სადღესასწაულო წეს-განგება
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის
სასწაულთმოქმედისა ხატისა „მოულოდნელი სიხარული“

 

დიდ მწუხრსა ზედა

ვგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა.

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა,

დასდებელნი მუხლი 8. ხმაი 5.

უფალო ყოვლისამპყრობელო, დიდებული სასწაული გამოუჩინე ყოველთა ერთგულთა შენთა, რამეთუ არა ხოლო თუ ტკბილსა მას დედასა შენსა, მარიამ ღმრთისმშობელსა, არამედ უწმიდესსა ხატსა მისსა, ფიცარსა ზედა გამოხატულსა, მიანიჭე საკვირველი ესე ძალი და მადლი სასწაულთქმედებისაი, რაითა უკუნისამდე არა გვრცხვენოდეს მის მიერ მოქადულთა და მასზედა ყოვლისა სასოებისა დამდებელთა და ვაქებდეთ ძალსა შენსა.

მოვედით, მორწმუნენო, და გარე-მოვადგეთ პატიოსანსა ხატსა ყოვლადწმიდისა დედისასა - მოულოდებელისა სიხარულისა მომნიჭებელსა, სიყუარულითა ამბორს უყოთ და უგალობოთ: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო; გიხაროდენ, მაღლისა ღმრთისა დედაო; გიხაროდენ, მხსნელო და მფარველო შევედრებულთა ცოდვილთაო, მეოხ გვეყავ აწ პატივისმცემელთა შენთა.

შეგივრდებით, შენ, ღმრთისმშობელო, სიყუარულითა მხედველნი წმიდისა ხატისა შენისანი და გიღაღადებთ შენ: შეგვიწყალენ, დედაო სახიერო, ვითარცა შეიწყალე კაცი იგი ცოდვილი, მარადის მლოცველი წინაშე ხატისა შენისა, გეტყოდა რაი სიტყვათა მთავარანგელოზისასა: „გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენთანა!“.

ვითარცა ძველ-ოდესმე პატიოსნისა ხატისა შენისა წინაშე მრავალგზის მლოცველი ცოდვილი არა მოიძაგე, და მიანიჭე მოულოდებელი სიხარული სინანულისაი, მოწყალე ჰყავ რაი ძე შენი და ღმერთი მას ზედა, ეგრეთცა აწ მოგვანიჭე შემუსვრილებაი გულისაი და განცდაი თვისთა ცოდვათაი.

ჰოი, ყოვლადდიდებული საკვირველი, რამეთუ კაცი იგი მიისწრაფდა რაი აღსასრულებლად უსჯულოებისა, ჩუეულებრისაებრ ილოცა წინაშე ხატისა შენისა და შეძრწუნდა, იხილა რაი სახებაი შენი და ყრმისა შენისაი ვითარცა ცხოველი, იძვროდა, ხოლო ყრმასა მას ღმერთსა ხელთა და ფერხთა ზედა წყლულებანი განეხსნა, ვითარცა ჯვარსა ზედა ვნებისასა.

იხილა რაი დაუსაბამოისა ძისა შენისა წყლულთაგან წარმომსკდარი ნაკადი სისხლისაი უსჯულომან, შიშით შეგღაღადა, ვითარცა დედასა მისსა: „ჰოი, დედოფალო, ვინაი ქმნა ესე?“, და აჰა, შენცა ეტყოდი მწუხარითა ხმითა: „ყოველნი ცოდვილნი ეგე, ვითარცა იუდეველნი, კუალად ჯუარს აცვამთ ძესა ჩემსა“.

„შემიწყალე მე, ჰოი, დედაო მოწყალეო“! - აღმოხდა რაი ცოდვილსა, მიუგებდი: „დაღაცათუ მიწოდებ მე მოწყალესა დედასა, არამედ მარადის აღმავსებ მწუხარებითა“, და შეგივრდა საწყალობელი იგი და გიღაღადა: „ნუ, დედოფალო, ნუცაღა გარდაემატება ცოდვაი ჩემი გამოუთქმელსა მადლსა შენსა და მოწყალებასა, რამეთუ შენ ხარ სასოი ყოველთა ცოდვილთა, ევედრე ჩემთვის ძესა შენსა და ღმერთსა ჩემსა“.

მაშინ აღავლინე ლოცვა,უფროისად კურთხეულო დედაო: „ძეო და ღმერთო ჩემო, ჩემდა მომართ სიყვარულითა შეიწყალე ცოდვილი ესე და შეუნდე ყოველნივე ბოროტნი საქმენი მისნი“. და აჰა, უტკბილესმან ხმამან და მეოხებამან შენმან წინაშე ღმრთისა, სინანული აღუძრა ცოდვილსა მას და მოულოდებელი სიხარული მიენიჭა ხატისაგან შენისა, რომელმანცა იხსნა იგი დაღუპვისაგან.

დიდებაი...

ჰოი, დედაო სახიერო, ესმა რა სასუფეველისა მკვიდრთა გამოხსნაი წარწყმედულისა ცოდვილისა ლოცვითა შენითა, გადიდებდნენ გულმოწყალესა დედოფალსა ცისა და ქვეყანისასა და ჩვენცა გვსმა რაი საკვირველებაი ეგე, არა დავსცხრებით ვედრებად შენდა: აწ ჩუენცა მოგვცეს ცოდვათა ლხინებაი ოხითა შენითა ძემან და ღმერთმან შენმან, იესუ ქრისტემან.

