საქართველო - ჯვარცმა ქრისტესთვის

გოლგოთასაც აქვს დასასრული...

საქართველოს წარსულს სარწმუნოებრივი კუთხით თუ შევხედავთ, მისი ისტორია თვალწინ სხვაგვარად გადაგვეშლება.

წმიდა ვახტანგ დიდის, გორგასლის ანდერძში საოცარი სიტყვებია: „ეძიებდით სიკვდილს ქრისტესთვის“. წმიდა მეფემ არ უანდერძა თავის ერს - იყავით ქრისტეს ერთგულნი, არც ის, რომ თუ საჭირო იქნება, სიცოცხლეს ნუ დაიშურებთ მისთვის, მან მაქსიმუმი მოსთხოვა თანამემამულეებს - ქრისტესთვის სიკვდილის ძიება. ეს უმაგალითო ფრაზა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და ეპოქის ხელისუფლთა შორის წმიდა ვახტანგ დიდს გამორჩეულ ადგილს განუკუთნებს. ეს არამარტო ანდერძია ერისადმი, არამედ თავისებური წინასწარმეტყველება საქართველოს მომავალზე. მოხმობილი სიტყვები საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან დაახლოებით საუკუნენახევრის შემდეგ წარმოითქვა - ჩვენი ერის ქრისტიანული ცხოვრების გზის დასაწყისში, გზისა, რომელიც გოლგოთად იქცა. თითქმის 14 საუკუნის შემდეგ მეორე წმიდანმა, წმიდა ილია მართალმა ამგვარად შეაფასა ქართველი ერის განვლილი გზა: „ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის“. ეს იყო პასუხი წინაპრის ანდერძზე - ხაზგასმა საქართველოს მისიაზე.

ქართველ წმიდანთა შორის არიან კოლაელი ბავშვებიცა და 80 წელს გადაცილებული კონსტატი კახიც, ხვარაზმელთაგან მომწყდარი თბილისელი მოქალაქეები და დავით გარეჯში აღდგომის ღამეს საპასექო ტარიგივით შეწირული ბერები. ქრისტესთვის თავდადებულნი იყვნენ უბრალო ქართველი გლეხები და სამეფო ოჯახის წევრები... უფლისა და მოყვასისათვის თავს სწირავენ სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები ქართველები, აზნაურნი თუ უაზნონი, ქართველი კაცები და ქართველი ქალები... თავდადება და თავგანწირვა თითქოს ესტაფეტასავით გადაეცემოდა ერთი ქართველიდან მეორეს. წმიდა თევდორე კველთელმა, სოფლის უბრალო მღვდელმა იხსნა ლუარსაბ მეფე და საქართველო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ლუარსაბ მეფემ გაწირა თავი ქვეყნისათვის. წმიდა არჩილ მეფეც თავს დებს ერისთვის. იოთამ ზედგინიძე ეწირება მეფე გიორგის სიცოცხლეს. წმიდა ცოტნე აღმსარებელი მზადაა, გაიზიაროს თანამებრძოლთა ტანჯვა. ეჯიბი დავითი ავაგ ათაბაგად წარუდგენს თავს ყაენს, რათა საფრთხის შემთხვევაში თავი გასწიროს მის ნაცვლად. ღირსი მამა გრიგოლი (ფერაძე) უცხოტომელს გადაარჩენს და თავად იღუპება.

ქართველი ერის ცხოვრება თითქოსდა, ჯვარს განასახიერებს. ჯვრის ვერტიკალური ხაზი ღვთის სიყვარულის სიმბოლოა, ჰორიზონტალური კი - მოყვასის სიყვარულის. ჩვენი ერის ცხოვრება სახარების ორი ძირითადი მცნების აღსრულების მაგალითია: „შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებით შენითა. ეს არის დიდი და პირველი მცნება და მეორე, მსგავსი ამისა: შეიყუარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“. (მთ. 22, 37, 37-39).

საქართველოს ისტორიაში ღვთისათვის თავდადება მოყვასისათვის თავდადებას ენაცვლება. ჩვენი ერის ისტორია მუდმივი გამოსახვაა ჯვრისა. ქრისტესთვის დაღვრილი სისხლი თითქოს ჯვრის ორივე ძელს ადუღაბებს. ეს არის ჯვარცმა და, ამავე დროს, მოწმობა ჯვარზე.

წმიდა მიქაელ-გობრონს არაბებმა, რომლებიც მას სჯულის შეცვლას სთხოვდნენ, ხმალი შესაშინებლად დაჰკრეს კისერზე, რათა ქრისტიანი სიკვდილის შიშს მოედრიკა. ჭრილობიდან გადმოღვრილი სისხლით მოწამემ შუბლზე ჯვარი გამოისახა.

წმიდა გობრონის მიერ სისხლით გამოსახული ჯვარი ქართველი ერის ქრისტესთვის თავგანწირვის სიმბოლოა. საქართველო სისხლს ღვრის მაცხოვრისთვის და თავისი ცხოვრებით ამოწმებს ქრისტიანობას, რომლის სიმბოლო ჯვარია. ჩვენი ერის ცხოვრება, თითქოსდა, მუდმივი სისხლიანი ჯვრის გამოსახვაა. წმიდა მაქაელ-გობრონი შეიძლება აღვიქვათ, როგორც საქართველოს ხატი, რომლის ტანჯვაც (კისერზე ხმლის დაკვრა) ქადაგებად იქცევა (სისხლით ჯვრის გამოსახვა). ამიტომაც ჰქვია საქართველოს ისტორიას ქართლის ცხოვრება, არა მატიანე, ან ისტორია, არამედ სწორედ ცხოვრება. ერი თითქოს ერთიან ცოცხალ ორგანიზმად, მისი ცხოვრება კი ქადაგებად გადაიქცა.

ქართველი ერის ცხოვრება, სახარების განმარტება, ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებაა. ქართული ეგზეტიკური და ჰომილეტიკური მწერლობა შედარებით ღარიბია. თითქოსდა, წმიდა წერილის საგანგებო ორიგინალური ქართული განმარტებები, მჭერმეტყველური ქადაგებანი საჭირო აღარც არის. ქართლის ცხოვრება ცოცხალი, მეტყველი ხატია ქრისტიანობისა. ეს არის ეგზეგეზა და ჰომილია საქმით, ცხოვრებით, ანუ მოწმობა იესო ქრისტეზე - მოწამეობა.

ქართულ ენაში ქრისტესთვის თავგანწირულ ადამიანს მოწამე ეწოდება. მოწამის დაღვრილი სისხლი უსიტყვო არგუმენტია რწმენისა. ქრისტეს პირველი მოწამეები მოციქულები არიან. შემდგომი დროის მოწამენი აგრძელებენ მოციქულებრივ ღვაწლს. ეს ღვაწლი გაგრძელდება მეორედ მოსვლამდე: „...და იხილე დედაკაცი იგი დამთვრალი სისხლითა წმიდითა და სისხლითა მით მოწამეთა იესოსთაითა...“ (გამ. 17,6). მაგრამ გოლგოთასაც აქვს დასასრული, მას მოსდევს აღდგომა.

წმიდა გიორგის ხანგრძლივი და მრავალგვარი ტანჯვა სახეა საქართველოს ისტორიისა. ქართველი ერის ტანჯვაც დიდხანს გრძელდებოდა, მრავალფეროვანი იყო ჩვენი უბედურებაც: ხოცვა-ჟლეტა, გადასახლება, მშობლიური მიწის დაკარგვა, ტყვეებად წასხმა, დამცირება, ცილისწამება... ქართველმა განსაკუთრებით შეიყვარა კაბადოკიელი წმიდანი, იმიტომ რომ მასში საკუთარი ბედი შეიცნო. დიდმოწამე გიორგი გამოხატულებაა ქართველი ერის მებრძოლი სულისა. ბორბალზე ნაწამები წმიდა მხედარი უფალმა სასწაულებრივად განკურნა. ასევე ქართველი ერი, თითქოსდა, სასიკვდილოდ დაჭრილი, ღვთის შეწევნით აღდგებოდა ხოლმე. ამიტომ წმიდა გიორგი განსაკუთრებით საყვარელია ჩვენთვის, ვინაიდან იგი ჩვენი აღდგინების ხატიცაა. „მხნე იყავ გიორგი, რამეთუ მე შენ თანა ვარ“, - ჩაესმა მოწამეს ნუგეშად უფლის ხმა. ეს ხმა ჩვენს ერსაც ეკუთვნის.

ქართველმა ერმა, როგორც სიდონიამ კვართი, ისე ჩაიკრა გულში ქრისტეს სარწმუნოება და როგორც სიდონიას ვერანაირმა ძალამ ვერ გამოართვა ხელიდან უდიდესი სიწმიდე, ასევე ვერანაირმა განსაცდელმა ვერ განაშორა ქართველობა ჭეშმარიტ სარწმუნოებას.

თუკი ქართველ ერს მეორედ მოსვლამდე მტკიცედ ექნება გულში კვართივით ჩაკრული ჭეშმარიტი სარწმუნოება (რაც უეჭველად გვწამს), ემახსოვრება სახარებისეული სიბრძნე: „რომელმან დაითმინოს სრულად, იგი ცხონდეს“ და გამხნევდება უფლის სიტყვებით: „მხნე იყავ... მე შენ თანა ვარ“, მაშინ ლაზარე - საქართველო მეორედ მოსვლის ჟამს მოისმენს უფლის სხვა სიტყვებსაც, სიტყვებს, რომელსაც დიდი ხანია ელის თვითოეული ქართველი: „ლაზარე, გამოვედ გარე!“ და მაცხოვარიც, იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველების თანახმად, აღადგენს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, როგორც აღადგინა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე.

ჟამი ახლოა - „განმკითხველი წინაშე კართა დგას“ (იაკობი 5,9).

ზურაბ ცხოვრებაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 14 (321), 2005 წ.