თქვენ ხომ გცალიათ, ბატონო ათინოდოროს?!

1983 წლის დეკემბერში კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართა გამოფენა „საქართველოს მეცნიერება, ტექნიკა, ეკონომიკა“. გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის წარგზავნილი ჩვენი რესპუბლიკის მცირერიცხოვანი დელეგაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ალექსანდრე ალექსიძითა და ამ სტრიქონების ავტორით იყო წარმოდგენილი.

კვიპროსი თავისი მოუშუშებელი სატკივარით დაგვხვდა. ხმელთაშუა ზღვის ეს ორად გაყოფილი ქვეყანა ბერძენი და თურქი მოსახლეობის ხელოვნურად განცალკევების გამო მორალურ, პოლიტიკურ და ეკონიმიკურ სიძნელეებს განიცდის. ნიქოზიის სასტუმრო „კენედი“ , რომელშიც დაგვაბინავეს მასპინძლებმა, კიდევ უფრო გვიცხოველებდა საომარი მდგომარეობის უჩვეულო შეგრძნებას, რადგან სასტუმროდან ორმოცდაათ ნაბიჯზე იწყებოდა სილიანი ტომრებისა და მავთულხლართებისგან აღმართული ბარიკადები.

ჩვენი მივლინების საქმიანი ნაწილი კვიპროსში საბჭოთა კავშირის ელჩთან, ნიკოლოზ ასტავინთან, ვიზიტით დაიწყო. ჩვენი რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამოცანებთან ერთად იგი დაინტერესდა საქართველოსა და კვიპროსს შორის ისტორიული ურთიერთობებით. ამ საკითხზე ბატონმა ალექსანდრემ მდიდარი ინფორმაცია მიაწოდა მასპინძელს და გააკვირვა კიდეც, როდესაც ამცნო, რომ კვიპროსში XI საუკუნის ქართული ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი. ჩვენი გაკვირვების ჯერიც დადგა, როდესაც შევიტყვეთ, რომ კიკოს მონასტრის წარმომადგენლებს (რომელთაც კვიპროსის ნაყოფიერი მიწების 80% ეკუთვნით) ელჩთან შეხვედრისას უკმაყოფილება გამოუთქვამთ იმის გამო, რომ უკანასკნელი სამოცი წლის მანძილზე საქართველოდან აღარ იღებენ ტრადიციულ შემოწირულობებს, როგორც ზემო იმერეთის ორ სოფელში ეკლესიათა მესაკუთრენი (როგორც მოგვიანებით აგვიხსნეს, ერთ-ერთი ყოფილა ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიაში კვიპროსელთა მიერ აშენებული).

საუბრის დასასრულს ელჩს ვთხოვეთ, შეძლებისდაგვარად დაგვხმარებოდა ძველი ქართული ეკლესიის დღევანდელი იერის კინოფირზე აღბეჭდვაში, რითაც საშუალებას მივცემდით ჩვენს თანამემამულეებს, გაცნობოდნენ შორეულ წინაპართა იშვიათ ქმნილებას, მათ კეთილ კვალს ერთმორწმუნე კვიპროსში.

ეს აზრი პირველად ავთანდილ მიქაბერიძემ - თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელმა მოგვაწოდა, როდესაც იგი გამოფენისთვის მზადების პერიოდში მოვიწვიეთ, როგორც თანამედროვე ბერძნული ენის ჩინებული მცოდნე (ბატონმა ავთანდილმა, ერთი წლით ადრე, საბერძნეთში ხანგრძლივი მივლინების დროს, მოახერხა ორიოდე დღით კვიპროსში ჩასვლა და ქართული კულტურის ამ უნიკაურის ძეგლის მიგნება).

ელჩთან პირველი შეხვედრისას მხოლოდ გადაღების უფლებაზე ჩამოვაგდეთ სიტყვა. მისმა თავაზიანმა, ზოგადმა დაპირებებმა გვაგრძნობინა, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი ჰქონდა.

გვაინტერესებდა გაგვეგო, კვიპროსელთა დამოკიდებულება მათ სამშობლოში არსებული ქართული ეკლესიისადმი. გამოფენის გახსნის წინ, ტრადიციისამებრ, ადგილობრივ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე, სხვებთან ერთად, ეს ფაქტიც მოვიხსენიეთ. რეაქცია მოულოდნელი აღმოჩნდა - მეორე დილით თითქმის ყველა გაზეთმა აუწყა მკითხველებს პროფესორ ალექსიძის განზრახვა, მოენახილებინა ძველი ქართული სავანე. ასეთი რეკლამის შემდეგ კვიპროსელ ოფიციალურ პირებთან თუ გამოფენის რიგით სტუმრებთან საუბრისას უსათუოდ წამოიჭრებოდა ხოლმე ქართულ-ბერძნული ისტორიული და კულტურული ურთიერთობების თემა. თითქმის ყველა გამოთქვამდა მზადყოფნას, შეძლებისდაგვარი დახმარება აღმოეჩინა ჩვენთვის, რათა მიგვეღწია ქართული მონასტრის ადგილსამყოფელამდე, რომელიც სხვადასხვა წყაროს მიხედვით „ღალიას“, „ჟალიას“ ან „იალიას“ სახელით არის ცნობილი.

კვიპროს-საბჭოთა კავშირის მეგობრობის საზოგადოების გამგეობამაც დაგვიჭირა მხარი და შაბათ დღეს დაგვიგეგმა შეხვედრები ქალაქ პაფოსში. ამ მშვენიერ ზღვისპირა ქალაქში მოხვედრა უკვე წინ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავდა, რადგან ქალაქი სულ ორმოციოდე კილომეტრითაა დაშორებული ქართული კულტურის ძეგლიდან.

ღალიას ქართული მონასტრის ნანგრევები

ჩვენი გეგმა მარტივი იყო. გვსურდა ორი ავტომანქანით ჩავსულიყავით პაფოსამდე, მასპინძლებისთვის „დაგვეთმო“ პირველი მანქანის ეკიპაჟი - გამოფენის დირექტორი და მოსკოველი კოლეგა, რომელიც ჩვენს დელეგაციას ახლდა, მეორე მანქანით კი უმალ გავყოლოდით მთებისკენ მიმავალ სერპანტინს, რათა გადაღებების დასრულება დღის სინათლეზე მოგვესწრო.

ვინაიდან ადგილობრივი ხელისუფალნი პაფოსშიც გვეგულებოდნენ და იმედი გვქონდა მათი მხარდაჭერისა, ჩვენი ეკიპაჟი დილაადრიან გაემგზავრა კუნძულის სამხრეთ-დასავლეთისკენ. ჩვენს მეგზურს, ავთანდილ მიქაბერიძეს, წარმატების იმედს უძლიერებდა სარეკომენდაციო წერილი, რომელსაც პაფოსის ეპარქიის მიტროპოლიტს უგზავნიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

ვეებერთელა გაკრიალებული ლიმუზინის საჭესთან ჩვენი საელჩოს პასუხისმგებელი თანამშრომელი - ახალგაზრდა მოსკოველი დიპლომატი იჯდა. ჯერ კიდევ ჩვენს ჩასვლამდე, გამოფენაზე მივლინებულმა ახალგაზრდა თბილისელმა მეცნიერებმა იგი ისე მოხიბლეს და დაიახლოვეს, რომ, როგორც კი თავისუფალ წუთს გამონახავდა, მზად იყო რითიმე ვესიამოვნებინეთ. მის გვერდით უზარმაზარი, მრავლისმომსწრე კინოაპარატით შეიარაღებული ლომერ ახვლედიანი მოთავსდა. იგი დროს არ კარგავდა და ავტომანქანიდან იღებდა საინტერესო ხედებს.

რეალობამ უმალ შეგვახსენა თავი, როდესაც გზამ მიტოვებულ, გაუკაცრიელებულ სოფელს ჩაუარა, საიდანაც ორიოდე წლის წინ თურქი მოსახლეობა გახიზნულიყო. გულსაკლავი სანახაობაა მსხმოიარე, ხილით დახუნძლული ხეები, აყავავებული ბაღ-ბოსტანი და პატრონის მოლოდინში გარინდული ეზო-კარი, ქვითკირის ღობეებით გამიჯნული დაცარიელებული სახლები, რომელთა დამთრგუნავი დუმილის დარღვევა - თუნდაც ძაღლის ყეფით ან მამლის ყივილით - ღვთის მადლივით მონათლავდა იქაურობას.

პაფოსელი მასპინძლები ქალაქის შესასვლელშივე შემოგვეგებნენ. გულთბილი მისალმების შემდეგ ერთმა მათგანმა პატარა რუკა გადმოგვცა, რომელზეც სოფელ იალიასკენ მიმავალი გზა წინასწარ ფანქრით აღენიშნა: გაზეთებიდან ვიცი, აქეთკენ მიგიწევთ გულიო, გვითხრა და გზა დაგვილოცა.

ჩვენმა ეკიპაჟმა არ დააყოვნა და კუნძულის ჩრდილოეთისკენ იბრუნა პირი. გავიარეთ რამდენიმე სოფელი და მთაზე შეფენილ ტყეში შეჭრილ ვიწროებს გავუყევით. ბუნებამ თანდათან იცვალა იერი და იქაურობა სულ უფრო მეტად გვახსენებდა ბორჯომის ხეობას. გზაში დიდი ინტერესით ვუსმენდით ავთანდილ მიქაბერიძეს, რომელიც გატაცებით მოგვითხრობდა ღალიას მონასტრის შესახებ ქართულ თუ უცხოურ წყაროებში ძუნწად შემონახულ ცნობებზე, ხატოვნად აღწერდა თავის განუმეორებელ განცდებს, რომლებიც 1982 წლის მაისში დაუფლებოდა, როგორც საუკუნეთა მანძილზე ამ მონასტერთან პირველ მუხლმოყრილ ქართველს.

დავით აღმაშენებლის მეფობის ხანას ეკუთვნის მემატიანის ცნობა იმის თაობაზე, რომ „ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი“ დიდმა მეფემ სამშობლოშიც და საზღვარგარეთაც, მათ შორის კვიპროსშიც, „აღავსნა კეთილითა“. მოგვიანებით ბასილი ეზოსმოძღვარი თავის თხზულებაში მიგვინიშნებს, რომ თამარ მეფემ „კვიპრეს ღალია შეამკო და უყიდნა შესავალნი...“ XI-XII საუკუნის ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები, რომლებიც ღალიაშია შესრულებული, გვარწმუნებენ, რომ ეს მონასტერი კულტურულ-მწიგნობრულ კერასაც წარმოადგენდა. კვიპროსული წყაროების მიხედვით, თურმე მისი ყოველწლიური შემოსავალი ამ ქვეყნის ყველაზე მძლავრი კიკოს მონასტრის შემოსავლის ტოლფასი ყოფილა.

„ჟალიას“ მონასტერი კვიპროსში, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ ქართველი წინამძღვარი ჰყოლია, მოხსენიებულია რომის პაპის, კლიმენტ V-ის მიერ შექმნილ დოკუმენტში, რომელიც 1306 წლით არის დათარიღებული. კიდევ ორი წყარო იხსენიებს ღალიას მონასტერს: ერთი მათგანი გვაუწყებს, რომ 1461 წელს ჯვაროსნების შინაომის შედეგად ღალია განადგურდა, მეორე კი გვამცნობს, რომ 1935 წლამდე  იგი მოქმედ ბერძნულ მონასტერს წარმოადგენდა.

„ძველი ქართული მწერლობის კერებში“ პროფესორი ლევან მენაბდე სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ XIV საუკუნეში კვიპროსში ქართული კოლონია არსებობდა, მაგრამ „გვიანი ხანის ქართველმა მოგზაურებმა ტ.გაბაშვილმა (1758 წ.), ი.გედევანიშვილმა (1784 წ.) და გ.ავალიშვილმა (1820 წ.) კვიპროსზე ქართველთა ნაკვალევი ვეღარ ნახეს“. 1962 წ. პროფესორმა ოთარ გიგინეიშვილმა ჩაატარა კვლევა კვიპროსში და თუმცა მონასტერს ვერ მიაგნო, საკმაოდ ზუსტად განსაზღვრა საძიებელი არე. თხუთმეტი წლის წინ იგივე მიზნის მისაღწევად დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინა კვიპროსში ხანგრძლივ მივლინებაში მყოფმა ინჟინერმა კ.გველესიანმა, მაგრამ უშედეგოდ.

ასეთი ღრმა თეორიული ცოდნით შეიარაღებულებმა მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ გაუვალ ჯაგნარში გაჩხერილ ჩვენს მანქანას მოძრაობა უჭირდა. იმასაც ყველანი ერთდროულად მივხვდით, რომ ოცდიოდე წუთით ადრე, ტყის ბილიკთა გასაყართან ერთხმად არჩეული გეზი მცდარი გამოდგა.

მიუხედავად ამისა, ოპტიმიზმს არ ვკარგავდით, რადგან ყველა ორიენტირის მიხედვით, საძიებელი ადგილი ახლოს უნდა ყოფილიყო. ის იყო კვლავ მანქანაში ჩავსხედით და უკუსვლით ვაპირებდით დაღმართზე ჩასვლას, რომ ძრავის გუგუნის ხმა შემოგვესმა და მყისვე ჩვენს წინ ბუჩქებიდან გამოვარდნილმა მწვანე „ჯიპმა“ დაამუხრუჭა. არ გაგვკვირვებიაო - ვერ ვიტყვი, მაგრამ ის, რაც მოპირდაპირე მანქანაში მსხდომთ აღებეჭდათ სახეზე დიპლომატიური ნომრებით გაწყობილი BMW-ს მარკის ავტომობილის  უკაცრიელ ტყეში დანახვისას, ნამდვილად ძნელად აღსაწერია. ერთხანს ჩვენი თავშესაფრებიდან ვზვერავდით ერთმანეთს, მერე კი ისევ ბატონმა ავთანდილმა იმარჯვა - მიიჭრა საჭესთან მჯდომ კვიპროსელ ოფიცერთან და ოდნავ ნაწყენი ინტონაციით ჰკითხა, თქვენ აქ რა გინდათო? იმ წუთის შემდეგ ინიციატივა აღარ დაგვითმია.

სულ მალე ახლადშეძენილმა გულშემატკივრებმა ღალიას კედლებთან მიგვიყვანეს. ის ადგილიც მიგვითითეს, სადაც რამდენიმე წლით ადრე ამერიკელ თუ გერმანელ არქეოლოგებს განძის პოვნის იმედით გათხრები ჩაუტარებიათ.

ჟამთასვლას ვერ გაუწირავს ქვაში ამოთლილი ქართული წარწერა: „ნიკოლოზს შეუნდოს ღმერთმან“.

ეკლესიისთვის საბედისწერო აღმოჩენილა 1953 წლის დამანგრეველი მიწისძვრა. შემორჩენილი კედლების განლაგება შესაძლებელს ხდის განისაზღვროს, რომ ნაგებობა საკმაოდ დიდი ზომისა ყოფილა. სასწაულით გადარჩენილი ფრესკების ფრაგმენტებზე სახარების ცალკეული სცენებია აღბეჭდილი.

დროებით ყველანი ბატონ ლომერის ასისტენტებად ვიქეცით. გულდაგულ გასუფთავდა კედლები ეკალ-ბარდებისა და მომძლავრებული ბალახისაგან, სპეციალური ხსნარით დამუშავდა ფრესკები, რათა ფერები უფრო მკაფიო გამხდარიყო. ბოლოს ყოველი დეტალი დიდი მონდომებით აღიბეჭდა კინოფირზე.

უკან გამობრუნების დრო დადგა. ფეხს მივითრევდით. ღალიასთან განშორება გვიმძიმდა. „ვინ იცის, როდისღა მოესწრება აქაურობა ქართულ საუბარს“ - ოთხი კაცის ნაფიქრი გამოთქვა ბატონმა ალექსანდრემ. ჩვენმა უნებლიე მასპინძლებმა, სახელდახელოდ, ფიალები გამოთალეს ვაშლებისგან. ქართული ღვინით დავილოცეთ...

ნიქოზიის გზაზე კვლავ წარსულის ამოუკითხავ ფურცლებზე ჩამოვარდა საუბარი. ბატონი ავთანდილი სოფელ ალიმანოსის მახლობლად XIV საუკუნის ქართული დასახლების შესახებ მოგვითხრობდა. მას ეს ადგილიც წინა წელს მოენახულებინა და მეცნიერული სიზუსტით აღგვიწერდა შორეულ წინაპართა ნასახლარზე შემორჩენილ წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებს. ის კი, მართალი გითხრათ, ახალგზრდა მოგზაურისთვის მისატევებელ ჰიპერბოლად ჩავთვალე, რომ თითქოს ვიღაც მოხუცი ბერძენი ყოველდღიურად სანთელს ანთებდა ჩვენს თანამემამულეთა წმინდა ადგილზე.

ალამინოსის წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევები

ნიქოზიაში ჩასვლამდე ჩამოყალიბდა მეორე დღის გეგმა. გადავწყვიტეთ, გვესარგებლა ჩვენი საელჩოსა და კვიპროსელ მასპინძელთა მიერ შემოთავაზებული კვირადღის კულტურული პროგრამის არჩევანის უფლებით, ლიმასოლისკენ გავყოლოდით ზღვისპირა ავტოსტრადას და შემდეგ ოდნავ „ავცდენოდით“ მარშუტს.

დილაადრიან კვლავ დავტოვეთ ნიქოზია. ამჯერად ახალგაზრდა ბერძენი მძღოლი მართავდა მანქანას. მან უმაღლესი განათლება მოსკოვში ჰქონდა მიღებული და ჩვენს გამოფენაზე თარჯიმნად მუშაობდა. ამ უქმე დღეს თითქოს ნირვანაში მყოფი სოფლის მოსახლეობა, ლამის უკლებლივ, დილიდანვე ტავერნაში შეკრებილიყო და გამაგრილებელი სასმელები, ყავისა თუ მსუბუქი კვიპროსული ღვინის სმასა და ზანტ მასლაათში კლავდა დროს. გარშემო ბერძნული სიმღერების ჰანგები იღვრებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ კურტანშედგმულ ვირზე უფრო თანამედროვე ტრანსპორტი ირგვლივ არსად ჩანდა, ალამინოსელებს ოდნავი ინტერესიც არ გამოუჩენიათ ვეებერთელა მანქანის და იქიდან გადმოსული კინო და ფოტოაპარატებით დახუნძლული უცხოელების მიმართ.

ცოტა ხანში ტავერნის სიღრმიდან ჩვენსკენ ღიმილით გამოემართა ხმელ-ხმელი საშუალო ტანის ხანში შესული მამაკაცი - ბატონი ავთანდილის ნაცნობი, ალამონისის მკვიდრი - ათინოდოროს სარალამბუ. სამოცდაათ წელს გადაცილებული გლეხკაცი მხნედ გამოიყურებოდა. მან თავაზიანად მიგვიპატიჟა ყავაზე და ჩვენი ჩასვლის მიზეზი იკითხა.

ვერ გეტყვით, რა მოილაპარაკეს ბერძნულად „ძველმა მეგობრებმა“, მაგრამ მათი დიალოგის მერე ორიოდე წუთში თავს დაგვადგა ანაფორაში გამოწყობილი სასულიერო პირი და  სოფლის განაპირას აღმართული წმინდა მამაის ეკლესიისკენ გაგვიძღვა.

გზად ბატონმა ათინოდოროსმა სხვათა შორის გვაუწყა, რომ ამ დილით უკვე მოენახულებინა ძველი ალამინოსის ეკლესიის საკურთხეველი და სანთელი დაენთო წმინდა გიორგის ხატთან.

დეკანოზი ზაქარია ფერაძე და ათინოდოროს სარალამბუ

ძველი ალამინოსი, სადაც ექვსი საუკუნის წინ ქართველთა დასახლება იყო, თანამედროვე ალამინოსისგან სამიოდე კილომეტრითაა დაშორებული. მანძილი თავისთავად არც ისე დიდია, მაგრამ თაობიდან თაობაზე გადმოსული გადმოსული ტრადიციისამებრ, ბერიკაცის  მიერ ყოველდღე ექვსი კილომეტრის ფეხით გავლა სანთლის დასანთებად, დამეთანხმებით, ძნელადაა დასაჯერებელი.

ნაჩქარევად დავათვალიერეთ წმინდა მამაის ეკლესია, მადლობა გადავუხადეთ ეკლესიის მსახურს და ძველი ალამინოსისკენ გავემგზავრეთ. ორიოდე კილომეტრში მტვრიანი შარაგზა ვაშლების ბაღში მიილია, დარჩენილი ერთი კილომეტრი კი ახლადგათოხნილ მიწაზე ვიარეთ.

პატარა აღმართიც უკან დარჩა და გაშლილ მინდორში თეთრი მარმარილოს სვეტი შევნიშნეთ. კედლის ნანგრევი ხვიარას დაეფარა.

ჩვენი მასპინძელი დაწინაურდა, მიუახლოვდა კედელს, მისი ქვედა ნაწილიდან ბრტყელი ფილა გამოიღო და განზე გადგა. სიღრმიდან უეცრად სანთლის ალი გამოკრთა და ნათელი მოჰფინა თეთრ ცხენზე ამხედრებულ წმინდა გიორგის ხატს.

კარგა ხანს ვიდექით გარინდულნი.

თბილისში დაბრუნებიდან ორიოდე კვირა იყო გასული, როდესაც ლომერ ახვლედიანმა ტელესტუდიაში მიგვიპატიჟა და გამჟღავნებული ფერადი ფირი გვიჩვენა. ნამუშევარს ოსტატის ხელი ეტყობოდა. ეკრანზე ნანახმა არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა აღწერილი მოგზაურობის უშუალო მონაწილეებზე.

აკაკი შანიძემ ღალიას მონასტრის ნაშთის მიკვლევის ფაქტს აღმოჩენა უწოდა („ახალგაზრდა კომუნისტი“ 1983 წლის 20 ოქტომბერი). ალბათ ეკრანზეც სიამოვნებით იხილავდა ეს ერისკაცი წინაპართა ქმნილების დღევანდელ იერს. თუმცა...

მეოთხე წელიწადია, საქართველოს ტელევიზიის საცავებში მივიწყებას არის მიცემული დაუმონტაჟებელი, გაუხმოვანებელი კინოფირი და ჯერ კიდევ გაუგებარია, როდის იხილავს მას ქართველი მაყურებელი.

ვიღაც სისტემატურად ვერ ასწრებს ტელეფილმის გეგმაში შეტანას, ვიღაცას აღარ სცალია, ვიღაცამ ჯერ ვერ მოიცალა, ყველამ ერთად კი - პროფესიული და პატრიოტული გულგრილობის „შედევრი“ შექმნა.

ხომ გაგვიჭირდება მონანიება ჩვენი მოუცლელობისა, თუ ერთმა კეთილმა სიტყვამაც ვეღარ ჩაუსწრო საქართველოდან ალამინოსში რწმენაშეურყეველ, მუხლმოუღლელ მოხუც ბერძენს.

კიდევ მრავალ წელს არ მოგკლებოდეთ სულის სიმტკიცე და ჯანის სიმრთელე, ბატონო ათინოდოროს. კვლავაც ნუ დაიზარებთ ყოველდღიურად ექვსი კილომეტრის გავლას ჩვენს შორეულ წინაპართა წმინდა ადგილებისათვის სიცოცხლის სხივის შთასაბერად!

თქვენ ხომ გცალიათ...

სოსო ცისკარიშვილი
გაზეთი „ლიტერეტურული საქართველო“, 20 მარტი, 1987 წ.