|
ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათი |
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა
ცხოვრების მიმნიჭებელი!

ქრისტე აღსდგა!
დიადი დღესასწაულით დაგვირგვინდა სინანულისა და მარხვის დღეები. ჩვენ ჩამოგვცილდა მარხვის სიმძიმე, მაგრამ ნუ მოვიცილებთ მის ნაყოფს. დადგა დრო მარხვის ტვირთის დატევებისა და მისი ნაყოფის შეგროვებისა. გავიდა დრო მოღვაწეობისა და მუშაკობისა, მაგრამ არ გასულა დრო კეთილი საქმეების კეთებისა. დამთავრდა ხორციელი მარხვა, მაგრამ არ დამთავრებულა სულიერი მარხვა. საერთოდ, მთავარია სულიერი მარხვა, ხორციელი მარხვა ხომ მის ხელშესაწყობადაა დადგენილი. შეიძლება მარხვის დროს მარხულობდე და არ იყო მმარხველი, და პირიქით, შეიძლება ხსნილში არ მარხულობდე, მაგრამ მმარხველი იყო. შეიძლება ეს ჩემი სიტყვები გამოცანად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე აგიხსნით მათ მნიშნველობას. როგორ შეიძლება მარხულობდე და არ იყო მმარხველი? ეს მაშინ ხდება, როცა ვიმარხავთ თავს არასამარხვო საჭმლისაგან, მაგრამ არ ვიმარხავთ თავს ცოდვებისაგან.
როგორც შეიძლება არ მარხულობდე და მმარხველი იყო? როდესაც ღებულობ ყოველგვარ საჭმელს, მაგრამ არ ტკბები ცოდვებით, თავს იმარხავ ცოდვისაგან. ასეთი მარხვა უკეთესია და არა მხოლოდ უკეთესი, იგი უფრო იოლიც არის. კიდევაც დაიბანე, კიდევაც იტრაპეზე, ღვინოც მიიღე ზომიერად თუ სურვილი გაქვს, ხორციც შეჭამე, არავინ გიშლის, მაგრამ შეიკავე თავი ცოდვისაგან. ხედავ, რა იოლია ასეთი მარხვა? უმარხულობას ვერ დააბრალებ ფიზიკურ სისუსტეს, იგი მთლიანად სულის მდგომარეობით განისაზღვრება. მაგრამ არ გეგონოს, რომ ვინმე შეძლებს სულიერ მარხვას მანამ, სანამ არ გამოიწრთობა ხორციელი მარხვით.
დღევანდელი დღესასწაული არა მხოლოდ მიწის ბინადართა დღესასწაულია, მას ზეცაშიც ზეიმობენ, სიხარულია დედამიწაზე! სიხარულია ზეცაშიც! და თუ ერთი ცოდვილის ღვთისკენ მოქცევას უდიდესი სიხარული ახლავს ჩვენშიც და ზეცაშიც, მით უფრო მეტია სიხარული დღეს, როდესაც მთელმა სამყარომ დააღწია თავი ეშმაკის კლანჭებს. დღეს ზეიმობენ ანგელოზნი, დღეს ხარობენ მთავარანგელოზნი, ზეიმი აქვთ ქერუბიმებსა და სერაბიმებს.
მათ არ არცხვინებათ ჩვენთან ერთად აღნიშვნა ამ დღისა! და არა მხოლოდ ანგელოზებს, თვით უფალს არ ერცხვინება თავის შვილებთან ერთად ზეიმი. „სურვილი მაქვს, პასექისა ამის ჭამად თქუენთანა“ (ლკ. 22, 15).
მაშ, როგორ ხარობენ ანგელოზები და მთავარანგელოზები, როდესაც ყოვლის შემოქმედი და მეუფე დღესასწაულობს ჩვენთან ერთად, რაღა საბაბი უნდა დაგვრჩეს მწუხარებისათვის?
