წმიდა აღმსარებელი ბასილისა ნიკომიდიელი (+309)

3 (16) სექტემბერი

წმიდა აღმსარებელი ბასილისა ნიკომიდიელი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის, ამ დროს გოგონა ცხრა წლის იყო, მან ნიკომიდიის მმართველ ალექსანდრეს წინაშე ახოვნად აღიარა ქრისტე. მმართველი ჯერ ალერსით ცდილობდა მის გადმობირებას, შემდეგ კი, გოგონას სიმტკიცით გააფთრებულმა, მისი წამება ბრძანა. ნეტარი სასტიკად გვემეს, ცეცხლზე დაკიდეს, გახურებულ ქურაში შეაგდეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად... მაგრამ ღვთის მადლით დაცულმა, ყველა ამ სატანჯველს უვნებლად გამოაღწია. ამ სასწაულმა ალექსანდრე უფლის ყოვლისშემძლეობაში დაარწმუნა, ფეხებში ჩაუვარდა წმიდა ყრმას და შენდობა და უფლის წინაშე მეოხება სთხოვა. წმიდა ბასილისამ სიხარულით ადიდა ღმერთი. მოუწოდეს ეპისკოპოსს, რომელმაც ალექსანდრე დამოძღვრა და კათაკმევლად დაადგინა. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი მმართველმა კეთილმსახურებაში გაატარა. წმიდა ბასილისამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს 309 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.