აწდა...

ჰოი, დიდებულსა გამოჩინებასა ხატისა შენისასა, რომელი ბრწყინავს საკვირველებათა მიერ, და ყუდრო ნავთსაყუდლად ევლინება ქვეყნიერისა ზღვისა ღელვათა შორის მცურვალთა, და შენ მიერ იცავს რაი ღმრთისადმი მონანულთა ცოდვილთა, მორწმუნეთა სახელსდვეს მას - მომცემელი მოულოდებელისა სიხარულისაი.

 

შესვლად. წარდგომა დღისა და საკითხავნი:

შექმნათა საკითხავი (დაბადება) თავი 28 (10-17)

განვიდა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარვიდა ქარრანად. და მიემთხვია ადგილსა ერთსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდა მზე. და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნალად და დაწვა ადგილსა მას. და ჩუენებასა იხილვიდა. და აჰა ესერა, კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა. ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ. ქუეყანაი ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა. და იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ქვიშაი ზღვისა და განვრცნეს ჩრდილოდ და ბღუარად და აღმოსავლად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ. და, აჰა, მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა შენსა, ვიდრეცა ხვიდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა დაგიტეო, შენ, ვიდრემდე ვჰყო მე იგი, რაოდენსა გეტყოდე შენ. და ვითარცა განიღვიძა იაკობ ძილისა მისგან, თქუა, რამეთუ: არს უფალი ადგილსა ამას და მე არა ვიცოდე. და შეეშინა და თქუა: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე. არა არს სხუაი ესე, გარნა სახლი ღმრთისაი და ესე ბჭეი ზეცისაი.

გამოსვლათა საკითხავი თავი 3 (1-5)

მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორ სიმამრისა თვისისათა მღდელისა მის მადიამელთასა და მოჰყვანდეს ცხოვარნი იგი უდაბნოდ და მოვიდა მთასა მას ღმერთისასა ქორებად. ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაი ცეცხლითა ალისათა მაყლოვანით გამო, და იხილა, ვითარმედ მაყლოვანსა მას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწვების. თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო, ხილვაი ესე დიდი რაი არს, რამეთუ მაყუალი არა დაიწუების? ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ მოვალს ხილვად, უწოდა მას უფალმან მაყლოვანით გამო და ჰრქუა: მოსე, მოსე! ხოლო მან ჰრქუა: რაი არს? ხოლო უფალმან თქუა: ნუ მოეახლები აქა! წარიხადენ ხამლნი ფერხთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა სდგა შენ, ქუეყანაი წმიდა არს.

გამოსლვათა საკითხავი თავი 13 (18-22)

მოაქცია უფალმან ერი უდაბნოდ მიმართ ზღუად მიმართ მეწამულად, ხოლო მეხუთე ნათესავი აღმოვიდეს ძენი ისრაეილისანი ქუეყანით ეგვიპტით. და მიიხუნა მოსე ძუალნი იოსებისნი მის თანა, რამეთუ ფიცით აფუცა იოსებ ძეთა ისრაეილისათა, მეტყუელმან: მოხილვასა მას, რომლითა მოგხედოს თქუენ უფალმან, თანა-აღიხუენით ძუალნიცა ჩემნი ამიერ თქუენ თანა. ხოლო იძრნეს რაი ძენი ისრაეილისანი სოქოთით, წყობა-ყვეს ანათომს შინა უდაბნოდ მიმართ. ხოლო ღმერთი უძღოდა მათ დღისი უკუე სუეტითა ღრუბლისათა ჩუენებად მათდა გზასა, ხოლო ღამე _ სუეტითა ცეცხლისათა. და არა მოაკლდა სუეტი იგი ღრუბლისაი დღისი და სუეტი ცეცხლისაი ღამე წინაშე ყოვლისა ერისა.

 

ლიტსა ზედა დასდებელი, ხმაი 8

ღმრთისმშობელო ქალწულო, ძლიერო შემწეო, აწ ყოველი მორწმუნე შენ მიერ იქადის და იხარებს, რამეთუ აქუ შენ შუამდგომელად ურცხვენელად, ზღუდედ დაურღვეველად, საძირკველად შეურყეველად და მცველად მიურულებელად, ვინაი ნუ დააცადებ შენითა ვედრებითა, დედოფალო, მარადის ხსნად ცოდვილისა კაცისა და ყოველთა მოსავთა შენთა იხსნი ხილულთა და უხილავთა მტერთაგან.

სასოებაი მოგუმადლე განსაცდელსა შინა მყოფთა მონათა შენთა და რქაი მორწმუნეთაი აღამაღლე, დედოფალო, იხსენ ვედრებითა შენითა ერი ესე ჩუენი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი საქართველოისანი, განაძლიერენ მსახურებასა შინა ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი, ხოლო ყოველთა მორწმუნეთა, მაქებელთა შენთა მფარველ გუექმნენ და გვიხსენ ცოდვათა შინა შთაფლვისაგან.

