მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

წარწერა ათონის ივერიის მონასტრის კარისა ღვთისმშობლის ხატზედა

„ჰოი დედოფალო, დედაო კაცთმოყვარისა ღმრთისაო, ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ, შეიწყალე სული პატრონისა ჩემისა დიდისა ყვარყვარეს შვილისა ქაიხოსროსი და მე, მონა შენი და ყოვლითურთ უღონო ქმნილი საბრალო ამბროსი. გმადლობ, რომელმან ღირს-მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა პორტაიტისა (კარისა). ეჰა, დედოფალო, შეიწირე მცირე ესე ჩემ ცოდვილისა მიერ კადრებული, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა უცოდველად და, ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისა განსლვისასა, შემეწიე, და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით-წერილნი, და წარმადგინე ცოდვილი საყდართა ძისა და ღმრთისა შენისათა დიდებად ძისა შენისა, და თანადაუსაბამოსა მამისა მისისა, და ყოვლად წმიდისა სულისა მისისა. აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე ამინ“.

ეს ზემო მოყვანილი წარწერა გადმოვწერეთ ათს ივლისს 1899 წელსა ათონის ივერიის კარისა ღვთისმშობლის ხატიდან, თანადასწრებითა პატიოსანის მღვდლის მ. ალექსი ბაქრაძისა, რომელიც მოღვაწეობს ათონის ქართველთა სავანეში, და მონაზონის გაბრიელისათა (აბაშიძისა). როდესაც თაყვანივეცით ამ სასწაულთ-მოქმედსა ხატსა, მაშინ ვსთხოვეთ ბერძენს იღუმენს, იქ მდგომარესა, დიდის მუდარებით ნება-რთვა ამ წარწერის წაკითხვისა და გადმოწერისათვის; მან პირველად დიდი უარი განგვიცხადა ჩვენს საღმრთო თხოვნაზედ, ხოლო მეორე და მესამე თხოვნის შემდეგ ნება-დაგვრთო, და ჩვენ, დიდის ანთებულის კელაპტრების მპყრობელთა ხელთა შინა, აგვიხადა ფარჩა, რომლითაც დაფარულია ზედწარწერა ყოვლად წმ. ღვთისმშობლის ხატზედა. ამ წარწერას არა აქვს ნაჩვენები ქორონიკონი; ან თუ ყოფილა და შემდეგ მოუშლიათ, ესეც შესაძლებელია. მაგრამ თვით შინაარსი წარწერილისა ცხადად მოგვითხრობს, ვისგან და როდის არის შემკობილი ეს ყოვლად დიდებული ხატი, და ვის სამეოხოდ, და მოსახსენებელად. აქ მოხსენებული ამბროსი არის ეპისკოპოსი სამცხესი. იგი ყოფილა აღზრდილ ქაიხოსრო ათაბაგის მიერ (1492-1502 წ.). ამის შვილს მზეჭაბუკს (1502-1516 წ.) წარუგზავნია ეს ამბროსი მოსალოცავად და მოსახილველად იერუსალიმისა, სინასა და წმ. ათონის მთისა დიდის შესაწირავებითა და ივერიის ქართველთა მონასტრისათვის შეუწირავს 25,5ოო თუმანი ოქროთი და ვეცხლითა. ამ ხსენებულს ამბროსი ეპისკოპოზს შეუმკია ოქრომოჭედილის სამოსელითა ანუ კვართითა ივერიის კარისა ღვთისმშობლის ხატი. ამის მეტი წარწერა ქართულს ენაზედ სრულიად მოსპობილია ბერძენთაგან ივერიის მონასტერში, ჩვენდა სამწუხაროდ, ვითარცა ხატებზედ, ეგრეთვე კედლებზედ, შიგნით და გარეთ. სადაც ის იკადნიერეს, რომ ამ წმ. სავანის აღმაშენებელს თორნიკეზედ მოუშლიათ ქართული წარწერა და ბერძენთა კეისარის სახელზედ გადაუნათლავთ, სხვას რაღას დაინდობენ?

ათონის ქართველთა სავანეში გარდმომცეს, რომ ივერიის მონასტრის ბერძენთა კრებულსა ქ. მოსკოვში მოემზადებინა ახალი კვართი (პერანგი) ივერიის კარისა ღვთისმშობლის ხატისათვის ბერძნულის წარწერით, რომელიც მე თვითონ მაჩვენა ბერძნის იღუმენმა. მაგრამ გაძარცვა ძველის ოქროჭედილის პერანგისა, შეწირულისა ქართველის ეპისკოპოზის ამბროსისაგან და შემოსვა ღვთის მშობლის ხატისა ახალის პერანგითა ვეღარ იკადნიერეს, რადგანაც ერთს ბერძენს ძმათაგანს ჩვენება უხილავს, რომ არ გაჰბედონ შეხება მის წმ. ხატისა, გაძარცვა ძველის პერანგისა და შემოსვა ახლისა.

ქართულის წიგნების გადახილვის დროს ივერიის მონასტერში, ვისარგებლეთ რა მოკლე დროებით, ამოვწერეთ რავდენიმე შესანიშნავ ხელ-ნაწერის წარწერანი თავსა და ბოლოს.

1. ცხოვრება წმ. იოანნე ოქროპირისა და ნაწილთ-აღმოყვანება მისი - ფორმატით სახარების ტანის ოდენი. წარწერა ამ წიგნისა არს შემდგომი: „წადიერად მსახურებისათვის ღვთივ-დიდებულთა უფალთა, პირველად იოანე თორნიკ სინგელოზისათვის და ვარაზვაჩე იოანესთვის და შვილთა მათთათვის, ერთობით ადიდენინ ღმერთმან და შეეწიენ წმ. იოანე ოქროპირი, რომლისა მსგავსნი არიან; და აღვსწერე წმ. ესე წიგნი, ცხოვრება წმ. იოანე ოქროპირისა და ნაწილთაღმოყვანება, რომელთა (რაჲცა) კნინსა ბუნებასა ჩემსა შეეძლო, არ დამიკლია, და გავასრულე ნებითა ღვთისათა, და მადლითა წმ. ოქროპირისათა. ღმერთმან უბედნიერე თორნიკ სინგელოზსა, და წმ. ოქროპირსა თანადაუსაყდრენ. იოანე თორნიკეს და იოანე ვარაზვაჩეს და შვილთა მათთა ორთავე ცხოვრებათა მეოხ-ეყავ, წმ. ოქროპირო. დაიწერა წმიდა ესე წიგნი ლავრასა შინა დიდებულსა ოშკს ნათლისმცემელისასა, წინამძღვრობასა წმ. მამისა საბასსა. ღმერთმან ადიდენ და ცოდვანი შეუნდვენ. ხელითა ჩემ გლახაკისა საწყალობელისა იოანე ჩირასითა. ღმერთმან დაგაჯეროსთ. ვინცა იკითხვიდეთ, ხსენებულმცა ვარ წმიდათა ლოცვათა თქვენთა, რათა თქვენცა უფალმან მადლი მოგანიჭოს. ამინ. ხოლო რომელი სიუცბით დამეკლოს, ღმერთმან დაგაჯეროს. შენდობა ჰყავთ, რათა ღმერთმან თქვენცა შეგინდოს. კურთხევა მამისა მწერალსა ზედა, წყალობა ძისა მკითხველსა ზედა, მადლი სულისა წმიდისა მსმენელსა ზედა.

2. სამოთხე - დიდი მარხვნის ტანის ოდენი. ამას აკლია თავში 1 რვეული და მეორე რვეულისა 1 ფურცელი. თავზედ აქვს შემდეგი წარწერა: ამ წიგნს სახელად ეწოდების სამოთხე, თორნიკის შემოწირული. მე, ფრიად უღირსი, მთავარეპისკოპოს ყოფილი, ტიმოთე მოვიწიე წმიდასა მონასტერსა 1756 წელსა. დაიწერა წმიდა ესე წიგნი დიდებულსა ლავრასა ოშკს საყოფელსა წმიდისა ნათლის-მცემელისასა, მამობასა საბასსა, ხელითა სტეფანე დეკანოზისათა, ქორონიკონსა „რჟზ“ (977 წელსა.)

3. მაქსიმე აღმსარებელის წიგნი, ჟამნის ტანისა.

