ბერი სერაფიმე ვირიცელის ცხოვრება

(გაგრძელება)

აი, დადგა მრისხანე 1917 წელიც. მთელი რუსეთი მკაცრი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. მურავიოვების ბევრმა შეძლებულმა ნაცნობმა კაპიტალი საზღვარგარეთ გაიტანა და უკეთესი დროის მოლოდინში ქვეყანა დატოვა. ვასილისთვის მსგავსი არჩევანი არ არსებობდა. იგი ყოველთვის მზად იყო, ნებისმიერი განსაცდელი გადაეტანა საყვარელ სამშობლოსა და ხალხთან ერთად.

მრავალი წმინდანის წინასწარმეტყველებისამებრ, დაიწყო მორწმუნეების სასტიკი დევნა. 1920 წლისათვის ქრისტიანობისთვის დახოცილთა რაოდენობამ ათი ათასს მიაღწია. ყოველდღიურად უფრო და უფრო შემზარავი ამბები ისმოდა, რაც ვასილის გულს საშინელი ნაღველით ავსებდა; მაგრამ იქვე სიხარულსა და იმედს აღუძრავდა, რადგან მამა ბარნაბას სიტყვისამებრ, ახლოვდებოდა მისი მონაზვნობის ჟამიც. იმ საშინელ დროს ბერობაზე ფიქრიც კი უდიდეს გმირობას წარმოადგენდა.

ოქტომბრის რევოლუციიდან სამი წლის განმავლობაში მურავიოვების ოჯახი ძირითადად ქალაქგარეთ ცხოვრობდა. ვასილმა ჯერ კიდევ 1906 წელს შეიძინა ორსართულიანი სახლი სოფელ ტიარლევოში, რომელიც ცარსკოე სელოსა და პავლოვსკს შორის მდებარეობდა. 1920 წლამდე ეს სახლი იქცა ოჯახის ნავთსაყუდლად, რადგან დედაქალაქში ცხოვრება ძალზე სახიფათო იყო. რევოლუციისა და ხელისუფლების ცვლილების გამო მურავიოვებმა სამუშაო დაკარგეს. საერო საზრუნავისაგან თავისუფალ ვასილს დრო მიეცა, გაეანალიზებინა განვლილი წლები. ის ჩაუღრმავდა წმინდა მამათა შრომების, სამონასტრო წესებისა და საღვთისმეტყველო წიგნების შესწავლას, მიეცა განმარტოებულ ლოცვას.

ღირსი ბარნაბა გეთსიმანიელის ერთგული მოწაფე თავდაპირველად სერგის წმინდა სამების ლავრაში აპირებდა ცხოვრებას, რათა გეთსიმანიის სავანეში მოძღვრის განსასვენებელთან ახლოს ეღვაწა. მაგრამ ღმერთმა სხვანაირად ინება. მოულოდნელად პეტერბურგისა და გდოვსკის მიტროპოლიტმა ბენიამინმა ვასილი აკურთხა, ალექსანდრე ნეველის მონასტერში აღკვეცილიყო ბერად. ამგვარი გადაწყვეტილება ვასილისთვის სასიკეთო აღმოჩნდა. ხელისუფლებამ წმიდა სერგის ლავრა დახურა. ამგვარად, საღვთო განგებით ვასილი პეტროგრადში დარჩა.

1920 წლის 13 სექტემბერს ვ.ნ.მურავიოვმა ლავრის საეკლესიო კრებას თხოვნით მიმართა მონასტრის საძმოში მიღებასთან დაკავშირებით, რაზედაც თანხმობა მიიღო და მორჩილების აღსასრულებლად მნათედ იქნა განწესებული. ამავდროულად მისი მეუღლე - ოლგა - ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტრის მორჩილი გახდა. მურავიოვებმა მთელი ქონება მოასტრებს შესწირეს. მარტო ვასილის მიერ გაღებული თანხა 40000 ოქროს რუბლს შეადგენდა, რაც იმ დროისათვის დიდძალ სიმდიდრეს წარმოადგენდა.

26 ოქტომებრს მიტროპოლიტმა ბენიამინმა ვასილ და ოლგა მურავიოვები მონაზვნად აღკვეისთვის აკურთხა. 1920 წლის 29 ოქტომბერს ლავრის კეთილმოწესემ - არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (იაროშევიჩი) - მორჩილი ვასილი ბერად აღკვეცა და მოძღვრის, ბერი ბარნაბა გეთსიმანიელის, პატივისცემის ნიშნად ბარნაბა უწოდა. ამავდროულად პეტროგრადში, ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტერში ქრისტინეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა ოლგა ივანეს ასული მურავიოვი.

აღსრულდა ვასილ მურავიოვის სანუკვარი ოცნება! მიზანი, რომლისაკენაც 45 წლის განმავლობაში ისწრაფვოდა, მიღწეულ იქნა.

მალე ძმა ბარნაბა ხელდასხმულ იქნა ბერ-დიაკვნად და დაინიშნა სასაფლაოს კანტორის ხელმძღვანელად. მორჩილება, რომელიც მამა ბარნაბას ერგო, მონასტერში ერთ-ერთი ურთულესად ითვლებოდა. ქვეყანა შინაომმა მოიცვა. თეთრები ხოცავდნენ წითლებს, წითლები - თეთრებს. ნიკოლსკის, ტიხვინისა და ლაზარევსკის სასაფლაოებზე გამუდმებით ისმოდა ტირილი. ალექსანდრე ნეველის ლავრაში არ წყდებოდა წესის აგება, პანაშვიდს პანაშვიდი მოსდევდა. ახლადშესვენებულის სამარემდე მიცილება, დამწუხრებული ნათესავებისა და ახლობლების ნუგეშინისცემა - ეს იყო სულიერი ექიმობის სკოლა, რომელიც გაიარა მომავალმა ვირიცელმა ბერმა, მამა სერაფიმემ, ობოლთა და ტანჯულთა ნუგეშინისმცემელმა და მლოცველმა, რუსეთის მიწის უდიდესმა გულშემატკივარმა.

