გიორგი მერჩულე

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება

1

მოცემულ არს სიბრძნე ღირსი კეთილისა მიზეზის ქრისტეს მიერ, ღმრთისა ყოველთაჲსა, ბუნებასა ჭეშმარიტთა ბრძენთასა. ვინაჲცა ითხოვდე ბრძენთაგან სრულთა კრძალულებით სიბრძნისმეტყველებასა და სულელთაგან ლ...ს მეცნიერთა დუმილით ბრძენთა სმენასა. აწ სულელნი სიბრძნისმეტყველებენ. ხოლო თვისსა და ბრძენთა ...ნეს დუმილი... მ...თ ვერ გულისხმა ყვეს, ვითარმედ „ბრძნად მეტყველებაჲ ვეცხლი არს წმიდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული“, - ვითარცა თქვა სოლომონ.

რამეთუ რაჟამს ბრძენთა დუმილი ჰმატს, მაშინ „სიბრძნეჲ მათი გამოსავალთა ზედა იქებინ“, რამეთუ ენაჲ მათი მეტყველებისაგან ცუდისა უტყვი არნ და ძვირისსიტყვისა უქმ. რამეთუ ძიებაჲ რაჲ სასყიდლისაჲ საქმედ უპყრიედ მათ და ყოვლადვე ბრძნობედ სიწმიდესა სიმართლით. ღირსებასა თანა და სიყვარულითა ღმრთისაჲთა გალობედ მეცნიერებით მარადის ლოცვისა შეწირვითა, ვითარცა იტყვის მოციქული - მოუკლებელად ილოცევდითო.

არამედ აწ მე ვინაჲთგან ვერ ძალ მიც მოუკლებელად ლოცვაჲ და სულელთა ყოველთა უდარეს ვარ, ნაკლულევანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად და ზოგს-რაჲმე უმჯობესად შემირაცხავს, რაჲთა ვიტყოდი ღირსად ცხორებასა ღმერთშემოსილთა კაცთასა - ნეტარისა მამისა ჩვენისა გრიგოლისა და მოყვასთა და მოწაფეთა მისთასა მადლითა და შეწევნითა ღმრთისაჲთა, რაოდენცა შეუძლო უწყებად მსმენელთა, ჭეშმარიტად თხრობილი მოწაფეთაგან და მოწაფის მოწაფეთაგან მის წმიდისათა. და ნეტართა მათ ოხითა ვპოვო ორკერძოვე ლხინებაჲ უძლურებთა ჩემთაჲ ესრეთ სიტყვათა ამათ წერითა.

2

ვითარმედ არსებადაუბადებელისა, კაცთმოყვარისა სამებისა წმიდისა მადლითა, მიუწდომელად ჩვენგან დაწერილთა - საუკუნოდ ზეცათა შინა ანგელოზთა თანა - წიგნსა მას ცხოველთასა, და ჯვარითა წმიდითა მოქადულთა დიდთა მათ მეუდაბნოეთა კლარჯეთისა დიდებულთა უდაბნოთა შინა პირველად დამკვიდრებულთა მათ წმიდათა მამათა ღირსად ცხორებულთა, სიმხნეჲ მოთმინებისაჲ და სიწმიდით შრომაჲ უფლისა სათნოჲ და სასწაულთა მათთა სიმრავლენი ქვეყანასა მას ქართლისასა აღუწერელობითა დაშჭირდეს მისთვის, რომელ პირველ ვახსენე, რომელთაჲ ჯერ იყო დაწერაჲ ვიდრე ნათესავითი ნათესავადმდე უკუნისამდე მითხრობად ყოველთა, რაჲთამცა ერი დაბადებადი აქებდა უფალსა ხსენებისა მათისა დღესასწაულსა.

არამედ აწ სასწაულნი მათნი ჟამთა სიმრავლისაგან მიეცნეს სიღრმესა დავიწყებისასა. ყოვლად სახსენებელთა მათ განსაკვირვებელთა ნეტართა კაცთა საქმენი კეთილნი და ცხორებაი უბიწოჲ, რომელნიცა-იგი ბრწყინვიდეს, ვითარცა მთიებნი ზეცისა სამყაროსა, ხილულსა ამას და განქარვებადსა მზესა ქვეშე. და აწ სულითა ბრწყინვალენი იხარებენ დაუსრულებელსა ნათელსა შინა და მარადის ჩვენთვის მეოხებასა ჰყოფენ განმხიარულებულნი ქრისტეს აღთქმულთა მოღებითა, რამეთუ შრომათა მათთა წილ მიუღებიეს სიხარული და მხიარულებაჲ უოხჭნოჲ, მოუკლებელი და გამოუთქმელი ცათა შინა.

