დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი

ქართული საგალობლები

ქართული საერო და სასულიერო კილოები

თავდაპირველად კაცი იმგვარადვე შეჰყურებდა განცვიფრებული ყოველი ბუნების მოვლენასა, როგორც პატარა ბავშვი სინათლის შუქსა; ესე მიტომ აკვირვებდა ირგვლივ ბუნება კაცსა, რომ ჯერ არ იცნობდა ქვეყნიერებასა, ჯერ, თითოეული საგანიც არ ჰქონდა აღნიშნული საკუთარი სახელწოდებით. ამისთვის პირველში ყოველი კაცთა ნათესაობის (მოდგმის) ენა მეტად ღარიბი იყო, მაგრამ განვითარდა თუ არა თვითეული კაცთა ნათესავი იქამდე, რომ შეიძლო საკუთარი ენის შექმნა, ე.ი. რაკი გარემო ხილულ ქვეყნიერებაში ყოველი ნივთი და საგანი - სულიერი თუ უსულო, აღნიშნა განსაკუთრებულის, აზროვნებით სავსე სახელით, - მაშინვე იწყო სიმღერა-გალობაც. ამგვარად, პირველი ხმა, რომლიც კაცის პირიდგან აღმოხდა, შეიქმნა დასაბამად როგორც ლაპარაკისა, ისე სიმღერა-გალობისა, რაკი პირველში ლაპარაკი იგივე სიმღერა-გალობა იყო. ამის საბუთს გვაძლევენ ფრინველნი, რომელთათვის სიმღერა შეადგენს ერთურთის მდგომარეობის საცნობელ საშუალებასა, როგორც ჩვენთვის ლაპარაკი, პირველთაგანვე სასიმღერო კილოებში კაცი ჰხატავდა თავისს სულისა და გულის სასიხარულოს ან სამწუხარო ვითარებასა. მაგ კილოების სიმდიდრე (სხვადასხვაობა) დამოკიდებული იყო რასაკვირველია ირგვლივ ბუნების სიდიადეზედ-სიმდიდრეზედ. პირველი კაციც ხომ ბუნებით მდიდარ ქვეყანაში გაჩნდა, ყოველვარი სიცოცხლეც (გაზაფხული) ხომ ჯერ ბუნებით მდიდარ ქვეყნებში იღვიძებს! ამიტომ თავინდელი სამშობლო პირველი სასიმღერო კილოებისა არის აზიის რომელიმე მდიდარბუნებოვანი ქვეყანა. აქედან, უეჭველია, რომ ძველი-ძველ ენებში გალობა-სიმღერის აღმნიშვნელნი ზმნანი, როგორც ძველი დროის უცილობელნი საკუთრებანი ეანდერძნენ შემდეგ საუკუნეებში წარმომდგარ ენებს არა მარტო პირვანდელი მნიშვნელობით და აზრით, არამედ როგორც აღმნიშვნელი ხმისა, ძახილისა, ლაპარაკისა და სხვ., რადგანაც ახალს განუვითარებელს ენებში გალობა-სიმღერის აღსანიშნავი სიტყვა (ზმნა) არ მოიპოვებოდა. ამიტომ თავანდელი გალობა-სიმღერის აღმნიშნველი ზმნა ბევრს ახალს ენებში იპოვება. აქედან ცხადია, რომ როგორც ენა, ისე გალობა-სიმღერა შეადგენს მთელი კაცობრიობის სამკვიდრებელ სულიერ საგანძურსა. მაგ საგანძურში ყოველ ერს, დიდსა თუ პატარას, შეტანილი აქვს თავის მიერ შემუშავებული კილოები, შექმნილნი ადგილობრივ ბუნების მოვლენათა გავლენის ქვეშე.

 

ძველი ქართული კილოები და საეკლესიო გალობა

როგორც საქართველოა აღიარებული ქვეყნიერობაზედ ერთ საუკეთესო მხარედ, ეგრეთვე თვით საქართველოს მკვიდრნი უმშვენებენ მხარსა თავისს სამშობლოსა. მდიდარი ბუნების გავლენის ქვეშე ქართველი კაცი ძველთაგანვე აღზრდილა მხიარულის მიმართულებით, ხასიათით; ყოველი შემთხვეულებისათვის შეუქმნია განსაკუთრებული საგალობელი კილო. ამისათვის მთელ საქართველოში ძველთაგანვე ყოველ საგალობელ-სასიმღერო კილოს საკუთარი დანიშნულება, ჰაზრი ჰქონდა მითვისებული, როგორც დღეს; ყოველი კილო შეკავშირებული იყო რომელსამე ეროვნულ ჩვეულებასთან. მერე ვინ არ იცის, როგორის თავგამოდებით იცავდა ქართველობა ძველთაგანვე მამა-პაპათგან ნაანდერძევს ჩვეულებასა და წესსა? ან კი რატომ არ უნდა შეენახა, რად უნდა აეღო ხელი მამა-პაპათაგან ნაანდერძევს ზნე-ჩვეულებაზედ, როდესაც იგინი ამშვენებენ და სხვა ერთაგან ასხვავებენ, როგორც თვითმყოფ არსებასა? მეტადრე თუ იგი ზნე-ჩვეულებანი არ ეწინააღმდეგებიან საზოგადოებრივ წეს-წყობილებასა და პატიოსნურად ცხოვრებასა!

