კვალი კვიპროსისაკენ მიდის

პენტადაქტილოსის მთებში მეჩხერი, ნახანძრალი ტყით ანტიფოლიტის ტაძრის ნახევრადდანგრეულ კედლებს მივაღწიეთ, მაგრამ კვლავ ის არ აღმოჩნდა, რასაც ვეძებდი. კლირიდისი - ჩემი განუყრელი თანამგზავრი იმედს არ კარგავს, რომ ადრე თუ გვიან ვიპოვნით. კიდევ და კიდევ მაგონდება თამარის ისტორიკოსის სიტყვები: „ხოლო სხუანი საქმენი მისნი, აღშენებანი და შეწირვანი მონასტერთანი ისმინენით. არა ოდენ საქართველოსა მონასტერნი ააშენა, არამედ პალესტინეს იერუსალემს ააშენა პირველად მონასტერი; და კუალად კვიპრეს ღალია შეამკო ყოვლითა წესითა პატიოსნისა მონასტრისათა“.

ღალიას ვეძებ. მოვიარე მთელი კვიპროსი - მთები, ტყეები, სოფლები და ქალაქები, მაგრამ ღალია არასდროს არავის და არასოდეს არ გაუგონია. მეროჭიკე ბერივით არ დავტოვე არც ერთი მონასტერი და ვერავინ ვერსად ვერაფერი მითხრა.

შუა საუკუნეებში, როდესაც საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო და ქართველთა წინაშე ქედს იხრიდნენ ხონთქარები და კეისრები, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი მჭიდროდ იყიო დაკავშირებული საქართველოსთან. შეიძლება ბევრად უფრო მჭიდროდ, ვიდრე ამის შესახებ ამჟამად გვაქვს წარმოდგენა. კულტურულად და პოლიტიკურად ძლიერმა საქართველომ ქვეყნის გარეთ მრავალი ეკლესია-მონასტერი ააშენა, რომლებიც ქართულ კულტურულ ცენტრებს წარმოადგენდნენ. იერუსალიმში, სინას მთაზე, ათონსა და პეტრიწონში იქმნებოდა ქართული ორიგინალური თხზულებანი, ითარგმნებოდა ქართულიდან ბერძნულად და ბერძნულიდან ქართულად.

ძნელბედობის წლებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთის მომთაბარე ხალხები შემოესივნენ, მახლობელი აღმოსავლეთის ქართულ ეკლესია-მონასტრებს გამოეცალათ პოლიტიკური და ეკონომიკური დასაყრდენი. ისინი თანდათანობით დაკნინდნენ და მათ ბერძენი მღვდელბერები დაეპატრონენ. მათ უწინარეს ყოვლისა იზრუნეს იმისათვის, რომ მოესპოთ ყოველივე ქართულის ხსენება. ხელნაწერები და განძეულობა თანდათანობით მიმოიფანტა. მაგრამ ყველაფერი არ დაღუპულა.

1949 წელს აკადემიკოსებთან ა. შანიძესთან და ნ. ბერძენიშვილთან ერთად მომიხდა მონაწილეობა მიმეღო იმ ექსპედიციაში, პეტრიწონის მონასტერს (ბულგარეთი) რომ ეწვია. მაშინ იქ ვიპოვნეთ ღვთისმშობლის ხატი და ჯვარი ქართული წარწერებით. მაგრამ ქართული ხელნაწერები მონასტერში აღარ იყო. მხოლოდ შემდეგ გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ შედგენილი მონასტრის წესდების დედანი საბერძნეთის კუნძულ ხიოსზე აღმოჩნდა. ამ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც აკადემიკოსებმა ა. შანიძემ, გ. წერეთელმა და ი. აბაშიძემ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის პორტრეტი აღმოაჩინეს, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მთელი ის მხარე, სადაც ქართული კულტურული ცენტრები იყო, გულდასმით შესწავლის ღირსია.

