წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი მეჩვიდმეტე

ანგელოზების შესახებ

იგი არის ანგელოზთა შემქმნელი და დამბადებელი. მან შემოიყვანა ისინი არარსებობიდან არსებობაში და საკუთარი ხატისებრ უსხეულო ბუნებად შექმნა ისინი, როგორც რამ სული ან უნივთო ცეცხლი. ღვთაებრივი დავითი ამგვარად ამბობს: „ვინც შექმნა თავისი ანგელოზები სულებად და თავისი მსახურები - ცეცხლის ალად“ (ფს. 103,4), გამოგვისახავს რა ამით მათ სიმსუბუქეს, ცეცხლოვანებას, სიმხურვალეს, უმახვილესობასა და მგზნებარებას საღვთო მისწრაფებაში და მსახურებაში, აგრეთვე, მათ ზემსწრაფველობას და ყოველგვარი ნივთიერი აზრისგან განშორებულობას.

ამიტომ, ანგელოზი არის არსება გონისმიერი, მარადმოძრავი, თვითუფლებრივი, უსხეულო, ღვთისადმი მომსახურე, მადლით უკვდავების მიმღები ბუნებაში, რომლის არსების სახე და საზღვარი მხოლოდ შემოქმედმა უწყის. იგი ითქმის უსხეულოდ და უნივთოდ ოდენ ჩვენთან შედარებით, რადგან უდარებელია მხოლოდ ღმერთი და მხოლოდ ღვთაებაა ჭეშმარიტად უნივთო და უსხეულო, რის გამოც მასთან შედარებით ყოველივე განხშოებულია და ნივთიერი.

ამრიგად, ანგელოზი არის მოაზროვნე ბუნება, თვითუფლებრივი, განზრახულების მიხედვით ცვალებადი ანუ ნებითცვალებადი, რადგან ყოველივე ქმნილი ცვალებადიცაა, უცვლელი კი მხოლოდ შეუქმნელია. ამასთან, ყოველივე, რაც მოაზროვნეა, თვითუფლებრივია. ამიტომ, იგი, როგორც მოაზროვნე და გონისმიერი, თვითუფლებრივია, ხოლო როგორც ქმნილი, - ცვალებადი, აქვს რა უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული.

ანგელოზი უკვდავია, მაგრამ არა ბუნებით, არამედ - მადლით, რადგან ყოველივე ის, რაც დაწყებულია, ბუნებით დასრულებადიცაა. მხოლოდ ღმერთია მარადის მყოფი, უფრო კი - მარადისობაზე უზემოესი, რადგან თვით არის ჟამთა შემოქმედი.

ანგელოზები არიან მეორადი გონისმიერი სინათლეები, რომლებსაც პირველადი და დაუსაბამო სინათლისგან აქვთ განმანათლებლობა. არ საჭიროებენ ისინი ენას და ყურს, არამედ წარმოთქმითი სიტყვის გარეშე უნაწილებენ ურთიერთს საკუთარ აზრებსა და განზრახვებს.

ყველა ანგელოზი სიტყვის მიერ შეიქმნა და სულიწმინდისეული განწმენდის გზით სრულიქმნა, წილმქონეა რა თითოეული მათგანი თავისი ღირსების და წესის შესაბამისი განმანათლებლობისა და მადლისა.

ანგელოზები გარეშეწერილნი არიან, რადგან როდესაც ცაში არიან, არ არიან მიწაზე, ხოლო ღვთის მიერ მიწაზე მოვლენილნი არ იმყოფებიან ცაში; თუმცა არ იზღუდებიან ისინი კედლებითა და კარიბჭეებით ანთუ კლიტეებითა და ბეჭდებით, რადგან შემოუზღუდავნი არიან. შემოუზღუდავს ვამბობ ანგელოზებს, რადგან როგორებიც არიან, იმგვარები როდი წარმოუჩნდებიან მას, ვინც ღირსია და ვისთვისაც ინება ღმერთმა მათი ცხადჩენა, არამედ - გარდასახულად, ისე როგორც ძალუძთ მხილველებს მათი ხილვა. მართლაც, ბუნებითად და საკუთრივად შეუზღუდავი მხოლოდ ისაა, რაც შეუქმნელია, რადგან ყოველი შენაქმნი თავისი შემქმნელი ღვთისგან არის შემოზღუდული.

ანგელოზებს განწმენდილობა აქვთ არსების გარედან, სულიწმინდისგან; ისინი წინასწარმეტყველებენ საღვთო მადლის მიერ; არ საჭიროებენ ქორწინებას, რადგან არ არიან მოკვდავნი.

ანგელოზები, როგორც გონებანი, შესაბამისად, გონისეულ ადგილებში არიან, არათუ სხეულებრივად გარეშეწერილნი (რადგან ისინი ბუნებითად სხეულებრივი აღნაგობისანი არ არიან, არცთუ სამმხრივ არიან განფენილნი) არამედ - იმგვარად, რომ სადაც ებრძანებათ, იქ იმკვიდრებენ და იქ მოქმედებენ გონისეულად, არ ძალუძთ რა, რომ ერთდროულად იყვნენ აქაც და იქაც, და მოქმედებდნენ.

არ ვიცით, არსებით თანასწორნი არიან ისინი, თუ ურთიერთისგან განსხვავდებიან. მხოლოდ მათმა შემქმნელმა ღმერთმა, ყოვლისმცოდნემ, უწყის ეს.

ანგელოზები ურთიერთისგან სხვაობენ განმანათლებლობითა და მდგომარეობით. მათ ან განმანათლებლობის შესაბამისი მდგომარეობა აქვთ ან მდგომარეობის შესაბამისად არიან ისინი განმანათლებლობის წილმქონეები, და ურთიერთს გაანათლებენ წესისა თუ ბუნების ზეაღმატებულობის მიხედვით, ხოლო ცხადია, რომ ზეაღმატებულები ქვემდგომთათვის განმანათლებლობისა და ცოდნის წილმბოძებლები არიან.

ისინი ძლიერნი არიან და, ამასთან, მზადმყოფნი საღვთო ნების აღსასრულებლად; ბუნებისეული სისწრაფით მყისვე აღმოჩნდებიან ყველგან, სადაც კი საღვთო ნიშანი უბრძანებს მათ; იცავენ დედამიწის მხარეებს, უწინამძღვრებენ ხალხებს და ადგილებს, როგორც განაწესა ისინი დამბადებელმა; განაგებენ ჩვენეულ საქმეებს და შეგვეწევიან ჩვენ; ხოლო რადგან საღვთო ნებისა და ბრძანების შესაბამისად უთუოდ ჩვენზე უზემოესნი არიან, ღვთის გარშემო მყოფობენ მარადის. ძნელაღძვრადნი არიან ბოროტებისადმი და არა აღუძვრელნი, აწ კი აღუძვრელნიც, თუმცა არა ბუნებით, არამედ - მადლით და მხოლო კეთილთან ახლომკვიდრობით; ხედავენ ღმერთს დატევნისებრ და ეს აქვთ მათ საზრდოდ. ჩვენზე უზემოესნი არიან როგორც უსხეულონი და ყოველგვარი სხეულებრივი ვნებულებისგან თავისუფალნი, მაგრამ არა - უვნებონი, რადგან მხოლოდ ღვთაებაა უვნებო. გარდაისახებიან იმად, რადაც უბრძანებს მათ მეუფე ღმერთი. ასე უჩნდებიან ისინი ადამიანებს და საღვთო საიდუმლოებებს უცხადებენ მათ. მკვიდრობენ ცაში და ერთი საქმე აქვთ - უგალობონ ღმერთს და ემსახურონ მის საღვთო ნებას.

როგორც ამბობს უწმინდესი, უსამღვდელოესი და უღვთისმეტყველესი დიონისე არეოპაგელი, მთელმა ღვთისმეტყველებამ, ანუ საღვთო წერილმა, ციური არსებები ცხრად დაასახელა, რასაც ეს საღვთო მღვდელმესრულე სამ სამობით მწყობრად განყოფს. მისი თქმით, პირველი არის ის, რომელიც მარადის ღვთის გარშემოა და, გადმოცემისებრ, უახლოესად და უშუალოდ შეერთებულია მასთან. ესაა ექვსფრთიანი სერაფიმების, მრავალთვალა ქერუბიმებისა და უწმინდეს საყდართა მწყობრი; მეორეა უფლებათა, ძალთა და ხელმწიფებათა მწყობრი, ხოლო მესამე და დამაბოლოებელი - მთავრობათა, მთავარანგელოზთა და ანგელოზთა მწყობრი.

ზოგი ამბობს, რომ ყველა ქმნილების უწინარეს შეიქმნენ ანგელოზები. მაგალითად, გრიგოლ ღვთისმეტყველი გვეუბნება: „პირველად მოიაზრა მან ანგელოზური და ციური ძალები, და მოაზრებული საქმე იყო“. სხვები თვლიან, რომ ისინი შეიქმნენ პირველი ცის დაბადების შემდეგ. ამასთან, ყველა აღიარებს, რომ ანგელოზები ადამიანის შექმნის უწინარესნი არიან. მე ღვთისმეტყველს ვეთანხმები, რადგან პირველად გონისმიერი არსების შექმნა იყო შესაფერისი და შემდეგ - გრძნობადისა, ხოლო შემდეგ ორივე მათგანისგან თვით ადამიანისა.

ვინც ანგელოზებს რაიმე არსების შემქმნელებად ამბობს, იგი პირია მისი მამისა, ეშმაკისა, რადგან ანგელოზები, როგორც ქმნილებები, შემქმნელები არ არიან. ყოვლის შემოქმედი, ყოვლის წინაგანმგებელი და შემამტკიცებელი არის ღმერთი, ის, მხოლო, შეუქმნელი, რომელიც მამაში, ძეში და სულიწმინდაში იგალობება და იდიდება.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი