ახალი წელი

იანვრის ძველი სახელია აპნისი. იანვრის ამ თვეს ძველმა რომაელებმა უწოდეს წარმართული ღვთაების, იანუსის სახელის მიხედვით. თვით იანუსის კერპი ორსახოვანი იყო. მისი წინა სახე (ახალგაზრდა) შორს სივრცეში იყურებოდა, უკანა სახე (მოხუცებული) კი, ვალმოხდილი და ჩაფიქრებული, თითქოს ძველისა და ახლის, დასაწყისისა და დასასრულის ერთობას წარმოადგენდა.

ქრისტეს შობამდე ცოტა ხნით ადრე რომაელებმა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან დაიწყეს - ეს იყო დიდი სახალხო დღესასწაული რომისათვის დამახასიათებელი წარმართული გართობა-თამაშობებითა და ორგიებით. მანამდე კი რომაელები წელიწადის ათვლას 1 მარტიდან იწყებდნენ.

დროისა და ქვეყნების მიხედვით ახალი წელი იზეიმებოდა: 1 მარტს (სამყაროს შექმნა), 25 მარტს (ხარება), 1 სექტემბერს (იესო ქრისტეს ტაძარში შესვლა; (ლკ. I, 18-19), 27 სექტემბერს (იოანე ნათლისმცემლის მუცლადღება), 25 დეკემბერს (იესო ქრისტეს შობა)...

1594 წელს საფრანგეთის მეფის, კარლოს IX-ის ბრძანებით საფრანგეთში ახალი წლის აღნიშვნა დაიწყო 1 იანვრიდან, რაც შემდგომ თანდათან გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც. საეკლესიო ტიპიკონით, ახალი წელი ყოველთვის ხსნილია. საქართველოს ყოველ კუთხეში თავისებურად ხვდებიან ამ დღესასწაულს: ახალი წლისათვის ინახება საშობაოდ დაკლული ღორის თავი, რომლის ირგვლივ გაწყობილი სადღესასწაულო კერძებისა და ჭირნახულის სიმრავლე იმედით აღავსებს ოჯახს, აცხობენ განსაკუთრებულ პურებს - „ბასილის კვერებს“ (ამ დღეს აღინიშნება წმიდა ბასილი კესარია კაბადოკიელის ხსენება), ამზადებენ ჩიჩილაკს „ბასილის წვერებით“ ...

წმიდა ეკლესია ამ დღეს ლოცულობს, „რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან აკურთხოს დასაწყისი და გადასვლა წლისა... აკურთხოს გვირგვინი მოწევნულისა ამის წელიწადისა სახიერებითა თვისითა და დააცხროს ჩვენს შორის ყოველი მტრობა, უწესობა, ურთიერთს ბრძოლა და მოგვანიჭოს მშვიდობა, მტკიცე და პირუთვნელი სიყვარული, კეთილსახიერებითი თანხმობა და სათნოებითი ცხოვრება“.

სამოქალაქო ცხოვრებაში ახალი, გრიგორიანული კალენდარის დამკვიდრებამ გარკვეული არევ-დარევა გამოიწვია ერში. ახალი სტილით 1 იანვარი საშობაო მარხვაში ხვდება და ქრისტიანების დიდი ნაწილი ნებსით თუ უნებლიეთ, სახსნილო საჭმელით თუ არა მარხვისთვის მიუღებელი მხიარულებით მაინც იზიარებს ხელოვნურად თავსმოხვეულ ახალ წელს, ნამდვილი საახალწლო ზეიმი კი ხელმეორედ აღნიშვნით თითქოს უფერულდება.

წმიდა მამა იოანე ოქროპირი მკაცრად აფრთხილდება თავის სამწყსოს მონაწილეობა არ მიეღოთ წარმართულ და ქრისტიანებისათვის შეუფერებელ უაზრო გართობებსა და ღრეობებში, წმიდა მამის შეგონების ყურადღება დღეს უფრო გვმართებს, რადგან ახალი სტილით ახალი წელი პრინციპულად უპირისპირდება ძველ, ნამდვილ ახალ წელს.

მადლობა ღმერთს, ერში ჯერ კიდევ დიდია ქრისტანული ტრადიციის გავლენა და იმედია, ღვთის წყალობით ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

ღმერთმა დაგვილოცოს გვირგვინი ახალი წლისა.