ღმერთო, შეწევნასა ჩუენსა მოხედენ

განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და
კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი
(ფსალმუნი)

მშფოთვარე დროში ვცხოვრობთ. მძიმეა ჟამი, რომელიც უდგას ჩვენს ერს, ქვეყანას ჩვენსას... მტერთან უთანასწორო ბრძოლაში თავი გასწირეს ქართველმა ახალგაზრდებმა. ძაძით შეიმოსნენ ჩვენი დედები, დები, შვილები...

წმიდა იყო ეს ომი... წმიდა და, მაინც უაზრო, ძმათა მკვლელი. დიდი იყო მსხვერპლი.

ღალატით დაეცა ქართული ქალაქი სოხუმი. ღალატით, საკუთარ სამშობლოში ლტოლვილებად იქცნენ მშვიდობიანი ადამიანები. შემზარავ კადრებს ვუყურებდით ყოველდღიურად. სვანეთის უღელტეხილზე თოვლსა და ყინვაში მიიკვლევდნენ ისინი გზას. ბევრმა ვერ გაუძლო. დაიხოცნენ ბავშვები, ქალები, მოხუცები. ძნელია გაცნობიერება ამ დიდი ტრაგიზმის.

ჩვენი ჭაბუკებისა და მამების სულები, რომელთაც დასდეს თავი სამშობლოსათვის, უკვე შეუერთდა წინაპართ სულებს.

ღმერთო, სულთაო და ყოველთა ხორციელთაო,
რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე,
და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე,
შენ, უფალო, განუსვენე სულთა მონათა და
მხევალთა ამათ, ადგილსა ნათლისასა,
ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასუენებელსა...

ისტორიულად ცნობილია, რომ ძველი ერები, როცა იმედი ეწურებოდათ, იწყებდნენ ერთობლივ ლოცვას. ლოცვით ინარჩუნებდნენ არსებობას და დღემდე მოაღწიეს. ეს იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმაც. დიდი თამარი ფეხშიშველი მიდიოდა ტაძარში და ისე ლოცულობდა დიდი ომების ჟამს. ვილოცოთ ჩვენც. ომი ჯერ არ დამთავრებულა.

ჩვენ დედამიწის უძველესი ხალხი ვართ. კაცობრიობის აკვანთან იდგა ჩვენი წინაპარი. ჩვენ იმ ტვირთის ზიდვაც გვევალება, ერის წიაღში რომაა ჩამალული.

თვალშეუდგამია საქართველოს ეკლესია. საუფლისწულოა მისი მიწა. „ამოვდიოდით ქართველები ამ მიწიდან და ჩავდიოდით ამ მიწაში. სისხლიც იქცეოდა შიგ, სიცოცხლის ხეც ხარობდა ზედ“. იყო უღმერთობაც და იყო რწმენაც. და მაინც, და მაინც, ჩვენ მივყვებით ჩვენი წინაპრების გზას, მისი სულის ძახილს, მივყვებით ქრისტეს...

ჩვენი გზა ჯვარცმისა და აღდგომის გზაა. გვწამს ეს. ჯვარცმის სახეში ჩვენ დღევანდელი საქართველოს სინამდვილეს ვხედავთ.

„მოვედინ ჩემდა ტვირთმძიმენი და დამაშვრალნი და მე განგისუენო თქუენ“, - ბრძანებს უფალი. ხოლო, უფალთან მისვლა ისევ ერთმანეთთან მისვლაა.

ერთ ლოცვაში ნათქვამია:

„უფალო, შეიწყალენ...
უარისმყოფელნი მართლმადიდებელთა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტბისა გზათა შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი, ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა...“

წვალებათაგან დაბნეულია ჩვენი ერი... დაღლილი, უზომოდ დაზარალებული, მთლიანად მსხვრევამდე მისული გამოვიდა ამ უმძიმესი ომიდან საქართველო და მისი ეკლესია. მთელი ხნის, ყველაზე მეტად კი, ბოლო სამოცდაჩვიდმეტი წლის მანძილზე ტანჯვით ეძებდა იგი გზებს მართლმადიდებლური რწმენის შესანარჩუნებლად. მძიმე იყო ეს წლები, მაგრამ მადლობა უფალს, მას გაუძლო ქართველმა ერმაც და საქართველოს ეკლესიამაც.

 

x x x

სოხუმის დანგრეულ ქუჩებში ხალხი აღარ ჩანს... მოდიან მხოლოდ სამღვდელონი... მოდიან ჯვრებით, ხატებით... გალობენ, აღავლენენ ლოცვას და ქვეყნის შემოქმედს პატარა საქრისტიანო მიწის გადარჩენას შესთხოვენ... ასე ვხედავ მე ამ ომს, მის ერთ სურათს...

ჩემს ხელთაა უამრავი მასალა, გოგონები და ყმაწვილი კაცები მონაზვნებად რომ აღიკვეცნენ იქ, სოხუმში... აღიკვეცნენ ომის დღეებში. ეს იყო მათი ლოცვა სამშობლოსათვის. შემდეგ კი, უმწვავეს ჟამს (უარესი ჩვენს თაობას რომ არასოდეს უნახავს), ლტოლვილებთან ერთად გადმოიარეს სვანეთის უღელტეხილები. ზოგი მათგანი დაიღუპა კიდეც...

ერთი მამა ანდრია იყო... მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა იგი კომანში... მამა სერგი, დედა მარია, სხვებიც... მონაზვნები და სამღვდელონი მოუღლელად მიდიოდნენ ბრძოლის ხაზზე და აზიარებდნენ მეომარ ბიჭებს.

მოუნათლავი მონათლეთ და ქრისტიანი უზიარებელი არ დატოვოთო, იყო უწმიდესის ლოცვა-კურთხევა.

....დედა თეოდორა, სულ ახალგაზრდა გოგო, მონაზვნად შერაცხილი, ლტოლვილებთან რომ გადმოიარა თოვლიანი აღმართები, ჰყვება... მესტიაში ჩასვლისთანავე საპატრიარქოში დავრეკეო... შორენა გადაირია.... ვერ დაიჯერა, რომ მე ვიყავი... აქ ყველას დაკარგულები ვეგონეთო...

....ერთხვლ მამა პავლესთვის ერთ ბიჭს უამბნია, აღდგომის დილას პოზიციაზე, ტყის პირას ვიჯექი და ტვივილით ვფიქრობდი, ღმერთო, რა იქნება, ერთი წითელი კვერცხი რომ მომცაო და, სულ რამდენიმე წუთში ეკლესიიდან სააღდგომო საჩუქარი მომიტანესო. ამაზე მეტი სიხარულის განცდა არასოდეს მქონიაო, მითხრა მამა პავლემ. ის საჩუქარი მისი ხელით ჩატანილი ყოფილა.

....ერთხელაც, გუჯი წიკლაურის ბატალიონში, ჩვენს მღვდლებს, თვით მეთაურის ნებით, აფხაზი ტყვეებიც კი მოუნათლავთ და უზიარებიათ. ეს საოცრებაა. საოცრება, ქართული ხასიათის გამონათება რომ ჰქვია, სხვაგან რომ ვერ ნახავ.

და ისევ მამა ანდრია... მშვენიერი ოჯახი ანუებისა, ვინც აღადგინა კომანის ეკლესია, ვინც მუდმივად ლოცულობდა იოანე ოქროპირის სარკოფაგთან, წმიდა ვასილისკოს საფლავთან, იოანე ნათლისმცემლის თავის პოვნის ადგილზე (ეს ყოველივე კომანშია), ვისი ოჯახის უფროსი იური ანუა აფხაზმა მკვლელებმა წაიყვანეს და, აღარ იციან სადაა... მადლობა უფალს, ანუები - ზოიაც, მანანაც ახლა ჩვენთან არიან, კვლავ ეკლესიას მსახურებენ და კომანში დაბრუნებაზე ოცნებობენ.

ეს უდიდესი ტკივილია და მსგავსი ტკივილი ბევრი დატოვა ამ ომმა. ამ უაზრო, მძიმე ომისადმი დამოკიდებულება ქართულმა ეკლესიამ მრავალგზის გამოხატა მისი უწმიდესობის ეპისტოლეებით მსოფლიოს ეკლესიათა პატრიარქებისადმი, რომის პაპისა თუ გაეროს სამშვიდობო მისიისადმი, მისივე ქადაგებებით მრევლის წინაშე და ასევე, ქართველ სამღვდელოთა - მამათა და დედათა მისიონერული ღვაწლით აფხაზეთში.

ეს ჩანაწერები კი, რომელიც ძლივსძლივობით შევკრიბე, (მათ უჭირდათ ამ ტჯვილზე საუბარი... არც სურდათ. ისეთი რა გავაკეთეთო, მეუბნებოდნენ... ეს ჩვენი ვალი იყოო), მხოლოდ ნაწილია იმ მოზრდილი წიგნისა, რომელიც უსათუოდ უნდა გამოვიდეს.

„ღმერთო, შეწევნასა ჩუენსა მოხედენ,
უფალო, შეწევნად ჩუენდა ისწრაფე“

თინათინ კობალაძე

 

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი: ის, რაც აფხაზეთში მოხდა, ჩემთვის, არა მხოლოდ როგორც ეკლესიის მსახურისათვის, არამედ როგორც მოქალაქისათვის, წარმოუდგენელი რამ არის. ბავშვობიდანვე ვეზიარე მას, რომ ქართველები და აფხაზები ნათესავები, ძმები არიან. ყოველთვის ამას ვქადაგებდი ამბიონიდანაც, მაგრამ ახლა ეჭვი გამიჩნდა, დიდი ეჭვი: როგორ შეიძლება ძმა იყოს ის, ვინც მოსაკლავად გაგიმეტებს და ტყვიას გესვრის. მე ღვთის მსახური ვარ და ღვთისავე სახელით კაცს ნებისმიერ შეცდომას მივუტევებ, მაგრამ ეს მაშინ ხდება, როდესაც მოინანიებს დანაშაულს და მიტევებას ითხოვს. სამწუხაროდ, აქ ჯერ ვერ ვხედავთ ამას. პირიქით, დამნაშავე სხვისთვის სისხლის გადაბრალებას ცდილობს. ეს ორმაგი შეცდომა და მკრეხელობაა. ყველაფრის პატიება არ შეიძლება, ამისათვის შთამომავლობა მოგვთხოვს პასუხს. როდესაც დამნაშავეზე ვლაპარაკობთ, მთელ ხალხს როდი ვგულისხმობ, ხალხი არ შეიძლება დამნაშავე იყოს. დამნაშავენი პიროვნებები არიან. ვლოცულობ ქართველთათვის და აფხაზთათვისაც, რომლებსაც თავგზას უბნევენ უკეთურები. ყველაფერს ვიღონებ, რათა ორ ხალხს შორის მშვიდობა აღდგეს. ეს ჩემს მისიად მიმაჩნია.

 

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე: გელათობას, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე შევთანხმდით მე და ქალაქის მერი, ბატონი თემურ შაშიაშვილი, რომ მეორე დღეს გავემგზავრებოდით სოხუმში. მზად გვქონდა ჰუმანიტარული ტვირთი. დილის 8 საათზე უკვე აეროპორტში ვიყავით... მაგრამ არ მოგვცეს გაფრენის ნება. საშიშიაო, გვიმტკიცებდნენ. ბოლოს ჩვენმა დაჟინებულმა თხოვნამ გასჭრა და 12 საათზე, როგორც იქნა, გავფრინდით. სოხუმი დაწიოკებული დაგვხვდა... ცეცხლი ეკიდა სახლებს... არ ვიცი, რა უნდა იყოს ამაზე შემზარავი სანახაობა. ვნახეთ დასახიჩრებული, დამწვარი ადამიანები. შევხვდით სახელმწიფო მეთაურს. არ მავიწყდება მისი სახე... ის წუთები. ხედავდა ღალატს და უკვე იცოდა, საქმე რომ ვეღარ იყო კარგად, მაინც ურყევად იდგა. ღალატი რომ არა, ისე დიდია და ისე ძლიერი ჩვენში გადარჩენის გენი, რომ ვძლევდით იმ მტერს, კალიასავით რომ შემოესია საქართველოს. მაინც მწამს, დროებითია ეს მარცხი.

რამდენიმე ღამე გავათიეთ სოხუმში, კალანდიებთან... მე იქ, იმ სახლში და საერთოდაც სოხუმში მრავალი მამულიშვილი ვნახე... შევხვდი გურამ ფანჯიკიძეს, რომელიც მართლაც გასაოცარი თავგანწირვით შედიოდა ფრონტის წინა ხაზზე და დაჭრილები გამოჰყავდა. ვნახე ლორიკ მარშანია, გია ყარყარაშვილი, გენო ადამია და თითქმის ყველა, რომელნიც წამიერად შემორბოდნენ და მაშინვე ბრძოლის ხაზზე გარბოდნენ...

ორი ღამე ჩვენთან ერთად გაათენა ჟიული შარტავამ. მამამისი მამაჩემს უყვარდა ძალიან. მასთან მუშაობდა და მუდამ დალოცავდა ხოლმე, როცა გაიხსენებდა. ჟიულისაც გაუხარდა, რომ ვუთხარი, ვისი შვილი ვიყავი. ჩემს სულს შენ გაბარებ, ჩემი სულისთვის ილოცეო, მითხრა. მიგვიწვია კაბინეტში, დაუვიწყარი იყო ის წუთები. ჩამოვარდა მცირე პაუზა... ჟიულიმ სასმელი აიღო, ფეხზე წამოდგა, პირჯვარი გადაისახა, ხელები ზევით აღაპყრო და - ღმერთო, ყველას მაგიერ მე დამსაჯე და სამშობლო გადამირჩინეო, - წარმოთქვა ხმამაღლა, შთაგონებით გავიღიმე და ვუთხარი:

- რაც ღვთის ნებაა, ისე იქნება, ჩემო ბატონო... ეს ქვეყანაც არსებობს და ის ქვეყანაც... მამათქვენს კალისტრატე ჰქვია, მეც კალისტრატე ვარ და ორივე ვილოცებთ თქვენთვის-მეთქი.

გაიღიმა. გავიდა მეორე ოთახში; გამოიტანა ფლომასტრები და დაგვირიგა... ეჰ, მშვიდობა რომ იყოს, კი ვიცი, როგორი მასპინძლობა გეკადრებათ თქვენო, გვითხრა. გამოვართვი ის ფლომასტერი და ვინახავ, როგორც ძვირფას რელიქვიას. მისი სულისთვის კი მარადის ვილოცებ... თუმცა ის, ვინც სამშობლოსათვის წამებით აღესრულა, ვინც მოიხადა თავისი ვალი, უკვე სუფევს სასუფეველში.

უფალმა გაანათოს მისი სული... უფალმა სამშობლო უცოცხლოს.

... სულ რამდენიმე დღე ვიყავით სოხუმში და მაინც, ყველაფრის გადმოცემა რომ შევძლო, რაც იქ ვნახე, ერთი დიდი წიგნი დაიწერება. ვიარეთ პოზიციებზე, დავლოცეთ ჯარი, დავურიგეთ ხატები, ლოცვანები, ვუკურთხეთ სამლოცველოები, მივულოცეთ ღვთისმშობლობა. კიდევ გვინდოდა დარჩენა, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურის დაჟინებული მოთხოვნით, დავბრუნდით ქუთაისში.

ღვთისმშობელო, შენ აკურთხე შენი წილხვდომილი ქვეყანა და მისი შვილები...

დაგვიფარენ, ღვთისმშობელო!

 

მღვდელი აკაკი მელიქიძე, სოხუმის ფერისცვალების ტაძრის მოძღვარი (ამჟამად თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი): უკვე რამდენიმე თვეა თბილისში ვარ... შემთხვევით გამოვაღწიე... ტაძარში სანთელი აღარ გვქონდა და წასაღებად ჩამოვედი... მაგრამ მეორე დღიდან გზა ჩაიკეტა და ვეღარ დავბრუნდი. პირველი დღეებიდან იქ ვიყავი...

ამბობენ, დრო ყველაფერს კურნავსო, ადამიანს ბოლოს და ბოლოს, ყველა ტკივილი უნელდებაო... არ ვიცი, იქნებ ასეცაა, მაგრამ იმ განცდის, იმ ნამდვილი ჯოჯოხეთის დავიწყება ჩემთვის შეუძლებელია... ყოველ წამს თან დამაქვს უზარმაზარი მწუხარება და ფიქრი იმაზე, რაც მოხდა. ეს ყოველივე ხომ ანტიადამიანურია, ანტიადამიანური და რაღა თქმა უნდა, ანტიქრისტიანული. მახსოვს ის უმძიმესი წუთები, საშინელება რომ ატყდა. ტელევიზიით გამოვიდა არძინბა და აუწყა ხალხს, ქართველები მოდიანო. ქუჩები დაცარიელდა. ატყდა სროლები. ქართველები ჯერ არსად ჩანდნენ, მაგრამ ყველაფერს მათ აბრალებდნენ. ქალაქში ვერ გავდიოდით. სულ უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდნენ. ორი-სამი დღის შემდეგ ჩვენები შემოვიდნენ. გაწმინდეს ქალაქი. ცოტათი თითქოს სიმშვიდეც ჩამოდგა. ყველაფერი მალე მორჩებაო, ამბობდნენ. ფსოუს საზღვრამდე იყვნენ მისულები. ახლა მიკვირს, როგორ ვყვები ყოველივე ამას. ერთი წამითაც არ მტოვებს იქ ნანახი და განცდილი. ადამიანთა დატანჯული სახეები, შეშინებული ბავშვები, ცეცხლწაკიდებული, გადამწვარი, გადაბუგული სახლები, ქუჩებში უსულო ადამიანები. ეს ყველაფერი უჩვეულო და შემზარავი იყო. ოჯახი იქ მყავდა. ოთხი პატარა ბავშვი... სულ პატარა ერთი თვისა იყო. ბოლოს ყველაფერი ისე დაიძაბა, იძულებული გავხდი, ბავშვები აქეთ წამომეყვანა.

ჩვენი ეკლესია სოხუმიდან 2-3 კილომეტრითაა მოშორებული. ყოველდღე, უდიდესი გაჭირვებით გვიხდებოდა ამ მანძილის გავლა. ზოგჯერ, როცა შეეძლოთ, ჯარისკაცები გვეხმარებოდნენ: მანქანით ავყავდით. მუდამ მრევლთან ერთად დავდიოდით. დაჩოქილი, მხურვალედ ლოცულობდა ყველა. ქუჩა სავსე იყო მკვდრებით. ყოველ წამს ტყვიების ზუზუნი ისმოდა. ჩვენს ახლოს ცვიოდა გრადები. ჩემი მრევლიდან ერთ ქალს იმ დღეებში, ლალი გაბუნიას, - ახლა ის ლტოლვილია, - ქმარი და 19 წლის შვილი დაეღუპა.

ფანტასტიკური სიმშვიდითა და თავგანწირვით აკეთებდა თავის საქმეს ჩვენი სამღვდელოება. მეუფე დანიელთან ერთად, განუწყვეტლივ დავდიოდით მეომრებთან, წინა ხაზზეც კი... ვცდილობდით, შეგვეტანა მათში სარწმუნოება, სიმტკიცე. ხშირად ვაზიარებდით ბიჭებს. მეუფეს მოძღვრები თბილისიდანაც ჩამოჰყავდა. ძალიან ხშირად ვაკითხავდით საავადმყოფოებს. ამ მხრივ განსაკუთრებით ბევრი გააკეთეს დედებმა... ვუვლიდით დაჭრილებს, ვნათლავდით, პოზიციებზეც კი ვნათლავდით. ამის ასე სქემატური ჩამოთვლაც ამაღელვებელია, თორემ მათთან ყოველი შეხვედრა ცალ-ცალკე შეიძლება აღიწეროს. მე ჯერ ეს არ შემიძლია. ჯერ მიჭირს. განცდები ისე ძლიერი იყო, ჯერ კიდევ დრო მჭირდება. ოდესმე ეგებ, მართლა შევძლო ყველაფრის აღწერა.

ჩემი მხრიდან, ცხადია, მე იმასაც ვცდილობდი, სულიერი შვილებისთვისაც მიმეხედა, როგორმე მენუგეშებინა ისინი.

თვალებიდან არ ამომდის ერთი ასეთი ეპიზოდი: ერთ ოჯახში მიმიწვიეს... გადავუხადე პარაკლისი, ვანუგეშე, თითქოს დამშვიდდნენ. გამოვედი თუ არა, სროლა ატყდა. ირგვლივი გრადის ტიპის ჭურვები ცვიოდა. ცენტრალური მოედანია, მშვიდობის პროსპექტი ჰქვია. ყველაფერი დაისმხვრა. ეს ომის პირველ დღეებში იყო. პირველად მოვხვდი ასეთ მძიმე მდგომარეობაში. მეომრები მანიშნებდნენ, დაწექიო, მაგრამ არ დავწოლილვარ. გადავსახე მათ ჯვარი და გავედი წინ. რაც იქ ვიხილე, ნამდვილი საშინელება იყო. ეგდო ადამიანი, რომელსაც თავი აღარ ჰქონდა. ირგვლივ სისხლის ტბა იდგა. ტელევიზიაშიც უჩვენეს ეს კადრი. ეს პირველი ზაფრა იყო. მერე ნაწამები, დასახიჩრებული, ცხვირმოჭრილი, თვალებამოჩიჩქნილი ადამიანებიც ბევრჯერ ვნახე. თვითმფრინავიდან ქალაქს ბომბავდნენ დღისითაც და ღამითაც. ღამით, მთელი ღამეობით ჯერ რაღაც მანათობელ საგნებს უშვებდნენ და მერე მისამართის მიხედვით ბომბავდნენ. იყო საშიშროება მთელი ქალაქის მიწასთან გასწორებისა. ძალიან ძნელია ამის არა მხოლოდ საკუთარი თვალით ხილვა და განცდა, მოსმენაც. მოვკიდე ფსალმუნებს ხელი და დავიწყე ხმამაღლა კითხვა.

მინდოდა ამით დამეთრგუნა შეშფოთება. ამასვე მოვუწოდებდი მრევლსაც. ყველანი ერთად ვლოცულობდით სოხუმისა და ადამიანების გადასარჩენად.

ფსალმუნის განუწყვეტელმა კითხვამ სითბოც მომცა, ძალაც, ნუგეშიც და უკვე აღარ მაძრწუნებდა ის საშინელი აფეთქებები. ტკივილი კი, როცა ხედავ, როგორ იღუპებიან ადამიანები, როგორ ერთ წამში ისპობა წლობით ნაშრომ-ნაღვაწი და იწვის ყოველივე, რა თქმა უნდა, შემზარავია. საოცარი იყო ერთი რამ, თვითმფრინავებიდან ჩამოცვენილი ბომბები ძირითადად, რატომღაც რუსების სახლებს ეცემოდა.

ეკლესიაში ამ დიდი განსაცდელის ჟამსაც ჩვენ არ გაგვიცდენია წირვა-ლოცვა, არ გაგვიცდენია არც ერთი საეკლესიო დღესასწაული. განუწყვეტლივ ვასრულებდით პარაკლისებს, ვაკურთხებდით წყალს, სახლ-კარს, ეზოებს, ქუჩებს... ხშირად გრადის ტიპის ყუმბარები ეკლესიის თავზეც გადადიოდა. სროლის დროს ხალხი ეკლესიის კუთხეებში წვებოდა. მათ შიში თითქოს უკვე გადაავიწყდათ. ამ უბედურებაში ეკლესია მათთვის ნუგეში იყო... რაც უნდა დიდი დაბომბვებიც არ ყოფილიყო, ფსალმუნის კითხვას თავს არ ვანებებდით. მრევლით სავსე იყო ეკლესიაც და ჩემი სახლიც. მათი ასეთი ურთიერთთანადგომა მეც მამხნევებდა და ძალას მაძლევდა.

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ამ ომში სამღვდელოებამაც გაიღო მსხვერპლი. დაიღუპა ვლადიმიროვკის ეკლესიის დეკანოზი კრავცოვი. დაიკარგა და ვერსად ვეღარ ვიპოვეთ. ჩემს მახლობლად, მეორე მხარეზე ცხოვრობდა მამა იოანე ანდრიუშენკო... ომში მას მეუღლე დაეღუპა. ყუმბარა ჩამოვარდა. სახლი თითქმის მთლიანად გაანადგურა. მატუშკა გარეთ იყო ეზოში. იგი ნამსხვრევმა იმსხვერპლა. იმ დროს მე სახლში ვიყავი, მაგრამ ისეთი დიდი იყო მსხვრევის ხმა, რომ მეც მომწვდა. მსუბუქი კონტუზია მივიღე. უზომოდ მტკივნეულია ამის გახსენება; მით უმეტეს, მძიმე იყო განცდა. ყოველივე ეს მუდამ თვალწინ მიდგას. მისი დავიწყება არ შეიძლება. მეუფესთან ერთად ხშირად ჩამოვდიოდით ხარების ტაძარში. იქაც იყო მსხვერპლი, ჭურვები დაეცა სახლს, სადაც ცხოვრობდნენ მოძღვრები. ერთი ქალი იმსხვერპლა, მორჩილი იყო. თითქოს ახლაც ვხედავ, როგორ ინგრეოდა სახლები, იწვოდა, იფერფლებოდა... ვხედავ ადამიანთა გატანჯულ, მწუხარე სახეებს... ხშირად, საცოდავები ვეღარ უძლებდნენ ამდენ უბედურებას და იხოცებოდნენ... გული უსკდებოდათ და ეცემოდნენ. არ მავიწყდება მათი იმედის მომლოდინე თვალები.

ბევრმა მეომარმა მიიღო ზიარება, ბევრი გრძნობდა მის ძალას. ბოლოს გვიამბობდნენ ხოლმე, როგორ გადაურჩნენ ხიფათს. ყოველი მხრიდან ითხოვდნენ, მივსულიყავით მათთან და გვეზიარებინა, რომ ცოტაოდენი სიმშვიდე ეგრძნოთ. ჩვენ, როგორც შეგვეძლო, ვეხმარებოდით ყველას, განურჩევლად ეროვნებისა, აფხაზებსაც...

ცხადია, მე მესმოდა ჩემი მოვალეობა: ყოველ სიტუაციაში უნდა ვყოფილიყავი მშვიდად, რათა აღმესრულებია ჩემი ვალი ღვთისა და კაცის წინაშე. დიდი იყო ეს განსაცდელი და იმჟამად იქ მყოფმა მთელმა ჩვენმა სამღვდელოებამ ეს ვალი შეძლებისდაგვარად, მაგრამ უშურველად მოიხადა...

შეგვინდე უფალო, შეცოდებანი ჩვენნი...

 

დედა ელენე (ნაფეტვარიძე): 1992 წლის მაისია. წელს მამა დანიელი და მისი მრევლი დიდი გეგმების განხორციელებას აპირებს: მისიონერული მოგზაურობა მესხეთ-ჯავახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, აფხაზეთში... ამავე თვეში მამა დანიელი ორ მოძღვართან ერთად (მეუფე იობი და მეუფე დავითი) ეპისკოპოსად აკურთხეს. დიდი სიხარული იყო ჩვენთვის ეს... და მაინც, გაგვიჩნდა ერთგვარი საწუხარიც... აღარ ვიცოდით, წავიდოდით თუ არა სამოგზაუროდ. ბოლოს გადაწყდა, წელს წავსულიყავით ბოდბეში - მეუფის ეპარქიაში. ჯვარ-ხატებითა და ქადაგებებით მოიარა მეუფე დანიელმა თავისი ეპარქია. ოქტომბერში კი, აღესრულა აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი. სისხლი უკვე იღვრებოდა აფხაზეთში. წუხდა საქართველოს ძირძველი მიწა... წუხდა ხალხი, ამ მიწაზე მცხოვრები... უმღვდელმთავროდ დარჩენილ ეპარქიაში მისმა უწმიდესობამ დროებით მმართველად მეუფე დანიელი მიავლინა. ასეთი იყო, როგორც ჩანს, ნება უფლისა. და აი, მეუფე დანიელი ორ სხვა მღვდელმთავართან - დავითთან და იობთან ერთად სოხუმს გაემგზავრა. მეუფეს ასევე თან გაჰყვნენ სამღვდელონი: მამა თეიმურაზი (ბერიშვილი), მცხეთელი დიაკონი გიორგი; მონაზვნები: მარტყოფის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა მარიამი, დედა თეოდორა, დედა ანასტასია, დედა ანუსია, მორჩილი ლელა (ელენე), მარინა და მე. ასევე მორწმუნეები: ნუგზარი, ზურაბი, იმედო.

17 ოქტომბერს გავფრინდით სოხუმში. მშვიდი, მზიანი დღე იდგა. აეროპორტში ჯარისკაცები ირეოდნენ და სოხუმიდან წამსვლელთა უზარმაზარი რიგი იდგა. იდგნენ ფუთებით, ჩანთებით, ჩემოდნებით... წაგვიყვანეს რეზიდენციაში. დავბინავდით. თანდათან მოვშინაურდით. გადავიხადეთ პარაკლისი. ჩატარდა პირველი წირვა. სამი მღვდელმთავარი წირავს ერთად.... ავედრებს უფალს ამ კურთხეულ მიწას და ხალხს.

საოცარი ძალა ჰქონდა ამ წირვას და მრევლმა იგრძნო ეს. მთელი ათი დღის მანძილზე, მათი (მეუფე დავითისა და მეუფეების) იქ ყოფნის ჟამს სამღვდელმთავრო წირვები არ შეწყვეტილა სოხუმში. შემუშავდა გეგმა:

1. ქალაქის დალოცვა - ჯვრით, ხატებით, ნაკურთხი წყლის სხურებით ქუჩების, სახლების, დაწესებულებების მოვლა. 
2. ჯარის ნაწილების, შტაბების დალოცვა, სამხედროების ზიარება, მონათვლა.
3. მრევლისა და სამწყსოს გაცნობა, მთავრობასთან კონტაქტის დამყარება და საეკლესიო ცხოვრების გაძლიერება.

არასდროს უფრო საოცარი არაფერი შემიგრძვნია, ჩვენი პირველი გასვლა რომ იყო ქალაქში. მუდამ ჩემს თვალწინაა ეს სურათი:

სოხუმის საკათედრო ტაძრიდან უდროო ჟამს გაისმის ზარების რეკვა... ტაძრის ეზოდან იძვრის პროცესია.. წინ ჯვარი, ხატები, კელაპტრები, შემოსილი სამღვდელოება, მღვდელმთავრები, მონაზვნები ქალაქში გადიან გალობით... უჩვეულოა აქაურობისთვის ეს ყველაფერი. გვიერთდება მრევლი, მორწმუნენი, მოსახლეობა... შემხვედრნი იწერენ პირჯვარს, ითხოვენ კურთხევას, ზოგი მუხლებზე ეცემა და ზეცაში ღმერთს შეჰღაღადებს, ზოგი ტირის... შეუძლებელია იმ წუთების აღწერა. - ის მხოლოდ უნდა განიცადო.

ჩვენი იქ ჩასვლის ჟამს ყველაზე ცხელი წერტილი იყო ოჩამჩირის რაიონი - ლაბრა, კინდღი, ტამიში, ცაგერა. ამ სოფლებში განლაგებულ ჯარისკაცებს აუცილებლად სჭირდებოდათ ღვთის სიტყვა, აღსარებისა და ზიარებისათვის მომზადება, ნათლობა. ბევრი იყო მოუნათლავი. დავდიოდით მათთან, ვადგენდით ნაზიარები ჯარისკაცების სიებს და ეკლესია და მონასტერი მათთვის ლოცვებს აღავლენდა.

ხშირად ჩამოდიოდნენ სტუმრებიც თბილისიდან, ბათუმიდან... გვირეკავდნენ. ცის გახსნას ჰგავდა, როცა ყურმილში უწმიდესის ხმას გავიგონებდით. მუდამ გვეხმიანებოდა და გვამხნევებდა. ეს ისეთი სიხარული იყო, რომ მაშინვე ყველა გასაჭირი გვავიწყდებოდა. გასაჭირი კი იყო. გახშირდა შემოტევები. მძიმე დღეები გვედგა. აცივდა. არა წყალი, არა გათბობა, არა სინათლე, არა შეშა, არა ღუმელი, არა ტრანსპორტი, არა საწვავი, არა სურსათი...

ამ მძიმე დღეებში ისევ სამხედროები ამოგვიდგნენ მხარში... აი, ზოგი მათგანი: გენო ადამია, პაატა დათუაშვილი, გოგა ხაინდრავა, დავით გულუა, იური კეშელავა, ვალერი ქვაჩაია, ზაურ უჩაძე, რეზო ბუბუთეიშვილი, დავით ჯორჯიაშვილი, დავით ჯიხვაძე და კიდევ რამდენი... ზოგი მათგანი უკვე ცოცხალთა შორის აღარაა. მშვიდობა მათ სულებს... მადლობა მათ თანადგომისათვის. ყვვლა მათგანი, მეთაური თუ ჯარისკაცი, ცდილობდა რაიმეთი მაინც ამოგვდგომოდა მხარში. მეუფე დანიელი, სოხუმისა თუ ჩვენთან დროებით ჩამოსულ მამებთან და დედებთან ერთად ხშირად გადიოდა ფრონტის ხაზზე... მიჰქონდა ჯვრები, ხატები და რაც მთავარია, ღვთის სიტყვა. საოცარი იყო, იმ ჯოჯოხეთში, რასაც განიცდიდნენ ჩვენი ჯარისკაცები, მეუფე მათ ისევ და ისევ, მაინც და მაინც, მოუწოდებდა დაეცვათ მამა-პაპათა წესი, არ მიებაძათ მტრისათვის სისასტიკეში და ბოლომდე დარჩენილიფნენ რაინდები, უპატიოდ არ მოჰყრობოდნენ ტყვეებს და სხვა... ეს ძალზე ძნელი იყო, მაგრამ ჯარისკაცებს მოსწონდათ მისი ასეთი მოწოდება და მუდამ სიხარულით ხვდებოდნენ.

დეკემბრის ბოლოს, უწმიდესმა მეუფე დანიელი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად დაადგინა. ჩვენც, მეუფესთან ერთად, საკუთარ სახლად მივიღეთ საპატრიარქო რეზიდენცია და იქ დავმკვიდრდით. მამაკაცები ნინოშვილის ქუჩაზე, პატრიარქისეულ სახლში გადავიდნენ და იქ დაბინავდნენ.

ამ დროისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომანში ლოცვის გაძლიერება იყო. ჩვენც ხშირად დავდიოდით იქ, სადაც ჩვენი მასპინძლები იყვნენ კომანის იოანე ოქროპირის ეკლესიის აღმდგენლები - ზოია და იური ანუები და მათი ქალიშვილი მანანა - ტკბილად მოღუღუნე, მშვიდი, უწყინარი, გაცისკროვნებული.

მათი პირველი შეხვედრის სითბო მთელი ჩვენი იქ ყოფნის დროს გვშველიდა, გვამხნევებდა.

მამა ანდრია იყო იქ მწირველი და მლოცველი. გასაოცარი იყო მისი ამტანობა. მე მილაპარაკია მასთან. ძალზედ უჭირდა ხალხში ყოფნა. სულ განმარტოებისაკენ ილტვოდა. წყნარ ადგილს ეძებდა... მაგრამ აფხაზეთში იმ დროს სად იპოვიდა სიმშვიდეს. წუხდა. ყოველდღე ვწირავ, ტრაპეზს ვეხები - საამისო კი არც გამოცდილება მაქვს და არც ღირსი ვარო. რამდენჯერმე წასვლაც სცადა, მაგრამ იცოდა, რომ ახლა კომანის მიტოვება არ შეიძლებოდა. აქ ჩატარებულ წირვა-ლოცვის მადლი მთელ საქართველოს ეფინებოდა, განსაკუთრებით კი, აფხაზეთს. კომანში დარჩენილ ხალხსაც ხომ უნდოდა ნუგეში.

საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა და ლოცვის წყურვილი. ყველაფერთან ერიად, მთელ დავითნს ყოველდღე თავიდან - ბოლომდე კითხულობდა. საერთოდ სიტვაძუნწი იყო: ზედმეტად თავისი გრძნობების გამოხატვას ერიდებოდა ერთხელ გაგვაფრთხილა, რომ შებინდდება, კომანში მაშინ ჩამოდით. აფსუები, თითქმის ყოველ დღე, ორმოცამდე კაცი, ხშირად მოდიან ეკლესიასთანო. მშვიდობა მის ნათელ სულს... ამაღლებულს, სიწმიდით აღსავსეს...

კომანში სამხედროებსაც ვხვდებოდით. მეუფე ხშირად უხდიდა მათ პარაკლისებს, აზიარებდა, ამხნევებდა. ჯარისკაცებს შორის ქალებიც იყვნენ, მამულისათვის თავდადებულად რომ იბრძოდნენ... ლოცვით მოვიარეთ მთელი რიგი სოფლები: შრომა, ახალშენი, ცუგუროვკა... უხაროდა ხალხს ჩვენთან შეხვედრები. განსაკუთრებით ძალიან მეუფის ქადაგებები მოსწონდათ. რა ახალგაზრდა ეპისკოპოსია და რამდენ გამოცდილებასა და სიდინჯეს ამჟღავნებსო.

ომია და გაჭირვება. ხანდახან ხალხს ლუკმაპური ენატრება და ჩვენც მეუფის ლოცვა-კურთხევით და ხშირად მასთან ერთად მიგვაქვს ოჯახებში, მარტოხელებთან, რაც გაგვაჩნია. ხანდახან ეს მარტო პურია. მეუფე სამეუფო სეფისკვერებს აგროვებს და იმათაც გაჭირვებულებს ურიგებს. ჩვენც, ხანდახან, ჩვენს წილ პურს გავცემთ გლახაკებზე, ავადმყოფებზე, უძლურებაში მყოფ მონაზვნებზე.

ყოველდღე 2 საათზე ეზოში მათხოვრები იკრიბებიან... როგორც შეგვიძლია, ვაპურებთ მათ.

უპატრონო მიცვალებულებისათვის მიწის ნაკვეთიც გამოგითხოვეთ... მათ გაპატიოსნებასაც ჩვენები ხელმძღვანელობდნენ - თხრიდნენ საფლავებს და მარხავდნენ. ბევრჯერ მინახავს ტყვიების წვიმაში ციგით, ან მარხილით, როგორ ცდილობდა ჭირისუფალი სამარემდე მიეტანა გარდაცვლილის გვამი.

ჩვენი ხშირი სტუმრები იყვნენ ბატონები: აკაკი გასვიანი, ჯანო ჯანელიძე, ჯუმბერ ბეთანიშვილი, მერი ჯანგველაძე, ჯემალ შარვაშიძე, ქალაქის მერი და სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობის პირები. წირვა-ლოცვასაც ესწრებოდნენ და საეკლესიო დღესასწაულებშიც მონაწილეობდნენ. შემდგომ ჩვენი ხშირი სტუმარი იყო ჟიული შარტავა. იგი განსაკუთრებული ყურადღებითა და სითბოთი გვეპყრობოდა. მეუფე დანიელმა, მისივე თხოვნით, სახელი შეუცვალა მას და დავითი უწოდა.

თანდათან, ტანჯვით, მაგრამ მაინც გავიდა ზამთარი. ცეცხლის ხაზზე კი დათბობა არ იგრძნობოდა.

4 მარტს სოხუმმა საშინელი შემოტევა განიცადა. მთელი ღამე ლოცვაში გავათენეთ. 16 მარტს, წმიდა ვასილისკოს ხსენების დღეს, ფეხით ჩავედით კომანში და ლოცვას დავესწარით... ტყვიების ჭექა-ქუხილი გადადიოდა კომანის თავზე. ბომბავდნენ სოხუმს. დილით სროლა ცოტათი მიწყნარდა და ჩვენ შეწუხებულები ფეხით გამოვუყევით გზას სოხუმისაკენ. სოფელ შრომაში ავტობუსი დაგვხვდა. ეს სასწაული იყო. ჩვენი წამოსვლიდან ერთი საათის შემდეგ შრომაში საშინელი შემოტევა დაიწყო და მძიმე ბრძოლა გაიმართა. ასე გამოგვიყვანა უფალმა განსაცდელიდან. საოცარია ისიც, რომ მსგავსი ბრძოლების დროს, არავის შიში არ შეპარვია. თუ არა ღვთის მადლი და შემწეობა, აბა რა გვამაგრებდა.

ვიდღესასწაულეთ ხარება. მოვიდა აღდგომა. აღდგომას თბილისიდან გვეწვივნენ მეუფე დანიელის სულიერი შვილები და მამა პავლე თავისი მრევლით.

ის საშინელი დაბომბვები და შეტევები, რაც მთელი მარტი გრძელდებოდა, მადლობა უფალს, ამ დღეებში აღარ ისმოდა. უფალმა არ დაგვიმძიმა დღესასწაული.

სტუმრებთან ერთად მოვიარეთ ჯარის ნაწილები. მიგვქონდა მათთან აღდგომის მადლი - პასქა, წითელი კვერცხები და სხვა სააღდგომო საჩუქრები. მივდიოდით, პარაკლისს გადავიხდიდით; მეუფე წარმოსთქვამდა ქადაგებას, დალოცავდა მათ... ის, რომ ამ გასაჭირში ისინი გვახსოვდა და ხიფათის მიუხედავად, მათთან მივდიოდით, დიდ საპასუხო გულისხმიერებას იწვევდა. მეუფე დანიელი მათი საყვარელი და საიმედო მოძღვარი შეიქნა. მეუფე გუმისთაზეც კი იყო. ეგრეთწოდებულ „ბეტეერში“ ჩასვეს და სააღდგომო საჩუქრებით და უწმიდესის სააღდგომო ეპისტოლეებით მეომრებთან ავიდა.

მრევლი გავაცილეთ. შეიკრა პატარა გუნდი მგალობლებისა. დედა თეოდორა, დედა ანუსია, ლელა (ელენე), მაკრინე, გაიოზი და დათო შუღლიაშვილი (შუღლიკა) მღერიან ქართულ საერო სიმღერებს და გალობენ საოცრად. საღამოთი მეუფე დანიელმა გვითხრა, კარგი იქნება, სიმღერები დაჭრილებსაც მოვასმენინოთო. წამოვიშალეთ და აღდგომის მისალოცად საავადმყოფო ჰოსპიტალს ვეწვიეთ. სასწაულს ახდენდა ეს სიმღერები. ჩვენი მგალობლები სადმე, დერეფანში მოეწყობოდნენ... ჩვენ პალატბში დავდიოდით. ჯერ უკვირდათ, რადიო და ტელევიზია არ იყო და ვის უნდა მოეცალა მათთვის სამღერად. შემდეგ სახეზე ღიმილი გადაურბენდათ, დამშვიდდებოდნენ, ტკივილიც კი უყუჩდებოდათ. ბოლოს მეორე საავადმყოფოს ეზოში გავჩერდით. დაიფრქვა სიმღერა... ქართული ჰანგი ჟღერს... აქ ეგრეთწოდებული „მძიმეები“ არიან, ინფარქტიანები.

მეუფესთან ერთად, ფრთხილად შევედით განყოფილებაში. ერთმა ავადმყოფმა ხელები დაუკოცნა მეუფეს. გმადლობთ, რომ მოხვედით. ეს რა სასწაულია. ჩვენ მარტონი აღარ ვართ. გმადლობთ, ამ სიხარულისთვისო.

საშინელი გრძნობაა „გრადის“ შიშინი და ყუმბარის სკდომა. თითქოს ცა და ქვეყანა თავზე დაგემხო. ბოლო დროს სულ ჩვენს კვარტალს ბომბავენ. ქალაქში იშვიათად ნახავ მთელ სახლს. სანაპირო განადგურებულია, ხეები გაჩეხილი, გატრუსული. შენობები ხანძრისაგან დამწვარი.

მრევლი გვაფრთხილებს, გვასწავლის ტაძრის რომელი კუთხე უფრო საიმედოა, სად დავდგეთ ლოცვის დროს. არ წყდება დაბომბვა. შევდივართ ტაძარში და მონიშნულ ადგილზე ვლოცულობთ, ლოცვის შემდეგ კი მოსახლეობას ვაკითხავთ. ვამხნევებთ.

მართამ (საპატრიარქოს მემატიანეა, ინგილო) ნინოშვილის ქუჩაზე ბოსტანი გაგვიკეთა, ყვავილები დაგვირგო. ვენახი ავახვიეთ. ძაღლებიც გვყავს, ორი უპატრონო, უჯიშო და უგვანო, მაგრამ ძალიან ერთგულები.

ერთ-ერთი დაბომბვის დროს ჩვენი რეზიდენცია დაზარალდა. მოინგრა კიბე. არც ერთ ოთახს არ შერჩა არც კარი, არც ფანჯარა. ჩვენი მარიაც დაიღუპა.

დაბომბვები არ ცხრება. ჰირიქით - უფრო და უფრო მატულობს...

რამდენიმე დღით მეუფე თბილისში წავიდა. იქიდან სასიამოვნო ამბავი ჩამოგვიტანა. მოეწყობოდა ღვთისმშობლის ხატით ოჩამჩირისა და გალის რაიონებში მოგზაურობა... მართლაც მოვიარეთ სამეგრელო-აფხაზეთის სოფლები. მოვნათლეთ, ვაზიარეთ ადამიანები. ვიყავით ჯარისკაცებთან. საოცარი სიხარულით გვხვდებოდნენ ყველგან. ყველა ოჯახის კარი ღია იყო ჩვენთვის. ძალიან ბევრი შეიძლება ამაზე ითქვას და დაიწეროს, - მაგრამ ეს სხვა დროს... სამწუხაროდ, ფრონტიდან კარგი ამბები არ ისმოდა. უკან გაბრუნება ვეღარ შევძელით. გზა სოხუმისაკენ მოჭრილი იყო. დავრეკეთ საპატრიარქოში. მეუფემ გვითხრა, უწმიდესი გვირჩევს თბილისში ჩავიდეთ და იქიდან გავფრინდეთ სოხუმშიო.

გულში ჩაგვიკრა უწმიდესმა. მოგვეფერა. ვისაც სურვილი გაქვთ დარჩენის, დარჩითო, გვითხრა. თითქმის ყველანი წავედით.

სოხუმი დაცარიელებული იყო.

საშინელი მსხერევების დროსაც არ ვწყვეტდით ლოცვებს.

30 ივლისს მეუფეს ორიოდე დღით ისევ თბილისში წასვლა მოუხდა. აეროპორტში გავაცილეთ. გზაში, ავტობუსში, სულ ქართულ სიმღერებს ვმღეროდით... ვაჟკაცურს - „შაშვი-კაკაბი“, „ბერიკაცი ვარ“, „მრავალჟამიერ...“ გვინდოდა, გულდამშვიდებული გაგვეშვა... თვითმფრინავი ჯერ არსად ჩანდა. მეუფე სადღაც გავიდა... ვხედავთ, მოფარებულ ადგილზე, მუხლებზე დგას, ხელები ცისკენ აღუპყრია და ლოცულობს... ამ ახალგაზრდა კაცმა სულ მცირე ხანში შეიმატა წლები.

საოცარია, საკმარისი იყო, სოხუმში სროლა შეწყვეტილიყო, რომ ჩიტები ჭიკჭიკს იწყებდნენ. მზეც სხვანაირად ანათებდა, ცას სილურჯე ემატებოდა, ზღვაც მშვიდდებოდა.

მცირეოდენი, მოჩვენებითი სიმშვიდის შემდეგ კვლავ განახლდა ბრძოლები. ქალაქი დაცარიელებულია. ველოდებით მშველელ ძალას... აღარ არსებობს კავშირი თბილისთან.

დროებით გადავედით აგუძერაში. საფრთხეს გავეცალეთ... მოდიოდა ჯვართამაღლების დღეები. მეუფემ დაგვარიგა, გაგვამხნევა... გვითხრა, რომ სამშობლოსათვის და სარწმუნოებისათვის სიკვდილი დიდი ბედნიერებაა. ყველანი შემზადებულები ვიყავით საამისოდ. სამხედროები დაჟინებით ითხოვდნენ ჩვენს წასვლას. სასულიერო პირებს არ ინდობენ და ჯობს გაეცალოთო... გადაწყდა, ღამით დაგვეტოვებინა აგუძერა და სვანეთში გადავსულიყავით. გზაზე ყველაფერი იწვოდა. აყრილი ხალხი ბარგით გზას შედგომოდა. მოდიოდნენ ფეხით, ცხენით, ურმით, მანქანით. ბღავილთ მოგვდევდა საქონელი. დედებს მოჰყავდათ ჩვილი ბავშვები, მოდიოდნენ ჯარისკაცები, ტანკებთ გადაადგილება ჭირდა. სვანეთამდე მივედით. იქ გზა ჩაიხერგა. ავტობუსით გავლაზე ოცნებაც ზედმეტი იყო. დავტოვეთ ავტობუსი. მეუფემ გვიბრძანა, მხოლოდ აუცილებელი აგვეღო და ფეხით გვევლო. მამა პავლე, დედა ილარია, ლია და კიდევ რამდენიმე კაცი დარჩნენ საკენში. მამა პავლეს ფეხი ჰქონდა ნაღრძობი და ტკიოდა, სხვებსაც უჭირდათ ფეხით სიარული.

გაბაწრულები შევუდექით გზას. ცრიდა. თითქმის 50 კილომეტრი შეუსვენებლად გვატარა მეუფემ. საღამოს მივაღწიეთ ტყემდე. გული აგიტირდებოდა ხალხის შემხედვარეს... მოხუცები, ფეხმძიმე ქალები, ჩვილიანები, პატარები, დედაწულიანად აყრილი ოჯახები - ფუთები, ჩემოდნები... შემზარავი სანახავი იყო. მეორე დღეს ჭუბერში ჩავაღწიეთ. დავბინავდით. მეუფე დანიელმა მაშინვე საქმეში ჩაგვაბა. ვხარშავდით ფაფას და ხალხს ვურიგებდით, ვიხდიდით პარაკლისებს, ნათლობას, ვაზიარებდით ადამიანებს... მრავალშვილიანებს ვურიგებდით ფულს, - რამდენიც გვქონდა. 10 ოქტომბრამდე დავრჩიო იქ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მამა პავლე გამოვიყვანეთ, თბილისში გამოვისტუმრეთ და მცირედ მაინც მოვიხადეთ ვალი, წამოვედით. იქ დარჩა მამა ზურაბი.

დიდი ტვივილით მიგვიღო უწმიდესმა...

დროებით რეზიდენციად გამოგვიყო მარტყოფის ღვთაების მონასტერი. იქ სოხუმის მამები დაბინავდნენ. ჩვენ, დედები კი, შეგვიკედლა ბოდბის წმიდა ნინოს დედათა მონასტერმა.

 

მონაზონი თეოდორა (მახვილაძე) (ამჟამად ბოდბის მონასტრის იღუმენია): სოხუმში წასვლა გადავწყვიტეთ. ეს აზრი ჩემი და მორჩილი ელენეს საუბრისას გაჩნდა მარტოფის დედათა მონასტერში ცხოვრების დროს. გადავწყვიტეთ ლოცვა-კურთხევა აგვეღო უწმიდესისაგან და თბილისში გავემგზავრეთ. პირველად ჩვენი მოძღვარი - მეუფე დანიელი ვინახულეთ. მან ცოტა შეეჭვებულმა გვითხრა: უწმიდესი ჯერ-ჯერობით არავის თანხმდება სოხუმში წასვლაზე, მაგრამ თქვენ მაინც სცადეთო. გულგატხილები შევედით უწმიდესთან. ძირითადად ელენე ლაპარაკობდა; მე უხერხულრბისაგან რატომღაც მეღიმებოდა; უწმიდესმა, ჩვენდა გასაოცრად, მთელი სერიოზულობით მოგვისმინა და ჩვეული სიმშვიდით გვითხრა: ხვალვე წადით, მეუფე დანიელი გამოგყვებათ და დაგაბინავებთო.

ჯგუფი ნახევარ საათში შევადგინეთ და მოუთმენლად ველოდით წასვლას. ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი ახალგარდაცვლილი იყო და მისმა უწმიდესობამ ეპარქია დროებით მეუფე დანიელს ჩააბარა. სამი ეპისკოპოსი, სამღვდელოება, იპოდიაკვნები და შვიდი მონაზონი აფხაზეთში გავემგზავრეთ. რამდენიმე დღე დაგვჭირდა ეპარქიის საქმეებში გასარკვევად. პირველი დღეების ყველაზე ნათელ მოგონებად ჩემთვის საღამოობით ჩატარებული პარაკლისები დარჩა, რომელსაც სამი მღვდელმთავარი სამღვდელოებასთან ერთად აღავლენდა. რამდენიმე დღეში სტუმრები წავიდნენ და დავრჩით მხოლოდ მეუფე დანიელი და ჩვენ - მონაზვნები.

მონასტერი ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. წირვა-ლოცვა ყოველდღე იყო, მაგრამ ხალხმრავლობაში იშვიათად თუ ნახავდი ქართველს. ამის მიზეზი ალბათ, ისიც იყო, რომ ქართული წირვა კვირაში მხოლოდ ერთხელ ტარდებოდა. დავიწყეთ ქართული წირვა-ლოცვების გაძლიერება. ვცდილობდით ქართული წამყვანი ყოფილიყო. მღვდელმთავრის წირვა შერეულად - ქართულ-რუსულად მიდიოდა. არაქართული მოსახლეობა დიდ წინააღმდეგობას და უკმაყოფილებას გამოხატავდა თავიდან, მაგრამ მეუფე დანიელის რბილმა, ფაქიზმა ბუნებამ ყველანაირი უკმაყოფილება ჩააცხრო. მალე იგი ყველასთვის საყვარელი მღვდელმთავარი გახდა. უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, ყოველ შაბათს მონასტერი მოწყალებას გასცემდა. მეუფე დანიელი ხშირად დადიოდა ჯარის ნაწილებში - ქადაგებდა, ნათლავდა, აზიარებდა. ჩვენც თან მივყავდით. მივდიოდით საავადმყოფოებში დაჭრილებთან, ვუმღეროდით მეგრულ სიმღერებს. რამდენიმეჯერ სისხლიც ჩავაბარეთ მძიმედ დაჭრილებისთვის. ჩვენი საკმაოდ სუსტი აღნაგობის დედა აღათია კარგი დონორი აღმოჩნდა: მას ხშირად სთხოვდნენ სისხლს და სანამ ხშირი თავბრუხვევები არ დაეწყო უარს ვერავის ეუბნებოდა.

ზაფხულში აფხაზეთის ყველა კუთხე-კუნჭული შემოვიარეთ. აქ, ისევე, როგორც საქართველოს ყველა კუთხეში, „იეღოველობის“ სენი საკმაოდაა მოდებული. რამდენიმეჯერ მათაც შევხვდით. ხშირად ვმოგზაურობდით კომანში. როგორც წესი, ვჩერდებოდით ანუების სახლში (კეთილმორწმუნე ქრისტიანი ოჯახი, ტაძრის აღმშენებლები), სადაც მთელი გულით გვხვდებოდნენ. შეღამებისას ტაძარში ავდიოდით და ღამისთევის ლოცვების შემდგომ, მეუფის კურთხევით, კომანის წყალში ვიბანებოდით. მახსოვს, ნათლისღება ღამეს ლოცვა დილის ექვს საათზე დავამთავრეთ. გარეთ მშვენიერი ფუმფულა თოვლი იდო. მე სიცივისგან ისედაც კბილებს ვაკაწკაწებდი და იმისი წარმოდგენაც კი მზარავდა, რომ ამ გაყინულ წყალში უნდა ჩავსულიყავი და მერე თოვლზე ფეხშიშველას გამევლო. არაბუნებრივად სწრაფი მოძრაობებით ვემზადებოდი წყალში ჩასასვლელად. სამჯერ ჩაყვინთვის შემდეგ უკვე ყოველგვარი შიში უკან იყო: სიცივეს ვეღარ ვგრძნობდი. ანუების სახლში ნუგეშად თბილი ბუხარი და ტრაპეზი გველოდებოდა.

სოხუმში ძლიერი დაბომბვა რომ იწყებოდა, ტაძარში ჩავდიოდით და მიწყნარებამდე ვლოცულობდით. ერთი წლის განმავლობაში ისე მივეჩვიეთ ბომბების ხმას, რომ ღამით აღარც კი გვეღვიძებოდა. მე თბილისში ყოფნისას გავიგე, ჩვენს სახლს ბომბი რომ დასცემია. ორ დღეში ჩავედით სოხუმში. ჩვენები ნინოშვილის ქუჩაზე იყვნენ გადასულები, უწმიდესის მიტროპოლიტობის დროინდელ სახლში. დედები თავიანთ განცდებზე გვიყვებოდნენ. სულიერად ძალიან დაღლილები ჩანდნენ. მათ თვალწინ გარდაცვლილა რუსი მორჩილი - მარია, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა. ახალჩამოსულებმა ჩვენს დაბომბილ სახლს მივაშურეთ. მამა სერგის კელიაში ვნახეთ რკინის ის საზარელი მასა, სახლი რომ დააზიანა. ოთახის კედელი მთლიანად ჩალეწილი იყო. კიბის ორი საფეხური ისე იყო გაღუნული, კარგი ნახტომი უნდა გაგეკეთებინა, ზემოთ ასასვლელად. მძიმე სანახავი იყო იქაურობა. ღვთის წყალობით, ნელ-ნელა ყველაფერს ძველი იერი დაუბრუნდა. ნინოშვილის ქუჩიდან ისევ დავბრუნდით ჩვენს სენაკებში.

ჩაიარა მძიმე ზამთარმა და დიდმარხვამ. მალე მონასტრის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ჩვენი მორჩილები დედები გახდნენ. საოცარი იყო მათი აღკვეცის ღამე: მშვიდი, თბილი.

„დაჲ ესე ჩვენი მონაზონი... (მეუფე დანიელს აქ რატომღაც გრძელი პაუზის გაკეთება უყვარს) აღათია შეიკვეცს თმასა...“

ახლადაღკვეცილ ადამიანზე მშვენიერი სანახავი არავინაა ამ ქვეყანაზე. მამათა მონასტრიდანაც (ნინოშვილზე ამჟამად უკვწ მამათა მონასტერი იყო) კიდევ ერთი ბერი (მამა სვიმონი) შეემატა.

მეუფე დანიელი და რამდენიმე სტუმარი თბილისში გაემგზავრნენ. დავრჩით ჩვენ ოთხნი და ერთიც მეუფის მრევლიდან, მამებთან - მამა ანტონი და მორჩილი მამუკა (ახლა მღვდელ-მონაზონი მიქაელი). თხუთმეტ სექტემბრამდე ყველაფერი წყნარად მიდიოდა; ვიფიქრეთ, ამოვისუნთქეთო, რომ უეცრად რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს სოხუმში. ირღვეოდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ჩვენი ჯარები და საბრძოლო ტექნიკა აღარ იმყოფებოდა სოხუმში. სოხუმს არავინ იცავდა. გამახსენდა წინა ღამის სიზმარი: პირდაფჩენილი ლომის საზარელი ღრიალი. ხალხში მღელვარებამ იმატა: სოხუმის აღება უკვე ძალზე რეალური იყო. მახსოვს, საღამოს ვიღაც კაცები მორბოდნენ ყვირილით: „ძიძარიაზე არიან, ძიძარიაზე!“. ძიძარიას ქუჩა სულ ახლოს იყო ჩვენი სახლიდან. კარგად ვიცოდით, რომ არავის დაინდობდნენ აფხაზები და სიკვდილი ჩვენთვის სანატრელი გამხდარიყო. მე იერარქიით უპირატესი ვიყავი დედებს შორის და რამე უნდა გადამეწყვიტა. პირველად ვიფიქრე, მათი შემოსვლისას ეკლესიის კუნჭულებში დავმალულიყავით, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ამას აზრი არ ჰქონდა. ქვემოთ ერთი რუსი მღვდელ-მონაზონი, მამა ვიტალი ცხოვრობდა, რომლისთვისაც შეიძლება, სულერთი იყო, ვინ იქნებოდა სოხუმში - აფხაზები თუ ქართველები, მაგრამ ჩვენ ვეცოდებოდით და თანაგვიგრძნობდა. ღმერთს ვთხოვდი, მისი პირით თავისი ნება განეცხადებინა ჩვენთვის. მივედი მასთან და ვკითხე: „როგორ გვირჩევთ, დავიმალოთ, გავიქცეთ?“... ილოცეთო, - მიპასუხა. ამის გაგონებაზე რატომღაც ძალიან დავწყნარდი. მერე ვკითხე: „აფხაზებმა შეურაცხყოფის მოყენება რომ დაგვიწყონ, თვითმკვლელობაში ჩაგვეთვლება სარკმლიდან რომ გადმოვხტეთ?“ არა, მოწამედ შეირაცხებითო. მერე დაამატა: „იქნებ აქამდე არც მივიდეს საქმე“. წამოვედი. დედებს ვუთხარი, ყველანი შევიმოსოთ და ტაძარში ჩავიდეთ-მეთქი. ბერი ანტონი და მორჩილი მამუკაც ჩვენთან იყვნენ. ჩვენი ერთი მრევლთაგანიც თან გვახლდა - მერაბი, რომელსაც კაბა ჩავაცვით, რომ ყველანი ერთნაირად ვყოფილიყავით შემოსილნი (რამდენიმე თვეში ისიც ბერად აღიკვეცა სვეტიცხოველში). ტაძარში ჩავედით და ლოცვა, რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის პარაკლისით დავიწყეთ... „ყოველი სასოება შენზედა დამიძს, დედაო ღმრთისაო, დამიცევ მე საფარველითა შენითა“ - ვევედრებოდით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ლოცვა რომ დავამთავრეთ, ლიამ (სტუმრად იყო ჩვენთან), ამბავი მოგვიტანა - თბილისის აეროპორტი სოხუმში გამოსამგზავრებელი ხალხითაა სავსეო. ერთობის თბილი განცდა დამეუფლა, მაგრამ მალე ისეთი დაბომბვა დაიწყო, ყველაფერს ლაწალუწი გაჰქონდა. გამახსენდა: კაშპიროვსკის თბილისური სეანსების დროს სამთავროს მონასტერი იესოს ლოცვას კითხულობდა... უცებ, ლოცვის დროს, ერთი მორჩილი შემოვიდა და გვითხრა, კაშპიროვსკის სეანსი ჩაეშალაო. ახლაც, ზუსტად იმ წესით, რიგ-რიგობით დავიწყეთ იესოს ლოცვა. საოცარი ის იყო, რომ როგორც კი ლოცვას მოვადუნებდით, განსაცდელი მეტი ძალით მოდიოდა, გავაძლიერებდით და, რაღაც ნუგეშს ვღებულობდით ინფორმაციის სახით. მე, რა თქმა უნდა, იმისი თქმა არ მსურს, რომ აფხაზეთის ბედი ჩვენს ლოცვაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ჩვენგან ღმერთი რომ ლოცვას ითხოვდა, ამას კი ნამდვილად ვგრძნობდით. ყველა წმიდანს ვთხოვდით შეწევნას: წავიკითხეთ ყველა დაუჯდომელი და პარაკლისი, ყველა ხატთან კანდელი და სანთელი ენთო. „საქართველოს დიდების“ ხატს განსაკუთრებულად ვევედრებოდით. როგორც იქნა, გათენდა. სროლა ჩაცხრა. მოუთმენლად ველოდით ფოსტის გახსნას, რომ უწმიდესთან დაგვერეკა. მისი ხმა რომ გავიგონე, უკვე აღარაფრის მეშინოდა: „მაშ, შენ ფიქრობდი, რომ მოკვდებოდი? ჯერ ადრეა, შენ ჯერ არა ხარ მზად სიკვდილისათვის“... უწმიდესის მანუგეშებელი სიტყვები გადავეცი დედებს. ის ღამეც ტაძარში გავათენეთ. მეორე დღესაც უწმიდესს ველაპარაკე ფოსტიდან. მითხრა: მეც ჩამოვალ, მეუფე დანიელიც აქ არის და დაელაპარაკეთო. მეუფე ძალიან დამწუხრებული მომეჩვენა. მისი სიმძიმილის მიზეზი ამ მძიმე ჟამს სოხუმში არმოფნა იყო. შევიტყვეთ, რომ მეორე დღეს მისი უწმიდესობა, მეუფე დანიელი და სამღედელობის დიდი ნაწილი მოემგზავრებოდა სოხუმს. ვღელავდით, უწმიდესის სოხუმში ჩამოსვლა საშიში იქნებოდა. საღამოს შორენამ (პატრიარქის მდივანი) შემატყობინა, უწმიდესი ჯერ არა, მაგრამ მეუფე დანიელი კი ხუთ საათზე გამოფრინდება ჯგუფთან ერთადო. მძღოლს დავურეკეთ, ბენზინი ვიშოვეთ და მეუფის შესახვედრად გავემგზავრეთ. მამა ანტონი, მორჩილი მამუკა, მე და სამონაზვნე მელანია (ახლა მონაზონი ელისაბედი). ბომბები ჩვენს ირგვლით ეცემოდა. განუწყვეტლივ ბომბავდნენ აეროპორტს. და აი, როგორც იქნა, ის თვითმფრინავიც დაჯდა, რომელსაც ველოდით. პირველები ვიდექით ტრაპთან, მაგრამ ჩვენები არ ჩანდნენ. ძლივს დავრეკეთ თბილისში. გვეუბნებიან, მეუფე დანიელი მარტყოფში წავიდაო. გაოცებისა და დაბნეულობისაგან აღარ ვიცოდით რა გვექნა. დაველოდეთ სხვა თვითმფრინავს, რომელიც ვერ დაჯდა აეროპორტის ძლიერი დაბომბვის გამო და დაბრუნდა თბილისში. უკვე ბნელოდა. სოხუმში ჩვენი დედები გველოდნენ. გადავწყვიტთ მამები აეროპორტში დარჩენილიყვნენ, მე და დედა ელისებედი კი სოხუმში გავემგზავრეთ მეომრების ავტობუსით.

როგორც იქნა, მივაღწიეთ სახლამდე. ტელეფონით შევიტყვეთ, რომ მეუფე დანიელი სწორედ იმ თვითმფრინავში მჯდარა, აეროპორტში რომ ვერ დასვეს დაბომბვის გამო. მარტყოფი იმიტომ უხსენებიათ, რომ არ შეგვშინებოდა. როგორც იქნა, გათენდა. მართლაც, ჩამოვიდნენ მეუფე დანიელი, მამა პავლე და სამიოდე სხვა ადამიანი. ახლა კი, ცოტა შეგვიმსუბუქდა ომის სიმძიმე.

ოცდაერთ სექტემბერს ღვთისმშობლის შობა ვიდღესასწაულეთ. განუწყვეტელი გრუხუნისა და შინაგანი დაძაბულობის გამო ძილი არ მეკარებოდა. გასაკვირი ის იყო, ძალიან ფხიზლად ვგრძნობდი თავს დღეცა და ღამეც. ხშირად ღამით 1-2 საათი თუ მეძინა, ვერ ვისვენებდი. აღელვებული ხმა შემომესმა; წამოვდექი. ჩვენებიდან ზოგი ტაძარში იყო, ზოგი მეუფესთან; სროლა გახშირებული იყო. ერთი ახლობელი მეომარი მოვიდა და გვითხრა, პოზიციები დატოვებულია, დღეს სოხუმის აღება გარდაუვალია და დროზე გადითო. ჩვენ საწვავიც არ გვქონდა და არც ვიცოდით, ამ შუაღამისას, როგორ წავსულიყავით. საბოლოოდ, დარჩენა გადავწყვიტეთ. დილით მე და მამა პავლე, მეუფის ლოცვა-კურთხევით, წავედით უწმიდესთან დასარეკად, მაგრამ ფოსტა აღარ მუშაობდა: არანაირი კავშირი თბილისთან არ არის და არც იქნებაო, - გვითხრეს. წავედით მთავრობის სახლში, უწმიდესს რაციით მაინც რომ დავკავშირებოდით. პანტაპუნტით ცვიოდა ჭურვები. ჟიული შარტავამ თბილად მიგვიღო. რატომ არ გადიხართო, - გვკითხა. „თქვენ როცა გახვალთ, ჩვენც მაშინ გავალთ“, - ვუპასუხეთ. ჩაეღიმა. „ჩვენ შეიძლება არ გავიდეთ“, - თქვა მან. მივხვდი, რომ ამ ადამიანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი სოხუმიდან არსად წასულიყო. იმ დღესაც გადავრჩით. დადგა 34 სექტემბერი. ღირსი თეოდორე ალექსანდრიელის ხსენების დღე იყო. წირვაზე ვეზიარე. მეუფესთან მოვიდა გენერალი გენო ადამია. ძალიან უყვარდა მეუფე დანიელი და საერთოდ, ეკლესიის მსახურები: როცა რამე გვიჭირდა, პირველად ის გამორბოდა ჩვენს დასახმარებლად. ახლა ძალიან საწყლად გამოიყურებოდა. სხეული რამდენიმე ადგილას დასახიჩრებული ჰქონდა. თან ახლდა მისი საყვარელი მეომარი - კოტე, რომელიც მასთან ერთად დაიღუპა რამდენიმე დღის შემდეგ. ორივემ სანთლები დაანთეს ეკლესიაში, ილოცეს; მეუფესაც კარგა ხანს ესაუბრნენ. ცოტა მოგვიანებით კიდევ ერთი მორწმუნე მეომარი მოვიდა, მეუფის ნახვა უნდოდა. ისიც დაჭრილი იყო და კოჭლობდა (მომავალში მარტყოფის მორჩილი). არ ვიცი, ვინ რა უთხრა მეუფეს, მაგრამ ცოტა რომ მოსაღამოვდა, გვაკურთხა, ყველანი ავტობუსში ჩასხედით, დროებით აგუძერაში მივდივართო. მე მხოლოდ აუცილებელი ნივთები და რამდენიმე ხატი წავიღე. ვფიქრობდი, ალბათ, ერთ-ორ კვირაში დავბრუნდებით-მეთქი. არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ იქაურობას ვემშვიდობებოდი. თვალი შევავლე ჩემს პატარა სენაკს, თაყვანი ვეცი დარჩენილ ხატებს, ჩემი მფარველი წმიდა თეოდორას ხატი რატომღაც დავტოვე, ვიფიქრე, რომ დავბრუნდები, აქვე დამხვდება-მეთქი; ჩავკეტე ოთახი და წამოვედი (გასაღები დღესაც სახლში მაქვს). მეუფემ რამდენჯერმე გაიმეორა, აგუძერაში მავდივართ და მალე დავბრუნდებითო. დედა სერგიას ცრემლები მოადგა თვალზე, ჩამიხუტა. დამპირდა, ყოველთვის ვილოცებ თქვენთვისო. მამა ვიტალიც გულდაწყვეტილი გვიყურებდა. ამასობაში ჩვენი ავტობუსი ისე გავსებულიყო, ძლივს ავძვერი. აგუძერა სოხუმიდან რამდენიმე კილომეტრშია. მთელი ქალაქი შავი ბურუსით იყო მოცული. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს საშინელ გველეშაპს უნდა გადაეყლაპა სოხუმი. მივედით აგუძერაში. გავნაწილდით ზოგი ოჯახებში, ზოგიც იქვე ეკლესიაში. გათენდა 25 სექტემბერი. დილით ყველანი ტაძარში შევიკრიბეთ პარაკლისის ჩასატარებლად და საღამოს ლოცვისთვის მზადებას შევუდექით (26-ში ქეთევანობა იყო). ძალიან ვთხოვდით დიდმოწამე ქეთევანს შეწევნას. მაგრამ ეტყობა, ჩვენი განწმენდისათვის ღმერთმა დაუშვა ეს განსაცდელი. ამ დღეს მეუფე დანიელმა მერაბს მორჩილის კაბა უკურთხა და ბიძინა დაარქვა. მისი მშობლები თან გვახლდნენ. დედას თავიდან გაუჭირდა... ორი ბიჭი მყავს და ორივე ბერები, ერთი შვილიშვილი როგორ არ უნდა მეღირსოსო. მალე თვითონაც მონოზვნობაზე დაიწყო ფიქრი, მაგრამ მერე მეუღლე გაახსენდა.

იმ ღამეს გავიგეთ, კოდორიდან დიდი დამხმარე ძალა უნდა შემოსულიყო. მთელი ღამე ველოდებოდით, მაგრამ ამაოდ. 26-ში საღამოს ჯვართამაღლების წინასადღესასწაულო ლოცვა ჩავატარეთ. ლოცვის შემდეგ კიდევ ერთი შეიმოსა მორჩილის კაბით (ამჟამად მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი). აი, დადგა 27 სექტემბერი, მაცხოვრის ჯვრის ამაღლების დღე. ამ დღეს მოხდა სოხუმის აღება. ამ დღეს ყველა ტაძარში იგალობება ტროპარი: „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცავ, რათა ვიტყოდეთ უფალო, დიდება შენდა“. ამ დღეს აგუძერაში წირვა აღესრულა. ამ დღეს ისევ მოვიდა ის მეომარი, წასვლა რომ გვირჩია სოხუმიდან (შემდგომში მორჩილი ამირანი). დიდი მღელვარება იგრძნობოდა. გვითხრეს, რომ სოხუმში ძალიან ცუდად იყო საქმე. საღამოს დაძაბულობამ უფრო იმატა. მეუფის ლოცვა-კურთხევით, საწვავზე მამა პავლეს და მე უნდა გვეზრუნა. საწვავს უფასოდ არიგებდნენ. მე ერთადერთი ქალი ვიყავი ბენზინის რიგში. როგორც იქნა, ჩამისხეს ბენზინი. მალე მამა პავლეც მოვიდა ავტობუსით. აფხაზებს გაუგიათ, ბენზინს არიგებენო და ამ ადგილას უცებ ძლიერი დაბომბვა დაიწყო. ბომბები იმდენად ახლოს ცვიოდა, რომ ყურები მტკიოდა ხმაურისგან. მოფარებულ ადგილზე ვიდექი, მარტო. რატომღაც გაუაზრებლად ჩავიკუზე და პირველად ჩემს ცხოვრებაში ხმამაღლა ვიყვირე: „ღვთისმშობელო, მიშველე!“. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს საშინელება, მაგრამ როცა ყველაფერი მიჩუმდა, გამოვედი და დავინახე, რომ კაცის ჭაჭანება არ იყო ბენზინთან. მამა პავლეს გაუვსია მანქანის ავზი და ძალიან კმაყოფილი იდგა. ამ აურზაურში ვიღაცას მოუსწრია ჩემი სიმწრით ავსებული ბენზინის ბიდონის მოპარვა. ბენზინი ბევრი იყო, მაგრამ ჭურჭელი აღარ გვქონდა. დავბურნდით აგუძერაში. მამა პავლემ იფიქრა, რომ ავტობუსის ავზში ჩასხმული ბენზინი არ გვეყოფოდა ქუთაისამდე ჩასავლელად და გადაწყვიტა მეორედ წასვლა საწვავისთვის. მეუფე დანიელმა აღარ გამიშვა მამა პავლესთან ერთად. ცოტა ხანში, მამა პავლე კოჭლობით დაბრუნდა. გზაში ავარია მოსვლიათ. მამა პავლემ ფეხი იღრძო კოჭთან, მორჩილმა ბიძინამ კი ცხვირი დაიზიანა. ღვთის წყალობით, ორივე ცოცხალი გადარჩა.

ჩვეულებრივ, როცა ქალაქს ბომბავდნენ, თვითმფრინავებიდან გასანათებელ საშუალებებს ყრიდნენ, რომ ქალაქი კარგად გამოჩენილიყო. ლამაზი სანახაობა იყო, მაგრამ ასეთი განათების შემდგომ ვიცოდით, რაც გველოდა. 27-ში, საღამოს, აგუძერადან დავინახე, რომ სოხუმი მთლიანად განათებული იყო. ვიფიქრე, დაბომბვას დაიწყებენ-მეთქი, მაგრამ ამჯერად ისინი უკვე გამარჯვებას ზეიმობდნენ. ამ შემზარავმა სურათმა ყველას თავზარი დაგვცა. ვუყურებდით, როგორ ეცემოდა მრავალჭირნახული ქალაქი. დრო აღარ გვრჩებოდა. გავუდექით სვანეთის გზას. ამ გზას ადგა თითქმის ყველა, ვინც კი გადარჩა. ყველა გარბოდა საშინელი ურჩხულისაგან. სიკვდილი ყველაზე კარგი გამოსავალი იყო მათთვის, ვინც მის კლანჭებში მოხვდა. შეურაცხყოფის, დაცინვის, ტანჯვა-წამების, ნამუსის შებღალვის შიში აიძულებდა ყველას გაქცეულიყო საკუთარი მიწიდან. არ დამავიწყდება მეომრების სახეები. მათი დანახვა თითქოს ზღვარი იყო, რომელსაც სასოწარკვეთილებაში უნდა ჩავეგდე. არ ვიცი, რამ გადამატანინა ეს ყველაფერი. გზა მანქანებით იყო ჩახერგილი. ერთი-ორჯერ შეგვაშინეს, წინ აფხაზები არიანო. ღმერთმა არ გაგვწირა. 27-ის ღამე ავტობუსში გავატარეთ. დილით მივაღწიეთ სოფელ საკენამდე. დავანთეთ ცეცხლი, ცოტა პურიც გამოვაცხვეთ ნაკვერცხალზე. წინ მძიმე გზა გველოდა. ჯგუფის ერთი ნაწილი საკენში დარჩა, მამა პავლესთან. მას სიარული არ შეეძლო. მეუფე დანიელი და ჯგუფის მეორე ნაწილი გზას ფეხით გავუდექით სვანეთის მთებისკენ. დაუსრულებელი იყო აღმართ-დაღმართები. ის ღამე ტყეში გავათენეთ, კოცონთან. საშინლად დაღლილებს ჩაგვეძინა. იმ დღესაც ფეხით გადავიარეთ 9 მთა. მეუფე დანიელი ცდილობდა გაემხნევებინა სასოწარკვეთილების პირას მისული ხალხი. „გვეშველება რამე?“ - ამ კითხვას გვისვამდა ყველა. ჩვენ მეუფე დანიელთან ერთად ხშირი მოგზაურობების შედეგად გაწვრთნილები ვიყავით სიარულში, ბევრისთვის კი მართლა გოლგოთის გზა იყო ეს დაუსრულებელი, უსასრულო აღმართ-დაღმართები. როგორც იქნა, მივაღწიეთ ჭუბერამდე. ამ სოფელს უკვე უამრავი ხალხი ჰყავდა შეფარებული. ჩვენმა სვანმა მასპინძლებმა მთელი გულით მიგვიღეს, მაგრამ სიკვდილისა და უსასოობის გრძნობა არ გვტოვებდა. ჭუბერში, უკვე სამშვიდობოს გამოსულს, უფრო გამიმძაფრდა განცდა, რომ აფხაზეთი წაგვართვეს. თბილისიდან ჩამოსულმა კორესპოდენტმა შეგვატყობინა, რომ, თურმე, ტელევიზიაში, როგორც დაკარგულებს, გვაცხადებენ. მეუფე და მამები მამა პავლეს გადმოყვანის ამბით იყვნენ დაკავებულნი. მე და დედა აღათია თბილისში წამოვედით მეომრების მანქანით. ამდენი ხნის დუმილის შემდეგ მესტიიდან დავრეკე საპატრიარქოში. შორენა ძლივს დავაჯერე, რომ მე ვიყავი. მერე სახლში დავრეკე. დედაჩემმა მითხრა, მამაშენი და შენი ძმა შენს საძებნად არიან წამოსულებიო. მართლაც, ქუთაისში შემხვდნენ. ჩამოვედი თბილისში. დედაჩემი ტირილით შემომეგება. მიხუტებდა, მეფერებოდა. იმედი დაუკარგავს, რომ ცოცხალი ვარ. ამბობდა თურმე: ოღონდაც არ აწამონ ჩემი შვილი, შეურაცხყოფა არ მიაყენონ და თუნდაც მოკლანო. მკვდარივით ვეგდე საწოლზე. ფიქრის თავიც არ მქონდა. მალე საპატრიარქოდან დარეკეს, გელოდებითო. უწმიდესის დანახვამ შინაგანი მდგომარეობა შემიმსუბუქა. მომეფერა, დამიყვავა, დაწვრილებით მომაყოლა ყველაფერი.

კარგა ხანს, თითქმის ყოველ ღამით, სოხუმი მესიზმრებოდა. შუაღამით ვიღვიძებდი. დავიძინებდი, ისევ სოხუმს ვხედავდი. სხვებს რომ ვკითხე, ისინიც ასე ყოფილან. დედაჩემი დაძინების წინ ვალერიანის წვეთებს მაძლევდა. ასეთი სიმძაფრით არასოდეს განმიცდია სიკვდილის სიახლოვე. „სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკვდილსა არ მიმცა მე“. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. ახლა ყველა მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა დავუბრუნდებით ჩვენსავე მიწ-აწყალს, ჩვენს ეკლესიებს, წმიდა ადგილებს, რომლებიც ასე უხვადაა აფხაზეთში. მენატრება ჩემი პატარა კელია, ასე მგონია, იმასაც ვენატრები. მწამს, ღვთის წყალობით ყველაფერი მოგვარდება. „უფალმან მიაგოს ჩემ წილ. უფალო, წყალობა შენი უკუნისამდე, ქმნულსა ხელთა შენთასა ნუ უგულებელსყოფ“.

„მრავალთა ცოდვათაგან დაცემულნი აღგვადგინენ, და სულთა და ხორცთა ჩვენთა სენნი განკურნენ ღვთისმშობელო, რომელნი საფარველსა შენსა მივილტვით, რამეთუ შენ ხარ მკურნალი ყოველთა“.

მამა ანდრია ყურაშვილი პირველად სხალთის მონასტრში ვნახე. მაშინ მამა ანდრია ჯერ მორჩილიც არ იყო, პაატა ერქვა. (ამ მონასტერში ხშირად ჩავდიოდი სამთავროდან მეუფე დანიელის იქ ყოფნისას). პაატა გარეგნულად არაფრით გამოირჩეოდა. გარდა იმისა, რომ ძალიან იშვიათად თუ ამოიღებდა ხმას. სწორედ ამით მიიქცია მან ჩემი ყურადღება. მამა ეფრემს ვკითხე (მაშინ ისიც ამ მონასტერში მოღვაწეობდა), როგორია ეს ადამიანი, ხმას რომ არ იღებსთქვა. შეაქო, ძალიან თავდადებული მლოცველია და მოშურნეო, საათობით მელოდება ტაძარში ლოცვის დაწყების წინო. მახსოვს, ერთხელ მეუფე და მამა ეფრემი წამოსულები იყვნენ სხალთიდან და პაატამ სულ მარტო გაატარა მარხვა და დღესასწაულსაც მარტო შეხვდა, უდრტვინველად. მალე მისი ბერად აღკვეცის ამბავიც გავიგე. ხელდასხმა გერგეტის სამებაში აღსრულდა. აღარ მახსოვს, როგორ და რა ვითარებაში დავუახლოვდი მამა ანდრიას, მაგრამ სოხუმში რომ წამოვიდა, უკვე ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის. ხშირად მაძლევდა დარიგებებს. პირველად ცოტა მიკვირდა. ვფიქრობდი, ამ „ღვაწლმოსილ“ მონაზონს ეს გუშინდელი აღკვეცილი რატომ მარიგებს-თქო, მაგრამ დიდი გულისყურით ვუსმენდი. არ დამავიწყდება მისთვის ჩვეული იმერული კილოთი წარმოთქმული სიტყვები: „რაფერ მეცოდები, იცი დედაო, ამ გარეგნულ საქმეებში როდემდე უნდა იტრიალო მონაზონმა!“ გონიერი და დაკვირვებული იყო. ცხოვრებაში პირველად უნდა ჩაეტარებია პირველშეწირულის წირვა ჩვენს ეკლესიაში. საღამოს ვათხოვვ „წმიდა მსახურების სამაგიდო წიგნი“. ვიფიქრე, დავეხმარები რაღაც-რაღაცეების გაგებაში-თქო, მაგრამ უჩემოდაც მშვენივრად გაერკვა და მეორე დღეს წირვა-ლოცვაზე არაფერი შეშლია.

ერთ საღამოს კომანიდან სოხუმში ფეხით ჩამოვიდნენ მამა ანდრია და გაბრიელი. ძალიან დაღლილები და მშივრები იყვნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, სუფრა გავუშალეთ და ივახშმეს. როცა მაგიდას ვალაგებდი, თვალში მომხვდა, როგორი ზომიერებით ჰქონდა მიღებული საზრდო. ეტყობოდა, რომ გონებაში აწონილი ჰქონდა ყოველი ლუკმა. რაღაცეებს პირი საერთოდ არ დააკარა. მშიერისათვის ამ ზომის დაცვა, ალბათ, უფრო ძნელია, ვიდრე მთლიანად თავის შეკავება საზრდოსაგან. მერე გვერდზე გამიხმო, რაღაც ეჭვები აწუხებდა. მე ჩემი აზრი გამოვთქვი და გამაოცა, რა სიმდაბლით მიიღო ჩემი რჩევა.

მისი დაღუპვის წინ ვიყავით კომანში. უკვე საკმაოდ საშიში იყო იქ სიარული. მამა ანდრიამ შუაღამის წირვა-ლოცვის შემდეგ წმიდა ვასილისკოს საფლავზე წაგვიყვანა პარაკლისის გადასახდელად. ეტყობა, აფხაზებმა შეგვამჩნიეს და საშინელი სროლა ატეხეს. მამა ანდრიამ მშვიდად, აუჩქარებლად დაამთავრა პარაკლისი და ასევე მშვიდად დავბრუნდით ტაძარში. გზაში რომ მივდიოდით, საინტერესო საუბარი გვქონდა. სამწუხაროდ, ყველაფერი არ მახსოვს... ბოლო დროის ბერ-მონაზვნობაზე ვლაპარაკობდით. მამა ანდრიამ თქვა, რომ მის სულთან ყველაზე ახლოა წმიდა სილოვანე ათონელი. საუბარი ძველ ბერებზე და მონაზვნებზე დავიწყეთ. ის ცდილობდა ყველაფერში ძველი მამებისთვის მიებაძა. ფრთხილი და ზომიერი იყო ურთიერთობაში. საერთოდ, მარტოობა ერჩივნა. ის და ღმერთი, ეს იყო მისი ცხოვრების ღერძი. სულ ისწრაფოდა განდეგილობისკენ. ერთხელ ხუმრობით ვუთხარი, „ხიბლში“ ხარ-თქო (გულში ნამდვილად არ ვფიქრობდი ამას. დაფიქრდა, მერე მითხრა: „დედაო, ჩემთვის ეს დიდი ღვაწლი კი არ არის, უბრალოდ არ შემიძლია სხვანაირადო“.

ერთხელ, სამღვდელოება და მონაზვნები მეუფე დანიელის კურთხევით, წავედით მამა სერაფიმეს (სოხუმელი) სახლის საკურთხებლად. ჩვენს შორის იყო მამა ანდრია. ყველანი ძალიან ახლობლები ვიყავით. თავდაპირველად ყველაფერი სამღვდელოებისათვის საკადრისი ღირსებით მიდიოდა, მაგრამ როცა მამა სერაფიმეს ეზოში მანდარინის პლანტაციას წავაწყდით, პატარა ბავშვებივით შევესიეთ და დავიწყეთ ჭამა. პირველად ვნახე მამა ანდრია განრისხებული. მისი სული ვერ შეეგუა ღვთაებრივის გაუბრალოებას. ერთ-ერთი მორჩილი მისმა მრისხანებამ გააღიზიანა და იწყინა. მამა ანდრია საშინლად შეწუხდა, ვიღაცას რომ აწყენინა და აღარ იცოდა, რა მოემოქმედა.

ძლივს შევეგუე მამა ანდრიას სიკვდილის თავზარდამცემ ამბავს. ერთხელ სიზმარში ვნახე, თავის საფლავს მაჩვენებდა და ჩვეული უბრალოებით მითხრა: არაფერი ბევრი არ უნდა, წნულით შემოღობეთო.

არ ვიცი, შეირაცხება თუ არა იგი წმიდანად, მაგრამ მე მას ხშირად ვთხოვ შეწევნას ჩემი სულისთვის.

 

მღვდელი პავლე ფაჩუაშვილი (ამჟამად ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი):  1992 წლის დეკემბერი. პირველი ჩასვლა სოხუმში... შთაბეჭდილება უჩვეულო, მძიმე... აეროპორტში მავთულხლართები, გაზონებზე გილზები, უამრავი, გასაოცრად ბევრი. მოჭრილი, გზებზე დაყრილი ხეები. ყველაფერი გაჩანაგებული. სიცივე... საშინელი სიცივის განცდა. მაინც, მაშინ არ იყო სოხუმი ძლიერ დაზიანებული. თუმცა, ყველგან გამუდმებული სროლების ხმა ისმოდა.

ცნობიერებაში ცოცხლდება ის დღეები... ასე მგონია, იქ აღარავინ აღარაა. დარჩა მხოლოდ ჩალეწილი ფანჯრები, გადამწვარი სახლები, დანგრეული ქუჩები...

...ვიყავი რამდენჯერმე. ერთხელ ქალაქს რომ ვაკურთხებდით, ერთ-ერთ ქუჩაზე, იქვე, ჩვენს ახლოს ყუმბარა გასკდა. ეს პირველი ყუმბარა იყო... მერე მაღლიდანაც განუწყვეტლივ ბომბავდნენ სოხუმს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე დასახიჩრებულ ხალხს ვხვდებოდით. თავზარდამცემი იყო პატარა გოგო, 16-17 წლისა, ბავშვით ხელში, მკერდზე ახალგაზრდა ბიჭის სურათით... მისი ქმარი ყოფილა. ყუმბარას მოუკლავს.

...ერთხელ ჰოსპიტალში ავადმყოფებს ვაზიარებდით. დაიწყეს დაბომბვა. მოიყვანეს დაჭრილი მამაკაცი. აგონიაში იყო, ვერ აჩერებდნენ, ყვიროდა. მე რომ დამინახ, უფრო აყვირდა... გადავრჩები თუ არაო, მეკითხებოდა. პირჯვარი გადავსახე, ლოცვა წავუკითხე. მეორე დღესაც მივაკითხე. უკვე აღარა უშავდა რა, აღარ ბორგავდა.

დავიწყეთ პოზიციებზე სიარული, დავდიოდით სამხედროებთან, ვაზიარებდით.

ერთ ადგილზე ვერ მოვზომეთ და ჩვენი ყვითელი ავტობუსით ფრონტის ხაზი გადავჭერით. იქვე ქოხი იყო. ქოხიდან ჩვენები ისროდნენ. გადაირივნენ ჩვენს დანახვაზე... რა გინდათ აქ, მტერი შეგნიშნავთ და ყველას ერთად ამოგვხოცავსო. შევედით ქოხში. უნდა გაზიაროთო, ვუთხარით. გაოცდნენ. იმდენად აუცილებლობად მიიღეს, ყველა ეზიარა. ინანიებდნენ ცოდვებს.

...ვიყავით სოფელ ცაგერაში. იქ იყო მაშინ გაჩერებული ქართველ „შევარდენთა“ ლეგიონი, რომელსაც ელგუჯა წიკლაური ხელმძღვანელობდა. მივედით ბატონ ელგუჯასთან. აღმოჩნდა, რომ ამ ნაწილში უკვე ყოფილა მოძღვარი და უზიარებია ჯარისკაცები. რამდენიმე მოუნათლავი ჰყავდათ. მათ შორის ერთი აჭარელი იყო. იგი თითონ ელგუჯამ მონათლა. ნათლობა ჩავატარეთ ეზოში. აქ მოხდა ერთი საოცრება... ბატონმა ელგუჯამ გააკეთა ის, რასაც მხოლოდ ქართველი თუ გააკეთებს. მან თქვა, რომ ჰყავს რამდენიმე ტყვე აფხაზი. მოდით, ეს აფხაზებიც აზიარეთო (ო, ღმერთო, შენ უწყი მხოლოდ, რამდენი საუკუნეა საჭირო, რომ თუნდაც ერთი ასეთი ბიოლოგიური ტიპი შექმნას ბუნებამ). და, რამდენია მსგავსი მაგალითი ქართულ ხასიათში. რედ.), ჩვენ სიხარულით ვაზიარეთ ისინი... ერთი აღმოჩნდა მოუნათლავი. ბარემ ესეც მოვნათლოთო, ვთქვით და გვინდოდა ისიც ჩვენი ჯარისკაცების გვერდით დაგვეყენებია. ქალი იყო. აქ კი აღელდა ბატონი ელგუჯა. ჩემს მეომრებთან ერთად არ მოგანათვლინებთ, ცალკე მონათლეთო. არაფერი გაგვივიდა და ის ქალი ცალკე მოვნათლეთ.

უეცრად ჩოჩქოლი ატყდა. სამხედრო ნაწილში მოასვენეს ექისი დღის წინ დაღუპული მეომარი - გიორგი თოფჩიშვილი. ალბათ 20-25 წლისა. დაასვენეს შუა ეზოში. მეომრებმა შეკრეს საპატიო წრე. მიცვალებულთან პირველი მივიდა ბატონი ელგუჯა. საოცარი იყო, ექვსი დღის მიცვალვბულს ოდნავადაც კი უსიამოვნო სუნი არ ჰქონდა. გადავიხადეთ პანაშვიდი. რა ვითარებაში დაიღუპა-თქო, დავინტერესდი... უკან დახევის დროს დაღუპულა მისი მეგობარი... ავტომატი აფხაზების მხარეს დარჩენია... ამას არ უნდოდა მისი მეგობრის იარაღი მტერს ჩავარდნოდა ხელში და წამოსაღებად გაბრუნდა. გაიქცა, დაუძახეს თავი მაინც დახარეო. ამათ მე თავს არ დავუხრიო, უთქვამს. ასე დაღუპულა. პირი ღია ჰქონდა, თითქოს ისევ იმ სიტყვებს იძახდა... გადავუხადეთ პანაშვიდი. როცა პანაშვიდი სრულდებოდა, იქვე, ეზოს კუთხეში ცალკე ინათლებოდა აფხაზი ტყვე ქალი.

უკან რომ ვბრუნდებოდით, ტკივილისა და ცრემლის მიუხედავად, საოცარი სულიერი სისავსის გრძნობა მომყვებოდა. ესეც ქართული ხასიათის ერთი დიდებული გამოვლინება იყო.

...ვცდილობდით, ყველა მეომარი გვეზიარებია. ერთხელ, მძიმე საბრძოლო დღის შემდეგ, დაღლილები (იმ დღეს ბევრი ნაწილი მოვიარეთ), ოჩამჩირეში, ილორის წმიდა გიორგის ეკლესიაში ვბრუნდებოდით. გზაზე რამდენიმე მეომარი დავინახეთ. ავტობუსი გავუჩერეთ და ზიარება შევთავაზეთ. გვთხოვეს, მათ დროებით ადგილსამყოფელში წავყოლოდით. ცხოვრობდნენ ერთ მიტოვებულ სახლში... წავიკითხეთ მოკლე ლოცვები და ჯარისკაცების ზიარებას შევუდექით. უეცრად მეორე სართულიდან რუსი გოგონა ჩამოვიდა. არ დავფარავ, მაშინვე უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა, მაგრამ ჩემი ეჭვები მალე განქარდა. ეს გოგონა, რომელსაც ლიკას ეძახდნენ, ყოფილა მათი თანამებრძოლის მეგობარი, რომელიც ტვედ იყო ჩავარდნილი და ლიკა მებრძოლებთან ერთად ცხოვრობდა. ბიჭები თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ მას. ლიკა მოუნათლავი იყო. ჩვენ ჩავატარეთ საზეიმო ნათლობა და ჩემი ეჭვები საბოლოოდ განქარდა, როცა ერთი მებრძოლი ნათლიად დაუდგა. ჩვენ მას ანა დავარქვით.

გოგონა რომ მოვნათლეთ და სახლში შევედით, ერთმა ბიჭმა ბუხრის თავზე დასვენებული ორი ხატი მაჩვენა... ჩარჩოში ჩასმული სურათება დედა ღვთისმშობლისა და წმიდანების გამოსახულებებით. ეს მოხდა სოფელ ლაბრაში... ეს სოფელი, როგორც იცით, მრავალჯერ გადავიდა ხელიდან ხელში. აფხაზთა მხრიდან ერთ-ერთი მასირებული შეტევის დროს ეს ახალგაზრდა თავის სამ მეგობართან ერთად ერთ-ერთ სახლში იყო გამაგრებული. იგი ალყაში აღმოჩნდა. აფხაზებმა შესთავაზეს დანებება და სიცოცხლის შენარჩუნებას შეჰპირდნენ. გამოუვალი მდგომარეობის გამო მისი სამი მეგობარი რიგ-რიგობით გავიდა გარედ. თითონ ეს ახალგაზრდა ბუხარში დაიმალა. აფხაზებმა პირველი ბიჭი გასვლისთანავე მოკლეს, მეორეს ყურები მოაჭრეს და მესამე ტყვედ აიყვანეს. შემოცვივდნენ სახლში და რომ ვეღარავინ იპოვეს, სახლს ცეცხლი წაუკიდეს. როდესაც ბუხრის საკვამურში გაჩერება შეუძლებელი გახდა, ახალგაზრდა ჩამოხტა და ფანჯრიდან გადახტომა დააპირა, მაგრამ, მისი თქმით, რაღაცამ შეაჩერა. მიიხედა. დაინახა ეს ორი ხატი ბუხრის თავზე. გულში გაიფიქრა: მე მათ გადავარჩენ და ესენი მე გადამარჩენენო. მიირბინა, ხატები უბეში ჩაიწყო და მეორე სართულიდან გადმოხტა. აფხაზები იქ აღარ იყვნენ. სირბილით გადაკვეთა ფრონტის ხაზი და თავისიანებთან ისე დაბრუნდა, რომ ტყვია არ მოხვედრია. მოგვიანებით გული დამწყდა, რომ ერთი ხატი არ ვთხოვე.

ოჩამჩირიდან ერთ-ერთი გასვლის დროს სოფელ აჩიგვარასკენ წავედით. ზემოთ იდგა ერთი ნაწილი, რომლის მეომრების ზიარებას ვაპირებდით. მივედით. სამწუხარო ამბავი დაგვხდა. ღამით აფხაზებს ერთ-ერთ სოფელში ერთი მოსახლის სახლი ჭურვებით დაუნგრევიათ და მებრძოლები ღამით წასულან საბრძოლო დავალებაზე.

ჩვენ შემთხვევის ადგილისკენ გავემართეთ. გზად უნდა გაგვევლო ერთი მოშიშვლებული ფერდობი, საიდანაც ერთის მხრივ, ბედიის მონასტრის წარმტაცი ხედი იშლებოდა, მეორე მხრივ აფხაზების საბრძოლო პოზიციები ჩანდა. ამ ფერდობებზე შემოგვხვდა სტაფილოსფერი სატვირთო მანქანა, რომელსაც ჩვენი მეომრები მოჰყავდა. მანქანა გავაჩერეთ, მებრძოლები დაბლა ჩამოვიყვანეთ და ზიარებისათვის მათ მომზადებას შევუდექით. სანამ მამა იოსები და მამა ეფრემი საზიარებლად წმიდა ნაწილებს მოამზადებდნენ, მე ფერადი ოლარი და სამაჯურები შევიმოსე, ხელში დიდი ჯვარი დავიჭირე და მგზნებარე ქადაგება წარმოვთქვი. ის იყო, ქადაგების დასკვნით ნაწილზე უნდა გადავსულიყავი, რომ უცებ, ბუნების სიჩუმეში, თანაც დილით, სტვენის მსგავსი, გაბმითი ხმა მოისმა. ვერ მივხვდი, რა იყო ეს.

ჩემდა გასაკვირად, მეომრებმა ჯერ რაღაც ჩოჩქოლი ატეხეს, შემდეგ მოულოდნელად ყველანი მიწაზე გაიშხლართნენ. ეგონათ, ჩვენ ეს ვიცოდით. თვალი მოვკარი მამა ეფრემს, რომელიც სადღაც წინ გარბოდა. მარცხნივ... დაახლოებით 30 მეტრში, დავინახე ორმოციოდე სანტიმეტრის სიგრძის ფოლადისფერი საგანი, რომელიც ჩვენსკენ მოფრინავდა. საკმაოდ ლამაზი სანახავი იყო. მე კიდევ ვერ მივხვდი, ეს რა იყო და, რომ თვალი გავაყოლე. ჭურვმა ჩვენს მანქანას ოცი სანტიმეტრის სიმაღლეზე გადაუქროლა. რამდენიმე წამის შემდეგ ყველანი წამოცვივდნენ და ყვირილითა და სროლით იმ მიმართულებით გაიქცნენ, საიდანაც ჩვენ მოვდიოდით. ახლა მეც ვიკადრე გაქცევა. თან ძალიან ვცდილობდი, რომ სატვირთო მანქანას, რომელიც შეშინებულმა მძღოლმა ძალიან სწრაფად დაძრა ადგილიდან, ბორბლებში არ ჩავვარდნოდი. სამშვიდობოს რომ მივაღწიეთ, იქ სხვა მეომრები და სოფლის მოსახლეები დაგვხვდნენ. მათ სახეზე შეძრწუნება ამოვიკითხე. მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი, რას გადავურჩით. თანდათან დავმშვიდდით და ერთმანეთი მოვიძიეთ... მამა ეფრემი არ ჩანდა... ცოტა ხანში ისიც გამოჩნდა. თურმე სირბილით მთელი ფერდობი შემოუვლია. ჩვენ ამის შემდეგ მაინც გავბედეთ და პოზიციებზე წავედით, თუმცა იმ დღეს დიდი სიმძიმე სულ თან გვდევდა. ჩვენი გაუფრთხილებლობის გამო კინაღამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შევიწირეთ. მოვილაპარაკეთ, თავს გადახდენილი „გმირობის“ შესახებ სიტყვა არავისთან დაგვეძრა, მაგრამ აჩიგვარაში რომ ჩავედით, იქ უკვე იცოდნენ ამის შესახებ. მებრძოლებს ჩამოუტანიათ ამბად. გადავწყვიტეთ, სოხუმში მაინც არ შეეტყოთ, მაგრამ როგორც კი ჩავედით, იმ წუთასვე, ჩვენდა გასაოცარად, მთელმა მონასტერმა შეიტყო. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და გვიკვირდა, ნვტა, ვინ გაგვთქვაო. ბოლოს კი მივაკვლიგთ მიზეზს, მაგრამ გადავწყვიტეთ, ნამუსი შეგვენახა და აღარ გავამჟღავნეთ. არც ახლა ვიტყვი.

როდესაც პირველად ლაბრაში მოვხვდით, გახურებული ბრძოლა იყო. ჯარისკაცების თანხლებით გადავირბენდით სახლიდან სახლში და მოფარებულში ვაზიარებდით ხოლმე, იქ გამაგრებულ ჯარისკაცებს. როდესაც იმ უბანში თითქმის ყველა ვაზიარეთ, და წასვლას ვაპირებდით, უეცრად ნადავლი თეთრი მსუბუქი მანქანით ერთი ჯარისკაცი მოვიდა და გვთხოვა, სოფლის მეორე ნაწილში გავყოლოდით; თან გაგვაფრთხილა, რომ ფრონტის ხაზი უნდა გადაგვეკვეთა. ჩვენ გავყევით. როდესაც მანქანა გაჩერდა და შემოსილები, ოქროსფერი ბარძიმით ხელში გადმოვედით, ახლომდებარე სახლის მეორე სართულიდან ჩვენს დანახვაზე ვეება ტანის ბიჭმა, ასე16-17 წლისამ, სნაიპერის თოფი გადადო, გამოიქცა და სიხარულით მოგვაძახა: „მამაო, ქართული სული ცოცხალია!“. პირველი ის ბიჭი ვაზიარეთ.

...მოვიდა 1993 წლის აღდგომა. მეუფე დანიელი სოხუმში იყო. ჩვენ საგანგებოდ ჩამოვედით ამ დღეებში თბილისში, გავამზადეთ საჩუქრები: წითელი კვერცხები, პასქა, ხილი, კონიაკი, შოკოლადები, ნამცხვრები... საჩუქრები უფასოდ შემოგვწირეს შოკოლადის ფაბრიკამ, კავკასიის ბირჟის ზოგიერთმა საბროკერო ფირმამ... ამას ყველაფერს ორგანიზაცია გაუკეთა ერთ-ერთი ფირმის ხელმძღვანელმა, ბატონმა ნიკოლოზ წილოსანმა... თითონაც წაგვყვა სოხუმში. ტრანსპორტირებაში დაგვეხმარა თავდაცვის სამინისტრო, თან დაგვყვებოდა მათი წარმომადგენელი, ვიცეპოლკოენიკი ტარიელ სირანაშვილი.

ერთი ეპიზოდი: ვიყავით სოფელ ახალდაბაში. ჩვეულებრივ, მივედით შტაბში. იქ მორიგის გარდა არვინ დაგვხვდა. ვიკითხეთ მეთაური. გვითხრეს, რომ იგი ერთ-ერთი მეომრის ორმოცზე იყო წასული. ვიპოვეთ ის ოჯახი, მაგრამ მეთაური იქ აღარ იყო, ისევ ორმოცზე სხვა ოჯახში წავიდაო... იქაც წავედით. არც იქ დაგვხვდა, მესამე და მეოთხე ორმოცზე წასულიყო... ბოლოს, როგორც იქნა, ვნახეთ. გვითხრეს, რაზმი, რომელსაც ეს მეთაური ხელმძღვანელობდა, ახალდაბელი ახალგაზრდებისა ყოფილა. ეს ის სოფელია, რომლის მაცხოვრებლებიც, ზაფხულის ბოლოს აფხაზებმა ერთად შეჰყარეს და დაწვეს. ამ სოფელში ჩვენი მისვლის დროს 360 ოჯახი იყო. ამ 360-მა ოჯახმა სამშობლოს 400 მებრძოლი მისცა. იმ დღეს ჩვენ გულას შემძვრელი ამბის მონაწილენი აღმოვჩნდით: ოთხი ბიჭი მეთაურს გაუგზავნია საბრძოლო დავალების შესასრულებლად. ესენი მეგობრები იყვნენ და სულ ერთად დადიოდნენ. ოთხივე ერთად აფეთქდა ნაღმზე. აღდგომას იყო მათი ორმოცი. ოთხივე ოჯახში გადავიხადეთ პანაშვიდი, ოთხივე ოჯახში დავტოვეთ მათი კუთვნილი სააღდგომო საჩუქარი; ვაკურთხეთ მეხუთე ოჯახიც, სადაც ასევე, ომში დაღუპული ბიჭი ჰყავდათ. მისი ორმოცი ჯერ არ იყო შესრულებული. ბოლოს შევიკრიბეთ ერთ-ერთის ოჯახში და სამგლოვიარო სუფრასთან ერთხელ კიდევ დავლოცეთ მათი სულები. ესენი არიან: სოკრატი, მეტსახელად ბუდა, ვახტანგი, ამირანი და დემური. სულ ახალგაზრდები. სოფლელები, ცხადია, ყველას დაღუპვას განიცდიდნენ, მაგრამ დემური სოფლის თავკაცი ყოფილა... თამადამ თქვა, აი, ახლა მე ამ სუფრას ვხელმძღვანელობ... მთხოვეს და იმიტომ. დემური ისეთი იყო, თამადობას ვერავინ წაართმევდა. ყველაფერში პირველი იყო, თამადობაშიც, შრომაშიც, ბრძოლაშიც და სამშობლოსათვის სიკვდილშიც პირველობა არავის დაანება... წინ მიდიოდა... სოფლის ძვალი იყოო. ასე თქვა. ამ მეთაურს ყველა მებრძოლისთვის დავუტოვეთ საჩუქრები და წამოვედით. თბილისში ჩვენც გველოდა ერთი, საოცარი სულიერი საჩუქარი... თბილისის აეროპორტიდან ქალაქში თავისი ავტობუსით წამოგვიყვანეს მეომრებმა, რომელთაგან ერთ-ერთმა გახარებულმა მითხრა: იცით, ეკლესიიდან ჩვენ საჩუქრები მივიღეთო... რა-მეთქი და... „აღდგომა დღეს პოზიციაზე მომიწია მორიგეობა. თბილისელებმა ახალდაბელები თანამებრძოლთა ორმოცზე გავუშვით და ჩვენ ვცვლიდით მათ... ვიწექი ტყეში, ტალახში და ვფიქრობდი, ღმერთო, რა არის, ამ აღდგომა დღეს ერთი წითელი კვერცხი მქონოდა-თქვა... სულ მალე დაბრუნდნენ ახალდაბელები და საჩუქრები ამოგვიტანეს... რაც მთავარია, წითელი კვერცხები...“

ჩემთვის ეს დიდი სიხარული იყო... ამაზე მეტი ჯილდო არც მჭირდებოდა.

მაშინაც და მერეც ბევრჯერ მქონია შეხება ამ ომთან. ბევრი აზრი მსმენია მისი მიზეზების, სამართლიანობის თუ აუცილებლობის შესახებ. არ ვიცი, რატომ მოხდა ეს და ვისი ბრალია, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი. იქ იბრძოდნქნ ჩვენი ერის საუკეთესო შვილები, „ჩვენი ძვალი“. ისინი სამშობლოსათვის იბრძოდნენ. მათ არ ჰქონდათ იმისი დრო, გაერკვიათ მიზეზები. ისინი სამშობლოსათვის დაიღუპნენ და მჯერა, ღმერთი ყოველივეს ასევე შეიწირავს მათგან - ახალი დროის უსახელო გმირებისაგან.

 

დედა ევგენია (მახარაძე): უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, მე, დედა თეოდორა და დედა ანასტასია ზაფხულში იერუსალიმში ვიყავით. თან გვახლდა თარჯიმანი, ივრითის მცოდნე, ჩვენი ეკლესიის მრევლიდან, ლაშა ჟვანია. მოვილოცეთ წმიდა ადგილები. პირველი წირვა მაცხოვრის საფლავთან დავაყენეთ. ეს იყო 2 აგვისტოს, ილიაობას ვილოცეთ საქართველოსთვის და უწმიდესისთვის... წირვა ჩატარდა ბერძენ ღვთისმსახურებთან ერთად.

შემდეგ... 9 აგვისტოს ჯვრის მონასტრშიც დავაყენეთ ერთობლივი წირვა... წმიდა პანტელეიმონის დღეს... წირვა ჩავატარეთ ასევე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, მის საფლავზე, გეთსიმანიის ბაღში. იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ უფლისადმი უსაზომო თხოვნითა და უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, გადაწყდა ჩემი მონაზნად აღკვეცა. მეუფე დანიელმა ჰკითხა უწმიდესს, სად უნდა მომხდარიყო ეს და სავსებით მოულოდნელი პასუხი მიიღო - აფხაზეთშიო. მე სიხარულით ცას ვეწიე... ძალიან ვღელავდი წასვლის დღეს. თან მახლდნენ ჩემი იერუსალიმელი დედები. აღკვეცა მოხდა 24 აგვისტოს... სასწულს ჰგავდა ეს... 24 აგვისტო ჩემი გამზრდელი უსაყვარლესი ბებიას დაბადების დღეა. ერქვა ევგენია და ალბათ, ღვთის ნებით, მე ეს ღრმად მწამს, მეც დამარქვეს ევგენია... საოცრებაა, მაგრამ სინამდვილეა. ვიყავი ბედნიერი. აღვიკვეცე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარში, საღამოთი. სოხუმში ათი დღე დავრჩი. იყო ღვთისმშობლის მიძინების დღეები. იყო სიმშვიდე... ცაც, ზღვაც საოცრად კამკამა. ისეთი ძლიერი იყო სიმშვიდე, რომ ვერ იფიქრებდი იმ საშინელებებზე, რაც სულ მალე მოხდა. ასეთი სოხუმი არც მახსოვს. სამჯერ შემოვუარეთ ქალაქს ჯვარ-ხატებით, ლოცვით, გალობით.

მინდა აღვნიშნო... 28 აგვისტოს, წირვის მერე ტაძარში შემოვიდა ბატონი ჟიული შარტავა. ტაძარში უკვე აღარავინ იყო. დიდხანს, დიდხანს მარტო ლოცულობდა. ძალიან იმოქმედა, თვალცრემლიანი შევცქეროდი.

ჩამოვედი იქიდან ათი დღის შემდეგ და ზუსტად ორ კვირაში დაიწყო ომი.

 

დედა თებრონია (სეფერთელაძე): სოხუმში ჩავედი ახალი წლისათვის, შობამდე. ძალიან ციოდა. საერთოდაც, ის ზამთარი ძალიან ცივი იყო. იქ ყოფნის დროს ჩემთვის უამრავი ახალი საოცარი, რთული და მძიმე რამ მოხდა. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი იყო ქართველი ბიჭები, მამა ანდრია, დაბომბვები, კომანი და სოხუმის გაზაფხული.

მეუფე დანიელი ხშირად დადიოდა სამხედრო ნაწილების დასალოცად და ჩვენც დავყვებოდით. თვალწინ მიდგას ბიჭების სახეები. ვაჟკაცობასთან ერთად მათში დიდი ტრაგიზმი იგრძნობოდა. ხშირად მოდიოდნენ ეკლესიაში. ზოგი ინათლებოდა ნაწილშივე, ზოგი ეზიარებოდა კიდეც. ზოგიერთი კი ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეც იყო მისული. მახსოვს, ერთხელ, ლოცვის დროს ერო-ერთი შემოვარდა შუა ეკლესიაში, იარაღი დააგდო და ტირილით - „ღმერთოოო...“ მთელი ხმით შეჰყვირა. მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი მათზე და სიკვდილზე და უბედურების შეგრძნება არ მშორდებოდა. მიყვარდა ბატონ გენო ადამიას დანახვა. მას ყოველთვის რაღაც სიხალისე მოჰქონდა. ჩვენთან მეგობრობდნენ და ხშირად გვეხმარებოდნენ მისი უახლოესი თანამებრძოლი ბიჭები. მათ შორის გამორჩეული სილამაზის და ახოვნების იყო კოტე ლოთედიანი, რომელიც სოხუმის დაცემის დროს ბატონ გენოსთან ერთად დაიღუპა.

დიდ ყურადღებას იჩენდა ეკლესიისადმი შრომის შენაერთის უფროსი ამირან კიკაბიძე, რომელიც სოხუმის აღებამდე, დაახლოებით ერთი თგით ადრე დაიღუპა. იგი ყოველთვის ზრუნავდა, მშვიდობით ჩავსულიყავით ხოლმე კომანში. ერთ-ერთი ასეთი სვლის დროს, სანამ ჩვენ შტაბ-ბინის კურთხევას ვასრულებდით, გზის დასაზვერად ბატონმა ამირანმა ორი მეომარი „ბეტეერით“ გაუშვა. ცოტა ხანში აფეთქების ხმა გავიგეთ. ერთი, სახელად ედუარდი, რომელიც მობრუნების შემდეგ მონათვლას აპირებდა, გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმედ დაიჭრა.

სოხუმის დაბომბვა მარტში დაიწყო. თავდაპირველად თითო-თითო ბომბს გვესროდნენ, შემდეგ კი ისე გვბომბავდნენ, რომ ცოტა ხანში ქვა-ქვაზე არ დარჩებოდა. ბოლოს უკვე სოხუმში მთელი კვარტალები იყო გასწორებული მიწასთან, სახლი აღარ იყო, ბომბი არ ჰქონოდა მოხვედრილი. მოოხრებული იყო ყველაფერი და მიუხვდავად ამისა, მე მგონი მაინც ასეთი ლამაზი გაზაფხული, ალბათ, სოხუმში არასოდეს ყოფილა. ქუჩებში სხვადასხვა სახეობის ყვავილი ჰყვაოდა. ზღვა მშვიდი, ჰაერი გამჭვირვალე, მზე. და ამდენ სილამაზესთან ერთად გაუთავებელი უბედურება, ნახევრადმშიერი მოხუცები და უპატრონო მიცვალებულები.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც ვმღეროდით, ვგალობდით ყველგან, ეკლესიაში, საავადმყოფოებში, სამხედრო ნაწილებში, სახლში, ქუჩაში, სასაფლაოზე, სუფრასთან, ოჯახებში.

პირველი მძიმე დარტყმა მამა იოანეს სახლის დაბომბვა და მისი მეუღლის, ტაისიას სიკვდილი იყო. მამა იოანესათვის თანაგრძნობის გაწევა მე მხვდა წილად. მის გვერდით ვიყავი იმ უმძიმეს წუთებში, როცა „მატუშკა“ მორგიდან ეკლესიაში გადმოვასვენეთ. იგი საოცრად ლამაზი მიცვალებული იყო.

მალე ეკლესიაც დაბომბეს. პირველი ბომბი ჩვენგან შედარებით მოშორებით დავარდა. არ გასულა სამი წუთი და თავზე დაგვემხო ყველაფერი; მეორე პირდაპირ ჩვენს სარეზიდენციო შენობას დაეცა. ყველაფერი ელვის უსწრაფესად მოხდა. ბომბის ხმა არ გაგვიგია. აფეთქება კი შემაზრზენი იყო. მთელი სახლი შეირყა. აფეთქების წნევისაგან შემოინგრა კარები და ყველა ფანჯარა, დაიმსხვრა მინები, დაილეწა ჭურჭელი და შემოვარდა მტვრის შავი ბუღი. ეკლესიაში შესვლა მოვინდომეთ, მაგრამ კიბეები ჩარღვეული იყო, ერთ-ერთი კედელი ჩამორღვეული, რკინის კოშკი ხუთი მეტრის დაშორებით გადაგდებული. კიბის მთავარი ღერძებით ჩავედით ეზოში და ეკლესიის მსახური ქალის - მარიას სიკვდილის შემზარავი სურათი დაგვხვდა. თვალებზე ხელი ავიფარე და მიუხედავად ჩემი პროფესიისა, ვერ მივეკარე. დაბომბვა ისევ გრძელდებოდა და ვიღაც მიყვიროდა, ეკლესიაში შედიო. მერე ყველანი ეკლესიაში ვიყავით და ხმამაღლა ვლოცულობდით. მახსოვს, ვყვიროდი „უფალო შეგვიწყალეს“. დაბომბვა ისევ გრძელდებოდა. დაახლოებით ხუთი „გრადი“ ჩვენგან ძალიან ახლოს დავარდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველა ჩვენს სახლს ხვდებოდა. აშკარა იყო, მიზანდასახულად ბომბავდნენ ეკლესიას. იმის გააზრება, რომ ჩვენი ამოჟლეტა უნდოდათ, სასოწარკვეთილებაში მაგდებდა. მოვიკრიბეთ ძალები და მე, დედა ეკატერინემ და რამაზმა (არქიტექტორმა) მარია ეკლესიაში შევასვენეთ. დაბომბვა შეწყდა თუ არა, ეკლესიაში შემთხვევით მყოფ ერთ სომხის ქალს ისტერიკა დაეწყო. შვილი სახლში მარტო დაეტოვებინა. მერე იმას ვაწყნარებდით.

მოვიდნენ მამები ნინოშვილის ქუჩიდან, შემდეგ მე და მორჩილი ლელა წავედით შტაბში ბატონ გენოსთან, რომ თბილისს დავკავშირებოდით. იქ ყველანი ძალიან შეწუხდნენ. ბატონმა გენომ მანქანა გამოგვიყო. უწმიდესს ვერ დაველაპარაკეთ. შემდეგში აღმოჩნდა, რომ რეზიდენციაში კავშირგაბმულობა დაუზიანებელი იყო და საპატრიარქოს დავუკავშირდით. გადაწყდა, ვისაც ეშინოდა, უნდა წასულიყო, ვისაც არა, ნინოშვილის ქუჩაზე, სამეუფო სახლში გადასულიყო. ყველამ იქ გადასვლა ვარჩიეთ. მეუფე დანიელი იმ ხანებში თბილისში იყო.

დაბომბვის დროს განსაკუთრებით მძიმე ასატანი „სირენის“ ხმის გაგონება იყო, რომელსაც ჩვენები ხალხის გასაფრთხილებლად რთავდნენ. ამ დროს ტაძარში ჩავდიოდით, მაგრამ მახსოვს, ლოცვა მიჭირდა; სახარებას ვკითხულობდი და ეს მშველოდა.

ჩვენ 17 მაისს დაგვბომბეს. 18 მაისი შედარებით წყნარი იყო. 20 მაისიდან ერთ-ერთი მოლაპარაკება იწყებოდა: ამიტომ 19 მაისს საშინელება დატრიალდა... ორივე მხარემ, რაც კი ბომბები ჰქონდათ, ერთმანეთს დაუშინა. ქალაქი მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული. ჩვენ ყველანი, მორჩილი ელენე (ლელა), სამონაზვნე ეკატერინე, სამონაზვნე ანუსია, მორჩილი ნანა და მე (მაშინ მორჩილი მაკრინე) ვიყავით ნინოშვილის ქუჩაზე, სამეუფო სახლის შიგა კიბესთან შეყუჟულები; ჩვენის აზრით, ყველაზე დაცულ ადგილას. მამა ანტონი, მორჩილი მამუკა და იგორი სარეზიდენციო სახლში იყვნენ. ჩვენს სახლთან რიგორც ჩანს, ახლოს იყო განლაგებული „გრადის“ სასროლი იარაღი და ორივე მხრიდან ნასროლი ბომბები ძალიან ახლოს - დაფრინავდა. შემზარავი ხმა ჰქონდა. ტყვიები განუწყვეტლივ ზუოდნენ და ჩვენგან ახლოს ცვიოდნენ, დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში, მცირე შესვენებით, ღამის 12 საათამდე გრძელდებოდა ეს საშინელება. მახსოვს, სიკვდილს ველოდებოდი. ღვთის იმედი არ დამკარგვია, მაგრამ თან ვფიქრობდი, იქნებ ჩვენი სიცოცხლე გასაწირადაა საჭირო თქო და ვეგუებოდი ამას ყველაფერს. სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდნილვარ, მაგრამ მთელი სხეულით ვკანკალებდი. გამახსენდა ყველა ჩემი ახლობელი და შორეული, ყველა ელვის სისწრაფით თვალწინ დამიდგა. ყველა გავიმეტე ჩემი სიკვდილისთვის, მაგრამ დედაჩემი ვერა. მაშინ მივხვდი, რომ არ მოვკვდებოდი.

მეორე დღეს მეუფე დანიელი ჩამოვიდა.

ზაფხულში ხატებითა და ჯვრით მოეწყო მსვლელობა, გალისა და ოჩამჩირის რაიონების დალოცვა. დავიწყეთ ილორის წმიდა გიორგის ტაძრიდან. აფხაზეთში ძალიან ლამაზი სოფლებია. ომი ყველას დიდ დადად დააწვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხალხში მაინც არ იყო განსაკუთრებული ლტოლვა სარწმუნოებისაკენ; თუმცა, ძალიან დიდი ნათლობები მოეწყო. ჩვენ სოხუმში ვეღარ მივბრუნდით... ტამიში აიღეს აფხაზებმა და გზა ჩაიკეტა. მალე კომანიც დაეცა და მამა ანდრიაც დაიღუპა. სოხუმში მეუფე დანიელი და დედები თბილისიდან ჩაფრინდნენ. ამ დროისათვის, უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, მე თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადამიყვანეს.

შემდგომ ჩასვლაზე მეუფე დანიელი გულრიფშში ჩავიდა წირვა-ლოცვის ჩასატარებლად. სწორედ მაშინ მოხდა ზღვიდან გულრიფშის დაბომბვა. ძალიან გახარებული იყო მრევლი მეუფის ჩასვლით. მათ შორის გამოირჩეოდა თამარი. დაბომბვა რომ დაიწყო, შეშინებული სახლისკენ გაიქცა, ბავშვები ეზოში დავტოვეო, გზაში ბომბის ნამსხვრევი მოხვდა და დაიღუპა. მას ორი პატარა ბიჭი დარჩა.

სოხუმის ბოლო მოვლენების უშუალო მონაწილე მე არ ვყოფილვარ. სოხუმის აღებიდან რამდენიმე ხანი არაფერი ვიცოდი მეუფე დანიელის, მამებისა და დედების შესახებ. მათ სვანეთის მთები გადმოიარეს...

 

ბერი სიმონი: როდესაც მეუფე დანიელი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად დაადგინეს, ჩვენც, მისი სულიერი შვილებიც - მამა ანდრია და მე სხალთის მონასტრიდან სოხუმში გადაგვიყვანეს. მაშინ მე მორჩილი ვიყავი და გაბრიელი მერქვა. სოხუმი თითქმის სულ მლიანად დაცარიელებული იყო... ირგვლივ დუმილი სუფევდა... ქუჩებში, ისიც აქა-იქ სამხედრო პატრულები თუ გამოჩნდებოდნენ ხოლმე... ჯერ სოხუმში სროლა არ ისმოდა... მისი ხმა მხოლოდ შორიდან მოდიოდა. თებერვლის შუა რიცხვები იყო. დიდ მარხვამდე 3-4 დღე იყო დარჩენილი. მეუფე დანიელის კურთხევით, ჩვენ კომანში გაგვამწესეს. რის ვაივაგლახით, ხან მანქანით, ხანაც ფეხით გავუდექით გზას კომანისაკენ. გუმისთის ნაპირას აფხაზი „ბოევიკები“ იყვნენ და თავისუფლად შეუძლებელი იყო მიმოსვლა.

კომანის იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესია სოფლის შუაგულში აღმართულ გორაკზე მდებარეობს. ეკლესიაში ანუების ოჯახი შემოგვეგება... უზომოდ გაიხარეს... დიდი ხანია, მოძღვარს მოელოდნენ და მამა ანდრიას დანახვაზე ცა გაეხსნათ, გაეხარდათ. კომანში თითქმის აღარავინ იყო, ჯარისკაცების გარდა... თავდაპირველად ისინი დიდ ინტერესს არ იჩენდნენ სარწმუნოების მიმართ, მაგრამ შემდეგში, ისინი ხშირად შემოდიოდნენ ტაძარში... დაღლილები იყვნენ და მამა ანდრიას იმედიანი სიტყვა ძალას ჰმატებდათ. თანდათან ყველა ვაზიარეთ... ხშირად, როცა დრო გვქონდა, ჩვენ თითონაც ფრონტის ხაზზე გავდიოდით და იქ ვაგრძელებდით საუბარს სარწმუნოებაზე. რამდენჯერმე სოფელ ახალშენშიც ავედით... ადგილობრივ მოსახლეობას და ასევე ჯარისკაცებსაც უხაროდათ ჩვენი მისვლა... სამწუხაროდ, ამ უფლის მიერ ნაკურთხ მიწაზე, ადამიანებში რწმენა ძალიან იყო შერყეული და მამა ანდრიას ბევრი ქადაგება უხდებოდა მათ გამოსაფხიზლებლად.

მამა ანდრიას ძალიან უყვარდა წმიდა ვასილისკოს წყაროზე მარტოდ ჩასვლა... საერთოდაც, ყველაზე მეტად მარტოობა უყვარდა... წყაროდან იგი ვასილისკოს საფლავზე ადიოდა და პარაკლისს იხდიდა... უფალს ავედრებდა ამ ცოდვილ ქვეყანას. რამდენჯერმე სროლაშიც მოჰყვა, მაგრამ ეს არ აწუხებდა... როდესაც საშიშროება გადაივლიდა, ეკითხებოდნენ, შეგეშინდა თუ არაო და ისიც თავისებური წყნარი და უჩვეულო ღიმილით პასუხობდა: მადლობა ღმერთს, შიშის გრძნობა არ გამაჩნიაო.

რაც დრო გადიოდა, მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა. განუწყვეტლივ ბომბების გრუხუნი ისმოდა. ესროდნენ სოფელს... მშვიდობიან მოსახლეობაში იყო მსხვერპლიც. ერთი-ერთი ასეთი დაბომბვის დროს დაიწვა ანუების სახლი. ოჯახი ფაქტიურად, ღია ცის ქვეშ დარჩა... მაგრამ მათ თვალებზე ცრემლი არ დაგვინახავს, აქეთ გვაწყნარებდნენ: „ღვთის ნებაა ყველაფერი. მთავარია, რომ ღმერთმა არ მიგვატოვოსო“.

მამა ანდრიას ერთადერთი რამ აწუხებდა: თუ მტერი შემოვიდოდა, ღირსეულად შეხვედროდა სიკვდილს... მე კი ვწრიალებდი... როცა შეწუხებულს დამინახავდა, მეტყოდა:

- ნუ შიშობ... საშიში ის იქნება, სასუფევლის გარეშე რომ დარჩე. მოემზადე... ყველაფრისთვის მზად უნდა იყოო, და მეც მაშინვე ვმშვიდდებოდი.

რატომღაც იმედი მქონდა, რომ აფსუები კომანში არ შემოვიდოდნენ. აქაური დიდი წმიდანები არ დაუშვებდნენ წმიდა ადგილების შებილწვას... მაგრამ შევცდი, თურმე უფალი ჩვენგან სხვა რამეს ითხოვს...ეს სხვა რამეა რწმენა, რომლისაგანაც ძალიან შორს ვართ. ამაშია ჩვენი ტანჯვის მიზეზი...

ვითარება შემდეგში უფრო და უფრო გამწვავდა. ჩემთვის უკვე ყველაფერი აუტანელი ხდებოდა. ყოველი დავარდნილი ბომბი თითქოს მე მხვდებოდა გულში, ყოველი ავტომატის ტყვია თითქოს ჩემსკენ იყო მომართული... ვეღარც ვლოცულობდი და ვეღარც ვისვენებდი. გამიჭირდა და მეუფე დანიელმა, როცა გაიგო ჩემი მდგომარეობა, თავის რეზიდენციაში გადამიყვანა და მეც დავმშვიდდი.

შემდეგ დაიწყო ჩვენი მისიონერული მოგზაურობა აფხაზეთის სოფლებში... იქნებ ვინმეს გაუკვირდეს, ომი მძვინვარებდა და რა დროს მოგზაურობა იყოო, მაგრამ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ავტომატი ჯარისკაცებს ეჭირათ, ჩვენ კი ლოცვითა და ზიარებით შევეწეოდით მათ და საერთოდ ყველას, ვინც ჩვენს გზაზე ჩნდებოდა. ინათლებოდნენ ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცებიც კი... ეცნობოდნენ ქრისტიანულ ცხოვრებას, მის საიდუმლოებებს და რჩევა-დარიგებებს ითხოვდნენ. მოგზაურობამ ორი კვირა გასტანა. ყველაზე მეტ ხანს სოფელ ილორში მოგვიხდა ყოფნა. მოვილოცეთ ილორის წმიდა გიორგის სასწაულმოქმედი ეკლესია. თითქმის მთელი სოფელი ვაზიარეთ.

განსაკუთრებით დაგვიახლოვდა ილორში მცხოვრები ხარჩილავების ოჯახი. ჩვენს გაკვირვებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ ოჯახის ხუთივე წევრი მარხულობდა. ერთი კვირა დავყავით ამ ოჯახში და იქიდან წამოგვყვა უზომო სიყვარული. ოჯახმა ჩვენ და მამა ანტონი შვილებად მიგვიღო და მათ რიცხვს კიდევ ორი ბერი შეემატა.

მოგზაურობიდან დაბრუნებულებს შემზარავი ამბავი გველოდა... მამა ანდრიას მოწამებრივი სიკვდილი... უზომოდ განვიცადე. ...ბოლოს მეუფემ მითხრა: ყოველივე უფლის ნებაა. თავისთან წაიყვანა უფალმა. იქიდან ილოცებს ჩვენთვის. ღმერთი შეისმენს მის თხოვნას. ის ახლა მასთან ახლოს იმყოფებაო.

მრავალი გმირის სახე ანათებს სოხუმის ბრძოლებიდან. ერთი მათგანი დედათა მონასტრის მომმარაგებელი ჯუმბერ (დიონისე) ბაღათურიაა. იშვიათად მინახავს ასეთი სიკეთითა და სიმშვიდით სავსე ადამიანი. იმოდენა გული ჰქონდა, მთელი სოხუმის გაჭირვებულები ეტეოდნენ შიგ. მარტო ომის დროს მან ოცამდე უპატრონო მიცვალებული მიაბარა მიწას. საოცრად უხაროდა, სიკეთეს რომ აკეთებდა. უხასიათოდ მხოლოდ მაშინ იყო, როცა მასთან გაჭირვებული არ მიდიოდა. თვითონ დასდევდა ყველას და სთავაზობდა: „хлеба не хотите“. არასოდეს გაბრაზებული არ მინახავს. თუ ვინმე შენიშვნას მისცემდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, დახრიდა თავს, გაიღიმებდა და იტყოდა: „რა ვქნა, გენაცვალე, მაპატიე, მეტს აღარ ვიზამ“. სოხუმის დაცემის შემდეგ სულიერი კრიზისი განიცადა, ძალზე ცუდად გახდა და თბილისში ტრაგიკულად დაიღუპა. მისი ხსოვნა მარადის დარჩება ჩემში. ეს იმ მძიმე ტკივილის ნაწილია, რომელაც უხვად დაგვიტოვა ამ საშინელმა ომმა.

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, მე ბერად აღვიკვეცე... რამდენიმე დღეში კი მეუფის ლოცვა-კურთხევით თბილისში დავბრუნდი. ასე რომ, არც სოხუმის დაცემის დროს ვიყავი იქ, და არც საკენ-ჭუბერის უღელტეხილი გადმომივლია. უზომოდ მტკივა, და მაწუხებს ეს ყოველივე...

 

მონაზონი ელისაბედი (ზედგენიძე): 16 მარტს მონასტრის ძირითადი შემადგენლობა კომანში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად და წმიდა ვასილისკოს წყალში განსაბანად.

მონასტერში სამნი დავრჩით. 16 მარტს ღამის 11 საათზე უამრავი მაშხალა ჩამოყარეს და ისეთი სიმძლავრის გამანათებლები მოაყარეს ქალაქს, რომ ღამე დღისაგან არ გაირჩეოდა. ჯერ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. სასწრაფოდ ავდიქი და მეზობელ სენაკში მცხოვრებ დას შევეხმიანე. მასაც არ ეძინა. უცებ, შვეულმფრენის ხმა და ძლიერი აფეთქება მოგვესმა. გვბომბავდნენ. მოვემზადეთ ლოცვისათვის და გავეშურეთ იმ ოთახში, სადაც სანთელს ვამზადებდით. იგი შედარებით უსაფრთხო იყო. ერთმანეთს ვენაცვლებოდით ფსალმუნების კითხვაში. ფანჯრები იმსხვრეოდა და თავზე ნაფშვენები გვეცემოდა, მაგრამ ჩვენ განვაგრძობდით კითხვას. ვგრძნობდი, რომ გავჩერებულიყავით, სულიერად გავტყდებოდით. ლოცვა გვაძლიერებდა და გვეხმარებოდა. შვეულმფრენები ძალიან ახლოს დაფრინავდნენ ჩვენს ირგვლივ. ინგრეოდა მრავალსართულიანი სახლები, ქალაქი ნადგურდებოდა. ეკლესიის თავზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში წრეს უვლიდა ერთ-ერთი შვეულმფრენი; შემდეგ დაბლა დაეშვა. გავიფიქრეთ, ალბათ ეზოში აპირებს დაჯდომას-თქო, მაგრამ ფანჯრების გასწვრივ გაჩერდა. ხუთი წუთი იყო ამ მდგომარეობაში. ისე ახლოს იყო, მფრინავიც თავისუფლად დავინახეთ. ეს ხუთი წუთი საუკუნედ მოგვეჩვენა. შემდეგ ნელ-ნელა გაფრინდა.

ქალაქი მთელი ღამე იბომბებოდა. დილის 8 საათზე გრუხუნი მიწყნარდა. შვებით ამოვისუნთქეთ. ტელეფონი არ მუშაობდა. ფოსტაში გავედი. შეძრწუნებისაგან ძარღვებშა სისხლი გამეყინა, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. სოხუმი აღარ არსებობდა. მისი ლამაზი სახლები და ქუჩები დანგრეული იყო. მხოლოდ რამდენიმე შენობა იდგა უვნებლად. ეს იყო ქალაქის პირველი ძლიერი განადგურება.

სოხუმი რომ დავტოვეთ, სვანეთის უღელტხილი გადმოვიარეთ და ჭუბერში შევჩერდით. იქ ოჯახებში დავბინავდით. მეეფე დანიელი ყოველ დილით ასრულებდა სავედრებელ პარაკლისს. შემდეგ დავდიოდით ჭუბერის ქუჩებში ხატბით და ჯვრებით მოსახლეობისა და ლტოლვილების დასალოცად, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით. ნატანჯი და ნაწამები, ქუჩაში დაყრილი ხალხი ჯერ გაუბედავად, შემდეგ უფრო თამამად იღიმებოღა. მათ თვალებში ღვთისადმი და მომავლისადმი სასოება ჩნდებოდა, ბევრი მათგანი ჩვენს ჯგუფს უერთდებოდა. უმწეო ადამიანების გულები სიყვარულით ივსებოდა.

ჩავდიოდით მდინარეზე და მეუფე დანიელი ატარებდა ნათლობას. ისმოდა ბავშვების სიხარულის ყიჟინა. ლტოლვილებში სიცოცხლე იღვიძებდა.

შემდეგ ვბრუნდებოდით ჩვენს ადგილსამყოფელში და ვამზადებდით ცხელ ტრაპეზს ლტოლვილებისათვის, რომელსაც მორჩილები არიგებდნენ. ლტოლვილთა ბანაკი უბნებად იყო დაყოფილი. მათ სხვადასხვა ჯგუფი ვემსახურებოდით. ერთი ჯგუფი სამედიცინო პუნქტს უწევდა დახმარებას და წამლებს ანაწილებდა.

ლტოლვილებისათვის დიდი ნუგეში იყო ეკლესიის მსახურებისგან დახმარების მიღება. მეუფე დანიელი, სანამ ბოლომდე არ შეასრულა მოწყალების მისია და არ მოიხადა ვალი, ჭუბერიდან არ წამოსულა.

 

მორჩილი ზოია ანუა: სულ შევთხოვდი ღმერთს, გამომიგზავნე ისეთი მოძღვარი, არ ღლიდეს ყოველდღიური წირვა-ლოცვა, პანაშვიდები, პარაკლისები, ნათლობა... დღემუდამ ღვთის ღაღადებასა და სიყვარულში რომ იქნება-თქო... უწმიდესის ლოცვა-კურთხევა გქონდა, ყოველ ხუთშაბათს იოანე ოქროპირის სარკოფაგთან, ხოლო პარასკეობით წმიდა მოწამე ვასილისკოსათვის პარაკლისი გადაგვეხადა.

ვიდრე მოძღვარი არ გვყავდა, მე და ჩემი ქალიშვილი მანანა ვიხდიდით პარაკლისებს...

და აი, ერთ დღეს, ლოცვის დამთავრების შემდეგ, ოდეს წარმოვთქვით: „უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, გვაკურთხენ...“ გაიღო კარი და... ყაზანის ღვთისმშობლის ხატით ხელში შემოვიდა მამა ანდრია. მას თან ახლდა მორჩილი გაბრიელი... ჯვარი გარდაგვსახა... ჩვენ სიხარულმა აგვიტანა. ვემთხვიეთ დედა ღვთისას ხატს და მადლი შევწირეთ.

ღმერთმა შემისრულა თხოვნა. მამა ანდრია მუდმივ ლოცვებში იყო. ხშირად ვთხოვდი, გეყოფა ამდენი ლოცვა და ღამის თევები, დაიღლები-თქო. გამიღიმებდა თავისი მშვენიერი ღიმილით და მეტყოდა, ორი წელია, რაც მოვინათლე.... ჯარიც მოვილიე... რამდენი წელი უაზროდ დავკარგე, უნდა აღვიდგინო დანაკარგიო.

მუდმივ მარხვაში, ლოცვაში, შრომაში აღამებდა.. მარტოდ ყოფნა უყვარდა. დილით, ეკლესიის ეზოში შემოსულს მისი ლოცვის ხმა ჩამესმოდა. მეშინოდა ხელი არ შემეშალა, გავჩერდებოდი და ვუსმენდი. ვის არ მიიზიდავდა ასეთი შთაგონებული ლოცვა: შინაგანი ბერული მონაცემები იზიდავდა მას მარტოობისაკენ. ერთხელ გამომიცხადა: „ღმერთმა შეგიწიროთ, ასეთი მშვენიერი ტძარი რომ აგიშენებიათ... თქვენ ეს სასუფეველმი დაგხვდებათ... მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს... უნდა დამტოვოთ მარტო...“ არა თქო ვუთხარი. ამ ჩვენი ხელით ნაშენებ და ნაჯაფარ ეკლესიას არასდროს, სიკვდილამდის არ დავტოვებ-თქო, მე და ჩემი მეუღლე აქ უნდა დავიმარხოთ-მეთქი და მეუფე დავითის ბეჭედდასმული ბლანკი ვუჩვენე, რომლითაც ამ სოფლიდან გასვლის შემდეგ ტაძარში განსვენების ნება გვეძლეოდა. წაიკითხა, მოგვეხვია და თქვა: „ღმერთმა ინებოს ჩვენი ერთად მოღვაწეობა, არ ყოფილა ჩემი წილხვედრი მარტო ყოფნაო.“

...ომი უკვე დაწყებული იყო. მდგომარეობა თანდათან უფრო და უფრო იძაბებოდა. ჩვენ გამუდმებით ვლოცულობდით. ამ ტანჯული ქვეყნის გადარჩენას შევთხოვდით უფალს. ერთხელ სიზმარში ვნახე:

შუა ეკლესიაში, სადაც ანალოგია დგას, დაბრძანებული იყო იოანე ოქროპირის ხატი წითელი ფერის გადასაფარებლით. თითქოს მამა ანდრიას მე ამ წითელი ნაჭრისაგან შევუკერე სამღვდელო კაბა. ვხედავ, აცვია ეს კაბა ზემოთა მოსასხამით, თავზე ბერის კუნკულ-ბარტულით... გამოვიდა საკურთხევლიდან... (საეროოდ, ყოველი წირვის დროს ქადაგებდა. საოცარი მადლი იყო მასზედ გადმოსული. ხშირად თითონაც ვერ ცნობდა თავის თავს და ამბობდა, ეს იოანე ოქროპირის მადლიაო), თავი დაბლა ჰქონდა დახრილი მორჩილად. დადგა საკურთხევლის წინ და ის იყო, უნდა დაეწყო ქადაგება, რომ უეცრად გაშალა ხელები და აფრინდა ცაში. დილით რომ გამომეღვიძა, ვიფიქრვ, დამიტოვებს ეკლესიას და წავა-მეთქი. მეუღლემ (ჩემს მეუღლეს იური ერქვა), მითხრა, ნუ გეშინია, მას ისე უყვარს კომანი და იოანე ოქროპირის ეკლესია, რომ არასდროს არ დატოვებს მას. პირქით, ახლახან მთხოვა, იოანე ნათლისმცემლის მთაზე (ეს მთა იქვეა), ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის ადგილზე პატარა კელიასავით გამიკეთეთ მინდა მარტო ვიყო. შაბათ-კვირას, დღესასწაულებზე ჩამოვალ და წირვა-ლოცვას ჩავატარებ ხოლმეო. თითქოს ცოტათი დავმშვიდდი, მაგრამ წინათგრძნობა მაინც არ მასვენებდა. ღმერთო ძლიერო, დიდებულო! როგორ ახდა ყოველივე... მართლაც გამიფრინდა მამა ანდრია და წმიდა ანგელოზებთან ერთად, იესო ქრისტეს მიეახლა.

მძიმეა იმ საშინელი დღის გახსენება...

სამი დღით ადრე, კომანის აღებამდე, ჩვენთან ჩამოვიდნენ მეუფე დანიელი, მონაზვნები: დედა თეოდორა და დედა ელენე... მათ საკუთარი თვალით ნახეს ჩვენი გადამწვარი სახლ-კარი. ჩემმა მეუღლემ მეუფეს სთხოვა: აუხსენით ამ ქალს (ე.ი. მე), რომ აქ გაჩერება აღარ შეიძლება და მიეცით ლოცვა-კურხევა, რომ წავიდნენო. მაშინ მეუფე დანიელმა მითხრა: „თუ მეომრები დატოვებენ კომანს, გაკურთხებთ, თქვენც დატოვოთო, მაგრამ მეომრებმა სიცოცხლის ბოლო წუთებამდე არ დატოვეს კომანი.

ღმერთმა მოიხსენოს და აკურთხოს კომანში გმირულად დაცემული ბიჭები... ზაზა პაკელიანის მეთაურობით (ძალიან მტკივა გული).

4 ივლისს უაღრესად გამძაფრდა მდგომარეობა. ყოველი მხრიდან ისროდნენ. იური, მანანა და მე ეკლესიისაკენ წავედით. იქ მამა ანდრია გველოდა. არ გვინდოდა კომანიდან წასვლა, თან მეუღლის რიდიც მქონდა და მამა ანდრიას ვკითხე: „როგორ გრძნობთ, უნდა დავტოვოი, კომანი, თუ არა?“ მან რამდენიმე წუთის დუმილის შემდეგ მიპასუხა: „არა, არ დავტოვებთ კომანს. დღეს ღამის თევით ჩავატარებთ ლოცვას და წირვას“.

წამდაუწუმ ცვიოდა ჭურვები: ტვიებით მოფენილი იყო მთელი ეზო. აქეთ-იქით დავრბოდით... ტაძარი ზანზარებდა... ღამის სამ საათზე მამა ანდრია გამოვიდა საკურთხევლიდან და გვითხრა: მდგომარეობა ძალიან გართულებულია. წუთი-წუთზე მოსალოდნელია სიკვდილი... ყველასგან ჩავიბარებ აღსარებას და გაზიარებთო... მართლაც ჩაიბარა აღსარება. შევიდა საკურთხეველში. გამოიტანა იოანე ოქროპირის გაბრწყინვებული ბარძიმი და უკანასკნელად გვაზიარა. ხუთის ნახევარზე ალყა შემოგვარტეს. გვიყვიროდნენ, კარები გააღეთო. იური შევიდა მამა ანდრიასთან და კარის გასაღებად კურხევა სთხოვა. გაღება და მისი ავტომატების კონდახის ცემით გაყვანა ერთი იყო. და აი, უკვე, წელიწადნახევარია, აღარაფერი ვიცით, სადაა... ცოცხალია თუ არა... უგზო-უკვლოდ დაგვეკარგა.

მორწმუნისათვის წამება ნეტარებაა, ხოლო ცილისწამება გვირგვინია. ჩემმა იურიმ, თუ ის მოკლეს, ალბათ, მიიღო ეს ნეტარება და ეს გვირგვინი. მჯერა, იგი უფალთანაა. იურისთან ერიად, მაშინვე გაიყვანეს მამა ანდრია.

დაიწყო ჩვენი წამება. გინდათ თუ არა, ეკლესიის სახურავიდან მეომრებთან ერთად ისროდითო. რას არ გვაბრალებდნენ, უფალმა იცის ერთმა. მამა ანდრიასაც კი ცილს სწამებდენენ. სად არის შენი ტანკისტი შვილო, მეკითხებოდნენ (ჩემი შვილი ამ დროს თბილისში იყო).

ეკლესიაში შემოსვლის ეშინოდათ. იქ საბრძოლო შტაბი ეგულებოდათ. პირველი, ვინც კომანში შემოიჭრა, იყო ეშერის აფხაზთა ნარკომანული ბატალიონი. გიჟური თვალები აქეთ-იქით გაურბოდათ.

ღმერთო მაღალო, დიდება შენს ძლიერებას, როგორ გადაგვარჩინე?

გინდათ თუ არა, აქ სადღაც სარდაფია და თქვით სად არისო, გაიძახოდნენ... შემოცვიდნენ ეკლესიაში, შებილწეს ყოველივე. გადააბრუნეს სარკოფაგი, მოიყვანეს ნაღმის მაძიებლები. ისევ და ისევ... სად არის სარდაფიო, გაჰკიოდნეჩ. მაგრამ ეკლესიას არ ჰქონდა სარდაფი. გვეკითხებოდნენ, რომელი საუკუნისაა ეს ეკლესიაო და როცა ვუპასფხეთ I საუკუნისო, გაუკვირდათ. თქვენ საიდან იცით, რომ აქ სარდაფი არ არისო. ჩვენ ეს ვიცოდით, რადგან, როცა ეკლესიის აღდგენაზე ვმუშაობდით, ჩემმა მეუღლემ პარალელურად (რომელიმე ჩვენთაგანის გარდაცვალების შემთხვევაში ადგილის მოსანიშნად) ტრანშეების გათხრა დაიწყო და სადაც კი ბარი დაჰკრა, ადამიანის თავის ქალა იპოვა. ბოლოს უწმიდესისაგან გავიგეთ, რომ აქ 1500 მონაზონი ერთად ყოფილა დაკრძალული. გათხრის დროს ეზოშიც ვპოულობდით თავის ქალებს.

მამა ანდრიას გაყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ შემოვიდა ვიღაც ახალგაზრღა და გვითხრა: „თქვენი მოძღვარი მოჰკლესო“.

ო, ღმერთო, რამოდენა უბედურება ტრიალებდა ჩვენს თავზე... გავცვივდით ეზოში... ჩემი მამა ანდრია მე ვნახე მიწაზე დაგდებული ზუსტად აღდგომის ხატის მსგავსი, მწოლარე სახით, ტუჩებზე ოდნავი ღიმილი გადაჰკვროდა... დედის მაგიერ, კოცნით დავუხუჭე ლამაზი თვალები... იგი იყო შველივით უმანკო, ბავშვივით უეშმაკო... ამასთან, მოუღლელი, შეუღრეკელი, ძლიერი.

ასე მგონია, მან ღვთისგან ჭეშმარიტად სამი გვირგვინი მიიღო:

1. ქალწულობის;
2. მორჩილების;
3. წამების.

აღსარებაზე სულ მეკითხებოდა, სიკვდილზე თუ ფიქრობო. თუ სიკვდილზე ფიქრობ. მაშინ საერთოდ არ შესცოდავო.

ო, უფალო, უმრავლე საქართველოს მამა ანდრიას მსგავსი მოძღვრები...

ჩემმა მამა ანდრიამ იმდენი იღვაწა, იმდენი იშრომა, იმდენი ილოცა, იმდენი ღამე ათენა, იძღენი იმარხულა, რომ ბოლოს ჭეშმარიტად, ღვთის ხილვის ღირსი გახდა.

ფრთხილად, მწუხარებით შევასვენეთ ეკლესიაში მე და მანანამ, მისი ბავშვივით მსუბუქი გვამი და საკურთხევლის წინ დავასვენეთ. ვაი, იმ დღის გახსენებას. სახე, ხელები, ფეხები, ვარდის ზეთით გავუწმინდეთ, ჩასაცმელი გავუფერთხეთ, გავუწმინდეთ ბერის კუნკულ-ბარტყული, მისი, 24 სათის განმავლობაში გაუჩინარებული, იესოზე მოუდუნებელი ლოცვით გამთბარი ფსკვნილი მარცხენა ხელის სამაჯურზე გავუკეთეთ. ღია ცისფერ გადასაფარებელზე სასწაული სანახაობა იყო მისი ნაწამები სისხლი.

მამა ანდრიას სიკვდილმა დიდი გარდატხა მოახდინა ომის ქარ-ცეცხლზე. მე ასე ვფიქრობ, ის თავისი უმანკო სისხლით გადაეფარა მთელ საქართველოს.

ღრიალით, ლანძღვით შემორბოდნენ ეკლესიაში უმსგავსონი... და დაინახავდნენ თუ არა მამა ანდრიას სისხლს, უკან ბრუნდებოდნენ შერცხვენილები.

ის ღამე თეთრად ვუთიეთ, ვუთიეთ გალობით... გარედან კი ყველა კარიდან ავტომატმომარჯვებული მკვლელები შემოგვყურებდნენ... მაგრამ ჩვენთან მიში არ მოსულა. გაგვაძლიერა ჩემმა ტბილმა იესომ და იოანე ოქროპირმა.

დილით მოვიდა ბრძანება მოსკოვიდან: „იოანე ოქროპირის ეკლესია მსოფლიო მნიშვნელობისაა. არ დააზიანოთ არც ეკლესია და არც მისი ქონება. არაფერი დაუშაოთ ეკლესიის მსახურთ, დააყენეთ გაძლიერებული დაცვა“.

მართლაც დაგვიყენეს დაცვა, 1500 კაციანი. ვაი იმ დროის გახსენებას!

უკვე აღარ შეიძლებოდა კომანში გაჩერება... მაგრამ რა გზით უნდა გამოვსულიყავით იქიდან... არ გვინდოდა გამოსვლა, ოქროპირის ეკლესია არ გვეთმობოდა, მაგრამ ერთ დღეს მოვიდა კომენდანტი, ვინმე რაფაელ აიბა, მუსულმანი და გამოგვიცხადა, თქვენზე მოვიდა მოსკოვიდან ბრძანება, რომ გუდაუთაში უნდა გადაგიყვანოთო. ძალიან შევწუხდი. თუ გინდათ, აქვე დაგვხოცეთ, გუდაუთაში კი არ წავალთ-თქო, ვუთხარით. თუ ნებით არ წამოხვალთ, შეგკრავთ და ისე წაგიყვანთო, გვითხრეს... მაშინ ვთხოვე, მომიყვანეთ მართლმადიდებელი მოძღვარი ბესარიონ ფილია-მეთქი. ეს იყო მეუფე დანიელის ეპარქიის მღვდელი სოხუმის სამების ეკლესიისა. ჯერ გვითხრეს, ეპარქიაში არ აღმოჩნდაო, მაგრამ ბოლოს მაინც მოიყვანეს... მამა ბესარიონი სასწრაფოს მანქანით ჩამოვიდა. მანვე გვაუწყა: „უნდა გადაგიყვანოთ ბომბორას აეროდრომზე, საიდანაც სოხუმში გადაგაფრენენო... ეს უკვე შვება იყო. ამოვისუნთქეთ.

„მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნეს იგინი უფალმან (ფსალმ. 33)“. „დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძვალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს“. ყოველივე ეს ჩვენ ჩვენს თავზე გამოვცადეთ.

მამა ბესარიონს ვთხოვე, მიეხედა ჩვენი ეკლესიისათვის, გაეწმინდა. მან აღმითქვა, ყოველივეს გავაკეთებო და გასაღები ჩავაბარე... ცრემლით, აუწერელი, გაუნელებელი ტკივილით გამოვეთხოვეთ ჩვენს საყვარელ ეკლესიას, ხატებს, მამა ანდრიას, მის თბილ საფლავს.

ჩავსხედით სასწრაფოს მანქანაში. მაშინვე ბომბორას აეროპორტისკენ გაგვაქანეს. იქ ჩაგვსვეს შვეულმფრენში. სულ მალე უკვე სოხუმში ვიყავით. შემოგვეგებნენ გენო ადამია, ვენაცვალე მის სულს, მთელი მისი ბიჭები, ნათესავები. შვეულმფრენიდან დაველაპარაკეთ მეუფე დანიელს და ვაუწყეთ, რომ უკვე თბილისში მივდივართ, მაგრამ მეუფემ ჩვენთან შეხვედრა მოისურვა. წავედით ეპარქიაში... მეორე დილით კი თბილისში უწმიდესი გველოდებოდა. დიდება უფალო, შენს სახელს, ნამდვილად არ ძალმიძს იმ წუთების აღწერა, საპატრიარქოში რომ შემოვედით. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!

ო, ღმერთო ძლიერო, უფალო, იესო ქრისტე, მუხლმოდრეკილი გევედრები, გაანათე ჩემი მამა ანდრიას, გენო ადამიას, მისი თავგანწირული ბიჭების, ჟიული შარტავასა და ყველა, საქართველოსათვის დაცემული მეომრების სულები. მოიხსენე და აკურთხე; დაუმკვიდრე მათ წმიდა სასუფეველი, ამინ!

ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, №1, 2005 წ.