მორჩილის მიზანსწრაფულობა და საკუთარი თავისადემი მომთხოვნელობა ყველას გაოცებას იწვევდა. მას იშვიათად ჰქონდა თავისუფალი დრო და იმასაც უმთავრესად ლავრის ბიბლიოთეკაში ატარებდა. ლოცულობდა მთელი ღამის განმავლობაში, ასე რომ მისი კელიის სარკმლიდან სინათის შუქი დილამდე მოჩანდა.

მამა ბარნაბა მონაწილეობას იღებდა XX საუკუნის 20-იან წლებში ალექსანდრე ნეველის საძმოს მიერ წამოწყებულ მასიურ საეკლესიო-საზოგადოებრივ მოძრაობაში, როემლიც მართლმადიდებლობის დაცვას ისახავდა მიზნად. საძმოს სათავეში ედგნენ ბერ-დიაკონ ბარნაბას სულიერი თანამებრძოლები - ბერ-მონაზვნები გური და ლევი (ეგოროვები). მამა გური მომავალში მიტროპოლიტი გახდა.

აღნიშნული პერიოდი მეტად მძიმე აღმოჩნდა ალექსანდრე ნეველის ლავრისთვის. ღვთისმებრძოლები აქტიურად ერეოდნენ მონასტრის საქმეებში და მრავალ ადმინისტრაციულ დაბრკოლებას ქმნიდნენ. მიუხედავად ყოველივესი, სამონასტრო ცხოვრება ლავრაში არათუ ქრებოდა, არამედ არნახულ აღმავლობას განიცდიდა. სავანე გახდა პეტროგრადის საეკლესიო ცხოვრების ცენტრი: გაიხსნა მოშიმშილეთა დასახმარებელი პუნქტი; მონასტრის შენობის ნაწილი დაეთმო ომის ინვალიდებს; გროვდებოდა შენაწირები უპატრონოდ დარჩენილი ბავშვებისათვის; ყოველდღიურად უფასოდ იკვებებოდნენ ღარიბ-ღატაკები. მოშიმშილეთა კვების პუნქტი ორგანიზებულ იქნა მამა ბარნაბასა და მღველ-მონაზონ გურის მიერ. სწორედ ამ დროს დამყარდა საოცრად თბილი ურთიერთობა მიტროპოლიტ ბენიამენსა და ბერ-დიაკონ ბარნაბას შორის. თავმდაბალ და მორჩილ მეუფესთან ურთიერთობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. იგი, ჩვეულებისამებრ, ყოველ საღამოს ნიკოლსკის მონასტრის სასაფლაოზე სეინრობდა, სადაც მამა ბარნაბას კანტორა მდებარეობდა. ამგვარდა, ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და მრავალ საკითხზე საუბრობდნენ.

1921 წლის 11 სექტემბერს, სამონაზვნო ცხოვრების ფუძემდებლისა  და დიდი მფარველის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს მიტროპოლიტმა ბენიამინმა მამა ბარნაბა მღვდელ-მონაზვნის ხარისხში აიყვანა. ამჯერადაც ღვთის განსაკუთრებული განგება წარმოჩინდა - გაძლიერებული მარხვისა და სინანულის დღეს მამა ბარნაბაში მოხდა მონაზვნის ანგელოზური ხარისხისა და სამღვდელმსახურო მადლის შერწყმა. ასევე, მას დაევალა, მონასტრის მთავარი მესანთლის მორჩილების აღსრულება, რომელიც მეტად საპასუხისმგებლო და შრომატევად სამუშაოს წარმოადგენდა. მოვალეობის აღსრულებაში მას დიდ დახმარებას უწევდა კომერციული საქმის ცოდნა და ძველი გამოცდილება. ამავდროულად, მამა ბარნაბა არც ბერის საქმეს - ლოცვასა და სულიერი მოღვაწეობას და არც მღვდლის მოვალეობას ივიწყებდა.

მამა ბარნაბა გულწრფელი ღვთისმსახურებით გამოირჩეოდა. თვითმხილველთა უწყებით, წირვის შემდეგ მას სახე სულიერი სიხარულისგან უბრწყინდებუოდა და შემთხვევითი არ იყო, რომ მისი მონაწილეობით ჩატარებულ ლიტურგიებს ყოველთვის უამრავი ხალხი ესწრებოდა.

ყველას სურდა, მოესმინა მისი უბრალო და ადვილად გასაგები ქადაგება. თავი იჩინა საერო მოღვაწეობისას შეძენილმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ. ყოფილი პეტერბურგელი ვაჭარი მშვენივრად იცნობდა საზოგადოების ყველა ფენას, მდაბიოს თუ დახვეწილ ინტელიგენტს, უწყოდა მათი პრობლემები და სულიერი მოთხოვნილებები; ამის გამო მრავალი ადამიანი ისწრაფვოდა უბრალო და თავმდაბალი მამა ბარნაბასკენ. იზრდებოდა სულიერ შვილთა რიცხვი, ბერი კელიასთან მატულობდა რჩევისა და ნუგეშისცემისათვის მისულთა რაოდენობა. საეკლესიო ტრადიციასთან ზიარება, ღირსი ბარნაბა გეთსიმანიელის რჩევები და წმინდა მამათა გამოცდილება მას დიდ დახმარეას უწევდა ბერული ცხოვრების გზაზე.

