გაჭირვებაში შეიცნობა ადამიანი

გვესაუბრება ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი

ბევრი რამით ჩამოჰგავს იგი ძველ მამებს... ყველაზე მეტად კი, სულის ნათებით... ლბილი, კეთილი, მდუმარებისაკენ მიდრეკილი... და მკაცრიც, შეუვალიც... კლდედ ვიდგეთო, წერია ერთ ლოცვაში. კლდედაც იდგა აფხაზეთში... სალოცავი ხატებით, ჯვრებით... და ქვეყანას ხალხს შებოქმედს ავედრებდა, შესთხოვდა გადარჩენას. შემდეგ კი, - ლტოლვილებთან ერთად ფეხით გადავლო სვანეთის უღელტეხილები. ბოლომდე მასთან იყვნენ სამღვდელონი და ბერ-მონაზონნი, მორწმუნენი. არც ისე დიდი ხანია, იგი ამ ეპარქიის მმართველია... მიტროპოლიტ დავითის აღსრულების შემდეგ ჯერ დროებით, შემდეგ კი სრული უფლებამოსილებით, მისმა უწმიდესობამ აფხაზეთის მღვდილმთავრად დაადგინა... უმძიმეს ჟამს, ცხელი ომის დღეებში ჩავიდა სოხუმში... „როგორი იყო ამ ომის შეგრძნება, საერთოდ, ის დღეები“, ასეთი კითხვით დაიწყო ჩვენი საუბარი...

მეუფე დანიელი: ჩემი დანიშვნა აფხაზეთის ეპარქიაში, როგორც თავად იცით, დაემთხვა პერიოდს, როდესაც ომი უკვე რამდენიმე თვის დაწყებული იყო. ამ ეპარქიაში მსახურება ყოველთვის განსაკუთრებით პასუხსაგები იყო: ძალიან ჭრელი მოსახლეობაა. რა ერის წარმომადგენელს არ ნახავთ აქ... არამცთუ ამ უმძიმეს ჟამს, საერთოდაც. ამ ადამიანებს შორის მუდამ მშვიდობიანი თანაარსებობის შექმნა იყო საჭირო... ეს მით უმეტეს საშური იყო ახლა. ხოლო, ამ საქმეში, ყველაზე დიდი როლი უნდა შეესრულებინა ეკლესიას. მისთვის ყველანი ერთი ოჯახის, მართლმადიდებლობის შვილები იყვნენ. ომი თანდათან მძიმდებოდა და ხალხის გათიშულობამაც კულმინაციას მიაღწია. ყველაზე უფრო გამწვავებულ სტადიაში მიწევდა მე ამ პრობლემასთან შეხება და ზრუნვა. ამასთან ერთად, ამ ურთულეს და მოულოდნელობებით აღსავსე ვითარებაში უნდა გამეცნო ჩემი ახალი ეპარქიის სამღვდელოება და მისი მრევლი. თითქმის თავიდან უნდა დაწყებულიყო საეკლესიო ცხოვრება. იგი საჭიროებდა შესწავლას, გააზრებას. მისმა უწმიდესობამ შექმნილ ვითარებაში სწორი მიმართულების, უმძიმესი ტვირთის დათმენისა და ატანისათვის, შექმნა სასულიერო პირთა დიდი ჯგუფი, რომელიც ჩემთან ერთად გაემგზავრა სოხუმში. ამ ჯგუფში იყო ორი მღვდელმთავარი: ეპისკოპოსი იობი ბათუმიდან და ბოდბელი ეპისკოპოსი დავითი; იყვნენ სასულიერო პირნი, სამღვდელონი, ბერები, მონაზვნები და ეკლესიის მორჩილები. მათი დახმარებით, პირველი დღეების სიმძიმე ჩემთვის ადვილი გადასატანი შეიქნა. თავიდანვე შევეცადეთ ყურადღება მიგვექცია უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ქალაქის მოსახლეობისათვის, და ვცდილობდით, დაძაბულობისაგან გამოგვეყვანა ისინი. ქალაქში არ იყო განათება, დარღვეული იყო ყველაფერი. ხშირად არ იყო წყალი, არ ცხვებოდა პური, რაც ყველაზე მძიმე იყო... ყოველ წამს ცვიოდა ბომბები. იყო მსხვერპლი, დაჭრილები. ჩვენ ქალაქის ცენტრალურ უბნებში ვაწყობდით მსვლელობებს ხატებითა და ჯვრებით, გალობით, კმევითა ღა ნაკურთხი წყლის სხურებით, ეს მსვლელობა ადამიანებს უმტკიცებდა ღვთისადმი რწმენას და უმძიმეს წუთებში სულიერი ძალების მოკრეფისა და ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა. მიუხედავად შექმნილი მრავალი დაბრკოლებისა, ჩემი მიზანი სწრაფად სრულდებოდა. ერთის მხრივ, ამ უბედურებამ ყველა ერის ხალხი გააერთიანა ეკლესიის გარშემო... უფრო მჭიდრო გახდა ეკლესიის მსახურთა ურთიერთობა მოსახლეობასთან, და მეორეს მხრივ, ასევე სწრაფად მოხდა სამღვდელოებისა და მრევლის გაცნობა. ეს ასეა, გაჭირვებაში შეიცნობა ადამიანი. ბევრი დრო არ დაგვჭირვებია. ამ ომმა დააჩქარა ჩვენი ურთიეროდაახლოება. ეკლესია ეს არის ხსნის სამსახური და ეს ყველაზე მეტად მაშინ ჩანს, როცა ადამიანი დაღუპვისა და განადგურების წინაშე დგას. ეკლესია ხელს უწყობს სიყვარულის ზრდას და ეკლესიის მსახურთა ურთიერთ ზრუნვას. ასე იყო მუდამ და ეს ბოლომდე გაგრძელდა.

