ესთიგმენის მონასტერი

წმინდა ესთიგმენის მონასტერი დგას ათონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ხილანდარის მონასტრის ახლოს. მონასტერს საძირკველი ზღვაში აქვს. მის გარშემო სხვადასხვა პერიოდის ნანგრევებია - რომაელთა ბატონობის დროიდან დაწყებული, პირველ განდეგილთა ეპოქით დამთავრებული.

მონასტრის მთავარი ტაძარი

მონასტერი დაარსებულია X-XI საუკუნეებში. ის ესთიგმენის მონასტრად პირველად მოხსენიებულია ათონის მეორე ტიპიკონში (წესდებაში) 1045 წელს. მონასტერს არაერთხელ დასხმიან თავს მეკობრეები, იგი ზარალდებოდა ხანძრებისგანაც. დოკუმენტებით, მეკობრეები სამჯერ (873, 1047 და 1543 წლებში) დასხმიან თავს მონასტერს. 1491 წლის ხანძარი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ესთიგმენისთვის.

მონასტერს განსაკუთრებით მფარველობდნენ ბიზანტიელი მონარქები. იმპერატორთა სიგელები ადასტურებდნენ, რომ მონასტერს არაერთი უძრავი ქონება ჰქონდა პროვლაკში, სკუტარში, კროსევში, კრასტაში, თესალონიკსა და კონსტანტინოპოლში.

ესთიგმენმა აღზარდა ისეთი უმაღლესი სასულიერო მოღვაწენი, როგორიცაა წმინდა ანასტასი კონსტანტინოპოლის პატრიარქი (1310 წ.) და სოლუნელი არქიეპისკოპოსი წმინდა გრიგოლ პალამა (1335 წ.).

XVII საუკუნეში მონასტერს ფინანსურად გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ ფეხზე წამოდგა მიტროპოლიტი გრიგოლის დახმარებით, რომელმაც მონასტრის ვალები გაისტუმრა.

მონასტრის სატრაპეზო

მონასტრის სატრაპეზო აშენდა იღუმენ თეოდოსიტეს დროს.

1821 და 1832 წლებში ესთიგმენი თურქების არმიამ დაიკავა და გამოიყენა ჯარისკაცების სადგომად. სავანე აღადგინა წმინდა ანას სკიტის ბერმა აღათანგელოზმა. ამ დროს, კერძოდ, 1832-1871 წლებში, შეიქმნა მონასტრის დიდებული ნაგებობანი, სამრეკლო, ტაძრები, ტაძრის მორთულობანი და სამხრეთის კარიბჭე.

ტაძარი უფლის ამაღლების სახელზეა ნაკურთხი, ამის გარდა, მის ტერიტორიაზე არის 7 ეკლესია-მონასტერი, 7 - მის გარეთ. მონასტერში არის მრავალი წმინდა ნაწილი. ბიბლიოთეკაში დაცულია 372 ხელნაწერი და 8000 ნაბეჭდი წიგნი.

ესთიგმენს მე-18 ადგილი უკავია ათონის მონასტრების იერარქიაში, მაგრამ მისი წარმომადგენელი არ მონაწილეობს წმინდა კინოტის სხდომებში.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.