მართალია, მეტად დიდი არევ-დარევა გამოიარა ქართულმა გალობა-სიმღერამ, მეტად მრავალი განსაცდელი აუჩნდა ბოლოს მოსაღებად, ვიდრე ქართველობა ქრისტინაობას მიიღებდა, მაგრამ ამაოდ; თვითოეულ წარმართ მეფეს უცხო ან შინაური დინასტიისას სამეფოში შემოჰქონდა ახალ-ახალი ზნე-ჩვეულება და მათთან ერთად განსხვავებული სასიმღერო და საგალობო კილოები, მაგრამ ქართველობა ყოველთვის მტკიცედ იდგა მამა-პაპისაგან ნაანდერძევის დაცვისათვის და ბევრ მეფეს იაფად არ დაუჯდა გაჯიუტება.

მთელს საქართველოში იშვიათი სანახავია დღეს ისეთი თვალსაჩინო მაღლობი ადგილი ტყეში, თუ ტიტველა მთაზედ, რომ მასზედ აღშენებული არ იყვეს რომელიმე სათაყვანებელის წმიდანის ან საყდარი, ან მოსალოცი. ამ მაღლობ ადგილებზედ ძველად, ქრისტიანობამდე, აღმართულ იყვნენ საკერპოები, რომელთ სადღესასწაულოდ და სადიდებლად წელიწადში ერთხელ ხალხი თავს იყრიდა, როგორც დღეს საქრისტიანო სალოცავებთან; ჩვეულებრივ ატარებდა დროს, მთელს ღამეს ათევდა ლხინით, სიმღერა-გალობით და თამაშობით. ეს ასეც უნდა ყოფილიყო: აგრე ადვილი როდი იყო ხალხის გულიდგან აღმოფხვრა იმ საღმრთო სამშობლო კილოებისა, რომლებითაც ქართველნი თავისს ღმერთებს - კერპებს ადიდებდნენ ძველ დროდგან. დღესაც იმ საგალობელთაგან ბევრია დარჩომილი: იავნანა, მზე-შინა, მგზავრული და სხვ. ქრისტიანმა სამღვდელოებამ მაგ კილოებს ამოუყენა საქრისტიანო საგალობელთა სიტყვები და ძველი კილო ხელუხლებელი დარჩა. მეტი რა უნდოდა ქართველ ერსა ამ მხრივ? მაღლობ ადგილებზე სალოცავები არ მოეშალა ქრისტეანობის მიღებით, წირვა-ლოცვაზედ ისევ მამა-პაპური კილოები ისმოდა. აი, ერთი დიდი საბაბი, სხვათა შორის, რომ ქართველობამ, მხოლოდ ქართველობამ უდავიდარაბოდ სისხლის დაუღვრელად მიიღო ქრისტიანობა ჯერ წმ. ანდრია პირველწოდებული მოციქულისაგან და მერე წმ. ნინოსაგან.

საბერძნეთში, რომში, ასურეთში, სომხეთში და მცირე აზიის დასავლეთ ქალაქებში წმ. მოციქულებიდგან დაწყებულნი მრავალნი მღვდელმთავარნი, მღვდელნი, სამხედრონი და სხვ. ქრისტეს მორწმუნენი ათასობის ეწამენენ და ტანჯვაში დალიეს თავისი სიცოცხლე ქრისტეს მოძღვრების გულისათვის. პირიქით, საქართველომ მრავალი გაჭირვებაში მყოფი სხვა სარწმუნოების წარმომადგენელნიც კი შემოიხიზნა თავიის მიწა-წყალზედ და დღემდე დაიფარა (ებრაელნი, სომეხნი, თათრები, ფრანგები და სხვ.) მამაშვილურად მათი შთამომავლობა; სარწმუნოებრივი ფანატიზმით ქართველობას თავსს დღეში ერთხელაც არ შეუბღალავს თავისი სახელი და ქრისტიანეთა სისხლი არ დაუღვრია. საზოგადოდ, საეკლესიო ისტორია გვამცნობს, რომ დასავლეთის ეკლესია უფრო სასტიკად ეპყრობოდა და შეუბრალებლად სდევნიდა კერპულ დროინდელ ეროვნულ ჩვეულებათა და წესთა-სიმღერა-თამაშობათა, ვიდრე აღმოსავლეთის ეკლესია. ამისათვის აქ ყოველმა ერმა თავისი ეროვნული ძველი ჩვეულაბანი და სიმღერა-გალობანი საქრისტიანო მსახურებას შეუფერა და გვერდში ამოუყენა, როგორც თვით საბერძნეთმაც. ამგვარად მიიღო ქრისტნებრივმა წეს-წყობილებამ ეროვნული ელფერი როგორც საქართველოში, ისე ყველგან აღმოსავლეთში - ალექსანდრიაში, იერუსალიმში, ანტიოქიაში,  კაბადოკიაში, სომხეთში, თვით საბერძნეთში და სხვ. დღევანდელი ბერძნული გალობა ნაშთია ძველის, კერულ დროინდელი იონიურსი, დორიულის, ფრიგიულის და ლიდიურის კილოებისა და სხვა არაფერი, თუმცა, შესაძლებელია, ცოტა რამ განსხვავებით. ესევე ითქმის ქართულ საეკლესიო გალობის შესახებ საზოგადოდ.

