მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

ბოლგართა სკიტი ღირსისა მამისა იოანნე რილელისა

ივლისის 12, ორშაბათს დილით, კვალადცა წარვემართე ათონის დანაშთენის მონასტრების მოსალოცავად და მოსახილველად. თანამოგზაურად მყვანდა მხოლოდ გაბრიელ მონაზონი ქართველი. ჩამოვიარეთ ანდრიას და ილიას რუსთა სკიტების მახლობლად. რადგანაც ეს სავანენი წინა კვირას მოვილოცე, ამისათვის ეხლა აღარ შევედი იქ. მოვედით დილით ბოლგართა სკიტში, სადაც მოვისმინეთ წირვა. როდესაც სცნეს ბოლგართა ძმათა ჩვენი ეროვნება და მართლ-მადიდებლობა, პატივისცემით მთხოვეს სიმბოლო სარწმუნოებისა და საუფლო ლოცვის წარმოთქმა წირვაზედ ქართულად, საშუალ ეკკლესიისა. წირვის შემდეგ მიგვიწვია ჩაიზედ თვით მწირველმა, მონასტრის გამგებელმა მღვდელმონაზონმა მ. სტეფანემ. კარგად მოწყობილი მონასტერი აქვთ. სლავურს ენაზედ აღასრულებენ ღვთის მსახურებას, მხოლოდ გალობის კილო ბერძნული მიუღიათ. წარსულს იანვარში გარდაცვალებულა მათი წინამძღვარი არქიმანდრიტი. ეხლა მის მაგიერ ამოურჩევია მონასტრის ძმათა ღირსად პატივცემული მ. სტეფანე, მაგრამ მათს არჩევანს არ ამტკიცებს რუსთა მონასტრის წინამძღვარი, თხოულობს, რომ იმას დაემორჩილნენ ხოლო ბოლგარნი უარყოფენ ამ წინადადებასა და თანახმა არ არიან დაჰკარგონ თავისუფლება მონასტრისა. შემდეგ ვისადილეთ ერთად ტკბილის ძმობრივის საუბარით. მ. სტეფანემ მთხოვა იქ ღამის გათევა და ხვალისათვის წირვა; მე მადლობა მოვახსენე ყოვლისა ამისათვის და განვაგრძეთ მგზავრობა. სახსოვრად გარდავეცი მას ერთი ცალი ქართველთა წმიდათა ხატისა, რაიცა დიდის კმაყოფილებით მიიღო.

 

ბერძენთა ვატოპედის მონასტერი

აქედგან წარვედით და მშვიდობით მივაღწიეთ საღამოზედ ბერძენთა ვატოპედის მონასტერსა. ამ წმ. მონასტრის დაფუძნების მიზეზად მოუთხრობენ შემდეგს: ბიზანტიის კეისრის თეოდოსეს შვილი მოჰყავდათ დიდებულთა ხომალდითა, აღელდა ზღვა და მეფის ძე გადაუვარდათ ზღვაში; ამ უბედურის შემთხვევის გამო ფრიად შეწუხებულთ ვეზირთ არ იცოდნენ რა მოეხერხებინათ და რა პასუხი მიეცათ მეფისათვის. როდესაც ხომალდი ღელვისაგან მიმოტაცებული მიადგა ზღვის კიდეს, ათონის მთის ძირსა, გაკვირვებულთა და გახარებულთა დიდებულთა იხილეს, რომ ჯაგის ქვეშ ჩრდილში სრულიად დასველებულს მეფის ძეს სძინავს, დიდი მადლობა შესწირეს ღმერთს ამ გვარის საკვირველებისათვის და მოახსენეს მეფესა და დედოფალსა ეს შემთხვევა. ხოლო ამათ სახსოვრად ამ სასწაულისა და სამადლობელად ღმრთისა აღაშენეს ამ ადგილის დიდებული ტაძარი და მასთან მონასტერი, წოდებული „ვატოპედი“, რაიცა ნიშნავს ბერძნულს ენაზედ: „ ყრმა ჯაგის ქვეშ“. ამ მონასტერში ვათიეთ ღამე. მეორე დილას მოვისმინეთ ცისკარი, ვეამბორეთ წმ. ნაწილთა, რაიცა წესად არს შემოღებული ყველა ათონის მონასტერში. მოვისმინეთ ადრე წირვა, შემდეგ მიგვიწვია წინამძღვარმა მ. არქიმანდრიტმა, რომელმაც მოუწოდა ათორმეტთა უფროსთა ძმათა სადარბაზოდ და სამუსაიფოთ ჩვენთანა, ვითარცა უცხო სტუმართათანა; მათ შორის მღვდელმონაზონი გერმანე აღმოჩნდა კარგად მცოდნე რუსულის ენისა, რადგანაც მოსკოვში უმსახურნია და იქ შეუსწავლია რუსული ენა და ამის შუამავლობით ვესაუბრე ამ წმ. მონასტრის ძმათა. ვიწყე მე მათთან დაახლოვებით შემდეგი საუბარი:

- ვმადლობ მე უფალსა იესო ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა, რომელმან ღირსმყო მე, ჟამსა მოხუცებისა ჩემისასა, მოლოცვად ცხოველს-მყოფელისა მისის საფლავისა და სხვათა წმ. ადგილთა პალესტინისათა. აწ მისივე მადლითა მოვაღწიე წმ. ათონის მთასა მოსალოცავად წმ. სავანეთა. მოვილოცე მე რუსთა მონასტერნი, სკიტნი და კელლიანი, რაოდენნიმე ბერძენთა მონასტერნი და შემდეგ - დიდებული წარსულ ისტორიულის მნიშვნელობით, სახელოვანი მართლმადიდებელს ქვეყანაზედ ივერიის მონასტერიც. გარნა სულიერის სიხარულის და ნუგეშის მაგიერ, მისის მოხილვით მივიღე სულიერი მწუხარება. მკითხავთ თქვენ, რად? მოგახსენებთ, ვითარცა საღმრთოსა კრებასა მე უცხო, საქართველოდგან, 6 ათასის ვერსის მანძილზედ მოსული, ვთხოვე ძმათა ივერიის მონასტრისათა ეჩვენებინათ ჩემთვის საეკკლესიო საუნჯე, შეკრებილი ივერიის მონასტერში ქართველთა მარადის მოსახსენებელთა ღირსთა მამათაგან. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ისტორიიდგან, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო, რომ ივერიის მონასტერი დაფუძნებულია და დამყარებული ქართველთა მეფეთა და მთავართაგან, მორწყული და გაპოხიერებული, ვითარცა ვენახი ქრისტესი, ცრემლთა ნაკადულითა, სისხლის ოფლითა და მოღვაწეობითა ქართველთა წმ. მამათა: თორნიკე, იოანნე, ევთიმე, გიორგი, გაბრიელისა და სხვათა მამათა, რომელთა სახელები დაწერილ არიან წიგნსა ცხოველთასა. შემდეგ თვით ყოვლად წმიდა ღვთისმშობელმა ინება მინიჭება თვისის წმ. ხატისა ამ სავანისათვის, ნიშნად მისის მოწყალებისა და მფარველობისა ამ ქართველთა - ივერიელთა სავანეზედა, ვითარცა თვით ივერია-საქართველო ითვლება მისს საღმრთო ნაწილად. ვთხოვე ძმათა ივერიის მონასტრისათა, ეჩვენებინათ ჩემთვის შესანიშნავი ძველი დაბადება, სახარება და სხვა ქართული და ბერძნული წიგნები. პირველ მისვლაზედ სრულიად უბრალო წიგნები მიჩვენეს, მე ამით არ დავკმაყოფილდი და კვალადცა ვთხოვე შესანიშნავის წიგნების ჩვენება. მათ უარჰყვეს ეს ჩემი თხოვა იმ მიზეზით, ვითომც კარეაში წასულიყო მცველი წიგნებისა და თან წაეღოს გასაღებიც შკაფისა, მაგრამ ეს ცხადი სიცრუე იყო. დამინიშნეს მეორე დრო, მომავალი კვირა დღე. დანიშნულს დროზედ ჩაველ დილით ადრე ცისკარზედ ივერიის მონასტერში; წირვის შემდეგ შემიყვანეს წიგნთსაცავში, გააღეს შკაფი, და არა რაიმე შესანიშნავი წიგნები არ მაჩვენეს, გარდა ტყავზედ დაწერილის სახარებისა რომელშიაც ამოჭრილი აღმოჩნდა სურათები