წმიდა მოწამენი: ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი (I)

14 (27) ოქტომბერი

წმიდა მოწამენი: ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი იმპერატორ ნერონის (54-68) ზეობისას ეწამნენ ქალაქ მედიოლანში. წმიდა ნაზარი, ქრისტიანი პერპეტუასა და იუდეველი აფრიკანის ძე, რომში დაიბადა და ეპისკოპოს ლინოსის ხელით ნათელიღო. უფლის რჩეულმა სიყმაწვილიდანვე გადაწყვიტა, ქრისტიანული მოძღვრების ქადაგებისა და დევნილ ქრისტიანთა დახმარებისთვის გადაედო თავი. ამ მიზნით მან დატოვა რომი და მილანში ჩავიდა. საპყრობილეში ქრისტიანთა მონახულების დროს ნაზარი გაეცნო ტყუპ ძმებს - პროტასისა და გერვასის.

ტყუპი ძმები მედიოლანში (მილანში) დაიბადნენ, მდიდარი რომაელების - ვიტალისა და ვალერიას ოჯახში. მშობლების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ძმებმა მთელი ქონება გლახაკებს განუყვეს, მონები გაათავისუფლეს და მარხვისა და ლოცვის ღვაწლს შეუდგნენ. წარმართებმა შეიპყრეს მაცხოვრის მსასოებლები და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. წმიდა ნაზარის ძალიან შეუყვარდა ისინი და შეძლებისდაგვარად უმსუბუქებდა ტანჯვას. ამის გამო უსჯულოებმა ნეტარი სასტიკად გვემეს და ქალაქიდან გააძევეს.

წმიდა ნაზარი დაუცხრომლად ქადაგებდა სახარებას და მრავალი კერპთმსახური მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ქალაქ კიმელაში მან მონათლა ერთი ქრისტიანი ქალის ძე, სახელად კელსი და მისი სახით ერთგული მოწაფე და თანამოსაგრე შეიძინა. წარმართთა შორის ქრისტეს ქადაგებისთვის ისინი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ნადირებმა მარტვილებს პირი არ დააკარეს. შემდეგ უსჯულოებმა სცადეს, ზღვაში დაეხრჩოთ წმიდანები, მაგრამ ისინი ისე მიმოდიოდნენ ტალღებზე, როგორც ხმელზე. მეომრები, რომელთაც უფლის რჩეულთა სიკვდილით დასჯა ჰქონდათ დავალებული, ისე განცვიფრდნენ, რომ თავადაც ირწმუნეს ქრისტე და წმიდა მოწამეები გაათავისუფლეს.

სასწაულებრივად გადარჩენილი ნაზარი და კელსი მედიოლანში ჩავიდნენ და გერვასი და პროტასი მოინახულეს. როცა ამის შესახებ იმპერატორ ნერონს მოახსენეს, მან ბრძანა, ნაზარისა და კელსისთვის თავები მოეკვეთათ. მალე გერვასი და პროტასიც სიკვდილით დასაჯეს.

მრავალი წლის შემდეგ, წმიდა მეფის, თეოდოსის (408-450) ზეობისას ამბროსი მედიოლანელმა საღვთო გამოცხადებით მიაკვლია მარტვილთა სამარხებს, აღმოიყვანა მათი უხრწნელი ნაწილები და საზეიმოდ გადააბრძანა მედიოლანის ტაძარში (სხვა ცნობით, წმიდათა ნაწილების აღმოყვანება მოხდა 395 ან 396 წელს).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.