დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდისა მოწამისა და
ძლევაშემოსილისა მოწამისა გიორგისი

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

კონდაკი 1

უგალობთ ღუაწლთა შენთა, მხნეო მოწამეო იესუისო, და წმიდასა ხსენებასა შენსა ვადიდებთ, ხოლო რომელთა ესე მოვიღეთ შენ მიერ ხსნაი, გიხაროდენსა მადლობითა შევსწირავთ შენდა, ღმრთივსანატრელო, და ვითარცა მსწრაფლ-შემწისა მიმართ სარწმუნოებითა მოლტოლვილნი და სიყუარულითა მოსრულნი, სახელოვანსა და ყოვლად დიდებულსა საკვირველებათა მიერ, მხურვალედ გიღა-ღადებთ: გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი.

იკოსი 1

ჰბრწყინავ ნათლითა წამებისაითა, ქრისტეის მხედარო, მხნეო სულითა, და გვირგვინითა მარტვილთაითა შემკული ელვარედ მდგომარე ხარ წინაშე ღმრთისა, რომელსაცა ევედრე აწ ცხორებად და განათლებად ღირსად მგალობელთა სიწმიდისა შენისაითა, რაითა ყოველთა უწყოდიან, ვითარმედ სიკუდილისაცა შემდგომად ცხოველ-ხარ და წყალობასა მიჰმადლებ სარწმუნოებითა მხმობელთა:

გიხაროდენ, საუნჯეო სულისა წმიდისაო;
გიხაროდენ, ჭურო კეთილისა ზნეობისა და გონიერებისაო;
გიხაროდენ, ტრფიალო ქრისტეის სიყუარულისაო;
გიხაროდენ, ზეცადმდე აღწევნულო სუეტო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, ზღუდეო უბრძოლველო მამაცობისაო და გოდოლო შეუძრველო სიმხნისაო;
გიხაროდენ, სულითა წარჩინებულო გონიერო ანდამატო მოთმინებისაო;
გიხაროდენ, ას-წილად აღმაორძინებელო შენდა მოცემულისა ტალანტისაო;
გიხაროდენ, უშურველო წყაროო წყლისა ცხოველისაო და ზღუაო კაცთმოყუარებისაო;
გიხაროდენ, კეთილმუშაკო ქრისტეის ვენახისაო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა მტერთა მიმართ საძლეველო დიდო მხედარო ქრისტეის ღმრთისაო;
გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი.

 

კონდაკი 2

ნათელსა განეშორნეს და შეუდგეს ბნელსა უღმრთონი, რამეთუ განხდა ბრძანებაი ყოველსა სოფელსა, რაითა ღმერთსა ცხოველსა არაი მსახურებდეს, არამედ კერპთა უსულოთა, ხოლო შენ იხილე-რაი ეგოდენი უღმრთოებაი და ქრისტეის მბრძოლი გონებაი მათი, ღმრთისა სიყუარულითა მიეც მონაგები შენი გლახაკთა და თავი შენი მსხუერპლად სათნოდ ქრისტესა, ამისთვისცა შუენიერსა სიკეთითა და წამებისა ბრწყინვალებითა გიგალობთ და ვაქებთ სიმხნესა შენსა: ალილუია.

იკოსი 2

რაჟამს დაადგრა შენ თანა საღმრთოი სული საკვირველთმოქმედი, მინდობილი ღმერთსა ჭეშმარიტსა და მეუფესა ცათასა, არა შეძრწუნდი შენ ზარისგან უშჯულოისა მეფისა და არცა განმზადებულთა მათ სატანჯველთაგან, არამედ აღმსაარებელი ქრისტეისი კადნიერად წარსდეგ წინაშე მზაკუვარისა კრებულისა და ამხილე კერპთმსახურებაი, ეგრეთვე მოვედ ჩუენდა, სულითა უძლეველო, და მოგვეც გულისხმაი შეცოდებათა ჩუენთა, რაითა არა დაგვეხშას ბჭენი სასუფეველისანი შემსხმელთა შენთა:

გიხაროდენ, მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმედილო;
გიხაროდენ, საღმრთოითა გულისხმის-ყოფითა განათლებულო;
გიხაროდენ, სიმხნისა მამაცობისა ძლიერებითა გაბრწყინვებულო;
გიხაროდენ, კაპპადუკიასა აღმოცენებულო და პალესტინასა შინა კეთილად აღორძინებულო;
გიხაროდენ, ბრძმედსა შინა მძაფრთა სალმობათასა გამოხურვებულო;
გიხაროდენ, გუემითა დაბძარვისაითა და ტკივილითა მოღუაწებრითა განშუენებულო;
გიხაროდენ, ღმრთის-მსახურებითა წამებისაითა გამოჩინებულო;
გიხაროდენ, გლახაკთა ლოცვითა შეჭურვილო;
გიხაროდენ, მარტვილობისა გვირგვინითა შემკულო;
გიხაროდენ, ეკლესიისა ზღუდედ და მცველად წოდებულო;
გიხაროდენ, ქართლოსიანთა მიერ სამართლად პატივისცემულო და მარადჟამს ხსენებულო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი.

 

კონდაკი 3

უხილავთა და გამოუთქმელთა აღთქმულთა მათ საშუებელთა წინაისწარ მხედველ-იქმენ თუალითა სულისაითა, ღუაწლისა მძლეო, მხნეო მოწამეო, რომლისათვისცა არად შერაცხენ წარმავალნი საშუებელნი ამის საწუთროისანი, არამედ მსგავსად მხსნელისა შენისა ნებსით თვისით მიისწრაფდი ღუაწლთა მიმართ და დილეგსა შინა შეწყუდეული, ვითარცა საყდარსა მყოფი, სამ-წმიდა-არსობისა გალობითა უგალობდი დამბადებელსა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 3

ვითარცა ვარდი სულნელი, ფერითა შუენიერითა გამოსჩნდი შენ ეკალთაგან უნაყოფოთა, და ვითარცა სანთელი, აღენთე შორის ბნელსა ნათესავთა მათ უგულისხმოთა, შუენიერო დიდებაო მოწამეთაო, და სძაგებდ განცხადებულად კერპთა მათ მტყუართა, ამისთვის აღემზადნეს მოკლვად შენდა, არამედ შენ ლოცვითა და სასოებითა ღმრთისაითა სული შენი განიმტკიცე და ხუეტანი და მრავალ-ფერნი სატანჯველნი ხრწნილთა ხორცთა ბუნებითა დაითმინე, რომლისათვისცა მორწმუნენი გხადით შენ მეოხად ღმრთისა მიმართ და ესრეთ გიღაღადებთ:

გიხაროდენ, კეთილისა განზრახვისა გულსა შინა შენსა დამდებელო;
გიხაროდენ, თვისტომთა შენთა შორის საღმრთოთა სწავლათა განმფენელო;
გიხაროდენ, ღუაწლთა და განსაცდელთა ახოვნად თავს-მდებელო;
გიხაროდენ, ქრისტეისთვის ყუედრებისა და კიცხევისა დამთმენელო;
გიხაროდენ, ტყუეობასა შინა სულისა აზნაურებისა დამმარხველო;
გიხაროდენ, მანქანებათა მათ სიცრუვისაითა დამარღვეველო;
გიხაროდენ, სულთა განმხრწნელთა სწავლებათა დამამხობელო;
გიხაროდენ, სულიერისა მღვიძარებისა ზარისა დამარისხებელო;
გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა და შეგინებულთა გულთა დამამშვიდებელო;
გიხაროდენ, ბოროტისა უკრძალველობისა და ურცხვინოებისაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, მზაკუვარებისა დამლახვრელო და ეშმაკთა მსწრაფლ განმსხმელო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი.

 

კონდაკი 4

არაი ინება მოქცევაი სიბრმისაგან და სიფიცხლისა მეფემან უგუნურმან, არამედ შენ ბრწყინვალისა და ძლიერისა ხმითა აღიარებდი ქრისტესა ღმერთად და კერპთა ეშმაკად სახელ-სდებდი და ყოველსა სიბრმესა მას ამხილებდი, რომელნი ტყუილითა ღმერთად სწამებენ არაღმერთთა და ყოველთა ღმრთისა მიმართ მოუწოდდი და ადიდებდი ერთღმრთეებასა სამებით დიდებულსა, ბუნებით ერთსა და პირებით შეურწყმელსა: ალილუია.

