ღირსნი ანტიოქიელნი ხუცესნი, ევგენი და მაკარი აღმსარებელნი (+363)

19 (03.03) თებერვალი

ღირსი აღმსარებლები: ევგენი და მაკარი ანტიოქიის ტაძრის ხუცესები იყვნენ. ერთხელ, ივლიანე განდგომილის ზეობისას (361-363), მათ წარმართულ ორგიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რისთვისაც სამსჯავროზე წარადგინეს. ხუცესებმა უშიშრად ამხილეს იმპერატორი განდგომილებაში და ახოვნად დაითმინეს სასტიკი სატანჯველები. ნაწამებ მამებს ბორკილები დაადეს და არაბეთის უდაბნოში გადაასახლეს. აქ მათ ერთი მთა აირჩიეს სამკვიდრებლად, მაგრამ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ურჩიეს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ეს არემარე, რადგან იგი ერთი უზარმაზარი გველის საბუდარი იყო. წმიდანებმა ლოცვის ძალით შემუსრეს ურჩხული. აღმსარებლები ღმერთს ევედრებოდნენ, ერთად მიებარებინა მათი სულები. უფალმაც შეისმინა ნეტარი მამების ლოცვა და 363 წელს ისინი ერთდროულად მიიცვალნენ.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.