ნიკოლოზ დურნოვო

ქართული ეკლესიის ბედი

(ქართული საეკლესიო ავტოკეფალიის საკითხისა გამო)

 

გაგრძელება (2)

ჯვარი, რომელიც იმერეთის კათალიკოს მიუძღოდა წინ, მთლიანი ლალისა იყო, ამჟამად სარდიონის ქვისაგანაა შეცვლილი. ეგზარქოს პავლეს დროს მეტეხის ეკლესიიდან გაქრა ოქროთი მოჭედილი მეტეხის ღვთისმშობლის (ბეთლემის) სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ღირდა 50 ათასი მან. მასში ჩაწყობილი იყო წმინდანთა ნაწილები. წმინდა ხატი ცხრაკლიტულში იყო გადამალული. 1891 წელს, ეგზარქოს პალადის დროს, იგი ნაპოვნი იქნა ამავე ეკლესიის სხვენზე, მაგრამ მოჭედილობა აღარ ჰქონდა. ეგზარქოს პავლეს დროს სიონის ტაძრიდან გაქრა ნინოწმინდის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ძვირადღირებული ოქროს მოჭედილობა ამშვენებდა. საქმე უკეთესად არ იყო ეგზარქოს პალადის დროსაც. მან „თავის საყვარელ მხატვარს სომეხ საბინგუსს, თითქოსდა ახალი მოჭედილობის გასაკეთებლად, ნება დართო სამეგრელოსა და გურიის მონასტრებიდან გაეტანა უძველესი ხატების საუკეთესო და ძვირფასი მოკაზმულობა. საბინგუსმა მარტვილის, ხობის, ჯუმათის და შემოქმედის მონასტრებიდან წაიღო ძვირად ღირებული და ოსტატურად შესრულებული მომინანქრებული ხატები, მანამდე კი გელათის მონასტრის ხატებიდან „აწაპნა“ არაჩვეულებრივი ტიხრული მინანქარი. მონასტრებიდან წამოღებული მთელი განძეულობა საბინგუსმა ეგზარქოს პალადის წარუდგინა, მან კი ნება მისცა, რომ ყველაფერი ეს გაეყიდა“. ნაწილი მინანქრებისა შეიძინა ცნობილმა სიძველეთა მოყვარულმა გრაფმა ზვენიგოროდსკიმ. ამჟამად საქართველოს საუკეთესო და მდიდრული მანისკრუპტები ინახება ლონდონის, პარიზის, ვენის, ბერლინის, რომის ბიბლიოთეკებში, სადაც ისინი საღდებოდა ფულისმოყვარულ ეგზარქოს ევსევის დროს. სამაგიეროდ თბილისის მუზეუმებში შეიძლება იხილოთ მინიატურებამოჭრილი უამრავი მანუსკრიპტი. ამას აკეთებდა ბევრი რუსი მაღალი წოდების პირი.

დოქტორი ერისტოვო-შერვაშიძე თავის წიგნში „სამახსოვრო წერილი ქართველი ხალხის გაჭირვებათა შესახებ“ ამბობს: „რასაც ქართველი ხალხი ოდითგანვე სასოებით ინახავდა და იცავდა, ამჟამად დღსით და მზისით იძარცვება, მრავალსაუკუნოვანი ჩვენი ტაძრები მძარცველთა საკუთრება გახდა, მონასტრები გაპარტახების წყვდიადში იძირებიან ანდა უმეცარი ბერების (ათონელი რუსების) მიერ იბილწებიან. ვინ იყვნენ მთავარი გამტაცებლები? რუსი ეგზარქოსები. ეგზარქოს ევსევის მიერ საქართველოში გაძარცული იქნა თითქმის ყველა მონასტერი. როგორც ქართული ეკლესიის ქომაგი ზემოთდასახელებული ავტორი ამბობს: „მათგან გაძარცული იქნა ისეთი სალოცავები, თურქ-ოსმალთა შემოსევებს რომ გადაურჩა“. მაგრამ მარტო ამით არ შემოიგარგლა შინაური მტერი. მან, როგორც ურწმუნოებისა და ათეიზმის განსახიერებამ, ქართველ ხალხში თვით ეკლესიისადმი უპატივცემულობის დანერგვა დაიწყო და თავის აგრესიულად განწყობილი მოქმედებებით, იმდენად გათავხედდა, რომ ხალხს მამა-პაპათა დროინდელ ტაძრებსა და მონასტრებში შესვლა დაუფარავად აუკრძალა“.