უდიდესია მართლმადიდებელი ეკლესიის ორიათასწლოვანი სულიერი მემკვიდრეობა. მონასტერში სულ რაღაც ორი წლის ცხოვრების შემდეგ მამა ბარნაბას რჩევისთვის მიმართავდა მონასტრის საძმოს უმრავლესობა და ასევე ისეთი ცნობილი საეკლესიო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: მონასტრის კეთილმოწესე და პეტროგრაფის ეპისკოპოსი ნიკოლოზი (იარუშევიჩი), ალექსანდრე ნეველის მონასტრის წინამძღვარი და ლადოგის ეპისკოპოსი ინოკენტი (ტიხონოვი), არქიმანდრიტები - გური და ლევი (ეგოროვები). მამა ბარნაბა თავს არავის ახვევდა საკუთარ მოსაზრებას, მაგრამ არც არავის ტოვებდა უპასუხოდ. თავმდაბალი მღვდელ-მონაზონი დიდი მოთმინებით უსმენდა და ამშვიდებდა ყველას, ვინც დახმარებისთვის მიმართავდა. პასუხობდა აუჩქარებლად, საგულდაგულოდ განსჯის შემდეგ, მისკენ ისწრაფვოდნენ ერისკაცებიც. მარტო ბერის გარეგნობაც კი ნდობით განაწყობდა მათ, ვინც პირველად ნახავდა.

 

XX საუკუნის 20-იანი წლები... რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის უდიდესი განსაცდელის წლები... დადგა თითოეული მორწმუნის გამოცდის ხანა. იმ დროს თუნდაც ერთი დღით ჭეშმარიტი სარწმუნოების შენარჩუნება უტოლდებოდა იმ მშვიდობიანი პერიოდის წლებს, როცა თავისუფლად და ყოველგვარი შიშის გარეშე შეიძლებოდა საკუთარი მრწამსის აღიარება. მორწმუნეების დევნა არათუ წყდებოდა, უფრო სასტიკიც ხდებოდა. მონაზვნებისა და საეკლესიო პირთა რეპრესიები, საეკლესიო ქონების დატაცება, სასულიერო წოდების სამოქალაქო უფლებების შელახვა... მონასტერში არც ერთ ბერს არ ჰქონდა იმის იმედი, რომ დილით ღვთისმსახურებაზე ან მორჩილების აღსასრულებლად წასული უკან მშვიდობით დაბრუნდებოდა.

მამა ბარნაბას განსაკუთრებულ გულისტკივილს იწვევდა თანამოსაგრეებისა და უახლოესი მეგობრების დაპატიმრება. დაატუსაღეს: პეტროგრადის ეპისკოპოსი ბენიამინი, ლადოგის ეპისკოპოსი ინოკენტი, იამბურგის ეპისკოპოსი ალექსი (სიმანსკი), ეპისკოპოსი ნიკოლოზი (იარუშევიჩი), არქიმანდრიტები - ლევი და გური, მღვდელ-მონაზონი მანუილი და სავანის სხვა ძმები. საფიქრებელია, რომ აღნიშნულმა ამბებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მის სულიერ ფერიცვალებაში და ხელი შეუწყო, საბოლოოდ დაეძლია ამქვეყნიური სურვილები და მისწრაფებები. მამა ბარნაბა საშინლად განიცდიდა თანამოძმეთა ხვედრს და გულით ეწადა მათთან ერთად წამებულიყო ქრისტეს სახელისათვის. განუზომელი იყო მისი უახლოესი მეგობრისა და მრჩეველის, მეუფე ბენიამინის, დახვრეტით გამოწვეული დანაკლისი.

აი, ასეთ დროს მღვდელ-მონაზონმა ბარნაბამ სამშობლოში, ავადმყოფ დედასთან წასვლის ნებართვა ითხოვა. ბერი მიიჩქაროდა შვილის უკანასკნელი ვალის მოსახდელად, რათა შემდეგ დაეპყრო ის სულიერი მწვერვალები, რომლის მიღწევაც შეუძლებელია ამა ქვეყნიდან სრული განდგომისა და შინაგანი მდუმარების გარეშე.

თანამოძმეთა დაპატიმრებას კიდევ ახალი განსაცდელი დაერთო - მონასტრის „განახლების“ მცდელობა. 1922 წლის 17 ივლისს, როგორც კი მამა ბარნაბა იაოსლავიდან სავანეში დაბრუნდა, ლავრაში თვითმარქვია „არქიეპისკოპოსი“ ნიკოლოზ სობოლევი მოვიდა, რომელმაც თავისი უფლებების შესახებ განაცხადა და წირვა-ლოცვებზე უწმინდესი პატრიარქის ტიხონის მოხსენიება აკრძალა. ხელისუფლება აშკარად უწყობდა ხელს ამგვარ სიახლეებს. „წითელმა ოციანელებმა“ დაიკავეს მონასტრის ტაძრებისა და შენობების ნაწილი; შეეცადნენ შეექმნათ საკუთარი „საეკლესიო საბჭო“. მათი მიზანი იყო ლავრის მმართველობის ხელში ჩაგდება ან, უკიდურეს შემთხვევაში, მონასტრის სასულიერო კრების უფლებების შეზღუდვა. სავანის იმჟამინდელი მმართველი - არქიმანდრიტი იოასაფი - მიხვდა, რომ ალექსანდრე ნეველის მონასტრის არსებობა საფრთხის წინაშე დადგა, ამიტომ მთელი ძალისხმევა ლავრის აოხრებისაგან დაცვისა და ძმობის შენარჩუნებისაკენ მიმართა. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო კომპრომისული: ფორმალურად ეცნოთ განახლებული „ეპარქიული მმართველობა“ და შეეწყვიტათ პატრიარქ ტიხონის ღვთისმსახურებაში მოხსენება, მაგრამ ამავდროულად დამოუკიდებლად ემართა ლავრა და არავითარ შემთხვევაში არ დაეშვა სხვა სახის სიახლეები.