ამათ ნეტართა შორის გამორბწყინდა მადლი სავსეჲ, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღდელი და კეთილად განმგებელი მოღვაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი, სანატრელი გრიგოლ, სულიერად მამაჲ და წინამძღვარი და მაშენებელი ხანძთისა და შატბერდისაჲ, ორთა მათ დიდებულთა მონასტერთაჲ, რომლი ექმნა სახე კეთილის ყოველთა მის ჟამისა მეუდაბნოეთა მამათა ახლად შენებასა მათსა.

ესე იყო შვილი წარჩინებულთა დიდებულთა და მართლმორწმუნეთა მამა-დედათაჲ და სახლსა შინა სამეუფოსა დიდისა ნერსე ერისთავისასა აღზრდილ იყო ხელითა კეთილად მსახურისა დედოფლისა - ნერსეს ცოლისაჲთა, რომელსაცა ეშვილა, რამეთუ იყოცა ძმისწული მისი. და საშოჲთგანვე დედისაჲთ შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თვისისა, ვითარცა სამოელ წინაჲსწარმეტყველი, და მარხვასა შინა იზარდებოდა მსგავსად წინამორბედისა, რამეთუ სიჩჩოჲთგანვე ღვინოჲ და ხორცი არა შეხდა პირსა მისსა, ვინაჲთგან ქრისტესა განეკუთვნა სული თვისი სამკვიდრებელად. და ხატიცა მონაზონებისაჲ ემოსა, რამეთუ თავისუფალ იყო იგი სიმღერისაგან ყრმათაჲსა და ყოვლისაგან აღრევისა კაცთაჲსა და მარტოდ იყოფვინ თვისსა მას სადგურსა, რომელსა განწესებულ იყო. ამისთვისცა დაყუდებულ უწოდიან მას სახელი.

ხოლო გულისხმიერებაჲ სწავლისაჲ განსაკვირველი იყო ფრიად. რამეთუ მსწრაფლ დაისწვლა დავითი და ხმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღვროჲ, ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათაი და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწვართნა.

ხოლო სიბრძნეცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაჲ ისწავა კეთილად. და რომელი პოვის სიტყვაჲ კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკვალი განაგდის. და განითქვა სისრულე იგი მისი სახელოვნად ყოველთა შორის. ხოლო გარეშესა მას სიბრძნესა სოფლისასა ჰბასრობნ სიტყვისაებრ მოციქულისა, ვითარმედ - „გან-რაჲ-მე-აცოფა ღმერთმან სიბრძნეჲ იგი ამის სოფლისაჲ“.

სიტყვაჲ მისი იყო შეზავებულ მარილითა მადლისაჲთა. რაჟამს იტყვინ, ბრძნად აღაღის პირი თვისი და წესი განუჩინის ენასა თვისსა. და ჰასაკისა ზრდასა თანა სათნოებაჲცა კეთილი იზარდებოდა, რამეთუ არა იყო, ვითარცა ჭაბუკი, მზვაობარ და ჭამადთა გულის სათქმელთა მოყვარეჲ, არამედ თავით თვისით დანიელ წინაჲსწარმეტყველისა სიტყვასა იტყვინ, ვითარმედ - „პური გულის სათქმელი არა ვჭამო“.

და ესრეთ მიიღის საზრდელი საგლახაკოჲ ხორცთა თვისთა განსამტკიცებელად ნეტარმან გრიგოლ, მდაბალმან გულითა და გლახაკმან სულითა, მყუდრომან ქცევითა და მოწყალემან გონებითა, რამეთუ ძირი სიწმიდისაჲ მარადის გულსა მისსა დანერგულ იყო, აღმომცენარეჲ ჯეჯილსა ღმრთისმსახურებისასა. და ნერგი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაჲ აღორძნდა სულსა მისსა და ნაყოფი ღმრთისა სიყვარულისაჲ გარდაემატა მის შორის. და ესევითართა მრავალფერითა კეთილად განგებითა ცხოვნდებოდა ჭაბუკი ესე სამღდელოჲ სათნოდ უფლისა.