„ქართული ეკლესიის ასეთმა სავალალო მდგომარეობამ ქართველი მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და ქართველი ხალხი სერიოზულად დაფიქრდა თავისი ეკლესიის ბედზე, რომლის თვითმყოფადობისა და ერთიანობისათვის ბევრი ომი და უბედურება გადაიტანა მის გარშემო მყოფი ხალხებისაგან. ასეთ სავალალო მდგომარეობამდე და უარყოფით შედეგამდე ქართული ეკლესია იმ ბიუროკრატიულმა წყობამ მიიყვანა, რომელიც შეიქმნა შემოერთებულ საქართველოში ახალი წამოწყებებითა და რაფორმებით...“

„საქართველოში რუსი ეგზარქოსის თანამდებობის შექმნა იყო ბიუროკრატიის ერთი წამოწყებათაგანი, ამიტომაც, ბუნებრივია, ეგზარქოსობას არ შეიძლება რაიმე დადებითი გაეკეთებინა, რაც ქართული ეკლესიის სულიერ საწყისს უპასუხებდა. თავისუფალი ქართული ეკლესია ნაჩვევი არ იყო თავისი ბედის გამგებლად ყოლოდა ისეთი ინდიფერენტული პირები, როგორიც წმინდა ეკლესიისა და ქართველი ხალხისადმი ყოველთვის მტრულად განწყობილი რუსი ეგზარქოსები იყვნენ. თითქმის 100 წლის მანძილზე საქართველოს ეგზარქოსებს თავიანთი მოღვაწეობა არაფრით აღუნიშნავთ, გარდა ბიუროკრატიული რეჟიმისა და კანცელიარობისა ქართული ეკლესიის საქმეებში. ქართული ეკლესია კი მთელი თავისი ავტოკეფალური არსებობით მიჩვეული იყო სათავეში ჰყოლოდა ისეთი პირები, რომლებიც თავიანთ მიწიერ არსებობას მხოლოდ იმით კი არ აღნიშნავდნენ, რომ ისინი უძველეს ეკლესიას ხელმძღვანელობდნენ, არამედ იმით, რომ ისინი სწერდნენ სოლიდურ ნაშრომებს საეკლესიო საკითხებზე და ლიტერატურაზე. ეს ნაშრომები მადლიერი შთამომავლობის საკუთრება გახდა...“

„ყოვლისშემძლე ბიუროკრატია საქართველოსთვის ამზადებდა მღვდელთა ისეთ კადრებს, რომლებსაც შემდგომ ქართველი ხალხი ამასხარავებდა. კასტური ინტერესების ნებით სამწყსოში მოხვედრილი ბევრი მათგანი, სამარცხვინოდ, ურწმუნონი იყვნენ, მაგრამ ბავშვობადანვე მათ სამღვდელოებისთვის ამზადებდნენ და თავიანთ მოვალეობას დაქირავებული მონებივით ასრულებდნენ. ისეთ წმინდა საქმეში, როგორიცაა ღვთისადმი მსახურება და რელიგია, ჩაბმულნი იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური გამოჩენისათვის და თავიანთი მაგალითით აცდუნებდნენ ხალხს, რომელიც ათეული წლების განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ სამღვდელოება განსახიერებაა ადამიანის ყველაზე საუკეთესო სულიერი საწყისებისა. მღვდლების მომზადების კასტურ სისტემას არ შეუძლია მისცეს მათ სასულიერო მოძღვარნი, რომლებიც ძველი ქართველი მამების მსგავსად თავიანთი ცხოვრებით თავშეკავების, სიმშვიდის, სიკეთისა და უბიწობის მაგალითს იძლეოდნენ. ხალხმა იცოდა, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობის დროს სასულიერო მოძღვარნი ყოველთვის ხალხისა და ეკლესიის ინტერესების დამცველნი იყვნენ და მრისხანე მტრის შემოჭრის ჟამს სამარცხვინოდ არ გაექცეოდნენ მას (როგორც ეპისკოპოსები დიმიტრი და ეფიმი) და ბედისანაბარა არ მიატოვებდნენ თავიანთ სამწყსოს. ძველ საქართველოში კი, მტრის შემოსევის ჟამს, მრავლდებოდნენ მშობლიური ქვეყნის სარწმუნოებისათვის წამებულნი...“ „ახლა კი ბიუროკრატიის დამქაშები, ჩვენი ნაკლებადმორწმუნე მღვდლები, ცხვრის ფარასავით გარბიან და ტოვებენ მათზე ჩაბარებულ ეკლესიასა და სამწყსოს...“

„საქართველოს მეფისა და ქართველ ხალხს შორის რუსი იმპერატორის სახით არ უნდა აღიმართოს კედელი და მხოლოდ მაშინ გადარჩება ქართული ეკლესია, მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება ხალხი თავის ტაძრებსა და მონასტრებს, გამოისყიდიან მათ მიერ ჩადენილ ცოდვებს, მხოლოდ მაშინ მიხედავს ქართული ეკლესია თავის საშინაო საქმეების მოწესრიგებას.

ქართველების მეზობლად გორის მაზრაში მცხოვრები ოსები ოდითგანვე იყვნენ შეჩვეულნი ქართულ ღვთისმსახურებას და უმრავლესობა თავისუფლად ლაპარაკობენ ქართულად. ქართველებისაგან რომ განეცალკევებინათ ისინი, ეგზარქოსებმა ოსურ ეკლესიებში (რომლებიც 50-60-მდეა) ოსურ ენაზე დაიწყეს ღვთისმსახურება და იგი იმდენად დაამახინჯეს, რომ ოსები აღშფოთდნენ და ეკლესიაში სიარული შეწყვიტეს. მაგალითად, სახარების სიტყვა „განკაცება“ ოსურად მკრეხელურად ასე იქნა თარგმნილი: „ხორციანი ნამცხვარი...“

ქართველი ბერები განდევნილი იქნენ იმ მონასტრებიდან, რომლებიც რუსულად მოაქციეს: საფარის, ზარზმის, კაბენის, მამკოდის, დრანდის, სამების, ბიჭვინთის; ბერძენი ბერები კი განდევნეს ახტალის მონასტრიდან, გარდა ამისა, ბოდბის მონასტერი, სადაც საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნინოს საფლავია, მოქცეული იქნა რუსულ მონასტრად და მასში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე აღარ ტარდებოდა.

ამჟამად საქართველოს საეგზერქოსოს ეკლესიებზე იხარჯება 809.808 მან. ამ თანხიდან უნდა გამოვრიცხოთ ასიათასი მანეთი, რომელიც იხარჯება რუსული და ბერძნული სამღვდელოების შესანახად და კიდევ 100 ათასი მანეთი კავკასიაში მართლმადიდებლობის აღსადგენი საზოგადოების ხარჯებისათვის.

სახელმწიფო ხაზინამ მონასტრებიდან და ეკლესიერიდან წაიღო ან ჩამოართვა ქართული ეკლესიის კუთვნილი ქონება, ქ. თბილისში: ერეკლეს აბანო, 13 ბაღი, 11 სახლი, 28 სავაჭრო, 1 სამღებრო, 1 სათევზაო ადგილი და ქარვასლა, მიწა - 437.719 კვადრ. საჟენი. სულ 28.910.000 მანეთად ღირებული ქონება. თბილისის გუბერნიებში: 2 საგაჯე, 11 საკირე, აგურის ქარხანა, 9 სამღებრო, 3 თევზის დუქანი და 282.600 დესეტინა მიწა - სულ 79.570.000 მანეთად ღირებული. იმერეთში - 40.475 დესეტინა მიწა 29. 787.500 მანეთად ღირებული, გურიაში - 356 დესეტინა მიწა 328.000 მან. ღირებული. წველაფერი ეს შეადგენს 137.600.000 მანეთს. ამას თუ დავუმეტებთ 14.147 სახლს, სულ მივიღებთ 140.330.000 მანეთს ვერცხლით აღსანიშნავია ის, რომ სომხურ ეკლესიაზე სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული მიწები და სხვა ქონება, როგორც ვთქვით, მას 1905 წ. დაუბრუნდა. ქართული საეკლესიო ქონებიდან შემოსული თანხა, მცოდნეთა გამოანგარიშებით, 10 მილიონ მანეთს შეადგენ, რომლისგანაც ქართულ ეკლესიას ხმარდება 3-4%-ზე ნაკლები.