ყოვლადწმიდაი ხატი შენი, ქალწულო, ღმრთისმშობელო, არს მომნიჭებელი მოულოდებელისა სიხარულისა, რომლისადა მიახლებულნი და შიშითა და სარწმუნოებით შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, ხატსა შენსა ამბორს-უყოფთ და მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით სულიერთა და ხორციელთა უძლურებათაგან.

ჭეშმარიტად, კაცობრივსა გონებასა აღემატება სიყვარული შენი ქრისტიანეთა მიმართ, ღმრთისმშობელო, რამეთუ არა დაშვერი მეოხებითა კაცისა მიმართ უსჯულოისა, აჩვენე რა სასწაული ხატისა მიერ შენისა და აღძარ სინანული გულსა შინა მისსა, ეგრეთვე აწ ჩუენცა უღირთა შეგვეწიე და გვიხსენ სიცბილისაგან ეშმაკისა და მზაკუვარებისაგან კაცთასა.

გხედავთ რაი ვითარცა მიუდრეკელსა მეოხსა ცოდვილთათვის, დედაო ღმრთისა მაღლისაო, და მომალბობელსა განბოროტებულთა სულთასა, აწ მხოლოსა ცრემლითა გიგალობთ შენ და გევედრებით: გაქუს რაი მოწყალებაი გამოუთქმელი, თავისუფალ გვყვენ ყოველთა ჭირთა და ცოდვათაგან.

შენითა შუამდგომელობითა იხსნიდი რაი მოსავთა შენთა, ღმრთისა დედაო, და განაქარვებდი ყოველთა მწუხარებათა მათთა, და იხსნიდი ბოროტთა კაცთა მზაკუვარებისაგან, აწცა კეთილად წარმართე ცხორებაიცა ჩუენი და განგვარინე ყოველთა უსამართლობათა და ბოროტებათა.

მრავლითა ლოცვითა შუამდგომელობდი რაი კაცსა მარადის შემცოდესა, გარნა მოყვარესა ხატისა შენისასა, აწ ჩუენცა გარემოცულნი განსაცდელთაგან სიყუარულითა გიგალობთ და შეგასხამთ საგალობელსა: გიხაროდენ, წმიდითა ხატითა შენითა ჩუენ ყოველთა ნუგეშინისმცემელო; გიხაროდენ, ყოველთა სიქადულო და სიმტკიცეო; გიხაროდენ, მაცხოვნებელო სულთა ჩუენთაო.

დიდებაი... აწდა...

მოულოდებელსა სიხარულსა მიანიჭებ რაი ერთგულთა შენთა, აწ ჩუენცა გვივის საკვირველთმოქმედი ხატი ეგე შენი, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომხსნელად ვნებათაგან, და ყოველთა მორწმუნეთა მოგუმადლებს დიდსა წყალობასა.

 

სტიქარონსა ზედა დასდებელი. ხმაი 4

განდიდებასა ყოვლად ქებულისა ხატისა შენისასა დიდებისვმეტყუელებთ დღეს, ყოვლადწმიდაო, და შუამდგომლობასა შენსა ვდღესასწაულობთ, რამეთუ შენ, დედაი ეგე ცხორებისაი ჩუენთვის ევედრები ძესა შენსა, ქრისტესა მეუფესა, რომელთა ესე დაგვიძს მტკიცე სასოებაი შენზედა, ჭეშმარიტო წინამძღუარო ცხორებისა ჩუენისაო.

მუხლი. მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლთა და თესლთა.

ყოველთა ქრისტიანეთა ლოცვითა შემწყარებელო დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო, თვით განწირული ცოდვილისა ვედრებისაცა არა უკუნმქცევო და ძისა შენისა მიმართ მისთვის მეოხო და ცოდვათა საკრველისა დახსნითა მოულოდებელისა სიხარულისა მიმნიჭებელო, შენითა მეოხებითა აწ ჩუენცა მოვიღებთ წყალობასა ღმრთისასა.

მუხლი. ისმინე ასულო და იხილე და მოჰყავ ყური შენი.

აჰა, ესერა ხატი შენი, ღმრთისა დედაო, გამოგვიჩნდა განმწმედელად ცოდვილთა, რამეთუ შეწევნისა ხელსა ყოველთა შენდამი რწმენითა და სასოებითა მოლტოლვილთა, და ერთითა გულითა და ერთითა პირითა მღაღადებელთა: დაგვიფარე ჩუნ დედოფალო ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა.

დიდებაი...

ჰოი, გამოუთქუმელსა სახიერებასა, დედოფალო, რამეთუ ვედრებითა შენითა მწრაფლ განაქარვებ ჩვენზედა სამართლად მოწევნადსა რისხვასა და წმიდისა ხატისა ამის შენისა მიერ მარადის ჰკურნებ ყოველთა სულიერთა და ხორციელთა სნეულებათა.

აწდა...

გიხაროდენ, ყოვლისა ქვეყნისა სიხარულისა აღმომაცენებელო, უბიწოო დედაო ღმრთისაო, რამეთუ შესწირავ ღმერთსა ჩუენთვის გულმოდგინე ლოცვასა შენსა და ყოველთა ჭირთა და ურვათაგან გვიხსნი და აღასრულებ კეთილთა თხოვათა ჩვენთა.

