წმიდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელი

12 (25) სექტემბერი

წმიდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ზუსტი ცნობები არ შემონახულა. ცნობილია, რომ იგი დაიბადა ალექსანდრიაში. მხურვალე ქადაგებებითა და წმიდა ცხოვრებით ცნობილი მამა საშინლად სძულდათ ალექსანდრიელ წარმართებს. ერთ-ერთი ქადაგების დროს ისინი გარს შემოერტყნენ ნეტარს და შეიპყრეს. წმიდა მღვდელმთავარს წინააღმდეგობა არ გაუწევია. უსჯულოებმა სასტიკად გვემეს იგი, ეკლის გვირგვინი დაადგეს თავს, ქალაქში დაატარებდნენ და დასცინოდნენ, შემდეგ ზღვის ნაპირას აღმართულ კლდეზე აიყვანეს და მორევში ჩააგდეს. უეცრად ქარი ამოვარდა და ტალღებმა უფლის სათნომყოფელი უვნებლად გამორიყა ნაპირზე. გაოგნებულმა უღმრთოებმა ნეტარი თეოდორე ქალაქის თავს მიჰგვარეს, ამ უკანასკნელმა კი ბრძანება გასცა, სასტიკად ეწამებინათ იგი. მხნე აღმსარებლის ბაგეებს ლოცვის გარდა არც ერთი სიტყვა არ დასცდენია. ბოლოს უღონოქმნილმა წარმართებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.