რამდენიმე მაგალითი ვირიცელი ბერის
საკვირველთმოქმედებისა და ზეციური მეოხების შესახებ

მონაზონ ვერონიკას (კოტლიარევსკაია) მოგონება

„ღმერთმა წილად მარგუნა ბედნიერება, მემსახურა მამა სერაფიმესთან კელიის თანაშემწედ ალექსანდრე ნეველის მონასტერში მოღვაწეობის ჟამს.

ბერი უამრავ სტუმარს ღებულობდა. ზოგჯერ დაღლილობისგან ეცემოდა კიდეც. ძალიან მეცოდებოდა, ამიტომ მის კელიასთან გვიან მისულ ხალხს ვთხოვდი, შეხვედრა მეორე დღისთვის გადაეტანა, მაგრამ ამაოდ, მამა სერაფიმე მათ მაინც კელიაში იხმობდა. ის ხშირად, ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე, პირდაპირ იძლეოდა რჩევებს, არიგებდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, თითქოს, წინასაწარ იცოდა, რაზე უნდა ესაუბრათ მასთან. რამდენი ადამიანის ტანჯვასა და სატკივარს შევსწრებივარ! მათ შორის იყვნენ ეშმაკეულები, ავადმყოფები. ყველას ეწადა განკურნება. სხვადასხვა სულიერი საკითხის გადასაწყვეტად ბერთან მოდიოდა ინტელიგენტი თუ მდაბიო, მდიდარი თუ ღარიბი, მოხუცებული თუ ახალგაზრდა. თავმდაბალი ბერის წინ განუწვეტლივ მიედინებოდა ხალხის ნაკადი და მისი გულის კარიც ყოველთვის ღია იყო თითოეულის მწუხარებისა თუ სიხარულისათვის.

შეუძლებელია, გიამბოთ მამა სერაფიმეს ლოცვით აღსრულებული ყველა სასწაული თუ კურნების ფაქტი. მაგალითისთვის მოგითხრობთ ერთ შემთხვევას: ბერის მრავალრიცხოვარ სულიერ შვილებს შორის იყო ერთი ცოლიანი ინჟინერი. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდა და ბერს ლოცვა-კურთხევა სთხოვა ბავშვთა სახლიდან შვილობილის აყვანის თაობაზე. მამა სერაფიმემ აკურთხა. ბიჭუნა ძალიან კარგი და კეთილი ხასიათის აღმოჩნდა. სამი წლის რომ შესრულდა, მძიმედ დაავადდა. ვერანაირმა ექიმმა და წამალმა ვერ არგო, ბავშვი სიკვდილის პირას იყო. მამობილმა ცნობილი ბავშვთა ექიმი მოიწვია. მან ბავშვი გასინჯა და მშობლებს უთხრა, რომ ბიჭუნა იმ ღამით გარდაიცვლებოდა და მერე დილით შემოივლიდა გარდაცვალების მოწმობის დასაწერად. წასვლისას ექიმმა ხატებს გადახედა და დასძინა: „აქ მეცნიერება უძლურია, მხოლოდ წმინდანები თუ დაეხმარებიან“. პატარა ავადმყოფმა დაიწყო ბოდვა, სახე დაუგრძელდა, ტუჩები ჩაულურჯდა, პირიდან ქაფი სდიოდა, ფრჩხილებიც გაულურჯდა, მძიმედ სუნთქავდა. დედამ ვეღარ გაუძლო ბავშვის წამებას და მამა სერაფიმესთან გაიქცა მონასტერში. ბერმა ურჩია, სახლში დაბრუნებისას შევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, წმინდა ნიკოლოზს და ღირს სერაფიმე საროველს. დედამ ბავშვის საწოლთან დაიჩოქა, თავი საბანში ჩარგო და ლოცვა დაიწყო. ღამით უნებლიედ ჩაეძინა. დილით, როცა გაეღვიძა, საწოლისკენ გახედვის ეშინოდა, შვილი მკვდარი დამხვდებაო. ოთახში მეუღლე შემოვიდა. ცოლ-ქმარმა ბავშვს საბანი გადახადა და... რა ნახა?! - პატარას მშვიდად ეძინა, ლოყები ოდნავ შესწითლებოდა. სუნთქვადა წყნარად, ზომიერად. სიხარულისგან გაოგნებული მშობლები თვალებს არ უჯერებდნენ. დაუძახეს მეზობლად მცხოვრებ ექიმს. მან მძინარე ბავშვს რომ დაჰხედა, გაბრაზებულმა თქვა: „რისთვის შემაწუხეთ? ჯანმრთელ ბავშვთან გამომიძახეთ? ის სრულიადაც არაა ავად“.

მოვიდა გუშინდელი ექიმიც. „სად არის მიცვალებული?“ - იკითხა წყნარად. მას აჩვენეს საწოლზე წამომჯდარი ბიჭუნა, რომელიც საუზმეს მიირთმევდა. „არაფერი მესმის, აშკარად სასწაული მოხდა“, - მხრები აიჩეჩა ექიმმა“.

 

„ნიკოლოზი დაარქვით“

ეს ამბავი მოგვითხრო ვერა ივანეს ასულმა ბარიშევამ:

„ჩემი მეგობარი, ეკატერინე, ჯერ კიდევ ლავრიდან იცნობდა მამა სერაფიმეს. ის მეუღლესთან ერთად ლიგოვოში ცხოვრობდა. ოქტომბრის რევოლუციამდე ბეწვის ქუდების პატარა სამკერვალო და მაღაზია ჰქონდათ. სამი შვილი ჰყავდათ. ახალი ხელისუფლების დამყარების შემდეგ ძალიან გაუჭირდათ თავის რჩენა. ნეპ-ის პერიოდში ოჯახმა განაახლა ძველი საქმიანობა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ეკატერინეს მეუღლე დააპატიმრეს. ქალი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მეოთხე შვილს ელოდებოდა. ახლობლები ნაყოფის მოცილებას ურჩევდნენ. ეკატერინემ რჩევისა და ლოცვისათვის მამა სერაფიმეს მიმართა. ბერმა ძალიან თბილად მიიღო, აკურთხა და ყურადღებით მოუსმინა. შემდეგ უთხრა: „მოდი, ვილოცოთ: თქვენ - აქ, მე კი - საკურთხეველში“. ცოტა ხნის შემდეგ ბერი ქალს მიუახლოვდა და აუწყა: „აი რა, დედიკო! არაფერი გააკეთო, ყველაფერი ღვთის ნებას მივანდოთ. შენს ქმარს გაამართლებენ და ორმოცი დღის შემდეგ დაბრუნდება. შენ კი ისეთი ბიჭი შეგეძინება, ყველას ეყვარება. ნიკოლოზი დაარქვით უფლის წმინდანის პატივსაცემად. ლოცვა არ მიატოვო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და წმინდა ნიკოლოზს სთხოვე დახმარება. ღმერთი ყველაფერს მოაწესრიგებს“. ცოტაოდენი პაუზის შემდეგ ჩუმად დასძინა: „იცით, რა ძნელია, როცა ჩვიდმეტი წლის ქალიშვილი ტუბერკულიოზით იღუპება?!“ ეკატერინე მაშინვე დაფიქრდა: „რატომ ამბობს ამას?“

ლოგოვოში დაბრუნებულმა ეკატერინემ ახლობლებს მამა სერაფიმესთან შეხვედრის შესახებ უამბო. მათ ეჭვის თვალით შეხედეს ქალს, ქარაფშუტა უწოდეს და დასძინეს: „როგორ უნდა დაუჯერო ვიღაცა ბერს?!“ ეკატერინეს ხმა არ ამოუღია. ღვთისმშობლის დაუჯდომელი აიღო და ბავშვებთან ერთად ყოველდღიურ ლოცვას შეუდგა. სისტემატურად ევედრებოდა წმ. ნიკოლოზსაც და გულმოდგინედ ასრულებდა ბერის დარიგებას. ათი დღის შემდეგ მეუღლისგან ცნობა მიიღო, ერთი თვის განმავლობაში გამათავისუფლებენო. ოჯახი ლოცვას განაგრძობდა, ელოდა მამასა და მეუღლეს.

და აი, ასრულდა მამა სერაფიმეს წინასწარმეტყველება - გაათავისუფლეს ეკატერინეს მეუღლე. აღსანიშნავია ისიც, რომ გათავისუფლების მოწმობა ეკატერინეს მეუღლისთვის ქალის ლავრაში სტუმრობიდან ზუსტად მეორმოცე დღეს გადაუციათ.

და აი, ოჯახში მეოთხე შვილიც დაიბადა - ნიკოლოზი.

ეკატერინეს უფროსი ქალიშვილი, ნინა, ძალიან ნიჭიერი გოგონა გახლდათ: ხატავდა შესანიშნავად, უკრავდა ფორტეპიანოზე, არაჩვეულებრივად სწავლობდა. ნინა ძალიან უშუალო და ცოცხალი ბავშვი იყო. ერთხელ, ციგურებით სრიალის დროს ძალიან დასცხა, ზედმეტი ტანსაცმელი გაიხადა და გაცივდა. დაემართა ფილტვის ანთება, დაავადება ძალიან გართულდა და საბოლოოდ ტუბერკულოზი ჩამოყალიბდა. მკურნალობამ დადებითი შედეგი ვერ გამოიღო. ექიმებმა ავადმყოფის ყირიმში წაყვანა ურჩიეს, მაგრამ მამა სერაფიმემ ამაზე კურთხევა არ გასცა. მშობლები არ დაემორჩილნენ მოძღვარს და მაინც იშოვეს სანატორიუმის საგზური. ნინა გზაში გარდაიცვალა...