ღარიბს ნუ აწუხებს თავისი სიღარიბე, რადგან დღეს სულის ზეიმია.
ნურც მდიდარი იამაყებს თავისი სიმდიდრით, რადგან ამ დღესასწაულის სიხარულს ვერანაირი თანხით ვერ იყიდი.
მიწიერ დღესასწაულებს თან ახლავს თავშეუკავებლობა, მაძღარი ტრაპეზი და ნაყროვანება, მეფობს უხამსობა და სიცილ-ხარხარი, ზეიმობს სატანური ფუფუნება. იქ მართლაც მოწყენილია ღარიბი, მდიდარი კი მხიარულობს. რატომ?
იმიტომ, რომ მდიდარს აქვს შესაძლებლობა გააწყოს მდიდარი სუფრა, იგი ტკბება თავისი სიმდიდრით. ღარიბმა კი რა ქნას? დროის ტარებისთვის არა აქვს ფული.
აქ კი სულ სხვაგვარადაა ყველაფერი. ერთია ტრაპეზი მდიდრისთვისაც და ღარიბისთვისაც. მდიდარს არ ძალუძს რაიმე შეჰმატოს ამ ტრაპეზს, ღარიბს კი სულაც არ სჭირდება ფული მასზე დასასწრებად, რადგან აღდგომის ტრაპეზი ღვთიური მადლია, რომელიც ყველას ეფინება და ყველას დააპურებს, ვინც მას ხელს არ ჰკრავს და არ განერიდება.
სიმდიდრე ვერ დაგაპურებს ღვთიური მადლით, მადლს ვერ შეისყიდი.
სიღატაკე ვერ შეაფერხებს მადლის მიღებას. იგი ღვთიური ძღვენია. ამ ტრაპეზს მეფეც და მონაც ერთნაირად ეზიარება. ხანდახან შეიძლება მონას უმეტესი პატივის კი ხვდეს წილად, მეფეს მეტი შესაძლებლობა აქვს დაცემისა და თუ ვერ შეინახა თავი, მის მეფურ პატივს ცოდვები აქარწყლებს. ღატაკს კი ფიზიკურად მეტად შეუძლია სიწმინდის დაცვა, რადგან ბევრს მუშაობს და ცოდვის ჩადენისთვის დროც კი არ რჩება.
მაშ, ერთად ვიზეიმოთ ეს დიადი და ნათელი დღესასწაული - ქრისტეს აღდგომა.
ვიზეიმოთ იგი ერთობითა და სიწმინდით.
ქრისტე აღსდგა და აღადგინა სამყარო.
ქრისტე აღსდგა და დაემხო სიკვდილი.
ხედავ, ადამიანო, ძღვენის სიდიადეს? მაშ, შეინახე ეს სიმდიდრე სულში, გაუღე მას გული კარი! და აივსები სიცოცხლით, სიხარულით, თავისუფლებით და სიყვარულით. ამინ.
გაზეთი „საფარა“, № 3 (19), 1996 წ.
