ბეთანიელი ბერები

XIX საუკუნის ბოლოს ბეთანიის მონასტრის პირველი აღმდგენელი იყო მღვდელმონაზონი სპირიდონი (კეთილაძე), რომელიც აქ სრულიად მარტოდმარტო ამოსულა და საიმედო თანამდგომთა გარეშე უღვაწია. 1894-96 წლებში დიდი გაჭირვებით გაუმართავს სავანე, რათა მცირერიცხოვანი ძმობისათვის საცხოვრებლად გამოსადეგი ყოფილიყო. მას ეხმარებოდა პატარა გლეხის ბიჭი ვასილ მაისურაძე, რომელიც 1903 წელს, ღვთის ფარული განგებულებით, ათონის წმიდა მთაზე აღმოჩნდა იოანე ღვთისმეტყველის სავანეში, სადაც 17 წელიწადი დაჰყო. დროთა ვითარებამ აიძულა ქართველი ბერები, წმიდა მთა დაეტოვებინათ. საქართველოში დაბრუნებული ბერების ნაწილი არმაზის მონასტერში დასახლდა. მათ შორის იყო ვასილ მაისურაძეც, ახლა უკვე მღვდელმონაზონი იოანე. 1921 წლისათვის კი იქ მხოლოდ ორი ბერიღა დარჩენილიყო - მამა იოანე და ძმობის კიდევ ერთი წევრი. ერთხელ მონასტერში ორი შეიარაღებული ჩეკისტი მივიდა, რომლებმაც ბერებს უბრძანეს, თან გაჰყოლოდნენ. გზაში მოულოდნელად ორივეს ესროლეს და, რაკი დახოცილები ეგონათ, ხევში გადაყარეს. მეორე ძმა მალე მოვიდა გონს და გაჭირვებით მილასლასდა მცხეთამდე. უმალ დაუწყეს ძებნა მამა იოანეს და ისიც ცოცხალი იპოვეს. დიდხანს უვლიდნენ მას სამთავროს მონასტრის დედები. გამონაჯმრთელების შემდეგ კი ბეთანიაში წავიდა, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობდა მამა სპირიდონი. მალე მამა სპირიდონმა მონასტრის წინამძღვრობა მამა ილიას (ფანცულაია) ჩააბარა, რომელიც ასევე ათონის წმიდა მთის ყოფილი მოღვაწე იყო. დიდხანს ისიც არ ყოფილა იღუმენი - სულ მალე სავანე მამა იოანემ გადაიბარა...

მამა გიორგი და მამა იოანე

1924 წელს ბეთანიის მონასტერში ბერი გიორგი (მხეიძე) მივიდა. ცნობილია, რომ იგი რაღაც დროის მანძილზე წმიდა ილია მართალთან პირად მდივნად მსახურობდა. მისი ადრეული მოღვაწეობიდან ვიცით, რომ ბეთანიაში ჩამოსვლამდე  უკვე ბერად იყო აღკვეცილი და ხირსის მონასტერში ცხოვრობდა. ბერად მიტროპოლიტ ნაზარის აღუკვეცია. ხირსის მონასტრიდან კომუნისტებმა 1924 წელს ყველა გამოყარეს. მათ მამა გიორგის სანახევროდ გაკრიჭეს წვერი. ამის შემდეგ, სანამ წვერი არ წამოეზარდა იგი სახეახვეული დადიოდა.

მეორედ ამგვარი შეურაცხყოფა მას ღვიძლი ძმებისაგან შეხვდა. მათ ძმა რწმენის გამო სძაგდათ და ღამით მძინარეს წვერ-ულვაში მოკრიჭეს. გამოღვიძებულმა ძმებს მხოლოდ ეს უთხრა: ღმერთი გაგებინებთ პასუხსო. მისმა ერთმა ძმამ თავი მოიკლა, მეორე კი მეუღლესთან ერთად დახვრიტეს, თანაც არა იმიტომ, რომ მათი ძმა ბერი იყო - მამა გიორგის ყველა პატივს სცემდა, ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი.

ბეთანიის მონასტერში მამა იოანემ და მამა გიორგიმ თითქმის მთელი ცხოვრება ერთად დაჰყვეს აღსასრულამდე.

ბერები ამაღლებულ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდნენ, ამასთან, ყველანაირად ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი სულიერი ღვაწლი. საიდუმლოებით მოცული დარჩა ღირს მამათა სულიერი ცხოვრება. მათ შესახებ მხოლოდ იმ ადამიანთა მოწმობით ვიცით, ვინც მათ ახლოს იცნობდა.

ჩვენ საშუალება მოგვეცა გავსაუბრებოდით მარია ლუკას ასულ მიხაილოვას, რომელიც ბავშვობაში ბეთანიელი ბერების ხშირი სტუმარი გახლდათ.

ბეთანიის მონასტრის სიახლოვეს ასევე ცხოვრობს 96 წლის ივანე წიკლაური, რომელსაც მონასტრის წევრები სიყვარულით ყოველთვის ვანო პაპად მოიხსენიებენ. ვანო პაპა ბევრ ისეთ რამეს იხსენებს, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. ამაში მას ბრწყინვალე მეხსიერებაც უწყობს ხელს. ჩვენ მას შარშან ვესაუბრეთ და მისგან ბევრი საინტერესო რამ შევიტყვეთ.

ვანო პაპა კარგად იცნობდა ბეთანიის მონასტრის ბერებს - მამა გიორგისა და მამა იოანეს.

   50-იან წლებში ქართველი მორწმუნეები არაერთხელ გამგზავრებულან რუსეთში იქ მოსაგრე სქიიღუმენ კუკშასთან, ეს იყო მაღალი სულიერების მქონე მამა, რომელსაც მასთან მისული ადამიანების აზრების წაკითხვაც კი შეეძლო. მასთან მისულ თბილისელ მლოცველებს ჯერ ერთი სიტყვაც კი არ ეთქვათ, რომ მოსაგრემ მათ მიმართა: „რაო, ჩემ ცოდვილის სანახავად ჩამოხვედით? განა არ სჯობდა, თქვენთანვე ახლოს, მთებში ასულიყავით, სადაც ორი კაშკაშა კანდელი ბრწყინავს? მათგან შეიძინეთ სულიერი მადლი!“ მას მოძღვრების სახელები არ უთქვამს, მაგრამ ცხადი იყო, რომ მამა იოანესა და მამა გიორგის გულისხმობდა.

ვანო პაპა: - „ძალიან კეთილი და პატიოსანი ხალხი იყო, მეტი რომ არ შეიძლება ისეთი. მაგრამ მამა გიორგი განსაკუთრებული იყო. ზოგჯერ, როდესაც თავისი სულიერი ძმის უსაზღვრო ხელგაშლილობას დაინახავდა, მამა იოანე შეახსენებდა ხოლმე: „ხვალაც ხომ გვჭირდებაო“. მამა გიორგი კი უპასუხებდა: - „ხვალ ღმერთი მოგვცემსო“. ძალიან თავშეკავებით ცხოვრობდნენ. ჩვეულებრივი საწოლებიც კი არ ჰქონდათ. ხმელ ფიცრებზე იწვნენ.

მამა იოანე ცხინვალში დაბადებულა. მას ბევრი საქმე ეხერხებოდა. მამა გიორგი კი უფრო ფუტკრებს უვლიდა. ძალიან დარდობდა: რომ დავიხოცებით, ეკლესიას ვიღა მიხედავსო. ეს ორივეს აწუხებდა, მაგრამ მამა გიორგი განსაკუთრებით განიცდიდა.

მარია მიხაილოვნა ასე იგონებს ბეთანიის მონასტრის სიახლოვეს გატარებულ წლებს: - „დედაჩემი ქართველი გახლდათ, მორწმუნე. 1941-1948 წლებში ორბეთში ვცხოვრობდით და ხშირად დავდიოდით ბეთანიის მონასტერში. მამა იოანე და მამა გიორგი 1941-42 წლებში გავიცანი. მაშინ ათი წლის თუ ვიქნებოდი. ბერები დედაჩემს ძალიან ახლოს იცნობდნენ. როცა დაგვინახავდნენ, ამბობდნენ, - ანას შვილები მოვიდნენო. საოცრად კეთილი, ყურადღებიანი და გულისხმიერები იყვნენ.

მამა გიორგი შედარებით გამხდარი იყო, სათვალეს ატარებდა. სულ ავადმყოფობდა. ჩვენთან ურთიერთობაში ნაკლებად შემოდიოდა. მამა იოანე  კი სიცოცხლით სავსე, მხიარული და ალერსიანი იყო. მასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო. დღემდე მომყვება ის სითბო, რომელიც მან ჩემს ბავშვობაში დათესა. მამა გიორგი წირვის შემდეგ დასასვენებლად ყოველთვის თავის ოთახს მიაშურებდა ხოლმე, მამა იოანე კი ჩვენთან საუბარს არჩევდა. ბავშვები იმდენად გათამამებულები ვიყავით მასთან, რომ ერთხელ, წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს, გავწუწეთ კიდეც. ამ დღეს მორწმუნეებში არსებობს განბანვის ჩვეულება. მშობლებმა გვისაყვედურეს, მაგრამ მამა იოანემ დაამშვიდა, დღესასწაულია და ასეა საჭიროო.

ბეთანიის მონასტრის სენაკების ძველი ფოტოები

ბერებს თავიდან საცხოვრებლად მომცრო ფარდული ჰქონდათ. შემდეგ შეძლეს ორსართულიანი სახლის აშენება, რომელშიც ოთხი სენაკი იყო. დასაწყისში საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ. მძიმე სამუშაოს ძირითადად მამა იოანე ასრულებდა, რადგან მამა გიორგის სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. ოფიციალურად ბეთანიის მონასტერი მოქმედად არ ითვლებოდა, ძეგლთა დაცვის სამსახური მათ ხელფასსაც კი უხდიდა, როგორც ძეგლის მომვლელებს. სინამდვილეში აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც მოქმედ მონასტერში. ღვთისმსახურებაც აღესრულებოდა. ტაძარში ხატები ესვენა, მამებიც სამონაზვნო სამოსში იყვნენ შემოსილნი. აქ ნათლავდნენ კიდეც, ჯვარსაც წერდნენ (საერთოდ, მღვდელმონაზონნი ქორწინების საიდუმლოს არ აღასრულებენ, მაგრამ ასეთ დროს მამები გამონაკლისს უშვებდნენ, რადგან ქრისტიანებს არ შეეძლოთ ქალაქის ტაძრებში თავისუფლად შესვლა ხელისუფლების მხრიდან მეთვალყურეობის გამო).

ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ მამა იოანე ავიდოდა ვანო პაპასთან და სთხოვდა, რაღაც საეჭვო ხალხი უტრიალებს მონასტერს და იქნებ, ჩამოხვიდე და ცოტა ხნით დარჩეო. ისიც ჩადიოდა და იქ ათენებდა ღამეს. ერთხელ სამი ძროხა მოპარეს. ბეთანიიდან თბილისამდე მიჰყვნენ მათ კვალს.

ვანო პაპა: „ორთაჭალის მილიციაში რომ მივედით, იქ გვითხრეს, ბერებმა ძროხები დაკარგეს და თქვენ რატომ ეძებთო. გამოხდა ხანი, თბილისის ერთ-ერთი რაიონის მილიციის უფროსი თოდუა მოხვდა რკინიგზის საავადმყოფოში, იმ პალატაში, სადაც მამა გიორგი იწვა და მასთან საუბარში აღიარა: „ის თქვენი დაკარგული ძროხები ჩვენ ვიპოვეთ, დავკალით და შევჭამეთ. ამ ცოდვის გამო მოვხვდი აქ“.

ბეთანიის მონასტრის წისქვილი
სამადლოს ხევში

ერთხელ ცკ-ს პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი იყო ჩასული მონასტერში და უთხრა ბერებს, თუ რამე დაგჭირდეთ ჩემთან მოდითო.

მონასტრის სიახლოვეს, ხევში მამა იოანეს წყლის პატარა წისქვილი გაუკეთებია, რომელსაც უცხო ხალხი თოფებს ესროდა და კრამიტებს უმტვრევდა. ამ მომენტს ვანო პაპას მამა შეესწრო, რომელიც ძალიან გაბრაზდა, ბერებს რომ ასე ჩაგრავდნენ და მამა გიორგის უთხრა, ბერობას თავი დაანებე, აიღე თოფი და მომხვდურები ძაღლივით დახოცეო. რა თქმა უნდა, მამა გიორგიმ და მამა იოანემ „რჩევა“ არ ისმინეს. მათ გარდაცვალების შემდეგ წისქვილი გაპარტახდა. დღეს ამ წისქვილის ქვა მამა გიორგის და მამა იოანეს საფლავების სიახლოვეს დევს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ბეთანიის მონასტერი დანგრეული იყო და საქონელი თარეშობდა.

ვანო პაპამ მოგვითხრო, რომ ბეთანიის მონასტრის აღდგენისას 12 წლის მამა იოანეს აგურისა და ქვის თრევით ხელები სულ დასისხლიანებული ჰქონია. იმ პერიოდში მანგლისისკენ მიმავალ გზაზე ბეთანიის მონასტრისთვის შემოწირულობათა ყულაბაც კი დაუდგამთ.

ვანო პაპა: კომუნისტების დროს მეც ვმუშაობდი მონასტრის აღდგენაზე, ბეტონს ვასხამდი.

მამა იოანეს თვალზე ცრემლები მოადგებოდა, როცა იხსენებდა, როგორც გამოდევნეს ქართველი ბერები ათონიდან, რომელთა შორის თავადაც იყო. მუსლიმები არ მოგვექცეოდნენ ისე, როგორც ბერძნები მოგვექცნენო, - იტყოდა ხოლმე. ათონიდან დაბრუნების შემდეგ ჯერ არმაზის მონასტერში იყო, ამ მონასტერში ვინმე ბერ დავითს (ბექაური) უმოღვაწია, რომელიც კომუნისტებს მოუკლავთ.

   „ერთხელ ასეთი შემთხვევაც მახსოვს - ლოცვად ვდგავარ დილით, და რადგან სამსახურში მიმეჩქარება, ვფიქრობ, ნეტავ, მალე მორჩებოდეს-თქო. მამა იოანე კი აგრძელებდა. უცებ მამა გიორგი, რომელიც ეზოში რაღაცას საქმიანობდა, შემოვიდა და მამა გიორგის სთხოვა, დაეჩქარებინა, რადგან მე მაგვიანდებოდა. შევკრთი, მან ხომ ჩემი ფიქრები წაიკითხა! გადვაპურეს და გამოგვისტუმრეს. გზაზე გამოსულებს ერთმა მძღოლმა მანქანა გაგვიჩერა, გამოგვკითხა, ბეთანიიდან მოვდიოდით თუ არა, მამა გიორგი მოიკითხა და თბილისში წაყვანა შემოგვთავაზა. მთელი მგზავრობის განმავლობაში ელდანაცემივით ვიჯექი: მაშ, მოხუც ბერს ჩემი ფიქრები წაუკითხავს და ულოცია კიდეც, რომ შინ მშვიდობით დავბრუნებულიყავით! აი, თურმე როგორები არიან ბეთანიელი მამები!“

ბეთანიაში მოღვაწე ბერებს ყოველმხრივ ავიწროებდნენ. ხშირად თავს ესხმოდნენ მონასტერს, ძარცვავდნენ.

ვანო პაპა: მამა გიორგი, ბეთანიაში მისვლამდე, მგონი, პატარძეულში მსახურობდა წმიდა ნინოს ტაძარში. 5-6 ახალგაზრდა მისულა მასთან და ძალით გაუკრეჭიათ. ამის გამო კარგა ხანს სახლიდან ვერ გამოვდიოდიო. ბეთანიაში ერთხელ წყლისკენ წაიყვანეს მამა იოანე ყაჩაღებმა და ფეხებთან ესროლეს, ოქრო მოგვეციო. მამა იოანემ შემომჩივლა ერთხელ, ვარცლიდან ამოიღეს სარეცხი და მოიპარესო.

მარია მიხაილოვა: ბერები განსაკუთრებით წყნეთელებს ემდუროდნენ. მათ არა ერხელ გაუძარცვავთ მონასტერი, უცემიათ ბერები. ზოგჯერ მეორე სართულზე ჩაკეტავდნენ და სანამ ვინმე არ ესტუმრებოდათ, გარეთ ვერ გამოდიოდნენ. ართმევდნენ საქონელს, თაფლს, საჭმელს. მოგეხსენებათ, ომის პერიოდში საშინელი გაჭირვება იყო. ბერებს ერთი ძალიან საყვარელი და ალერსიანი ძაღლი ჰყავდათ. როცა მონასტერს ვუახლოვდებოდით და ჩვენს ხმას გაიგებდა, საოცრად უხაროდა და ჩვენსკენ გამორბოდა, გვეთამაშებოდა. მაგრამ წყნეთელები მიდიოდნენ თუ არა, იწყებდა წკავ-წკავს, ღრენას, ტირილს, იმალებოდა კიდეც. ბერები გვეუბნებოდნენ, ძაღლიც კი გრძნობს, ჩვენთან ვინ მოდისო.

ვანო პაპა: ერთხელ, ომის დროს, სოფლის მჭედელი კვეზერელი მონასტერში ჩავიდა და იქ დარჩა ბერებთან. ეტყობა, რაღაცა იეჭვა. იმ დღეს მონასტერს თავს დაესხნენ და ბერებმა ამ კვეზერელის წყალობით მოიგერიეს თავდასხმა. სოფლის მცხოვრებნი ვეხმარებოდით ხოლმე ბერებს.

მამა იოანესა და მამა გიორგის ერთი პერიოდი ისე უჭირდათ, რომ გლეხებს ქერს უმკიდნენ მცირეოდენი გასამრჯელოს ფასად.

მარია მიხაილოვა: ბერები გვასწავლიდნენ ეკლესიაში მოქცევის წესებს, თუ როგორ უნდა გვეთქვა აღსარება, ვზიარებოდით. ჩვენ, ბავშვები, როცა აღსარებაზე მივდიოდით, გვეკითხებოდნენ, ხომ არაფერი მოგიპარავს, ხომ არ გიჭორავია და ა.შ. რუსები როცა მივდიოდით, წირვა-ლოცვას უმთავრესად რუსულ ენაზე ასრულებდნენ.

მამა გიორგი და მამა იოანე

ბერები ყოველთვის გვიმასპინძლდებოდნენ. ქალებს აძლევდნენ ბოსტნეულს: კომბოსტოს, სტაფილოს, ჭარხალს, ისინიც ამზადებდნენ საჭმელს, აწყობდნენ სუფრას: ფიალებით გვიდგამდნენ თაფლს, უხვად ჰქონდათ ვაშლი. ბავშვებსაც მეტი რა გვინდოდა?! სუფრასთან ყველა ერთად ვხსდებოდით. მამა გიორგი სუფრის თავში ჯდებოდა, მის გვერდით კი - მამა იოანე. დღესასწაულის აღსანიშნავად ერთ ჭიქა ღვინოს შევსვამდით ხოლმე. საუბრობდნენ ომზე, იმჟამინდელ გაჭირვებაზე. ჩვენს ქალებს ძალიან აფასებდნენ და თანაუგრძნობდნენ, რადგან ისინი უკიდურეს გაჭირვებაშიაც კი არ ტოვებდნენ სამუშაოს და ეკლესიისთვის იცლიდნენ.

ბეთანიაში უმთავრესად საეკლესიო დღესასწაულებზე დავდიოდით. ჯერ პანტიანში ავდიოდით, შემდეგ ბეთანიაში, ასე რომ დაახლოებით 15 კმ-ის გავლა გვიწევდა ფეხით. სოფლიდან უმთავრესად ქალები და ბავშვები მივდიოდით, ამიტომ ხშირად გვიწევდა მონასტერში ღამის გათევა. ბერებს მეორე სართულზე ორი ოთახი ჰქონდათ. ჩვენ უფრო დიდ ოთახში, იატაკზე გვიფედნენ ნაბადს და ასე ვიძინებდით. სააღდგომოგ, რა თქმა უნდა, ღამეს ვათევდით, დილის ხუთ საათზე კი ანთებული სანთლებით ვბრუნდებოდით სახლში და ვისვენებდით.