 

„ეცადე, შეძლებისდაგვარად ხშირად თქვა აღსარება“

გვიამბობს ელენე ნიკოლოზის ასული სერგიევსკაია:

„ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე, მამა სერაფიმე ჩემი მოძღვარი გახლდათ. აღსარების სათქმელად მასთან ჯერ კიდევ ბავშვობაში, დედასთან ერთად ალექსანდრე ნეველის ლავრაში დავდიოდი. ერთხელ დედა შეეკითხა: „მამაო, არ მომწონს დღევანდელ ხელისუფლებას რომ ვიხსენებთ ლოცვებში. როგორ მოვიქცე?“ „შენ რა გქვია?“ - მოულოდნელად იკითხა მამა სერაფიმემ, თუმცა დედაჩემის სახელი მშვენივრად მოეხსენებოდა. „ელენე...“ - გაუბედავად თქვა დედამ. „ჰოდა, შენც მოციქულთასწორი ელენე დედოფლისგან ისწავლე სიბრძნე. მიჰბაძე მას - არ მოგწონს, მაგრამ ასეა საჭირო“, - უპასუხა ბერმა.

მამა სერაფიმე ზოგჯერ თავად შეახსენებდა აღმსარებელს დროის ხანგრძლივობის გამო მივიწყებულ ზოგიერთ ცოდვას. ერთხელ აღსარებაზე მივიდა დედა და უამბო ბავშვობის დროიდან იმ დღემდე ჩადნილი ყველა ცოდვა. უცებ, მამამ მრავალმნიშვნელოვნად შეხედა და უთხრა: „გახსოვს, ბავშვობაში მეგობრის საყვარელი სავარცხლი რომ გატეხე ჯიბრით?!“ ამაზე აღმსარებელს ენითაუწერელი ძრწოლა დაეუფლა. ბერმა დედას თბილად გაუღიმა და უთხრა: „ვიცი, ვიცი, შეგნებულად რომ არ დაგიფარავს. მაგრამ ეცადე, შეძლებისდაგვარად ხშირად თქვა აღსარება“.

როცა მამა სერაფიმე ვირიცაში გადავიდა ხშირად ჩავდიოდით მასთან. ძნელია იმ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა, რომელიც მასთან შეხვედრისას გვეუფლებოდა. ბერის ანგელოზებრივი სახე, კეთილი, ალერსიანი სიტყვები, რბილი ხმა და შუქმფენი ღიმილი - ყველაფერი ეს გახლდათ უძვირფასესი საუნჯე, რომლითაც ღმერთმა ჩემი გული დააჯილდოვა. უსაზღვრო იყო მამა სერაფიმეს სიყვარული, თითქმის მთელი მსოფლიო ჰყავდა გულში ჩაკრული. მის სახლთან ახლოს, თითქოს, სუნთქვაც კი გიადვილდებოდა, ბერისგან გამომავალი მადლი თითქოს ყველაფერს მსჭვალავდა გარშემო. მასთან არაერთხელ მიგრძვნია უჩვეულო კეთილსურნელება. ბევრი სასწაული მომხდარა ჩემს თვალწინ.

ერთხელ მამის კელიაში ვიჯექი, როცა დედა სერაფიმა შემოვიდა. ახლად დაბრმავებული გოგონასა და ვიღაცა ქალის მოსვლა აუწყა. მამა სერაფიმემ გოგონასთვის ლოცვა დაიწყო, ავადმყოფს თვალის ჩინი დაუბრუნდა (ახლა ის ხედავს). თვალცრემლიანებმა გადაუხადეს მამა სერაფიმეს მადლობა. თავმდაბალმა ბერმა კი უთხრა: „ღირსმა სერაფიმე საროველმა განკურნა თქვენი გოგონა. აი, მას უნდა უმადლოდეთ!“

ღმერთმა მრავალი ნიჭით დააჯილდოვა ვირიცელი მოღვაწე, მე კი ღირსი გამხადა საკუთარ თავზე არაერთხელ გამომეცადა მისი ძალა. ბერი შორ მანძილზე მომხდარი მოვლენების ჭვრეტის უჩვეულო უნარს ფლობდა. ერთხელ მასთან მივდიოდი. ბერის კელიას ჯერ კიდევ არ მივახლოებოდი, როცა მას უთქვამს: „გააღეთ, ჩემთან მოდიან!“ ბერმა მოგვიანებით დამიდასტურა კიდეც, რომ ზუსტად ჩემზე ბრძანა ეს სიტყვები.

მამა სერაფიმეს წინასწარმეტყველებისამებრ, დაკრძალვის დღეს მისი კუბოს წინ ღირსი სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილებიან ხატს მიაბრძანებდნენ. ვირიცელი ბერი ჩემთვის ყოველთვის ცოცხალი იქნება. ის მარადიულ ცხოვრებაში მიემგზავრებოდა, ხოლო ჩვენ ამ გზაზე მივაცილებდით და ღრმად გვწამდა, რომ ამიერიდან კიდევ უფრო ახლოს იქნებოდა ყოვლადწმინდა სამების საყდართან“.