ხოლო იყო ხილვითა დიდ, ხორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოვლად კეთილ, სრულიად გვამითა მრთელ და სულითა უბიწო.

3

მაშინ ხელმწიფეთა მათ, აღმზრდელთა მისთა, და სანატრელმან დედამან მისმან და ერისა სიმრავლემან ინებეს ხუცად კურთხევაჲ ამის ნეტარისაჲ. და ჰრქვეს მთავართა მათ და მშობელმან მისმან:

- შვილო ყოვლად კეთილო და სარწმუნოო ქრისტეს მონაო, აჰა, მოიწია ჟამი წინაჲსწარმეტყველისა დავითის თქმულისაჲ, რომელსა იტყვის: „ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა, არამედ უბრალოჲ ხელითა და წმიდაჲ გულითა“. და აწ შენ გპოვა ქრისტემან უბრალოჲ ხელითა და წმიდაჲ გულითა. და რაჲთა შენ აღხვიდე მთასა უფლისასა და დასდგე ადგილსა წმიდასა მისსა შემწირველად წმიდასა და უსისხლოსა მსხვერპლსა მისსა ღირსებისა შენისათვის და სასოდ სულთა და ხორცთა ჩვენთა.

ხოლო ამას ნეტარსა დაღაცათუ აქვნდა სიყვარული მღდელობისაჲ, შეზრუნდა სიტყვასა მათსა ზედა და შიში დაეცა სიახლისათვის ჰასაკისა მისისა და ჰრქვა მათ:

- თქვენ იცით ძალი საღმრთოთა წიგნთაჲ. გულისხმა გიყოფია წმიდათა მოციქულთა და ნეტართა მღდელთმოძღვართა განსაზღვრებული კანონი წმიდისა კათოლიკე ეკლესიისაჲ, თუ ვითარნი კრძალვანი უხმან მღდელობასა და ყოვლად უბრალოებაჲ არა ხოლო საქმით, არამედ გონებითაცა და სიტყვითა. ხოლო დაღაცათუ სულგრძელებასა ღმრთისასა თავს უდებიეს დათმენაჲ უწესოთა კაცთა მღდელობაჲ, უმჯობეს არს მათა, უკეთუმცა ყოვლადვე რიცხვსა კაცთასა არ შერთულ იყვნეს, ვიდრე საუკუნოდ პატიჟთა დაუსრულებელთა. ხოლო სარწმუნოთა მღდელთათვის ესე უწყოდეთ თქვენ, ვითარმედ უფროჲს არს ყოველთა დიდებათა სულიერთა და ხორციელთა, რამეთუ ქრისტეს ნაცვალობაჲ არს, ჭეშმარიტისა ღმრთისაჲ, რომელმანცა ჰრქვა მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ - „ნეტარ ხართ თქვენ რამეთუ მრავალთა წინაჲსწარმეტყველთა და მართალთა სწადოდა ხილვად და სმენად, რომელსა თქვენ ხედავთ და გესმის, და ვერ მიემთხვინეს“, რომელსა ღირს იქმენით თქვენ. და თვისისა მის მღდელობისა ნაცვლად უფალმან მოციქულნი დაადგინნა მღდელად. და შემდგომითი შემდგომად ყოველნი სარწმუნონი მღდელნი და მათ მიერ ცხორებისა სასოებაჲ ქრისტეანეთაჲ მღდელობასა შეჰვედრა და სასწაულთა ყოველთა და წინაჲსწარმეტყველთა ჩვენებასა და ღმრთისმხილველთა კაცთა გამოცხადებასა მღდელობითა დაჰბეჭდა. და აწ არა ვინაჲ არს კაცთა ცხოვრებაჲ თვინიერ მღდელობისა, რომლისათვის პავლე იტყვის, ვითარმედ - „ქრისტეს მიერ სახარებისაგან მე გშვენ თქვენ“. და უფალი ბრძანებს: „უკეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ და არა მიიღოს წმიდაჲ საიდუმლოჲ, ვერ შევიდეს სასუფეველსა ცათასა“. და აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის.

