ბერი სერაფიმე ვირიცელის ცხოვრება

სქემოსანი მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ვირიცელი (ერისკაცობაში ვასილ ნიკოლოზის ძე მურავიოვი) დაიბადა 1866 წლის 31 მარტს [1] იაროსლავის გუბერნიის სოფელ ვახრომეევოში. ის 1866 წლის 1 აპრილს მონათლეს და ღირსი ვასილი ახალი აღმსარებლის პატივსაცემად ვასილი დაარქვეს.

მშობლები, ნიკოლოზ ივანეს ძე და ქიონია ალიმპის ასული მურავიოვები, მორწმუნე, ღვთისმოშიში ხალხი იყო. ცოლ-ქმრისთვის მართლმადიდებლობა ღვთისმოსაობის გარეგნული მხარისა და წეს-ჩვეულებების დაცვას კი არ წარმოადგენდა, არამედ ღრმა სულიერ ფასეულობას. ვასილი ყრმობიდანვე ღებულობდა სათნოების გაკვეთილებს. მან ბავშვობიდანვე გამოავლინა ქრისტიანისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება, რომელიც ზრდასრულ ასაკში სრულყოფილად წარმოაჩინა.

კაცთმოყვარე ღმერთმა ის არაჩვეულებრივი გულმოდგინებით, საზრიანობით, მოთმინებით, მიზანსწრაფულობითა და საოცარი მეხსიერებით დააჯილდოვა. ადრეული ასაკიდანვე ბიჭუნამ ფაქტიურად დამოუკიდებლად შეისწავლა წერა-კითხვა და დაწყებითი მათემატიკა. მისი საყვარელი წიგნები გახდა სახარება და ფსალმუნები.

ყმაწვილი ვასილი გატაცებული იყო წმინდანთა ცხოვრების კითხვით, რომელიც მაშინ ფერადი, ილუსტრირებული წიგნების სახით იყიდებოდა. მასზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა მეუდებნოე განდეგილთა ცხოვრება. წმინდა პავლე თებელი, ანტონი, მაკარი, პახომი დიდი, მარიამ ეგვიპტელი... ეს სახელები ყმაწვილში უზომო მოწიწებასა და სიხარულს იწვევდა. სწორედ მაშინ აღეძრა სურვილი გამხდარიყო ბერ-მონაზონი და შემოსილიყო ანგელოზებრივი სქემით, თუმცა ახლობლებისათვის მისი განზრახვა გარკვეულ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა.

ვასილის მშობლები მუყაითი მეურნეები იყვნენ, მაგრამ მატერიალურ ფასეულობებზე მიჯაჭვულნი არასდროს ყოფილან. ისინი ყოველთვის მზად იყვნენ, დახმარებოდნენ გაჭირვებულებს, შეეკედლათ მწირნი, გაეთბოთ და დაეპურებინათ უპოვარნი. ვასილიც ასეთივე შრომისმოყვარე და გულკეთილი იზრდებოდა.

მურავიოვთა ოჯახში ყოველთვის ზედმიწევნით იცავდნენ მართლმადიდებლური ეკლესიის წესებს. ცხრა წლიდან ყრმა ვასილი უფროსებთან ერთად მარხულობდა. ყოველ დღესასწაულსა და კვირა დღეს ოჯახი ტაძარში მიდიოდა, აღსარებას ამბობდა და ქრისტეს საიდუმლოს ეზიარებოდა. დროს თუ გამოძებნიდნენ, მურავიოვების მთელი ოჯახი წმინდა ადგილების - ეკლესიებისა და მონასტრების - მოსალოცად მიემგზავრებოდნენ. უყვარდათ სერგის წმინდა სამების ლავრის მონახულება, სადაც გეთსიმანიის სავანეში ცნობილი ბერი ბარნაბა (მერკულოვი) [2] მოღვაწეობდა. ის იყო ბრძენი მასწავლებელი და დიდი მლოცველი, ვისკენაც მიილტვოდნენ მორწმუნეები მთელი რუსეთიდან. „უღმერთოდ სახლამდეც ვერ მიხვალ!“ - ამ ხალხური სიბრძნით უყვარდა მამა ბარნაბას მომსვლელთა დამოძღვრა. ეს სიტყვები ყრმამ ცხოვრების წესად გაიხადა.

