ღირსი ევმენიოსი - ჰორტინელი ეპისკოპოსი (VII)

18 (01.10) სექტემბერი

ღირსი ევმენიოსი კეთილმსახური ცხოვრებით გამორჩეული ქრისტიანი იყო. მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი, ღვთის მოწყალებას მინდობილმა, ამსოფლიური საცდურებისაგან განრიდებული ფიცხელი მოღვაწეობა დაიწყო. ღვთის კურთხევით ნეტარი მამა ჰორტინის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი კუნძულ კრეტაზე. წმიდა მღვდელმთავარი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მისი ლოცვით ხშირად მოუვლენია ღმერთს წვიმა გვალვის დროს, განუკურნავს სნეულები და განუმტკიცებია დაბრკოლებულნი. წმიდანი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას იმჟამად აღმოცენებული მონოთელიტთა მწვალებლობისაგან. ერეტიკოსთა წინააღმდეგ დაუცხრომელი ბრძოლისთვის უღმრთოებმა იგი თებაიდაში გადაასახლეს, სადაც აღესრულა კიდეც VII საუკუნეში. უფლის რჩეულის ნეშტი ჰორტინაში გადაასვენეს და იქვე მიაბარეს მიწას.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.