სადღესასწაულო წეს-განგება
წმიდისა მღდელმოწამისა დოსითეოზისა,
ქუთათელისა მიტროპოლიტისა

დიდსა მწუხრსა ზედა

- „მოვედით თაყვანის - ვსცეთ“ - იგალობება.

- „აკურთხევს სული ჩემი სული უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იგალობება.

- „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

- „უფალო ღაღად - ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე).

- წმიდისა დოსითეოზისა - მუხლი 8.

დღესა ამას ჴსენებისა შენისასა, ვითარცა მზჱ ბრწყინვალჱ ჰნათობ რაჲ ქართველთა ეკლესიისა სამყაროსა, აწ ჩუენცა პატივს-გცემთ შენ, წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ, და ჴმამაღლად ვაქებთ ღუაწლსა, მღვძარებასა და თავდადებასა შენსა საკჳრველსა, და გევედრებით, ვითარცა შემწესა ჩუენსა: გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

მღდელთმთავართა შორის კეთილმსახურებითა განჰბრწყინდი, წმიდაო დოსითეოზ, და ერი ჩუენი, ქრისტეს მოსახელჱ დამწყსე და განაბრძვე რაჲ საღმრთოჲთა მოშურნეობითა სარწმუნოებისა და მამულისაჲთა, აწ ჩუენცა არა უმეცარ ვართ ღუაწლთა შენთა, და მჴურვალედ გევედრებით: გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

შენ, მამად და მოძღურად გყო რაჲ ქრისტემან მტერთაგან მიმძლავრებულისა ერისა შენისა, სიმჴნითა უძღოდი მას, ვითარცა მოსჱ ისრაელთა, და თავს იდევ რაჲ განსაცდელი და სიკვდილი უმსჯავროჲ სამწყსოჲსათჳს შენისა, წმიდაჲ სული შენი ანგელოზთა აღიტაცეს წინაშე ღმრთისა, გვიოხე აწ მისა მიმართ და გჳთხოვე, ღირსად სანატრელო დოსითეოზ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ნებითა ღმრთისაჲთა მღდელობისა მირონი, წინასწარვე ცხებული, დაჰბეჭდე საცხებელითა წამებისათა, ნეტარო, და აღიბეჭდე რაჲ სისხლთა დათხევითა, ღირსთა და მარტჳლთა თანა სასუფეველსა შინა დამკჳდრებულმან, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ, ვინაჲ ესე საწადელსა სახსენებელსა შენსა აღვასრულებთ, და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

მწყემსსა ცხოვართასა გპოვებთ შენ, და კეთილად მოღუაწესა მლოცველსა, ჵ, ქართველთა ეკლესიისა შუენებაო, წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ ქუთათელო, რამეთუ ვერცა ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ საფრჴემან სიკუდილისამან ვერა განგაშორეს შენ სიყუარულსა მას ღმრთისასა, და აწ გაქუს კადნიერებაჲ დიდი, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ, და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

სხუაჲ დასდებელი ჴმაჲ 2

ეჰა გჳრგჳნნო

ვითარიმე ქებისა გჳრგჳნი შეგითხზნათ ქართველთა ეკლესიისა დიდსა მღდელთმთავარსა დოსითეოზ ქუთათელსა; კეთილმსახურებისა სუეტსა, და ზეციერსა წინამბრძოლსა ერისა ჩუენისასა; თვალუხუავად მამხილებელსა მტერთა და მბრძოლთა მისთასა, უკეთურთა და უდებთა მარცხუენელსა და ნუგეშინისმცემელსა ყოველთა ჭირვეულთასა; რაჲთა კუალად მეოხ გვეყო წინაშე ღმრთისა, დაიფაროს მამული შენი - საქართველო - ყოვლისაგან ჭირისა და თანამბრძოლ გვეყოს ჩუენ მარადის წინააღდგომად მტერისა.

ვითარითა ქებისა საგალობელითა გიგალობდეთ დიდსა წინამძღუარსა და განმანათლებელსა ერისა ჩუენისასა, წმიდასა მღდელმოწამესა მამასა ჩუენსა დოსითეოზ ქუთათელსა, მნათობსა ერისა ჩუენისასა და სუეტსა შეურყეველსა სარწმუნოებისასა, რომელსა მოგცა ქრისტემან მადლი განსამტკიცებლად ერისა ჩუენისა, აწ მეოხ გვეყავ მისა მიმართ, რაჲთა დაამჴუნას აღძრვანი ურიცხუთა მტერთა და მხდომთა ჩუენთა.

ვითარსა ქებასა შეგასხავდეთ მწყემსსა კეთილსა და მოძღუარსა ივერიელთასა, წმიდასა დოსითეოზ ქუთათელსა, სიმტკიცესა და ძელსა ეკლესიისასა და ერისა ჩუენისათჳს ფრიად დამაშურალსა წინაშე ღმრთისა, ჴსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა და საცთურისა, ეგრეთვე აწცა მეოხ-იქმენ ჩუენთჳს, წმიდაო, რომელნი პატივს ვსცემთ დღესასწაულსა შენსა

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ რაჲ სამკჳდრებელ სულისა წმიდისა, აღიღე ჯუარი შენი, ყოვლად ქებულო მამაო, და შეუდეგ გზასა მას იწროსა და საჭირველსა, რომელსაცა ზედა დაგადგინა ყოველთა მწყემსთმთავარმან ქრისტემან ღმერთმან, და აჰა, აწ მადლითა მით, რომელ გაქუს წინაშე მისსა, წმიდაო დოსითეოზ, ითხოვე ჴსნაჲ ივერიისაჲ ზედამოსვლათაგან მტერისა და შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიისაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვინაჲ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინაჲ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქუმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთჳს კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათჳს სულთა ჩუენთასა. (ჴმაჲ 6).

- შესვლა საცეცხლურით.

- წარდგომა დღისა

- საწინაწარმეტყველო - 3 საკითხავი მღდელმოწამისა. (საზიაროდან მოწამისა).

1. წინაჲსწარმეტყველებისაგან ესაიასი (თ. 43;9-14)

ყოველნი წარმართნი შეკრბენ ერთბამად და შეკრბენ მთავარნი მათგან; ვინ მიუთხრნეს ესენი? ანუ დასაბამითგანნი ვინ მიგითხრნეს თქუენ? მოიყვანედ მოწამენი მათნი და განმართლდედ, და ისმინედ და თქუედ ჭეშმარიტი. მექმნენით მე მოწამე. და მე მოწამე ვარ, - იტყჳს უფალი ღმერთი, - და ყრმა, რომელი გამოვირჩიე, რათა სცნათ და გრწმენესყე და გულისხმაჰყოთ, ვითარმედ მე ვარ. წინასწარ ჩემსა არა იყო სხვა ღმერთი და შემდგომად ჩემსა არა იყოს. მე ვარ ღმერთი და არა არს თჳნიერ ჩემსა მაცხოვნებელი. მე მიუთხარ და ვაცხოვნე, ვაყუედრე და არა იყოს თქუენ შორის უცხოჲ, თქუენ ჩემდა მოწამე. და მე უფალი ღმერთი მერმეცა დასაბამითგან, და არა არს, რომელმან განარინოს ჴელთაგან ჩემთა. ვყო, ვინ გარემიაქციოს იგი. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მჴსნელი თქუენი, წმიდაჲ ისრაჱლისა: თქუენ ძლით მივავლინო ბაბილონდ, და აღვადგინნე მეოტნი ყოველნი და ქალდეველნი ნავებითა შეიკრნენ.

2. სიბრძნისაგან სოლომონისა (თ.3)

მართალთა სულნი ჴელთა შინა ღმრთისათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა. საგონებელ იყვნედ თვალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდრად და შეერაცხა ბოროტად განსლვა მათი. ჩუენგან განსლვა შემუსრვილად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა. დაღათუ თუალთა წინაშე კაცთასა იტანჯნენ, არამედ სასოება მათი უკუდავებითა სავსე არს. და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველყოფილ იყვნენ, რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა, ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი და ვითარცა ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთა, შეიწყნარნა იგინი. და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ და, ვითარცა ნაბერწყალნი, ლერწამსა შინა რბიოდიან. შჯიდენ თესლებსა და დაიპყრიან ერნი. და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ. რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას, რამეთუ მადლი და წყალობა რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.

3. სიბრძნისაგან სოლომონისა (თ 4; 7-15)

მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს; რამეთუ სიბერისა პატიოსნება არა მრავალი ჟამი, არცა რიცხვი წელთა აღრაცხილ, რამეთუ მჴცოვანება არს გონიერება კაცთა, და ჰასაკ სიბერისა ცხოვრება უბიწო. სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა, და გარდაიცვალა და წარიტაცა, რათა არა უკეთურებამან ცვალოს გულის?მის-ყოფა მისი, ანუ ზაკვამან აცთუნოს სული მისი. რამეთუ შური სიხენეშისა დააბნელებს კეთილსა და გურიობამან გულისთქუმისამან ცვალის გონებაჲ, აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი, რამეთუ სათნო იყო უფლისა სული მისი. ამისთჳს ისწრაფა განსლვა შორის უკეთურებისა, ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი, რამეთუ მადლი და წყალობა რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.

- ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა - 1 მუხლი; დანარჩენი მუხლები წმიდისა:

მოწოდებული იყავ რაჲ მსახურებად ღმრთისა, ნეტარო, შეიმოსე სამღდელოჲ სამოსელი სიწმიდისა და მადლისაჲ, და სამწყსოჲსათჳს შენისა ლოცვითა მჴურვალითა იღუწიდი სულიერად წინაშე ღმრთისა, ჴსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა, აწ ჩუენცა გვიოხე მისა მიმართ, რაჲთა მოწყალედ უკუნ-აქციოს რისხუაჲ თჳსი, სამართლად ჩუენ ზედა აღძრული სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და წარგვიმართოს გზასა მას სინანულისასა.

სიწმიდჱ შენი და სულისა ახოვანებაჲ იხილა რაჲ ღმერთმან, დაგადგინა სამეუფოსა მას საყდარსა ქუთათისსა და იქმენ სარწმუნოჲ განმგებელი სამწყსოჲსა შენისა, რამეთუ ლოცვაჲ შენი და საქმჱ და სწავლაჲ საჭეთმპყრობელ და მმართებელ ექმნა რაჲ სამღდელოთა და ერთა, მადლობდენ ღმერთსა, მოვლინებისათჳს ეგევითარისა მღდელთმთავრისა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, დაგვიცვას ბრძოლათაგან ეშმაკისათა, საცთურთაგან ჴორციელთა და შფოთთაგან სოფლისათა.