სომეხ ხალხს კავკასიის ადმინისტრაცია ყოველთვის მეტ უპირატესობას აძლევდა ქართველ ხალხთან შედარებით. ამის წყალობით მთელი საქართველო თითქმის სომხებს ჩაუვარდა ხელში. თურქეთიდან გადმოსახლებული 200 ათასზე მატი სომეხი დასახლებული იქნა საქართველოში და მატ დაიკავეს სამცხეს, ბორჩალოს, ახალქალაქის, ახალციხის მაზრები. ისინი საშინლად ავიწროებენ ქართველებს. რუსულმა ბიუროკრატიამ, ნაცვლად იმისა, სიყვარულითა და სიმართლით ჰქონდეთ ავსებული გული, ქართველებმა რომ რუსული არწივის ფრთებქვეშ შეაფარეს თავი, მათ ხარბი ექსპლოატატორები - სომხები შეუსია. ამ საქმეში მას წინასწარ ჩაფიქრებული მიზანი ამოძრავებდა - ხელოვნურად დაემსხვრია ქართველთა და თურქულ-თათრული წარმოშობის ხალხთა კომპაქტური მასა და ამგვარად შეექმნა თითქოსდა საჭირო უპირატესობა ადგილობრივ აბორიგენებზე“.

ბოლო დროს კახეთში წამოიწყეს შირაქისა და ელდარის ველების კოლონიზაცია, რათა მიმდებარე სოფლების მოსახლეობას წაართვან თავიანთი მიწების დამუშავებისა და ზამთრობით საძოვრებით სარგებლობის უფლება. „ქიზიყს გარდუვლად ელის შიმშილით სიკვდილი და ქრონიკული უჭმელობით ამოწყვეტა“.

ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, რომლებიც ამჟამად ზემო ქართლის გულს წარმოადგენენ, სომხების დასახლების შემდეგ, ქართველებისთვის დაკარგული აღმოჩნდნენ. „ასეულობით გადარჩენილი ტაძარი და მონასტერი, ქართველი ხალხის საუკუნებრივი სიმდიდრე, ათასობით ნახევრადიავარყოფილი სოფელი წილად ხვდათ ვიღაც უცხო მოსულებს. მათ ხელთ იგდეს ქართველი ხალხის ეროვნული პოეტის შოთა რუსთაველის სამშობლოს საუკუნოებრივი ისტორიული ავლადიდება და მადლიერების ნატამალიც აღარ შემორჩათ.

ყოფილი საქართველოს სამეფოს მთელი მხარე ბიუროკრატიამ ქართველი მოსახლეობისათვის ხელმიუწვდომელად გამოაცხადა (აგრეთვე ბერძენთათვისაც), სახელდობრ, ის აფხაზეთიც კი სადაც ქართველ მეფეებს მრავალი ასეული წლების განავლობაში მუდმივი ან დროებითი რეზიდენცია ჰქონდათ, სადაც XVII საუკუნემდე იყო აფხაზეთ-იმერეთის კათალიკოსთა კათედრა და, ჯერ კიდევ ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდანვე, ბერძნები ცხოვრობდნენ. იგივე აფხაზეთი დაასახლეს ჩამოსული ლიტველებით, ესტონელებით, ფინელებით, ჩეხებით, მოლდაველებით, თათრებით და ყველაზე მეტად სომხებით. ქართველები და ბერძნები გათანაბრებულნი არიან ებრაელებთან. ჩვენი ებრაული პრესა მოითხოვს ებრაელების თანასწორუფლებიანობას და მათ დასახლებას იქ, სადაც კი მოესურვებათ, ხოლო საბრალო ქართველებს ნებას არ აძლევენ იცხოვრონ იქ, სადაც 1500 წლის მანძილზე მათი წინაპრები ბინადრობდნენ და სადაც ახლაც ცოტა ქართველი როდი ცხოვრობს. ასე რომ, რუსეთის მთავრობა ასრულებს იმპერატორების პავლეს და ალექსანდრე I მიერ ქართველი ხალხისადმი მიცემულ პირობას.

