30 მარტი კვირა 12 აპრილი
ძველი სტილით ახალი სტილით

ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ღირსისა იოანე სინელისა (კიბის აღმწერელისა, VI-VII); წინასწარმეტყველისა იოადისა (X ს. ქრისტეს შობამდე); მოციქულთა: სოსთენისა, აპოლოსისა, კეფასი, კესარიოსისა და ეპაფროდიტესი (I); წმიდისა ევბულასი (აპოლასი) - დიდმოწამე პანტელეიმონის დედისა (303); ღირსისა იოანე მდუმარისა (VI); ზოსიმე სირაკუზელი ეპისკოპოსისა (662); მღდელმოწამისა და აღმსარებელისა აკაკი ეპისკოპოსისა (დაახ. 251); საჰაკისა, პართეველ ეპისკოპოსისა, ძისა დიდისა ნერსესი (VI).

 

შენიშვნა 1) სადღესასწაულო ღმრთისმსახურება იწყება ეკლესიის ირგვლივ ლიტანიობით, რომლის დროს იგალობება: „აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა, და ჩუენცა ქუეყანასა ზედა ღირს მყვენ წმიდით გულით დიდებად შენდა“. ლიტანიის შემდეგ იწყება „განგება პირველ ცისკრისა“ ეკლესიის კარიბჭესთან. ასამაღლებლის შემდეგ ითქმის „ქრისტე აღდგა“, საგანგებო ჩასართავებით, და პასექის გალობანი. ცისკრის განგებას მოჰყვება ჟამობა პასექის წესით. საპასექო ჟამობა შედგება მხოლოდ სააღდგომო საგალობლებისაგან, და ტექსტობრივად ერთნაირია პირველი, მესამე და მეექვსე ჟამები, რომელთაც მოჰყვება:

ლიტურგია წმ. იოანე ოქროპირისა.

ლიტ.: საქმ. 1: 1-8 (დას. 1). ინ. 1: 1-17 (დას. 1).

ამბიონის ლოცვის შემდეგ – არტოსის კურთხევა.

შენიშვნა 2) ჟამობა პასექის წესით, ნაცვლად შუაღამიანისა, I, III, VI, IX და სერობის ჟამებისა, სრულდება მთელ ბრწყინვალე შვიდეულში დიდი შაბათის ჩათვლით. თომას კვირიდან კი დაიწყება ჩვეულებრივი ჟამობა. გარდა საზოგადო ღმრთისმსახურებისა, მთელ ბრწყინვალე შვიდეულში პასექის ჟამთა საგალობლებს ასრულებენ მოწესენი და ერისკაცნი პირადი ყოველდღიური ლოცვის დროსაც, ნაცვლად ჩვეულებრივი (ძილისაგან აღდგომისა და ძილად მისვლის) ლოცვებისა.