მონაზონ სერაფიმას მოგონებები დედა თამარზე

პირველი შეხვედრა

„რუსეთის ყველა წმინდანისადმი“ მიძღვნილ საზეიმო წირვის ბოლოს, კანონიკის მეცხრე თავში არის მიმართვა ყველა წმინდანისადმი - „ცნობილთა თუ უცნობთა“, „შერაცხილთა და შეურაცხელთა“... არადა, რამდენი იყვნენ რუსეთის ისტორიაში ასეთი უსახელო წმინდანები, რამდენი მოღვაწე, აღმსარებელი, რამედენი წამებული... რამდენი დაიღუპა უსახელოდ რევოლუციის პერიოდში, ეკლესიათა დარბევისა და ღვთისმსახურთა დევნის უმძიმეს წლებში...

ყოველწლიურად, როცა ეკლესიაში ვისმენ მიმართვას რუსეთის მიწაზე ჯერ კიდევ „შეურაცხველი“ წმინდანებისადმი, ვფიქრობ იღუმიენია დედა ფამარზე. მე წილად მხვდა უდიდესი ბედნიერება, ახლო გავცნობოდი მას. ძალიან მინდა გიამბოთ ყოველივე, რაც კი ვიცი და მახსოვს, რამდენადაც შევძლებ, დაგიხატოთ მისი ნათელი სახე. რუსეთში ალბათ ბევრი დაწერს მოგონებებს მასზე, დაწერს უფრო დაწვრილებით, უფრო საფუძვლიანად და ხატოვნად, ვიდრე მე შევძლებ ამას აქ, საფრანგეთში. ალბათ დადგება როდესმე დრო, როცა ყველა ეს მოგონება შეიკრიბება და ერთად გამოიცემა. ჯერჯერობით კი ვეცდები ყველაფერი გიამბოთ დედა ფამარის შესახებ, რაც პირადად ვიცი და რაც მახსოვრობას შემორჩენია.

დედა ფამარს პირველად 1927 წლის შემოდგომაზე შევხვდი. იმხანად მშობლებსა და დებთან ერთად ვცხოვრობდი ხან მოსკოვში, ხან მოსკოვთან ახლოს და თავს ფრანგული და ინგლისური ენების მასწავლებლობით ვირჩევდი. ისედაც მეტად მძიმე და რთული დრო იყო, პირადად მე კიდევ ჩემი გაჭირვება მქონდა, ამიტომ დიდი ხანია მინდოდა დედა ფამართან მისვლა. მის შესახებ ბევრი რამ მქონდა გაგონილი ჩემი უახლოესი მეგობრის ტ.ნ.-სგან. იგი ხშირი სტუმარი იყო დედა ფამარისა. მინდოდა მისი რჩევა-დარიგებები მიმეღო, თანაგრძნობა, თანალმობა მჭირდებოდა.

ტ.ნ-სგან ვიცოდი, რომ დედა ფამარის მიერ დაფუძნებული სერაფიმო-ზნამენსკოეს სავანე 1924 წელს დაურბევიათ, მიწასთან გაუსწორებიათ, მისი მსახურნი კი დაუთხოვიათ. დედა ფამარმა რამდენიმე დასთან ერთად თავი შეაფარა უბრალო სააგარაკო სახლს მოსკოვთან ახლომდებარე სოფელ პერხუშკოვოში. სწორედ აქეთკენ გავემართე ჩემს მეორე მეგობარ ლ.ი.-სთან ერთად. დედა ფამარი მხოლოდ იმათ იღებდა, ვისაც კარგად იცნობდა, უცნობებს კი ახლობლების თხოვნითა და რეკომენდაციებით ხვდებოდა.

სექტემბრის დასაწყისი იყო, შემოდგომის წყნარი, მზიანი დღე, როცა მე და ლ.ი. სადგურ ბრიანსკის გზით დედა ფამარის სახლისაკენ გავეშურეთ. მოსკოვიდან იქამდე სამი-ოთხი კილომეტრი იყო. გზა არყის ხის ტყეზე გადიოდა, გაყვითლებულ ფოთლებში მზის ოქროსფერი სხივები იღვრებოდა. ძალიან ვღელავდი. მახსოვს, გული ძალუმად მიცემდა, ლოყებზე ცეცხლი მეკიდა. ბოლოს გზიდან ბილიკზე გადავუხვიეთ და ტყეში ღობეშემოვლებული ხის სახლი დავინახეთ. ანაზდად ფანჯარაში თეთრმა სამოსელმა გაიელვა.

მიმიღეს როგორც ტ.ნ.-ს მეგობარი და ამიყვანეს აივანზე. სადაც მაშინვე გამოვიდა დედა ფამარი, ერთიანად თეთრებში გამოწყობილი. ჩვეულებრივ ასე დადიოდა ზაფხულობით. ძალიან პატარა ტანისა იყო. დიდრონი, ელვარე შავი თვალები ჰქონდა, რომლებიც ალერსიანად, მაგრამ იმავდროულად ძალიან სერიოზულად და უაღრესად სულში ჩამწვდომად მიმზერდნენ.

დედა ფამარმა ძალზე თბილად მიგვიღო და დაგვლოცა. წამიერად ყურადღებით შემომხედა და ერთ-ერთ დას შეეხმიანა: „ბალიში და საბანი მოგვიტანე“.