4. მათეს სახარებთს თარგმანი შემდეგის წარწერითა: „და აღესრულა თარგმანება ესე ნუსხად მათეს თავისა სრულიად ხელითა გლახაკის ეფთვიმესითა, მთასა წმიდასა ათონს, საყოფელსა წმიდისა ღვთისმშობელისასა.

5. მეორე ტომის სახარების თარგმანის ბოლოს აქვს შემდეგი წარწერა: „დაიწერა მთასა წმიდასა ათონს, მონასტერსა ქართველთასა წმიდათა მამათასა იოანე და ეფთვიმესა, ბერძულად დასაბამითგანი წელნი იყვნეს „ხფივ“ ინდიკტიონს ვ. ქრისტეს ჯვარცმიდგან „შპბ“: ქართულად დასაბამითგანი წელნი „ხქიბ“, ქორონიკონი მეათორმეტე, მეცამეტე მოქცეული სკჱ“.

6. წმიდა დიდი მაკარის წიგნი. შუას ქვემოთ აწერია: „ქრისტე, ადიდე წმიდა მამა ეფთვიმე, ამის წიგნისა მთარგმნელი, და მამა გრიგოლი მომგებელი შვილითურთ სულიერით, და ვისცა შრომა თავს უცს. ხოლო დაიწერა მთასა წმიდასა ოლიმპოს საბერძნეთისასა, ქვაბსა საყოფელსა ქართველთასა, ეკკლესიასა წმიდისა ღვთისმშობელისასა, ბრძანებითა მამისა გრიგოლისათა, ფ˜დ ცოდვილის ისაკისითა მნკ˜ნლისათა: მეფობასა რომანოსისა, ოდეს სარკინოზეთს წარვიდა წარმოტყვენვად, ქორონიკონსა სნ. ბოლოს აწერია: „გლახაკი ისაკის ხელითა: ამ წიგნში არის მაკარის ეპისტოლენი, და წამება წმიდა ბაგრატისა და აკეფსიმაეთი“.

7. დიდი სახარების თარგმანი მათესი, რომელსა ზედა წარწერილია: „დაიწერა მთა წმიდას, ათონის მონასტერსა წმ. მამათასა იოანნე და ევთიმისა, საყოფელსა წმ. ღვთისმშობელისასა, ქორონიკონსა სკჱ“.

8. დოროთეს წიგნი, სამი კონდაკის ტანისა; თავი და ბოლო აკლია.

9. წერილი სამოელ ქართლისა კათალიკოზისა, გადმოვწერეთ იმ პირიდგან, რომელიც ფოტოგრაფიის შემწეობით გადმოეღო ივერიის ათონის მონასტერში ბ-ნს მარსს მარტში 1899 წელსა. „მე, სამოელ, ქრისტესმიერ ქართლისა კათალიკოზი, უფალსა იოვანეს საბანის ძესა, სულიერად შვილსა წმ˜სა კათოლიკე ეკკლესიისასა და საყვარელსა ჩ˜ნსა, ლოცვით მოგიკითხავ უფლისა მიერ. მშვიდობა იყავნ შენზედა, და ყოველთა სახლისა შენისა კრებულთა ქრისტეს მიერ. ჩვენ თვით უწყით წადიერებაჲ შენი ღ˜თის მსახურებისათვის და ღვთივ მიმადლებული შენი მეცნიერებაჲ საღ˜თოთა წიგნთაჲ და გულმოდგინებაჲ შენი კეთილთა საქმეთა მოღვაწებისათვის. შენ თვით უწყი ახლისა ამის ჟამისა სანატრელისა აბოსი, რ˜ი დღეთა ამათ შინა“ (წამებულ იქმწა) და შემდეგი დაუსრულებელია. ქორონიკონი ბოლოში უზის ˜თ.