მაშინ მიუგეს ბრძენთა მათ მთავართა და ჰრქვეს:

- შვილო, გამორჩეულო ქრისტესო! შიში ღმრთისაჲ თავი არს სათნოებათაჲ, ვითარცა მოსე იტყვის: „რასა ითხოვს ღმერთი შენგან, ჰოჲ ისრაელ, არამედ რაჲთა გეშინოდეს მისა“, „რამეთუ შიშმან უფლისამან შესძინის დღეთა“, ვითარცა იტყვის სოლომონ, რამეთუ - სიბერისა პატიოსნებაჲ არა მრავალი ჟამი არს და არცა რიცხვი დღეთაჲ აღრაცხილ, ხოლო მხცოვანებაჲ არს გონიერებაჲ კაცისაჲ და ჰასაკ სიბერის - ცხოვრებაჲ უბიწოჲ. და კვალად იობ იტყვის: „არა თუ მრავლისა ჟამისანი არიან ბრძენ, არცა ბრძენთა იციან სამართალი“, „არამედ სული ვიდრემე, და სული იგი ყოვლისა მპყრობელისაჲ, რომელმან ასწავის სიბრძნეჲ“. და შენ მოგცა ქრისტემან კეთილი მოხუცებულობაჲ გონებისაჲ. და აწ ნუღარ ურჩ იქმნები, არამედ მორჩილ იქმენ ბრძანებასა ქრისტესა და ჰმონე მას მღდელობითა, რომელმან ივნო ჩვენთვის მღდელმან მან საუკუნემან და ჩვენ ყოველნი გვაცხოვნა.

ხოლო ნეტარი გრიგოლ დაემორჩილა მათ და ნებითა ღმრთისაჲთა იკურთხა ხუცად ვედრებისაებრ მვედრებელთა მისთაჲსა, რომელ შვენოდავე კრძალულებით საღმრთოჲთა კანონითა ქცევასა მისსა და მარადის წმიდისა სამებისა მართლმადიდებლობასა. და ესრეთ მხიარულ იქმნა სიმრავლეჲ იგი ერისაჲ, რაჟამს წმიდითა ხელითა მისითა ღირს იქმნნეს მიღებად ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა.

მაშინ მთვარნი იგი განიზრახვიდეს ებისკოპოსობასა მისსა, რამეთუ ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ აქვნდა ყოველთა ჭეშმარიტებისა მასწავლელად, ვითარცა წერილ არს: „ბაგეთა მღდელისათა დაიცვან სამართალი და შჯული პირისა მისისაგან გამოიძიონ, რამეთუ ანგელოზი უფლისა ყოვლისა მპყრობელისაჲ არს იგი“.

4

ხოლო ნეტარმან გრიგოლ, ვითარცა იხილა თავი თვისი ხორციელად დიდებასა შინა, ფრიად წუხდა გული მისი და განიზრახა ფარულად სივლტოლაჲ თვისით ქვეყანით საღმრთოჲთა წოდებითა, რომელიცა უძღოდა მას მამათმთავრისა აბრაჰამის სახედ, და ვითარცა ისრაელნი უდაბნოდ. არამედ აბრაჰამ ქვეყანისა მისგან ურწმუნოთა ნათესავთაჲსა განაშორა ღმერთმან, ხოლო ესე მორწმუნისა და კეთილად მსახურისა ქვეყანისაგან გამოიყვანა ამის მიზეზისათვის, რაჲთა უქმთა მათ უდაბნოთა შინა გამობრწყინდეს სანთელი ესე დაუვსებელი, ბრწყინვალეჲ ზედა სასანთლესა მას მაღალსა, ზეთითა მით განუპარველითა, რაჲთა ხმასა მას და ოხრასა საყვირისასა აღეტყინოს და განბრწყინდეს სულითა ძლიერითა და მიუძღვეს საქორწინესა მას კრებულსა თანა მოწაფეთა მისთა წმიდათასა. და რამეთუ მადლითა მით ღმრთისმხილველითა, გონიერითა და უბიწოჲთა, გულისხმა ეყო შეუცვალებელი იგი სუფევაჲ, ზეცისა მთავრობაჲ, და მათ თანა მოდასეობისა წადიერებითა დაუტევა შეცვალებადი პატივი ქვეყანისა მოკვდავთა კაცთა სუფევისაჲ და მოჰრიდა ჟამიერთა და ნივთიერთა ბუნებათა, რაჲთა უჟამოჲ იგი ნათელი უძღოდის უნივთოსა მას სამკვიდრებელსა და უცვალებელსა დიდებასა სასუფეველსა ცათასა.

5

და ესევითარსა კეთილსა განზრახვასა და გზავნასა მისსა პოვნა მოყვასნი კეთილნი შეწევნითა ქრისტეს მადლისაჲთა: საბა, რომელსა ეწოდა საბან, დედის დისწული მისი, იშხნისა მეორედ მაშენებელი და ებისკოპოსი მისი, და თევდორე, ნეძვისა მაშენებელი და მამაჲ, და ქრისტეფორე, კვირიკეთისა მაშენებელი და მამაჲ. ესე ოთხნი შეანაწევრნა სარწმუნოებამან და საღმრთომან სიყვარულმან შეამტკიცა ერთ ზრახვად შეკრებულნი, ვითარცა სული ერთი, ოთხთა გვამთა შინა დამტკიცებული.

მაშინ ნეტარმან გრიგოლ თქვა სიტყვაჲ იგი დავითისი, ვითარმედ:

- „რაჲ-მე კეთილ, ანუ რაჲ-მე შვენიერ, არამედ დამკვიდრებაჲ ძმათაჲ ერთად!“ რამეთუ ვითარცა თქვა ქრისტემან სახელისა მისისათვის შეკრებულთა შორის დამკვიდრებაჲ თვისი, ეგრეთვე იყავნ ჩვენ შორის თავადი უფალი, რაჲთა სათნო ეყოს სულიერი ესე საგრობაჲ ჩვენი უცხოებასა შინა და რაჲთა შეწირულ იყოს მსახურებაჲ ჩვენი სათნოდ მის წინაშე.

ხოლო მათ თქვეს:

- იყავნ ქრისტე ღმერთი ჩვენ შორის სულიერად ძმობასა და გზავნასა ჩვენსა და უძლურსა გულსმოდგინებასა სიტყვათაებრ შენთა, ბრძენო გრიგოლ, რაჲთა ძალი საღმრთოჲ დაემკვიდროს ჩვენ შორის.

მაშინ ერთითა მით ერთობითა აღიბეჭდნეს თავნი თვისნი ძლიერებისა ბეჭდითა მით ნიშისა საუფლოჲსა პატიოსნისა ჯვარისაჲთა. და სიხარულით წარემართნეს გზასა მას, რომელი არა უწყოდეს, არამედ არა უმეცარ იყვნეს, რამეთუ უფალი მხოლოჲ უძღოდა მათ, ხედვიდა რაჲ გულსა მათსა წმიდასა და წყაროებრ დაუწყვედელსა ლოცვასა და ცრემლთა მათთა ნაკადულსა. და მოიყვანნა იგინი ქართლით ოპიზას პირველად.

ხოლო იყვნეს ოპიზას ძმანი მცირედნი შეკრებულ ქრისტეს სიყვარულისათვის, ვინაჲთგან პოვნილ იყო წმიდაჲ იგი მცირე ეკლესიაჲ წმიდასა ნათლისმცემელისაჲ. და იყო წინამძღვრისა მათისა სახელი ამბა გიორგი, რამეთუ მესამე მამაჲ იყო ოპიზისაჲ, რაჲთგან სამოელ და ანდრია გარდაცვალებულ იყვნეს.

ამან ნეტარმან ამბა გიორგი, ვითარცა იხილნა სანატრელი მამაჲ გრიგოლ და მოყვასნი მისნი, გულისხმა ყო საღმრთოჲთა ცნობითა ღირებისა მათისა მადლი და შეიწყნარნა იგინი სიხარულით არა ვითარცა მოწაფენი, არამედ ვითარცა უზეშთაესნი მისა. უწყოდა სულითა, რამეთუ პატივი ზეგარდამო ღმრთისა მიერ მონიჭებად იყო მათდა.

და ორისა წელიწადისა იყვნეს ოპიზას მამაჲ გრიგოლ და მოყვასნი მისნი ღვაწლითა ფიცხელითა მონაზონებისა შრომისაჲთა, ვითარცა იყო წესი მის ჟამისა მონაზონთაჲ.

ხოლო მამასა გრიგოლს სწადოდა მარტოდ დაყუდებაჲ, რამეთუ ესმოდა ანგელოზებრივი ცხორებაჲ მარტოდ მყოფთაჲ მათ სივრცესა მას შინა უდაბნოჲსასა, რომელნი-იგი იზარდებოდეს მძოვართა სახედ მწვანვილითა და ხილითა, ხოლო რომელნიმე მცირედითა პურითა. და რომელთაჲმე ესმოდა სახელი და რომელნიმე ფარულად იყვნეს.

ყოველთა მათ ნეტართა მოიხილავნ წმიდაჲ გრიგო და კეთილთა ქცევათა მათთა ისწავებნ - რომელთაგანმე ლოცვასა და მარხვასა, რომელთაგანმე სიმდაბლესა და სიყვარულსა, რომელთაგანმე სიმშვიდესა და განურისხველობასა, რომელთაგანმე უპოვარებასა და ქვეყანასა ზედა წოლასა, გინათუ ზეჯდომით ძილსა, რომელთაგანმე უძლურებასა და ხელთსაქმარსა დუმილით და მსგავსთა ამათთა სათნოებათა. და ესრეთ სწავლათაგან სულიერთა აღსავსემან მიაქციის საყოფლადვე თვისა, რამეთუ ესმინ წმიდათა მათგან, ვითარმედ - ჰრცხვენისმცა სოფელსა ქცევათაგან ჩვენთა კეთილთა.

6

მას ჟამსა იყო ვინმე ბერი ხანძთას მარტოდ მყოფი, კაცი მართალი და წმიდაჲ, რომლისა სახელი - ხვედიოს. ამან ნეტარმან ჩვენებაჲ იხილა არა თუ ძილსა შინა, არამედ ცხადად. რამეთუ ხედვიდა ადგილსა მას წმიდასა, სადა აწ ხანძთას წმიდაჲ ეკლესიაჲ შენ არს, ვითარმცა სახედ ეკლესიისა ნათლისა ღრუბელი გამოხატული დგა მყოვარ ჟამ და სულნელებაჲ დიდძალი გამოვიდოდა მიერ ღრუბლით. და ესმა ხმაჲ ნეტარსა მას ბერსა, ვითარმედ:

- აღეშენოს წმიდაჲ ეკლესიაჲ ადგილსა ამას ხელითა გრიგოლ მღდელისა, კაცისა ღმრთისაჲსა, და სულნელებაჲ ლოცვათა მისთაჲ და მოწაფეთა მისთაჲ, ვითარცა კეთილი საკმეველი, აღიწეოდის წინაშე ღმრთისა.

და ესე ჩვენებაჲ ვითარცა იხილა, განიხარა დიდად ფრიად და მიელოდა უწყებულსა მას წმიდასა, რამეთუ ჩვეულებაჲ აქვნდა ღმრთისამიერისა ხილვისაჲ. ეგრეთვე აუწყა ქრისტემან სანატრელსა მამასა გრიგოლს ბერისა მის ღირსებაჲ და ადგილისა მის მიგებად მისა.

მას ჟამსა წინამძღვრობითა სულისა წმიდისაჲთა მოიწია ხანძთად სათნოჲ ღმრთისაჲ მამაჲ ჩვენი გრიგოლ წმიდისა მის ბერისა. და ვითარცა იხილეს ერთმანეთი, განიხარეს ფრიად და ყვეს ლოცვაჲ. მაშინ ნეტარმან მან ბერმან ჰრქვა:

- მაკურთხე, წმიდაო მამაო გრიგოლ, რამეთუ მღდელი ხარ შენ.

და ყო ლოცვაჲ მამამან გრიგოლ. და ვითარცა მრავალ ჟამთა მეგობარნი საყვარელნი მოიკითხნეს ურთიერთას და სიხარულით დასხდეს და მიუთხრეს ჩვენებაჲ იგი პირველი. ხოლო ნეტარმან გრიგოლ ჰრქვა:

- ვჰმადლობ ქრისტესა, რომელი მომიძღვა საყოფელად შენდა შვილსა შენსა და ღირს მყო მე თაყვანისცემად კვალსა წმიდათა ფერხთა შენთასა, გამორჩეულო ღმრთისაო! ამიერითგან იყავნ წმიდაჲ ჯვარი შენი საფარველ ჩემდა და შეწევნაჲ ღირსთა ლოცვათა შენთაჲ - ზღუდე ჩემდა.

ხოლო მან ჰრქვა:

- არამედ უფროჲსღა ნაყოფი წმიდათა ლოცვათა შენთაჲ და წმიდაჲ ჯვარი შენი მარადის იყავნ ჩემ ზედა, უძლურისა ამის მოხუცებულისა, და მცირედთა დღეთა შემდგომად იხილო მტვერქმნული შენ, წმიდაო ღმრთისაო. დაღაცათუ დღითა უმრწემეს ხარ, საქმითა კვლა უხუცეს ხარ ჩემსა, რამეთუ შენ იყო მწყემსი კეთილი მრავალთა პირმეტყველთა საცხოვართა ქრისტესთა და სულისა ჩემისა საუკუნოდ გვირგვინი და სასოჲ. ამისთვისცა არა თუ ხორცთა და სისხლთა მოგაწიეს უქმსა ამას უდაბნოსა ქვეყანით შენით, მამაო პატიოსანო, არამედ ძალი ძისა ღმრთისა მხოლოჲსაჲ და სიბრძნეჲ სულისა წმიდისაჲ და მადლი ღმრთისა მამისაჲ გაქვს წინამძღვრად შენსა, რომლისა წინაშე წარხდომილ არს ყოველი შეთხზულებაჲ მცბიერისა მანქანებათაჲ, ვითარცა ქსელი დედაზარდლისაჲ წინაშე ქარსა. და რამეთუ უწყის ბოროტმან ზარი სიწმიდეთა შენთაჲ, რომლითაცა შეიკრა, ვიღარცა-რაჲ მფრინველი შეურაცხი, და სრულიად დათრგუნოს ქრისტემან ფერხთა ქვეშე შენთა, წმიდაო მამაო.

ხოლო ნეტარმან გრიგოლ ჰრქვა მას:

- ქრისტემან აღუთქვა მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ - „მე თქვენ თანა ვარ ყოველთა დღეთა“, და არა ხოლო თუ თქვენ თანა ოდენ, არამედ „ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ ყოველთა თანა მორწმუნეთა. იგივე თავადი უფალი მკვიდრ არს შენ თანა, ღირსო მამაო, რომელმანცა ლოცვითა შენითა მომანიჭოს ძლევაჲ ეშმაკთაჲ და მანქანებათა მათთა ურიცხვთაჲ. და შენ მოგცეს შრომათა შენთა  წილ სასუფეველი ცათაჲ სიტყვისაებრ მოციქულისა, ვითარმედ: „სასყიდელი იგი მოქმედსა მას შეერაცხების არა თუ მადლით, არამედ თანანადებით“.

ამის შემდგომად ჰრქვა კეთილმან მან ბერმან წმიდასა მამასა გრიგოლს:

- წინაჲსწარმეტყველი იტყვის, რამეთუ - „ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყვანი შენნი უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა“. არამედ ხორცთა საღვაწი უხმს წერილისაებრ, რომელმან მოსცა საზრდელი ყოველსა ხორციელსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

მაშინ განჰმზადა ტაბლაჲ მსგავსად ჩვეულებისა სიხარულით, რომელი დახვდა დიდსა მას უპოვარებასა მისსა. და აკურთხეს მადლობით და იწყეს ჭამად მარადის მეტყველთა სულისა საზრდელსა მას სიტყვასა: „უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ“. და კნინითა მით საშვებელითა ფრიად იშვებდეს, ვითარცა დიდძალითა სანოვაგითა. რამეთუ ღმერთი იყო შორის წმიდათა მათ, სიხარული დაუსრულებელი და კეთილი მოუკლებელი, რომლისათვისცა იტყოდეს:

- არა ნაკლულევან ვართ, არამედ აღსავსე მადლითა საუნჯეთა მათგან მოუკლებელთა, უხილავთა და განუპარველთა.

და ვითარცა მიიღეს საზრდელი, კვალად იწყეს სულისა ცხორებისა ზრახვასა. და იყო განგრძობილად სიტყვაჲ მათ შორის, რამეთუ დღეჲ იგი დამწუხრდა და ღამეჲ განთენა უძილობით ლოცვასა შინა მათსა და გალობასა ღმრთისასა.

და განთიად მოახილვა ყოველი სანახები ხანძთისაჲ. და ფრიად შეუყვარდა წმიდასა გრიგოლს. მაშინ ჰრქვა ნეტარსა ბერსა:

- წარვიდე ოპიზას და მსწრაფლ ხოლო მივიდე ძმათა ჩემთა თანა, რომელ დაუტევენ მუნ, რაჲთა მოვიდენ ჩემ თანა და იგინიცა იკურთხნენ წმიდათაგან ლოცვათა შენთა.