ასე, თითქოსდა შეუმჩნევლად დათესა ყოვლადბრძენმა უფალმა მცირეწლოვანი ვასილის გულში ჭეშმარიტი ქრისტიანობა და სულიერების მარცვალი. თესლი ნაყოფიერ ნიადაგში მოხვდა.

მოულოდნელად მურავიოვების ოჯახს თავს უბედურება დაატყდა. ორმოცი წლის ასაკში უფალმა წუთისოფლიდან გაიყვანა ნიკოლოზ მურავიოვი. ახლობლებამ ძლიერ განიცადეს დანაკლისი. ვასილის დედა ისედაც ავადმყოფი ქალი იყო. ამ ამბავმა კიდევ უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა. ვასილი გახდა ოჯახის მარჩენალი. იმ პერიოდში მურავიოვებმა გამოსცადეს სიღარიბის მთელი სიმწარე. მაგრამ უბედურ ოჯახს მალე ეწვია ღვთის წყალობა. ერთმა ღვთისმოსავმა, კეთილმა თანასოფლელმა, რომელიც სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ დუქანში უფროს ნოქრად მსახურობდა, ყმაწვილს დედაქალაქში მუშაობა შესთავაზა. მან ვასილს „ხალხში გაყვანაც“ აღუთქვა. თვალცრემლიანმა დედამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით დაულოცა შვილს გზა. ათი წლის ვასილი მშობლიურ კუთხეს დაემშვიდობა.

დიდი ქალაქია პეტერბურგი... სოფლის წყნარი ცხოვრების შემდეგ ვასილისთვის ადგილი არ აღმოჩნდა დედაქალაქის ორომტრიალთან შეგუება, მაგრამ თანდაყოლილი, ღვთისგან ბოძებული ნიჭი დაეხმარა. კეთილისმყოფელის წყალობით ყმაწვილი ქარვასლის ერთ-ერთ დუქანში დამტარებლად მოეწყო. ვასილი იმდენად კარგად და გულმოდგინედ ასრულდებდა დაკისრებულ მოვალეობას, რომ მაშინვე მოიპოვა მეპატრონის ნდობა. შემდგომში ის ბავშვს უფრო და უფრო რთულ დავალებას აძლევდა. ყმაწვილი თითქმის მთელ თავის შემოსავალს სახლში, ავადმყოფ დედას უგზავნიდა. მხოლოდ მცირეოდენ თანხას იტოვებდა აუცილებელი საჭიროებისათვის.

ვასილს კვლავ ძველებურად ეწადა ბერობა. და აი, დადგა დრო, როცა შეუძლებელი გახდა სურვილის დაძლევა. დაახლოებით თოთხმეტი წლის იყო, როცა ალექსანდრე ნეველის ლავრაში მივიდა და იღუმენთან შეხვედრა ითხოვა. იღუმენი მონასტერში არ ბრძანდებოდა. იმ დროს ლავრაში მოღვაწეობდნენ მთელს რუსეთში სახელგანთქმული სქემოსანი ბერები. ვასილს ერთ-ერთ მათგანთან შეხვედრა შესთავაზეს. მან მუხლმოყრილმა და თვალცრემლიანმა გაანდო ბერს სურვილი. პასუხად მიიღო რჩევა-დარიგება, რომელიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: გარკვეულ დრომდე უნდა დარჩეს ერში, საქმეებით ემსახუროს ღმერთს, შექმნას ქრისტიანული ოჯახი, აღზარდოს შვილები და შემდეგ მეუღლის თანხმობით გახდეს მონაზონი. ბოლოს ბერმა უთხრა: „ვასენკა! შენი ხვედრია, გაიარო ეკლიანი, მრავალი მწუხარებით აღსავსე საერო გზა. აღასრულე ეს ღმერთისა და სინდისის წინაშე. მოვა დრო და უფალი დაგაჯილდოებს“. ასე ემცნო ვასილს ღვთის ნება. მთელი მისი შემდგომი საერო ცხოვრება გახდა ბერობისათვის მომზადება. ეს იყო მორჩილების გმირობა, რომელიც ორმოც წელს გაგრძელდა.

საერო საქმეების შემდეგ ვასილი დროს ან ტაძარში ატარებდა, ან კითხულობდა სულისთვის სასარგებლო წიგნებს, ან ლოცულობდა. იგი მუდმივად ეწეოდა თვითგანათლებას, რაშიც დიდად ეხმარებოდა საოცარი მეხსიერება, საზრიანობა და მიზანსწრაფულობა. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ისტორიული მეცნიერებებისადმი. მათემატიკური ნიჭის წყალობით სწრაფად აუღო ალღო კომერციულ საქმიანობას და წარმატებით ახერხებდა თეორიის პრაქტიკასთან შეთვსებას. დროდადრო სოფელში მიემგზავრებოდა და დედას საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა. მატერიალურად ის ყოველთვის მხარში ედგა მშობელს, იყო მოსიყვარულე შვილი და დედას ლოცვებში არასოდეს ივიწყებდა.

ვასილის უფროსი ღვთისმოსავი კაცი გახლდათ და ყოველმხრივ მიესალმებოდა ხელქვეითის ღვთისსათნო ცხოვრებას. ძალზე აფასებდა მის ზნეობრივ და პროფესიულ თვისებებს, კერძოდ, საოცარ შრომისმოყვარეობასა და კომერციულ ნიჭს. თექვსმეტი წლის ბიჭი მან ნოქრად დააყენა, ერთი წლის შემდეგ კი უფროს ნოქრად დააწინაურა. იმედი ჰქონდა, რომ მომავალში ვასილი მისი კომპანიონი გახდებოდა. ეს იყო მეტად იშვიათი შემთხვევა, რამდენადაც უფროსი ნოქრის თანამდებობის მიღებას, სულ ცოტა, ათი წელი სჭირდებოდა.

სამსახურეობრივი საქმიანობის გამო ახალგაზრდა ნოქარი ხშირად მიემგზავრებოდა მოსკოვში, ნიჟნი-ნოვგოროდსა და რუსეთის სხვა ქალაქებში. უფროსის ნებართვით წმინდა ადგილებსაც ნახულობდა. ხშირად დადიოდა ღირსი სერგი რადონეჟელის სავანეში, რათა მუხლი მოეყარა და ელოცა რუსეთის მიწის უდიდესი მეოხის წინაშე. მომლოცველები ყოველთვის ცდილობდნენ გეთსიმანიის სავანის მონახულებას, რათა თაყვანი ეცათ ჩერნიგოვის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისთვის და ლოცვა-კურთხევა და რჩევა მიეღოთ კაცთმოყვარე ბერი ბარნაბასაგან. ახალგაზრდა თავად ღმერთმ მიიყვანა მამა ბარნაბასთან, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ვასილი სულიერ შვილად აკურთხა.

ბერი ბარნაბა (მერკულოვი)

აი, ასეთი შეუდარებელი მოძღვარი უბოძა ყოვლადმოწყალე ღმერთმა ვასილ მურავიოვს. ოც წელს გრძელდებოდა მათი ურთიერთობა. ვასილი როგორც კი დროს გამოძებნიდა, გეთსიმანიის სავანეში მოძღვართან მიიჩქაროდა. მამა ბარნაბა პეტერბურგში ყოფნის დროს ყოველთვის ახალგაზრდა კომერსანტის სახლში რჩებოდა.

მამა ბარნაბას კურთხევით ვასილი ცდილობდა, გამუდმებით წარმოეთქვა იესოს ლოცვა, დაეცვა გონების სიწმინდე და წინ აღდგომოდა ბოროტ გულისთქმებს. სულიერი მოძღვარი ახალგაზრდა მოღვაწეს ეწეოდა ლოცვითა და რჩევით, იცავდა ცდუნებისგან და ამზადებდა მომავალი ბერული ცხოვრებისათვის. ჯერჯერობით კი ვასილისთვის აუცილებელი იყო ცხოვრების თანამგზავრის პოვნა. ეს თანამგზავრი გახდა ოლგა ივანეს ასული [3] , რომელზედაც მამა ბარნაბას კურთხევით 1890 წელს იქორწინა.

ღმერთს ეწადა, ვასილს ჯერ ოჯახში და კომერციულ სარბიელზე მიეღწია სრულყოფისათვის და შემდეგ განდგომოდა ამქვეყნიურ საზრუნავს. 1892 წელს ვასილმა საკუთარი საქმიანობა წამოიწყო. დიდი გამოცდილებისა და ვაჭართა წრეში ნაცნობობის წყალობით ვასილმა ბეწვეულის დამამზადებელი კანტორა ჩამოაყალიბა. საქონლის ძირითადი ნაწილი საზღვარგარეთ - გერმანიაში, ავსტრია-უნგრეთში, ინგლისში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში იყიდებოდა. სავაჭრო საქმიანობა დიდ ძალასა და ენერგიას მოითხოვდა. ამაო იყო დუქანში კლიენტის ლოდინის იმედი. საჭირო გახლდათ კლიენტის მოძიება რუსეთსა და საზღვარგარეთ, მისი მოთხოვნილებისა და სურვილის გათვალისწინება. ღმერთმა ვასილი საოცარი უნარით დააჯილდოვა - მას შეეძლო წუთისოფლის საზრუნავი სულიერ საკითხებთან შეეთანხმებინა. ის იყო ჭეშმარიტი მამულიშვილი და სამშობლოს კეთილდღეობისათვის ყველაფერს აკეთებდა. განუსაზღვრელი იყო მისი სიყვარული მამულისა და რუსი ხალხისადმი.

არაჩვეულებრივი უნარის მიუხედავად ვასილი არ ეძიებდა სიმდიდრესა და ამქვეყნიურ დიდებას. მისთვის ვაჭრობა კაპიტალის მოხვეჭის წყაროს კი არ წარმოადგენდა, არამედ ეკლესიისა და მოყვასის დახმარების საშუალებას. ახალგაზრდა მეწარმე მუდამ ცოდნისა და ერუდიციის გაღრმავების მცდელობაში იყო. 1895 წელს ის გახდა რუსეთში კომერციული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი და სწავლა დაიწყო ამავე საზოგადოებასთან არსებულ კომერციის უმაღლეს კურსებზე.

1897 წელს კურსების წარმატებით დამთავრების შედეგად მიღებული განათლების წყალობით ვასილმა საგრძნობლად გაიფართოვა ცოდნა და თვალსაწიერი. შემდგომში ყოველივე ამან დიდი სამსახური გაუწია, რამდენადაც მონასტერში მორჩილების აღსრულებისას, თუ მრევლთან საუბრის დროს ხშირად უხდებოდა მრავალი პრაქტიკული საკითხის გადაწყვეტა.

მეორე გილდიის სოვდაგრის მოწმობის თანახმად 1914 წლამდე ცოლ-ქმარი მურავიოვები დედაქალაქში მცხოვრებ, ვაჭრობით დასაქმებულ, იაროსლავის გუბერნიის გლეხებად ითვლებოდნენ. იმ პერიოდში ასევე არსებობდა სანკტ-პეტერბურგის მეორე გილდიის დროებითი სოვდაგრის წოდება [4]. ამგვარ „დროებით“ სტატუსს ცოლ-ქმრისათვის ხელი არ შეუშლია, მიღებული ყოფილიყვნენ პეტერბურგის საზოგადოებაში და მრავალთა პატივისცემა და სიყვარული დაემსახურებინათ.

ოლგა ძალიან ქალური არსება იყო, მაგრამ საკმაოდ მტკიცე და შეუპოვარი ხასიათის გახლდათ. ის ხშირად ეხმარებოდა მეუღლეს სამსახურის საქმეებში და ვასილის პეტერბურგში არყოფნის შემთხვევაში წარმატებითაც უძღვებოდა საწარმოს. ვასილი საგულდაგულოდ ირჩევდა თანამშრომლებს მორწმუნე ადამიანებიდან. ამიტომ უფროსსა და ხელქვეითებს შორის ყოველთვის ქრისტესმიერი სიყვარული სუფევდა.

მამა ბარნაბას მორჩილი ვასილი და ოლგა მურავიოვები ამქვეყნიურ მშფოთვარებას თითქოსდა გვერდიდან ადევნებდნენ თვალყურს: არც მისი ცრუ სილამაზით ტყუვდებოდნენ და არც მიწიერ ყოფას იყვნენ მიჯაჭვულნი. ძველებურად თესავდნენ სიყვარულს, გასცემდნენ მოწყალებას, სრულად იყვნენ ღმერთს მინდობილნი და უდიდეს იმედს ამყარებდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანების მეოხებაზე.

მურავიოვების ოჯახი
(ვარშავა. 1905 წ.)

1895 წელს მათ შეეძინათ ვაჟი - ნიკოლოზი, შემდეგ ასული - ოლგა. სამწუხაროდ, ახალშობილი გოგონა გარდაიცვალა. შვილის სიკვდილის შემდეგ ურთიერთთანხმობითა და მამა ბარნაბას ლოცვა-კურთხევით ცოლ-ქმარი და-ძმასავით ცხოვრობდა. ამ  გადაწყვეტილების აღსრულებაში მათ სულიერი მოძღვრის ლოცვები ეხმარებოდა.

