ღმერთო, გააღვიძე ქართული სული

ომი ლაკმუსის ქაღალდივითაა. უცებ ავლენს ნებისმიერი პიროვნების სულიერ თუ ფიზიკურ შესაძლებლობებს. მის ზნეობას, ხასიათს, მეობასა და კაცობას. ომში მყისიერად უკეთ შეიცნობ გარშემო მყოფთ, ვიდრე წლობით ნაცნობობისას. თითქმის ასევე სწრაფად დაინახავ ნამდვილ, უნიღბო სახეებს, მხოლოდ მთაში, ძნელი გზებით მწვერვალისკენ მიმავალი, ან რაღაც დიდი უბედურების წინ... მაშინ, როდესაც გარემოც და მოქმედებაც ორ ფერად აღიქმება, შავად და თეთრად. მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ფასეულობა კარგავს მნიშვნელობას, სიცოცხლის გარდა. ასეთ დროს გაკვირვებს არა მარტო შემთხვევა, თუ სხვისი მოქმედება, ხშირად საკუთარ თავშიც ისეთ რამეს აღმოაჩენ...

უმრავლესობა გასაჭირის დროს ღმერთს ახსენებს. პატიებასა და შველას თხოვს. რასაკვირველია, არიან მორწმუნენიც, მაგრამ არიან მედროვენიც, რომლებიც წინათ ერთნაირი ხალისით დადიოდნენ პარტიის კრებებზე.

მე არც ერთი ვარ და არც მეორე. სულ რამდენიმეჯერ მილოცნია. მაგრამ გულით, მაგრამ ნამდვილად. ერთხელ ეს მთაში მოხდა, ტიან-შანის ზეგანზე, სადაც უთოკოდ და სამარჯვების გარეშე საოცარ ციცაბოზე გავედი. მაშინ კი ვთქვი: ღმერთო, მიშველე, მაპატიე, თუკი რამ ცოდვა ჩამიდენია, და უხიფათოდ გადამატარე-მეთქი. გადავრჩი.

... ერთი საოცარი რამ მომივიდა ომში, აფხაზეთში, სადაც ორჯერ ზუსტად ერთნაირ ყოფაში აღმოვჩნდი. პირველად, ეს სოფელ აკვასკასთან მოხდა, მეორედ კი უკვე ოჩამჩირის გარეუბანში, სადაც იმხანად დივიზიას ვმეთაურობდი. როგორც ყოველთვის, ამ ომში არეული სიტუაცია იყო. იყო ბიჭების თავგანწირვაც, ღალატიც და თავდადებაც. ყველაფერი ისე, როგორც საერთოდ გვჩვევია ქართველებს.

.... შენობიდან გამოვედი და „პატარა“ შტაბისკენ გამოვწიე. ოთახში არავინ იყო. ჯუბა გავიხსენი და ის იყო ტახტისკენ წავედი, მინდოდა ორიოდ საათი წამეძინა, რომ უცებ რაღაცამ გამაქვავა. სეიფზე წმიდა გიორგის ხატი იდგა, კედელს მიყუდებული. მისკენ მეწეოდა რაღაც ძალა. ხატს მივუახლოვდი და მაშინ დავინახე: ერთი სანთელი იდო იქვე. ასანთის კოლოფიც შევნიშნე. კოლოფში ერთი ღერი ასანთი დამხვდა. შეიძლება, ეს შემთხვევითი ამბავი იყო, მაგრამ ყოველივე ისე აღვიქვი, რომ ეს ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის დაეტოვა განგებას.

სანთელი ავანთე და გაგრაში გაცნობილი ჰიპოდიაკონი, მამა ლევანი გამახსენდა.

- თუ გული არ გთხოვს, არ ილოცოო. ღმერთის ხშირად შეწუხება არ ვარგაო, მითხრა. მერე ისიც გამახსენდა, რომ ჰიპოდიაკონი დაჭრეს... რომ მე ადრე დღიურში ჩავიწერე, თბილისში მოვნახო, დავეხმარო-მეთქი, და, სავალალოდ, ეს ყველაფერი დამავიწყდა... კონტუზიის შემდეგ თბილისში თითქმის მთელი თვე ვიყავი და მამა ლევანი არ გამხსენებია.

მერე ისევ ჩემი დაღუპული ბიჭები მომაგონდნენ: ისევ ვაჩე და გუჯა ლომიძე, ნუკრი მაისურაძე და ირაკლი ამირეჯიბი...

ირაკლის დედა და ძმა არ უშვებდნენ ომში, - ახალნაავადმყოფარიაო. ჩემთან იყო სახლში, აქ ემალებოდა თავისიანებს. დედაჩემმა ორთავე გადაგვკოცნა წასვლისას. სანამ კიბეზე დავეშვებოდით, ირაკლი მოაჯირს შეახტა და ჩემს სავარჯიშო რგოლებს ჩამოეკიდა. ერთხელ ამოტრიალდა და იქიდან დაუძახა დედაჩემს, ნუ გეშინიათ, ჩვენი მოსაკლავი ტყვია ჯერ არ ჩამოუსხამთ რუსებსო... - და კიბეზე ჩაქანდა.

...საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, ერთი კვირის თავზე ირაკლი დაიღუპა ტამიშთან... გუჯა ლომიძეს ჯვარი დაეკარგა. მანამდე ჯვარი ძაფზე ეკიდა. რამდენჯერმე ვუთხარი, ძაფი თასმით შევცვალოთ-მეთქი. არაფრით არ ქნა, რაც მიწერია, ვერ ავიცდენ, უნდა მოხდესო. ჯვარი დაეკარგა და იმავე დღეს დაიღუპა. ამბობდა, მანამ ჯვარი ჩემთან იქნება, ვიცოცხლებო.

აი, ეს და კიდევ ბევრი სხვაც გამახსენდა იმ სანთლის, ასანთისა და ხატის დანახვაზე.

ხატი გაცრეცილ ლურჯსუფრაგადაფარებულ მაგიდაზე იყო დასვენებული.

სანთელი ავანთე, ძირი მოვურბილე და თლილი ღვინის ჭიქის გვერდს მივაწებე... ძალიან მომინდა ლოცვა, მაგრამ ვერც „მამაო ჩვენო“ და ვერც სხვა რომელიმე ლოცვის სიტყვები ვერ გავიხსენე. ცოტა ხანს ჩუმად ვიდექი. მერგ მუხლებხე დავემხე და ვიგრძენი, როგორ დამიმძიმდა ქუთეთოები და თვალები ამეწვა.

- ღმერთო, დაგვიბრუნე გონი ქართველებს...

- ღმერთო, გააღვიძე ქართული სული...

- ღმერთო, შემაძლებინე ქვეყნის სამსახური...

- ღმერთო, ჯერ მაღირსე მტრის განდევნა და მერე მომკალი...

ამას და ამნაირებს ვთხოვდი უფალს და ქვეყნის გადარჩენას ვევედრებოდი.

ფეხზე რომ წამოვდექი, უსასრულო შვება ვიგრძენი, იარაღი ავიღე, ის იყო, უკან უნდა დავბრუნებულიყავი, რომ გვერდითა ოთახიდან ლაპარაკი შემომესმა. გამიკვირდა, ბიჭები აქ საიდან შემოვიდნენ-მეთქი. მარჯვენათი იარაღი მეჭირა, მარცხენა ხელი კარს ვკარი და ოთახში შევაბიჯე. ორი რუსი მეომარი შემრჩა ხელში. გაბრაზებული მეთაურის ნირი არ შემიცვლია. კიდევ კარგი, ეს მაინც მოვახერხე. Ребята, дайте покурить, - ვუთხარი და ზურგით კარის ქიმს მივეყრდენი.

ორივენი დაფაცურდნენ, ჩემგან მარცხნივ მდგომმა დაასწრო და „მალბორო“ მომაწოდა. ფორმა ორივეს ჩემნაირი ეცვა, ოღონდ უფრო ახალი, ჯერ გაურეცხავი. ჩანდა, ახალგაზრდა ოფიცრები იყვნენ. სიგარეტი მარცხენა ხელით გამოვართვი, მარჯვენათი, როგორც ყოველთვის, ავტომატი მეჭირა და საჩვენებელი თითი სასხლეტზე მქონდა მიჭერილი.

- Начальству надо прикурьвать! - დამრიგებლური ტონით ვუთხარი და სიგარეტი თითებში შევათამაშე.

ახლა მეორემ დაასწრო და სანთებელა სახესთან მომიტანა.

მოვქაჩე და მხარზე ხელი მოვუთათუნე.

- Молодцы, Молодцы...

ორივე ისე იდგა ჩემს წინ, ჯარში ნამსახურებ ხალხს რომ სჩვევია და თვალებში მიყურებდნენ.

ამათ განადგურებას არაფერი უნდოდა, ერთი სასხლეტის გამოწევა იყო და მორჩა, მაგრამ მე ჯერ საერთო სიტუაცია უნდა გამეგო. მტკიცე, საკუთარ თავში დარწმუნებული კაცის ნაბიჯით გამოვედი გარეთ. სახლის პარმაღზე დავდექი, სამხედრო ქუდი მოვიხადე და ბეჭებში გავიშალე. შორიახლოს შაშვის ჭახჭახი გავიგონე და ზურგი ამეწვა. ეს ნამდვილად გუჯა მეძახდა. შემოვტრიალდი, თავზე ქუდი დავიხურე და გამართული ნაბიჯით სიმინდის ყანაში შევედი.... უნდა დაგვესწრო. რამდენიმე წუთში მტერი მიხვდებოდა შეცდომას და... „ნინძამ“ ყუმბართმტორცნი ჯერ შუა სახლს დაუმიზნა. ჭურვმა კარი შეგლიჯა და შიგნით საოცარი ქუხილით ცეცხლის წვიმებად გასკდა...

