წმიდა მოწამე პარასკევა (III)

28 (10.11) ოქტომბერი

წმიდა მოწამე პარასკევა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა III საუკუნეში. იგი იკონიაში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. მისი მშობლები განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ მაცხოვრის პატიოსანი ვნებების დღეს - პარასკევს, გამორჩეულად მკაცრი მარხვით, ლოცვითა და ქველის საქმეებით აღნიშნავდნენ ხოლმე მას. ამისთვის უფალმა კვირის სწორედ ამ დღეს უბოძა მათ ასული, რომელსაც დედ-მამამ პარასკევა დაარქვა.

პარასკევას მშობლები სიყრმეშივე გარდაეცვალა. ამის შემდეგ წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობრძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს, მაგრამ მტარვალმა სასწაული ვერ გულისხმა-ყო, განაგრძო მოწამის ტანჯვა და ბოლოს მისთვის თავის მოკვეთის განკარგულება გასცა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.