აივანზე იდგა რბილი დივანი, რომელზედაც მაშინვე გაჩნდა ქათქათა ბალიში და საბანი. „აგერ წამოწექით, დაისვენეთ“, - მომმართა მას, - „მე ცოტა ხანს ლ.ი.-ს გავესაუბრები, თქვენ მერე გიხმობთ“.

ეს ისე მოულოდნელი იყო, რომ გონს მოსვლა ვერ მოვასწარი. დედა ფამარი ლ.ი.-სთან ერთად სახლში გაუჩინარდა. დებიც უხმოდ გავიდნენ. დავრჩი აივანზე სრულიად მარტო, დივანზე წამოწოლილი, შემოდგომის თბილი საღამოს საოცარ სიჩუმეში. ჩამავალი მზის ოქროსფერი სხივები გაყვითლებულ ხეთა რტოებში იფრქვეოდნენ. დროდადრო ნელი სიო წამოუქროლებდა და არყის ხეებს ოდნავ არხევდა. გარკვევით ჩემოსმოდა დედა ფამარის სიტყვები: „წამოწექით, დაისვენეთ“... „ნუ ღელავთ, დამშვიდდით“... და მართლაც, ამ საოცარ სიჩუმესა და მარტოობაში დარჩენილი დავმშვიდდი და კარგად მოვიფიქრე ყოველივე, რაც უნდა მეთქვა დედა ფამარისათვის.

ნახევარი საათის შემდეგ მიხმო დედა ფამარმა. პირველად მაშინ შევდგი ფეხი მის სენაკში, სადაც შემდგომ, ვინ იცის, რამდენჯერ ვყოფილვარ...

სენაკი ერთსარკმლიანი იყო, პატარა, საოცრად ნათელი და ქათქათა. მთელი კუთხე ეჭირა ხატებს, ენთო კანდელი. დედა ფამარი ჭილის დაბალ სავარძელზე იჯდა. მეც დაბალ სკამზე დამსვა. სენაკში ყველაფერი პატარა ზომისა იყო და საოცრად ეხამებოდა იქაურობას.

საუბრის დაწყება მინდოდა, მაგრამ დედამ თვითონ დამისვა ორი თუ სამი კითხვა, შემდეგ კი თანდათან პასუხი გასცა ჩემს ყველაზე სანუკვარ, ყველაზე ძვირფას გულისნადებს, რაც მისთვის უნდა მომეთხრო. არასოდეს დამავიწყდება ის შთაბეჭდილება. გაოგნებული ვიყავი. დედა ფამარს ჰქონდა არაჩვეულებრივი სულიერი გამჭრიახობა, სულში წვდომის უცნაური ძალა და უზარმაზარი სულიერი გამოცდილება.

საუბრის შემდეგ საოცრად ამაღლებული, ფრთებშესხმული და დამშვიდებული ვიყავი. თითქოს მთელი ჩემი სულიერი სამყარო გადატრიალდა. ღრმად, გზნებით შემიყვარდა მთელი ცხოვრება, შემიყვარდა დედა ფამარი და აბსოლუტური რწმენით აღვსილმა მას მივანდე ჩემი სულიერი წინამძღოლობა.

დედა ფამარში აშკარად იგრძნობოდა ჭეშმარიტი წმინდანობა, თითქოს შინაგანი ცეცხლით იყო ანთებული. ამასთანავე, მასში უხვად იყო წმინდა ადამიანური გზნება, დედობრივი სიყვარული და ალერსი!

იმ დღიდან მე ხშირად დავდიოდი პერხუშკოვოში, არცერთ შესაძლებლობას არ ვუშვებდი ხელიდან. თავდაპირველად ძალიან მწყინდა, დედა ფამარი „თქვენობით“ რომ მომმართავდა, მაგრამ მალე გადავიდა „შენობით“ საუბარზე. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მითბებოდა გული, როცა მეტყოდა: „Детка моя любимая“.

დედა ფამართან პირველი სტუმრობიდან რამდენიმე თვის შემდეგ პერხუშკოვოში ჩამოვიდა მეუფე არსენ ჟადანოველი (სერპუხოველი). იგი აღსარებას იღებდა დებისგან.

დედა ფამარმა სთხოვა მეუფე არსენს მივეღე მის სულიერ შვილებში. საგულდაგულოდ ვემზადებოდი „დიდი აღსარებისთვის“. ბერისთვის ყველაფერი უნდა მომეთხრო ჩემი ცხოვრებიდან - ბავშვობიდან მოყოლებული, რათა ჭეშმარიტად გაეცნო სული, რომელსაც თავის მფარველობაში იღებდა. მახსოვს, რამდენიმე ფურცელი გავავსე და, ვიდრე მეუფესთან გამოვცხადდებოდი, დედა ფამარს წავუკითხე. რა იოლი იყო მასთან „აღსარების“ თქმა. იგებდა ყველაფერს. იგებდა უკეთ, ვიდრე მე ვუგებდი საკუთარ თავს.

მეუფე არსენთან აღსარების თქმა მხოლოდ ერთხელ მომიხდა. დედა ფამარი გახდა ჩემთვის მოძღვარიცა და სულიერი დედაც. მისი რამდენი დარიგება, რჩევა, მითითება ჩამრჩა სულსა და გონებაში.

 

ცხოვრება პერხუშკოვოში

დედა ფამართან ჩემი პირველი სტუმრობის შემდეგ პერხუშკოვოში სიარულს მოვუხშირე. ჩავდიოდი სასაუბროდ, ღამისთევით.