... მე რომ ვილოცე, გუჯამ ის წმიდა გიორგის ხატი მაჩვენა. იმ ორომტრიალში ფეხი წაეკრა და აგიზგიზებული ცეცხლიდან ამოეღო. ხატს ერთი გვერდი გატრუსული ჰქონდა. ეტყობა, სახლიდან ნაგავი და ხაბაკ-ხუბაკი რომ გამოჰქონდათ, ეს ხატიც მაშინ გამოიტანეს და სანაგვეზე დააგდეს. ძალზე სწრაფად კი დაისაჯნენ. გუჯამ მთხოვა, ხატი მისთვის დამეთმო, - შენია და შენ გქონდეს, ღმერთმა კეთილ გზებზე გამარჯვებით გატაროს-მეთქი!..

მაშინ პირველად ვილოცე ომში, იქ, აკვასკას მისადგომებთან. იმ დღეს გავიმარჯვეთ. და ერთიც არ დაგვჭრია!... მერე კიდევ!... მერე კიდვვ!... მაგრამ ოქტომბრის ბოლოს შავი დღეები მოგვეძალა. ერთ დღესაც კი ერთბაშად სამი კაცი დავკარგეთ. მერე, თავად ზედიზედ, ორჯერ კონტუზიამ წამაქცია და საავადმყოფოში ამოვყავი თავი... მერე უჩემოდ დარჩენილი ბატალიონი დაიშალა... მერე ჩვენი ბიჭები კიდევ დაიღუპნენ... მერე თითქოს რაღაც გამოსწორდა. მე ფეხზე დავდექი. უკან დავბრუნდი ომში. და ისევ ეს ხატი, სანთელი, ასანთი... განმეორდა. ახალ-ახალ გამოცდას მიწყობდა განგება, ან ეს განმეორება რაღას ნიშნავდა? ხატს მივუახლოვდი, შეცდომა გამორიცხული იყო, მაღაღ და განიერ, მწვანე სეიფზე გუჯას ნაქონი ხატი ესვენა, კედელზე ოდნავ მიყრდნობილი.

კვლავ მუხლებზე დავემხე და ისევ საქართველოს გამარჯვებისათვის ვილოცე...

გავიდა ხანი. ვერ ვიტვი, რომ ამ ორმა შემთხვევამ ორთოდოქს მორწმუნედ მაქცია-მეთქი. ეკლესიაშიც ძალიან იშვიათად ვარ.

ამ რამდენიმე დღის წინ ბიძაჩემი გარდაიცვალა, გაიოზ იმედაშვილი, შესანიშნავი რუსთველოლოგი, ნამდვილი მორწმუნე... და პირველად ჩემს სიცოცხლეში, ბოლომდე დავესწარი მიცვალებულის წესის აგებას. კარგა ხანს გაგრძელდა ფსალმუნის კითხვა, მონაზონთა გალობა. ჩემდაუნებურად, ნელ-ნელა გამიტაცა ტექსტის სმენამ. საოცარი ფიზიკური შვება და სულიერი სიმშვიდე მომგვარა. რამდენიმე საათი ჯერ პანაშვიდზე და მერე წესის აგების დროს, ფეხზე დგომისას თითქმის ყველა, ყველა ჩემი ცოდვა გამახსენდა. გამახსენდა, თუ რამდგნ ვინმეს დაუმსახურებლად ვაწყენინე, იმედი გავუცრუე. ჩემი შერცხვენებიც გამახსენდა; ისიც, თუ სად თავი ვერ მოვთოკე, სად კი პირიქით... გამახსენდნენ ისინიც, ვინაც სიკეთით შემხვდა. გამახსენდა ეს ორი ლოცვაც წმიდა გიორგის ხატთან.

გარშემო ჩვენი ნათესავები, ბიძაჩემის მეგობრები იდგნენ. რამდენი რამ გვიწყენინებია ერთმანეთისთვის. რამდენი რამ არა, ან ვერ გაგვიგია ერთმანეთისა... „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“... თითქოს უკუნში სინათლის წვრილმა სხივმა კარის ჩარჩო შემოხაზა.

მე მშვიდისა და სისადავის ასწილ უფრო დიდი მოტრფიალე გავხდი. შეიძლება, ეს ასაკის გამოცაა. წელს ორმოცდაათის ვხდები. შეიძლება, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ჭეშმარიტებისკენ გზაზე...

ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის, რაც ვნახე, შეგვიგრძენი და გადმოცემა მოვახარხე. მხოლოდ ეს და მეტი არაფერი...

მიხო მორჩილაძე, მწერალი
ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, №1, 2005 წ.