მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

წირვა მის უნეტარესობის იერუსალიმის პატრიარქისა

ივნისის 6-ს, კვირას, სულის წმიდის გარდამოსვლის დღესასწაულს, ვიყავ თანამწირველი მის უნეტარესობა დამიანე პატრიარქთან მისისავე წინადადებით; წირვა შესრულდა ქრისტე მაცხოვრის საფლავზედა. მისს უნეტარესობას მიეგებნენ შემოსვლაზედ ჯვარითა, სახარებითა, აღდგომისა და დღესასწაულის ხატებითა, შემობრძანდა ეკკლესიაში დიდის გამოჩენით. წინ მოუძღოდა დიდი ჯვარი დროშის სახედ, მას მოსდევდნენ კავასნი ყავარჯენებით, თავ-დაბურულნი წითელის ფესკებით. ამ შემთხვევაში ბერძენთ ავიწყდებათ მოციქ. პავლეს მოძღვრება: „ყოველი მამა კაცი, რომელი ილოცვიდეს თავ-დაბურვილად, არცხვენს თავსა თვისსა. და ყოველი დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს თავ-დაუბურველად (თავ-დაუხურავად), არცხვენს იგი თავსა თვისსა, რამეთუ ერთ არს, და იგივე არს დაყვენილიცა იგი (თავ-მოპარსული)“ (1 ეპისტ. კორინ. II თ. 4-7). უკან შეუდგებოდნენ მას მთავარ-ებისკოპოზნი; შეიმოსა წითელის ხავერდის მანტიით. შემოსვლისათანავე დავარდა და ამბორსუყო ლოდსა ნელსაცხებელისასა, რომელზედაც იოსებ და ნიკოდიმოსმა, ფარულთა მოწაფეთა ქრისტესთა, შემურეს ყოვლად უხრწნელი გვამი მისი და შემდეგ დასდვეს საფლავსა, რომელი გამოკვეთილ იყო მტილსა შინა იოსებისასა. ეკკლესიაში შემობრძანდა პატრიარქი დილის შვიდს საათზედ თაყვანის-ცემის შემდეგ დიდს საკრებულო აღდგომის ტაძარში, დაჯდა იგი მარჯვენა მხარეს, საშუალ ეკკლესიისა, მაღალს დასაჯდომელზედა და წარვსდეგით მის წინაშე მეტანიით და მივიღეთ მისგან კურთხევა; და შემდეგ დაიწყეს ჩვეულებრივი შემოსვა პატრიარქისა; მკერდსა ეკიდა მას ორი პანაგია; თანამწირველად მისა იყვნენ ამა სამების დღესასწაულზედა ერთი მიტროპოლიტი, ერთი მთავარ-ეპისკოპოზი, ორი არქიმანდრიტი, ორი დეკანოზი, ერთი რუსი და მეორე ქართველი, სამიც მღვდელი, მათ შორის ერთი არაბთაგანი და ორიც ბერძენი. მღვდელ-მთავარნი და არქიმანდრიტნი უმიტროდ იყვნენ წირვაზედ, მხოლოდ იყვნენ თავდაბურულ ბარტყულებითა. სხვა ბერძენთა სამღვდელოებას ჩვეულებრივ თავზე ჰხურავს შავი კამილავკები, განურჩევლად ხარისხისა. სახარება და სამოციქულო წაიკითხეს ამ დღეს სამს ენაზედ: ბერძნულად, არაბულად და სლავურად. სლავურს ენაზედ სახარების კითხვის დროს არხიდიაკონი მოიქცა აღმოსავლეთად, ხოლო ბერძნულისა და არაბულის კითხვაზედ დასავლეთად იქმნა მიქცეული ერისადმი. ბარძიმსა და ფეშხუმსა ეფარა ოქროს ხუფები დიდს გამოსვლაზედ, ხოლო დიდი დაფარნა გადააფინეს ზურგზედ არხიდიაკონსა და შეუკრეს წინიდამ ლენტით. ქერუბიმთა საგალობელის დროს თვით პატრიარქმა უკმივა საკურთხეველში და გარეთ ერსაც. დიდს გამოსვლაზედ საღმრთო ძღვენით გარე შემოვუარეთ ქრისტეს საფლავის სამლოცველოს. დიაკონად ხელდასასხმელი, ტრაპეზისა გარემო სამგზის შემოვლისა შემდეგ, ტრაპეზის წინ შუაზედ დააყენეს და არამარჯვენით კუთხეზედა, ვითარცა მიღებულია წესად რუსეთის ეკკლესიაში. ხელდასხმის ანუ კურთხევის ჟამსა ომოფორის ქვეშ ეპყრა ხელნი პატრიარქსა თავსაზედა ხელდასასხმელისასა. ახლად ხელდასხმულ დიაკონმა წირვაზედ შუა ეკკლესიაში წაიკითხა სამსახურის სია თვისის შთამომავლობისა, სწავლისა და სამსახურისა და მოიხსენა, რომ იგი იაპონიის მისსიაში მიდის ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად.

ბერძენთა პატრიარქს ქ. იერუსალიმში, სული წმიდის გარდამოსვლის დღესასწაულზედ, როდესაც მე თვითონ თანამწირველ ვიყავ მისის უნეტარესობისა, ხელდასხმის დროს ხელნი ეპყრა თავზედა დიაკონად საკურთხებელისა და ხელთა ზემოდან ეფარა ომფორი. ჩემის აზრით, ეს კანონიერი უნდა იყოს, რადგანაც აღყვანებას სამთავე უმთავრესს სამღვდელო ხარისხზედა ეწოდება ხელდასხმა, рукоположенiе, ბერძნულად „ხიროტონია“, რაიცა პირდაპირ ჰნიშნავს ხელის დადებასა. ამისათვის საიდუმლო მღვდელობისა იწოდების „ხელდასხმად“, ვითარცა საიდუმლო ქორწინებისა იწოღების - წესად დაგვირგვინებისა, რადგანაც გვირგვინთა დადებანი თავზედა სიძისა და სასძლოისა არის უმთავრესი წესი ამ საღმრთო მოქმედებაში.

ბარძიმ-ფეშხუმის გამოსვენებაზედ ეგრეთვე მოიხსენა პატრიარქმა ცოცხალნი და მკვდარნი ლოცვების წაკითხვით რუსულს ენაზედა, ვითარცა ზევით იყო თქმული მთავარ-ეპისკოპოზისაგან წირვის შესრულება.

წირვის შემდეგ იწყო მწუხრი, რომელზედაც პირველ დაწყებითი ფსალმუნი „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“, წაიკითხა პატრიარქმა სრულიად ზეპირად, პირმიქცეულმა ერისაკენ. მწუხრზედ ამ დღეს დაესწრო ყოველივე სამღვდელოება იერუსალიმისა: 6 მღვდელ-მთავარი, რვა არქიმანდრიტი. პირველი ლოცვა მუხლ-მოდრეკით წაიკითხა პატრიარქმა ბერძნულად; მეორე ლოცვა რუსულად - მელეტი მთავარ-ეპისკოპოსმა და მესამეც - მოხუცმა მღვდელმა - არაბულად - თავისს სამშობლო ენაზედ, გრძნობიერად. წირვა მწუხრით დასრულდა დილის ათს საათზედ. წირვისა და მწუხრის შემდეგ პატრიარქი გამოაცილეს დიდებით თავისს სასახლემდის ქვევითად, რადგანაც ქუჩის სივიწროვის გამო ეტლი ვერ გაივლის ამ ადგილას; წინ მიუმძღვარებდნენ დიდს ჯვარსა დროშასავით, ყველაზედ წინ მიუძღოდნენ კავასები, ჩვენის ჟანდარმების ნსგავსად, წესის დასაცველად გზაში; ეკკლესიაშიაც ამ მოვალეობას ასრულებენ კავასნი.

წირვის შემდეგ შევედით პატრიარქთან დღესასწაულის მისალოცავად; იგი ბრძანდებოდა მაღალს დასაჯდომელზედა სამეფო ტახტის მსგავსად. პატივი გვცეს ჩვეულებრივ შარბათით და ყავით; სამღვდელოებასთან მიულოცეს პატრიარქსა მრავალთა ერისაგანთაცა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>