ერთხელ ზამთარში ჩავედი, იანვრის ბოლოს. ნათელი, ყინვიანი ამინდი იდგა. სადგურიდან ტყის ბილიკს გავუდექი. მსუბუქად მივდიოდი. თექების ქვეშ თოვლი მხიარულად ჭრაჭუნობდა.

ღამით ყოველთვის დების საერთო ოთახში ვწვებოდი. ოთახს ერთი კედელი ჰყოფდა დედა ფამარის სენაკისაგან. დილით ადრე უნდა მესაუზმა და მაშინვე დავბრუნებულიყავი სახლში. ოთახის ფანჯრიდან ეკლესია მოჩანდა. გარინდული ხეების თოვლიანი ტოტები მზეზე ბრწყინავდა და თავს მაღალი, უღუბლო, კამკამა ცა ედგათ.

წირვა რომ დამთავრდა, თავისთან მიხმო და მიხარული სახით მითხრა: - ტანია, ჩემო საყვარელო, დღეს შინ ვერ გაგიშვებ!

- რატომ, დედა?

- შეხედე თერმომეტრს.

გამიკვირდა: 20° ყინვა იყო (რეომიურის სკალის მიხედვით).

გულით ავადმყოფი ვიყავი და ვერ ვიტანდი ყინვას. დედა ფამარმა მართლაც არ გამომიშვა. ძლიერი ყინვები რამდენიმე დღე გაგრძელდა და -30°-ს მიაღწია. მატარებლებმა მოძრაობა შეწყვიტეს, არ მოდიოდა ფოსტა. ამბობდნენ, მოსკოვის საავადმყოფოები გადატენილია ხელ-ფეხმოყინული ხალხითო.

ამდენად, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, დედა ფამართან კვირაზე მეტ ხანს დავრჩი. ის დღეები არასოდეს დამავიწყდება. მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ყოველ დილით მეძახდა თავის სენაკში, ათას რამეზე მესაუბრებოდა, მათ შორის - თავის ცხოვრებაზეც.

ახლაც თვალწინ მიდგას მისი სენაკი და ცხადად ვხედავ დედა ფამარს, რომელიც ფანჯრის წინ ზის თავის ჭილის დაბალ სავარძელში. მახსოვს, სენაკის კუთხეში ეკიდა ღირსი სერაფიმეს წმინდა ნაწილებიანი დიდი ხატი. ირგვლივ სინათლე და სისუფთავე სუფევდა, ყველაფერს კრიალი გაუდიოდა. დედა ფამარის ხის საწოლს თვალისმომჭრელად თეთრი პიკეს დაბანი ეფარა. მერე გავიგე, რომ ამ საბნის ამარა ყოფილა და ქვეშ, თურმე, ლეიბი არ გებია. იგი ფიცარზე იწვა. საწოლის ზემოთ ეკიდა ჩარჩოში ჩასმული წარწერა, რომელიც კარგად დამამახსოვრდა:

„თუ გინდა ჰპოვო ბედნიერება:
არვის აწყენინო,
ყველას მიუტევე ყველა წყენა,
არაფერი ისურვო შენთვის,
ღმერთს მადლობა შესწირე ყველაფრისათვის!“

ეს ანდერძი, როგორც მახსოვს, მის დღეობაზე (მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს) მეუფე არსენმა მისცა დედა ფამარს.

სენაკს ერთადერთი დიდი ფანჯარა ჰქონდა, რომელიც იმ ბაღში გადიოდა, სახლს რომ ერტყა. დედას ძალიან უყვარდა ფრინველთა დაპურება ამ ფანჯრიდან. მახსოვს, როგორ მოეფინებოდნენ ფრინველები, განსაკუთრებით სჭარბობდნენ წითელგულა ნისკარტ მარწუხები თავიანთი უცნაური მოკაუჭებული ნისკარტებით. პირველად დავინახე ეს ფრინველები და აქვე მოვისმინე ლეგენდა მათ შესახებ (ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ქრისტეს ჯვარცმისას ნისკარტმარწუხები მაცხოვრის ხელ-ფეხიდან ლურსმნების ამოძრობას ცდილობდნენ, ამიტომ მოეკაუჭათ ნისკარტები. მაცხოვრის სისხლის წვეთებმა კი სამუდამოდ შეუღება მათ წითლად გულმკერდი).

დედა ფამარი მის წინ დაბალ სკამზე დამსვამდა და მეც ყურადღებით შევცქეროდი და შევფოფინებდი მის საოცარ, დიდრონ თვალებს, მის ალერსიან, საოცრად თბილ ღიმილს და ვცდილობდი არცერთი სიტყვა არ გამომრჩენოდა. ხანდახან კარზე ვიღაცის კაკუნი გვაწყვეტინებდა საუბარს.

კარი გაიღებოდა, რომელიმე და შემოვიდოდა და იტყოდა:

- უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალენ ჩვენ!

- ამინ! - უპასუხებდა დედა და გულისყურით უსმენდა დას.

დედა ფამარის განკარგულებით 12 საათზე ჩემთვის სენაკში შემოჰქონდათ პატარა ქილით მაწონი, რომელიც მაშინვე უნდა შემეჭამა.

- სადილობამდე ჯერ დიდი დროა, მოგშივდება! - მეტყოდა დედა ფამარი.

