ღირსი თეოდოსი ბულგარელი (+1362) და მოწაფე მისი რომანოზი

17 (01.03) თებერვალი

ღირსი თეოდოსი გრიგოლ სინელის (ხს. 8 აგვისტოს) სულიერი შვილი იყო. წმიდა გრიგოლის მონასტერი შევიწროებული იყო ყაჩაღთა თავდასხმებით. იღუმენმა ღირსი თეოდოსი ბულგარეთის მეფესთან, ალექსანდრესთან გაგზავნა დახმარების სათხოვნელად. კეთილმსახურმა ხელმწიფემ უხვი შეწირულობანი გაიღო სავანის გალავნით შემოსაზღუდად და მონასტრისთვის ნახირიც შეიძინა. სამეფო კარზე უკანასკნელად ყოფნის დროს, თეოდოსისთან ერთად დიდებული მოვიდა და სთხოვა, ისიც თან წაეყვანა სავანეში. ეს იყო რომანოზი, რომელიც შემდგომ ღირსი მამის გულწრფელი და საყვარელი მოწაფე გახდა. გრიგოლ სინელის სიკვდილის შემდეგ თეოდოსიმ უარი განაცხადა წინამძღვრობაზე, რომანოზთან ერთად დატოვა მონასტერი და ქალაქ ტირნოვის მახლობლად საკუთარი სავანე დააარსა. წმიდა მამამ სახელი გაითქვა მართლმადიდებლური მოძღვრების ქადაგებით. აღსანიშნავია მისი ღვაწლი წმიდა მამათა ნაწერების ბერძნულიდან სლავურ ენაზე თარგმანში. 1360 წელს წმიდანი მძიმედ დაავადდა. მან მონასტერზე ზრუნვა თავის მოწაფეს, რომანოზს გადააბარა, თვითონ კი მეგობრის, ღირსი კალისტეს მოსანახულებლად გაემგზავრა კონსტანტინეპოლში, სადაც გარდაიცვალა 1362 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.