 

საბერძნეთი და ქრისტიანობა; ბერძენნი და ქართველნი

აღვნიშნეთ რა შეძლებისამებრ სიძველე ჩვენის საგალობო და სასიმღერო კილოებისა, საჭიროდ მიგვაჩნია ყურადღება მივაქციოთ თუ ჩვენს საეკლესიო გალობაზედ რომელი ერის გალობამ იქონია მომეტებული გავლენა ქრისტიანობის დამყარების შემდეგ საქართველოში?

საზოგადოდ ჩვენში დამყარებულია აზრი, ვითომც ქართული გალობა ბერძნული გალობიდან წარმომდგარიყოს. ამას სახელოვანი ჩვენი მეისტორიე პლ. იოსელიანიც  მოიხსენიებს, თუმცა წინაუკმოდ. მაგრამ თუ რამდენად მართალია და ფასდასადები ეს აზრი, ამაზედ კრინტიც არავის დაუძრავს დღემდე. ჩვენის ფიქრით, პირველნი სამღვდელო პირნი - მითომ ბერძენნი შთამომავლობით - და ათონის ივერიის ლავრა არიან მიზეზნი ამ უსაფუძვლო აზრის შექმნისა. ჩვენ სრულიად უარსა ვყოფთ ბერძნული გალობის გავლენასა ქართულს გალობაზედ. პირველნი სამღვდელო პირნი, კონსტანტინე კეისრისაგან გამოგზავნილნი საქართველოში, იყვნენ შთამომავლობით კაბადუკიელნი ქართველნი, როგორც თვით წმ. ნინო; პირველნი კათოლიკოზნი - პეტრე და სამოელ კაბადუკიელი ქართველებივე იყვნენ, მართალია აღზრდილნი და განსწავლულნი საბერძნეთში, როგორც საბერძნეთის კეისრის საბრძანებელში (პონტში - კარადოკიაში), დანარჩენნი მცხოვრებნი - მკვიდრნი ქართველნი.  კონსტანტინე ქართულის ენის უცოდინელთა არ გამოგზავნიდა საქართველოში. ან წმ. ნინო უქართულოდ რას გაარიგებდა, რას გააწყობდა უცხო ენაზედ მოლაპარაკე ხალხში?!

პირიქით ქართველ მამებს თვით შეუქმნიათ სამშობლო ნიადაგზედ ახლანდელი ჩვენი გალობა. ამ დასკვნამდე მიგვიყვანა ჩვენის გალობის შედარებამ ჩვენსავე საერო კილოებთან და ბერძნულ გალობასთან. ბერძნული გალობა ერთხმოვანია, მოსაწყენი და გულის გამაწვრილებელი; აქ ვერ ნახავთ ვერც მოძახილსა, ვერც ბანსა; მგალობელთა გუნდი თუნდა ოცი კაცისაგანაც შესდგებოდეს, ყველა ერთ ხმაზედ ერთ დონეზედ ამბობს საგალობელ კილოს: აი, მიზეზიც მსმენელთათვის მოწყენისა და გულის გაწვრილებისა! ამ მხრივ დიდი ერთობაა ბერძნულსა და სომხურ გალობათა შორის... ჩვენი გალობის კილოებს რომ კარგად დავუკვირდეთ, მათი მრავალგვარობა და შედგენილობა, მათი შემადგენელი ნაწილების აკინძვის წესი რომ განვიცადეთ, სულ სხვა საქები და მოსაწონი თვისება შევნიშნეთ: ბერძნულსა და რუსულს გალობაში პირველი სძლის-პირის კილოს ეთანხმება დანარჩენი სძლის-პირების კილო თვითეულს ხმაში, ე.ი. ვინც პირველი სძლის-პირი იცის გალობით, იგი ადვილად იგალობებს შემდეგ სძლის-პირებსაც...

ქართულში კი მომეტებულ ნაწილად ერთის ხმის რვა სძლის-პირი ერთიმეორისაგან განსხვავებული კილოთი იგალობება - სამს, ან მეტს ხმაზედ.