ვითარცა მეფეთა ისრაელისათა მოუვლენდა უფალი წინაჲსწარმეტყუელთა სიქადულად მათდა, ზღუდედ შჯულისა და შუამდგომელად წინაშე მისსა, ეგრეთცა მარადის ექმნებოდი შენ თანა შემწედ კეთილმსახურთა მათ მეფეთა იმერთასა, რამეთუ ერთობითა ზრუნვიდით აღორძინებისათჳს სამწყსოჲსათჳს თქუენისა, - გარეგან ცხოვართაჲთა მოსილთა და შინაგან მგელ-ღმრთისმსახურთა დაამჴობდით და განიოტებდით და შერისხავდით სიწმიდისა შემრყუნელთა და მამულისა მაოხართა, აწ ჩუენცა გარე-წარგვხადე განსაცდელნი, ნეტარო მღდელთმთავარო დოსითეოზ, და გჳჴსენ ეშმაკთა კვეთებისგან.

მოღუაწედ და მლოცველად გამოუჩნდი რაჲ შენდამი რწმუნებულთა, ღმრთივსულიერად ქადაგებდი, ღმრთივგანბრძნობილო, და განსწავლიდი რაჲ სათნოებათა შინა, ლმობიერებითა გულისაჲთა მარადჟამს დაშურებოდი მშჳდობით დაცვისათჳს ქურივ-ობოლთა და გლახაკთასა; სნეულთა და უძლურთა ნუგეშსა-სცემდი და შეეწეოდი პყრობილთა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, ღმრთივგანბრძნობილო დოსითეოზ, და გჳჴსენ ყოვლისაგან ძჳრისა და სალმობისა.

ვითარცა სარწმუნოჲ მამაჲ და მჴნჱ მწყემსმთავარი, წმიდისა მეფისა სოლომონისა მიერ დადგინებულ იქმენ განმგედ იმერთა და ოდიშ-აფხაზთა საკათოლიკოსოჲსა საყდრისა, და კეთილად მწყსიდი რაჲ სამწყსოსა შენსა, სიმჴნითა მოვლიდი დაბა-სოფელთა, ყოველთა ნუგეშინისცემდი და ასწავებდი საღმრთოთა წეს-განგებულებათა განუხრელად დაცვასა, რაჲთა ბოროტსა განეშორონ და სულისა თჳსისათჳს ზრუნვიდენ მოწყალებითა, მარხვითა და ლოცვითა.

შემდგომად ქართველთა სამეფოთა სახლთა და საპატრიარქოთა უქმ ყოფისასა რუსთაგან, ვითარცა ქართლ-კახეთსა, ეგრეთცა იმერეთსა, მამულისა სიყვარულითა აღგზებული ეფთჳმე გაენათელისა თანა უშიშად ამხელდი, ვითარცა მმართველთა, ეგრეთცა ეგზარქოსსა - ეკლესიისა ჩუენისა წინამძღვრად უმსჯავროდ დადგინებულსა, და უღლისაგან მათისა გათავისუფლებასა ევედრებოდი ღმერთსა, მას ევედრეთ, დაამხუნას მტერნი ერისა და ეკლესიისა ჩუენისაჲ, და დასცეს მბრძოლნი ქრისტეანობისაჲ.

ხედევდი რაჲ ერსა შენსა ზედა მოწევნულსა განსაცდელსა, ვითარცა სულიერი წინამძღვარი, ახოვნად წინააღუდეგ მძლავრთა, ეწადათ რაჲ დამცრობაჲ ყოვლისავე ქართულისა, და თანა-მზრახველთა თანა იღუწიდი განდევნისათჳს დამპყრობელთა, გარნა ფარულად შეგიპყრეს ვითარცა ავაზაკი, გგვემეს და ეფთჳმე გაენათელისა და გრიგოლ არქიმანდრიტისა თანა ხელშეკრული წარგგზავნეს რუსეთსა, ხოლო თქუენ ჴორცითა განკაფულნი მდუმარედ ილოცვიდით და განძლიერებასა ევედრებოდით ღმერთსა, აწ ჩუენცა გვიოხე[თ] წინაშე მისა, დაგვიფარნეს ყოვლისაგან ვნებისა და საცთურისა.

სურვილითა სასუფეველისაჲთა, ჵ, ღმერთშემოსილო, თავს იდევ სახუმილი განსაცდელთა და ტანჯვათაჲ და სიკვდილი უმსჯავროჲ, რამეთუ მახლობლად სურამისა ლახუართა მიერ უწყალოდ დაგმერილი გრიგოლ არქიმანდრიტისაგან ეზიარე და წმიდაჲ სული შეჰვედრე ღმერთსა, და ჭეშმარიტად მკვიდრ იქმენ უკვდავებისა, აწ გვითხოვე მისგან ლხინებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ, ჵ, ყოვლად სამღდელოო დოსითეოზ, და ერსა ჩუენსა მოანიჭე ძლევაჲ ურიცხუთა მჴდომთა და წინააღმდგომთა ზედა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სისხლითა შეიღება გუამი შენი, ჵ, წმიდაო მღდელთმოძღუარო დოსითეოზ მოწამეო, და უწყალოჲ სიკუდილი შენი შიშითა ამბოხისაჲთა დაფარეს მტარვალთა, და მერმე ფარულად დაგფლეს რაჲ ტაძარსა შინა ანანურისასა, კიბითა მარტჳლობისაჲთა აღჰჴედ და აღიწიე რაჲ კამარათა მათ ცისათა, აწ ჰსუფევ გუნდსა მათ თანა წმიდათა მოწამეთასა, სამგზის სანატრელო მამაო, და მეოხ ხარ მოსავთა შენთა და მგალობელთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო; გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა წმიდაო ღმრთისა საყოფელო; გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა, ზესთა ბუნებათა მიდგომილო; გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო; გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.

- სტიქარონსა ზედა დასდებელი. ჴმაჲ 8.

აღასრულე რაჲ მარტჳლებრივი სრბაჲ შენი, წმიდაო დოსითეოზ, ვითარცა სათნომყოფელი თჳსი ძლევისა გჳრგჳნითა შეგამკო ქრისტემან და დაგამკჳდრა საუკუნეთა სავანეთა, სადაცა არს განსუენებაჲ დამაშურალთა და მოწამეთაჲ, ნეტარო, და მოგენიჭა ძალი მორწმუნეთა შეწევნისაჲ.

მუხლი. ჴმობდენ მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იჴსნნა იგინი.

ვნებათა ჴორციელთა ზესთა ექმენ, ჵ, წმიდაო მღდელმოწამეო დოსითეოზ, და წმიდათა სისხლთა შენთა მიერ განაშუენე რაჲ ეკლესიაჲ სახედ სამკაულისა სამეუფოჲსა, შვილთა თჳსთა თანა შეიმკუების ბრწყინვალედ და გჳწესს ყოველთა მორწმუნეთა გალობითა შესხმად საკჳრველისა მის ღუაწლისა შენისა.

მუხლი. ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა სიხარული.

აჰა, მოიწია ჴსენებაჲ შენი, წმიდაო დოსითეოზ, და მოგვიწოდს ქებად აღურაცხელთა საქმეთა შენთა, რომელთაცა იქმოდა უფალი შენ მიერ, ღირსო, და გამოგირჩია რაჲ ჭურად რჩეულად და ორღანოდ დამტევნელად მადლთა მათ თჳსთა, გაქუს აწ კადნიერებაჲ შეწევნისაჲ, რაჲთა ღირს გვყოს დიდებად მისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ლოცვისა მღჳძარებითა განმტკიცებულ იქმენ შენ, ბრძენო მამაო, და ვითარცა ჯუარისმტვირთველი ერისა შენისაჲ და სარწმუნოჲ მსახური და მობაძავი ქრისტჱს ღმრთისაჲ, სიმჴნითა დაითმენდი მრავალთა ჭირთა, აწ ჩუენცა მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რაჲთა ვნებათა ჩუენთა ღელვანი დააყუდოს და წარგვიმართოს ნავთსაყუდელსა მას ცხორებისასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, აწ ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ძისა შენისაგან შეწყალებაჲ სულთა ჩუენთა.

- „აწ განუტევე“.

- შემდგომად „მამაო ჩუენო“-ს:

- ტროპარი მღდელმთავრისა, ჴმაჲ 4

ღუაწლთა შინა ღმრთისმსახურებისათა, ვითარცა ლამპარი გამობრწყინდი და წმიდაჲ კვართი შენი სათნოებათა მიერ განაშუენე, წმიდაო მღდელმთავარო დოსითეოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. - 2-გზის

- ღმრთისმშობელო ქალწულო - 1 გზის.

- პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკარი:

- „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

- ტროპარი მღდელმთავრისა:

ღუაწლთა შინა ღმრთისმსახურებისათა, ვითარცა ლამპარი გამობრწყინდი და წმიდაჲ კვართი შენი სათნოებათა მიერ განაშუენე, წმიდაო მღდელმთავარო დოსითეოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. 2-გზის

- „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარი ხმის მიხედვით): -

რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განჴორციელდა, ჯუარცმაჲ ნებსით თავს იდვა, რომლისათჳსცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იჴსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

- შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა. ჴმაჲ 1.

ქუეყანასა ზედა ცხორებასა შენსა განჰლევდი მღდელთმოძღუარობისა ღუაწლითა და იქმენ რაჲ მოწამჱ ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო დოსითეოზ, ორკერძოვე ჰბრწყინავ მადლითა, ამისთჳს სარწმუნოებითა ვადიდებთ მას, ნეტარო, რომელმან სამართლად გადიდა. 2-გზის

დიდებაჲ... აწდა...

განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზსა, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

- შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა. ჴმაჲ 4.

აჰა, სიმრავლჱ მღდელთმთავართაჲ წინამძღურად აღგიარებს შენ, ღმრთივგანბრძნობილო, ვითარცა შემწესა ურცხვენელსა, და აღივსებიან საღმრთოჲთა მით მადლთა, რომელ დაუტევე, მამაო დოსითეოზ, და იშუებენ საჴსენებელსა შენსა.

დიდებაჲ... აწდა...

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.

- „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

- „გადიდებსა“ მღდელმთავრისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

- „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“:

სიბრძნჱ, ჴმაჲ 8.

ქრისტემან დაგადგინა რაჲ მღდელთმოძღურად და განმანათლებელად საზეპუროჲსა ერისა თჳსისა, კუერთხითა სარწმუნოებისაჲთა განიოტებდი ბოროტთა მგელთა, და სამწყსოსა შენსა იფარვიდი რაჲ ტაცებათაგან მათისა, მარტვილთა ღვაწლითა განშუენებული დაგამკჳდრა სასუფეველსა თჳსსა, მას ევედრე, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივის-მცემელთა ჴსენებისა შენისასა. 2-გზის

დიდებაჲ... აწდა...

თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე. ამინ.

აღსავალი, ანტიფონი 1. ჴმაჲ 4

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ.

რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.

დიდებაჲ... აწდა...

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.

- წარდგომა ჴმაჲ 7.

(საცისკრო სახარებისა)

იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.

მუხლი. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა;

- საცისკრო სახარება ლუკასი; (12 თ; 2-12)

ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუ? ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.

შემდგომად 50-ე ფსალმუნისა დასდებელი.

სიბრძნითა საღმრთოჲთა საკჳრველად აღვსილ-იყავ რაჲ ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, სული თჳსი დასდევ სამწყსოჲსათჳს შენისა, წმიდაო, და აწ განბრწყინებული მღდელობისა მადლითა, და წამებისა სისხლითა ყოვლად განშუენებული სდგა წინაშე ღმრთისა, მას ევედრე აწ, ყოვლად ნეტარო დოსითეოზ, ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისა.

- „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა).

- იკითხება 2 კანონი .

- I კანონი - ღმრთისმშობლისა (ძლისპირი 2-გზის) - 6 მუხლად (იხ. პარაკლიტონის ბოლოს ღმრთისმშობლის კანონები: „ეტლთა მფლობელი ფარაო...“ ან „ქუეყანასა მწყურნებსა...“).

- II კანონი - მღდელმოწამისა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლად. (ჴმაჲ 8).

- კატავასია: რიგითი.

- „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 2

ძლისპირი: ზღჳსა მის მეწამულისა ღელვათა ვიდოდა პირველად ოდესმე ერი ისრაელისაჲ, და ჴელთა განპყრობითა მოსე ჯუარის სახედ ძალი იგი ამალეკისაჲ უდაბნოს დასცა.

იდიდების აწ ღირსებით ეკლესიასა შინა ბრწყინვალჱ საჴსენებელი შენი, ჵ, მღდელმოწამეო მამაო, და გალობით შეამკობენ საკჳრველსა სიმჴნესა შენსა და დიდებულებასა

მწყემსობისა მადლითა გამობრწყინდი, ღმრთივგანბრძნობილო, და დათხევითა სისხლისაჲთა განაშუენე რაჲ ეკლესიაჲ, ვითარცა ძოწეულითა, ბრწყინვალედ შეიმკვე ღუაწლისა გჳრგჳნითა

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

საღმრთოსა მწყემსსა, წმიდასა მღდელმოწამესა დოსითეოზს, ვითარცა ქართველთა სიქადულსა შეგასხმთ ქებისა გალობასა, და გევედრებით შეწევნასა ჟამთა განსაცდელთა და ჭირთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შობასა ქალწულებითა ეგე შენ და თავად შემოქმედი ყოველთაჲ და უფალი საკჳრველად მოგვივლინე ჴორცითა, ყოვლადწმიდაო, მარადის ქალწულო დედაო.

 

გალობაჲ 3, განძლიერდასა

ძლისპირი: იხარებს ეკლესიაჲ შენდამი, ქრისტე, და ესრეთ ღაღადებს: სასოჲ ჩემი ხარი შენ, განმაძლიერე, დამბადებელო.

აღმოსცენდი წარჩინებულთა თავადთაგან, და სიყრმითგან აღიზარდე რაჲ ღმრთისმსახურებისა მოძღურებითა, სათნო ეყავ ღმერთსა, და მის მიერ მოცემული მადლი განამრავლე სიბრძნითა.

გული გითქმიდა რაჲ შედგომასა ასპარეზსა მას მონაზვნურისა ღუაწლისასა, განმტკიცებული ჭეშმარიტებითა და შეჭურვილი ძალითა ჯუარისაჲთა შეუდეგ გზასა იწროსა და საჭირველსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გაკურთხეს რაჲ ხუცეს-მონაზონად სადიდებელად ღმრთისა, შეერთე ჭეშმარიტთა მსახურთა მისთა, და გულს-მოდგინებითა აღასრულებდი რაჲ წმიდათა საიდუმლოთა, განსწავლიდი ყოველთა მოძღურებითა საღმრთოჲთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ გევედრებით, დედაო ღმრთისაო, შევრდომილნი ესე ოხასა შენსა და საფარველსა მარადის განგვარინე საცთურისაგან ბოროტისა და გვაუწყე გზაჲ კეთილად მსახურებისაჲ.

 

გჳჴსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

წარდგომაჲ, ჴმაჲ 4

ღირსად ჴელდასხმულ იქმენ რაჲ ქრისტჱს მიერ მწყემსად ცხოვართა პირმეტყველთა, ქადაგებდი მართლმადიდებლობისა ყოვლადუბიწოსა სარწმუნოებასა, და ყოველთა ასწავებდი დამარხვასა მცნებათა ღმრთისათა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისა, რაჲთა მოგუცეს სლვაჲ კეთილ-სახედ სოფელსა ამას შინა.

 

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: იხილა რაჲ ეკლესიამან მზჱ სიმართლისაჲ ჯუარსა ზედა ამაღლებული, დადგა იგიცა წესსა ზედა თჳსსა ღირსად და ესრეთ ღაღადებდა: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.

იყავ რაჲ მეცნიერ საღმრთოჲსა სჯულისა, სხუათაცა გადასცემდი, და განაკრძალებდი რაჲ ქრისტეს მოძღურებითა, ნეტარო, წარმოიტყუენნე მრავალთა გონებანი მორჩილებად მისა.

სიტყუაჲ და სწავლაჲ ქრისტჱსი გექმნა რაჲ საჭეთმპყრობელად და მმართებელად, წმიდაო, აღიწიე სისრულესა მას სათნოებათასა, და დღითი დღე იღუწიდი სადიდებელად მისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იხილა რაჲ სიწრფოებაჲ სულისა შენისაჲ ღმერთმან, დაგსუა საყდართა სამეუფოთა მღდელთმთავრად ქუთათისსა, ნეტარო, და კეთილად ჰმწყსიდი სამწყსოთა პირმეტყუელთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უქორწინებელო ქალწულო, შემდგომად შობისა იპოვე დადგრომილი ქალწულადვე, ამისთჳს სარწმუნოებით ღმრთისმშობლად აღგიარებთ დაუდუმებელითა ბაგითა.

 

გალობაჲ 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შენ, უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყუანის-გცემთ შენ.

დადგინებულ იქმენ რაჲ ქუთათელად, წმიდაო დოსითეოზ, გულსმოდგინე ლოცვაჲ შენი და კეთილი საქმჱ, ვითარცა ნათელი დაუღამებელი უძღოდა მღდელმთავრობასა შენსა.

მწყემს იქმენ რაჲ სამწყსოთა ქრისტეს ღმრთისათა, მწყსიდი და განსწავლიდი, ვითარცა მაცხოვარი ჩუენი მოძღურიდა თჳსთა მოციქულთა, და ამხილებდი მღდელთა სიცრუვისათა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გნატრით შენ, ვითარცა მწყემსსა კეთილსა და მოძღუარსა იმერთასა, რომელი მარადის გამოზრდიდი ქურივ-ობოლთა და ღატაკთა, და ნუგეშინისცემდი ყოველთა მგლოვარეთა და უძლურთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გონებაჲ კაცთაჲ და ანგელოსთაჲ ვერ შემძლებელ არს გამოთქუმად ყოვლადდიდებულისა და გამოუთქუმელისა შობისა შენისა, ყოვლადწმიდაო.

 

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: გალობით ჴმითა სიხარულისაჲთა გაქებს შენ ეკლესიაჲ შენი, ქრისტე, განწმიდე რაჲ იგი სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გვერდსა საღმრთოსა წმიდასა.

მოსაყდრედ დაგადგინეს რაჲ აფხაზეთისა საკათალიკოსოჲსა ტახტისა, საღმრთოთა სწავლათა განფენდი მხარესა მას და აღხოცდი ცრუმორწმუნეობისა საცთურსა.

საყდარი იგი მამათმთავრისაჲ მოგანდო რაჲ ქრისტემან, სიბრძნითა მტვირთველობდი ჯუარსა შენსა, ჵ, სამგზის სანატრელო, და ძუელთა მამათმთავართა შეესწორე ღუაწლითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შური გაქუნდა რაჲ მართლისა სარწმუნოებისა და განვრცობისათჳს სიყუარულისა, გამოსჩნდი სულიერ წინამძღურად ერისა შენისა, ნეტარო, და გვიჩვენე გზაჲ კეთილად მსახურებისაჲ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განაპე საკრველნი ცოდვათა ჩემთანი, სძალო ღმრთისაო, ცხორებისა სჯულითა ცოდვისა სჯულისა დამჴსნელო, რომელმან შევ მეუფე სჯულისაჲ.

 

კონდაკი

ეკლესიისა სუეტო შეურყეველო, საღმრთოო მღდელმთავარო დოსითეოზ, ლოცვითა შენითა დაგვიფარენ, რომელნი უგალობთ დიდებულსა სახსენებელსა შენსა.

იკოსი

აწ განსცხრების კრებული მორწმუნეთაჲ მომხსენებელი ღუაწლისა შენისაჲ და ითხოვს მეოხებასა შენმიერსა ღმრთისა მიმართ, რაჲთა ცოდვისამიერი წყუდიადი უმეცრებისაჲ განდევნოს ჩუენგან, და უვნებლობითა, რწმენითა და სიხარულითა შეჰმოსოს ყოველი, ღირსო, ვინაჲცა პატივსა მიაგებს სახელოვანსა ჴსენებასა შენსა.

 

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: საჴუმილსა შინა აბრამეანნი ყრმანი, მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა სჯულთათჳს, შეითხინეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა მას სიწმიდისა შენისასა.

აღამაღლებდი რაჲ ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა მართლმადიდებელთასა, ვითარცა ორღანოჲ, აღმოსთქუამდი სწავლათა ტკბილთა, და ერსა შენსა შთაუსახავდი გულსა შინა სიყუარულსა მშობელი ქუეყანისასა და სრულ-ყოფდი სათნოებათა შინა.

ფრიად განსწავლული ეგე მღდელთმთავარი განაწყობდი რაჲ სტამბასა, იწყე საღმრთისმსახუროთა წიგნთა ბეჭდვაჲ ქართულსა ენასა ზედა, და განაახლებდი ძუელთა მათ ჴელნაწერთა და სიგელ-გუჯართა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შუენიერად აღადგენდი და შეამკობდი რაჲ ეკლესია-მონასტერთა, ყოვლად ქებულო, გამოსჩნდი ნუგეშად მონაზონთა და სამღდელოთა, მიანიჭებდი რაჲ ყოველსა სახმარსა ცხორებისათჳს მათისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ზეციერნი დასნი და უჴორცოთა კრებულნი უგალობენ შენგან შობილსა, ღმრთისმშობელო ქალწულო, უბიწოო, და ჴმობენ დაუცრომელად: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა მას სიწმიდისა შენისასა.

 

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ჴელთა განპყრობითა დანიელ მღჳმესა მას შინა მჴეცნი მოამდოვრნა და სამთა მათ ყრმათა დაშრიტეს ცეცხლისა ალი ღმრთისა მიერ და განბრძნობილნი უშიშად ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

ხედვიდი რაჲ ივერთა ეკლესიისა და ერისა დამცრობასა რუსთაგან, ფრიად მჭმუნვარებდი, ყოვლად ნეტარო, და სამწყსოსა შენსა შთაუსახავდი გულსა შინა სიყუარულსა ღმრთისა და მამულისასა.