ქართველთა სავანეს ძმათ დაუწყიათ დავა ივერიის მონასტრის გამო 1883 წელსა და აქამდე დასასრული არა აქვს მათს საჩივარსა. მადლობა ღმერთს, რომ ხელმწიფე იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ, აწ ღვთივ განსვენებულმა, კეთილ- ინება და მამობრივ შეიბრალა ქართველნი ძმანი ათონის სავანისანი და ჰბრძანა დაენიშნოს მათ რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდგან სამი ათასი მანეთი წელიწადში შემწეობად, ვიდრე გადასწყდებოდეს დავა, ივერიის მონასტრის გამო დაწყებული; უამისოდ შიმშილით ამოსწყდებოდნენ ქართველნი ძმანი, როდესაც ამავე დროს ჩვენის საქართველოს პურითა და ღვინით და სხვა კეთილით სუქდებიან ბერძენთა მონაზონნი. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

ეკკლესიის აღსაშენებლად ქართველთა სავანეს კვალადცა უწყალობა ათას რვაასი თუმანი ნეტარ ხსენებულმა იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ. ეს ფული რომ მიიღო წინამძღვარმა ქართველთა სავანისამ, ეკკლესია უკვე დასრულებული ჰქონდათ, და რაში დაიხარჯა ეს ფული, წინამძღვარს მონასტრისას ჯერაც ანგარიში არ მიუცია სავანის ძმათათვის თვისის მოვალეობისამებრ. ქართველთა ახალ სავანეში აწ ჰმოღვაწეობენ 33 ძმანი, მათ შორის სამი მღვდელ-მონაზონი: მოძღვარი ამ სავანესი დიდ სქემოსანი, მამა თეოდორე; იგი დიდად პატივცემულია არა თუ მხოლოდ ქართველთა სავანეში, არამედ მთელის ათონის მთის შვენებას შეადგენს თვისის სულიერის წმიდა მოღვაწეობის ცხოვრებით. დიდ შესანიშნავს კეთილზნეობის საგნების განსამარტებლად ყოველთვის იმას მიჰმართავენ ხოლმე ყველა მონასტრიდგან, ეროვნების განურჩევლად. ღირსად ჰმოღვაწეობენ ქართველთა სავანეში აგრეთვე მ. გიორგი და იონა მღვდელ-მონაზონნი. (ეს უკანასკნელი დროებით განაგებს სავანესა და ყოველ დღე მწირველია) და ჰზრუნავენ იგინი სავანის კეთილმდგომარეობისათვის. ხოლო წინამძღვარი ამ სავანისა დაფუძნებიდგანვე, მ. ბენედიქტე მღვდელ-მონაზონი, აგერ ხუთი წელია განშორებია მონასტერსა და იმყოფება სოხუმსა და ბათუმში, ვითომც მონასტრის საქმეების წარმართვისათვის.

მამა გიორგი (გოგოლაძე) უკვე გარდაიცვალა 25-სა დეკემბერსა 1899 წელსა, და განვიდა ამიერ სოფლით; მისმა მართალმა სულმა დაუტევა თვისი ხორციელი საყოფელი იმ დღესა, როდესაც ქრისტეანეთა ეკკლესია დღესასწაულობს ქრისტე მაცხოვრის ხორციელად შობასა, და ისრედაც რიცხვ-მცირე ქართველთა ძმათა სავანეს სამშობლოს გარედ მოაკლდა ეს ღირსი, მხნე, დიდი მოღვაწე და მშრომელი ძმა სასიქადულოდ საქართველოს ეკკლესიისა და ერისა.

ყოვლად მოწყალე მაცხოვარმა, უფალმა იესო ქრისტემ მიაგოს მას ზეციერს სასუფეველში სანატრელი განსვენება, და ვითარცა კეთილი და სარწმუნო მონა, რომელი მცირესა ზედა სარწმუნო იქმნა და იწრო ბჭენი და საჭირველი გზა სარწმუნოებით განვლო, მრავალსა ზედა დაადგინოს იგი უფალმან და შეიყვანოს იგი დაუსრულებელსა სიხარულსა (მათ. 25, 23).

დაფუძნებიდამ ათონის ქართველთა ახალის სავანისა ნეტარ-ხსენებულმა, სულით კურთხეულმა გაბრიელ, იმერეთის ეპისკოპოსმა, წარგზავნა ათონის მთაზედ გელათის მონასტრიდამ ორნი ცნობილნი მოღვაწენი მამანი - თეოდორე და გიორგი, აწ ღვთისა მიერ განსვენებული, ვითარცა მტკიცენი სვეტნი დასამყარებლად და დასამტკიცებლად ახლად დაფუძნებულის ქართველთა სავანისა საზღვარს გარედ, ათონის მთაზედა.

