩუკოვი) განაგებდა. მეუფემ მიმიღო და სიხარულით მაკურთხა. დეიდა კვლავ წინააღმდეგი იყო, ღვთის ნების გაგება და უხუცესი ბერის კურთხევაა საჭიროო.

ეს 1948 წლის ზაფხულში მოხდა. ვირიცაში რომ ჩავედი, შევძრწუნდი, იმდენი ხალხი ირეოდა ბერის სახლთან და მის ახლომახლოს. ვიღაცა ქუჩაში მიმოდიოდა, ვიღაცა ბალახზე იჯდა, ვიღაცა კარებთან იდგა და ლოცულობდა ბერის თანაშემწის, დედა სერაფიმას გამოსვლის მოლოდინში. მისი გამოსვლისას პირველად ვიხილე სკუფიითა და ლეჩაქით შემოსილი მონაზონი. გული შემიქანდა, ნამდვილი ანგელოზი იყო. მაშინვე გავიფიქრე: „შევძლებ კი, მეც ასეთი ვიყო? მე ხომ ისეთი ცოდვილი ვარ, ესენი კი - წმინდანები...“ უცებ სასწაული მოხდა. დედა სერაფიმა პირდაპირ ჩემთან მოვიდა და მკითხა: „გოგონა, შენ რისთვის მოხვედი, რა დაგემართა?“ მე ვუპასუხე: „ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, ღვთის ნება უნდა გავიგო“. ის ბერთან დაბრუნდა, მალე გამოვიდა, ხელი მომკიდა და მითხრა: „ბერმა მასთან შესვლაზე გაკურთხა“.

კელიაში ლოცვით შევედი. ბერის შესახედაობამ მაშინვე განმაცვიფრა, იმდენად ნათელი იყო, მართლაც, რომ ბრწყინავდა. უზომოდ ალერსიანი იყო. მისი წინაშე მუხლებზე დავეცი და ავქვითინდი. დაწყნარება დიდხანს ვერ შევძელი. როგორც ჩანს, რაც გულში მქონდა დაგროვილი, ყველაფერმა გადმოხეთქა. ბერმა დამამშვიდა, დამლოცა, თავზე მომეფერა და მითხრა: „აბა, მიამბე შენს შესახებ!“ მეც დაწვრილებით ვუამბე, რომ იმჟამად არქივში ვმუშაობდი, ადრე სადაც ვმუშაობდი, ისიც ვუთხარი. მონასტერზე ხმის ამოღებასაც კი ვერ ვბედავდი. ბერი მხოლოდ მისმენდა, დუმდა. მისმა სიჩუმემ შემარცხვინა, კვლავ ავტირდი და უცებ გულის სიღრმიდან აღმომხდა: „მამაო, ძალიან მინდა მონასტერში წასვლა!“ მამა სერაფიმე მაშინვე გამოცოცხლდა და ალერსიანად მითხრა: „აი, შვილო, ეს არის შენი გზა, თავად დედა ღვთისამ ამოგირჩია!“ მან კედელზე დაკიდებულ ფოტოზე მიმითითა. საოცარი მონასტერი დავინახე. ეს პიუხტიცა იყო. „აი, აქ არის  შენი გზა“, - მითხრა ბერმა. სიტყვებით არ შემიძლია გადმოვცე ის მდგომარეობა, რომელშიც მაშინ აღმოვჩნდი. სული სიხარულით აღივსო. მსურდა, ღმერთისთვის განუწყვეტლივ სამადლობელი აღმევლინა და აცრემლებულმა კვლავ ბერის ხელი დავკოცნე. მან დამლოცვა, მომცა სეფისკვერი და მითხრა, რომ ჩემთვის ილოცებდა. მისგან უბედნიერესი ადამიანი გამოვედი.

სახლში რომ დავბრუნდი, დეიდა ადრინდელზე მეტად შეეწინააღმდეგა ჩემს გადაწყვეტილებას: „არსადაც არ გაგიშვებ! დიდი ამბავი, ბერმა თუ თქვა“. გული კვლავ დარდით ამევსო.

შემოდგომაზე პიუხტიციდან პეტერბურგში იღუმენია რაფაელა ჩამოვიდა. მოვახერხე მასთან შეხვედრა. ჩემს დანახვაზე შეწუხებულმა წინამძღვარმა თქვა: „ჯერ კიდევ ისეთი ახალგაზრდა და სუსტი ხარ! ჩვენთან კი რთული მორჩილებაა: პურს თავად ვაცხობთ, შეშას ვხერხავთ, საქონელს ვუვლით“. მუხლებზე დავეცი და ვუთხარი: „დედაო, მორჩილების გამო ყველაფერს გავაკეთებ, თქვენ მხოლოდ მასწავლეთ!“ ჩემი გულწრფელი სურვილის დანახვაზე წინამძღვარმა მაკურთხა და მითხრა: „დაეთხოვე და ჩამოდი!“ მან ჩემი დაც, ნინაც, აკურთხა, მასზეც ვთხოვე.

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დავწერე და ქალაქიდან გასვლა ვითხოვე. დეიდამ ეს რომ გაიგო, მაშინვე არქივის დირექტორთან მივიდა და უთხრა, რომ ნებართვა არ მოეცათ: მას მონასტერში უნდა წასვლა...“ იმ დროს ეს მეტად უჩვეულო იყო. აი, მაშინ კი დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი ჩემს გარშემო. იძულებული გავხდი, მეორედ ჩავსულიყავი მამა სერაფიმესთან. კვლავ სასწაული მოხდა. სისუსტის მოუხედავად ბერმა მიმიღო. საყვარელ ბერს ჩემი უბედურება მოვუყევი, ვუთხარი, დეიდა არ მიშვებს-მეთქი. მამა სერაფიმემ კვლავ გაიმეორა: „შენ მონასტერში უნდა იცხოვრო. დედა ღვთისა მოგიწოდებს! დეიდას და შენს უმცროს დას ღმერთი არ მიატოვებს“. დამშვიდობებისას მითხრა, რომ დეიდა მატრობა აუცილებლად მისულიყო მასთან.

დეიდა რამდენიმე დღე ვერ ბედავდა ბერთან წასვლას, მაგრამ კურთხევის შეუსრულებლობაც არ შეეძლო. ვირიციდან სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნდა. ყველა განაცვიფრა მასში მომხდარმა ცვლილებამ. ის მხოლოდ ჩუმად ტიროდა და ამბობდა: „შენ ხომ სრულიად ბავშვი ხარ! მაგრამ იყოს ნება ღვთისა!“

სამსახურიდან გათავისუფლება დიდი წვალებით მაინც მოვახერხე. 1949 წლის 24 იანვარს ჩვენმა სულიერმა მოძღვარმა, მამა ნიკოლოზმა, სახლში ილოცა და 25 იანვარს ღამით მე და ნინა ესტონეთში გავემგზავრეთ. ღვთის განსაკუთრებული წყალობის ნიშნად აღვიქვით, როცა სადგურ იიხვეში დილის ხუთ საათზე პირველად ვიხილეთ ჩრდილოეთის ციალი. იქიდან კურემიაემდე მანქანას გავყევით და მონასტერში მშვიდობით ჩავედით. იქ მაშინვე მონაზვნებთან ერთად კელიებში განგვათავსეს და მონაზვნურ ცხოვრებას შევუდექით“.

 

პროტოპრესვიტერი ვასილ ერმაკოვის მოგონება

(ღირსი სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

„ომის შემდგომ, 1946 წლის შემოდგომის ერთ მშვნიერ მზიან დღეს სემინარიის ნახევრადდანგრეული შენობიდან გამოვედი და ვირიცაში გავემგზავრე. ღრმადმორწმუნე ხალხის რჩევით წმინდა ადამიანის რეპუტაციის მქონე მღვდელ-მონაზონი სერაფიმეს სანახავად წავედი. მინდოდა, მომავალი სასულიერო გზის დალოცვა მეთხოვა.

ვერც კი შევამჩნიე, როგორ ჩავედი ვირიცაში. აი, მადლმოსილი ბერის სახლი. გარშემო ხალხი ირეოდა, ბერთან შეხვედრას ელოდნენ. მეგობართან, პეტრე კოლოსოვთან, ერთად ვიყავი და როგორც ახლადგახსნილი სასულიერო სემინარიის აღსაზრდელები, ურიგოდ შემიშვეს.

როგორც სულიერი და შორსმჭვრეტელური იყო ბერის სიტყვები! მთელ მის გამომეტყველებაში იგრძნობოდა რაღაც საოცრად მშობლიური, ის რაც შემეცნების მიღმა არსებობს. ის ყველასათვის მზრუნველი და მოსიყვარულე მამა იყო. მის გვერდით თავს მშვიდად გრძნობდით, ლოცვა-კურთხევა ვთხოვე და აი, უკვე ორმოცდაათი წელია, რაც ამ ლოცვა-კურთხვით ვცოცხლობ. ბერისგან გამოსულმა საოცარი სულიერი სიმსუბუქე ვიგრძენი, თითქოს, მძიმე ტვირთი მომეშორებინოს...

მამა სერაფიმეს მაღალ კურსებზე გადასვლის შედეგადაც ვნახულობდი. რჩევისა და კურთხევის მისაღებად მასთან სემინარიისა და სასულიერო აკადემიის ომისშემდგომი გამოშვების თითქმის ყველა სტუდენტი დადიოდა. ყველა, როგორც ერთი, ისე აღიარებდა ბერის გამჭრიახობასა და ღვთისგან ბოძებულ ზებუნებრივ ნიჭს. მასავით არავის შეეძლო ათასგვარ უბედურებასა და გასაჭირში მყოფი ხალხის დამშვიდება. ახლა რთული წარმოსადგენია, თუ რა სიძნელესთან იყო დაკავშირებული იმ პერიოდში სემინარია-აკადემიაში სწავლა. რამდენი ბოროტება გვეხვია გარს! როგორ მტრულად გვექცეოდა ხალხი! და აი, თითოეული ჩვენთაგანი მამა სერაფიმესთან ვიღებდით ნუგეშს. მისი საოცარი რჩევა-დარიგებები იყო დიდი სკოლა, რომლითაც შემდეგ მთელი ცხოვრება ვსარგებლობდით. ის, რაც გონებისათვის მიუწვდომლად გვესახებოდა, ბერი ორიოდე სიტყვით მარტივად განგვიმარტავდა. ვირიცელი ბერი დამოძღვრის არაჩვეულებრივ ნიჭს ფლობდა. მასთან შეხვედრის შემდეგ საოცარი სულიერი განცდა გვეუფლებოდა და გულწრფელად გვსურდა, ღვთისმაძიებელ ხალხს რწმენისა და მადლის მოპოვებაში დავხმარებოდით...

დიდია წმინდა ბერის ლოცვა-კურთხევის ძალა. მღვდლობის პერიოდშიც ეს ლოცვა-კურთხევა გვიცავდა უღმერთობასთან მრავალწლიან ბრძოლაში. ასევე, საღვთო განგება იფარავდა თავად ბერს, ქრისტეს მრავალრიცხოვანი სამწყსოს უდიდეს მწყემსს. ღვთისმებრძოლმა ხელისუფლებამაც ვერ გაბედა მისთვის ხელის ხლება. რუსეთის ყოველი კუთხიდან მოემართებოდა ხალხი ვირიცაში, რათა ჭეშმარიტი სულიერება ეხილა. მამა სერაფიმე ყველას ჩუქნიდა საოცარ სულიერ სიხარულს. ყველას ასწავლიდა, მტკიცედ დაეცვათ მართლმადიდებელი სარწმუნოება და თავად იძლეოდა ურყევი სარწმუნოებისა და შემართული ლოცვის მაგალითს.

განუზომელია ეკლესიის წინაშე ბერის დამსახურება. მრავალი წლის განმავლობაში, ალექსანდრე ნეველის ლავრასა თუ ვირიცაში მოღვაწეობის დროს, სიცოცხლის ბოლომდე მას მტკიცედ ეპყრა მართლმადიდებლობა უღმერთო და ათეისტურ სამყაროში. ჯერ კიდევ ომამდე, ბევრს ეგონა, რომ ეკლესია საბოლოოდ განადგურდა. დიდი სამამულო ომის განსაცდელებით სავსე წლებში მისი მხურვალე ლოცვები რუსეთს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა. განსაკუთრებული ბრწყინვალებით აკიაფდა ვირიცელი ბერის სახელი ომისშემდგომ პერიოდში, როცა სხვადასხვა ქალაქიდან თუ სოფლიდან მრავალი გაჭირვებული და ავადმყოფი ადამიანი მიდიოდა მასთან ნუგეშის, რჩევის, ლოცვის თუ კურთხევის მისაღებად. რაოდენ სასიხარულო იყო, რომ ომის დამთავრების შემდეგ მამა სერაფიმეს პირველი მნახველები სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სასწავლებლის სტუდენტები იყვნენ. აღნიშნული რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მომავალი მწყემსების მიმართ უფლის განსაკუთრებული მზრუნველობა შეგვიძლია დავინახოთ.

დღემდე ყოველი პანაშვიდის გადახდისას სქემოსანი მღვდელმონაზვნის სერაფიმე ვირიცელის სახელს გიხსენებ. კელიაში ვევედრები და ყოველი დღისათვის წმინდა ლოცვა-კურთხევას ვითხოვ, ვევედრები ისევე, როგორც ერთ დროს, ჯერ კიდევ ამქვეყნიურ განდიდებამდე, ხალხი ევედრებოდა ღირს სერაფიმე საროველს, იოანე კრონშტანდტელსა და ქსენია პეტერბურგელს. ღრმად მწამს მისი ზეციური მეოხების და საკუთარ თავზეც არაერთხელ მიგვრძვნია მისი წარმოუდგენელი ძალა“.

 

პროტოპრესვიტერი იოანე მირონოვის მოგონება

(ღვთისმშობლის ხატის „ბარძიმი შეუსმელის“ სახელზე აგებული ტაძრის წინამძღვარი)

1947 წელს სასულიერო სემინარიაში სწავლა გადავწყვიტე. ომისშემდგომ წლებში მრავალი ფსკოველი დადიოდა მამა სერაფიმესთან რჩევისა და ლოცვის სათხოვნელად. ამ დიდებული მოსაგრის შესახებ დეიდაჩემმა, ანა მიტროფანეს ასულმა, მიამბო: „ვირიცაში ერთი დიდებული ბერია, ყველაფერს ხედავს. თუ როგორია შენზე ღვთის ნება, მისგან შეიტყობ...“ (იმ დროს მამა იოანეს (ივანოვი, კიროვისა და სლობოდის მომავალი ეპისკოპოსი) სულიერი შვილი ვიყავი. ავიღე მისგან ლოცვა-კურთხევა და ვირიცისკენ გავემართე. ასე მიმიყვანა უფალმა მამა სერაფიმესთან.

ჩვენი პირველი შეხვედრა ძალიან კარგად მახსოვს. მან შემდგომში მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრა. ეს იყო 1948 წელს, სამარიტელის კვირას... ბერის სახლთან უამრავი ხალხი ირეოდა. იქ ორი სემინარიელი - ვასია ერმაკოვი და ტოლია მალინინი - გავიცანი, სასულიერო თემებზე საუბარში დრო შეუმჩნევლად გავიდა. მალე ბერის კელიიდან თანაშემწე მონაზონი გამოვიდა და თქვა: „სემინარიელები შემოვიდნენ!“ ვასილი და ანატოლი შევიდნენ, მე დავრჩი. უცებ დედა სერაფიმა ისევ გამოვიდა, პირდაპირ მე მომმართა და დაჟინებით გაიმეორა: „მამა სერაფიმემ ყველა სემინარიელი აკურთხა, შემოვიდნენო“.

კელიაში რომ შევედი, ბერი სარეცელზე იწვა და სახე სიყვარულით გასხივოსნებოდა. დიახ, ის სიყვარულს აფრქვევდა და ამ სიყვარულს ჩემი გულიც შეეხმიანა. მამა სერაფიმე ჩემს ახალ მეგობრებს ესაუბრა და დალოცა. დავრჩი ბერთან პირისპირ. მთელი ჩემი არსება არამიწიერმა სიხარულმა მოიცვა. მოულოდნელად ცრემლები წამომცვივდა. აკანკალებული ხმით წარმოვთქვი: „მამაო, მე მხოლოდ სემინარიაში ჩაბარება მინდა, მაგრამ ომის დროს საბუთები დამეკარგა“. ბერმა ალერსიანად მიპასუხა: „არაფერია, ვანიუშა, შენ მხოლოდ ყველა საჭირო საბუთი შეაგროვე და ჩააბარე. აუცილებლად მოეწყობი“. მცირე პაუზის შემდეგ დასძინა: „შენ კარგი სტუდენტი იქნები“. ასე მივიღე ბერისგან ლოცვა-კურთხევა სწავლასა და შემდგომ მსახურებაზე (ბერმა იმგვარადვე დალოცა მამა იოანე სასულიერო აკადემიაში სწავლაზეც. იმ დროს სემინარიის მოსწავლეებს აღსაზრდელებს უწოდებდნენ, ხოლო სასულიერო აკადემიისას - სტუდენტებს).

მაშინ ძალიან დამამშვიდა მამა სერაფიმემ. მოკლე დროში შევძელი საბუთების შეგროვება და სემინარიაში იოლად, ყოველგვარი სირთულის გარეშე ჩავაბარე.

ვირიცაში დამრჩა გულის ნაწილი! მას შემდეგ ხშირად დავდიოდი მადლმოსილ ბერთან. რამდენი რჩევა-დარიგება მიმიღია ღვთისგან  მამა სერაფიმეს მეშვეობით! ზოგჯერ მხოლოდ ბერის შეხედვა და კურთხევის მიღება იყო საკმარისი. ზოგჯერ მისი საწოლის წინ დავიჩოქებდი, თავზე ხელს დამადებდა და ვტიროდი და ვტიროდი, თავად არ ვიცოდი, რატომ... როგორი მორჩილი და თავმდაბალი იყო! ნამდვილი მიწიერი ანგელოზი გახლდათ!

ვირიცელი ბერი ადამიანზე საოცარ სულიერ ზემოქმედებას ახდენდა. ხალხი თავად უხსნიდა ბერს გულის კარს. მამა სერაფიმესგან არავინ ბრუნდებოდა ცრემლების გარეშე. ზეციურ სიწმინდესთან შეხება ხალხს საკუთარ ცოდვებს შეაგრძნობინებდა, ბერიც მაშინვე ხედავდა ყველაფერს. ის ადამიანში სინანულის გამოწვევის არაჩვეულებრივ უნარს ფლობდა. სულიწმინდა განისვენებდა მასზე. ყველა გრძნობდა ამას, ვინც კი მისი კელიის ზღრუბლს გადააბიჯებდა. მახსოვს, ერთხელ მისგან გამოსულ ქალს შევეკითხე: „დეიდა, რატომ ტირით?“ მან, ღიმილით გაბრწყინებულმა მითხრა: „სიხარულისგან!..“

ვინც ბერის კელიაში მოხვდებოდა, ყველა გრძნობდა, რომ ის სრულიად სხვა სამყაროში ცხოვრობდა და არამიწიერ განზომილებაში იმყოფებოდა. „ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად“, - ამბობს წმ. იაკობ მოციქული (იაკობი 5,16). ზეცას აღწევდა ბერის ლოცვები და მისი მეოხებით სამყაროს ღვთის მადლი ეფინებოდა. ღმერთმა ღირსი გამხადა, არაერთხელ ვყოფილიყავი მოწმე მისი საოცარი შორსმჭვრეტელობის და საკუთარ თავზე გამომეცადა მისი კურნების ძალა.

შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ვცდილობდი ბერის თითოეული სიტყვა დამემახსოვრებინა, მისი სულის თითოეული მოძრაობისთვის თვალყური მედევნებინა. და როგორ გამომადგა ყოველივე ეს მოძღვრის მომავალ საქმიანობაში!

ერთხელ დამშვიდობებისას ბერმა მაკურთხა, რომ მასთან შაბათს, 1949 წლის 3 აპრილს ჩავსულიყავი. ასე გამხადა ღმერთმა ღირსი, დავსწრებოდი მარადსახსოვარი ბერის პირველ პანაშვიდს, რომელიც პროტოპრესვიტერმა, მამა ალექსი კიბარდინმა გადაიხადა. ასეთი გახლდათ ბერის სურვილი, ვისთვისაც საკუთარი გარდაცვალების ჟამი წინასწარ ცნობილი იყო. წმინდა მოსაგრის სული უხილავად ჩვენთან იყო. პანაშვიდი წარმოუდგენლად სადღესასწაულო ხასიათს ატარებდა. ჩვენს გულებში ღვთიური სიყვარულის ცეცხლი აენთო. ჩემის აზრით, ვინც იქ ვიყავით მაშინ, ყველას გვჯეროდა და ვგრძნობდით, რომ ზეციურ სასუფეველში ღმერთმა ადგილი განუმზადა ახლადშესვენებულს. მამა სერაფიმეს კი არ ვემშვიდობებოდით, არამედ მარადიულ ცხოვრებაში მივაცილებდით. „...მართალნი გამობრწყინდნენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა“ (მათე 13,43).

 

ყოვლადწმინდა და ცხოველსმყოფელი სამების ტაძრის წინამძღვრის,
პროტოპრესვიტერ ვიქტორ გოლუბევის მოგონება

„მამა სერაფიმე ვირიცელთან შეხვედრას ყოველთვის დიდი სიხარულით, სითბოთი და სიყვარულით ვიგონებ. ომისშემდგომ წლებში მისკენ, როგორც უფლის წმინდანისკენ, მრავალი ადამიანი ილტვოდა ღვთის სამართლის საძებნელად. პირველად მასთნ 17 წლის ასაკში, 1946 წელს ჩავედი. წავედი რჩევის, ლოცვისა და კურთხევის მისაღებად.

მამა სერაფიმე ალერსიანი ღიმილით შემეგება. მისი გარეგნობა საოცარ კეთილგანწყობას ბადებდა და ჩვენს საპასუხო რეაქციას იწვევდა. მისი კეთილშობილება მაშინვე გადაეცემოდა ხოლმე მნახველებსაც. ყოველთვის სიხარულის მომგვრელი იყო ბერთან ყოფნა. მისი ერთი შეხედვაც კი საკმარისი იყო, წინასწარ მომზადებული ყველა კითხვა დაგვიწყებოდათ და ღვთიური სიყვარულისათვის გული გადაგეშალათ.

1947 წელს, როცა ბერთან მივედი, ვკითხე: „მამაო, რა არის ჩემთვის უმჯობესი - სემინარიაში ჩავაბარო, თუ მონასტერში წავიდე?“ ბერმა უცნაურად გაიღიმა და მითხრა: „თავად გადაწყვიტე“.

მალე სამხედრო სამსახურში გამიწვიეს, რის შემდეგაც სემინარიაში ჩავაბარე. სასულიერო აკადემიაც დავამთავრე. ეჭვი არ მეპარება, რომ ყოველივე დიდებული ბერის დამსახურებაა.