საკვირველია, როგორ ახერხებდა, რომ თითოეული „შვილისათვის“ მიექცია ყურადღება, ჩასწვდომოდა ყოველი მათგანის სულსა და გულს, როგორ უგებდა თითოეულ მათგანს, არ იშურებდა თბილ სიტყვას, ალერსსა და სიყვარულს. მაგრამ რა მკაცრი და შეუვალი იყო!

პერხუშკოვოში ისეთივე წესი ჰქონდათ, როგორც სავანეში, მაგრამ არსებული მდგომარეობის გამო ყოველივე ისე მკაცრად ვეღარ იყო განსაზღვრული.

ღვთისმსახურება ღამის 12 საათზე იწყებოდა. დების საერთო ოთახში, სადაც ჩემი საწოლიც იდგა, რეკავდა მაღვიძარა. დები სწრაფად დგებოდნენ და იქვე იწყებდნენ მწუხრის ლოცვების კითხვას. დედა ფამარის ოთახში, ტიხარს იქით, ყოველი სიტყვა ისმოდა.

მახსოვს, დედამ სასტიკად ამიკრძალა ადგომა, მწოლარეს უნდა მომესმინა მწუხრის ლოცვა.

ლოცვის შემდეგ ყველანი იძინებდნენ ხუთ საათამდე, მერე ისევ რეკავდა მაღვიძარა. უკვე ექვს საათზე ეკლესიაში იწყებოდა დილის საღვთო ლიტურგია. დაახლოებით ექვსის ნახევარზე ერთ-ერთი და ზიარების წინა ლოცვებს უკითხავდა დედა ფამარს. დედა ყოველდღიურად იღებდა ზიარებას, ხოლო დები - შაბათობით.

წირვა არაჩვეულებრივად მწყობრად და ლამაზად ტარდებოდა. დედა ფამარი თავად ლოტბარობდა და გალობდა მესამე ხმით. შემდგომში ბევრჯერ მომიწია გუნდის ხელმძღვანელობამ და დიდად გამომადგა დედა ფამარის რჩევა-დარიგებანი. განსაკუთრებით გალობათა შესრულების დროს.

წირვის შემდეგ, ცხრა საათზე, იყო საერთო ტრაპეზი. დედა იჯდა სამოვართან და ჩაის ასხამდა. თვითონ ყოველთვის საქსონური ფაიფურის ლამაზ ჩაის ფინჯანს ხმარობდა. შემდეგ თავადვე რეცხავდა მას.

საუზმის შემდეგ დები საქმეს ეშურებოდნენ. საერთო ოთახში მხოლოდ ისინი რჩებოდნენ, რომლებიც ქარგავდნენ, ან საბნებს ალიანდაგებდნენ (იმ დროს ეს იყო მათი შემოსავლის წყარო). მუშაობისას საუბარი არ იყო წესად მიღებული, მაგრამ დები ოთახში ხშირად ხმამაღლა კითხულობდნენ ლოცვებს - ან დაუჯდომლებს, ტროპარებს, ანდა ღირსი სერაფიმეს წესს - ასორმოცდაათი ლოცვა ღვთისმშობლისადმი. მუშაობისას თითოეული და ათჯერ კითხულობდა ლოცვანს. მათ ზეპირად იცოდნენ ბევრი ლოცვა, დაუჯდომელი, ფსალმუნი... ხოლო ერთმა დამ მთელი დავითნი ისწავლა.

დედა ზოგჯერ დების სამუშაო ოთახში შემოდიოდა. ჩაჯდებოდა მათ შორის, გაუბამდა საუბარს ან უყვებოდა რამეს. რარიგ უყვარდათ დებს ასეთი წუთები!

როგორც მახსოვს, სადილი ორ საათზე იმართებოდა. სადილობის შემდეგ ეკლესიაში მიდიოდნენ. საღვთო ლიტურგიის ბოლოს დედა ფამარი ღირსი სერაფიმეს დაუჯდომელს კითხულობდა. შემდეგ დები ისევ თავიანთ საქმეს უბრუნდებოდნენ. დედა თავის სენაკში იღებდა სტუმრებს. დებიც ხშირად შედიოდნენ მასთან სასაუბროდ, კურთხევისა თუ რჩევის მისაღებად.

ვახშმობდნენ შვიდ საათზე. ნავახშმევს მწუხრის ლოცვებს კითხულობდნენ. ამის შემდეგ სამარისებული სიჩუმე დაისადგურებდა.

პერხუშკოვოში უამრავი ხალხი მოდიოდა დედასთან სასაუბროდ, მისგან რჩევის მისაღებად. ჩამოსულებიც მთლიანად ემორჩილებოდნენ აქაურ დღის განაწესს. ხოლო როცა სტუმრები მიდიოდნენ, დედა ცდილობდა, არავინ გამორჩენოდა და თითოეული მათგანისათვის ეწილადებინა სავანეში ნაკურთხი შავი პურის ნაჭერი (მერედა რა გემრიელ პურს აცხობდნენ დები!), ან მისი მეგობრების მიერ ჩამოტანილი რაიმე სასუსნავი (ორცხობილები თუ კანფეტები იმ წლებში დიდ ფუფუნებად ითვლებოდა). ზოგიერთი ფულსაც აძლევდა.