ამ დროს სავანის ძმობაში უთანხმოებამ იჩინა თავი. მონასტრის ავტორიტეტმა - მღველ-მონაზონმა ბარნაბამ (მურავიოვი), მონასტრის სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა სერგიმ (ბირიუკოვი) და მღვდელ-მონაზონმა ვარლამმა (საცერდოტსკი) - ძმები დაარწმუნეს, დამორჩილებოდნენ ლავრის ხელმძღვანელობას, არ დაემყარებინათ ევქარისტიული ერთობა განხეთქილებაში მყოფებთან და მხოლოდ გარეგნულ დათმობაზე წასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საძმოს დაუყოვნებლივი რეპრესიები დაემუქრებოდა და ღვთისმებრძოლები გაძარცვავდნენ და გააუქმებდნენ მონასტერს.

არჩევანის მართებულობა დრომ დაამტკიცა. 1923 წლის ივნისში უწმინდესი ტიხონის გათავისუფლების შემდეგ მონასტერი კვლავ პატრიარქს დაემორჩილა. არქიმანდრიტ იოასაფის ხელმძღვანელობით, მამა ბარნაბასა და სხვა თანამოძმეთა მხარდაჭერით მოხერხდა სავანის გადარჩენა. მონასტრის ძმებმა კი ასეთი ტანჯვა-განსაცდელის შედეგად მოიპოვეს სულიერი სიმხნე და უფრო მეტი გულმოდგინებით შეუდგნენ ღვთის სამსახურს.

მონასტრის ძმებისათვის ამგვარი ძნელბედობის ჟამს სულიერი წონასწორობის შენარჩუნება ადვილი არ აღმოჩნდა. ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოჩინდა მამა ბარნაბას სიმშვიდე, ღვთის ნებისადმი სრული მორჩილება და მტკიცე გადაწყვეტილება - ემსახურა ჭეშმარიტებისათვის. ის მონასტრის სულიერ მოძღვართან, არქიმანდრიტ სერგისთან (ბირიუკოვი), ერთად საძმოს საიმედო დასაყრდენს წარმოადგენდა, რადგანაც სავანეში საშინლად ღელავდნენ გარე თავდასხმებისა და შიდა საეკლესიო უთანხმოების გამო.

განუწყვეტელი ლოცვით, მორჩილებითა და ხალხის თავგანწირული სამსახურით - ყველაფრით მისაბაძი იყო მამა ბარნაბა. იგი პირადი მაგალითით მოუწოდებდა თანამოძმეთ ბერის ღვაწლისკენ, შრომისმოყვარეობისა და მოთმინებისკენ. ის საოცარ მობილიზებასა და სიზუსტეს იჩენდა სამონასტრო საქმეების წარმოებაში. არცაა გასაკვირი, რომ ზემოთ აღწერილი მოვლენების შემდეგ ლავრის ხელმძღვანელობამ და საძმომ ის სასულიერო კრების წევრად აირჩეს და მონასტრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, ხაზინადრად დანიშნეს.

მამა ბარნაბას გულით ეწადა, განრიდებოდა ამქვეყნიურ საზრუნავს და განმარტოებულიყო, მაგრამ სავანის ფინანსური საქმეების მწარმოებელს ხშირად უხდებოდა ხელისუფლებასა და ოფიციალურ ინსტანციებთან ურთიერთობა. ღვთის ნებას მინდობილი ბერი ყველაფერს მორჩილებით ღებულობდა. წარსულში გამომუშავებული ჩვეულების მიხედვით, ის საოცარ აკურატულობას იჩენდა ფინანსური თუ სამეურნეო საქმიანობის წარმოების დროს, ამიტომ ხშირად შუაღამემდე მუშაობდა საქმიანი ქაღალდებისა თუ დოკუმენტების გაფორმებაზე.

დიდძალ ძალისხმევას მოითხოვდა ლავრის სასულიერო კრებაში მონაწილეობაც, რადგან სხდომები თვეში 3-4-ჯერ იმართებოდა. როგორ ახერხებდა ბერი ერთდროულად მორჩილებაც აღესრულებინა, განუწყვეტლივ ელოცა, მისცემოდა ღვთის ჭვრეტასა და დაემწყსო მრევლი, მხოლოდ ღმერთმა უწყის.

1926 წლის მეორე ნახევარში არქიმანდრიტი სერგი (ბირიუკოვი) მამა ბარნაბას ახალი მორჩილებისათვის, მონასტრის სულიერი მოძღვრობისათვის, ამზადებდა. ის სიყვარულით არიგებდა მომავალ მემკვიდრეს, რომელიც ასეთივე სიყვარულით ღებულობდა არქიმანდრიტის რჩევებს. დიდად საპასუხისმგებლო იყო ახალი მორჩილება, რადგან ტრადიციის თანახმად, ალექსანდრე ნეველის წმინდა სამების მონასტრის მოძღვართან ამბობდნენ აღსარებას პეტროგრადის ეპარქიის ეპისკოპატის წევრები. თავად სიტყვა - „უხუცესი“ - ბევრს ნიშნავდა. ამიტომ უხუცესის მოვალეობის აღსრულებამდე მამა ბარნაბა დიდი სქემით შეიმოსა. ზუსტი თარიღი ამ ანგელოზებრივი ხარისხის მიღებისა უცნობია, ვიცით მხოლოდ დაახლოებით - 1926-1927 წლები. ღირსი სერაფიმე საროველის პატივსაცემად მას სერაფიმე უწოდეს. ამრიგად, მას დაერქვა იმ წმინდანის სახელი, ვის ცხოვრებასაც მთელი განვლილი წლების განმავლობაში ბაძავდა.

1907 წელს გამოცემული ღირსი ბარნაბა გეთსიმანიელის ცხოვრებაში მოთხრობილია ერთ-ერთი სულიერი შვილის, პეტერბურგელი ვაჭრის, ვინმე ვ.ნ.მ-ს სიზმარი. მკითხველი მასში ადვილად ამოიცნობს ვასილ ნიკოლოზის ძე მურავიოვს, ალექსანდრე ნეველის სამების ლავრის მომავალ სულიერ მოძღვარს. „ვიხილე, - ამბობს იგი, - თითოს ნიკოლსკის მონასტერში მოსალოცად მივდივარ. სავანე ჩემს მშობლიურ გოროხოვეცკის მაზრასთან ახლოსაა (მდგომარეობს ღირსი ბარნაბა გეთსიმანიელის მიერ დაარსებულ ივერონ-ვიქსუნსკის მონასტერთან ახლოს - ავტორი). სიზმარში გზა მეუცხოვა და ტყეში დავეხეტებოდი. უცებ დავინახე, ჩემს წინ მიდის ბერი მხარზე შემოდებული გუდითა და ხელში ნაჯახით. რომ მივუახლოვდი, შევეკითხე, თუ როგორ შემეძლო ნიკოლსკის მონასტერში მისვლა. ბერმა მიპასუხა: „წამოდი, მიგაცილებ. მეც იქით მივდივარ“. კარგად რომ დავაკვირდი, ჩემს თანამგზავრში ღირსი მამა სერაფიმე საროველი შევიცანი. ვკითხე: „მამაო, თქვენ მამა  სერაფიმე ბრძანდებით?“ „დიახ, სერაფიმე ვარ“, - მიპასუხა ბერმა და განვაგრძეთ ტყეში გზა. მამა სერაფიმე შეჩერდა ხის დიდ ჯირკთან, ჩამოჯდა და ფეხებთან გუდა და ნაჯახი დაიწყო. მეც მის გვერდით დავჯექი. მოულოდნელად, საიდანღაც მამა ბარნაბა გაჩნდა და ჩემს ახლოს ისე დაჯდა, რომ მე ორ ბერს შორის აღმოვჩნდი. ისინი ძალიან გახარებულები იყვნენ, ერთმანეთს ეამბორებოდნენ და რაღაცაზე დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ საუბრის შინაარსი ვერ გავიგე, გამომეღვიძა. მამა ბარნაბამ ჩემი სიზმარი რომ მოისმინა, მხიარულად მითხრა: „აი, ჩვენს შორის იყავი და ვერ გაიგე რაზე ვსაუბრობდით“.

რა საოცარი სიზმარია! ტყე - ამქვეყნიური უღრანი, მეგზური - წმ. სერაფიმე საროველი, გზად შემხვედრი მგზავრი - ნეტარი ბერი ბარნაბა... სულიერი სიყმაწვილის პერიოდში მომავალმა სქიმოსანმა მღვდელ-მონაზონმა ვერ შეძლო გაერკვია, რაზე საუბრობდნენ მარადსახსოვარი ბერები, თუმცა კი უკვე მაშინ მათთან ერთად ერთ გზას მიუყვებოდა. საით? - მონასტრისაკენ, წმინდა ნიკოლოზისკენ.

წინასწარმეტყველურ სიზმარში განცხადდა ვასილ მურავიოვის ღრმა მისტიური კავშირი ამ დიდებულ მოღვაწეებთან. ის საოცარი მოწიწებით იყო განწყობილი ორივე ბერის მიმართ, მუდამ მათ სახელებს მოუხმობდა ლოცვებში და არც ისაა შემთხვევითი, რომ მონაზვნობის ჟამს ჯერ ბარნაბა ეწოდა, შემდეგ - სერაფიმე.

მამა ბარნაბას დიდი სქემით შემოსვიდან მალე ალექსანდრე ნეველის წმინდა სამების ლავრის საძმოს საერთო კრებამ მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (მურავიოვი) ლავრის სულიერ ხელმძღვანელად და სასულიერო კრების წევრად აირჩია. ძმებმა სიყვარულით დალოცეს ის. თავმდაბალი ბერი მორჩილების აღსრულებას შეუდგა.