ვანო პაპა იგონებდა, მამა იოანე და მამა გიორგი დიდებულად გალობდნენო. მამა გიორგიმ მას იესოს ლოცვა ასწავლა.

ვანო პაპა: მამა იოანეს უწევდა ხოლმე საქმეებზე ქალაქში ჩასვლა. მამა გიორგი კი მონასტრიდან არ გადიოდა. შეიძლება, სუსტი ჯანმრთელობის გამოც. ერთხელ როცა ავად გახდა, თავის ძმასთან, გრიშასთან იწვა სახლში.

მამა იოანე დარდობდა მამა გიორგიზე, მასზე ფიზიკურად უფრო სუსტი რომ იყო - არ მომიკვდეს ჩემი გიორგიო. ორივე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როცა მამა იოანე საავადმყოფოში დაწვა ოპერაციის გასაკეთებლად, შეწუხებული მამა გიორგი წერილებს სწერდა საავადმყოფოში მთავარ ექიმს, რომელშიც მხურვალედ ევედრებოდა, ყველაფერი ეღონათ, რომ მამა იოანე კარგად გამხდარიყო. მამა იოანე კი თავის მხრივ, იმას წუხდა, როგორ იყო მონასტერში მარტოდ დარჩენილი მამა გიორგი...

მიუხედავად ასეთი სიახლოვისა, ხასიათით ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მაგრამ სული ორივეს ერთი ჰქონდა. მამა გიორგის ზოგჯერ ქალაქში უხდებოდა ჩასვლა, მასთან ყოველთვის მიდიოდნენ მოწმუნენი, აღსარებას აბარებდნენ სულიერ მოძღვარს, აქვე მოუნათლავს მრავალი ყრმა. ბავშვებს ხშირად ეუბნებოდა - მოკლე ლოცვა იმეორეთ განუწყვეტლივ - „უფალო შეგვიწყალენ“. ასე აჩვევდა მათ განუწყვეტელ ლოცვა-ვედრებას, რათა მორწმუნეს განუწყვეტლივ შესძლებოდა ღმერთთან საუბარი.

ბევრს ჰქონდა შემჩნეული, რომ მამა გიორგის წინასწარმეტყველებანი ზედმიწევნით სრულდებოდა. ერთხელ მონასტერში უცნობი ახაგაზრდა კაცი მივიდა. უცებ მამა გიორგიმ სახელით მიმართა მას, თუმცა არც კი იცნობდა. გაოცებულ სტუმარს მამა გიორგიმ უპასუხა, როცა შენ გნათლავდნენ ამა და ამ ეკლესიაში, მეც იქ ვიყავიო. მაგრამ საქმე ის იყო, რომ ეს ამბავი 30 წლის წინათ მომხდარიყო, როცა ის კაცი 2 თვის ყრმა იყო.

ბეთანიელი მამები სნეულებისგანაც კურნავდნენ მონასტერში რწმენით მოსულ ადამიანებს. ერთი კაცი სიყრუისგან განკურნეს: ტაძარში შეიყვანეს და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მისთვის...

   „ბეთანიის მონასტერში ბერებს ყოველთვის უჭირდათ ნავთი. და აი, ერთხელაც, ზურგჩანთით ავიტანე ნავთი, მაგრამ მას საცობი ცუდად ეფარა და ზურგში ჩამღვროდა. ერთიანად დავსველდი, მაგრამ ვერ გრძნობდი, მეგონა გავოფლიანდი. როცა ადგილზე მისულმა გავიხადე, აღმოჩნდა, რომ ზურგი მთლად დაწითლებული მქონდა. მოძღვარმა შეათვალიერა ჩემი დაწყლულებული ზურგი, ჯვარი გადასახა და მითხრა: „არაფერია, ხვალისთვის რომ ადგები, ყველაფერი კარგად იქნება!“ მართლაც, მეორე დღეს ზურგი სრულიად მრთელი მქონდა, დამწვრობის ნიშან-წყალიც აღარ დამრჩენოდა. მაშინვე მამა იოანესთან გავიქეცი და ვახარე, მან კი მიპასუხა: „ჰო, შვილო, ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა განგკურნა!“

მარია მიხაილოვა: მდინარე ვერეზე თუ დაეშვებით, გადახვალთ მეორე ნაპირზე და გაემართებით მარცხნივ, ხეობის ზემოთ ნახავთ წყაროს. ის დაახლოებით ორი მეტრის მანძილზე  მიედინება. ეს წყარო მამა იოანემ იპოვა, აკურთხა და იქვე ჯვარი აღმართა. ჩვენ ამ წყაროს წყლით განვიბანებოდით ხოლმე. საოცარია, მაგრამ წყარო არასდროს იმღვრეოდა და არც დონეს იცვლიდა.