იკოსი 4

ესმა-რაი სმენაი სიტყუათა შენთაი მძლავრთა, სირცხვილეულ-იქმნნეს ფრიად, რამეთუ ღმერთნი მათნი გინებულ-ჰყვენ და საცინელად გამოაჩინენ, ხოლო ქრისტე ღმერთი ჰქადაგე ხორცითა ჯუარცმული, უქმ-მყოფელი სულთა წარმწყმედელისა საცთურისა და მარადის ლოცვითა შეზღუდვილმან დაამხუე სილაღეი იგი მაცთურისა, რომლისათვისცა ერნი საქართველოისანი შეგასხამთ გალობასა ღირსსა:

გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა მძლავრთა უღმრთოებისა განმაქიქებელო;
გიხაროდენ, მხილებისა მახვილითა ეშმაკისა მსახურთა განმგმერელო;
გიხაროდენ, პატიოსნებისა და მამაცობისა დამნერგველო;
გიხაროდენ, შეცთომილთა და დაბნელებულთა გზასა ჭეშმარიტებისასა დამაყენებელო;
გიხაროდენ, უძლურთა ძლიერებაო და მძლავრთა დამცემელო;
გიხაროდენ, ცრუმორწმუნეობისა ბიწისა აღმხოცელო;
გიხაროდენ, საკერპოთა ველურობისა კადნიერად დამხსნელო;
გიხაროდენ, ჭირთა და ურვათა სახუმილისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, განსაცდელთა და ღელვათა დამაყუდებელო;
გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;
გიხაროდენ, მუშაკთა ნაყოფიერმყოფელო და გლახაკთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი.

 

კონდაკი 5

დაეყუნეს ყურნი მეფესა განბოროტებულსა, მსგავსად ყრუისა ასპიტისა, რამეთუ არა ისმინა ხმაი შენი - კეთილად მეტყუელისა ბრძნისაი და ბრძანა ძელსა დამოკიდებაი შენი და ლახურითა განგმერაი, გარნა ღმერთმან საკვირველებათამან ცუდ-ყო განზრახვაი მისი და რაჟამს გიგმირეს, მეყუსეულად უკუნ-იქცა წუერი იგი ლახურისაი, ვითარცა ცვილისაი, ხოლო ხორცთა შენთა გამოეცა ცუარი სისხლისაი, ამისთვისცა კადნიერად აღიარე ძეი მამისა და სულისა თანა, და იგალობე ოსანაი ძლევისაი: ალილუია.

იკოსი 5

კვალად აღივსო დიოკლეტიანე გულისწყრომითა ფრიად და ბრძანა ფერხთა შენთა ხუნდსა შინა შეყრაი და მკერდსა ზედა ლოდისა დადებაი, ხოლო შენ, ახოვანო, მაღლითა ხმითა მადლი და დიდებაი შესწირე ღმერთსა, რომელმან ღირს-გყო მკერდსა ზედა ტვირთვად მძიმისა ქვისა და გულსა შენსა შეურყევე-ლად დამტკიცებაი მართლისა სარწმუნოებისა, რამეთუ ქრისტემან განგკურნა გუემათაგან და განგაძლიერა შენ, რაითა ყოველნი, რომელთა იხილეს საკვი-რველებაი დიდი, განმტკიცდეს და მადლობისა ხმითა დაუცხრომელად გნატრიდეს:

გიხაროდენ, საღმრთოისა სჯულისა საცნაურად დამცველო;
გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა სარწმუნოებისა ვაზისა დამნერგველო;
გიხაროდენ, ზეცისა იერუსალეიმისათვის ტანჯვათა დამთმენელო;
გიხაროდენ, სასოებითა ღმრთისაითა მტერისა აღლესულისა საჭურველისა დამლეწველო;
გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ეშმაკისა ცთუნებათა განმდევნელო და უღმრთოებისა სიმყრალისა განმხდელო;
გიხაროდენ, ყრმათა ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, ქურივთა ნუგეშინისმცემელო და ობოლთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, საპყრობილეთა და საკრველთაგან განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო და ჭირთა მძვინვარეთა მსწრაფლ განმდევნელო;
გიხაროდენ, სალმობათა ჩუენთა განმაქარვებელო და ყოვლისა ქართველთ ზნეობისა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, სულთა ცოდვისა და ხორცთა სნეულებისა აღმხოცელო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი.