მამა სერაფიმეს განსაკუთრებულ მადლმოსილებაზე ხმები მთელ დედაქალაქსა და მის ფარგლებს გარეთ გავრცელდა. იმ პერიოდში ბევრი ადამიანი იყო დაბნეული, არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ: უღმერთობა კიდევ უფრო მძლავრობდა, ეკლესიის დევნა სასტიკი ხდებოდა. როგორ დაეცვათ საკუთარი თავი და ახლობლები მოზღვავებული ბოროტებისაგან? ადრე დილიდან ვიდრე გვიან საღამომდე მის კელიასთან თავმოყრილი იყო უამრავი ხალხი. ისინი ლოცვით შემწეობას, კურთხევას, ნუგეშისცემას, სწორ რჩევასა და რთული სიტუაციიდან გამოსავალს ეძებდნენ. მამა სერაფიმე სახალხო მოძღვრად გადაიქცა.

მაღალ სულიერებასთან შერწყმული ცხოვრებისეული გამოცდილების წყალობით მამა სერაფიმე, მართლაც რომ შეუდარებელი მოძღვარი იყო. ის ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იყო, ყველასთვის პოულობდა მამობრივი სიყვარულით გამთბარ სიტყვებს. მის გარეგნობაში იყო რაღაც განსაკუთრებული - ვინც ერთხელ ნახავდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამახსოვრდებოდა მასთან შეხვედრა.

მის სულიერ შვილებს შორის იყვნენ ერისკაცი თუ ბერი, მღვდელი თუ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავარი. ესენი გახლდნენ: ახალმოწამეები - შლისელბურგის ეპისკოპოსი გრიგორი (ლებედევი) და კოლპონსკის ეპისკოპოსი სერაფიმე (პროტოპოპოვი), პეტერბურგის ეპისკოპოსი და კრუტცკისა და კოლომენსკის მომავალი მიტროპოლიტი ნიკოლოზი (იარუშევიჩი).

ჭეშმარიტად, შეუცნობელია უფლის გზები! 1920 წელს ალექსანდრე ნეველის მონასტრის კეთილმოწესემ, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (იარუშევიჩი), ბერად აღკვეცა ვ.ნ.მურავიოვი, ხოლო რამოდენიმე წლის შემდეგ ეპისკოპოსი ნიკოლოზი (იარუშევიჩი) მღვდელ-მონაზონი სერაფიმეს (მურავიოვი) სულიერი შვილი გახდა. ასევე, კვლავ ალექსანდრე ნეველის მონასტრის მოძღვართან დადიოდა ხუტინსკის არქიეპისკოპოსი ალექსი (სიმანსკი), იგივე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი 1945-1970 წლებში, ალექსი I.

მოგვიანებით, 1928-1929 წლებში მამა სერაფიმესა და რუსეთის ეკლესიის ცნობილ მღვდელმთავარს, მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჩიჩაგოვი) [5] შორის მჭიდრო მეგობრობა დამყარდა. იმ დროს მეუფე სერაფიმე პეტროგრადის ეპარქიის მმართველი გახდა და ტრადიციისამებრ, მონასტრის სულიერ მოძღვარს მიაშურა. მათ დაახლოებას ბევრმა ფაქტმა შეუწყო ხელი, კერძოდ: საერთო ზეციური მფარველი - ღირსი მამა სერაფიმე საროველი; 1903 წლის საროვოს დღესასწაული; ბერი ბარნაბა და გეთსიმანიის სკიტი, სადაც მეუფე სერაფიმე 1898 წელს ბერად აღიკვეცა; წმ. იოანე კრონშტადტელი, რომელიც მიტროპოლიტ სერაფიმეს სულიერი მამა გახლდათ. ორი წლის განმავლობაში მეუფე სერაფიმე და სქიმოსანი მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ერთმანეთს აღსარებას აბარებდნენ და კვებავდნენ სულიერი საზრდოთი.

1927 წელს ნოვგოროდის ეპარქიის იმჟამინდელმა მმართველმა არქიეპისკოპოსმა ალექსიმ (სიმანსკი), ალექსანდრე ნეველის ლავრის სულიერ მოძღვარს რჩევისათვის მიმართა. მეუფე შიშობდა, რომ არისტოკრატული წარმომავლობის გამო დააპატიმრებდნენ. „მამა სერაფიმე, ხომ არ აჯობებს, საზღვარგარეთ წავიდე?“ - იკითხა მღვდელმთავარმა. „მეუფევ! ვის უტოვებთ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას? განა თქვენ არა ხართ მისი მწყემსი? - იყო პასუხი, - ნუ გეშინიათ, თვით დედა ღვთისა დაგიფარავთ. ბევრი საცდური იქნება, მაგრამ ღვთის შეწევნით ყველაფერს თავს გაართმევთ. დარჩით, გთხოვთ!“... მეუფე ალექსი მაშინვე დამშვიდდა და სამუდამოდ დაივიწყა ფიქრი საზღვარგარეთ გადახვეწაზე.

ამგვარად, მამა სერაფიმემ მეუფე ალექსის 18 წლით ადრე უწინასწარმატყველა პატრიარქობა. ასევე წინასწარ აუწყა საპატიო მსახურების ვადა - 25 წელი. მამა სერაფიმეს, ანალოგიურად, სხვა სულიერი შვილებისათვისაც გაუწევია ამგვარი ფასდაუდებელი დახმარება.

თავმდაბალი ბერი სულიერი შვილების მწუხარებას საკუთარივით განიცდიდა: „აბა, რა მონაზვნები ჩვენ ვართ?! სულ ვცოდავთ და ვცოდავთ... კარგი, შვილო, ღმერთი გვაპატიებს, თუკი დღეიდან სიკეთეს შევუდგებით და წინ აღვუდგებით ცოდვებსა და მის მიზეზს - ეშმაკს...“ რა შეიძლება პასუხად ითქვას? სულიერ შვილებს ისღა დარჩენოდათ, ღმერთისთვის მადლობა შეეწირაათ ასეთი მლოცველი მოძღვრის მონიჭებისთვის. ამგვარი სიყვარულის და თანაგრძნობის წინაშე ადამიანთა გულები თავისით იხსნებოდა. მამა სერაფიმე ბედნიერთან ერთად ხარობდა და მწუხარესთან ერთად წუხდა, იძლეოდა სასარგებლო რჩევებს და მამობრივ ალერსს იჩენდა ბავშვთან თუ ხანდაზმულთან.

