ქრისტე აღდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა
ცხოვრების მიმნიჭებელი!
რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა. რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ-ჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა. რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა, მადლობით დღესასწაულობდინ, ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭვეულობნ, რათა არა რაი დაჭირვება არს მისა. და რომელი დააკლდა ჟამსა მეცხრესა, მოვედინ ნუ რა რაის ორგულებნ, და ნუ ეშინინ, ხოლო რომელი მეათერთმეტესა ჟამსა მოიწია, ნუ შეშინდებინ დაყოვნებისათვის, რამეთუ მრავალმოწყალე არს მეუფე ჩვენი და კაცთმოყვარე. შეიწყნარებს უკანასკნელთა ვითარცა პირველთა, და განუსვენებს მეათერთმეტისა ჟამსა მოსრულთა, ვითარცა პირველისა ჟამისა მუშაკთა და უკანასკნელთა თვისცა მოწყალე არს, და შეღრთავს მათ პირველთა თანა, მათ მისცემს, და ამათ მიანიჭებს. საქმეთა მიითვალავს და განზრახვათა განიკითხავს, საქმეთა აქებს და გულსმოდგინებათა ადიდებს, და უბრძანებს შესვლად სიხარულსა უფლისა თვისისასა, რათა მდიდარნი და გლახაკნი ურთიერთას იხარებდენ, და მოღვაწენი და სულმოკლენი დღესა ამას პატივს სცემდნენ, რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა, ყოველნივე ერთბაშად განსცხრებოდნენ, რამეთუ დღეს ტაბლა სავსე არს, იშვებდით ყოველნი. ზვარაკი ჭამებული მზა არს, ნურავინ წარვალს მშიერი. ყოველნივე იშვებდით სერითა ამით სარწმუნოებისათა; ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა. ნუვინ ზრუნავნ სიგლახაკესა, რამეთუ გამოსჩნდა ყოველთათვის სასუფეველი. ნუვინ ჰგოდებნ ცოდვათათვის, რამეთუ შემნდობელი ჩუენი აღმობრწყინდა საფლავით. ნუვინ ჰსძრწინ და ეშინინ სიკვდილისაგან, რამეთუ განმანთავისუფლა ჩუენ სიკვდილმან მაცხოვრისამან, და დაშრიტა მათთვის, რომელნი პყრობილ იყვნეს მისგან. წარმოსტყუენა ჯოჯოხეთი, შთაჰხდა რა მას შინა. განამწარა იგი, შთასვლითა თვისითა. და ესე ისაია პირველვე ღაღადყო, ჯოჯოხეთი რა შეემთხუა იტყვის, ქვეშე შენსა განმწარდა. განმწარდა, რამეთუ განქარდა, განმწარდა, რამეთუ მოიკიცხა, განმწარდა, რამეთუ მოიკლა, განმწარდა, რამეთუ დაიმხო, განმწარდა, რამეთუ შეიკრა. მოხუნა ხორცნი და ღმერთი იხილა. შეიწყნარა ქვეყანამან, და მოეგებნეს ცანი. მიიღო ხილული და დასცა უხილავი. სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი. აღდგა ქრისტე და დაირღვი შენ. აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება
ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (სამ გზის)
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს, მხოლოსა უცოდუელსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ხმა ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩუენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და ვუგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდუა ჩუენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა. (სამ გზის)
ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩუენმან, და აღჰსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.
დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღჰსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაი მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა.
საფლავად ხორცითა შეჰხვედ, ხოლო ჯოჯოხეთს სულითა ვითარცა ღმერთი და სამოთხეს ავაზაკის თანა, და საყდართა მამისა და სულისა თანა განუშორებელ იყავ, ქრისტე, რომელი ყოველსავე აღავსებ გარეშემოუწერელო, უფალო, დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა ნათლით-შემოსილსა და ვითარცა უშუენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოსჩნდი მხსნელად ყოვლისა სოფლისა, აღჰსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათელთა, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, და გამოჰსჩნდა საფლავი შენი ვითარცა წყაროი ჩუენისა აღდგომისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ზეგარდმო განწმედილ იქმენ ღმრთისა სამკვიდრებელო, გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მიეცემის სიხარული ყოველთა, ღმრთისმშობელო, რომელნი გიღაღადებენ შენ სიხარულით, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, ყოვლად უბიწოო დედუფალო.
უფალო შეგვიწყალენ (40-ჯერ).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ. ამინ.
პარაკლისების წაკითხვის მსურველთ შეუძლიათ წაიკითხონ „პარაკლისი აღდგომიდან დაწყებული თომას კვირიაკემდის, ანუ – ბრწყინვალე შვიდეულში“.
ჩვეულებრივი დილა-საღამოს ლოცვების, პარაკლისების, დაუჯდომლების და ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირიაკიდან (აღდგომის მომდევნო პირველი კვირა დღიდან).
მუხლთადრეკა განახლდება სულთმოფენობის დღესასწაულიდან (აღდგომიდან 50-ე დღეს).