 

„შენ პროფესორი უნდა გახდე“

საღვთო განგებით შეხვდა მიხეილ სერგის ძე ფავორსკი მამა სერაფიმეს. ეს უკანასკნელი დაუფარავი მღელვარებით გვიზიარებს თავის მოგონებას:

„დავიბადე 1927 წელს. მამა სერაფიმე მახსოვს მას შემდეგ, რაც მაქვს საერთოდ მახსოვრობა. უმთავრესად დედასთან ერთად დავდიოდი მასთან. დედას ძალიან უყვარდა ბერი და ყოველთვის მის რჩევასა და ლოცვას ეძიებდა. ძნელია, სიტყვებით აღვწერო ის სულიერი მდგომარეობა, რომელიც ბერის სახლის ზღრუბლზე გადაბიჯებისას მეუფლებოდა. დიახ, დიახ! ჯერ კიდევ სახლის, და არა კელიის ზღრუბლის მახსოვს, სუფევდა საოცარი, მოკრძალებული სიჩუმე; ყველა ჩურჩულით საუბრობდა ან საერთოდ, დუმდა. იგრძნობოდა ღვთის მადლი და უხილავი ზეციური კავშირი.

ომის წლები გმირ ქალაქში გავატარეთ ქალაქის დამცველებთან ერთად. იმ საშინელ დროს ყველაფერი იყო მოსალოდნელი, მაგრამ მამა სერაფიმეს ლოცვები გვიფარავდა. ყველაზე მძიმე წუთებში სწორედ მას მივმართავდით, ვიცოდით, რომ ვახსოვდით და ლოცულობდა ბლოკადაში მოქცეული ყველა ახლობლისთვის.

1945 წლის დასაწყისში მთელი ოჯახით გავემგზავრეთ ვირიცაში. ნამდვილი ზეიმი იყო: კვლავ ვიხილეთ ძვირფასი მოძღვარი, გავიგეთ მისი საოცრად ხავერდოვანი ხმა, მივიღეთ მისი ლოცვა-კურთხევა.

იმ წელს სამედიცინო ინსტიტუტის მისაღებ გამოცდებში ჩავიჭერი. კინაღამ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. დედა ჩემს გამო ძალიან ნერვიულობდა. წავედით მამა სერაფიმესთან. თითქოს ახლა ეთქვასო, ისე მახსოვს მისი სიტყვები: „ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. მომავალ წელს მოეწყობი, შენ პროფესორი უნდა გახდე“ (მ.ს.ფავორსკი ამჟამად, მართლაც, პროფესორია. ის, მამის კვალდაკვალ, უმაღლესი რანგის ექიმი-ჰომეოპათი გახდა და სანკტ-პეტერბურგის ი.პ.პავლოვის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის გამგის მოადგილე გახლავთ).

... და როგორი ღიმილი ჰქონდა მამას!.. მისი ნათელი, მხიარული თვალებიდან თითქოს არამიწიერი შუქი იღვრებოდა და მთელ სამყაროს ასხივოსნებდა. მისი დანახვაც კი საკმარისი იყო, დარდი და ნაღველი დაგვიწყებოდათ. აი, როცა ის შემოგხედავდათ და თავზე ხელს დაგადებდათ, აღარ იცოდით, მიწაზე იყავით თუ ცაში.

მომავალ წელს ყოველგვარი სიძნელის გარეშე ჩავაბარე უნივერსიტეტში და მამა სერაფიმეს ლოცვების დახმარებით ძალიან მიადვილდებოდა სწავლის პროცესი. ბერი ყოველთვის მეხმარებოდა, მოვწყდომოდი მიწას და მეხილა ის, რასაც ამქვეყნიურ შფოთს მიცემულნი ვერ ვხედავთ“.

 

„არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ ოპერაცია“

ალექსანდრა ივანეს ასული იაკოვლევა 83 წლისაა. საკმაოდ რთული ცხოვრება განვლო, მაგრამ ვიცირელი ბერის ცხოვრება ყოველთვის იფარავდა.

„მორწმუნე მშობლები მყავდა, ნებისმიერ საქმეს ლოცვითა და კურთხევით აღასრულებდნენ. ოჯახში ექვსი ბავშვი ვიზრდებოდით: ხუთი და და ერთი ძმა. მამა სერაფიმე ყოველთვის სიხარულით გვიღებდა. 1932 წელს ყოველ კვირას დავდიოდით იზმაილოვის სამების ეკლესიაში და ცისკრის ლოცვების შემდეგ მამა სერაფიმესთან მივეშურებოდით. მშობლები ადრე დამეხოცა: 1934 წელს მამა გარდაიცვალა, 1935 წელს - დედა. მშობლები მამა სერაფიმემ შეგვიცვალა. შინაურულად ბაბუას ვეძახდით. ვიცოდით, რომ იგი იყო ჩვენი საიმედო საყრდენი და ჩვენთვის ილოცებდა. მის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო, ისიც გამუდმებით გვეხმარებოდა. მასთან შეხვედრას ყოველთვის ზეციური სიხარული მოჰქონდა, საოცრად დამშვიდებულნი და შემსუბუქებულნი ვბრუნდებოდით ქალაქში. იმ მდგომარეობის სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია. ღრმად მწამდა, თუ ბერისგან ლოცვა-კურთხევას მივიღებდი, ღმერთი ყველაფერში ხელს მომიმართავდა.