მონასტერში ჭიშკართან სარდაფი იყო, სადაც ბერები ძვლებს ინახავდნენ. გვეუბნებოდნენ, ეს წმიდანთა ძვლებია, ვისაც ფეხები ტკივა, შეუძლია წაისვას და განიკურნებაო.

ახლა მოგიყვებით ერთ ამბავს, რომელიც შემემთხვა 1942 თუ 1943 წელს. დედაჩემი კოლმეურნეობაში მუშაობდა, დაკავებული იყო და ფერისცვალების დღესასწაულისთვის მე დამავალა ბეთანიაში ხილის საკურთხებლად წასვლა. 18 აგვისტო იყო. მეზობლები უკვე მზად იყვნენ წასასვლელად, უცებ მოვკრიფე ხილი, ის იყო წასვლას ვაპირებდი, რომ ჩემმა დამ ღუმელის დანთება მთხოვა. ფიჩხი სველი აღმოჩნდა. ნავთი დავასხი და ცეცხლი რომ მოვუკიდე, ისე აალდა, თმებზე მომეკიდა და სახე საშინლად დამეწვა. წყალი შევისხი. მთელი კანი ხელზე შემრჩა. მაინც წავედი ბეთანიაში. მეზობლებმა რომ დამინახეს, შეიცხადეს, წამოსვლა როგორ გაბედეო. ძლივს ვიდექი ეკლესიაში, საშინლად მტკიოდა. ნაჭრილობევში წყალი ჩამიდგა და ცხვირიდან მოწვეთავდა. მამა იოანემ ლოცვა წამიკითხა. უფალსა და ბეთანიის ღვთისმშობელს ვევედრებოდი, სახეზე ნაიარევი არ დამრჩენოდა და არ დავმახინჯებულიყავი. სახლში დაბრუნებული ვისვამდი „იხტიორისა“ და „ვიშნოვკის“ მალამოს. არ ვიცი, წამლისა თუ მამა იოანეს ლოცვის წყალობით, სახეზე დამწვრობის არანაირი ნაკვალევი არ დამრჩენია (ქ-ნი მარია 72 წლისაა და ასაკის მიუხედავად დღესაც მშვენიერი კანი აქვს - ი.ც.). ექვსი წლის შემდეგ, 1948 წელს, ჩემი ძმა ჩამოვიდა ჯარიდან. დედაჩემმა სთხოვა ჩემთვის ცხვრის ყიდვა, შეპირებულია და დანაპირებს შესრულება უნდაო. მართლაც, ჩემმა ძმამ გაზაფხულზე მიყიდა პატარა ბატკანი. 21 სექტემბერს, ბეთანიობისთვის გადავწყვიტეთ მისი შეწირვა. შევაბით წითალი ბაფთა და დილით გავუდექით გზას. ჩვენდა გასაოცრად, ბატკანი თავისით მირბოდა, ისე, თითქოს ყოველთვის ბეთანიის გზაზე დადიოდაო. არავინ მიჯერებს, მაგრამ მართლაც ასე მოხდა: ბატკანმა ყოველგვარი დახმარების გარეშე, თავად გაიკვლია ტყეში გზა და პირდაპირ მონასტერს მიადგა.

ამ შემთხვევის შემდეგ განსაკუთრებით შემიყვარდა ბეთანიის მონასტერი და იქაური ბერები.

ერთხელ მამა გიორგის ძმისშვილი ტვინის ანთებით იყო ავად და ექიმებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. მაშინ მამებმა ბავშვი ბეთანიაში წაიყვანეს და ერთი თვის შემდეგ სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნეს ოჯახს. ამ ხნის მანძილზე ფუტკრის მოვლაც ასწავლეს. ამ ადამიანის გადმოცემით, იმ დროის მანძილზე, რაც მან ბეთანიის მონასტერში დაჰყო, მუდამ თავის სენაკებში მლოცველებს ხედავდა მამებს, უკვირდა, ან როდის სძინავთ, ან როდის ჭამენო?

ივანე წიკლაური
(ვანო პაპა)

ცნობილია ერთი ამაღელვებელი შემთხვევა: ერთხელ თბილისში მამა გიორგის ორი და ჩამოვიდა, რომელთაც 48 წლის მანძილზე არ ენახათ ძმა. გიორგის ძმისშვილმა ისინი მონასტერში წაიყვანა. სანამ მამა გიორგი მათ ნახავდა, უკვე მიხვდა ვინც იყვნენ მასთან მისულნი და ძალიან გაიხარა. გულაჩუყებული დიდხანს ეხვეოდა მათ და აღარაფერი ახსოვდა. მამა გიორგიმ სუფრის გაწყობა ითხოვა და დიდმარხვაში თევზის ხმევის ნებაც კი დართო მათ. შეკითხვაზე, ჯერ ხომ აღდგომა არ დამდგარაო, მან უპასუხა, ეს ჩემთვის ისეთი დიდი სიხარულია, რომ აღდგომა მე დღეს გამითენდაო.