კითხვა: მაგრამ თქვენ ალბათ, მარტონი მაინც არ იყავით...

მეუფე დანიელი: არა, რა თქმა უნდა. ჩვენ მჭიდრო კავშირი გვქონდა აფხაზეთის მთავრობასთან. მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა, ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ ჩვენთვის... იმ დონეზე, რომ რამდენიმე საგანგებო შეკრება სახელმწიფო აპარატში მიეძღვნა ეკლესიაში ახალ ღონისძიებათა ჩატარებას.

კითხვა: რა იგულისხმება ახალ ღონისძიებებში...

მეუფე დანიელი: მაგალითად, სოხუმში ახალი ტაძრის აშენება... სასულიერო სასწავლებლებისათვის მთელი კორპუსის გადაცემა, სოფლებში მიწების გამოყოფა და სხვა... მართალია, მოვლენების განვითარებამ ბევრი რამ შეცვალა და დღეს, ცხადია, ეს ყოველივე მტკივნეულად აღიქმება, მაგრამ მაშინ ეს იყო იმედი... ამ იმედით ვსუნთქავთ დღესაც. გვწამს, ბოლოს და ბოლოს, სიკეთე გაიმარჯვებს და ჩვენი გეგმებიც განხორციელდება.

განსაკუთრებით დაუვიწყარია ჩემთვის, ბატონი ჟიული-დავით შარტავას ყურადღებიანი და ღრმად სულიერი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებისა და ეკლესიის ცხოვრებისადმი. იგი ხშირად მოდიოდა საეპარქიო სახლში და ცდილობდა გაეკეთებია ყველაფერი, რაც შეეძლო. როგორც მოგახსენეთ, მართალია, მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა, მაგრამ სარწმუნოების გრძნობა ხალხში კიდევ უფრო გაძლიერდა. მოხდა ეკლესიისა და მოსახლეობის დაახლოება და ამან შეაძლებინა ხალხს გადაეტანა ეს უმძიმესი დანაკარგები. ჩვენ, რასაკვირველია, სოხუმის აღების შემდეგ მოვალენი ვიყავით, დევნილებაში მყოფ მრევლს არ მოვშორებოდით. და დღესაც, როცა აფხაზეთის მოსახლეობა მთელ საქართველოშია ჩავანებული, ჩვენი სამღვდელოების წარმომადგენლები ცდილობენ მოინახულონ ისინი, მიაწვდინონ მათ შესაძლო დახმარება... ან კიდევ, სულიერი საზრდო - ხატები, ეპისტოლეები, ლოცვანები, საეკლესიო წიგნები. მრევლის მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისში აგრძელებს ეკლესიის მსახურებთან ურთიერთობას. უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, აფხაზეთის ეპარქიას დროებით რეზიდენციად გამოეყო მარტყოფის მონასტერი, იქ ამჟამად სოხუმის მამათა მონასტრის წევრები ცხოვრობენ... ხოლო ბოდბის დედათა მონასტერში იმყოფებიან სოხუმის დედები.

კითხვა: მრევლთან ურთიერთობაც, ალბათ, ისევე გრძელდება...

მეუფე დანიელი: რასაკვირველია. აფხაზეთის ეპარქიის მრევლი ცდილობს, მიუხედავად ლტოლვილობისა, არ შეწყვიტოს შემოქმედებითი მოღვაწეობა, ცხოვრება. მწერლები და პოეტები ქმნიან ახალ ნაწარმოებებს, ბეჭდავენ წიგნებს... ფუნქციონირებს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, თეატრი, მუშაობენ მხატვრები. მათ რამდენიმე გამოფენა მოაწყვეს. იმართება დაღუპული მეომრებისადმი მიძღვნილი მოსაგონარი საღამოები. მუშაობს აფხაზეთის ტელევიზია, რადიო... შემოქმედებითი ინტელიგენცია ინტენსიურ კავშირშია ჩვენს სამღვდელოებასთან. არის რამდენიმე ასეთი შემთხვევაც: მამათა და დედათა მონასტრებს ლტოლვილობაში მყოფთაგან ახალი წევრები შეემატა. ამით იმის თქმა მსურს, რომ ქრისტიანული ცხოვრება გაჭირვებაში ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი ეპარქიისათვის. ამან კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს და აღადგინა ის, რაც ბოლო საუკუნის ათეისტურმა პროპაგანდამ წაართვა ხალხს.