ერთხელ პნევმონიით დავსნეულდი. ავადმყოფობა რთულ ფორმებში მიმდინარეობდა, თავი იჩინა გართულებებმა. გამიშვეს ქალაქ პუშკინის სასუნთქი ორგანოების სამკურნალო სანატორიუმში, მაგრამ ჩემი მდგომარეობა უფრო უარესდებოდა. დაიწყო ტუბერკულიოზის პროცესი. იშლებოდა ფილტვები. დამეწყო ხუთვები, მეკარგებოდა გონება. მკურნალი ექიმი დაბეჯითებით მოითხოვდა ოპერაციის გაკეთებას, თანაც მირჩია: „ნათესავებს შეუთანხმდი“.

ხშირად მნახულობდნენ ჩემი დები. გადავწყვიტეთ, სასწრაფოდ გვენახა ბაბუა და ლოცვა და რჩევა გვეთხოვა. მამა სერაფიმემ რიგის გარეშე მიგვიღო და მაშინვე გვითხრა: „ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი კარგად იქნება. არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთო ოპერაცია. სანატორიუმიდან პირდაპირ ჩემთან მოდით“, - აი, ასეთი კურთხევა მოგვცა.

ოპერაციაზე უარი ვთქვი იმ მოტივით, თითქოს ახლობლები ნებართვას არ მაძლევდნენ. სანატორიუმიდან გამოწერილს ინვალიდის ცნობა მომცეს. ექიმები არც კი მალავდნენ, რომ ჩემი დღეები დათვლილი იყო.

ბაბუასთან რომ მივედი, მითხრა: „ფილტვების ერთი კარგი სპეციალისტი ვიცი, ექიმი-ჰომეოპათი ოლგა ივანეს ასული სიდოროვა. მასთან იმკურნალებ, მხოლოდ არ დაგავიწყდეს, თან ღმერთს ევედრო“. მისამართთან ერთად მომცა ბარათი და მიბრძანა, ექიმისთვის მეთქვა, რომ მისი რეკომენდაციით ვიყავი მისული. ერთი წელი მიმდინარეობდა მკურნალობის კურსი, რის შემდეგაც დაინიშნა სამედიცინო კომისია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ვიყავი. გაოგნებული ექიმები ამბობდნენ: „სასწაულია! ძალიან დიდი კავერნა იყო და აი, უცებ, არაფერია“. ინვალიდობა მომიხსნეს, ოლგა სიდოროვამ მითხრა: „ახლა თქვენ უნდა გათხოვდეთ“.

ფრთაშესხმული გავემართე ბაბუასთან, ვირიცაში. შესვლისთანავე მან სიხარულით შესძახა: „ხომ ვამბობდი, კარგი ექიმია-მეთქი! ხომ გითხარი, განიკურნები-მეთქი!“ თვალებზე ცრემლები მომადგა. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ სინამდვილეში ზეციურმა ექიმმა განმკურნა მამა სერაფიმეს ლოცვით. დიდ სიწმინდესავით ვინახავ მადლმოსილი ბერის მიერ დაწერილ ბარათს“.

 

„მამა სერაფიმეს სახე თვალისმომჭრელ ნათელს აფრქვევდა“

გვიამბობს მარია პრეობროჟენსკაია, პოლტავის ეპისკოპოსის მეუფე თეოფანეს (ბისტროვი) ნათესავი:

„ბლოკადის დროს ჩვენი ქალაქის სახლი დაბომბეს. მართალია, ვირიცაშიც გვქონდა სახლი, მაგრამ არ მწერდნენ. შესაბამიასდ არ მქონდა სამუშაოს დაწყებისა და სასურსათო ბარათის მიღების უფლება. მეუღლე ჯერ კიდევ ომამადე გარდამეცვალა. მე და ჩემი ათი წლის გოგონა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

გავიქეცი მამა სერაფიმესთან. „მამაო, აღარ ვიცი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?! მიპასუხა: „დაიჩოქე და მთელი გულით ევედრე ღვთისმშობელს!“ ბერის კელიაში, მაგიდაზე მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის გვერდით, ყაზანის ღვთისმშობელი ესვენა. მივედი, მუხლებზე დავეშვი და როგორც შემეძლო, ღვთისმშობელს ჩვენი სატკივარი გავანდე. ვგრძნობდი, მამა სერაფიმე ჩემთან ერთად ლოცულობდა. რაღაც მომენტში ჩემს ცოდვილ სულს საოცარი ნათელი მოეფინა. აქეთ-იქით ჩუმად მიმოვიხედე. მამა სერაფიმემ მითხრა: „ახლა ჩემთან მოდი, გაკურთხებ!“ გულში სიხარულმა და იმედმა დაისადგურა, როცა მამამ მაკურთხა და მითხრა: „ახლა ვირიცის მკვიდრი გახდები და ბავშვებთანაც იმუშავებ“.

მეორე დღეს პეტერბურგის შინაგან საქმეთა სამმართველოში წავედი. განცხადების გადაცამისთანავე მითხრეს: „რასაკვირველია, უნდა ჩაგწეროთ“. ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩავეწერე. სამუშაოც მაშინვე მომცეს, ვირიცის ბავშვთა გამაჯანსაღებელ ბანაკში აღმზრდელად გამამწესეს. ვფიქრობ, ზედმეტია იმის აღნიშვნა, თუ რამდენად ხელსაყრელი იყო ეს მე და ჩემი ქალიშვილისათვის. ასე გამოვცადე მამა სერაფიმეს ლოცვის ძალა საკუთარ თავზე. განა, უფალმა სასწაული არ დაუშვა ჩემისთანა უღირსზე?!