- „აწ განუტევე“.

- შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი ხმა 4

ვდღესასწაულობთ დღეს მორწმუნენი და ვიხარებთ სულითა, მადიდებელნი მხურვალისა შუამდგომელისა ქრისტიანეთა მოდგმისასა, და წმიდისა ხატისა მისისა მიმართ მილტოლვილნი ვუღაღადებთ: ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედოფალო ღმრთისმშობელო, მოგუმადლე სიხარული მოულოდებელი ცოდვათა და ურვათა შინა შთავრდომილთა, ევედრე ძესა შენსა, რაითა განმარინოს ჩუენ ყოვლისა ბოროტისაგან და აცხოვნოს სულნი ჩუენნი. ( 3- გზის).

- პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკარი.

ღმერთი უფალსა ზედა

ტროპარი დღესასწაულისა 2-გზის, დიდება აწდა და ტროპარი (იგივე)

შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა, ხმაი 1

ყოვლადბრწყინვალისა ხატისა შენისა საკვირველებანი მოულოდებელსა სიხარულსა მიჰფენს ყოველთა მორწმუნეთა, და მოსავთა მისთა მიანიჭებს მცველსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მხსნელსა, ამისთვისა გიგალობთ შენ, ყოვლადწმიდაო, მარადის დაგვიფარე ჩუენ საფარველითა შენითა.

დიდებაი... აწდა...

ყოველთა წმიდისა სახელისა შენისა მომწოდებელთა შემწეო და მართლისა გზასა ზედა ცოდვილთა მომაქცეველო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო., მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.

შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომაი, ხმაი 3

ნუ განმაგდებ ჩუენ მდაბალთა მონათა შენთა, მომძღუნელთა უღირსთა ვედრებათა ყოვლადწმიდისა ხატისა მომართ შენისა, რაითა განლტოლვილნი უგზოისაგან ცთომისა წარგვიძღუე საუკუნოსა საყოფელსა.

დიდებაი... აწდა...

განსცხრებიან დღეს მორწმუნენი, და შესთხზვენ გალობათა მრავალთა, სიყუარულითა პატივისმცემელნი წმიდისა ამის ხატისა შენისანი, რომელი ცისკრითა ღმრთისმცნობელობისაითა განანათლებს კეთილმსახურებითა მგალობელთა თვისთა.

წინეთ სადიდებელისა, წარდგომაი, ხმაი 8

დიდებულებანი შენნი ვინ-მე მოუთხრნეს, ღმრთისმშობელო, რამეთუ სასწაულითა მით ხატისა შენისაისა განაკვირვენ ყოველნი მართლმადიდებელნი, მოალბე რაი გული ბოროტისა კაცისაი, ხოლო ჩუენ განათლებულნი წყალობისა შენისა შარავანდედითა, გიგალობთ შენ, ვითარცა შუამდგომელსა ცხორებისა ჩუენისასა.

დიდებაი... აწდა...

ყოვლად წმიდაო სძალო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაი და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაი და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაი, რაითა ჯეროვნად გიგალობდე შენ, უხრწნელო.

სადიდებელი

გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთივაღრჩეულო ყრმააო, და პატივს ვსცემთ წმიდასა ხატსა შენსა, რომლითა კურნებასა უწყაროებ ყოველთა სარწმუნოებითა შენდა მოლტოლვილთა. (3-გზის).

აღსავალი I, 4 ხმისა;

წარდგომაი და სახარება (იძიე 8 სექტემბერს)

შემდგომად 50-ე ფსალმუნისა, გერი სახარებისაი.

საკვრველისა წყალობისა მინიჭებაი კაცისა მიმართ უსჯულოისა გვიქადაგა წმიდამან დიმიტრი როსტოველმან, ვინაიცა მოჰკრებდა რაი დიდთა და ჩინებულთა საქმეთა ღმრთისათა, წერილობითა გადმოსცა შენ მიერ გამოხსნაი კაცისა მის, დასამწყსველად და სასოდ ყოველთა ერთგულთა, რაითა ცოდვათა, მწუხარებათა და ჭირთა შინა მყოფნი მუხლდრეკითა შეუვრდენ ხატსა ამას შენსა, ღმრთისმშობელო, და გევედრებოდენ შეწევნასა წინაშე ღმრთისა.

 

კანონი ღმრთისმშობლისანი, მუხლი 6.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალად მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ნიშნად წინამძღოლობისა შენისა განეცხადე გზასა მას ცოდვისასა მავალსა, და იხსენ რაი წარწყმედისაგან, აწ ჩუენიცა მიიღე, ჰოი, დედოფალო, მდაბალი ესე ვედრებაი, და მომმადლე მე ხსნაი ცოდვათა ჩემთაი.

მადლი საღმრთოი, რომელი გარდამოედინება ხატისაგან შენისა, ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს.

ხორცთა სენისაგან, და სულთა ცოდვისა განჰკურნენ, ღმრთისმშობელო, მოსავნი შენნი და რომელნი შეუვრდებიან ხატსა შენსა, რამეთუ შენ მხოლოი ხარ, დედოფალო, დიდებული ყოველსა შინა ქუეყანასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აჰა, ესერა დიდად შუენიერნი პირნი ხატისა შენისანი განმრავლდა რაი ყოველსა საქრისტიანოსა ზედა, დიდითა პატივითა დააბრძანეს ტაძართა შინა- შემწედ და ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომხსნელად ვნებათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭირთა შინა და განსაცდელთა შეყენებული, მოხედვასა შენსა და ზრუნვასა ღირს-მყავ, ღმრთისმშობელო, ვითარცა სახიერისა ღმრთისა მშობელმან, სახიერმან და მოწყალემან.

 

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თაო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

განამტკიცენ გული ჩემი სასოებად შენდამი, და განაშორენ ყოველი სილაღეი და ამპარტავნებაი დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა, რაითა ვღაღადებდე: უბიწოო, არავინ არს წმიდაი, ვითარ უფალი და არავინ არს მართალ, უფროის ღმრთისა ჩუენისაი.

თავსმდებ ხარ რაი ცოდვილთა გამოხსნისა წინაშე ღმრთისა და აღადგინებ დაცემულთა, და იხსნი მოსავთა შენთა ყოველთა მწუხარებათა და ცოდვათაგან, აწ აღმადგინე მე, უბადრუკი, და განმაშორენ გლახაკი ესე ცოდვითა განხრწნასა.

მჭურეტელნი ხატისა ამის შენისა თვალთა მიერ ხორციელთა, გონებასა და გულსა ზეცად აღვიპყრობთ, და გევედრებით: მოიხილე წყალობითა ჩუენ ზედა, ღმრთისმშობელო, და გვიხსენ სიყმილისაგან, ცეცხლისა, მახვილისა და ჭირთაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ძალითა მით ლოცვისა შენისათა წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა, ვითარცა მხიარულებითა აღავსებდი კაცსა მას ცოდვილსა, ეგრეთვე აწ ჩუენცა გვიხსენ ცოდვათა მახეთაგან და დაშრიტე ალი ვნებათა ჩუენთაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ფიცხელთა სალმობათა, და ვნებათაგან ბოროტთა განვიცდები, შემეწიე შენ, ქალწულო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, რამეთუ საუნჯედ ყოველთა კეთილთა და სენთა აღმხოცველად გიცნობთ შენ კრებულნი მორწმუნეთანი.

წარდგომაი

ხევიდა საშინელსა ხილვასა კაცი იგი უსჯულოი, ოდეს შეუვრდა ხატსა შენსა ლოცვითა, და მადლითა შენითა მიერითგან სათნოდ ღმრთისა შესცვალა რაი ცხორება თვისი, ეგრეთცა ჩუენ, შეგვეწიე, რაითა მხედველნი ესე ღმრთეებრივთა საქმეთა განვეშორნოთ ქუეყნიერსა ამაოებასა და გონებისა და გულისა ზეცად აღმპყრობელნი ქებასა აღუვლენდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოიწია რაი დღეს ბრწყინვალე დღესასწაული, დედოფალო, წმიდისა ხატისა შენისა, ყოვეელთათვის მოულოდებელისა სიხარულისა მომნიჭებელისა, განიხარებენ ყოველნი მართლმადიდებელნი, რამეთუ ყოველნი ჰხედვენ შენსა დედობრივსა მოწყალებასა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, და გევედრებიან ხსნასა ყოველთა ცოდვათა, განსაცდელთა და ძვირთაგან.

 

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვისცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთ-მოყუარე.

ჰოი, დედათა შორის კურთხეულო, ღმრთისმშობელო მარიამ, ვითარცა ძუელად აჩუენე საკვირველი მფარველობაი კაცსა მას ცოდვილსა, და არცხვინე ეშმაკსა, ეგრეთვე აწ ჩუენცა ნუ დაგვივიწყებ, სახიერო დედოფალო, და ყოველნი მოლტოლვილნი ხატისა მიმართ შენისა, გვიხსენ ყოვლისაგან მოწევნადისა საცთურისა.

ხედვიდენ რაი მფარველნი ანგელოსნი ქრისტეანეთანი, თუ ვითარ შეეწიე კაცსა მას წარწყმედად გულვებადსა ლოცვითა და წარუმართე გზასა მას ქრისტეს მცნებათასა, იხარებდენ და გნატრიდენ, ვითარცა უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა.

ვითარცა ძუელ ოდესმე მრავალნი განშუენდებოდენ მადლითა მით ხატისა შენისაითა, ეგრეთცა უფროის მზისა ნათლისა განბრწყინდების ერი ჩუენი მადლითა შენითა, რამეთუ საკვირველნი ესე პირნი მისნი იქმნებიან, ვითარცა წყარონი უკუდავებისანი სნეულთა და უძლურთათვის და ყოველთათვის მომნიჭებელნი დიდთა წყალობათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გულისხმავყოფთ რაი სიწმიდესა და დიდებულებასა ხატისა ამის შენისასა, გევედრებით: აწ მოიხილე, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტეისო, შენმიერ გამორჩეულსა ერსა ზედა და სათნო იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა სულითა სიბრძნისაითა, ურთიერთ სიყუარულისაითა და საღმრთოითა გულისხმისყოფისაითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ ხარ სიმტკიცეი და ძალი ჩემი, ღმრთისმშობელო, რამეთუ დღესა მწუხარებისა ჩემისასა შენ მიერ განვისუენო და შენ მიერვე აღვმაღლდე ზეციერსა სამკვიდროსა სოფლისაგან ამისა და ვიხარებდე მეუფისა და ღმრთისა, მხსნელისა ჩემისა თანა.

 

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რაისათვის განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

იხილე, წმიდაო, ღამითგან აღმსთობილი ერი შენი სამწყსოისა შენისა, რომელი გარემოადგების კეთისახელოვანსა ხატსა შენსა - „მოულოდებელისა სიხარულისა მომნიჭებელსა“, და ითხოვს ცოდვათა შენდობასა და საღმრთოისა დიდებისა ზიარებასა.

საგალობელთა მიერ სულიერთა ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვჰსცემთ, და შევთხოვთ შენდობასა და ხსნასა სულთა ჩუენთასა, ხოლო შენ, დედოფალო, სძალო უსძლოო, ვითარცა მკურნალმან ჩუენმან ყოველი ესე მოგუანიჭე.

გამოგვიჩნდა რაი სასწაულთმოქმედი ხატი შენი, დედოფალო, ვითარცა განმარინებელი ცოდვისაგან და უსჯულოებისა, აწ ჩუენცა ვიხარებთ და გევედრებით: მოგუმადლე მადლი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ნუ განგუაგდებ პირისაგან შენისა, დედაო დაუვალისა ნათლისაო, რამეთუ გვივი შენ ვითარცა მეოხი მხურვალეი, და შესავრდომელი დიდი, და მფარველი მტკიცე და თანამბრძოლი და ზედამხედველი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მდინარედ სიტკბოებისად, სავსებად ნაკადისად, ზეცისა მანანად, უხუებად და მადლად მარადის აღმომცენარედ მოგიგებთ, ყრმააო, მკვიდრნი სავანისა ამისანი და ვუგალობთ შობასა შენსა.

 

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო.

მსწრაფლ გუეწიე, წმიდაო მშობელო გამოუთქუმელო ძისა ღმრთისაო, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ ივერიაი და ერი ივერიისაი, რომელ გამოირჩიე, და ეშმაკთა მონებისა და კერპთ-მსახურებისაგან გამოიხსენ.

უფსკრულმან უღირსთა შეცოდებათამან გარემომიცვა მე, და დაინთქუმის სული ჩემი, გარნა მომეც, დედოფალო, ძლიერი მკლავი შენი, და ვითარცა კაცი იგი ცოდვილი, ეგრეთვე მეცა მოლტოლვილი ხატისა მიმართ შენისა, უვნებელად დამიცევ.

განსაცდელთა კვეთებასა იოტებ, და ვნებათა ზედა მოსლვასა დახსნი, ყოვლადწმიდაო დედაო ჩუენო ღმრთისმშობელო, სასოო განწირულთაო და ცოდვილთა მოულოდებელო სიხარულო, რაითა გიგალობდეთ: „დიდებაი შეწევნასა შენსა, ღმრთისა დედაო“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ნუ მიტევებ მე შთაფლვად უფსკრულსა უსჯულოებისასა, დედოფალო, არამედ აღმომიყუანე მე მწვირისაგან ვნებათაისა, რაითა განეშოროს ხრწნასა ცხორებაი ჩემი, და შევსწირვიდე შენდა სამადლობელსა გალობასა .

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მქონებელი შეგინებულისა ამის ხორციელისა ტაძრისა, კადნიერად მოვივლტი ყოვლად განწმედილისა საუკუნოისა სიტყვისა ტაძრისად, წინაშე წმიდისა ხატისა შენისა შეწირვად მდაბალთა ვედრებათა ჩემთა, გარნა შენ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მე კეთილმოწყალებითა შენითა.

 

კონდაკი. ხმა 6

არა გვივის სხუაი შეწევნაი, არა გვივის სხუაი სასოებაი, თვინიერ შენსა, ღმრთისმშობელო, შეგვეწიე ჩუენ, დედოფალო, რამეთუ შენდამო ვსასოებთ და შენ მიერ ვიქადით, მონანი შენნი ვართ და ნუსადა გვრცხვენნა.

სხუაი კონდაკი. ხმა 8

ძისა შენისა განგებულებისაებრ იღუწვი რაი ქრისტიანეთათვის, მიძინებასა შენსა აღმაღლდი ზეცად უწმიდესითა ხორცითა შენითა, გარნა არა განეშორე ქუეყანასა და არცაღა დაუტევებ ცოდვილთა, არამედ სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა მიერ იხსნი წარწყმდისაგან და მიანიჭებ სიხარულსა მოულოდებელსა.

იკოსი. ხმა 8

ნუ მიმანდობ კაცობრივსა შუამდგომელობასა, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, არამედ შეიწირე ვედრებაი მონისა შენისაი: რამეთუ გარე-შეცვულ ვარ ურვათა მიერ და ვერა დავითმენ ისართა ეშმაკთასა, არა მაქუს საფარველი მისავლტოლელად, საწყალობელსა ამას და მარადის ძლეულსა, და არცა ნუგეშინის-ცემაი, თვინიერ შენსა, დედოფალო სოფლისაო, მხოლოო სასოებაო და შუამდგომელო მორწმუნეთაო, ნუ უგულებელს-ჰყოფ ლოცვასა ჩემსა, არამედ წყალობითა მოხედე და აღმისრულე კეთილად.

 

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

ყოვლად წმიდაი ხატი შენი „მოულოდებელი სიხარული“ საკურნებელ არს მორწმუნეთა, და ჩუენცა კრძალვითა თაყუანის-ვჰსცემთ, უბიწოო, და განვთავისუფლდებით უძლურებათაგან.

ვსცოდეთ წინაშე ღმრთისა და უსჯულოებისა თანაზიარ ვიქმნენით, გარნა დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო, ვითარცა სახიერმან დედამან და მფარველმან ჩუენმან, დაშრიტე ცეცხლი საღმრთოისა რისხვისა.

საღმრთოთა გალობათა მიერ, ქალწულო ღმრთისმშობელო, ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენდობასა და ხსნასა სულთა ჩუენთასა, ვითარცა თავს-მდებსა ხსნისა ჩუენისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მადლი იგი საღმრთოი, რომელი გამოვალს ხატისაგან შენისა, ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სნეული მდებარე ვარ ცხედარსა ზედა სალმობათასა, და არა არს კურნებაი ხორცთა და ძუალთა ჩემთა, ქალწულო, რომელმან შევ მკურნალი სენთაი, აღმადგინე ხრწნილებისაგან.

 

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანამზრახუალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

გიგალობს შენ ანგელოზთა დასი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, და აღგამაღლებს რაი ნათესავი კაცთაი, აწ ჩუენცა სარწმუნოებაი გუაქუს შეუორგულებელ შენდა მომართ, და გევედრებით: დაიცევ ერი ჩუენი, რაითა არა იხარონ ურიცხუთა მტერთა ჩუენთა.

გიღაღადებთ შენ, დედოფალო, ჰოი, ტკბილო დედაო მეუფისა ქრისტეისო, მფარველ ექმენ ქუეყანასა ჩუენსა, სიხარულად ყოველთა ქრისტეანეთა და თავსმდებ საუკუნოისა ცხორებისა.

გიგალობენ მონაზონნი და საერონიცა, უბიწოო, და გაკურთხევენ, ვითარცა სახიერსა დედოფალსა, რომელი მდინარესა საკვირველებათასა აღმოაცენებ მადლითა საკვირველთმოქმედისა ამის ხატისა შენისაისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ყოველსა ქუეყანასა განჰფენს რაი დაულევნელთა მადლთა ხატი შენი, უბიწოო, სურვილითა, კეთილმოშიშებითა და სიყუარულითა ამბორს-უყოფთ და გევედრებით: დედოფალო, მოგვეც მშვიდობაი და დაწყნარებაი ყოველთა მართლმადიდებელთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა არს საზომი სივრცისაი, სიღრმისაი ანუ სიმაღლისაი, სადაცა არა მისწუთეს ძლიერი შეწევნაი მარჯუენისა შენისაი, ღმრთისა დედაო, რომლისა მოსავნი ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამაღლებენ ძესა შენსა უკუნისამდე.

 

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოი შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

რომელმან მოხედვაი ყო ჩუენ მდაბალთა ზედა ყოვლადწმიდამან ღმრთისმშობელმან, და გვიჩვენა უფსკრული წყალობისაი გამოცხადებითა საკვირველისა ხატისა თვისისაითა, აწ შუენიერად შეამკობს ქრისტეს ეკლესიასა, ვითარცა სძალი, და მოუწოდს ყოველთა დღესასწაულობად სულიერად.

ყოვლად წმიდაი ხატი შენი ეშმაკთა იოტებს, რამეთუ ვერშემძლებელნი მოხილვად ძლიერებისა მისისა, განივლტიან და დაინთქუმიან, ხოლო ჩუენ სიყუარულითა თაყუანისვსცემთ და ამბორსუყოფთ მას და შენ ღმრთისმშობელსა დაუცხრომელად გადიდებთ.

მოვედით ყოველნი, თაყუანის-ვჰსცეთ, და შეუვრდეთ წმიდასა ხატსა ქრისტეს დედისასა, რომლისა მიერ მრავალნი ნიშნი და სასწაულნი ვიხილნეთ მორწმუნეთა და ყოველნი თაყვანისმცემელნი მისნი მოვიღებთ მის მიერ მადლსა აღურაცხელსა, კურთხევასა და დიდსა წყალობასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვერ შემძლებელ არს ღირსად გალობად ენაი კაცობრივი და ანგელოზთაცა, რამეთუ შენ ხარ ყოვლისა დაბადებულისა უპატიოსნესი და ყოვლისა არსთა ქუეყანისათა უდიდებულესი, არამედ, ჰოი, დედოფალო, მიითუალე ჩუენ მიერი ესე ვედრებაი და გვიხსენ ჩუენ მარადის, რამეთუ სასოებაი ჩუენი შენ ზედა დაგვიძს.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აწ დააყუდე, ყოვლადწმიდაო, უბიწოო ქალწულო, ზედა დასხმაი უკეთურთაი და განზრახუანი მათნი დახსენ, ხოლო მართლაღმსაარებელთა ერთა შორის მშვიდობაი და სიყუარული განაჩინე, რაითა შენზედა სასოებისა დამდებელთა არა გვრცხვენოდეს უკუნისამდე.

 

განმანათლებელი

მოგვიხილა ჩუენ მაღალმან მან აღმოსავალმან და ვითარცა ცისკარი ყოვლადბრწყინვალეი, მოგუმადლა ყოვლადწმიდაი დედაი თვისი, და ცოდვილთა შუამდგომელ ექმნები, ღმრთისმშობელო, და ურვათა შინა ყოველთა მოგვანიჭებ მოულოდებელსა სახარულსა.

აქებდითსა ზედა დასდებელნი. ხმა 4

ჰოი, ყოვლადდიდებული საკვირველი, რამეთუ გენება რაი კაცისა მის გამოხსნაი უსჯულოისა მის ცხორებითგან, საშინელი ხილვაი უჩუენე მას პატიოსნისა ხატისა შენისაგან, კურთხეულო, რაითა შეენანა და ცოდვის სიღრმიდან შენისა წყალობისა განგებულებითა აღმდგარი მარადის გმადლობდა და ადიდებდა უფალსა.

ჰოი, შენსა, დედოფალო, ჩუენთვის განგებულებასა, რამეთუ მოწყალებითა მოგუმადლებ რაი კურთხეულსა ხატსა შენსა, ვითარცა მცველსა მიურულებელსა, აწ შესცვალე სიხარულად ყოველი მწუხარებაი ჩვენი და გვიხსენ ზედამოსლვათაგან ყოველთა მტერთა და ორგულთასა.

ვუგალობთ რა გამოუთქმელსა დედობრივსა მოწყალებასა შენსა კაცისა მიმართ ცოდვილისა, გაქებთ შენ მორწმუნენი, ვითარცა ცოდვილთათვის მტკიცესა შუამდგომელსა, და გევედრებით: საცთურებასა და ჭირთა სახუმილსა შინა, ჩუენცა, ღმრთისა დედაო, გუასხურე ცუარი მადლისა შენისაი.

თქმულნი შენნი, რომელ აღმოთქუ, უხრწნელო, წილხვედრებულთა შენთათვის, აღასრულე, ვითარცა მოწყალემან, და ევედრე ძესა შენსა და შემოქმედსა ჩუენსა, რაითა განგვარინოს ყოველთა მტერთა და მოშურნეთაგან, და დაამშვიდოს ცხორებაი ჩვენი.

აწ კუალად მოჰფინე ნათესავსა ჩუენსა მოწყალებანი შენნი, დედოფალო, და გვექმენ დედად ჩუენდა, რაითა სირცხვილეულ იქმნენ მტერნი ჩუენნი და გულისხმაჰყონ ყოველთა, რამეთუ ნაწილ შენდა ვართ ჩუენ ნათესავი ქართველთაი.

ჰოი, ყოვლადწმიდაო, მოწყალეო, ქრისტეანეთა შემწეო, გამოგვითხოვე მოწყალებაი ძისა და ღმრთისა შენისაგან, რაითა არა წარვწყმდეთ უწყალოდ, და უნანელად, არამედ მარადის საფარველსა ქუეშე შენსა სიხარულითა გმადლობდეთ და მარადის ვადიდებდეთ მაცხოვარსა ჩუენსა ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰოი, კურთხეულო დედაო და ქალწულო, სიყვარულითა შეუვრდებით ხატსა შენსა, რომლისაცა წინაშე აღასრულებდა ლოცვასა კაცი იგი უსჯულოი გულსმოდგინედ, და შენცა მსწრაფლ აღასრულე რაი სასწაული იგი საკვირველი და ევედრე მისთვის ძესა შენსა, მსწრაფლ ისმინა მან ვედრებაი შენი, და მიუტევნა ცოდვანი სინანულითა აღძრულსა, ამისთვის ჩუენცა გევედრებით, ვითარცა მეოხსა დიდსა, რაითა მოგვიტევნეს ცოდვანი ჩუენნი ქრისტემან, ვითარცა კაცთმოყუარემან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებაი მაღალი გრძლად და განტევებაი.

ლიტურღიასა ზედა: იძიე 8 (21) სექტემბერს

შეადგინა: მედავითნე თინათინ მჭედლიშვილმა

 

საცხოვნებლად მახლობელთა ჩემთა: მედავითნე თამარი; მიხეილი ქეთევანი; შალვა; ნატალია; ალექსი; ნუცა-ნინო; ზალიკო; გიორგი; დავითი; ირინა; მარინა; დავითი.

საჯანმრთელოდ; თინათინი ზურაბი; ნონა; დავითი; არჩილი; მარინა; იროდი; ნათია; ნანა; მაია; მზია; ლია - ოჯახებით