ჩვენ გვყავს იმედით, ქრისტესმიერი სიყვარულით გაერთიანებული სამწყსო, რომელიც შეძლებს გაუძლოს განსაცდელს, დაუბრუნდეს თავის საცხოვრებელ ადგილებს და აღადგინოს აფხაზეთის მიწა-წყალზე ჭეშმარიტი ქრისტესმიერი სიყვარულის, მეგობრობისა და მშვიდობის თანაარსი სულისკვეთება.

კითხვა: მინდა გკითხოთ... შეგიძლიათ თუ არა იმ შეგრძნებების გადმოცემა, რაც ლტოლვილობაში, სვანეთის თოვლიან უღელტეხილზე განიცადეთ...

მეუფე დანიელი: ეს იყო საშინელება. სასჯელი. იმ უმძიმესი განსაცდელის ჟამს ჩვენი მიზანი იყო, შეგვენარჩუნებია შინაგანი სიმშვიდე; არ მივცემოდით სასოწარკვეთას. ჩვენ გვინდოდა გაგვემხნევებია ადამიანები; გვეგრძნობინებია მათთვის, რომ შიში აკნინებს კაცს, ძარცვავს. ფიზიკური დანაკარგის ფონზე უნდა გადაგვერჩინა სულიერი სახე, ღირსეულად აეტანა ხალხს ეს განსაცდელი. ყოველივე ამას, მე ვფიქრობ, უსათუოდ უწყობდა ხელს სასულიერო პირთა იმ გარემოში ყოფნა... მათი ხმის გაგონება, შესამოსელი... ეს ყოველივე ადამიანებში სინდისის ხმას აღვიძებდა.

კითხვა: არსებობს ერთი ასეთი კინოკადრი, თქვენ ტანკში ზიხართ... ჩაჩქანით...

მეუფე დანიელი: დიახ. ომის დროს, რასაკვირველია, ვცდილობდით, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მეომრები გვენახა. უჭირდათ მათ. ყველაფერი აკლდათ, აბსოლუტურად ყველაფერი. საჭიროებდნენ გამხნევებას და, ჩვენ გავდიოდით საომარ პოზიციებზე. ერთი ასეთი გასვლა იყო აღდგომა დღეს და სწორედ ერთ-ერთ ნაწილში, გუმისთასთან მივედით „ბტრ“-ით. ეს იყო წინა ხაზი და მომთხოვეს, ჩაჩქანი დამეხურა.

კითხვა: ავტომატი გჭერიათ?

მეუფე დანიელი: არა. არასოდეს...

კითხვა: საჭირო რომ იყოს, აიღებდით ავტომატს?

მეუფე დანიელი: მაღლობა ღმერთს, არა მაქვს ასეთი სურვილი, მაგრამ თუ ამას საჭიროება მოითხოვს... ღვთის ნება იქნება და ეკლესია აკურთხებს, ვფიქრობ, რომ მე ჩვენი წინაპრების მაგალითს მივბაძავ...

კითხვა: როგორ ფიქრობთ, ომი ყოველთვის მიუღებელია?

მეუფე დანიელი: საერთოდ, კი. ომი საშინელებაა, მაგრამ არსებობს სამართლიანი ომი. ეს არის დაცვა სიწმიდეების, ერის ღირსების, მოსახლეობის... ეს წმიდათაწმიდა ვალია.

კითხვა: ამ შემთხვევაში...

მეუფე დანიელი: ამ შემთხვევაში... ეს ომი ცოტა რთული ფენომენია...ეს იყო ერთი ეკლესიის წევრებს შორის ამტყდარი ხანძარი, რომელიც დაანთო გარეშე მტერმა. ეს იყო ძმათა სისხლის ღვრა. ისინი ერთი მიწის შვილები არიან. ჩვენ ისევე უნდა თანავუგრძნოთ მათ ჭირისუფლებს, როგორც ჩვენსას. აფხაზეთის მოსახლეობა ჩათრეულია ამ ომში. ეს არ იყო მისი ნების გამოვლინება.

ჩემი სოხუმში ყოფნის დროს და ახლაც აქ, ლტოლვილობაში მრევლში ყოველთვის ერია აფხაზი.

როცა ვლაპარაკობთ მათ მიერ ჩადენილ სისასტიკეზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის იმ არაჯანსაღი ნაწილის ქმედება, რომელიც სამწუხაროდ, ასე მტკივნეულად გამოვლინდა ჩვენს შორისაც. ისინი არ უნდა გავაიგივოთ აფხაზ ხალხთან, ისე, როგორც არ უნდა გავაიგივოთ ქართველ ერთან ის სისასტიკენი, რაც საქართველოში ხდება.

ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, №1, 2005 წ.