არცაღა ჰრიდებდი ეგზარხოსსა, რამეთუ ქართულსა ენასა და გალობასა იძულებითა გარდასცვლიდენ რუსულსა ზედა ეკლესიასა შინა, და მართლ-ქადაგებითა შენითა ამხელდი ბოროტსა მძლავრებასა მათსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოღუაწებამან შენმან, წმიდაო, ეფთჳმისა თანა გაენათელისა, განამჴნო ერი იმერთაჲ წინააღდგომად მძლავრთა მათ დამპყრობელთა და განამტკიცა ზრახუაჲ მათი სამეფოჲსა თჳსისა აღდგენისაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ანგელოსთა თანა იხარებენ შობისა შენისათჳს ყოველნი, და სარწმუნოებითა გიჴმობენ ღმრთისმშობლად, ყოვლადწმიდაო, რამეთუ მეუფჱ და მაცხოვარი გვიშევ ჩუენ, რომელსა უგალობთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

 

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ლოდი საკიდური უჴელოდ გამოეკვეთა შენგან, მთაო, გამოუკვეთელო, ქალწულო, ქრისტე - შემაერთებელი ბუნებათაჲ. ამისთჳსცა სიხარულით ჩუენ, მორწმუნენი, ღირსად გადიდებთ.

ფრიად განიმრავლე რაჲ მტერნი, წმიდაო, შეგიპყრეს უპატიოდ, და გათრევდენ და გტანჯვიდენ ჴელშეკრულსა, გარნა ახოვნად წინააღუდეგ და ამხელდი უსჯულოებასა და მძლავრებასა მათსა.

ჟამსა მას გაენათელიცა შეიპყრეს და თავსა შთაგაცვეს რაჲ ვაშკარანი, ორთავე ეგე მჴცოვანნი მღდელთმთავარნი, ვითარცა ამბოხის-მოთავენი ექსორია-გყვეს რუსეთსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ბრძანებულ იყო რაჲ მოკუდინებაჲ შენი გზასა, მჴცოვანი ეგე ჰასაკითა უწყალოდ დაგგუმირეს მახვილითა, და ნეშტი შენი ფარულად დაფლეს რაჲ ანანურისა ტაძარსა, უფლისა მიერ მოიგე უკუდავი იგი ცხორებაჲ სასუფეველსა შინა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სარწმუნოებით აღგიარებთ დედად ღმრთისა ჩუენისა, ღირსო, და წმიდად ქალწულად გქადაგებთ, ქრისტესა ძესა შენსა ევედრე ჩუენთჳს, რაჲთა გჳჴსნეს მტერისაგან მადიდებელნი შენნი.

 

განმანათლებელი

ნათელმან უსხეულომან განგანათლა შენ, ნეტარო დოსითეოზ, და დასდე რაჲ თავი სამწყსოჲსათჳს შენისა, მარტჳლებრივი სისხლი შენი, წმიდაო, ვითარცა საუნჯჱ ოქროჲსაჲ, შეუმოსიეს ეკლესიასა ღმრთისასა და, ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ, შემკული ბრწყინვალედ თუალთაგან მრავალსასყიდლისაჲსა, დაუდგამს თავსა თჳსსა, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნიცა სიხარულითა შევლენან მას შინა, და ვითარცა მოწამესა ქრისტჱს ღმრთისასა, გევედრებიან შეწევნასა.

დიდებაჲ... (იგივე) აწდა...

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.

- „ყოველი სული“ - იგალობება.

- „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - მუხლი 8.

შეგასხამთ შენ ქებასა ამას, ვითარცა მწყემსსა კეთილსა და მღდელთმოძღვარსა დიდსა, შემწესა კეთილმორწმუნისა მთავრობისა და მხედრობისასა, და სამწყსოჲსა თჳსისა მჴსნელსა ყოველთა უცხოთა სწავლებათა და უსჯულოებათაგან, ამისთჳსცა ვსასოებთ შეწევნასა შენსა ღმრთისა მიმართ, რაჲთა ერი ჩუენი დაიფაროს ზედა-მოსვლათაგან მტერისა და ეკლესიაჲ ქართველთაჲ დაიცვას შეუძრველად.

ქებით შეგამკობთ შენ, მსგავსად ღმრთივბრწყინვალისა ვარსკულავისა გამოჩინებულსა დიდსა მამასა და მღდელმთავარსა, რამეთუ ვითარცა სანთელი ჰნათობდი მაღალსა ზედა სასანთლესა, და ექმენ ლამპარ მნთებარჱ ლიხთ-იმერეთსა, ოდიშ-გურიასა და აფხაზეთსა, და ვითარცა ნათლისა სუეტი, ღმრთისმშობლის წილხვედრსა ერსა ჩუენსა, გსახავთ რაჲ მეოხად ღმრთისა მიმართ, და გევედრებით ჴსნასა ყოველთა ძჳრთა და ურვათაგან.

შეგამკობთ შენ ქებისა გალობითა, ყოვლად სამღდელოო დოსითეოზ, ვითარცა ქრისტჱს მხედარსა ახოვანსა - აღმამაღლებელსა მართლისა და ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა ჩუენისასა, და სიქადულსა ქართველთასა, და გევედრებით მეოხებასა ღმრთისა მიმართ, ვითარცა მსწრაფლშემწესა და უძლეველსა მფარველსა და მეოხსა ყოველთა მართლმადიდებელთასა, რაჲთა განდევნოს ჩუენგან ცოდვისამიერი წყუდიადი უმეცრებისაჲ და დაგვიფაროს მტერისა საბრხისაგან და ძმათა მტერობისაგან.