მამა სერაფიმეს სახლში მუშაობდა ანა ლოგინოვა. ის ძალიან კეთილშობილი და გულისხმიერი ქალი გახლდათ, მოფერებით ყველა ანუშკას ეძახდა. ზოგჯერ ერთმანეთს გავესაუბრებოდით ხოლმე. ერთხელაც ასეთი საოცარი ამბავი მომითხრო: „სახლში ნავთის ლამფები გვქონდა და ღამით ყოველთვის ვამოწმებდი, ჩამქრალი იყო თუ არა. ერთხელაც შევამჩნიე, ბერის კელიიდან სინათლე გამოდიოდა. კელიის კარი ოდნავ შეღებული იყო. სუნთქვაშეკრული, ფეხაკრეფით მივუახლოვდი და კელიაში შევიხედე. ნანახმა სულის სიღრმემდე შემძრა: ბერის სახე თვალისმომჭრელად ბრწყინავდა. თვალთ რომ არ დამბნელებოდა, უკან დავიხიე. მამა სერაფიმეში საოცარი ფერისცვალება მომხდარიყო: როგორი ახალგაზრდა და ლამაზი ვიხილე მაშინ ის! კელიაში ხელმეორედ შეხედვის შემეშინდა და ჩემს ოთახში ჩუმად დავბრუნდი. ღია კარიდან კვლავ იფრქვეოდა საოცარი სინათლე. ბერი ღამ-ღამობით ყოველთვის ლოცულობდა, ზოგჯერ დილამდეც კი. ახლაც თვალწინ მიდგას ის სანახაობა: სრულ სიჩუმეში, ღამის სიბნელეში მზეზე უფრო გაბრწყინებული ანგელოზებრივი სახე. ეს ამბავი მაშინ არავის ვუამბე, ან კი ვის შეეძლო მსგავსი რამ წარმოედგინა?! რატომღაც მომეჩვენა, რომ შენ გამიგებდი..“

ეს ამბავი გულში დავიმარხე. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ბერის სახე მაშინ იმგვარადვე ბრწყინავდა, როგორც ღირსი სერაფიმე საროველისა მოტოვილოვთან საუბრის დროს. მაშინ ბერზე სულიწმინდა გადმოვიდა, სრულიად აღავსო ის და გაასხივოსნა. ვფიქრობ, ღვთის ნებით, ჩვენდა სასწავლებლად გახმაურდა ზემოთ აღწერილი ამბავი“.

 

„თქვენ აუცილებლად უნდა დატოვოთ ვირიცა“

ბერის შორსმჭვრეტელობის წყალობით ომის წლებში მრავალი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. ომის დასაწყისში ის ვირიცელებს აკურთხებდა, არ დაეტოვებინათ დაბა. მით უფრო გაოცებას იწვევს ლუდმილა ივანეს ასული ტიმოფეევას, ვირიცელი წიგნის მაღაზიის თანამშრომლის, ნაამბობი, რომელიც თავად მისთვის ბებიას, მარია ათანასეს ასულ ლაპინას მოუყოლია:

„ჩემი ნათესავები ჯერ კიდევ 30-იან წლებში დადიოდნენ ბერთან რჩევის და ლოცვის სათხოვნელად. ისიც აჯილდოებდა მათ სიხარულით, რწმენით, იმედითა და სიყვარულით.

როცა ფაშისტები რუსეთის მიწაზე შემოიჭრნენ, დედამ და ბებიამ სხვა ვირიცელებთან ერთად მიირბინეს პილნის ქუჩაზე, მამა სერაფიმეს სახლთან. ტრაგიკული ახალი ამბით შეძრწუნებული ხალხი ბერისგან დამშვიდებული და დაწყნარებული ბრუნდებოდა.

მოვიდა ჩემიანების რიგიც. იმ პერიოდში მამა სერაფიმე ხანგრძლივად არავის ესაუბრებოდა. დედას და ბებიას მან მოკლედ უთხრა: „თქვენ აუცილებლად უნდა დატოვოთ ვირიცა“. ასეთი იყო კურთხევა. თავდაპირველად ისინი შეცბუნდნენ და აბუზღუნდნენ. იცოდნენ, რომ დანარჩენებმა სრულიად განსხვავებული კურთხევა მიიღეს. მიუხედავად ამისა, ბერის სიტყვისამებრ მოიქცნენ.

წაიღეს ყველაზე აუცილებელი ნივთები და საკერავი მანქანა. დადიოდნენ ახლო-მახლო სოფლებში და თავს კერვითა და დღიური სამუშაოთი ირჩენდნენ. ღამის გასათევის და ლუკმა-პურის შოვნას დიდი შრომის ფასად ახერხებდნენ. მალე მაწანწალობისთვის ისინი ერთ-ერთი სოფლის მამასახლისმა ხელისუფლებასთან დაასმინა. დედა და ბებია ადგილგადანაცვლებულთა ბანაკში, ესტონეთში გააგზავნეს. იქ მათ უამრავი სიმწარე ნახეს, მაგრამ მამა სერაფიმეს ლოცვის წყალობით ცოცხლები გადარჩნენ.

