გილოცავთ მთავარანგელოზობას!


მთავარანგელოზთა დასი
ხატმწერი: გიორგი ზაქაიძე

ზეცისა მხედრობათა მთავარ-ანგელოსნო, გევედრებით უღირსნი ესე, რაითა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ხელ-აღპყრობით გიღაღადებთ, ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალნო.

 

ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მთავარანგელოსისა მიქაელისა და სხვათა უჴორცოთა ზეცისა ძალთა - ცხრა დასთა ანგელოსთა და მთავარანგელოსთა, ძალთა, უფლებათა, მთავრობათა, ხელმწიფებათა, საყდართა, და ქერუბიმ-სერაბიმთა

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მთავარანგელოსისა მიქაელისა

დაუჯდომელი გალობა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა

სავედრებელი პარაკლისი წმიდათა მთავარანგელოსთა: მიქაელისა და გაბრიელისა; რაფაელისა და ურიელისა; სელაფიელისა და იეგუდიელისა; ვარაქიელისა, იერომიელისა და ტახნილისა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებანი მთავარანგელოზობის დღესასწაულზე
(1993 წ. - 2001 წ. - 2004 წ. - 2010 წ.)

მთავარანგელოზის მიქაელის მიერ ქმნილი სასწაული კოლასეში (ხონა) (IV)

ჯუმათის მთავარანგელოზთა მონასტერი

წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი თბილისში

 

კრება წმიდისა მთვარანგელოზისა მიქაელისა
და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა;
 მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა,
ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა.

დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს - ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე „დღესა მერვესა“, როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. წმიდა მამები სამყაროს არსებობის ხანას სიმბოლურად შესაქმის შვიდ დღეს უკავშირებენ, შვიდი ათასწლეულის შემდეგ („რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე“; ფს. 89, 4) კი უნდა დადგეს „დღე მერვე“, „რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსთა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა“ (მთ. 25, 31).

ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფებიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი) (ეს. 6, 2). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ.

სერაბიმთა შემდგომ უფალთან დგანან ქერუბიმნი (შეს. 3, 24), რომელთა სახელი ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას.

ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი (კოლ. 1, 16), რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.

უფლებანი (კოლ. 1, 16) ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულ მართვა-განმგებლობაში შეეწევიან, გვეხმარებიან ცოდვილ გულისთქმათა დაოკებაში.

ძალნი (1 პეტ. 3, 22) ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველთქმედების და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ.

ხელმწიფებანი (1 პეტ. 3, 22; კოლ. 1, 16) ადამიანებს ეშმაკის საცდურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან, განამტკიცებენ და იცავენ მოსაგრეებს.

უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

საწყისნი (კოლ. 1, 16) მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთ სამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ;

მთავარანგელოზნი (1 თეს. 4, 16) უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს.

ანგელოზნი (1 პეტრ. 3, 22) ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.

ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“) - ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე.

მთავარანგელოზ მიქაელს - მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ - ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.

მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.

საღვთო წერილიდან და წმიდა გადმოცემიდან ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან: გაბრიელი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

რაფაელი - ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობიას ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს.

მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

ურიელი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.

სელაფიელი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.

ეგუდიელი - ღვთის დიდებას ნიშნავს. ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი - შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით. შოლტი იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცთ და უდებთ ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი.

ვარახიელი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.

წმიდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს: ღვთისკენ ამაღლებას (3 ეზრ. 4, 36). იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია, და ვნებათა და ცოდვათა დაძლევაში შეგვეწევა.

მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

 

ანგელოზთა შესახებ

სასულიერო ლიტერატურაში სიტყვა მთავარანგელოზი და ანგელოზი გამოიყენება ორი (კერძო და ზოგადი) მნიშვნელობით:

1) ბიბლიურ ტექსტებში ანგელოზები (ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს მაცნეს) სულები არიან, ღვთის სიტყვის მაცნეები ადამიანებისთვის. ეს სიტყვა ეკუთვნის ყველა ზეციურ უხორცო ძალებს. აქედან მომდინარეობს გამოთქმა - ანგელოზთა სამყარო. მთავარანგელოზი (ბერძნული არხე - ნიშნავს საწყისს) - უზენაესი, ანუ ანგელოზთა მთავარი, ასე მოიხსენიება იგი ახალ აღთქმაში (იუდ. 1,9; 1ეფეს. 4,16). ეკლესიის სწავლებით მთავარანგელოზი რვაა: მიქაელ მთავანგელოზი - ზეცის ძალთა მთავარი, ნიშნავს - ვითარცა ღმერთი (დან. 10,13; იუდ. 1,9), გაბრიელი - ძალი ღვთისა (დან. 8,16; ლუკ. 1,26), რაფაელი - ღვთიური შემწე (ტობ. 3,16), ურიელი - ღმერთი, ნათელი ჩემი (1ეზდრ. 4,1), სელაფიელი - ღვთისადმი ლოცვა (1 ეზდრ. 4,1), იერომიელი - ღვთისაკენ ამაღლება (3 ეზდრ. 4,36). მთავარანგელოზებს მიეკუთვნებიან ასევე იეგუდიელი (ღვთის დიდება) და ვარახიელი (ღვთის კურთხევა), რომლებიც წმინდა წერილში არ მოიხსენებიან.

2) სიტყვა ანგელოზი და მთავარანგელოზი გამოიყენება წმინდა დიონისე არეოპაგელმა თავის ნაშრომში ზეციური იერარქია, კერძოდ, როცა ის საუბრობდა ზეციური იერარქიის 9 დასზე. წმინდა დიონისე არეოპაგელის მიხედვით ზეციურ იერაქრიას აქვს სამი საფეხური, ხოლო ყოველ საფეხურზე არის სამი დასი: 1) სერაფიმები, ქერობიმები, საყდარნი; 2) უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი; 3) საწყისნი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი.

„მიუხედავად იმისა, რომ ზეციური სულები უხორცონი და უკვდავნი არიან, უფალმა ინება, რომ მათ თანაც ყოფილიყო საწყისი, ძალი და ხელმწიფება“ - წერდა წმინდა ეფრემ ასური.

ანგელოზები არიან ღვთის მაცწეები და იმისათვის, რომ განახორციელონ თავიანთი მისია, მათ ებოძათ აზრი, ნება და ყოვლისშემძლეობა.

წმინდა წერილი ამოწმებს, რომ ანგელოზთა სამყარო ღმერთმა შექმნა: თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა (დაბ. 1,1). წმინდა მამები და საეკლესიო გარდამოცემა ცაში მოიაზრებენ სულიერ სამყაროს, მიწაში - მატერიას, ფიზიკურ საწყისს. ეკლესიის ამ რწმენას გამოხატავს I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (325 წელი, ნიკეა) შემუშავებული მრწამსი (რწმენის სიმბოლო), რომელიც იწყება სიტყვებით: მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულითა ყოველთა და არა ხილულთა... აქ საუბარია ღვთის მიერ არამიწიერი სამყაროს - ანგელოზური, ზეგრძნობადი ძალების შექმის შესახებ.

წმინდა მამები ამბობენ, რომ საღვთო განგებულების შესახებ ვიცით მხოლოდ იმდენი, რამდენიც საჭიროა ჩვენი ხსნისათვის. მოციქული პავლე ამბობდა: რამეთუ ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ - პირსა პირისპირ; აწ ვიცით მცირედ, მერმე ვიცნა, ვითარცა შევემენცე (1კორ. 13,12). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანებს არ მიეცათ სრული ცოდნა ზეგრძნობადისა; ამგვარი სრულყოფილი ცოდნა ფიზიკური სამყაროსთვის არ არის განკუთვნილი. ადამიანები შეიმეცნებენ მას და ეზიარებიან მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ. და მაშინ იქნება უკვე არა გამჭოლი, დაბინდული მინა, არამედ უშუალო გამოცდილება და განცდა, პირისპირ შეხვედრა და შეცნობა ზეციური რეალობისა.

ბიბლიური ენა ეკუთვნის სხვადასხვა ერს, ეპოქას, კულტურას, გეოგრაფიულ გარემოს. ამიტომ ზეციურ რეალობების აღწერაში ანგელოზთა სამყარო გამოიხატება ამა თუ იმ ენისათვის დამახასიათებელი ალეგორიით, მეტაფორით და ანტროპომორფიზმებითაც კი, მაგალითად, ზეციური სამყაროს წარმომადგენლებს უწოდებენ: „მრავალთვალ ქერობიმებს“, „ექვსფრთიან სერაბიმებს“ და სხვ. „მრავალთვალი ქერობიმები“ - ესენი არიან სულიერი არსებები, მფლობელნი განსაკუთრებული გამჭრიახობისა, გასაოცარი სულრერი ხედვის ძალისა. ხოლო „ექვსფრთიანი სერაფიმები“ - არსებები, „ცეცხლოვანი“ სიყვარულით ანთებული ღვთის მიმართ და მასთან ახლოს მდგომნი და ეს ახლომდგომობა ზოგიერთ ძველ ფრესკაში ექვსი ფრთის სახით არის გამოხატული.

ანგელოზები - რეალური სულიერი არსებებია, ფლობენ პიროვნულობას, გონებას, ნებასა და ძალას. ისინი თავისუფალნი არიან ფიზიკური მყოფობის შემოსაზღვრული კანონებისაგან; შეიქმნენ დროისა და სივრცის მიღმა; ხან ხილულნი არიან ადამიანებისათვის, ხან უხილავნი. ჩვენ, აქაურ სამყაროს მიკუთვნებულთ, არ შეგვიძლია თვითნებურად შევიცნოთ ამ ზეცის მკვიდრთა ჩვენთან მყოფობა.

ღვთისაგან შექმნილი ანგელოზები არიან შუამავალები ჩვენსა და უფალს შორის, რათა განახორციელონ უზენაესი ნება ზოგადად და თითოეული ადამიანისათვის, პიროვნულად. ამის გარდა, ანგელოზები არიან ადამიანების შუამდგომელნი ღვთის წინაშე. ამას ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა (მათ. 18,10).

რად სჭირდება უფალს ვინმეს შუამავლობა? ხომ არ ცხადდება ანგელოზთა მსახურება ერთგვარად ღვთის ყოვლისშემძლეობის შემოფარგვლად? რა თქმა უნდა, არა. ამის ახსნა შეიძლება ჩვენი ცხოვრების მაგალითით. ღმერთი - წყაროა სრული სიკეთისა და ამას იგი ადამიანთა ჩარევის გარეშე აკეთებს. მაგრამ ჩვენს სამყაროში სიკეთე ადამიანთა საშუალებითაც აღესრულება. ესენი არიან ღვთისთვის სათნონი (წინასწარმეტყველნი, წმინდანები, მოწამენი და ა.შ), რომლებიც ცხადდებიან საღვთო ნების განმცხადებლად და აღმსრულებლად დედამიწაზე. ამგვარად, ადამიანის მიერ სიკეთისა და მოწყალების ღვაწლი არაფრით აბრკოლებს საღვთო ყოვლისშემძლეობას.

ანგელოზები - თავისუფალი არსებები არიან. მათ აქვთ თავისუფალი ნება. ამის მაგალითია - ლიუციფერი (ითარგმნება, როგორც „დილის ვარსკვლავი“), რომელიც უფალთან ყველაზე ახლომდგომი ანგელოზი იყო და ამპარტავნების გამო, საკუთარი ნებით ღმერთს იმდენად განეშორა, რომ გახდა თავისი შემოქმედის მტერი, ბოროტების წყარო, რომლის ადგილი ზეცად აღარ არის. მას შემდეგ განუწყვეტელი ბრძოლა მიმდინარეობს სიკეთესა და ბოროტებას შორის, მასში ჩართულია ხილული და უხილავი, მიწიერი და ზეციერი სამყარო. და ამიტომ ყოველ ჩვენგანის გვერდით ხან კეთილი ძალაა, ხან ბოროტი. ყოველთვის, როცა ჩვენ აღვასრულებთ სიკეთეს, ჩვენს გვერდით ჩვენი მფარველი ანგელოზებია, ხოლო როცა პირიქით ხდება, ბოროტს მივეცემით.

მოამზადა ნინო გაგოშაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №35 (522), 2009 წ.