მაგრამ რა ვიცით კვიპროსის შესახებ? კვიპროსს იხსენიებს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, როდესაც ჩამოთვლის ადგილებს, სადაც მონასტრებმა დავითისგან დახმარება მიიღეს. თამარის ისტორიკოსი კი უკვე თვით მონასტერსაც ასახელებს. ეს ყოფილა ღალიას მონასტერი. ქართული ისტორიული საბუთები კიდევ ერთხელ იხსენიებენ ღალიას: მოგზაურმა გრიგოლ ავალიშვილმა მე-19 საუკუნის დასაწყისში იერუსალიმის ჯვარის მონასტრიდან წამოიღო ღალიაში გადაწერილი დავითნი.

მე-18 საუკუნის დასასრულს კვიპროსზე იყო ქართველი მოგზაური ტიმოთე გაბაშვილი, ხოლო მე-19 საუკუნის დასაწყისში - გიორგი ავალიშვილი. ორივემ აღწერა თავისი მოგზაურობა. მათი ცნობები დაწვრილებითია და ზუსტი, მაგრამ არც ერთი და არც მეორე არაფერს ამბობს ქართულ მონასტრებსა და ქართველებზე. ცხადია, რომ იმ დროისათვის ქართველებისა და ქართული მონასტრების შესახებ მოგონებაც კი გამქრალა. ასე იყო მე-19 საუკუნის დასაწყისში. რა შეიძლება გვქონდეს ახლა, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, დრო ხომ უმოწყალოდ სპობს წარსულის კვალს.

შუადღით, როდესაც ჩრდილები დამოკლდებიან და მზე დაეკიდება კვიპროსის უღრუბლო ცაზე, კუნძულზე წყდება ცხოვრება. ჩერდება ტრანსპორტი, ცარიელდება ქუჩები, იკეტება მაღაზიები.

ასეთ დროს ნიქოზიის ქუჩაბანდებით მივდივარ ფანერომენის ბიბლიოთეკისაკენ. მისი მაღალთაღიანი დარბაზების მრავალსართულიან თაროებზე თავმოყრილია თითქმის ყველაფერი, რაც ოდესმე დაწერილა კვიპროსის შესახებ. თეთრი ქვისაგან ნათალ კიბეებზე ყოველი მისვლისას მეგებება კონსტანტინე ჰაჯიფსალტისი - ბიბლიოთეკის დირექტორი და ბიზანტიოლოგი. ვუსხდებით მაგიდას, შევექცევით ბერძნულ ყავას (აქ არამცდაარამც არ უწოდოთ მას თურქული ყავა) და ვათვალიერებთ ტომების უსასრულო რიგს. ტომი ტომს მოსდევს, დღე - დღეს, რაიმე ახალს კი ვერ მივაგენით. ვერც კვიპროსის დაწვრილებითმა ტოპოგრაფიულმა რუკამ გვიშველა, ღალია არსად არ არის აღნიშნული.

როგორც იქნა, თითქოს აღმოჩნდა ძაფის ერთი ბოლო. ჩემს ხელთ არის დროთაგან გაყვითლებული წიგნი. იქნებ ამით მაინც მივაგნოთ რაიმესო, მეუბნება ჰაჯიფსალტისი. ეს არის 1580 წელს პარიზში გამოცემული კვიპროსის აღწერა, შედგენილი კვიპროსის ყოფილ მმართველ ლუზინიანთა დინასტიის წარმომადგენლის ეტიენ ლუზინიანის მიერ. ლუზინიანი წერდა იმის შესახებ, რისი მოწმეც თვითონ იყო მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში. ლუზინიანი იხსენიებს ქართველებსაც. უფრო სწორად, ქართველებსა და ივერიელებს, რომელთა მოსახლეობაც იმ დროს კვიპროსზე ყოფილა. ამავე დროს იგი აღნიშნავს, რომ ქართველებსა და ივერიელებს შორის თითქმის არავითარი განსხვავება არ არისო. კუნძულზე მათ რამდენიმე მონასტერი ჰქონიათ, უმთავრესად ალამინის რაიონში. ამრიგად ირკვევა, რომ კვიპროსზე ღალიას გარდა სხვა ქართული მონასტრებიც არსებულა.