ესტონეთის გათავისუფლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. სივერსკის ქუჩაზე საკუთარი სახლის ნახვა როცა მოიწადინეს, მხოლოდ ნანგრევების გროვას წააწყდნენ. მათი სახლი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი შენობებიდან, რომელიც ჩვენების შეტევაზე გადასვლის დროს სრულიად დაინგრა. აი, მაშინ კი ყველაფერს მიხვდნენ დედა და ბებია. ნანგრევებში მათ სასწაულებრივად გადარჩენილი წმინდა ნიკოლოზის ხატი იპოვეს“.

 

„მას ღვთისგან დიდი ძალა ჰქონდა მიცემული“

ლუბოვ ნიკოლოზის ასული სპირიდოვა იხსენებს ბერს:

„მამა სერაფიმესთან ჯერ კიდევ ომამდე დავდიოდი. თითქოს დღესასწაული ყოფილიყო, ისე მივიჩქაროდი მასთან. მამასთან საოცრად კარგად და უბრალოდ ვგრძნობდი თავს. მას ღვთისგან დიდი ძალა ჰქონდა მიცემული. როცა გაკურთხებდა, გეგონა, სულით ცას ეწიეო. მისგან დაბრუნებულს ხშირად მიფიქრია: ნეტავ, სამოთხეში ხომ არ ვიყავი?“

ომი რომ დაიწყო, ჩემი ვაჟი, ბორისი, სკოლასთან ერთად ციმბირში იქნა ევაკუირებული. ბლოკადის დროს მე ქალაქში ვიმყოფებოდი და ომის წლებში ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში ვმუშაობდი. წერილებს იშვიათად ვღებულობდი „სიცოცხლის გზის“ საშუალებით. და აი, ერთ-ერთი წერილში ბორისი მატყობინებდა, რომ ფეხი ძლიერ დაუზიანებია და ხშირად ტკიოდა.

ევაკუაციიდან დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონია ბიჭუნას კოჭ-წვივის სახსრის ძვლისსაზრდელას ქრონიკული ანთება. ძვალი ჩირქდებოდა და ტერფის მიდამოში განვითარდა სისხლდენადი, მოუშუშებელი სიმსივნე. ექიმები ამაოდ ცდილობდნენ ბავშვის დახმარებას, საბოლოოდ მკურნალობაზე ხელი აიღეს და გამომიცხადეს, დაავადება უკურნებელიაო. მხოლოდ ღმერთის დახმარების იმედიღა იყო.

1945 წლის გაზაფხულზე მე და ჩემი და ვირიცაში გავემგზავრეთ. ღმერთი დაგვეხმარა, სწრაფად გვეპოვა მამა სერაფიმეს ახალი საცხოვრებელი სახლი. მამამ, როგორც ადრე იცოდა ხოლმე, სიხარულით მიგვიღო და მაშინვე გვითხრა: „ყველაფერი კარგად იქნება! ბორისს ფეხი აუცილებლად შეუხორცდება“. მომცა ნაკურთხი წყალი და ამიხსნა ხმარების წესი: „ფეხი თბილი წყლით სავსე აბაზანაში ჩააყოფინე, ჩემი წყალი ნატკენ ადგილზე დაასხი ჯვრის სახით, თან ილოცე. ღამით ასეთივე წესით გაუკეთე კომპრესები“. როცა გვაკურთხა, მიბრძანა, რომ მისი ლოცვა-კურთხევა შვილისთვისაც გადამეცა. ერთი თვის შემდეგ ბორისს ტკივილები დაუყუჩდა და სიმსივნემ დაცხრობა იწყო.

ღმერთისა და მამა სერაფიმეს უსაზღვროდ მადლიერებმა კვლავ ვირიცისკენ გავსწიეთ, ამჯერად ბიჭუნასთან ერთად. ვინაიდან ავადმყოფობის გამო ფეხი ძალიან დასუსტებული ჰქონდა, ხელით მიგვყავდა. მამამ ურიგოდ მიგვიღო. გულით ხარობდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. ბერმა მიუალერსა ბორისს, მისცა სეფისკვერი, ნაკურთხი წყალი და აკურთხა. მახსოვს, თუ როგორი თანაგრძნობითა და სიყვარულით გვიყურებდა ბერი. მეჩვენებოდა, რომ მისგან ნათელი გამოდიოდა. ბორისი სადგურამდე ჩვენი დახმარების გარეშე მივიდა. სულ მალე „განუკურნელი“ სენისგან კვალიც აღარ დარჩენილა, მეტიც, ისიც დაგვავიწყდა, თუ რომელი ფეხი სტკიოდა.

1948 წელს ბორისი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, საჰაერო დაზვერვაში მსახურობდა და წარმატებით ასრულებდა პარაშუტიდან ხტომებს“.

 

„შენ წიგნებს გაყიდი“

დაახლოებით ორმოცი წელია, რაც ლუდმილა თევდორეს ასული ემკოვა პეტერბურგში წიგნების ვაჭრობაში მუშაობს. მთელი მისი ცხოვრება ვირიცელი ბერის ლოცვა-კურთხევით აეწყო.

