წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოთხმოცდამეცამეტე

იმის შესახებ, რომ არ არსებობს ორი დასაბამი

ის, რომ არ არსებობს ორი დასაბამი - ერთი კეთილი და ერთი უკეთური, შემდეგიდან ვიცოდეთ: კეთილი და უკეთური ურთიერთსაპირისპიროა და ურთიერთგამხრწნელი. ისინი ურთიერთში ან ურთიერთთან ვერ მდგრადობენ. ამიტომ, თითოეულ მათგანს უნდა ეარსება ყოვლიერების მხოლოდ ერთ ნაწილში. მაგრამ მაშინ, ჯერ ერთი, ორივე მათგანი გარშემოწერილი იქნებოდა არა მხოლოდ ყოვლიერების მიერ, არამედ ყოვლიერების ნაწილის მიერაც. მეორეც, ვინ იქნებოდა ის, ვინც თითოეულს თავის ადგილს გამოუყოფდა, რადგან ვერავინ იტყვის, რომ ესენი ურთიერთს შეუთანხმდებოდნენ და დაუზავდებოდნენ. მართლაც, ბოროტება, რომელსაც მშვიდობა და ზავი აქვს სიკეთესთან, ბოროტება არ არის, და სიკეთეც, რომელიც ბოროტებასთან შემოყვსებულია, სიკეთე არ არის. ამიტომ, თუ თითოეულ მათგანს ვიღაც სხვა განუსაზღვრავდა თავ-თავის სამყოფელს, უმალ ის იქნებოდა ღმერთი.

ამასთან, აუცილებელი იქნებოდა ორიდან ერთი: ან ის, რომ ერთიმეორეს შეხებოდნენ და ურთიერთი გაეხრწნათ მათ, ანდა ის, რომ ყოფილიყო რამ საშუალი, სადაც არც სიკეთე იქნებოდა და არც ბოროტება, მსგავსად რაღაც შუაკედლისა, რაც ურთიერთისგან გამიჯნავდა მათ. ასეთ შემთხვევაში არა ორი, არამედ სამი დასაბამი იარსებებდა.

ასევე, აუცილებელი იქნებოდა ქვემორეთაგან ერთ-ერთი: ან ის, რომ მშვიდობა ჰქონოდათ მათ, რაც ბოროტებას არ ძალუძს (რადგან მშვიდობიანი ბოროტი არ არის), ანდა ის, რომ ბრძოლაში ყოფილიყვნენ, რაც არ ძალუძს სიკეთეს (რადგან მბრძოლი სრულად კეთილი არ არის), ან კიდევ ის, რომ ბოროტებას ებრძოლა, სიკეთე კი არ შებრძოლებოდა მას, არამედ გახრწნილიყო ბოროტებისგან ანდა შეწუხებულიყო და გატანჯულიყო მისგან, რაც სიკეთის ნიშან-თვისება არ არის. ამიტომ, ერთია დასაბამი - კეთილი რაც თავისუფალია ყოველგვარი ბოროტებისგან.

მაგრამ გვეტყვიან: თუ ეს ასეა, საიდან არის ბოროტება? მართლაც, შეუძლებელია, რომ ბოროტებას სიკეთისგან ჰქონდეს წარმოშობა. ამიტომ, ვამბობთ, რომ ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა და ბუნებისეულისგან არაბუნებისეულისკენ გადახრა, რადგან არაფერია ბუნებით ბოროტი. მართლაც, ყოველივე, რაც შექმნა ღმერთმა, კარგია ძალიან იმგვარად, რაგვარადაც წარმოიქმნა. ამიტომ, დარჩებიან რა იმ სახით, რა სახითაც შეიქმნენ, ძალიან კარგნი არიან, მაგრამ ნეფსით განუდგებიან რა ბუნებისეულს და წავლენ რა ბუნების გარეგანისკენ, ბოროტებაში იქნებიან.

ამრიგად, ყოველიეე ბუნებით არის მონა და მორჩილი შემოქმედისა. ამიტომ, როცა რომელიმე ქმნილებათაგანი ნებსით გახდება აულაგმავი და ეურჩება თავის შემოქმედს, თავის თავში ბოროტებას შეამყარებს იგი, რადგან ბოროტებაა არა რამ არსება ანდა თვისება არსებისა, არამედ შემთხვევითობა ანუ ბუნებისეულისგან ბუნების გარეგანისკენ ნებსით გადახრა, რაც არის ცოდვა.

საიდანღა არის ცოდვა? იგი არის ეშმაკის თვითუფლებრივი განზრახულების აღმონაჩენი.

ბოროტია კი ეშმაკიბ იმ სახით, რა სახითაც შეიქმნა, არ არის იგი ბოროტი, არამედ კეთილი, რადგან დაბადებული იყო შემოქმედისგან მბრწყინავ და ნათელ ანგელოზად. ამასთან, იგი, როგორც მოაზროვნე, თვითუფლებრივად და ნებსით განუდგა ბუნებისეულ სათნოებას და ბოროტების წყვდიადში აღმოჩნდა, განშორებული ღვთისგან, რომელიც არის მხოლო კეთილი და ნათლისმოქმედი, რადგან მისგან კეთილდება ყველა სიკეთე. ამიტომ, რადგანაც განშორდა იგი მას თავისი განზრახულებით (არათუ ადგილით), ბოროტებაში აღმოჩნდა.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი