image

image


image

 

ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევი

როგორ ვილოცოთ ბრწყინვალე შვიდეულში

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

ბრწყინვალე აღდგომის შესახებ

„აღდგომა იმდენად აღმატებულია ყველა, თუნდაც საუფლო დღესასწაულზე,
რამდენადაც მზე აღემატება ვარსკვლავებს“

დღეს გამოიხსნება სამყარო - ხილული და უხილავი ქვეყანა. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, აღსდექით მასთან ერთად. ქრისტე ამაღლდა თავისი დიდებით - ამაღლდით თქვენც, ქრისტე აღსდგა საფლავიდან - თქვენ კი ცოდვათაგან იხსენით თავი. განიხვნება კარნი ჯოჯოხეთისანი, შეიმუსრება სიკვდილი, განდგება ძველი ადამი, იშვება ახალი.

აღდგომა, აღდგომა უფლისა! და კიდევ გეტყვით სამების თაყვანსაცემად: აღდგომა! დღესასწაული დღესასწაულთა და ზეიმთა ზეიმი; იგი იმდენად აღმატებულია ყველა, თუნდაც საუფლო დღესასწაულზე, რამდენადაც მზე აღემატება ვარსკვლავებს.

დაე, მოკლედ განვიხილოთ თავად „აღდგომის“ ანუ პასექის სახელწოდება. დიდებულ და თაყვანსაცემ აღდგომას ებრაელების ენაზე „პასექი“ ეწოდება, რაც ისტორიულად, ებრაელი ერის ეგვიპტიდან გამოსვლასა და ქანაანში გადასახლებას, ხოლო სულიერად, მიწიერიდან ზეციურისკენ, აღთქმული მიწისაკენ გადასვლას უკავშირდება.

თუ ჩვენ, ვინც დავეცით ცოდვისა და გემოთმოყვარეობის შედეგად, კერპთაყვანისმცემლობამ და სისხლის- ღვრის უსჯულოებამ გაგვიტაცა, ისევ უნდა ავმაღლებულიყავით და პირველქმნილ მდგომარეობას დავბრუნებოდით ჩვენი ზეციერი მამის, შემოქმედის უდიდესი გულმოწყალებით, რომელმაც ვერ დაითმინა, რომ ესოდენ დაზიანებული დარჩენილიყო მისი ქმნილება: მაშინ, როგორ უნდა შექმნილიყო იგი ხელახლა? როგორ მოხდებოდა ეს ხელახალი შობა?

ვერ გამოდგებოდა სწრაფი და უხეში ჩარევით ექიმობა, ვინაიდან ასეთ წამლობას, საუკუნეების მანძილზე ფესვგადგმული სიმსივნის გამო, შეიძლება ახალი იარა წარმოეშვა; ადამიანის ცოდვილი ბუნების გამოსასწორებლად გათვალისწინებული იქნა მოკრძალებული და კაცთმოყვარე ხერხი კურნებისა; ირიბი ტოტიც კი ვერ იტანს უეცარ გადაღუნვას და ზედმეტ ძალისხმევას იმისგან, ვისაც მისი გასწორება სურს, და შეიძლება სულაც მოტყდეს კიდეც, ვიდრე გასწორდეს. გახედნილი და მრავალნაცადი ცხენიც ვერ ითმენს დამქანცველ რბოლას შექებისა და ალერსის გარეშე. ამიტომაც გვეძლევა შეწევნად სჯული, ვითარცა კედელი, რომელიც უფალსა და კერპებს შორის აღმართულა, რათა კერპებს განგვაშოროს და ღმერთთან მიგვიყვანოს. თავიდან იგი დათმობაზე მიდის რაღაც მცირედმნიშვნელოვანის მიმართ, რათა მოიპოვოს უმნიშვნელოვანესი. გარკვეულ დრომდე უშვებს მსხვერპლს, რათა ჩვენში უფლის შემეცნება აღადგინოს. ხოლო შემდეგ, როცა დადგება დრო, იგი მსხვერპლსაც აღარ დაუშვებს, თანდათანობითი აკრძალვებით ბრძნულად გარდაგვქმნის და უკვე მორჩილებისადმი შეჩვეულები, სახარებისაკენ მივყავართ.

სწორედ ამგვარად შემოვიდა ჩვენში წერილობითი სჯული, რომელიც შეგვკრებს ქრისტეში. აი, ამგვარია, ჩემი აზრით, ესოდენ აღმატებული მსხვერპლის მიზეზი!

ვის მიმართ და რატომ დაიღვარა ჩვენს გამო დათხეული სისხლი იესო ქრისტესი? ჩვენ ეშმაკის მფლობელობაში ვიყავით, ცოდვით გაყიდულნი, რომლებმაც ვნებათმოყვარეობით ჩვენივე დამახინჯებული მდგომარეობა შევიძინეთ. და თუ გამოსყიდვისას საფასე მიეცემა იმას, ვინც ძალაუფლებას ფლობს: ჩნდება კითხვა: ვის მიმართ და რა მიზეზით იქნა შეწირული ეს საფასური - მაცხოვრის წმიდა სისხლი? თუ ეშმაკისადმი შეიწირა, მაშინ რაოდენ შეურაცხმყოფელია ეს ყოველივე! ამ შემთხვევაში ისე გამოდის, რომ ყაჩაღი, ანუ ბოროტი სული ღებულობს გამოსყიდვის საფასურს, და ღებულობს არა მარტო ღმერთისგან, არამედ თავად მას, უფალს იღებს მსხვერპლად; თავისი სისასტიკისათვის იგი იმდენად დიდ, უზომო ხარკს ღებულობს, რომ ამის გამო სამართლიანად დაგვინდობდა კიდეც. და თუ სხვაგვარადაა, და მამა ღებულობს ამ მსხვერპლს, როგორ ხდება ეს? ჩვენ ხომ მის ტყვეობაში არც ვყოფილვართ? მეორეც, რა მიზეზით შეიწყნარებს მამას სისხლი მხოლოდშობილი ძისა, მან ხომ არ მიიღო მსხვერპლად ისააკი, რომელიც მამამისმა შეწირა? უფალმა ხომ ადამიანის მსხვერპლშეწირვა კრავის შეწირვით ჩაანაცვლა? და თუ ეს ასეა, მაშინ აქედან ჩანს, რომ მსხვერპლი მიიღო მამამ, ოღონდ არა იმიტომ, რომ თავად მოითხოვდა ან საჭიროებდა ამას, არამედ ღვთის განგებულების გამო და იმიტომ, რომ ადამიანი უნდა განწმედილიყო ღვთის განკაცებით, რომელსაც ბოროტის დამარცხებით თავად უნდა გამოვეხსენით და თავისთან ავეყვანეთ თავისივე ძის მეშვეობით, რომელიც ყოველივეს მამის სადიდებლად იქმოდა. ამგვარია ქრისტეს საქმენი, დანარჩენზე კი დუმილი ეგების.

თუმცა სპილენძის გველი ჯვარზე შხამიანი გველებისგან თავდასაცავად ეკიდა, ის მაინც არ იყო ჩვენთვის ვნებულის პირველსახე, არამედ რაღაც მის საპირისპიროს გამოხატავდა და იმ ადამიანს, ვინც მას შეხედავდა, არა იმ რწმენის ძალით გადაარჩენდა, რომ იგი მაინც ცოცხალი იყო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ დამხობილი უკვე მოკვდინებულიყო და სიკვდილით თავის ძალასაც აკვდინებდა.

სადაა სიკვდილო საწერტელი შენი? სადაა, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? (1 კორ. 15, 55) შენ დაგამარცხა ჯვარმა, მოგაკვდინა სიცოცხლის მომნიჭებელმა; უსულო, მკვდარი, უძრავი და უმოქმედო ხარ; თუმცა ჯერ კიდევ ინარჩუნებ გველის სახეს, მაგრამ მაინც სამარცხვინო ბოძისთვის ხარ განწირული.

