მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

ლოტის ანუ მკვდარი ზღვა

ივნისის 10, ხუთშაბათს, დილის ხუთ საათზედ გავემგზავრე ეტლით იორდანისაკენ ჩემის ერთგულის თანამოგზაურით მ. დეკანოზითურთ და შეიარაღებულის კავასით გავიარეთ სოფელს ბეთანიაზედ; იერუსალიმსა და იორდანეს საშუალ გზაზედ არის სახლი მოგზაურთა და სიცხისაგან დამაშვრალთ შესასვენებლად. ამ სახლს უწოდებენ: „სასტუმროდ მოწყალე სამარიტელისა“, მოხსენებულისა სახარების იგავში. ამ გზით ჩავიარეთ ღირსის მამის გიორგი ხოზიბელის მონასტრისაკენ. იგი აღშენებულია კლდეზედ, ღრმა ხეობაში; მისავალი საცალფეხო გზა აქვს შორით, წინ ხეობაში წყარო ჩამოუდის. ეს წყალი ზამთრობით მიმდინარეობს იერიქონამდის, ხოლო ზაფხულობით გზაზედ შრება და იქამდის ვეღარ აღწევს. შორიდგან დავიწერეთ პირჯვარი და შიგ უდაბნოში ვერ მოვახერხეთ შესვლა სიშორისა და გზის სივიწროვისა გამო, და იმიტომაც, რომ იორდანისაკენაც დავიგვიანებდით. დილის ცხრა საათზედ მივაღწიეთ სავანეს ღირსის მამის გერასიმე იორდანის-პირელისას. მონასტერი იგი მდებარეობს იორდანე მდინარისა და მკვდარის ზღვის მახლობლად. შევედით ეკკლესიაში, ვილოცეთ და შესანიშნავი ძველადგან არა აღმოჩნდა რა; კანკელი ახალი აქვს, რუსეთიდგან შემოწირულის ხატებით. აქ გვიჩვენეს კარი, რომელსაც მოჰხვედრია ტყვია რევოლვერისა; იგი უსროლია ბერძნის პატრიარქის ნიკოდიმესათვის ბერძნის მორჩილს. ამ სავანეში მოღვაწეობენ ზოგად ბერძენთა და არაბთა მონაზონნი ძმანი. აქ შევისვენეთ პირველ საათამდე და შემდეგ ჩავედით ეტლით მკვდარს ზღვაზედ, რომელიც ჰშორავს გერასიმეს მონასტერს ოთხის ვერსით. აქაც შევისვენეთ ორი საათი და ვიბანავეთ ზღვაში. ძლიერ მლაშე და მწარეა ამ ზღვის წყალი, თვალში რომ მოხვდეს, ფრიად სწვავს, ნავთ-კუპრის სუნი უდის ამ ზღვასა. ცოცხალი თევზი და არა რაიმე სხვა პირუტყვი არ მოიპოვება ამ ზღვაში; იორდანიდგან თუ შევიდა თევზი, მსწრაფლ იხოცება და ტალღები გარეთ გამოაგდებს და არცა აქვთ მსვლელობა ხომალდითა ანუ ნავითა ამ ზღვაზედა.

არა-სასიამოვნო აზრები ამეშალა ამ ზღვის ხილვაზედ. ეს ის ადგილია, რომელზედაც თვალ-ნათლად გამოცხადდა ღვთის რისხვა და წყევა მეძავობით უკიდურესად გარყვნილ ცხოვრებისათვის ძველთა აქაურთა მცხოვრებთა. წარმომიდგა თვალ-საჩინოდ დაბადების ის მოთხრობა, როდესაც ოთხი ქალაქი: სოდომ, გომორი, ადამუ და სებოიმ ზეცით მოვლენილმა ცეცხლმა შთანთქა; მხოლოდ განერა ამ საშინელს უბედურებას მართალი ლოტი თავის სახლობით, მაგრამ ცოლიცა მისი ურჩებისათვის გაქვავებულ იქმნა, რადგანაც, წინააღმდეგ ანგელოსთა ბრძანებისა, „მიიხილა მან უკუღმართ“, როდესაც მოესმა ხმა ზეცით გადმოსულ ჭექა-ქუხილისა. და იმ ადგილზედ, სადაც იყო ოთხი აღყვავებული ქალაქი, შემდეგ მათის შთანთქმისა, გაჩნდა ეს ჭეშმარიტად კუპრიანი ზღვა. მცხოვრებნი ამ ქალაქებისა დაისაჯნენ, ვითარცა ნახევრად წარმართნი; გარნა ჩვენ ვიწოდებით ქრისტეანებად და მართლ-მადიდებლადაც-კი. ხოლო რა იქმნების ჩვენ შორის - „საძაგელ არს სთტყვადცა“ (ეფეს. 5,12). რამდენი დრო მიდის, გარყვნილება უფროს მომეტებულად ვრცელდება, ვითარცა საფრანგეთში და ევროპის სხვა ერთა შორის. ცხოვრება ხორციელის სიტკბოების მოყვარეობისა, საუბედუროდ, მრავალთათვის შეადგენს ჩვეულებრივს კმაყოფილებას. მრავალნი უყურებენ ეხლა მრუშებას, მეძავობას ანუ როსკიპობას, არა ვითარცა ბიწიერებას, რომელიც გამოიწვევს სიძულვილსა, - არამედ ვითარცა მოსათმენს საქმესა, თითქმის ჩვეულებრივს, ბუნებითსა. მამანი ხშირად თვალს არიდებენ თავის შვილების უზნეო ცხოვრებას და არ შეაყენებენ მათ ყოველის ღონისძიებითა ბიწიერ ცხოვრებისაგან; არიან ბევრნი იმ გვარნი დედანიცა, რომელნიც მცირედ ჰზრუნავენ შესწყვიტონ თავისუფალი ცხოვრება ასულთა თვისთა. შედეგად ამ გვარს თავისუფალს ცხოვრებას მოსდევს ის, რომ მრავალნი ვაჟნი ხანგრძლივ ერიდებიან კანონიერს ქორწინებასა, და შეირთვენ ცოლს მაშინ, როდესაც ყოველნი გრძნობანი, რომელნიც საჭირო არიან დამშვიდებულ მეუღლეობითის ცხოვრებისათვის, უკვე დაჩლუნგებულია, როდესაც სიმრთელე ჯანისა და ძალ-ღონე წარუგიათ მეძავებთანა; ხოლო რომელნიმე სრულიად არა ქორწინდებიან, რადგანაც პოულობენ უწესო ცხოვრებაში მომეტებულს სიტკბოებასა და კმაყოფილებასა. და ამ გვარნი კაცნი, ამისთანა ქრისტეანენი იქმონენ იმას, რასაც პირუტყვნიც არა შვრებიან! და ამ გვარნი კაცნი არა ჰგრძნობენ სინიდისის მხილებას, არ ეშინიანთ ეკკლესიის მუქარისა. უბედურნო! თქვენ უნდა მოგიყვანათ აქ! თქვენის თვალით უნდა იხილოთ წარმწყმედელნი შედეგნი გარყვნილის ცხოვრებისა სოდომ-გომორის მცხოვრებელთა! ეს შედეგნი საშინელის სინამდვილით წარმოგიდგებიან აქ თვალ წინ და იქმნება იძულებულნი გამხდარიყავით და დაფიქრებულიყავით თქვენს გარყვნილს ცხოვრებაზედ; იქმნება აქედგან გამოგეტანათ მაცხოვნებელი გაკვეთილი მომავალისათვის, იქმნება ხილულნი ცხადად სასტიკნი კვალნი საშინელის ღვთის რისხვისა გადაქცეულიყო საღსრად გამოფხიზლებისა თქვენის ზნეობრივის სიმთვრალისაგან, დაგეცვათ სიწმიდე და უმანკოება ხორციელი და შეგეყენებინათ თავი თვისი ხორციელის სიტკბოების მოყვარეობისაგან, და აღგესრულებინათ მოძღვრება იგი წმ. მოციქულისა პავლესი: „არა უწყითა, რამეთუ ხორცნი ეგე თქვენნი ტაძარნი თქვენ შორის დამკვიდრებულისა სულისა წმიდისა არიან!? ადიდეთ უკვე ღმერთი ხორცითა მაგით თქვენითა და სულითა მაგით თქვენითა, რომელნი იგი არიან ღმრთისა“ (1 ეპისტ. კორინთ. 6;19,20).

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>