უკანასკნელ წლებში მამა გიორგი უკვე ძალზე ავადმყოფობდა. მის მოსავლელად ქალაქიდან ჩამოდიოდნენ მისი სულიერი შვილები. მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა და ხანდაზმულობისა, მამა გიორგი განაგრძობდა სხვებზე ზრუნვას, ყველას ნუგეშინისცემას. ერთხელ მონასტერში ოციოდე წლის ქალიშვილი მისულა, რომელსაც საშინელი თავის ტკივილები აწუხებდა. ვიღაცას ერჩია, ბეთანიის მონასტერში წადი, იქაური წყაროს წყალი განგკურნავსო. მას აქ ერთი კვირის განმავლობაში უცხოვრია და სრულიად განკურნებულა სნეულებისაგან. როცა შინ დაბრუნება დაუპირებია, მამა გიორგის გზამდე გაუცილებია იგი, ამისთვის რვაკილომეტრიანი ციცაბო აღმართის ავლა მოუწია!

მამა გიორგის ხილვებიც ჰქონია. მათგან ჩვენ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა ვიცით: ერთხელ, როცა მოძღვარი ძლიერ იტანჯებოდა ტკივილებისაგან, მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გაემოეცხადა და შეხებით განკურნა იგი. სხვა დროს, როცა ლოცვაში ჩაღრმავებული იჯდა ტაძრის კედელთან, მას მოწამე თეკლა გამოეცხადა და ყურძნის მტევანი მიაწოდა. აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე მოძღვარი ქალაქში იმყოფებოდა. მას წმიდა ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „გიორგი, რატომ ხარ აქ? რა გესაქმება ქალაქში? შენი ადგილი მონასტერშია!“ „უფალო, შენ უწყი, რომ ავად ვარ!“ - უპასუხია მას. „არა, გიორგი, - მიუგია ანგელოზს, - შენ მონასტერში უნდა იყო!“ მაშინ მამა გიორგი ასე ავადმყოფი დაბრუნებულა მონასტერში, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მონასტერში მამა გიორგისა და მამა იოანესთან ერთად ხანდახან სხვებიც ცხოვრობდნენ. ვანო პაპამ ისინიც გაიხსენა:

- ერთი ხანობა ბეთანიაში კიდევ ერთი ბერი მორჩილი ცხოვრობდა - ვალიკო ფირცხალავა. მშობლები ძალიან წინააღმდეგნი იყვნენ მისი ბერობისა. ერთხელ დედა ჩამოსულა ბეთანიაში და თხოვდა, დაბრუნდი სახლში, თორემ კანდიდ ჩარკვიანთან გიჩივლებო. თუ გინდა, სტალინთან მიჩივლეო, უპასუხია ვალიკოს.

დიღმელი გოგია (აბრამი) შოშიტაიშვილი ცხოვრობდა მონასტერში. ყველას ეკითხებოდა ხოლმე: „ქრისტიანები ხომ გაიმარჯვებენო“.

კოჯორის (ქოროღლის) ციხესთან უწინ რუსული მონასტერი ყოფილა. (იგულისხმება კაბენის მონასტერი - რედ.) გასაბჭოების შემდეგ სოფლელები, რომელბსაც მონასტრის წევრებთან უსიამოვნება ჰქონიათ, მონატერს თავს დასხმიან და დაუხოცავთ ისინი. ერთ ბერს ბუხარში შეუფარებია თავი და ამით გადარჩენილა. უკრაინაში წასულა, მაგრამ შიმშილობის გამო ისევ საქართველოში დაბრუნებულა და ბეთანიაში მისულა. ასე უთქვამს, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და იქ მადლი იქნებაო. ძალიან დამშეული იყო, ბეთანიაში რომ ჩამოვიდა. შემდეგ ორბეთში წაუყვანიათ, იქ ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა.

მორჩილი აბრაამი, მამა ბასილი, მამა იოანე და მამა გიორგი

ქვათახევის წინამძღვარი მამა ნეოფიტე მოკლეს კომუნისტების დროს. ვიღაცამ დაახრჩო...

1957 წელს გულის ავადმყოფობით გარდაიცვალა მამა იოანე. მამა გიორგი მალე მარტო დარჩა მონასტერში.

აღსრულებამდე 5 წლით ადრე, სწორედ იმ წელიწადს, როდესაც მამა იოანე გარდაიცვალა, მამა გიორგიმ დიდი სქემა მიიღო იოანეს სახელით.

ვანო პაპამ გაიხსენა, რომ ერთხელ ერთ-ერთი სასულიერო პირი ჩასულა მონასტერში და მამა გიორგისთვის წიგნები გადაურჩევინებია და წაუღია. ხატებიც უთხოვია, მაგრამ მამა გიორგის არ გაუტანებია. მამა გაბრიელის (ურგებაძის) იმედი ჰქონდა, ის მოუვლისო.

