წმიდა მოციქული ევოდი (+66) და ონისიფორე (+67-ის შემდეგ) - სამოცდაათთაგანნი

7 (20) სექტემბერი

წმიდა მოციქული ევოდი, სამოცდაათთაგანი, პეტრე მოციქულის შემდეგ სირიის ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. წმიდა მამას მისი მემკვიდრე, მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (ხს. 20 დეკემბერს) ანტიოქიელთა მიმართ ეპისტოლეში ახსენებს: „მოიხსენეთ ნეტარი მამაჲ თქვენი ევოდი, რომელიც მოციქულთაგან თქვენს პირველ მოძღვრად იქნა დადგენილი“.

წმიდა მოციქულმა ოცდაშვიდი წელი იღვაწა მღვდელმთავრის ხარისხში და იმპერატორ ნერონის (54-68) დროს, სამოცდაექვსი წლის ასაკში, მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოციქულ ონისიფორეს მოციქული პავლე ახსენებს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში: „მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალგზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ უჩნდა, არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა. მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი“ (2 ტიმ. 1.16-18). წმიდა ონისიფორე ჯერ კოლოფონში (მცირე აზია) იქნა დადგენილი ეპისკოპოსად, შემდეგ კი - კორინთოს სამწყსოს განაგებდა. იგი მოწამეობრივად აღესრულა ჰელესპონტის ნაპირას, ქალაქ პარიაში (ეფესოს მახლობლად), სადაც წარმართთა შორის ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად ჩავიდა. უსჯულოებმა შეიპყრეს უფლის რჩეული, საკერპოსთან მიიყვანეს და წარმართული ღვთაებებისთვის საკმევლის კმევა მოსთხოვეს; როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, მონასთან, ჰორფორისთან ერთად გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და მიწაზე თრევით ამოხადეს სული: რომაული მარტიროლოგის მიხედვით, წმიდა ონისიფორე 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.