მურავიოვების ოჯახში დამკვიდრდა ტრადიცია - ყოველ საუფლო დღესასწაულზე, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა და წმინდანთა ხსენების დღეებში იშლებოდა დიდებული სუფრა და სატრაპეზოდ ქუჩიდან იწვევდნენ ღარიბ-ღატაკებს. „მამაო ჩვენო“-ს წარმოთქმის შემდეგ ვასილი სტუმრებს ულოცავდა დღესასწაულს და მოკლედ განუმარტავდა ზეიმის არსსა და ისტორიას. ტრაპეზისა და სამადლობელი ლოცვის შემდეგ მასპინძლები მადლობას მოახსენებდნენ სტუმრად მობრძანებისთვის, უხვად ასაჩუქრებდნენ ფულით, ტანსაცმლით, სანოვაგით და მომავალ დღესასწაულზე ეპატიჟებოდნენ. მამა ბარნაბას ერთგული მოწაფე - ვასილ მურავიოვი ხშირად ამბობდა: „მხოლოდ სიყვარულით იძლევა ყოველგვარი ბოროტება. რაც უფრო ხელმოკლე ხარ და დაბალი წოდების, მით უფრო ძვირფასი ხარ ჩემთვის“. მხოლოდ ღმერთმა უწყის, რამდენი ღარიბი და უპოვარი იხსენებდა ლოცვებში ვასილისა და ოლგას სახელებს, რამდენი შესთხოვდა უფალს მათ ჯანმრთელობასა და ცხონებას.

თავად ცოლ-ქმარი ძალიან უბრალოდ იკვებებოდა. ვასილი ბავშვობიდან იყო მარხვას მიჩვეული. ოლგაც ბაძავდა მას. რაც მურავიოვებმა უბიწოების აღთქმა დადეს, მათ ოჯახში ოთხშაბათსა და პარასკევს კიდევ ერთი მარხვის დღე - ორშაბათი - შეემატა.

ღვთისა და მოყვასის სიყვარული იყო მათი ყოველგვარი საქმიანობის საფუძველი. რაც არ უნდა დაეშავებინათ, ვასილი საოცარ სიმშვიდეს და შემწყნარებლობას იჩენდა თანამშობლების მიმართ. ამის გამო ხელქვეითების გულწრფელ პატივისცემას იმსახურებდა. ყველას კეთილმოსურნე იყო. არასოდეს შეულახავს ვინმეს ღირსება, არაჩვეულებრივ გულმოწყალებასა და მოთმინებას იჩენდა.

სხვისი ჭირის გამზიარებელი მეუღლეების ხშირად დადიოდნენ საავადმყოფოებსა და უპატრონოთა თავშესაფრებში, დიდძალ ფულს სწირავდნენ, მარტოხელებსა და უმწეოებს ურიგებდნენ საჩუქრებსა და სასულიერო წიგნებს.

აი, რა გვიამბო მონაზონმა იოანა შიხობალოვამ (+1944 წ.), რომელმაც თავად გამოსცადა ცოლ-ქმარი მურავიოვების სიყვარული და მზრუნველობა: „დავიბადე პეტერბურგში 1869 წელს. ცამეტი წლიდან ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტერში ვიმყოფებოდი. 1905 წელს მძიმედ დავსნეულდი და დაახლოებით ერთი წელი გავატარე მონასტერთან არსებულ საავადმყოფოში. მოულოდნელი გართულების გამო გამოჯანმრთელების პროცესი ფერხდებოდა. საავადმყოფოდან გამომიყვანეს იმ პერიოდში ცნობილმა ბეწვეულით მოვაჭრეებმა - ვასილ და ოლგა მურავიოვებმა. მათ კმაყოფაზე ვიმყოფებოდი 1917 წლამდე“.

მურავიოვებს არაერთხელ შეუფარებიათ სახელმწიფო საავადმყოფოს პაციენტები. ავადმყოფობისაგან გაწამებულებისათვის, რა თქმა უნდა, გაცილებით იოლი იყო ოჯახურ პირობებში გამოჯანმრთელება. ჭეშმარიტი თანადგომისა და სიყვარულის წყალობით სასწაულები ხდებოდა. სნეულებისგან ღონემიხსილი და სასოწარკვეთილი ხალხი კვლავ ფეხზე დგებოდა და შრომისუნარიანი ხდებოდა.