ქართველი ხალხის უმრავლესობა, რომელიც მანამდე მიწის უკმარისობას არ განიცდიდა, ახლა უმიწო პროლეტარიატად გადაიქცა. ქართველი მეფეების ვრცელი მიწები, რითაც ქართველი გლეხები სარგებლობდნენ, სახელმწიფო ქონების სამინისტროს მფლობელობაში გადავიდა, მათ კი ქართველი გლეხობის სულში არასოდეს ჩაუხედავთ. მიწათა უმეტესობა ამჟამად დახურულია არენდისათვის. როცა არენდით იძლეოდნენ, - ისეთ დიდ გადასახადს ადებდნენ, მიუწვდომელი იყო უბრალო მიწის მუშაკისათვის. სახელმწიფო ქონების სამინისტრო ასევე მოექცა სამონასტო მიწებს, რომლებიც სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა. სახელმწიფო ქონების სამმართველომ გლეხები გააპარტახა და ბევრი ქართველი მიწათმოქმედი უმიწაწყლო მოჯამაგირედ გადააქცია. ქართველები, რომლებიც ვერ ერკვეოდნენ რენტის, ობლიგაციებისა და აქციების ოპერაციებში, თავიანთ შრომას მხოლოდ და მხოლოდ მიწის დამუშავებას ახმარდნენ. როცა მიწა წაართვეს, ყველაფერი დაკარგეს. მთავრობამ ქართველ თავად-აზნაურთა ბევრ მიწას გაუკეთა კონფისკაცია. დიდი ხანია, დროა, რომ უდანაშაულო მემკვიდრეებს თავიანთი წინაპრების მამკვიდრეობა დაუბრუნდეს!

საქართველოში ახლაც კეთილად იხსენიებენ მიტროპოლიტებს იოანას, მოსესა და იოანიკს. კეთილშობილი და კეთილი გულისა იყო არქიეპისკოპოსი ნიკოლოზ ნალიმოვი. ისინი მცირე გამონაკლისს წარმოადგენენ.

ამასობაში დრო იხელთეს „კეთილგანწყობილმა“ იეზუიტმა მამებმა და თავიანთი მიზნის შესრულებას შეუდგნენ. მიმდინარე წელს, გაექცნენ რა ჩვენი სინოდის დევნას, ორმა ქართველმა მღვდელმა და რამდენიმე ერისკაცმა კათოლიკობა მიიღეს. ამის მსგავსი არასოდეს მომხდარა საქართველოში, თუ არ ჩავთვლით პატრების მიერ XVII საუკუნეში იმ ქართველების კათოლიკებად მოქცევას, რომლებიც თურქების ბატონობის ქვეშ იყვნენ ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში. რომი თურქეთსაც და ჩვენს სინოდსაც ერთნაირად გამოსტაცებს „დაჩაგრულებს“. მხოლოდ ჩვენ ვერ ვხედავთ ამას.

საქართველოს ეკლესიის საქმეში არა მარტო რუსეთის სასულიერო კოლეგიუმი ერეოდა, რომლის წევრებსა და ჩინოვნიკებს ეგზარქოსები კახურ ღვინოსა და ხილს უგზავნიდნენ, არამედ კავკასიის სასწავლო ოლქის ყოფილი მზრუნველებიც - იანოვსკი, ზავადსკი და სხვები. პირველი მათგანი ეგზარქოსს მიუთიტებდა, რომ საქართველოში 4 ქართველი მღვდელმთავარია, რაც თითქოს ძლიერ საშიშროებას წარმოადგენს სახელმწიფოს მიზნებისათვის“. მეცნიერ-მზრუნველთა ბრძნული, მაგრამ არაქრისტიანული მოსაზრებით მწყემსმთავრებისთვის სავალდებულო არაა სამწყსოს ენის ცოდნა და ისინი მწყემსმთავრები კი არა, არამედ სარწმუნოებისა და ენის მოძალადეები უნდა იყვნენ. ამავე დროს ეს ქართველი მართლმადიდებლების „უპატიოსნესი და უანგარო“ მოძალადე რუსიფიკატორები ამრავლებდნენ სომხურ სკოლებს და მეგობრობდნენ სომეხ მაგნატებთან და მღვდელმთავრებთან. იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი მზრუნველ იანოვსკის შესახებ ეგზარქოსისადმი გაგზავნილ წერილში ამბობს: „ნუთუ ბატონმა მზრუნველმა არ იცის, რომ ქრისტიანთა სულიერი მწყემსმთავრები უეჭველად უნდა იყვნენ გამოსულნი იმ ხალხიდან, რომელსაც მათი სამწყსო განეკუთვნება? ესა არს ქრისტიანულ ეკლესიის მართვის ძირითადი კანონი. სულიწმინდა მისთვის გარდმოევლინა მოციქულთა ზედა და მათ ასწავლა სხვადასხვა ენა, რამეთუ ყველა ხალხმა და ტომმა ქრისტეს ხარება თავიანთ ენაზე მოისმინონ. რა მწყემსი იქნებოდა ხალხისა იგი, რომელსაც არ ეცოდინებოდა ენა და წეს-ჩვეულებანი თავისი მრევლისა?“