ბერი, როგორც წესი, მოკლედ, მაგრამ დამაჯერებლად ლაპარაკობდა. რჩევისავის მისულს განუმარტავდა არსებითს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ხანგრძლივადაც საუბრობდა. ის სხვების სულიერ უძლურებას ღვთის სიტყვის სალბუნით და წმინდა მამათა რჩევა-დარიგებით კურნავდა. სხვისი მწუხარების გამზიარებელი იყო, სნეულთა ხორციელ ტანჯვასა და უძლურებას ფიზიკურადაც განიცდიდა, წუხდა მონანულებთან ერთად და მათი ცოდვების სიმძიმე აწუხებდა. არავინ არასდროს განუკითხავს. ადამიანთა ცოდვით ნებისმიერ დაცემას კაცთა მოდგმის მტერს აბრალებდა: „უფრთხილდით, არ გაებათ ეშმაკის მახეში, რომელიც დაგებულია ადამიანის შიგნით და გარეთ და ცრუ სიმართლის საბურველითაა დაფარული. მისი შეცნობა ადვილია, რამდენადაც სულის სიმშვიდეს გვართმევს. სადაც მშვიდობა არაა, იქ მტრის ხრიკებია. ჭეშმარიტება და მორჩილება ქრისტესგანაა. ჭეშმარიტება ქრისტესმიერი მშვიდობით იცნობა“, - აი, ასე მოძღვრავდა მამა სერაფიმე უფლის მაძიებლებს, როგორც მისი ახლობლები გვაუწყებენ.

ბერის გაცისკროვნებული ცისფერი თვალები აღმსარებლის სულის სიღრმეში იმზირებოდა. ზოგჯერ სულიერ შვილებს ერთი მოკლედ ნათქვამი ფრაზით გაამხნევებდა: „ილოცე“, „მოითმინე“, „ღმერთი დააცხრობს გაბოროტებულ გულს“, „წმინდა სერაფიმე საროველი შეგეწევა“, „ღმერთი განგკურნავს“, „წმინდა ნიკოლოზი მოიყვანს გონზე შენს შვილებს“, „დედა ღვთისა არ დატოვებს რუსეთის მიწას“... და ცხადდებოდა ბერის სიტყვები, მწუხარება და გაჭირვება უკან იხევდა.

მამა სერაფიმე განსაკუთრებულ მოკრძალებას იჩენდა საღვთო განგების წინაშე. ამასვე ასწავლიდა სულიერ შვილებსაც. „ყოვლადძლიერი ღმერთი განაგებს სამყაროს და ყველაფერი ან მისი სახიერებით, ან დაშვებით ხდება. კაცთათვის მიუწვდომელია ღვთის განგება. სამი წმინდანი ბაბილონის სახმილში აღიარებდა ღმერთს და სწამდა, მათზე და ისრაელის ერზე მოწეული სულიერი თუ ხორციელი უბედურება ღვთის სამართლიანი განგებით რომ ხდებოდა. მხოლოდ მოვლენების ამგვარი შეფასებით მოვიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს. ასეთი მსჯელობა გვიცავს მრისხანებისაგან, გონებას მარადისობისკენ მიმართავს, მწუხარებას მოთმინებით გადაგვატანინებს, თავად მწუხარებაც კი ხანმოკლე და უმნიშვნელო მოგვეჩვენება.

„ნუ დრტვინავ ჯვრის სიმძიმის გამო, მწუხარებისას დარდი ღმერთს გაუზიარე და ის დაგამშვიდებს“, - თბილი, მშვიდი და წყნარი ხმით მოძღვრავდა ბერი ხალხს.

„სადაც არ უნდა გავიქცეთ, ღმერთს მაინც ვერსად წავუვალთ! მაშ, უფალს ვევედროთ, გაგვხადოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული შვილები“, - ღრმად დარწმუნებული ამბობდა მამა სერაფიმე. მისი რჩევის შედეგად ბევრი ანებებდა ცოდვას თავს, მიისწრაფვოდა სულიერი სრულყოფისაკენ, ივიწყებდა ამქვეყნიურ ვნებებსა და ჩვევებს.

მამა სერაფიმე სნეულთა მკურნალობის უჩვეულო მადლს ფლობდა. მის მიერ ავადმყოფის განკურნების ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ფაქტი განეკუთვნება XX საუკუნის 20-იან წლებს. არაწმინდა სულით შეპყრობილი ქალი სრულიად განკურნებულა, როგორც კი მამა სერაფიმემ ლოცვის შემდეგ კანდელიდან სცხო ზეთი. აი, რა გვიამბეს ამასთან დაკავშირებით ბერის ნათესავებმა:

- ბერის კელია ლავრაში, ფეოდოროვის კორპუსის მეორე სართულზე მდებარეობდა. როცა მამა სერაფიმე აღმსარებლებს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში არ ღებულობდა, კელიის კართან მომსვლელთა გრძელი რიგი იმართებოდა. იქ, ყაზანის ღვთისმშობლის, დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალისა და ღირსი სერაფიმე საროველის ხატების წინ [6] იდგა ანალოღია, რომელზეც ეწყო სახარება და ჯვარი.