უკანასკნელ გზაზე მოხუცი მოძღვარი მღვდელმონაზონმა (შემდგომში არიქმანდრიტმა) გაბრიელმა (ურგებაძემ) გააცილა, რომელიც მამა გიორგის სულიერი შვილი იყო და ხშირად სტუმრობდა მას ბეთანიაში და დროდადრო რჩებოდა ხოლმე საცხოვრებლად. მამა გიორგის გარდაცვალების წინ ბერი გაბრიელი ქალაქში იმყოფებოდა. დაუძლეველმა გრძნობამ აიძულა, საყვარელ მოძღვართან ჩასულიყო. როდესაც იგი მამა გიორგისთან შევიდა, მოძღვარმა შვებით ამოისუნთქა და ჩაილაპარაკა: „დიდება ღმერთს! შეისმინა დედა ღვთისამ ჩემი ვედრება!“ მამა გიორგის უჩვეულოდ ეჭირა თავი, მითითებებს იძლეოდა, რა უნდა გაეკეთებინათ. მამა გაბრიელისგან ლიტურგიის აღსრულება და ზიარება ითხოვა. მოხუცი მოძღვარი ეზიარა, სეფისკვერიც მიიღო და ჩაფიქრებული მარცვლავდა სკვნილს. შემდეგ მამა გაბრიელს სთხოვა, წასულიყო და დაესვენა, მაგრამ მამა გაბრიელმა მოძღვრის გვერდით ყოფნა არჩია. იგი მაგიდასთან დაჯდა და კითხვა დაიწყო. ანაზდად რული მოერია და როცა გამოერკვა, მამა გიორგის სული სხეულს განშორებოდა.

მამა გიორგი და მამა იოანე ერთმანეთის გვერდით არიან დაკრძალულნი ბეთანიის მონასტრის ეზოში, ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს.

სამწუხაროდ, მათი გარდაცვალების შემდეგ მთელი 15 წლის მანძილზე მონასტერი დაცარიელდა.

ვანო პაპა: როდესაც მამა გიორგი და მამა იოანე გარდაიცვალნენ, ერთი რუსი სამი წელი უვლიდა მონასტერს. რუსის ქალებიც ამოდიოდნენ. არ ჩერდებოდნენ, სულ მუშაობდნენ, შანდლებს წმენდდნენ. იმ რუსის კაცს, რომელიც მონასტერს უვლიდა, უსიამოვნება ჰქონდა მლოცველებთან... ერთხელ, მამების გარდაცვალების შემდეგ, წყნეთში პოეტი გიორგი ლეონიძე შემხვდა. როცა გაიგო, ბეთანიას ახლა რუსი კაცი უვლისო, ძალიან შეწუხდა: „ისე როგორც გავწყდით ქართველები, რომ ჩვენი წინაპრის ნაამაგარისთვის ვერ მოგვივლიაო. რუსი თუ გაგიფუჭებს რამეს, თორემ რას გაგიკეთებსო“.


მამა გიორგის და მამა იოანეს საფლავები

შემდეგ ვანო პაპამ გადაიბარა მონასტერი. ტაძარში წვიმა ჩადიოდა. ვანო პაპა თხოვნებს წერდა მთავრობის სახელზე, დახმარებას ითხოვდა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. ბოლოს, 1973 წელს დაიწყეს ბეთანიის მონასტრის აღდგენა, რასაც 5 წელი დასჭირდა.

ვანო პაპა: მამა იოანეს საფლავის ქვა, რუსმა მეფუტკრემ დიმიტრიმ გააკეთა. მამა გიორგის ქვა კი ძმისშვილებმა ჩამოუტანეს დასავლეთიდან. მამა გიორგი რომ გარდაიცვალა, ქელეხისთვის ძროხა დაკლეს. ყველა ამბობდა, ეგეთი გემრიელი ხორცი სიცოცხლეში არ გვიჭამიაო.

ვანო პაპამ სხვა საინტერესო ამბავიც მოგვიყვა: 23-24 წლის ანტიკომუნისტური აჯანყების დროს მან თურმე შეფუცულთა რაზმის 12 კაციან ჯგუფს უმეგზურა. იმ პერიოდში აჯანყებულები მანგლისს დაეცნენ, მაგრამ ვერ აიღეს. კომუნისტები დადიოდნენ სოფლებში და მათ ეძებდნენ. 16-17 წლის ვანო პაპა დაუჭერიათ და უცემიათ, გვითხარი, სად არიანო, მაგრამ ახალგაზრდა პატრიოტს აჯანყებულები არ გაუცია.

ვანო პაპა: ამ თორმეტკაციან რაზმში იყო აჯანყების მეთაური, გენერალი ქაქუცა ჩოლოყაშვილი. მამა იოანესთან მამა ილია ფანცულაია დადიოდა. იმაზე ამბობდნენ, რომ ისიც შეფიცულებს უჭერს მხარსო.

1967-68 წლებში ზვიადი და მერაბი იყვნენ ბეთანიაში ჩამოსულნი. სანთლები მოიკითხეს. სახეზე არ ვიცნობდი და ჩეკისტები მეგონენ, ამიტომ სანთლებზე უარი ვუთხარი. „შენ ხარ ვენახი“ იგალობეს და წავიდნენ. შთაბეჭდილებების წიგნში კი ჩაწერეს - „სირცხვილი იმ გუთნისდედას, ვინც თავის მამის საფლავს ხნავსო“, თუმცა ჩანაწერს თავიანთი სახელის ნაცვლად ფსევდონიმი მიაწერეს.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 35 (243), 2003 წ.