ასე ქადაგებენ და მსჯელობენ საღადმოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ხალხთა ძალდატანებაზე არ შეიძლება სახელმწიფოს ძალაუფლების დაფუძნება. მაგრამ რუსი ეგზარქოსები ამას არ ქადაგებენ. ქართლისა და კახეთის ყველა ეპარქიას 1811 წლიდან მართავს ეგზარქოსი, რომელმაც არ იცის ენა და არც ადათ-წესები. ამჟამად კი საქართველოს ეგზარქოსს ნიკონს თავისი მრევლის წინაშე გამოჩენისა ეშინია. გასულ 1906 წ. სექტემბერში, მისი თბილისში ჩამოსვლის პირველი დღიდანვე, როდესაც კაზაკთა ბადრაგის თანხლებით ტაძრისაკენ გამოაცილეს და გზას კბილებამდე შეიარაღებული მთელი გარნიზონი იცავდა, იგი სიონის ტაძარში აღარ გამოჩენილა, რადგანაც იცოდა, რომ მრევლი არაფრად აგდებდა მისთვის უცხო ადამიანს.

ქართველი სამღვდელოების მიერ ჩვენს სასულიერო კოლეგიუმში გამოგზავნილი პეტიციის წველაზე მნიშვნელოვან პუნქტში ნათქვამია: „მხოლოდ აღმსარებლობაში თავისუფალი, თავის თვითშეგნებაში სრული, თავის შინაგან აგებულებაში, თავის საქმიანობაში თავისუფალი, თვითმმართველობითი ეკლესია შეძლებს შეინარჩუნოს სრული მამაშვილური ერთიანობა...“

ასე ხედავენ ქართველები თავიანთ ეკლესიას, მაგრამ ასე არ ხედავენ ჩვენი სინოდალები და ის უღმერთო მამები, რომლებსაც ქართული ეკლესიის მიმართ გარდა სიცრუისა და უმართლობისა არაფერი არ შეუტანიათ წინასაეკლესიო კრების კომისიაში და ამით გაამძვინვარეს ქართველთა გულები. დაე, ხალხის მოძალადეები ღმერთმა განსაჯოს!

ვუბრუნდებით რა რუსი ეგზარქოსების მიერ ქართული სალოცავების გაძარცვის საკითხს, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, ბევრ საინტერესო რამეს ვპოულობთ წიგნში „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ“. მასში მოთხრობილია სახელმწიფო მდივნის ამხანაგი ზვენიგოროდსკი (რომლის კოლექცია ამჟამად მისი მემკვიდრეების მიერ 1.200.000 მანეთად იყიდება) როგორ დადიოდა ეგზარქოს პალადის ბარათით ქართულ მონასტრებში და როგორ აცდუნებდა ბერებს სავანეთა კუთვნილი ძვირფასეულობის გასაყიდად და როგორ აღშფოთდნენ ამის თაობაზე გელათელი ბერები. იგი საკურთხევლებშიც შედიოდა, იქ ღირშესანიშნაობებს პოულობდა და ღვთისმშობლის ხატებზე მირჩილულ მცირე ნაწილებში 1000-1000 მანეთს და ზოგჯერ მეტსაც აძლევდა.

