აღდგომის დღესასწაულის ხალხური ტრადიციები საქართველოში

„ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“ (აღდგომის ტროპარი)

ეს ძველი საგალობელი ეკლესიას თვით მოციქულებმა უბოძეს. სახარებასთან ერთად მას სანუკვარ სიწმიდესავით ინახავდა ყველა ქრისტიანული საძმო. ქრისტიანთა დევნის ჟამს იგი ძლევის ჰიმნივით ჟღერდა რომის კატაკომბებსა თუ იუდეის გამოქვაბულებში. აღდგომის ღამეს ქრისტეს აღდგომის სიხარული სულიერი ნათლის ტალღებად იღვრება მართლმადიდებლური ტაძრებიდან და წყვდიადში ჩაფლულ ღამეს სიხარულით სავსე, ბედნიერ დღედ აქცევს.

ქრისტე აღსდგა - ამ სიტყვებში იკვეთება ძველი აღთქმის ყველა რადიუსი, მისი წინასწარმეტყველებანი, სახეები და აღთქმანი.

ქრისტე მაცხოვრის ჯვარცმა და აღდგომა კაცობრიობისა და მთელი კოსმოსის ისტორიის უმთავრესი მოვლენაა. ქრისტეს აღდგომა არის ჩვენი უკვდავების დამტკიცება და მკვდრების მომავალი აღდგინების პირველსახე, ახალი სიცოცხლის დასაბამი და კაცობრიობის ორ ტირანზე - ჯოჯოხეთსა და სიკვდილზე გამარჯვება.

ქრისტეს ჯვარცმითა და აღდგომით დაითრგუნა სულიერი სიკვდილი. ქრისტემ ადამიანი თავისი თავით შეცვალა და მეტაფიზიკური წყვდიადიდან ლოგოსის ნათელში გამოიყვანა. მან გვიჩვენა გადარჩენის გზა, მთელი თავისი ცხოვრებით მოგვცა სიყვარულის მაგალითი. ქრისტემ დააარსა ეკლესია თავისი საიდუმლოებებითა და ღვთისმსახურებით, რომელთა მეშვეობით ქრისტეს აღდგომა წარსულიდან აწმყოდ იქცევა. ადამიანს მიეცა საშუალება, ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობით, ქრისტეს აღდგომის სიხარული განიცადოს, საბოლოოდ კი სული გადაირჩინოს.

საქართველოში ოდითგანვე დიდ პატივს მიაგებდნენ ქრისტიანულ დღესასწაულებს. მორწმუნეები წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ და ეზიარებოდნენ. გამომდინარე ადათ-წესებიდან, ისინი სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად აისახებოდა. „ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარში“ კარგად არის გადმოცემული მათი მრავალფეროვნება.

აღდგომას, დასავლეთ საქართველოში, ახალი მიცვალებულის პატრონი, ჩამოსარიგით მიდიოდა თავისი მიცვალებულის საფლავზე და იქვე სუფრაზე აწყობდა სანოვაგეს; გათავდებოდა თუ არა ცისკარი, მღვდელი ჩამოივლიდა ყველა სუფრას, აკურთხებდა და შემდეგ ჭირისუფალი თავისი სანოვაგიდან ცოტ-ცოტას ყველაფერს ურიგებდა იქ მყოფთ. ოჯახში კი, სანამ სადილად დასხდებოდნენ, უფროსი დიასახლისი აიღებდა საოჯახო განატეხს (ანთებული სანთელი კედელზე უნდა ყოფილიყო მიკრული), ჭიქით ღვინოს, განატეხს წაღმა