თავიანთ შეხედულებებსა და ცხოვრების წესს ვასილი და ოლგა თავს არავის ახვევდნენ. ისინი საკუთარი ცხოვრებით ასწავლიდნენ გარშემომყოფთ ჭეშმარიტ ქრისტიანობას.

 

1903 წელი... „საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა“ (ფს. 57,46). შეუძლებელია სიტყვებით გადმოიცეს, თუ რა განიცადეს ეკლესიის კეთილმორწმუნე შვილებმა წმიდა სერაფიმე საროველის ხსენების დღეს. იმპერატორისა და სამეფო ოჯახის თაოსნობით მთელი რუსეთი მიბრძანდა დღესასწაულზე წმიდა სერაფიმე საროველის თაყვანისსაცემად. ვასილი და ოლგაც გახდნენ ღირსნი საროვოს მონასტრის სტუმრობისა. მურავიოვებს მთელი ცხოვრების განმავლობაში ახსოვდათ ეს დიდებული დღეები. ვასილი ბავშვობიდანვე თაყვანს სცემდა მამა სერაფიმეს, მითუმეტეს, რომ დიდი საროველი მოღვაწე წარმოშობით ვაჭართა წრიდან გახლდათ და მურავიოვის მსგავსად, ახალგაზრდობაში ვაჭრობდა. ახალგაზრდა პეტერბურგელ სოვდაგარს წმიდა სერაფიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის სახით ცხონების უბადლო მაგალითი ედო წინ. იგი ბევრ რამეს სწავლობდა ღირსი მამის ცხოვრებიდან. მონაზვნობის ჟამს, როცა წმიდა სერაფიმეს სახელი ეწოდა, მას არაერთხელ უღიარებია, რომ განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა ზეციური მფარველის მიმართ.

საროვოდან მეუღლეებმა ღირსი მამის რამოდენიმე შესანიშნავი ხატი ჩამოაბრძანეს, რომელიც ყოველთვის საროვოს დღესასწაულს ახსენებდა და წმიდა სერაფიმესთან ლოცვითი კავშირის დამყარებაში ეხმარებოდა.

მამა ბარნაბა სიხარულით ადევნებდა თავლყურს ვასილ მურავიოვის ზნეობრივ წინსვლას და ამზადებდა რა ბერობისათვის, უხვად უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას. ვასილ მურავიოვის შემდგომ სულიერ ზრდას სწორედ იმ წლებმა დაუდო დასაბამი, რომლებიც ბერის ხელმძღვანელობით წარიმართა.

1906 წლის დასაწყისში მამა ბარნაბა ძლიერ დაუძლურდა. იგრძნო რა მოახლოებული აღსასრული, ის უკანასკნელად ეწვია მის მიერვე დაარსებულ ივერონ-ვიქსუნსკის დედათა მონასტერს პეტერბურგში. მამა ბარნაბა დედაქალაქში ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო. პეტერბურგში მან ორი დღე დაჰყო. მოინახულა საყვარელი სულიერი შვილები, ყველას მადლობა მოახსენა სიყვარულისა და ივერონის მონასტრისათვის გაწეული შემწეობისათვის; ითხოვა, არც მომავალში შეეწყვიტათ სავანისთვის დახმარება. იმ დღეებში ვასილმა და ოლგამ უკანასკნელად იხილეს სულიერი მოძღვარი. 17 თებერვალს ბერმა მშვიდობით განისვენა.

ჯერ კიდევ მამა ბარნაბას სიცოცხლეში არავის ეპარებოდა ეჭვი მის სიწმინდეში. ათასობით ადამიანს ჰქონდა გამოცდილი ბერის ლოცვის ძალა. მოძღვრის ხსოვნა, რჩევები, ლოცვებში გამუდმებული მოხსენიება დიდ დახმარებას უწევდა ვასილსა და ოლგას იმ გზის გავლაში, რომელიც ბერის სიტყვისამებრ, მრავალი განსაცდელით იყო სავსე როგორც მათთვის, ისე სრულიად რუსეთისთვისაც.

რჩევა-დარიგების გარდა ვასილმა მოძღვრისაგან მემკვიდრეობით მიიღო მეგობარი, არქიმანდრიტი თეოფანე (ბისტროვი), სამეფო ოჯახის მოძღვარი და პოლტავის მომავალი არქიეპისკოპოსი. იმ პერიოდში ის სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ინსპექტორი გახლდათ. მეგობრებმა ერთმანეთი მამა ბარნაბას საშუალებით გაიცნეს.