რითი არსებობდა ეს პატარა სავანე რევოლუციის უმძიმეს წლებში? სასწაულითა და ღვთის მადლით. როგორც შეეძლოთ, ეხმარებოდნენ დედა ფამარს მეგობრები და მისი ღვაწლის პატივისმცემლები. არც დებს ჰქონდათ დიდი მოთხოვნილბები, თან დედაც ეხმარებოდა მათ. ეს ყველაფერი დაინგრა, 1931 წელს დედა ფამარი, დები და მამ ფილარეტი დააპატიმრეს. დარჩენილი დები სხვადასხვა მხარეს უნდა მიმოფანტულიყვნენ...

 

ღირსი სერაფიმე დედა თამარის ცხოვრებაში

ბოდბის მონასტრის იღუმენთან საუბრის შემდეგ, როცა ჯერ ისევ ერისქალმა თავადის ასულმა თამარ მარჯანიშვილმა სთხოვა დედა იუბენალიას მიეღო თავის მონასტერში, იღუმენმა მას მისცა ორი პატარა წიგნი: აბა დოროთესი და ღირსი სერაფიმეს ცხოვრების მოკლე აღწერა. ეს იყო პირველი „შეხვედრა“ საროველ მოღვაწესთან. ამ წიგნმა უდიდესი გავლენა  მოახდინა დედა თამარზე და ერთიანად დაიპყრო მისი არსება.

1903 წელს, როცა საროვოში ღირსი სერაფიმეს წმინდა ნაწილის საზეიმო გახსნისათვის ემზადებოდნენ, დედამ, მაშინ უკვე ბოდბის მონასტრის იღუმენმა, ერთ-ერთი მონაზონი გაგზავნა რუსეთში და დაავალა, აუცილებლად ჩასულიყო საროვოში, დასწრებოდა წმინდა ნაწილის საზეიმო გახსნას და ჩამოეტანა წმინდა სანაწილეზე ნაკურთხი ღირსი სერაფიმეს ხატი. მონაზონი მართლაც ჩავიდა საროვოში და დაესწრო ღირსი სერაფიმეს სახელის განსადიდებელ საზეიმო ცერემონიალს. დასასრულს მორწმუნეთა უზარმაზარი ტალღა ერთბაშად დაიძრა სანაწილისაკენ. როცა მორიდებულმა, მეტად თავმდაბალმა ბოდბელმა მონაზონმა სანაწილეს მიაღწია, იქ უკვე აღარც ერთი ხატი აღარ იყო. მონაზონი მწარედ ატირდა. ხალხი დაიშალა, ის კი იდგა და ტიროდა. ამ დროს საკურთხევლიდან გამოვიდა იქაური ბერი და დაინახა, რომ ვიღაც მონაზონი დგას ღირსი მამის სანაწილესთან და ტირის. მან ჰკითხა, რა ატირებდა. როცა მიზეზი შეიტყო, ბერი შებრუნდა საკურთხეველში, გამოიტანა ღირსი სერაფიმეს პატარა ხატი, სანაწილეზე დაასვენა, აკურთხა და მონაზონს გამოატანა თავის იღუმენთან.

მონაზონი გახარებული დაბრუნდა ბოდბის მონასტერში და მიართვა ხატი დედას. ეს იყო უბრალო ხის ხატი ღირსი სერაფიმეს ქამრიანი გამოსახულებით, ზომით დაახლოებით 12 სმ სიგანისა და 15 სმ სიმაღლისა. დედა მას თავის სენაკში ინახავდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ დედა თამარს სტუმრად ეწვია ახლო ნათესავი თავისი შვილით - ექვსი-შვიდი წლის ბიჭუნათი. მისი ქმარი თბილისში ცნობილი ქირურგი იყო. მათი ჩამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბიჭს ბრმა ნაწლავის მწვავე შეტევა დაეწყო. მონასტრის ექიმის დასკვნით, აუცილებელი იყო სასწრაფო ოპერაცია. ბავშვს ძლიერი ტკივილები ჰქონდა, სიცხემ აუწია და მუცელზე წითელი ლაექბი გაუჩნდა. მაშინვე უდეპეშეს ბიჭის მამას, რომ სასწრაფოდ ჩამოსულიყო ბოდბეში. ამის შემდეგ დედამ უთხრა თავის ნათესავს, ბიჭის მშობელს: „ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენ, ადამიანებს შეგვეძლო, მოდი ნურც ღვთის სახელს დავივიწყებთ“.

მოიყვანეს მღვდელი. დედა თამარმა მოიტანა ღირსი სერაფიმეს ხატი და ბიჭს გულზე დაასვენა. ბავშვი ტკივილისაგან იკლაკნებოდა და ბოდავდა. აღავლინეს სავედრებელი ლოცვა. ადვილი წარმოსადგენია, როგორ ილოცებდნენ დედა თამარი და ბავშვის დედა, რომლის შვილიც აშკარა საფრთხეში იყო. ლოცვის დროს ბავშვი დაწყნარდა, შფოთვა შეწყვიტა და მშვიდად ჩაეძინა.

საღამოს ბიჭის მამა ჩამოვიდა და მაშინვე შვილის ოთახში შევარდა. ბავშვის დედა და დედა თამარი გვერდით ოთახში იყვნენ. ცოტა ხნის შემდეგ ბიჭის მამა გაღიზიანებული გამოვიდა ოთახიდან და უკმაყოფილოდ თქვა:

- რატომ გამომიგზავნდეთ დეპეშა? რა დროს ხუმრობაა, ხომ იცით, როგორი დაკავებული ვარ!