აი, უკვე 38 წელია, რაც მოძღვარი გახლავართ და მთელი ამ ხნის განმავლობაში მადლმოსილი ვირიცელი ბერის საფლავზე რეგულარულად დავდივარ. ეს წმინდა ადგილი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მორწმუნეს იზიდავს. მოდიან ქვეყნის ყოველი კუთხიდან. აქ უდიდესი მოსაგრის თაყვანისცემის მრავალ ამაღელვებელ სურათს შეგიძლიათ შეესწროთ.

ხალხი წმინდანობის უზუსტესი საზომია. ერთ დროს, ამქვეყნიურ განდიდებამდე გაცილებით ადრე, მართლმადიდებელი მრევლი კრძალვით მიაგებდა პატივს ნეტარი ქსენია პეტერბურგელისა და ღირსი იოანე კრონშტადტელის ხსოვნას. ხელისუფლების მხრიდან აკრძალვის მიუხედავად, ხალხი მაინც მიდიოდა სმოლენკასა და კარპოვკაზე ცათა სასუფეველში განდიდებული უფლის წმინდანების თაყვანისსაცემად. ათასნაირ გაჭირვებაში, მწუხარებასა და განსაცდელში მყოფი ხალხი მათ მიმართავდა და რწმენისაებრ ღებულობდა კიდეც სათხოვარს.

უკვე დიდი ხანია, რაც ხალხი სერაფიმე ვირიცელს განადიდებს. ამაზე მოწმობს მის საფლავთან მომლოცველთა მზარდი რაოდენობა. საოცარი ბერის ნათელი ხსოვნა ქრისტიანთა გულებში ცოცხლობს. ჩემი მრევლიდან მრავალი დადის მის საფლავზე, დადიან ეკლესიის მსახურნიც და იქ სულიერ შვებას პოულობენ.

ყოველდღე ვლოცულობ ვირიცელი ბერის სულისთვის და მწამს, რომ ასეთი საქციელით მისგან ვღებულობ ლოცვა-კურთხევას. ყოველ ჭირსა და განსაცდელში გონებით მას მივმართავ.

მართლმადიდებელ ეკლესიას მამა სერაფიმემ განუზომელი ღვაწლი დასდო. ღვთისგან განდგომილებისა და დევნის საშინელ ჟამს ის ხალხს ცოცხალი რწმენისა და ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. ის იყო რუსეთის მიწის უდიდესი მლოცველი და ჭირისუფალი. მთელი თავისი ცხოვრებით მამა სერაფიმე ქრისტეს არსებობას ამოწმებდა და საღმრთო ჭეშმარიტების დამცველად გვევლინებოდა. უეჭველია, რომ დღეს ის ჩვენი ზეციური მეოხი და მფარველია“.

 

პროტოპრესვიტერ ბორის გლებოვის მოგონება

(ისააკის ტაძრის წინამძღვარი, მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ქტიტორი)

ღვთის წყალობით ბავშვობისა და სიყმაწვილის წლებში მამა ბორისი ბევრჯერ შეხვედრია მამა სერაფიმეს.

„დეიდა და ბებია ვირიცაში ცხოვრობდნენ. პატარა რომ ვიყავი, ჯერ კიდევ ომამდე დედა ხშირად დადიოდა დიდებულ ბერთან. პირველად მას შვიდი წლის ასაკში შევხვდი.

1944 წელი იყო. ბევრი ჭირი დაატყდა თავს მრავალტანჯულ რუსეთს. არც ჩვენი ოჯახი იყო გამონაკლისი. დედამ ქმარი და მშობლები დაკარგა, მე კი - მამა. არ იყო მისთვის იოლი ყოველივეს გადატანა და გააზრება. დედამ იცოდა, რომ მამა სერაფიმე ნუგეშინისცემის შეუდარებელ უნარს ფლობდა, ამიტომ დასახმარებლად ბერს მიმართა. იმ დღეს ჩემს ყმაწვილ გულს ბერმა შეუდარებელი სიხარულის თაიგული მიუძღვნა. კელიაში რომ შევედით, სქემით შემოსილი ბერი ვიწრო, უხეშ რკინის საწოლზე იყო წამოწოლილი. მაშინვე მისკენ გავემართე კურთხევის მისაღებად. ისე ალერსიანად შემომხედა, გული ამიძგერდა. ეს იყო უჩვეულო მდგომარეობა, როცა არამიწიერი სიხარულისგან გული თან გამალებით გიცემს, თან უსაზღვრო სიმშვიდეში განისვენებს. ბერის სიყვარულმა გულში ჩამიკრა.

დედა ჩუმად ესაუბრა ბერს ჩვენს გაჭირვებაზე. მამა სერაფიმემ დაამშვიდა. ამის შემდეგ ყოველთვის დავდიოდით მასთან.

ბერთან თითოეული შეხვედრა განუმეორებელი იყო და ჩემს ყმაწვილ სულში წარუშლელ კვალს ტოვებდა. უცვლელი იყო მხოლოდ ის, რომ ბერისგან ყოველთვის ღვთიური მადლი გარდამოდიოდა. სასულიერო გზის წარსამართებლად მისგან ყოველთვის ლოცვა-კურთხევას ვითხოვდი.

დადგა დრო, როცა განვლილი სამი ათეული წლის უღმერთობამ შხამიანი ნაყოფი გამოიღო. მრავალმა უარყო მამა-პაპის სარწმუნოება და უღალატა ქრისტეს. ჩვენი ოჯახი მართლმადიდებლური სულისა და ტრადიციების შენარჩუნებას ცდილობდა. ყოველთვის ვატარებდი ჯვარს და ისე დავდიოდი აბანოში. გამოსაჯავრებლად კლასელები ხშირად მეძახდნენ „მღვდელს“. ეს მე ძალიან მსიამოვნებდა. ფიზკულტურის გაკვეთილებზე ფეხბურთის თამაშის დროს თანატოლები მიყვიროდნენ: „მღვდელო, პასი მოგვეცი!“ საერთოდ არ ვღიზიანდებოდი. უკვე მაშინ ვხვდებოდი, რომ ყოველივეს მიზეზი ადამიანური უძლურება და უცოდინრობა იყო. ვიცოდი, მამა სერაფიმე ჩემთვის ლოცულობდა და არაფერი ცუდი არ მოხდებოდა.

ბერი ყოველთვის მამა-შვილურად მეპყრობოდა. ჩემს ყმაწვილ სულზე ის უზომო ზემოქმედებას ახდენდა. მასთან შეხვედრა მამხნევებდა და ქრისტეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის წმინდანების რწმენასა და სიყვარულში განმამტკიცებდა. ბერის ლოცვის წყალობით ზოგჯერ სულით მიწას ვწყდებოდი და მაშინ ჩენი გული იმ უხილავ სამყაროს ჭვრეტდა, სადაც მართლები დღესასწაულობენ, ჰმოსავთ სამოსელი საქორწინე და „დაინთქა სიკვდილი ძლევითა“ (I კორ. 15,54).

ძალიან ღარიბულად ვცხოვრობდით. დედა სულ განიცდიდა, რომ სხვების მსგავსად, ბერისთვის ვერანაირი ძღვენი ვერ მიჰქონდა. ერთხელაც ჩვენს ოჯახს კვლავ დიდი უბედურება ეწვია: დედამ ვაჟისა და ჩემი უფროსი ძმის დაღუპვის ცნობა მიიღო. ნუგეშისთვის დილაადრიან წავიდა ბერთან. ბერის სახლის ახლოს, წარაფში სამი მშვენიერი თეთრი სოკო ნახა. სოკოები მამა სერაფიმეს მიართვა ძღვნად. ღვთის სასწაულები ახლაც ხდება ჩვენს ირგვლივ, მხოლოდ მათი დანახვა და ღმერთისთვის სამადლობელის აღვლენაა საჭირო.

მამა სერაფიმეს სიყვარული მომაკვდავ სულებს აცოცხლებდა. ვხედავდი, ჩემს თვალწინ როგორ იცვლებოდა ადამიანების ცხოვრება, როგორ მოიპოვებდნენ ჭეშმარიტებას და მადლობას სწირავდნენ უფალს ამგვარი მფარველისა და მეოხის მონიჭებისთვის. ბერთან რწმენით მისული ყოველი ადამიანი თავის სათხოვარს ღებულობდა. ვირიცელი ბერივით არავის შეეძლო მოყვასის ტვირთის ზიდვა. რამდენი სული გადაურჩენია მას! „რომელმან სთესოს სულსა თვისსა, სულისგან თვისისა მოიმკოს ცხოვრებაი საუკუნოი“ (გალ. 6,8).

დადგა ჟამი, როცა ბერმა დაგვტოვა, მაგრამ მისი ნათელი ხსოვნა მრავალი ადამიანის გულში ცოცხლობს. ხალხიდან ხალხში გადადიოდა ამბავი იმ საქმეთა შესახებ, რომელიც ღმერთს მისი მეოხებით აღსრულებია. ყოველთვის სიხარულს მგვრიდა ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განდიდებულ წმინდანთა გარდა მრავალი მართალი ბრწყინავს ღვთის ტახტის წინაშე. მამა სერაფიმე, როგორც ჩვენი დროის უდიდესი მოსაგრე, წმინდანთა დასში მეგულება. მართლმადიდებელ მრევლში ყოველწლიურად იზრდება მისდამი პატივისცემა და კრძალვა. უფლის წმინდანის განსასვენებელთან რეგულარულად ვატარებ პანაშვიდებს და გულში ვევედრები: „მამა სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის“.

 

მადლის წყარო

(ეპილოგის ნაცვლად)

რუსეთში არსებობს ისეთი ადგილები, საიდანაც მთელ მსოფლიოს ნათელი ეფინება. ეს ის ადგილებია, საითკენაც ქრისტესმიერი მშვიდობისა და სიხარულის მაძიებლები ისწრაფვიან. როგორც ქარიშხალთან ბრძოლაში ღონემიხდილი ჩიტუნები, ისე აფარებენ ადამიანები თავს ამ წმინდა ადგილებს.

ცხოვრებისეული ქარტეხილისა თუ ვაებისგან დაქანცულნი აქ ჰპოვებენ შვებას და შემდგომი მიწიერი მოგზაურობისთვის ძალებს იკრებენ. ისინი ლოცვით გამოითხოვენ უფლის წინაშე მეოხებას, სულიწმინდით ფრთაშესხმული ბრუნდებიან ერში და განუწყვეტლივ მადლობენ ღმერთს ყოველივესთვის. იგემეს რა ზეციური სიხარული, ადამიანთა გულები კვლავ და კვლავ აქეთ ილტვიან...

ერთ-ერთ ასეთ საოცარ სავანეს წარმოადგენს პეტერბურგის შემოგარენში არასებული სააგარაკო დაბა-ვირიცა. აქ, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელზე აგებული ტაძრიდან სულ რამდენიმე ნაბიჯზე, ეკლესიის პატარა სასაფლაოზე, ზეციური დედოფლის კალთას შეფარულს, ამქვეყნიური განსასვენებლი უპოვია უდიდეს მოღვაწეს, სექმოსან მღვდელ-მონაზონს სერაფიმე ვირიცელს, XX საუკუნის სასტიკ 20-იან წლებში ალექსანდრე ნეველის ლავრის სულიერ მოძღვარს. ძველი რუსული ხუროთმოძღვრების მიხედვით აგებულ ხის ეკლესიაში ის დღესაც უხილავად განაგრძობს მსახურებას. მამა სერაფიმეს უხილავად მყოფობა ასევე შეიგრძნობა მისსავე წმინდა საფლავზე.

კაცთმოყვარე ღმერთი აქ წრფელი გულით მოსულ ყველა ადამიანს უხვად აჯილდოებს ღვთიური მადლით. მრავალ მართლმადიდებელს განუცდია ეს მადლი, რომელიც, თუმცა კი უნივთო და უხილავია, მაინც მთელი სიცხადით შეიგრძნობა. ეს განცდა სრულად განმსჭვალავს ადამიანს და ამქვეყნიურ სამყაროს განარიდებს. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებდა: „უფალს როცა სურს, ადამიანი ხორციელი და ფშვინვიერი შეგრძნებებიდან სულიერ შეგრძნებებამდე აამაღლოს, დროდადრო საკუთარ თავზე აგემებს და განაცდევინებს ამ გრძნობას. ამგვარი განცდა აღთქმული ქვეყნის მსტოვარივით არის“. ეს არის საოცარი მდგომარეობა, როცა სულში ენითაუწერელი სიმშვიდე და სიმყუდროვე ისადგურებს, გულში უჩვეულო სიჩუმე ივანებს და განიცდის სიყვარულს, რომელიც უფლისგან გარდამოდის და უფლისკენ ისწრაფვის. ეს არის მდგომარეობა, როცა უსაზღვრო სიხარული გეუფლება, როცა ყოველივე მატერიალური და ხრწნადი უფასურდება.

ეს პატარა მიწის ბორცვი ზამთარში ნაძვის ტოტებითაა მორთული, ხოლო ზაფხულში - ცოცხალი ყვავილებით. რვამკლავიანი ხის ჯვარი, ჩაუქრობელი კანდელი... ჯვარზე სქემით შემოსილი ბერის პატარა ფოტოსურათია. განცვიფრებს თვალების საოცარი სიღრმე. ისინი უზომო თანაგრძნობითა და სიყვარულით უმზერენ სამყაროს მარადისობიდან. ეს ერთ-ერთი საოცარი ადგილია, სადაც ცა და მიწა საიდუმლო გზით შეერთებულა. აქ ხსნის მაძიებელთა სულები სულიერად, სრულიად რეალურად უკავშირდებიან უხილავ სამყაროს. აქ განსაკუთრებული სიჩუმეა, სადაც ნებისმიერის გულის ღაღადისი ისმის.

„ჩემს საფლავზე ისე მოდით, თითქოს ცოცხალი ვიყო, დამელაპარაკეთ, როგორც ცოცხალს და მე ყოველთვის დაგეხმარებით“.

ვალერი ფილიმონოვი, 1995-98 წწ.
თარგმნეს ტატიანა ცომაიამ და ნანა კუხიანიძემ
წიგნიდან: „წმინდა სერაფიმე ვირიცელის ცხოვრება და მოღვაწეობა“
თბილისი, 2003 წ.