წმიდა ათანასე კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+1311)

24 (06.11) ოქტომბერი

წმიდა ათანასე I, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (1289-1293; 1303-1311), ერისკაცობაში - ალექსი, საბერძნეთის ქალაქ ადრიანოპოლიდან იყო. ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, ქრისტიანული სიბრძნის შემეცნებაში წარმატებულმა, დატოვა მშობლიური სახლი, თესალონიკს მიაშურა და ერთ-ერთ მონასტერში აკაკის სახელით ბერად აღიკვეცა. აქედან წმიდანი მალე ათონის წმიდა მთაზე გადავიდა და ესთიგმენის სავანის ძმობაში შევიდა, სადაც სამი წლის მანძილზე გულმოდგინედ აღასრულებდა მეტრაპეზის მოვალეობას. გამუდმებული შრომითა და თავისი სათნოებებით ნეტარმა საყოველთაო კეთილგანწყობა დაიმსახურა.

მდაბალი აკაკი განერიდა კაცთამიერ ქებას, დატოვა ათონი, იერუსალიმის სიწმიდეები მოილოცა, შემდეგ კი პატრის მთას მიაშურა და განდეგილის ღვაწლი იტვირთა. აქედან მოსაგრე ჯერ აქვსენტის მთაზე გადავიდა, შემდეგ კი გალანტის მთაზე მდებარე მონასტერში, სადაც დიდი სქიმა შეიმოსა ათანასეს სახელით, მღვდლადა აკურთხეს და ეკლესიარქად იქნა დადგენილი. აქვე შეიქნა წმიდანი ღირსი ღვთაებრივი გამოცხადებისა: ჯვარცმიდან გამოსულმა უფლის ხმამ სამღვდელმთავრო მსახურებისკენ მოუწოდა.

ათი წლის შემდეგ წმიდა ათანასე, კვლავ ათონზე გადავიდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებმა აიძულა, გალანტის მთასვე დაბრუნებოდა. ვერც აქ ჰპოვა ნეტარმა სასურველი განმარტოება: უამრავი ხალხი მიდიოდა რჩევა-დარიგებისათვის. ასე წარმოიქმნა ამ ადგილას დედათა მონასტერი. იმ ხანებში, პატრიარქ იოანე ვეკის დროინდელი შფოთისა და არეულობის შემდეგ, კონსტანტინოპოლის კათედრა დაქვრივებული იყო. კეთილმსახური იმპერატორის, ანდრონიკე პალეოლოგის წინადადებით 1289 წელს მღვდელმთავართა და ღვთისმსახურთა კრებამ წმიდა ათანასე ერთხმად აირჩია ეკლესიის წინამძღვრად.

ნეტარი მამა მოშურნედ შეუდგა ახალი მოვალეობის შესრულებას: გულმოდგინედ იღვწოდა სამწყსოში მწვალებლურ სწავლებათა აღმოსაფხვრელად, მკაცრად ამხელდა სასახლის კარისა და ეკლესიის მსახურთა მანკიერებებს. ყოველივე ამან გავლენიან სასულიერო პირთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1293 წელს წმიდანი იძულებული შეიქნა, კათედრა დაეტოვებინა. ნეტარი კვლავ განმარტოებულ მოღვაწეობას დაუბრუნდა თავის მონასტერში. 1303 წელს, უფლის ნებით, ათანასეს ხელმეორედ გადასცეს პატრიარქის კვერთხი. კიდევ შვიდი წელი ზიდა უფლის რჩეულმა მწყემსმთავრის მძიმე ჯვარი, მაგრამ 1311 წელს, როცა სამღვდელოებაში ისევ უკმაყოფილებამ იჩინა თავი, მან არ ისურვა, ეკლესიური შფოთის მიზეზი შექმნილიყო, თავის სავანეს მიაშურა. სიცოცხლის დასასრულს ათანასე კიდევ ერთხელ შეიქნა ღირსი იესო ქრისტეს გამოცხადებისა: უფალმა გაკიცხა იგი სამეუფო მოვალეობის ბოლომდე შეუსრულებლობისათვის. წმიდანმა ცრემლებით შეინანა თავისი სულმოკლეობა, რისთვისაც ცოდვათა შენდობა და საკვირველთქმედების ნიჭი მიემადლა. მღვდელმთავარი ათანასე ასი წლის ასაკში მიიცვალა XIV საუკუნის დასაწყისში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.