და მრთელი ფურცლები, და ერთიც ქართული დაბადება მაჩვენეს, რომელსაც თავიდანვე აკლია 12 თავი, შუაშიც და ბოლოშიაც მრავალი თავი აკლია. შემდეგ ვთხოვე ქრისტეს სარწმუნოებისა და მეცნიერების სახელით, ჩემის მოხუცებულობის პატივსაცემელად, ეჩვენებინათ უძველესი ნივთები, რომელნიც ზემო სართულში აქვთ დაცული. მათ მიპასუხეს, არაფერი იქ ქართული არ მოიპოვება. მე ვკითხე: მაშ რა უყავით წმ. ევთიმის დაბადება? მათ მიპასუხეს: ერთი ნაწილი ქართულის წიგნებისა დაიწვა, მეორე ამოჭრით დაიკარგაო და მესამე ნაწილიც „ექვსის ჯორის საპალნე წიგნები მოიპარესო“. აი ასეთი მცველნი ჰყავს ივერიის მონასტერს. ოსმალონი უფრო კეთილშობილად მოიქცოდნენ ამ გვარს საქმეში, ვიდრე ივერიის მონასტრის ბერძენთა ძმანი მოიქცნენ. მომიტევეთ, ღირსნო მამანო, ესრეთი ფიცხელი საუბარი. მე უცხო ვინმე სტუმარი მოვსულვარ და აღვიარებ თქვენს წინაშე ჩემის გულის მწუხარებასა, „შური სახლისა ღვთისა“, ივერიის ეკკლესიისა, „შემჭამს- მე“ (ფსალ. 68,10). და გულის მწუხარებით ვიტყვი ამას, რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყვინ (მათ. 12,34). თქვენ რომ ჩემს ადგილზედ იყვნეთ ეხლა, ცხადია, არც თქვენ მოითმენდით მონასტრის სიძველეთა გაოხრებას, თქვენ კარგად უწყით საღმრთო წერილიდან, რომ განრისხება საღმრთო საქმეზედ საღმრთო მოვალეობა არს ყოვლისა კეთილმორწმუნისათვის. ამ გვარს შემთხვევაში კაცი არ შეიძლება გულგრილად დაშთეს. ანუ, სიტყვისამებრ იოანნე მახარებელისა „არცა გრილი იყოს და არცა ტფილი“ (გამოცხ. იოან. 3,15). წმ. მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა, რომელსაც ეკკლესია უწოდებს კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, ვერ მოითმინა, როდესაც ესმა მწვალებელის არიოზისაგან გმობა ქრისტეზედ, და განრისხებულმა ყვრიმალსა სცა მას. თვით უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც იერუსალიმის ტაძარში იხილა საშინელი უწესოება, დამარღვეველი ღვთის-მსახურებისა, აღეგზნო საღმრთო ცეცხლითა და შოლტით გამოდევნა ღვთისა ტაძრიდგან გამსყიდველნი და მსყიდველნიც ძროხათა, ცხოვართა და ტაბლები იგი მეკერმეთა მათ (ფულების დამხურდავებელთა) დაამხვა, და დასასხდომლები იგი ტრედის მოფარდულთა (გამსყიდველთა) დააქცია (მათ. 21,12). ანუ მეორე მაგალითი წმ. სახარებიდანვე: „მოჰგვრიდეს იესოსა ყრმებსა, რათა ხელი დასდვას მათ და აკურთხოს ხოლო მოწაფენი აყენებდეს მათ. ვითარცა იხილა იესო, შეპრისხნა მათ. (მარკოზ. 10,13-14).

მაშასადამე არის დრო, ჟამი და შემთხვევა, როდესაც მრისხანება იქმნება მართალი და სათნო, მაგალითებრ, როდესაც ვხედავთ და გვესმის, რომ გმობენ სახელსა ღვთისასა, შეურაცხყოფენ ეკკლესიასა და მის წმ. საიდუმლოთა, განკიცხავენ კეთილმსახურებასა, და მასთანავე შეძრწუნდებიან სულითა. ეგრეთვე უკეთუ განრისხდებიან, როდესაც შეხვდებიან შემაძრწუნებელთა შემთხვევათა, სადაც უმანკოება მოყვასისა შეუბრალებლად იდევნების, კეთილი, პატიოსანი სახელი შეურაცხ-იქმნების, საცხოვრებელი და ქონება წარეტაცებათ. ყოველს ამ გვარს და ამის მსგავს შემთხვევაში განრისხება იქმნება მართალ და სათნო.

ქვანიცა ჰღაღადებენ, რომ ივერიის მონასტერი ქართველთა ერის სამკვიდრებელია, თქვენ საღმრთო კრებას მოვმართავ, თქვენ დასდევით მართალი სამართალი ამ საქმეში, თვით უფალი გვიბრძანებს სახარებაში: „უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი“ . მე ეს შევასრულე, ვინაიდგან პირდაპირ ვამხილე მათ: ხოლო უკეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენთანა ერთი ანუ ორი სხვა, რათა პირითა ორისა და სამსა მოწმისათა დაემტკიცოს ყოველი სიტყვა“ (მათ. 18,15-16). ეხლა თქვენ მოგმართავთ, სახარების მცნებისამებრ, ვითარცა საღმრთო კრებასა, წარმოსთქვათ თქვენი მსჯავრი. „ნე სჯით თვალღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ“ (იოან. 7,24). მოსე წინასწარმეტყველი იტყვის: არცა თუ ალხინეთ გლახაკსა, არცა დაგიკვირდეს პირი ძლიერისა, სიმართლით საჯო მოყვასი შენი (ლევიტ. 19,15). „ნუ განსდრეკთ სასჯეღსა მწირისასა“ (მეორე სჯულ. 24,17). თქვენი ვალია პირადად ამხილოთ კრებული ივერიის მონასტრისა, ვითარცა თქვენნი ძმანი, სახარებისაებრ.

ამის მოსმენის შემდეგ მხცოვანმა მ. არქიმანდრიტმა წარმოსთქვა - „თქვენ ამ საქმეში მართალი ხართ“. მთელმა კრებამ აღიარა ესევე; მაგრამ დაუმატეს მათ, ჩვენ ვერ შევეხებით ივერიის მონასტრის შინაგან საქმეთ, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჩემს საუბარს სიტყვა სიტყვით გარდასცემდნენ ივერიის მონასტრის კრებულსა იმავე დღესა.

ყავით შექცევის შემდეგ შემიყვანეს ვატოპედის მონასტრის ძმათა წიგნთ-საცავში, რომელიც სამაგალითოდ აქვთ მოწყობილი. სამნი ძმანი იყვნენ მაჩვენებელნი წიგნთსაცავისა. მოვითხოვე კატალოგი, რომელიც მაშინვე მომიტანეს, ყოველს ენაზედ, ყოველს განყოფილებას წიგნებისას თავისი სია აქვს. კატალოგშივეა გამოცხადებული, რომელი ხელნაწერი რომელს საუკუნეს ეკუთვნის ან რომელს ავტორსა და რა შინაარსისაა.

მაჩვენეს ძვირფასი სახარება ბერძნულს ენაზედ, ოქროთი დაწერილი თვით იოანნე ოქროპირისაგან ამ სახარებაში ტექსტის გარეშემო დაწერილია განმარტება თვითოეულის თავისა. შევამოწმეთ რაოდენიმე ადგილი სახარებისა და ღვთისმშობელის დაუჯდომელისა ქართულს, ბერძნულსა და სლავურს ენებზედ, რომელნიც განსხვავდებიან ერთმანერთისაგან. სრული სამი საათი გავატარე ამ წიგნთ-საცავში დიდის კმაკოფილებით. მოხუცებულმა იღუმენმა კარგად იცოდა საეკკლესიო ღვთისმსახურების წიგნები: ჩქარა პოულობდა ბერძნულს ენაზედ იმ ადგილებსა, რომელსაც ზეპირად ვეუბნებოდი, რადგანაც ხელში არა მქონდა არცა სლავური და არც ქართული წიგნები. დამატკბო სულიერად ამათმა ძმობრივმა ყურადღებამ და პატივისცემამ და მეცნიერებისა მიმართ თანაგრძნობამ. ყოვლისა ამისათვის გრძნობილი მადლობა მოვახსენე. მერე მიმიწვიეს სადილად; სადილს შემდეგ მთხოვეს ღამის გათევა მათ სავანეში. მადლობა განუცხადე გულითადის ძმობრივის შეწყნარებისათვის და გარდავეცი სახსოვრად ერთი ხატი საქართველოს ეკკლესიის წმიდათა, რომელიც მიიღეს დიდის სულიერის სიხარულით, და დასასრულ ვსთხოვე მონასტრის ნავით გამგზავრება ჩვენი, რადგანაც ზღვა დამშვიდებული იყო. სიამოვნებით დამითმეს ნავი ოთხის მენავეთი და ორის საათის განმავლობაში მივედით ევსიღმენის ბერძენთა მონასტერში, სადაც ჯორებით ხუთს საათზედ უაღრეს ვერ მივიდოდით აღმართ-დაღმართ გზების გამო.

ევსიღმენის სავანეში გავატარეთ ღამე. ეს მონასტერი სხვასთან შედარებით ღარიბთაგანია, მაგრამ მაინც სჯობია ქართველთა უდაბნოთ. პირველად ვნახე ათონის მთაზედ, ამ მონასტრის გარეთ, რომ ერთმა მორჩილმა მოწყალება მოითხოვა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>