ბავშვი სავსებით ჯანმრთელია!

მართალიც იყო: სიცხეს დაეწია, ბრმა ნაწლავის ირგვლის სიწითლე გამქრალიყო, ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ეს გახლდათ პირველი სასწაული, ღირსი სერაფიმეს ხატის მიერ ჩადენილი.

მალე განკურნების მეორე სასწაულიც მოხდა. ავად გახდა მონაზონი დედა-ლოტბარი. მას ყელის კიბო აღმოაჩნდა, აღარც ყლაპვა შეეძლო და აღარც ლაპარაკი. მაგრამ, როგორც კი ღირსი მამის სერაფიმეს ხატის წინ აღუვლინეს სავედრებელი ლოცვა, მონაზონმა უმალვე თავი უკეთ იგრძნო. ნაკურთხ წყალთან ერთად სეფისკვერის ლუკმაც გადაყლაპა. თანდათან იწყო გამოჯანმრთელება და ბოლოს სავსებით განიკურნა ამ საშინელი და, ერთი შეხედვით, სრულიად უკურნებელი სენისაგან. ლოტბარმა დედას სთხოვა მისთვის დაეტოვებინა ღირსი სერაფიმეს ხატი.

ხატი მასთან დარჩა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ეს ნამდვილად სასწაულმოქმედი ხატი იყო.

მორჩილ იულიანას ევალებოდა მონასტრის სამზარეულოში შეშის შემოტანა. შეშა ეწყო ფარდულში, რამდენიმე საჟენის სიმაღლეზე. ერთხელაც ეს უზარმაზარი ხორომი ჩამოიშალა და მორჩილი ქვეშ მოიყოლა. როცა გამოათრიეს, უკვე უგონოდ იყო. სასწრაფოდ გამოიძახეს მკურნალი, მორჩილს ხერხემალი გადამტვრეოდა, ხელ-ფეხი და გულმკერდი ჩაჭყლეტოდა, შინაგანი ორგანოები ერთმანეთში იყო არეული, მაგრამ მომაკვდავი ჯერ კიდევ სუნთქავდა. ექიმმა ხელი აღარ მოკიდა. ერთი სიტყვით, მდგომარეობა უიმედო იყო.

ულიანა მონასტრის საავადმყოფოში დააწვინეს. ექიმი მაინც ყოველდღე ნახულობდა. იგი კვლავ ისე უგონოდ იყო, მაგრამ ისევ სუნთქავდა. სამი დღის შემდეგ საშინლად შეიცვალა: სახე როგორღაც დაეკრუნჩხა და გაულურჯდა. ავადმყოფების შემოვლის შემდეგ ექიმი დედა თამართან მივიდა და უთხრა, ულიანი ამ საღამოს ვეღარ გააღწევსო. მაჯისცემა უკვე აღარ ისინჯებოდა. ექიმი გაოცებული იყო ამ უბედური ქალის სიცოცხლისუნარიანობით.

საღამოს ლოცვის შემდეგ დედა თამარმა ახალგაზრდა მორჩილს უხმო და უთხრა:

- თინა, ექიმი ამბობს, რომ ულიანა ამ საღამოს განუტევებს სულს. არ მინდა დები ღამით გავაღვიძო, დილას ჩავატაროთ პანაშვიდი. მიდი დედა-ლოტბართან. უთხარი, მოგცეს ღირსი სერაფიმეს ხატი, მიიტანე, გულზე დაადე ულიანს და უფალს შეევედრე უტანჯველად მიიბაროს მისი სული.

თინა წავიდა. დედა თამარი მარტო დარჩა სენაკში და ლოცვა დაიწყო. უცებ მოესმა ფეხების ტყაპატყუპი, ვიღაც კისრიტეხით მორბოდა. თინა იყო. სენაკში შემოვარდა. სულს ვეღარ ითქვამდა.

- დედა, დედა, ულიანა...

- რა, უკვე მოკვდა? მე ხომ გითხარი, დები არ გავაღვიძოთ-მეთქი.

- არა, დედა, ულიანა... ადგა!

- რაა?

დაუჯერებელი ამბავი მთელ მონასტერს მოედო - ერთბაშად ყველა ფანჯარაში შუქი აინთო. მორბოდნენ დები საავადმყოფოსკენ. დედამ აირბინა საავადმყოფოს კიბეები და სნეულის ოთახს რომ მიუახლოვდა, კარებში თვითონ ულიანა შემოეგება, მყარად იდგა ფეხზე და ხელში ღირსი სერაფიმეს ხატი ეჭირა. დაინახა თუ არა დედა, ხატი რაფაზე დაასვენა და უთხრა: „დედაო, აღავლინე სამადლობელი ლოცვა!“ (ეს იყო პირველი სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა) და ხატის წინ დაიჩოქა.

თითქოს აღდგომააო, ისეთი განწყობა იყო მონასტერში. ულიანამ ყველაფერი უამბო დედას. უკანასკნელი, რაც მას ახსოვდა, იყო შეშის გროვის გრუხუნი. მერე იხილა, რომ დიდ ნაძვნარში ტყის ბილიკით მიმავალმა დაინახა მოხუცი კაცის მოხრილი ფიგურა თეთრ ანაფორაში, ხელში ჯოხი ეჭირა და თანდათან შორდებოდა. ულიანა ჩქარობდა და ცდილობდა დასწეოდა მოხუცს, ბოლოს სიბრილით გასწია მისკენ და... ლოგინიდან წამოხდა ხატით ხელში. ის მოხუცი სწორედ ხატზე გამოსახული ღირსი სერაფიმე იყო.