1900 წლის დამდეგს მ. ბენედიკტე დანიშნულ იქმნა საქართველოს ეგსარხოსისა მიერ წინამძღვრად დავით-გარესჯის მონასტრისა საქართველოში; ხოლო აპრილში 1900 წელსა აღყვანებულ იქმნა იგი იღუმენის ხარისხზედა, რადგანაც საზოგადოდ შემცირებულია რიცხვი მონაზონთა საქართველოს მონასტრებში, ამისათვის გამოწვეულ იქმნენ ათონის ქართველთა ძმათა სავანიდან სამნი მონაზონნი, პიმენ, სვიმეონ და გაბრიელ, სამოღვაწეოდ დავით-გარეჯის უდაბნოში, ნოემბრის თვეში 1899 წელსა. მაგრამ სამწუხაროდ ქართველთა, რომელნიც თანაუგრძნობენ სულიერს სარწმუნეობრივ-ზნეობრივს წარმატებას საქართველოში, ამ ზემოხსენებულთა ძმათა ვერ ჰპოვეს გარესჯის უდაბნოში სულიერი მშვიდობა და ძმობრივი სიყვარული ამ მონასტერში მოღვაწეთა ძმათა შორის. ამისათვის, ორნი მათგანნი მღვდელმონაზონნი პიმენ და სვიმეონ იძულებულ იქმნენ უკანვე დაბრუნებულიყვნენ ათონის ქართველთა ძმათა სავანედ იანვარში 1901 წელსა. ხოლო გაბრიელ დიაკონი დაშთა საქართველოში დროებით და აწ მოღვაწეობს იოანნე ნათლისმცემლის უდაბნოში მახლობლად ქ. ტფილისისა. და ამ სახით, სადაც ჩვენ გვსურდა დათესვა სულიერის იფქლისა (ხვარბლისა), ჩვენდა სამწუხაროდ, იქ აღმოსცენდა ღვარძლი, დათესილი მტრისაგან ყოვლისა კეთილისა (მათ. 13, 24-30) ეშმაკისა, ამისათვის ჩვენ ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა, რათა არა მოაკლდეს სარწმუნოება ქართველს ერსა და გამოავლინოს ღირსნი მოღვაწენი და მოქმედნი სამკალსა თვისსა განსამტკიცებელად ძმათა ჩვენთა (მათ. 9, 37), (ლუკ. 22;31,32).

სხვა-და-სხვა შევიწროებათა გარდა, ქართველთა ძმათა შეშით სარგებლობის ნებასაც არ აძლევენ ბერძენთა მონაზონნი ივერიის მონასტრისანი არცა საფასითა. ერთხელ ნება გამოსთხოვეს ქართველთა ძმათ შეშის მოჭრისა და დაამზადეს შეშა ჩამოსატანად. ამ დროს მოცვივდნენ ივერიის მონასტრის ბერძენთა მონაზონნი, მორეკეს 12 ჯორი, დატვირთეს და წაიღეს თავის სასარგებლოდ. ქართველთა ხმა ვერ გასცეს, რადგანაც ისინი რიცხვით მცირედნი არიან და სულგრძელად მოითმინეს, ხმაც არ ამოუღიათ და სავანეს ეზოდგან გარედ არავინ მათგანი არ გასულა, რადგანაც კეთილგონიერება მოითხოვდა ამას, უკვდავ პოეტის რუსთაველის სიტყვისაებრ, „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანაო“ .

ყოველის ამის მხილველნი და მსმენელნი მაინც დიდის პატივისცემით ვეპყრობით ბერძენთა მონაზონთა, როდესაც ისინი მობრძანდებიან საქართველოში; ამავე დროს ისინი წყურვილით არჩობენ ჩვენთა ძმათა, ნებასაც არ აძლევენ ჩვენთა ძმათა სუფთად წყალის გაყვანისას სავანეს ეზოში, არ აძლევენ ნებას, ისარგებლონ მათ იმ წყალით, რომლითაც თითონ ბერძნები არა სარგებლობენ, რადგანაც თითონ არა საჭიროებენ, უკეთესი წყარო თვით მონასტრის ეზოშივე აქვთ.

ივერიის მონასტერში გაუტარებია ბ-ნს მარრს წარსულს წელში 40 დღე, ბევრი უშრომია, ბევრი ამოუწერია ქართულ წიგნებიდგან და ფოტოგრაფიითაც გადმოუღია. ამასთანავე ბ-ნი მარი დაჰპირებია მონასტრის ძმათა ქართული წიგნების კატალოგის შედგენას, რადგანაც არ არის იგი აქამდე შედგენილი. მოგახსენებენ, რომ ბოთლისათვის საცობი რომ დასჭირდეთ, ქართულის წიგნის ეტრადზედ მოჰხევენ ტყავს და ჰხმარობენო, ანუ თევზის დასაჭერად ჩანგალზედ ამ წიგნების ტყავსავე ჰხმარობენო. რა ეწოდება ამ გვარს მოქმედებას? ბარბაროსობა. აი ნიმუში გონების სიბნელისა განათლებულს 19 საუკუნის დასასრულს!

იქამდის მიაღწევს სიძულილი ივერიის მონასტრის ბერძენთა მონაზონთაგან, რომ ნებას არ აძლევენ ქართველთა სავანის ძმათა თავისუფლად შევიდნებ თაყვანისსაცემლად ივერიის კარის ღვთისმშობლის ხატისა, საქართველოს ეკკლესიისა და ერის მფარველისა.

ათონის ივერიის მონასტერი დაფუძნებულია მეათე საუკუნის დასასრულს იმ ადგილზედ, რომელიც შეუძენიათ საქართველოს დიდებულთა შვილთა თვისის სისხლითა, თვისი სისხლი დაუთხევიათ მათ ბერძენთა სამეფოს დასახსნელად მტერთაგან, იგი მონასტერი აღშენებულია საქართველოს მეფეთა და მთავართა უხვის შეწირულებითა, მორწყული და განაყოფიერებულია ქართველთა წმ. მამათა მოღვაწეობის სისხლის ოფლითა, ლოცვითა და ცრემლითა, დამყარებულია იგი ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის მფარველობითა, რომლისაც წილ-ხდომილნი ვართ, და ჰგიეს იგი უფლისა იესო ქრისტეს მოწყალებითა.

ახლაც ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი არ აკლებს თავისს მოწყალე მფარველობასა და ნუგეშსა ძმათა ქართველთა ათონის სავანისათა, უსამართლოდ დევნილთა ბერძენთაგან.

ამის დასამტკიცებლად ქართველთა ძმათა შემდეგი მომითხრეს: ზევით უკვე მოვიხსენე, რომ დაბა კარეას ტაძარში არის სასწაულთმოქმედი ხატი ღვთისმშობელისა, წოდებული „ ღირს არსის ხატად “ . ამ ხატს წელიწადში ერთ გზის ლიტანიით გამოასვენებენ ტაძრიდგან 11 ივნისს და შემოუვლიან გარემო დაბა კარეას. ორის წლის წინად გადასწყვიტეს ათონის მონასტრების ეპიტროპთა ანუ წინამძღვართა, გადაიღონ პირი ამ საკვირველთ-მოქმედის ხატისა, აკურთხონ იგი და გამოასვენონ ყოველ წელსა ლიტანიით ტაძრიდგან. ეს გარდაწყვეტილება მიიღეს ყოველთა კრებულთა თვითოეულის მონასტრისათა, თითოეულმა წინამძღვარმა, დასამტკიცებლად თავისის თანხმობისა, დაასვა ღერბი თავისის მონასტრისა. გადაიღეს მეორე პირი საკვირველთ-მოქმედის ხატისა, გარემოს შემკობილი თითოეულის ათონის მონასტრის ღერბითა ეროვნების განურჩევლად. როდესაც სრულიად მზად იყო ახალი ხატი ღავთისმშობელისა, მაშინ გადიფიქრეს, პირველი იგი გარდაწყვეტილება გააუქმეს და დაამტკიცეს კვალადცა გამოსვენება პირველის ხატისა ყოველს წელსა სალიტანიოდ. ახლა შეუდგათ ბაასი, რა უყონ მეორე ხატსა, ახლად დახატულსა და შემკობილსა?