დღეს მთელი მსოფლიო, როგორც ერთი ოჯახი, რომელიც ერთი საქმისათვის შეიკრიბა და ყოველდღიური საქმე მიატოვა, ლოცვით ერთიანდება. დღეს არ ჩანან მგზავრები გზაზე, არც ზღვაზე მეზღვაურნი, მიწათმოქმედმა გუთანი და ბარი მიატოვა და საზეიმო სამოსით შეიმოსა, სამიკიტნოები დაცარიელდა, გაქრა ხმაურიანი შეკრებები, როგორც ქრება ხოლმე ზამთარი გაზაფხულის გამოჩენისას. ყოფითი მღელვარება, შფოთი და ქაოსი სადღესასწაულო სიმშვიდემ შეცვალა. ღაბირი მდიდარივით იმოსება, მდიდარი ჩვეულებრივზე უფრო საზეიმოდ იცვამს, მოხუცი ყრმასავით მიიჩქარის ამ დღესასწაულზე, ავადმყოფი სენს სძლევს, ბავშვი სამოსს იცვლის და გრძნობებით ხარობს, რადგან ჯერ კიდევ არ ძალუძს იხაროს სულიერად; ქალწული სულით იხარებს, რადგან თავისი იმედების ნათელ საწინდარს ხედავს, ოჯახის დედა თავის ოჯახობასთან ერთად ზეიმობს: მისი ქმარ-შვილი, მოსამსახურეები და ოჯახის სხვა წევრები ერთად მხიარულობენ. როგორც ახალი, სულ ახლახანს წარმოშობილი ფუტკრის ნაყარი, რომელიც სკიდან პირვლად გამოფრინდა ჰაერზე და ერთად დასხდნენ ხის ერთ ტოტზე, ასევე ამ დღესასწაულზე ოჯახის ყველა წევრი ყოველი მხრიდან ისწრაფვის საკუთარი კერისაკენ. მართლაც, სამართლიანად ადარებენ ამ დღესასწაულს მეორედ მოსვლის დღეს, რადგან ერთიცა და მეორეც ადამიანებს ერთად კრებს. მაგრამ მეორედ მოსვლისას ყველანი ერთად შეიკრიბებიან, ახლა კი ნაწილ-ნაწილ. სიხარულსა და მხიარულებას რაც შეეხება, სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე უფრო ბედნიერია, ვიდრე მომავალი. მაშინ აუცილებლად იგლოვენ ისინი, ვისი ცოდვებიც გამხელილი იქნება, ახლა კი პირიქით, არ არიან ჩვენს შორის მწუხარენი, ახლა მართალიც იხარებს და ისიც, ვინც გული არ განიწმინდა, რადგან იმედოვნებს, რომ სინანულით გამოსწორდება. ეს დღე ყოველგვარ დარდს ამსუბუქებს და არ არსებობს ისეთი მწუხარე ადამიანი, ვინც ვერ იპოვიდა ნუგეშს ამ დღესასწაულში. ახლა თავისუფლდება ტყვე, მოვალეს ვალი შეენდობა, ეკლესიის კეთილი და კაცთმოყვარე მოწოდების გამო მონაც კი თავისუფლებას ღებულობს, თუნდაც მრავალი მძიმე დანაშაული ჩაედინოს. მისი ბატონი, ამ დღის პატივსაცემად, რომელიც სიხარულისა და კაცთმოყვარეობისადმი განგვაწყობს, ფარაონის მსგავსად , რომელმაც მწდე ბნელეთიდან გამოიყვანა, შეიწყნარებს განგდებულსა და შეურაცხყოფილს, რადგან იცის, რომ მეორედ მოსვლის დღეს თავადაც დასჭირდება შენდობა ღმრთისაგან და ამიტომ ამ წყალობის გაღებით, მაგიერს ელის, განაშორეთ მწუხარებით დამძიმებულ სულს დარდი, როგორც უფალმა განარიდა სიკვდილი ჩვენს სხეულს, დაუბრუნეთ პატივი შერცხვენილთ, გაახარეთ მწუხარენი. დაე, ყველასათვის ყვაოდეს ამ დღესასწაულის მშვენიერება. თუკი მიწიერის მეფის დაბადების დღეს გახსნიან ჯურღმულებს, მაშ განა ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვების დღეს არ ანუგეშებენ მწუხარეთ?! ღარიბებო, მიიღეთ სიყვარულით დღე, რომელიც დაგაპურებთ, უძლურნო და საპყარნო, შეეგებეთ განკურნების დღეს, მასში დაფლულია იმედი თქვენი აღდგომისა, რომელიც გიბიძგებთ მოშურნეობის სათნოებისაკენ და მანკიერებათა მოძულებისაკენ. რადგან თუ აღდგომის არსი გაქარწყლა ჩვენში, მხოლოდ ერთი აზრით ვიცხოვრებთ: „ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკვდებით“ (1 კორ. 15, 32).