„რუს ეგზარქოსებს ძალა არ შესწევდათ მათი სამწყსო ქართული ეკლესიის სასარგებლოდ ემუშავათ ისეთი სულისკვეთებით, როგორც ამას ქართველი პატრიარქები აკეთებდნენ, რადგანაც იმ ასაკში, როცა ეგზარქოსის პოსტი ეძლევათ, გენიალური ადამიანიც კი გონებითა და აზრით ისე განაგრძობს მუშაობას, როგორადაც მანამდე იყო მიჩვეული. ყოფილმა ეგზარქოსებმა ქართველი ხალხის ქვეყანაში მისვლამდე ქართული ეკლესიისა და საქართველოს შესახებ იმდენი იცოდნენ, რამდენიც საერთოდ ევროპამ იცოდა ამ ხალხისა და მისი ეკლესიის გარშემო. ქართული ეკლესიის ნამდვილი მეთაური რომ იყო, აუცილებლად საჭიროა ცოდნა ქართული ღვთისმეტყველებისა და სასულიერო ლიტერატურის საფუძვლიანად შესწავლა არა მარტო ბეჭდური წყაროებით, არამედ ქართველი მამების ხელნაწერი ნაშრომებით“.

აუტანელ და გამოუვალ მდგომარეობაშია ქართული ეკლესია. იგი უნდა დაუსხლტეს რუსული სასულიერო ბიუროკრატიის ანტიკანონიკური დამქაშების - რუსი ეგზარქოსების უზურპატორულ კლანჭებს. „ღიად და აშკარად არსად არ ჩანს გარეშე მტერი, - წერს ერისტოვ-შარვაშიძე, - მაგრამ არის უფრო უარესი მოუგერიებელი შინაური მტერი, რომელიც ისე გამრავლდა პატარა საქართველოს სახეზე, როგორც ქინქლა ჭაჭაზე და სწორედ ამ შინაური მტრისგან აშკარად იღუპება ქართული ეკლესია“.

„ვისზე უნდა დავამყაროთ იმედები, ვის შეუძლია შეგვიმსუბუქოს ჩვენი მწარე ხვედრი?“ გვეკითხება ავტორი ბროშურისა „რა გააკეთა რუსეთმა ასწლეულის (1801-1901) განმავლობაში ქართული ეკლესიისა და საზოგადოებისთვის, სასულიერო რელიგიური კუთხით?“ (ბროშურა გამოცემულია 1900 წ. თბილისში).

ჯერჯერობით ჩვენი ერთადერთი იმედი, ერთადერთი თავშესაფარი - ღვთისმშობელია, რომლის წილხვედრილი ჩვენა ვართ! მართალია, ჩვენ, ქართველები, დარწმუნებულნი ვართ, რომ რუს მონარქებს ჩვენთვის სიკეთე უნდოდათ და ახლაც სურთ, მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენ ისიც გვწამს, რომ, მიუხედავად კეთილი სურვილისა, მათ მცირეოდენი რამის გაკეთება შეუძლიათ, სანამ საერო და სასულიერო სფეროშიც უღირსი ჩინოვნიკება ახვევიათ გარშემო“. „ჩვენ გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ ბოროტება სიკეთეზე ვერ გაიმარჯვებს, რომ დადგება დრო და სიმართლე სიცრუეზე, სიკეთე ბოროტებაზე, სიყვარული და მეგობრობა სიძულვილზე იზეიმებს. მაშინ საქართველო გამოვა დაჩაგრული მდგომარეობიდან. სანამ საქართველოსა და ქართულ ეკლესიას რუსეთის სახელმწიფოს დამქაშები ქელავენ, ქართველებმა შეიძლება გულწრფელად იზეიმონ საქართველოს რუსეთთან შეერთების ასი წელი?“

ჩვენი მშობლიური ეკლესიის ერთგულ შვილებს, - დაასკვნის ავტორი, - შეგნებულად და თავისი ნებასურვილით არ შეუძლიათ დაუმსახურებელი მადლიერების გუნდრუკი უკმიონ რუსეთის სასულიერო კოლეგიუმსა და ჩინოვნიკობას ყველა იმ უბედურობისა გამო, რაც ჩვენი კათალიკოსების ტრაპეზების მიმტაცებლებმა, ჩვენი მონასტრების გამტიალებლებმა და ჩვენი მშობლიური ენის მოძულეებმა, საქართველოში მომუშავე რუსმა ეგზარქოსებმა დაატეხეს თავს“.

ასე ამბობს ავტორი და აი, კიდევ ძარცვისა და ძალადობის მაგალითები:

ეგზარქოს ევსევის დროს გელათის მონასტრის ხახულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატიდან, რომელიც ევანგელისტ ლუკას მიერ იყო დახატული, მოხსნილი იქნა „ოთხი დიდი და შვიდი მცირე ლალი, რომლებიჩ ოდესღაც თამარ მეფის გვირგვინს ამშვენებდნენ“. ყოველ ლალს თავისი სახელი ჰქონდა: „ობოლა“, „კედელა“, „მედეგა...“

საინტერესოა ცნობები იმერეთში მხეცისმსგავსი რუსი ეგზარქოსის ფეოფილაქტეს მოქმედებების შესახებ, რომელიც 1820 წელს ჩავიდა ქუთაისში და ასეულობით ეკლესია დახურა, რითაც ხალხის მღელვარება და აღშფოთება გამოიწვია. „უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიების დახურვისა და საეკლესიო ქონების აღწერა თავად-აზნაურთა ადგილ-მამულებს არ შეხებია. ეს საქმე პირველ ხანებში მხოლოდ იმ ადგილ-მამულებში შეეხო, რომლებიც უშუალოდ მთავრობის გამგებლობაში შედიოდა. მაგრამ ფეოფილაქტემ ამ რეფორმას საყოველთაო ხასიათი მისცა და მის ყოველმხრივ გამოყენებას შეუდგა, ეხებოდა რა კერძო პირების ინტერესებსა და მათი პირადი საკუთრების უფლებებსაც კი“.

„იმერლები ჩიოდნენ, ისინი წერდნენ: „ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ბიწიერი აგარიანელების ხელში ვიყავით, ბევრი ტანჯვა-წამება გადავიტანეთ, მაგრამ აგარიანელნი ჩვენს სასულიერო საქმეებს არ შეხებიან. ჩვენ ის ხალხი ვართ, სარწმუნოება თითქმის ქრისტეს ჯვარცმის დროიდან რომ შევინარჩუნეთ და იმ იუდებზე უფრო საძულველნი ვერ გავხდებით, რომლებიც რუსეთის მმართველობის სახელით ფარფაშობენ. ჩვენს მწუხარებას საზღვარი არა აქვს, როდესაც ვხედავთ, როგორ ხურავენ ჩვენს წმინდა ეკლესიებს, როგორ გვაშორებენ ჩვენი სულის გადარჩენაზე მზრუნველ ღვთისმოშიშმღვდლებს, როგორ გვართმევენ სახალხო ქონებით შემკულ ჯვრებსა და ხატებს და ბოლოს როგორ ასხვისებენ საეკლესიო ქონებას, რომელიც საუკუნეების მანძილზე სისხლითაა შეძენილი ან ჩვენი უწინდელი მეფეების მიერ საჩუქრადაა გადმოცემული“. გელათისა და ქუთაისის მიტროპოლიტები, რომლებიც წინ აღუდგნენ ეკლესიების დახურვას, დაპატიმრებულნი იქნენ. „მიტროპოლიტების დაპატიმრება იოლი საქმე როდი იყო და სიფთხილეს მოითხოვდა, რათა ხალხის აღშფოთება არ გამოეწვია“. მათი დაპატიმრებისათვის ბნელი ღამე შეარჩიეს. ეგზარქოსის ნების წყალობით მიღებული ზომები „სრული წარმატებით დაგვირგვინდა“. 1820 წლის 4 მარტს ერთიდაიმავე დროს შეპყრობილი იქნა ორივე მიტროპოლიტი, რომლებიც გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით მაშინვე რუსეთში გადაასახლეს. ქუთაისის მიტროპოლიტი დოსითეოსი, როგორც ვარაუდობენ, გზაზე მოაშთვეს. „დიდ ხანს არ იცოდნენ, როგორ მოქცეოდნენ მის გვამს და მის სიკვდილს მებადრაგე ჯარისკაცებსაც კი უმალავდნენ. გვამი ქ. ანურში ჩაიტანეს და თითქმის 4 დღის შემდეგ მონასტრის ეზოში დამარხეს, მაგრამ გვეყოფა!

გაგრძელება...