და ვითარცა მოიწია ოპიზას, ახარა ძმათა თვისთა ხილვაჲ წმიდისა მის ბერისაჲ და ადგილისაჲ მის კეთილისა საყოფელისა ღმრთივმოცემულისაჲ.

და მწრაფლ ხოლო მივიდეს ამბა გიორგისა, ოპიზას წინამძღვრისა, და მოიღეს ლოცვაჲ წმიდაჲ მისი და ძმათა ყოველთაჲ და სიხარულით მოიწინეს ხანძთად. ყვეს ლოცვაჲ და მოიკითხეს წმიდაჲ იგი ბერი, ვითარცა ზეცისა ანგელოზი. ხოლო მან განიხარა ხილვაჲ ნეტართაჲ მათ და ჰრქვა მათ:

- თქვენ ხართ სიწმიდისა ნაყოფნი, მცენარენი სულნელნი, ვარდნი შვენიერნი, ფინიკნი კეთილნი და ზეთისხილნი ნაყოფსავსენი, ზეთითა მით სიწმიდისაჲთა პოხილნი, რომელთა ხილვითა დღეს განიპოხა სიბერეჲ ჩემი და ამაღლდა სიხარული ჩემი, ვითარცა რქაჲ მარტორქისაჲ. ამიერითგან იხარებდინ უდაბნოჲ ესე თქვენ - ქრისტეს ნებისმყოფელთა ამას შორის დანერგვითა.

ხოლო მათ ჰრქვეს:

- წმიდისა ანტონის მიმსგავსებულო წმიდაო მამაო! სიტყვითა შენითა პატივი ჩვენთვის ზეშთა ბუნებათა არს, არამედ დაამტკიცენ ქრისტემან ყოვლისა შემძლებელმან ქებისა ბრძანებაჲ ეგე მადლიერი და კმა არს ჩვენდა. და ინებენ უფალმან მოცემად ჩვენდა მადლი ესე, რაჲთა ღირსად ვჰმსახუროთ სიწმიდესა შენსა ვიდრე აღსასრულამდე, ჰოჲ წმიდაო ღმრთისაო.

მაშინ ჰრქვა ბერმან:

- დაღაცათუ მხიარულ არს გული თქვენი მსახურებად მოხუცებულებასა ჩემსა, ხოლო ესე უწყოდეთ, ნებითა ღმრთისაჲთა ვიდრე სიკვდილამდე თვით ვჰმსახურო თავსა ჩემსა, რამეთუ დავით იტყვით - აღუთქვით და აღუსრულეთ უფალსა ღმერთსა თქვენსაო. აწ მე აღმითქვამს უფლისადა ვიდრე აღსასრულამდე ჩემდა მარტოდმყოებაჲ. სულითა კვლა თქვენ თანა ვარ და აწ ჯერ არს ჩემდა აღნათქვემისა საქმით აღსრულებაჲ. - ამისა შემდგომად ჰრქვა ნეტარსა გრიგოლს: - მიმსგავსებული ელიაჲსო და იოვანესო, ნეტარო კაცთა შორის! არს მახლობელად ჩვენსა ქვაბი მცირეჲ, წარმიყვანე მუნ შენ და ძმათა შენდა, რაჲთა ნეშტი დღეთა ჩემთაჲ მას შინა აღვასრულო. რამეთუ მცირედღა ყოფად არს ჩემი ხორცთა შინა ყოფაჲ. ხოლო ესე აღმითქვით, რომელ ჩემდა სიკვდიდმდე არა განჰმრავლდეთ ადგილსა ამას შინა.

და ჯვარი დასწერა თვისსა მას სამკვიდრებელსა და სიტყვაჲ მისი განძლიერდა. და მათ არღარა იკადრეს ცილობად, არამედ მივიდეს მის თანა ქვაბად და ყვეს ლოცვაჲ. ხოლო ბერმან თქვა:

- ესე არს განსასვენებული ჩემი უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე.

მაშინ ამბორს უყვეს ურთიერთას და მისცეს მშვიდობაჲ წმიდასა მას ნეტართა მათ და შემოვიდეს ადგილსა მას ღმრთისა მიერ ჩინებულსა სამონასტრედ.

ხოლო წმიდამან გრიგოლ გონებითა შემუსრვილითა ლოცვაჲ ესე ცრემლით ხელგანპყრობით წართქვა:

გაგრძელება...