მონათესავე სულები ერთმანეთს ადვილად ცნობენ. მომავალმა ეპისკოპოსმა ვასილში მაშინვე ამოიცნო ღვთისმოყვარე ადამიანი და დიდი მოღვაწე. ისინი ერთმანეთს მეცნიერების სიყვარულმაც დააახლოვა. ვასილს ყოველთვის იზიდავდა ისტორია. ბიბლიის ისტორიის პროფესორი, არქიმანდრიტი თეოფანე შეუდარებელი მოსაუბრე და დამრიგებელი იყო. ისინი ბევრს ბჭობდნენ რუსეთის იმჟამინდელ მდგომარეობასა და პერპექტივებზე, ერთმანეთს უზიარებდნენ ასკეტური ცხოვრების გზაზე მოპოვებულ გამოცდილებას.

1905 წლის 12 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ბენიამინი (კაზანსკი), მომავალი მღვდელ-მოწამე, პეტროგრადისა და გდოვსკის მიტროპოლიტი, რომელიც საღვთო განგებით, ვასილის უახლოესი მეგობარი გახდა. უცნობია მათი გაცნობის დეტალები, თუმცა დედაქალაქის სასულიერო წრეებში ვასილს ყველა კარგად იცნობდა როგორც ღვთისმოსავ ერისკაცსა და დიდ ქველმოქმედს. შემორჩენილია 1905 წლის 4 იანვრის წმინდა სინოდის საარქივო ჩანაწერები, რომლის მიდევით ვასილ ნიკოლოზის ძე მურავიოვი დაუჯილდოებიათ ღვთის სათნო საქმეების აღსრულებისათვის. სამწუხაროდ, უცნობია, კონკრეტულად რა სახის დამსახურებისვის რა სახის ჯილდო მიანიჭეს, მაგრამ წმინდა სინოდის მხრიდან ამგვარი ყურადღება, თავისთავად, მრავალზე მეტყველებს.

ვასილ მურავიოვი
(პეტროგრადი. 1916 წ.)

1905 წელს ვასილ მურავიოვი იაროსლავის საქველმოქმედო საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა, რომელიც იმჟამად რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ორგანიზაციას წარმოადგენდა. მასში გაწევრიანებული იყო მრავალი ცნობილი სასულიერო პირი, მათ შორის. წმიდა იოანე კრონშტადტელი. 1908 წელს საზოგადოებაში გაერთიანდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ტიხონი, იაროსლავის კათედრის იმჟამინდელი საჭეთმოყრობელი და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის შემდგომი პატრიარქი. წევრებს არა მარტო საზოგადოების ფინანსური მხარადაჭერა მოეთხოვებოდათ, არამედ მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარულიც, რადგანაც ორგანიზაციას მატერიალურთან ერთად სულიერი დახმარებისთვისაც მიმართავდნენ. ხშირად საზოგადოების მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ მათი ოჯახის წევრები, ბავშვებიც კი. ეს იყო სკოლა, სადაც მოყვასის სიყვარულსა და გულმოწყალებას სწავლობდნენ. დღესასწაულებზე საზოგადოების წევრები ოჯახებთან ერთად იკრიბებოდნენ ტაძარში. ერთობლივი ლოცვითა და ზიარებით საძმოში არაჩვეულებრივი ურთიერთობა მყარდებოდა.

ვასილ მურავიოვს მრავალი წლის განმავლობაში შეჰქონდა თავისი ლეპტა საზოგადოების მოღვაწეობაში. ორგანიზაციის საქმიანობის საანგარიშო დავთრებსა და რეესტრში, ტრადიციისამებრ, ქველმოქმედის ვინაობა ანონიმი რჩებოდა. ვასილიც ფარულად ეწეოდა ქველმოქმედებას. როგორც ოლგამ მოგვიანებით აღიარა, მეუღლესთან სულიერი სიახლოვისა თუ მოყვასის სიყვარულის მიუხედავად, ზოგჯერ მისთვისაც რთული იყო გაეგო ვასილისთვის. ყოფილა შემთხვევები, როცა მას ყოველგვარი დაფიქრების გარეშე უკანასკნელი კაპიკიც კი გაუცია ოჯახიდან და თან გულწრფელად უხაროდა.

გაგრძელება