მერე თინამ მოყვა, დედა თამარის დავალებით როგორ მივიდა დედა-ლოტბართან, გამოართვა ხატი და წაიღო საავადმყოფოში. როგორ ეშინოდა ულიანასთან მარტო შესვლის. „ისეთი საშიში იყო, სახე ერთიანად გალურჯებული ჰქონდა!“ - თქვა თინამ. ამიტომ მეორე მორჩილს სთხოვა შეყოლა. ისინი ერთად შევიდნენ და მომაკვდავს გულზე დაასვენეს ხატი. უცებ მოეჩვენათ, რომ ულიანა შეკრთა, შეტოკდა. დები შეშინდნენ, ოთახიდან გამოვარდნენ და ჭუჭრუტანიდან დაუწყეს თვალთვალი ავადმყოფს. ულიანამ სუნთქვა დაიწყო, შემდეგ ნელა აამოძრავა ხელ-ფეხი. მერე უცებ ხელი დაავლო მკერდზე დასვნებულ ხატს, საწოლზე წამოჯდა, ფეხები ჩამოუშვა ლოგინიდან და წამოდგა. ამის შემხედვარე თინა თავ-პირის მტვრევით გამოიქცა დედასთან.

მეორე დღეს ექიმი დანიშნულ დროს მოვიდა მონასტერში. დედამ უბრძანა, პირდაპირ მასთან შემოეყვენათ იგი ისე, რომ წინასწარ არაფერი ეთქვათ. ექიმი რომ შევიდა, დედა თამარმა სთხოვა ერთად წასულიყვნენ საავადმყოფოში ულიანას სანახავად.

- როგორ, კიდევ ცოცხალია?! - გაიკვირვა ექიმმა და დასძინა, ცხოვრებაში არასოდეს მინახავს, ასე დასახიჩრებულ სხეულს ამდენ ხანს ეცოცხლოსო.

დედას არაფერი უთქვამს. მერე ერთად შევიდნენ საავადმყოფოში და გაემართნენ ულიანას ოთახისაკენ. ულიანამ თვითონ გააღო კარი და თაყვანი სცა ექიმს. დედა ამბობდა, არასოდეს დამავიწყდება ექიმის სახეო. გაკვირვებისაგან ენა დაება. დედამ დაწვრილებით უამბო ყოველივე. გაოგნებულმა და დარცხვენილმა ექიმმა წასვლის წინ თქვა:

- მე აქ აღარაფერი მესაქმება!

მაგრამ ულიანამ შეაჩერა:

- ექიმო, მართალია მე ღმერთმა მიშველა ღირსი სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით, მაგრამ უგონოდ რომ ვიყავი, თქვენ ცდილობდით დახმარებას, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. ახლა გთხოვთ, ერთხელ კიდევ გამსინჯოთ.

ექიმმა გულისყურით გასინჯა ულიანა და ნახა, რომ იგი სრულიად ჯანმრთელი იყო, არ ჰქონდა არცერთი მოტეხილობა, გული, ფილტვები და შინაგანი ორგანოები მწყობრად და ნორმალურად მუშაობდნენ.

დედამ მითხრა, ეს ექიმი ადრე ურწმუნო იყო, მაგრამ იმ სასწაულის მერე მორწმუნე გახდაო.

იმ დღიდან დედა თამარს არ განუშორებია ღირსი სერაფიმეს ხატი.

ერთხელ, ბოდბის მონასტრის იღუმენობის ბოლო წელს, დედა თამარი მონასტრის საქმეებზე თბილისში მიდიოდა, ერთი და და ერთი მორჩილი ახლდნენ. უეცრად მთის უკაცრიელ გზაზე მათ ეტლს თავს დაესხა შეიარაღებული მთიელების ბანდა და სროლა აუტეხეს. ერთი ცხენი მოკლეს, მეეტლე დაჭრეს. დედა თამარს ორივე ხელით მკერდზე მიეხუტებინა ღირსი სერაფიმეს ხატი. საბედნიეროდ კაზაკების ჯგუფიც გამოჩნდა, რომელსაც უნდა გაეცილებინა ეტლი. ერთი მოკლული ცხენი უკვე მიწაზე ეგდო, ეტლი კი, მძიმედ დაჭრილი მეეტლით, შუა გზაზე ტყვიების წვიმაში მოქცეულიყო. კაზაკებმა სწრაფად დაფანტეს თავდამსხმელები. როგორც კი სროლა შეწყდა, ჯგუფის უფროსი ოფიცერი ჩამოხტა ცხენიდან, მივარდა ეტლს და გააღო კარი, რომელიც საცერივით იყო დაცხრილული, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. საოცარი იყო, რომ დედაც და დებიც სრულიად საღსალამათები აღმოჩნდნენ მათ ტანსაცმელსაც კი არ მიჰკარებოდა ტყვია. კაზაკების ოფიცერმა მთელი ბღუჯა ტყვიები მოაგროვა ეტლის იატაკზე. ასე დაიცვა ღირსმა სერაფიმემ დედა თამარი და გადაარჩინა სიკვდილს.