იქების რაჲ ქართველთა ეკლესიისა მიერ სიმჴნჱ შენი და ახოვანებაჲ, აჰა, იქადის და იშუებს აწ მხარჱ იმერთაჲ, ნეტარო დოსითეოზ, რამეთუ მას შინა აღმოსცენდი რაჲ მწყემსი კეთილი, წმიდაჲ სული შენი დასდევ სამწყსოჲსათჳს შენისა, და ზეცით მოიღე ღმრთისა მიერ გჳრგჳნი იგი ძლევისაჲ, აწ გვიოხე მისა მიმართ, რაჲთა განბნეულნი ცხოვარნი თჳსნი ერთობითა შემოგვკრიბნეს არვეთა შინა თჳსთა, და აღამაღლოს რქაჲ მორწმუნეთა მართლმადიდებელთაჲ.

იდიდების ეკლესიასა შინა ბრწყინვალჱ საჴსენებელი შენი, რამეთუ მეფეთა და ერისა შენისა სიყუარულითა აღვსილი მოშურნე იყავ რაჲ მსახურებად ღმრთისა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაჲთა დაამშვიდოს გულნი ჩუენნი, სოფლისა ღელვათაგან შერყეულნი და შეგინებულნი და გჳჴსნას ყოვლისაგან ბოროტისა.

- მუხლი. „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

იხარებს აწ ერი ჩუენი და იშვებს სავანჱ ანანურისაჲ, რომელი იუნჯებს წმიდათა ნაწილთა შენთა, და მრავალი მორწმუნჱ მიისწრაფვის დღესა ამას წიაღსა მისსა, რაჲთა გადიდონ ქართველთა დიდი სამკაული, ტკბილი მამაჲ და მოძღუარი ერისა ჩუენისაჲ, და ღაღად-ყონ ჴმითა მაღლითა: „მოწყალე ჰყავ ჩუენ ზედა მართლ-მსაჯული იგი უფალი, ნეტარო, რაჲთა განვსძლიერდეთ და განვცხოველდეთ სულითა და ჴორცითა, და შემძლებელ ვიქმნეთ წინააღდგომად საცთურისა“.

- მუხლი. მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ.

შემოკრბით, ჵ, მორწმუნენო, და შესხმითა სულიერითა უგალობდეთ წმიდასა დოსითეოზ ქუთათელსა - ერისა ჩუენისათჳს ფრიად დამაშურალსა წინაშე ღმრთისა, ჴსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან საცთურისა, და ვევედროთ, რაჲთა დაიფაროს მამული თჳსი - საქართველო - ყოვლისაგან ჭირისა და თანამბრძოლ გუეყოს ჩუენ მარადის წინააღდგომად მბრძოლისა, ჩუენ ზედა აღბორგებულისა და დაგვიცვას ყოვლისაგან საფრჴისა.

დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

მოვედით, ჵ, ერნო ქართველთანო - მამათა კრებულნო და მონაზონთა მწყობრნო მღდელთმთავართა თანა, მდიდარნო და გლახაკნო და ყოველნო ჰასაკნო, რაჲთა გალობით ყოველნი ვაქებდეთ მღდელმოწამესა დოსითეოზ ქუთათელსა, ვითარცა მნათობსა ქართველთა ეკლესიისასა, და ვევედრნეთ, ლოცვათა მისთა მიერ შეგვჭურნეს უფალმან ძალითა თჳსითა უძლეველითა, ურიცხუთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა კაცთმოყუარემან. (ჴმაჲ 5.)

„აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ“:

ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხორებისა, შენ გევედრებით, მიმადლებულო, მოციქულთა თანა მეოხ გვეყავ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთასა.

- „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი მღდელთმთავრისა:

ღუაწლთა შინა ღმრთისმსახურებისათა, ვითარცა ლამპარი გამობრწყინდი და წმიდაჲ კვართი შენი სათნოებათა მიერ განაშუენე, წმიდაო მღდელთმთავარო დოსითეოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. 2-გზის

- „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარი ხმის მიხედვით): -

რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განჴორციელდა, ჯუარცმაჲ ნებსით თავს იდვა, რომლისათჳსცა აღადგინა პირველ-დაძინებულნი, და იჴსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

 

I, III და VI ჟამნებზე:

- ტროპარი: მღდელმოწამისა

- კონდაკი: მღდელმოწამისა

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

- „გამომსახველობითი ანტიფონები“ - „ნეტარებების“ - გალობისას ჩაერთვის

„მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- ღირსის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- ღირსის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწდა“ - თი.

- წარდგომაიჴხმაი 7: იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.

მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.

სამოციქულო - მღდელმოწამეთა. -

ებრაელთა დასაწყისი: 334; თ.13; 7-16;

ალილუია, ხმა 2: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმინდანი შენნი იხარებდენ.

სახარება - ლკ. 67 დას. - 12 თ. 32-40.

განიცადე: სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის.

შესვლად.

ტროპარი - მღვდელმოწამისა

კონდაკები - „დიდება“ - მღვდელთმთავრისა

„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“

„წარდგომა“: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდით მას“.(ჴმაჲ 7).

მუხლი. „შეისმინე ღმერთო ჴმისა ჩემისა“.

„ალილუია“: „მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე“.(ჴმაჲ 4).

განიცადე: „საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

წეს-განგება შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა.