დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი

დეკანოზ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ღვთისა და ერის წინაშე. იგი მოღვაწეობდა XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის I ნახევარში.

პოლიევქტოს კარბელაშვილი დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ჭალაში, მღვდლის ოჯახში. მან საფუძვლიანი განათლება მიიღო ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. პ.კარბელაშვილი მოღვაწეობდა ქ.თბილისში, ქ.გურჯაანში და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა სოფლებში. ამავე დროს ეწეოდა კვლევით მუშაობას და ხშირად აქვეყნებდა საინტერესო მასალებს ჟურნალ-გაზეთებში. „პ.ცხვილოელის“, „პ.ჭალელის“, „სამთავნელის“ და „პ.უსიტყველის“ ფსევდონიმებით. ცალკე წიგნებად არის „ქართული საერო და სასულიერო კილოები“ (1989 წ.), „კათოლიკოსნი და მღვდელმთავარნი“ (1900 წ.), „იერარქია საქართველოს ეკკლესიისა“ (1901 წ.) და „ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ.ტფილისში“ (1902 წ.).

პ. კარბელაშვილის არქივში დაცულია მრავალი საინტერესო მასალა. მათ შორის, თვალსაჩინო მამულიშვილების - ექვთიმე თაყაიშვილის, ალ. ხახანაშვილის, თედო ჟორდანიას და სხვათა წერილები.

მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავისი დროის მოწინავე მოღვაწეებთან: ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ალ. ყაზბეგთან, ნ.ნიკოლაძესთან, ივ. ჯავახიშვილთან, მ.ჯანშვილთან და სხვებთან.

პოლიევქტოს კარბელაშვილი იყო საქართველოს ისტორიის მოამაგეც - გადაწერა და შემოინახა 2000-მდე სიგელ-გუჯარი, რომლებიც ამჟამად დაცულია საქართველოს ცენტრალურ არქივში. მან დიდი ღვაწლი გასწია XII-XIII სს. „ქრონიკის“ შედგენის საქმეში. აქ დაუნჯებულია მდიდარი დოკუმენტური, ეპიგრაფიკული, ეთნოლოგიური და ფოლკლორული მასალები (იხ. საქართველოს ისტორიის ქრონიკები. თბ., 1880 წ.).

საგულისხმო მონაპოვარია მის მიერ მიკვლეული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ქ.გურჯაანში, რომლის პუბლიკაცია მოხდა ჟურნალ „ივერიაში“ (1880 წ. №3).

1889 წ. პოლიევქტოს კარბელაშვილი ეწვია დავითგარეჯის მონასტერს, შეისწავლა იქ არსებული ბიბლიოთეკა. მისი გადმოცემით, იქ 110 ცალი ხელნაწერი წიგნი ყოფილა, რომელთა შორის 22 ტყავზე იყო დაწერილი. პ.კარბელაშვილმა გადმოწერა და გაშიფრა ამ წიგნების „მინაწერები“. დავითგარეჯის უდაბნოში ბიბლიოთეკის აღმოჩენის ფაქტს გამოხმაურებია ი.ჭავჭავაძე, რომელიც „ივერიის“ (1886 წ. №159) მეთაურ წერილში წერდა: „ჯერ მარტო დავითგარეჯის უდაბნოში 100-ზე მეტი წიგნი აღმოჩენილა. მათ შორის, ზოგი იმისთანაა თავისი სიძველით, რომ ფასდაუდებელია. რამდენი სხვა ამისთანა მონასტერია ჩვენს ქვეყანაში და რამდენი წიგნი უნდა აღმოჩნდეს ამ მონასტრებში, ვინ მოსთვლის“.

პოლიევქტოს კარბელაშვილს დიდად აწუხებდა, რომ ჩვენი ქვეყნის წარსულის ამსახველი დოკუმენტები და ძეგლები ზიანდებოდა ან უკვალოდ იკარგებოდა მომავალი თაობისათვის. მას შეუსწავლია სვანეთის ძველ ეკლესია-მონასტრებში არსებული ისტორიული მასალები.

პ. კარბელაშვილის ოჯახს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული საერო სიმღერებისა და სასულიერო საგალობლების მოძიება-შესწავლაში. კერძოდ, ქართლ-კახური სიმღერა-გალობის შენარჩუნების საქმეში - ამიტომ ამ საგალობლებს მეორენაირად „კარბელაანთ კილოს“ უწოდებენ.

აკაკი წერეთელს მოგზაურობის დროს კახეთში (1897 წ.) ღამე გაუთევია სოფელ გურჯაანში, პ.კარბელაშვილის სახლში. წერს პოეტი: „ერთი ღამე გზაში მამა პოლიევქტოს კარბელაშვილისას გავათიე, სადაც გავსინჯე მისი ქართული ბიბლიოთეკა და კმაყოფილი დავრჩი“ (ა.წერეთელი, თხზ. ტ. XIII გვ.316-317).

დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი გარდაიცვალა 1936 წელს. იგი დაკრძალულია ქ.გურჯაანში.

ძმები კარბელაშვილების შთამომავალნი თავის წინაპართა ღირსეული დამფასებელნი არიან და პედაგოგიკურ-მეცნიერულ მოღვაწეობას ეწევიან ქ.თბილისში. მათ დიდი დახმარება გაგვიწიეს პ.კარბელაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის შესწავლაში.

ჟურნალი „სიწმიდეები გვიხმობენ“, თბილისი, 2004 წ.