„1945 წელს დედასთან ერთად ევაკუაციიდან ქალაქში დავბრუნდი. ომის დროს ბინა დავკარგეთ და აპრაქსინას ქარვასლასთან ახლოს ერთ ნესტიან და ცივ  სარდაფს შევაფარეთ თავი. მამამ ომი ჰოსპიტალში დაასრულა. ფრონტზე თავში დაიჭრა მძიმედ, ასე რომ ინვალიდი დაგვიბრუნდა. თვიდან თვემდე თავი ძლივს გაგვქონდა. დედა სრულიად დაეცა სულით.

ერთხელ დედა ნიკოლსკის ეკლესიაში იჯდა და მწარედ ტიროდა. კეთილმა ადამიანებმა ვირიცელი ბერის მონახულება ურჩიეს, აუცილებლად დაგეხმარებაო. ვირიცაში წავედით დედას მეგობარ ქალთან ერთად, რომელიც ჩვენთან ერთად იყო ევაკუაციაში. მივდიოდით ტალახში, ძლივს ჩავაღწიეთ. ბერის სახლთან ხალხი ჯგუფ-ჯგუფად იცდიდა. დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირვებია.

აი, ბერის კელიაც. თითქოს ღრუბლებიდან მზემ გამოანათაო და ალერსიანი სხივებით გაგვათბო. მამამ გვაკურთხა. მე ორცხობილით გამიმასპინძლდა და ბრძანა, ჩვენთვის ჩაი მოემზადებინათ. ჩანდა, მთელი გულით გვითანაგრძნობდა გაჭირვებაში მყოფთ. მშობელი მამაც ვერ შეიბრალებს საკუთარ შვილს ისე, როგორც მან დედაჩემი შეიცოდა. ასეთმა თანაგრძნობამ დედა გაამხნევა. „დააკაკუნეთ, უფრო ხმამაღლა დააკაკუნეთ! - თქვა მაშინ მამა სერაფიმემ, - მხოლოდ მას უღებენ კარს, ვინც აკაკუნებს. მეც ვილოცებ თქვენთვის“.

მას შემდეგ დედა ხშირად დადიოდა ბერთან. როგორც კი გაგვიჭირდებოდა ან რაიმე მწუხარება გვეწვეოდა, დედა მაშინვე ვირიცაში მიიჩქაროდა.

მალე კარგი და ნათელი ოთახი მივიღეთ. ეჭვგარეშე იყო, რომ ყოველივე მამა სერაფიმეს ლოცვით მოხდა. ერთხელ მამა სერაფიმემ დედას უთხრა: „ქმართან ცოტა ხანს იცხოვრებ, დედამთილთან კი - ძალიან დიდ ხანს“. 1949 წელს მამა გარდაიცვალა. მას შემდეგ ბებიასთან გადავედით. ოც წელზე მეტხანს ვიცხოვრეთ.

ერთხელ მამა სერაფიმემ დედას ოცდაათი მანეთი მისცა და უთხრა: „აი, შენ ჯადოსნური ჯოხი! ამიერიდან ყოველთვის გექნება ფული“. მართლაც, მას შემდეგ აღარ გაგვჭირვებია: ხან ნათესავები გვიგზავნიდნენ ამანათს პროდუქტებით, ხან დედა მიიღებდა პრემიას სამსახურში. მთელი ცხოვრება მამა სერაფიმეს ლოცვით გავატარეთ.

მე ძალიან მიყვარდა ბავშვები და სკოლის დამთავრების შემდეგ საბავშვო ბაღში მინდოდა მემუშავა. მამა სერაფიმეს ჩემი ჩანაფიქრი გავუზიარე. მან თავი გადააქნია და მითხრა: „შენ წიგნებს გაყიდი“.

სკოლა ბერის გარდაცვალების შემდეგ დავამთავრე. ბავშვობის ოცნება თავს არ მანებებდა და პედაგოგიურ ინსტიტუტში შევიტანე საბუთები, მაგრამ ვერ მოვეწყვე. ძალიან ვნერვიულობდი, არ მინდოდა წლის გაცდენა. ამ დროს შევხვდი კლასის დამრიგებელს. მან მითხრა, რომ წიგნების სავაჭრო ტექნიკუმში დამატებითი მიღება იყო გამოცხადებული და მირჩია, აუცილებლად ჩამებარებინა იქ. სუფთა, სასარგებლო და საინტერესო სამუშაოაო, - მითხრა. გამოცდები ადვილად ჩავაბარე, კონკურსი წარმატებით გავიარე. აი, ასე წარიმართა ჩემი ცხოვრება.

კიდევ რამდენჯერ დაგვეხმარა ეს დიდებული ბერი! ერთხელ საშინლად ამტკივდა კბილი. ექიმთან მისვლის ძალიან მეშინოდა. წავედი დედასთან ერთად მამა სერაფიმეს საფლავზე. დედამ მითხრა: „როგორც შეეფერება, ისე ითხოვე მამა სერაფიმესგან!“ მას შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში კბილის ტკივილს აღარ შევუწუხებივარ“.

გაგრძელება