მე უკვე ვთქვი, რომ მოსკოვში, პოკროვის საზოგადოების წინამძღვრად ყოფნისას, დედა თამარი ძალიან დაუახლოვდა დიდი თავადის ქალს - ელიზაბეტა თეოდორეს ასულს. როდესაც ტახტის პატარა მემკვიდრის - ალექსი ნიკოლოზის ძეს საშინელი სენი - ჰემოფილია აღმოაჩნდა, დიდი თავადის ასულმა ელიზაბეტამ სთხოვა დედა თამარს გაეგზავნა მისთვის ღირსი სერაფიმეს სასწაულთმოქმედი ხატი. რა მძიმეც არ უნდა ყოფილიყო დედა თამარისთვის ამ ხატთან განშორება, მას, ცხადია, არ შეეძლო უარის თქმა. მაშინვე მისცა ხატი დიდი თავადის ასულს დედოფლისთვის გადასაცემად.

ამის შემდეგ თამარს აღარ უნახავს ეს ხატი! დედამ იცოდა, რომ ხატი უფლისწულის სასთუმალთან ესვენა, მაგრამ რა ბედი ეწია მას 1917 წელს, როცა მეფის ოჯახი დააპატიმრეს, არავინ უწყოდა...

ეს იყო სრულიად უბრალო ხის ხატი, არაფრით გამორჩეული, მაგრამ დედა თამარი იტყოდა ხოლმე: „მე მას ათას ხატში ვიცნობ!“

საქართველოში ჩადენილი პირველი სასწაულების შემდეგ ვერცლხის წვრილ ჩარჩოში ჩასვა ხატი დედა თამარმა.

სწორედ ამიტომ მოინდომა დედა თამარმა ღვთისმშობლისა და ღირსი სერაფიმეს სახელზე დაეარსებინა სავანე.

ღირსმა სერაფიმემ კიდევ უამრავი სასწაული მოახდინა თამარის ცხოვრებაში.

სერაფიმო-ზნამენსკოეს სავანის დანგრევის შემდეგ დედა თამარი თავის ათ დასთან ერთად დაპატიმრების მუდმივ შიშში ცხოვრობდა პერხუშკოვოში. ღირსი სერაფიმე ამ გასაჭირშიც არ ტოვებდა მას. დედა თამარი და მისი დები მატერიალურად არაფრით არ იყვნენ უზრუნველყოფილნი, მაგრამ ისინი არამცთუ არ შეიმშილობდნენ, პირიქით, - სხვებს, მათთან დახმარებისთვის ჩასულებსაც ეხმარებოდნენ. თუმცა ჰქონდათ მძიმე დღეებიც.

ერთხელ, ზამთარში, დედა თამარი მძიმედ ავად გახდა. პლევრიტს ძლივს გადაურჩა და საშინლად დასუსტა. დედა გულმოდგინედ მარხულობდა და ისე ცოტას ჭამდა, რომ ყველას უკვირდა რით ედგა სული. სადილად, მაგალითად, ორი შემწვარი კარტოფილი ან ერთი შემწვარი ვაშლი ჰქონდა. ძალიან რომ დასუსტდა, ითხოვა, ცოცხალს შევჭამდი, თუ მიშოვითო. მაგრამ ზამთარში სად გინდოდა გეშოვა ცოცხალი თევზი, მაშინ, როცა სოფელში კარტოფილსაც კი ძლივს შოულობდნენ. მოსკოვში ვერ წავიდოდნენ, ფული არ ჰქონდათ საამისო. საშინლად წუხდნენ დები: „დედას თევზი მოუნდა, შოვნით კი ვერ ვშოულობთ!“

ორი და ვედროებით მდინარეზე წავიდა წყლის მოსატანად. თოვლში გაკვალულ ვიწრო ბილიკს მიუყვებოდნენ და თან ლოცულობდნენ: „მამაო, ღირსო სერაფიმე, გამოუგზავნე თევზე ჩვენს დედას“.

ფეხი შედგეს თუ არა გაყინულ მდინარეზე, რას ხედავენ: ყინულჭრილში ორი ქარიყლაპია არ თამაშობს? ეს უიშვიათესი შემთხვევაა ზამთარში. დებმა ვედროები დაყარეს და უკან გამოიქცნენ, რადგან არაფერი ჰქონდათ თევზის საჭერი. მიირბინეს მამა ფილარეტთან. მან ხელი სტაცა ბადეს და ყველანი ისევ მდინარისკენ გავარდნენ. ქარიყლაპიები, თითქოს ამათ ელოდებიანო, ისევ ყინულჭრილში თამაშობდნენ. მამა ფილარეტმა დაიჭირა ერთი ქარიყლაპია. უნდა გენახათ, რა ბედნიერები იყვნენ დები, წადილი რომ აუსრულეს დედას!

ეს შემთხვევა დედა თამარისა და მისი დების ცხოვრებიდან მახსენებს დივეევის მატიანეს, სადაც ნაჩვენებია, როგორ ზრუნავდნენ ღვთისმშობელი და ღირსი სერაფიმე დების სრულიად უბრალო, ყოველდღიურ საჭიროებებზე. პერხუშკოვოში აშკარად იგრძნობოდა, განუწყვეტელი და რეალური კავშირი ღვთიურ სამყაროსთან. ამიტომაც იყო აქაური განწყობა ნათელი და მხიარული, მიუხედავად დროის მუხანათობისა.