წმიდანი: მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველი (I)

3 (16) თებერვალი

ღირსი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი იერუსალიმში ცხოვრობდა. ლუკა მახარებლის მოწმობით, „კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაჲ და მოელოდა ნუგეშისცემასა ისრაელისასა; და სული წმიდაჲ იყო მის ზედა” (ლკ. 2,25). მისდა უწყებულ იყო სულისგან წმიდისა, რომ არ მოკვდებოდა მანამ, სანამ აღთქმულ მესიას – განკაცებულ ღმერთს იესო ქრისტეს არ იხილავდა.

ძველი ისტორიკოსები გვაუწყებენ, რომ ეგვიპტის მეფემ პტოლემეოს II ფილადელფოსმა (285-247 ქრისტეს შობამდე) ისურვა, თავისი ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა წმიდა წერილის წიგნებით შეევსო. ამ მიზნით, მან მწიგნობრები მოიწვია იერუსალიმიდან. წმიდა წერილის ბერძნულ ენაზე სათარგმნელად ალექსანდრიაში ჩასულ 72 სწავლულს შორის იყო მართალი სვიმეონიც. იგი ესაია წინასწარმეტყველი წიგნს თარგმნიდა. როცა მივიდა ადგილამდე: „აჰა ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ” (7,14), მან ჩათვალა, რომ დედანში შეცდომა იყო გაპარული და აპირებდა, „ქალწულის” ნაცვლად „დედაკაცი” ჩაეწერა, მაგრამ ამ დროს ანგელოზი გამოეცხადა, ხელი დაუჭირა და უთხრა: „ირწმუნე ამ სიტყვების და თავად დარწმუნდები მაგ ჭეშმარიტებაში. არ მოკვდები მანამ, სანამ არ იხილავ ყოვლადწმიდა ქალწულისაგან შობილ ქრისტე მაცხოვარს”. ამ დღიდან მოყოლებული, სვიმეონი მესიის მოლოდინით ცხოვრობდა.

და აი, ერთხელ, სულიწმიდამ აუწყა: „აღდეგ, მოხუცებულო! რად ჰზი? აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!” და ისიც „ესე მართალი უკუანაჲსკნელი. პირველიცა და უკუანაჲსკნელიცა; დასასრული შჯულისაჲ და დასაბამი მადლისაჲ; ნათესავით ჰურიაჲ, არამედ მადლითა ქრისტიანე; მწიგნობარ კითხვით და ანგელოზ ცნობით; ფარისეველთა, მათ შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან განშოვრებულ” – ტაძრისაკენ გაეშურა. მრავალ დედას შორის წმიდა მოხუცმა გამოარჩია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ხელში აიყვანა ყრმა იესო და შეჰღაღადა: „აწ განუტევე, მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემითა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაÅლისა (ლკ. 2,29-32). შემდეგ აკურთხა მართალი იოსები და ღვთისმშობელს წინასწარმეტყველურად მიმართა: „აჰა, ესერა, ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაÅლსა შორის და სასწაულად სიტყჳსსაგებლად; და თვით შენსაცა სულისა განვიდეს მახვილი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი” (ლკ.2,34-35).

წმიდა და მართალმა სვიმეონ ღვთისმიმრქმელმა 360 წელი იცხოვრა. VI საუკუნეში მისი უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

წმიდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო „ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელს სიქალწულითგან თჳსით. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხი წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა დღე-ღამე” (ლკ .2,36-37). უფლის ნებით, „ესე მასვე ჟამსა მოიწია”, ჩვილში შეიცნო მაცხოვარი და გამოხსნის მოლოდინით მცხოვრებ იერუსალიმელებს ახარებდა მის განკაცებას.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.