გარდაწყვიტეს საზოგადო კრებაზედ წილის ყრა ამ ხატზედ, შეადგინეს სია ხელის მომწერთა და დანიშნეს ბილეთი თითო მანეთად. ქართველთა სავანეს მხრივ მოაწერა ხელი მამა იონა მღვდელ-მონაზონმა და წილის ყრაში ერგო ეს ხატი ღვთისმშობელისა ქართველთა ძმათა სავანეს. წამოავლო ხელი რუსთა პანტელეიმონის მონასტრის წარმომადგენელმა და გამოეშურა გარდასაცემად ხატისა ქართველთა ძმათათვის, რადგანაც წილის ყრას ქართველი ძმათაგანი არავინ დასწრებია. შეხვდა შემთხვევით გზაში ქართველი მორჩილი, გარდასცა იმას ხატი და უთხრა: მიიქეც მსწრაფლ ქართველთა სავანედ, რომ ბერძენთ არ წაგართვან ეს ხატიო. ისიც გამოიქცა რვა ვერსის მანძილზედ და ოდეს მოუახლოვდა ქართველთა სავანესა, იწყო მაღალის ხმით ღაღადება: გამოვედით, ძმანო, მიგებებად ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა, ჩვენის მოწყალე მფარველისა!.. გამოვიდა მსწრაფლ სრული საღმრთო კრება შემოსილი წინძღოლითა სანთლებისა და საკმეველისათა, დაასვენეს ხატი იგი გარეთ ეზოში, გარდაიხადეს პარაკლისი ღვთისმშობელისა და დააწესეს შემდეგ ამისა ყოველდღე მწუხრის დასასრულ შესრულება დაუჯდომელისა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისა. მიიღეს ამ წმ. სავანის ძმათა ეს წმ. ხატი, ვითარცა ცხადი ნიშანი ღვთისმშობლის მფარველობისა და მოწყალებისა ქართველსა ერსა და ქართველთა ათონის სავანესა ზედა.

მეორეჯერ ბერძენთა ერთმა მონასტერმა ჩააგდო ლატარიაში ვერცხლის ფეშხუმი, მოაწერინეს ხელი მსურველთ. ამაზედაც მოაწერა ხელი ერთმა ქართველთა სავანეს ძმათაგანმა და წილის ყრის დროს ეს ნივთიც ერგო ქართველთა სავანეს... შემდეგ ამ ორის შემთხვევისა ქართველთა ძმათაგანს აღარავის აწერინებენ ხელსა ბერძენნი, როდესაც ლატარიაში საეკკლესიო ნივთს ათამაშებენ, იმ შიშისა გამო, რომ ქართველებს არ ერგოთ ნივთიო.

ბ-ნ მარის ყოფნის დროს ივერიის მონასტერში მოსულა იქვე სხვა პროფესორი რუსეთიდან, ბ-ნი კონდაკოვი, რომელსაც მოუთხოვნია, რათა ეჩვენებინათ მისთვის ქართული შესანიშნავი ეტრადნი, (ტყავზედ დაწერილი წიგნები) და სხვა შესანიშნავი ძველი ნივთები ივერიის მონასტრისა. არაფერი არ უჩვენებიათ და პროფესორი მეტად გაბრაზებულა; ან კი ვინ არ განრისხდება ბერძენთა ამგვარ ველურ საქციელისაგან? 7 ათასის ვერსის სიშორიდგან მოსულა მეცნიერი კაცი მოსახილველად ძველთა არქეოლოგიის ნაშთთა და არ აკმაყოფილებენ მისს საღმრთო მოთხოვნილებას.

ივერიის მონასტრის ციხის ზევით სართულში აქვთ დაკრძალული უძვირფასესი სამეფო და საეკკლესიო სამკაულნი: გვირგვინები და სკიპტრანი ქართველთა მეფეთანი, ძვირფასი სამი სახარება და ამ მონასტრის აღმაშენებელის, მარად მოსახსენებელის თორნიკე ერისთავის საჭურველნი (საომარნი იარაღნი): ხმალი, ჩაფხუტი, ფარი, ჩაჩქანი და მშვილდი, რომელთაც არავის ქართველთაგანს არ უჩვენებენ. ეს ცნობები გარდმოცემულია ქართველისათვის მეგობრობით ერთის ბერძენის ბერისაგან.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>