წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა (I)

18 (31) ოქტომბერი

წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ ესმა, ლუკა პალესტინაში ჩავიდა და აქ თავად უფლისგან ეზიარა მაცხოვნებელ სწავლებას. ჯერ კიდევ მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს წმიდა ლუკა, როგორც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი, უფლის მიერ ცათა სასუფევლის შესახებ პირველი ქადაგებისთვის გაიგზავნა (ლკ. 10, 1-3). აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ემაუსში მიმავალ ლუკას და კლეოპას გამოეცხადა.

ლუკა თან გაჰყვა წმიდა მოციქულ პავლეს მეორე მისიონერულ მოგზაურობაში, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს არ განშორებიან. უფლის რჩეული პავლეს გვერდით დარჩა მაშინაც, როცა იგი ყველა თანაშემწემ მიატოვა (2 ტიმ. 4,10). მოციქულთა თავის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ლუკამ რომი დატოვა და ქადაგებით მოიარა აქაია, ლიბია, ეგვიპტე და თებაიდა; ამქვეყნიური ცხოვრება მან მოწამეობრივი ღვაწლით დაასრულა ქალაქ თებეში.

გადმოცემის მიხედვით, წმიდა ლუკა ღვთისმშობლის პირველი ხატების დამწერიცაა. „მადლი ჩემგან შობილისა ჩემითა მეოხებითა იყოს ამა ხატთანა!“ - უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს თავისი წმიდა გამოსახულების ხილვისას. გადმოცემა აწყურის ღვთისმშობლის ხატსაც ლუკა მახარებლის სახელთან აკავშირებს. წმიდა მოციქულს ეკუთვნის თავთა მოციქულთა - პეტრეს და პავლეს ხატებიც.

სახარება ლუკას 62-63 წლებში პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით დაუწერია რომში. როგორც თვითონვე გვამცნობს პირველივე მუხლებში, მისი მიზანი ყოფილა, უფრო სრულად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღეწერა ყველაფერი, რაც იესო ქრისტესა და მისი სწავლების შესახებ იყო ცნობილი და ამით ქრისტიანული სასოებისათვის მტკიცე ისტორიული საფუძველი დაედო (ლკ.1, 1-4).

ლუკა მახარებელს ეკუთვნის „საქმე მოციქულთა“. იგი ოთხთავის გაგრძელებაა და მოგვითხრობს წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ. როგორც უდიდეს საეკლესიო მოვლენას, თხრობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოციქულთა კრებას (51 წ. ქრისტეს შემდეგ), რომელმაც დოგმატური საფუძველი დაუდო იუდაიზმისგან ქრისტიანობის გამიჯვნას და მსოფლიოში მისი დამოუკიდებელი გავრცელების საწინდარი შეიქნა (საქმე. 15, 6-29).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.