ჩვენ შევიქმენით, რათა კეთილდღეობით გვეცხოვრა, და კეთილდღეობით ვცხოვრობდით მას შემდეგ, რაც შევი ქმენით. ჩვენ სამოთხე ჩაგვაბარეს, რათა ნეტარებაში გვეცხოვრა, ჩვენ მოგვეცა მცნება, რათა მისი დაცვით დაგვემსახურებინა დიდება, - მოგვეცა არა იმიტომ, რომ ღვთისთვის ცნობილი არ იყო ჩვენი მომავალი, არამედ იმიტომ, რომ მან თავისუფლების კანონი დაადგინა. ჩვენ ვცდუნდით, რადგან შური აღგვეძრა: დავეცით, რადგან სჯულს გადავუხვიეთ; ვმარხულობთ, რადგან არ დავიცავით მარხვა და ხე ცნობადით ვიძლიენით; ვინაიდან მცნება მარხვისა ჩვენთვის ძველიც იყო და თანამედროვეც, რომელიც თითქოსდა სულისათვის ძიძა იყო და აღვირი ტკბობისას.

ჩვენ ამ მცნების დაცვით უნდა დავიბრუნოთ ის, რაც მისი დარღვევით დავკარგეთ. ჩვენ ვსაჭიროებდით უფლის განკაცებას და მის მოკვდინებას, რათა გავცოცხლებულიყავით. მასთან ერთად მოვკვდით ჩვენც, რათა განვწმედილიყავით, მასთან ერთად აღვსდექით, ვინაიდან ჩვენც მოვკვდით მასთან ერთად. მასთან ერთად განვდიდდით, რადგან მასთან ერთად აღვსდექით. ბევრი სასწაული მოხდა მაშინ: ჯვარცმული უფალი, დაბნელებული და ხელახლა გაბრწყინებული მზე (რაც იმიტომ მოხდა, რომ ქმნილებასაც უნდა თანაეგრძნო შემოქმედისთვის), განპობილი კრეტსაბმელი, ნეკნიდან გადმოღვრილი სისხლი და წყალი (პირველი იმიტომ, რომ ჯვარცმული ადამიანი იყო, მეორე კი იმიტომ, რომ იგი ადამიანზე აღმატებული იყო), შერყეული მიწა, მკვდართა საფლავთაგან აღდგომა რწმენით იმისა, რომ ოდესმე იქნება მომავალი და საყოველთაო აღდგომა, სასწაული დაკრძალვის ჟამს... და განა ვინმე შეძლებს, ღირსეული ხოტბა შეასხას ამ სასწაულებს? მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება ჩემი ცხონების სასწაულს. სისხლის მცირე წვეთები მთელ სამყაროს ხელახლა ქმნის და ყოველი ადამიანისთვის ხდება ის, რაც არის მაწვნისდედა (კვეთი) რძისათვის, რომელიც გვკრებს და გვაერთიანებს.

დიდებული და წმიდაა აღდგომა, მთელი სამყაროს განწმენდა!

მოამზადა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 13 (272), 2004 წ.

წმიდა იოანე ოქროპირი

აღდგომისათვის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

„ინებოს მოწყალე ღმერთმა, რომ როგორც ევნეთ თქვენ უფალთან ერთად მისი ჯვარცმის ჟამს, ასევე იხარებდეთ და ილხენდეთ მის აღდგომის დღეს“

დღეს აღესრულა, საყვარელნო, რაც მრავალი საუკუნის წინ თქვა დავით წინასწარმეტყველმა: „მწუხრი იყვნენ ტირილით და ცისკარს სიხარულით“. რამეთუ მწუხარება, რომელმაც მოიცვა მოციქულნი უფლის ჯვარცმისას, მისი აღდგომის სიხარულით შეიცვალა; ხოლო ქრისტეს ჯვარმცმელების სიხარული ცისკარზე უფლის აღდგომით მათ სირცხვილად გადაექცათ.

ისევე, როგორც დანიელ წინასწარმეტყველის მტარვალნი შერცხვნენ, როცა იგი ორმოდან უვნებელი გამოვიდა და ლომები არ შეეხნენ მას; ისევე, როგორც ბაბილონის მთავარი გაწბილდა, როდესაც სამი ყრმა ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა, ასევე და უმეტესად შერცხვნენ ჯვარმცმელნი ღვთის ძისა, როდესაც იგი მკვდრეთით აღმდგარი საფლავიდან გამოვიდა. უწყოდა უფალმა, რომ არ ირწმუნებდნენ მის აღდგომას და აღადგინა მკვდრეთით მართალნი, რათა მათ ექადაგათ ქრისტეს აღდგომა. როგორ არ უნდა ირწმუნო ასეთი დიდი სასწაული, როცა ხედავ, რომ გაიხსნა საფლავნი და ისმენ, როგორ გიქადაგებენ მიცვალებულნი?!

მაგრამ არცაა გასაკვირი, რომ მათ ყურად არ იღეს მკვდართა ღაღადი; ვისაც ღვთისა და ღვთის ძისა არა სწამს, ნუთუ საფლავიდან აღმდგარ მართალს დაუგდებს ყურს?! ჯვარმცმელნი ქრისტესი დამწუხრდნენ, როდესაც მიცვალებულთა იქადაგეს დიდება უფლისა, ხოლო უფლის მოწაფეებმა განიხარეს. მკვდრები ქადაგებდნენ თავისი უფლისათვის და ანგელოზები, ახარებდნენ ქრისტეს აღდგომას მის საფლავთან. ანგელოზნი, რომლებიც არ იყვნენ ქრისტეს ჯვარცმის ჟამს, ახლა ადიდებენ აღდგომილ მაცხოვარს. ჯვარზე ვნებისას რომ გამოჩენილიყვნენ ანგელოზები შეძრწუნდებოდნენ ჯვარმცმელნი მისნი და მაშინ როგორღა აღესრულებოდა ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის მიზანი - თავისი სიკვდილით მიანიჭოს ცხოვრება საუკუნო თაყვანისმცემელთა მისთა?

ამიტომ ვნების ჟამს განეშორნენ მას ანგელოზნი მისივე ბრძანებით, რათა აღსრულებულიყო ნება უკეთურთა.

ხოლო აღდგომის ჟამს კი ზეციდან ანგელოზნი ჩამოიყვანა, რათა მოწაფეებისთვის მათ ქრისტეს აღდგომა ეხარებინათ.

ხარობდეს ამიერიდან ეკლესია და დღესასწაულობდეს ამ ბრწყინვალე დღეს! უთხრას იერუსალიმს: ნუ ხარობს მტერი ჩემი, დაცემულს რომ მხედავს, რამეთუ აღვდგები; და ნუ ხარობს, ბნელში რომ ვარ, რადგან მოვა უფალი ჩემი და გამინათებს. კიდევ ამას ეუბნება წინასწარმეტყველი ეკლესიას: „აღდეგ და განათლდი, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი, და დიდებაი უფლისაი შენ ზედა გამობრწყინდეს...“, რადგან გამობრწყინდა დიდება უფლისა მის ეკლესიაზე. თაყვანს სცემენ ღვთის დიდებას „მეფენი სოფლისანი“ და „მსაჯულნი ქვეყანისანი“, როგორც თქვა წინასწარმეტყველმა: „განგეხუნენ ბჭენი შენნი სამარადისონი დღე და ღამე და ნუ დაეხშვიედ, და შევიდენ შენდა ერნი თესლთანა და შარავანდედნი მათნი“ (ეს. 60,11).

ინებოს მოწყალე ღმერთმა, რომ როგორც ევნეთ თქვენ უფალთან ერთად მისი ჯვარცმის ჟამს, ასევე იხარებდეთ და ილხენდეთ მის აღდგომის დღეს და გახდეთ თანაზიარნი მისი აღდგომის სასწაულისა, რათა ადიდებდეთ ყოვლადმოწყალებასა მისსა უკუნისამდე, ამინ.

უდაბნოს მრავალთავიდან ახალქართულზე გადმოიტანა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 13 (272), 2004 წ.

 



image
© საიტზე მოთავსებულ ტექსტებზე საავტორო უფლებები დაცულია. გთხოვთ, ავტორის ან მთარგმნელის ნებართვის გარეშე ნუ გამოიყენებთ
2003