ერთხელ მამასთან ერთი ქალი მოიყვანეს. მას არ შეეძლო ტაძარში შესვლა, რადგანაც ისეთი კანკალი ეწყებოდა, რომ პირჯვრის გადაწერასაც ვერ ახერხებდა. ამის დანახვაზე მამა სერაფიმემ უთხრა: „მოდით, ერთად ვილოცოთ!“ მან უბედურ ქალთან ერთად ხატების წინ დაიჩოქა. ლოცვის შემდეგ ავადმყოფ ქალს ჯვრის სახით შუბლზე ზეთი წასცხო იმ კანდელიდან, რომელიც ჩაუქრობლად ენთო. ქალი დაეცა და არაბუნებრივი კრუნჩხვები დაეწყო. ბერმა მაშინვე თავზე ოლარი გადააფარა და ლოცვების კითხვა დაიწყო. ავადმყოფი ნელ-ნელა მიწყნარდა და საბოლოოდ დამშვიდდა. აზრზე რომ მოვიდა, არაფერი ახსოვდა. შემდეგში ის არაერთხელ მისულა ბერთან მადლობის გადასახდელად და უამბნია, თუ როგორ სიხარულს განიცდიდა ღვთისმსახურებაზე დასწრების დროს. თითქოს თავისით მივყავარ ტაძარში ფეხებს, - ამბობდა ის.

მადლობის გადასახდელად ბერთან ხშირად მიდიოდნენ ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება მამა სერაფიმეს რჩევის მიხედვით წარმართეს. თავმდაბალი სქემოსანი ბერი კი ასეთ დროს ამბობდა: „მე ვინ ვარ, წმინდა სერაფიმეს უმადლოდეთ. ზეციურმა მკურნალმა მისი მეოხებით მოხედა წყალობით ჩვენს უძლურებას“; „ეს ყოვლადმოწყალე ზეციურმა დედოფალმა გიხსნათ განსაცდელისგან, რწმენისამებრ მოგეგოთ...“

ვინ იცის, რაგვარი სრულყოფილება იმალებოდა ამ უბრალოების მიღმა?! მონასტრის ძმებისა და ხალხის სამსახურს მამა სერაფიმე დიდსქემოსანი ბერის ფარულ ღვაწლს უთავსებდა. ღამით ის მთელი სამყაროსთვის ლოცულობდა ღვთის წინაშე, დილით კი უამრავ აღსარებას იბარებდა. თავად უფალი აძლიერებდა, აძლევდა ფიზიკურ მხნეობასა და გონებრივ გამჭრიახობას, სხვაგვარად, ადამიანური ძალებით შეუძლებელი იყო ასეთი ყოველდღიური ღვაწლის გაწევა.

იმ ძნელბედობის ჟამს მამა სერაფიმეს კელიასთან უამრავი ჭეშმარიტების მაძიებელი იყრიდა თავს. ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის მიუწვდომელი ღმერთის მრავალი საიდუმლო იყო ცნობილი მორჩილი სქემოსანისთვის. „ახლა სინანულისა და აღმსარებლობის დროა, - ამხნევებდა ხალხს მამა სერაფიმე, - უფალმა თავად მოუვლინა რუს ხალხს სასჯელი ცოდვების გამო. სანამ ღმერთი არ შეიწყალებს რუსეთს, აზრი არა აქვს მისი ნების წინააღმდეგ წასვლას. დიდი ხნით მოიცავს ღამის წყვდიადი რუსეთს, ბევრი ტანჯცა-წამება გველოდება. სწორედ ამიტომ გვასწავლის უფალი: „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სული თქვენი (ლუკა 21,19)“. ჩვენ მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა ვიქონიოთ და პატიება ვითხოვოთ. გვახსოვდეს: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4,16). ვიქონიოთ მისი ენითგამოუთქმელი მოწყალების იმედი“. ბერი იმ პერიოდში მრავალ ადამიანს ურჩევდა, წარმოეთქვა იესოს ლოცვა: „სინანულის ლოცვის განუწყვეტელი წარმოთქმა ადამიანის სულის ღვთის სულთან შეერთების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის სულიერი მახვილი, როემლიც ყოველგვარ ცოდვას ანადგურებს“. ბერმა იწინასწარმეტყველა, რომ გაძლიერდებოდა დევნა და მთელი რუსეთი საკონცენტრაციო ბანაკს დაემსგავსებოდა. და აი, ამ დროს იესოს ლოცვა გახდებოდა ხსნის საუკეთესო საშუალება უღმერთო სახელმწიფოში აღმოჩენილი ქრისტიანებისათვის.

მიტროპოლიტ სერგისა და წმინდა სინოდის ცნობილი ეპისტოლეს გამოსვლისთანავე, მამა სერაფიმემ პატრიარქის ნაცვალის მხარე დაიკავა. უეჭველია, ადამიანმა, რომელმაც ჯერ კიდევ 1927 წელს არქიეპისკოპოს ალექსის (სიმანსკი) პატრიარქობა იწინასწარმეტყველა, მრავალტანჯული რუსეთის ეკლესიის მომავალიც უწყოდა. ის ყველას მოუწოდებდა, ლოცვებში მოეხსენებინათ მიტროპოლიტი სერგი და არსებული ხელისუფლება: „ასეა საჭირო!“ - დაბეჯითებით ამბობდა და მეტი განმარტება არც იყო საჭირო.

გაგრძელება