სოფელ ალამინის ხსენება საკმარისია, რომ წარმოვიდგინოთ ქართველთა მძიმე ხვედრი. 1571 წელს კვიპროსი თურქ-ოსმალებმა დაიპყრეს. ოსმალეთმა დაიწყო თურქების გაძლიერებული ჩასახლება კუნძულზე. ასე უფრო საიმედო იყო სულთანებისათვის. თუქებმა, ჯერ კიდევ ნახევარად მომთაბარეებმა, უპირველეს ყოვლისა, ხელში ჩაიგდეს ველები და საძოვრები. ზღვის სიახლოვეს, ველზე გაშენებული ალამინი თურქულ სოფლად იქცა. ძველი მოსახლეობა ალამინიდან და მისი მიდამოებიდან განდევნეს. ქრისტიანული საკულტო ნაგებობანი მუსლიმანურმა შეცვალა. ამჟამად სოფელში მხოლოდ მიზგითია. სოფლიდან უახლოესი მონასტრები დიდი ოლიმპის მთებში მდებარეობს და იმდენად არის დაშორებული მას, რომ ლუზინიანი მათ ვერ მოიხსენიებდა, როგორც ალამინის რაიონში მდებარეს.

ლუზინიანი ღალიას არ იხსენიებს, ქართული ისტორიული წყაროები კი კონკრეტულად მხოლოდ ღალიას ასახელებენ. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართულ მონასტრებში ყველაზე მნიშვნელოვანი კვიპროსზე ღალია ყოფილა. თუ ღალია ალამინის რაიონში იყო, მაშინ ის სხვა ნაგებობებთან ერთად დაღუპულა. მაგრამ ლუზინიანი არ ამბობს, რომ ყველა ქართული მონასტერი ალამინის რაიონში იყოო. ხოლო ამ რაიონის ტოპონიკიკურმა შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ აქ არაფერია ისეთი, რაც შორეულად მაინც ემსგავსებოდეს ღალიას სახელწოდებას. ცხადია, ღალია უნდა ვეძებოთ სადღაც სხვაგან, მაგრამ სად?

კვიპროსზე ჩემი ყოფნის დღეები დაილია. უკანასკნელად მივდივარ ლიდრას ქუჩით ფანერომენის ბიბლიოთეკისაკენ. ხვალ ამ დროს უკვე შორს ვიქნები - სადმე ათენში ან ვენაში.

როგორც ყოველთვის, შუადღით ცხოვრება ჩამკვდარია, მხოლოდ ჰაჯიფსალტისი ფხიზლობს და მიცდის ჩვეულ ადგილას, დიდი და ფართო კიბეების ბოლოში. ისე, როგორც ყოველთვის, ვუსხდებით წითელი ხის მაგიდას, ბიჭს მოაქვს ბერძნული ყავა და ჭიქა ცივი წყალი. ორივენი გამოვთქვამთ იმედს, რომ ადრე თუ გვიან ღალია გამოჩნდება.

ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ახლად მიღებული ბანდეროლი შემოიტანა. ბანდეროლზე ბეირუთის ფოსტამტის ბეჭედია. ჰაჯიფსალტისი იღიმება და მეუბნება, რომ ეს მისმა მეგობარმა პროფესორმა ჟან რიშარმა გამოუგზავნა. ჟან რიშარი მახლობელი აღმოსავლეთისა და ევროპის არქივების შესანიშნავი მცოდნეა. ამჯერად მას ვატიკანის არქივის ის საბუთები გამოუქვეყნებია, რომლებიც კვიპროსის მე-14-15 საუკუნეების ისტორიას ეხება. ორივენი დიდი ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებთ ჟან რიშარის წიგნს. მასში მოთავსებული საბუთები პირველად ქვეყნდება და თვალის ერთი გადავლებითაც ცხადი გახდა, რომ ბევრ ფაქტს ახალი შუქი მოეფინებოდა. მოულოდნელად ჩვენი ყურადღება მიიპყრო საბუთმა №1298, დათარიღებულმა 1306 წლის 3 თებერვლით. აქ ლაპარაკი იყო კვიპროსის სამი მონასტრის რეფორმის შესახებ, რომელთა ხელში ჩაგდება, როგორც ჩანს, უნდოდა რომის პაპს. საბუთის თანახმად, ორ მათგანში წინამძღვრებად ბერძნები იყვნენ, ხოლო ერთში ქართველი. ერთი ამ მონასტერთაგანი ჰირზოფუს ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე იალეში ანუ იაილეში მდებარეობდა.

მე და ჰაჯიფსალტისმა გაოცებულმა ერთმანეთს გადავხედეთ და საბუთი ერთხელ კიდევ გადავიკითხეთ. არც ერთ ჩვენგანს აღარ ჰქონდა არავითარი ეჭვი - საქმე ეხებოდა ქართველთა მონასტერს ღალიას. ვინაიდან საბუთში ნახსენები იაილია წარმოიქმნა ბერძნული სიტყვა გიალოსიდან, რაც ნიშნავს ზღვის ნაპირს, სანაპიროს. ხოლო ბგერა გ კი ქართულში გაისმა როგორც ღ ან ჟ.

ზღვის ნაპირიდან დაახლოებით ორი ინგლისური მილის მანძილზე მდებარეობს სოფელი იაილა, სოფლის იქით კი იწყება ტყეებით დაფარული მთები, საიდანაც ჩამოდის იმავე სახელწოდების მდინარე.

მეკავა ხელში ჟან რიშარის წიგნი და სინანულის გრძნობა არ მასვენებდა: სულ რამდენიმე დღის წინ თავს ვადექი იაილას ხეობას. ჩემს გარშემო მთების თხემები მანდილის ნაოჭებივით სადღაც ქვევითკენ გარბოდნენ. შორს კი, ჰაერკვამლში, ფირუზის ფერი ჰირზოფუს ყურე ოდნავ გამოირჩეოდა ცის კიდურიდან. რატომ არ ვიცოდი მაშინ დაკარგული ქართული ძეგლის ამბავი.

კვიპროსზე ძალიან ცხელა, ცოტაა წყალი, მდინარე ხომ იშვიათი რამ არის, თუმცა აქაური მდინარეები ჩვენებურ ღელეებს უფრო ჩამოჰგვანან. მონასტრების მთავარ შენობებს ამიტომ, როგორც წესი, უმთავრესად მაღლა მთებში, წყაროებთან ან ღელეების პირასა და ტყით დაჩრდილულ ადგილებში აშენებდნენ. ამ მხრივ იდეალური ადგილებია იაილას ხეობის მთელ სიგრძეზე, ვიდრე მაღლა მთებში გაშენებულ სოფელ ფინეკლიმდე. სწორედ აქ, სოფელ იაილასა და ფინეკლის შორის უნდა ვეძებოთ ღალიას მონასტრის ნანგრევები.

ღალია, ალამინი, კიკოს მონასტრის არქივები, წინაპრები, ვისი სახელებიც წარსულმა შთანთქა, უცხო ქვეყნებში გაფანტული ეროვნული საუნჯენი. ოცნებამ ფრთის შესხმა იცის. იქნებ ყველაფერი არ განადგურებულა, რაც წარსულში ბედუკუღმართობით დაგვიკარგავს.

დიდი სიმაღლიდან კარგად ჩანდა, თუ როგორ დუღდა ტალღა კორმაჯიდის კონცხის ნაპირებთან. კვიპროსის მიწა ბგერის სისწრაფით გვშორდებოდა. წინ იყო უცნაურად ლურჯი ფერის ცა და ზღვა...

ოთარ გიგინეიშვილი