 

კონდაკი 6

ფრიად მრავალთა მათ განსაცდელთა და საზარელთა სატანჯველთა, შეთხზულთა ღონითა მით ეშმაკისაითა ვერ დაგცეს შიში საზარი მოღუაწესა, რამეთუ ქრისტეისთვის ჰბრძოდი მათ და ანგელოზნი გფარვიდეს შენ, არამედ შიში და ზარი ბელიარსა დაეც და განაქარვე, ვითარცა ცვილი წინაშე ცეცხლსა, შემწველსა ქრისტეის წინააღმდგომთასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა მარადის უღაღადებდ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 6

დაკუეთილნი რვალისა ჭურჭელთა მიერ ხორცნი შენნი და აღლესულითა დანითა თვითეულად დაჭრილნი იხილენ-რაი სულითა განმხნობილმან, აღიხილენ თუალნი ზეცად და ღაღად-ყავ: „მომხედენ მონასა შენსა, ღმერთო ჩემო, და შემეწიე, რაითა არა ვიძლიო ბოროტისაგან“, მაშინ მსწრაფლ გესმა ხმაი საწადელი დაუსაბამოისაგან: „გიორგი, მე მარადის შენთანა და შენ ჩემ თანა უკუნისამდე“, და კუალადცა განგაახლა, მისგანვე ითხოვე, სანატრელო, ერისა ჩუენისათვის ხსნაი ფლობისაგან უცხო თესლთასა და წყალობაი შენდამი მგალობელთა:

გიხაროდენ, ღმრთისმსახურებისა ღუაწლისა კეთილად მომმუშაკებელო;
გიხაროდენ, სასტიკებისა და სივერაგისა მომძულებელო;
გიხაროდენ, განძვინებულისა ვეშაპისა კადნიერად მომწყვლელო და მომწყუედელო;
გიხაროდენ, კაცთა მამულად სამსახურებელად და წესიერებად მომყვანებელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა მრავალთა მომაქცეველო;
გიხაროდენ, ახოვნებითა მტერთა მძლეველო და ბოროტმადიდებელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, მხედრობითისა ვაჟკაცობისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ყოველთა მხურვალედ მვედრებელთა შენთა მაცხოვნებელო;
გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა მადლისმიერისა სიხარულისა მიმფენელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის პატივისა მიმნიჭებელო და ორგულთა შემაძრწუნებელო და დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, ღმრთისმეცნიერებისა ნათლითა კერპთმსახურთა წყუდიადისა განმანათლებელო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი.

 

კონდაკი 7

ოდეს დაგმსჭუალეს შენ ურმისთვალსა მას საშინელსა, უშჯულონი ჰგონებდეს, რაითამცა მოგაკუდინეს, არამედ კუალადცა განიკურნე მოსლვითა ანგელოზისა ღმრთისაითა და განახლებული და ბრწყინვალეი წარსდეგ წინაშე მეფისა და მაგნეტიოსისა, მეგობრისა მისისა და მრთლად გამოჩინებითა მრავალნი მიიტაცნე სარწმუნოებად ჭეშმარიტისა ღმრთისა, რომელთაცა მახვილითა აღსასრული მიი-თუალეს და იხარებენ და გალობენ წინაშე ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 7

შეძრწუნდა უგულისხმოი იგი მეფეი და დასი მისი, რამეთუ დამდოვრდეს სატანჯველნი იგი მათნი არა ვნებად შენდა და ლიქნითა იწყეს სიტყუად შენდა მომართ: „გიორგი, აწ გუერჩდი ჩუენ და გადიდოთ შენ“, ხოლო შენ ამხილებდი ცთომილებასა მათსა და ეტყოდი: „დიდებაი თქუენი თქუენდავე იყავნ, წარსაწყმედელად თქუენდა უღმრთონო“, და ძროხის ძარღვითა უწყალოდ გუემული აკურთხევდი ღმერთსა, რომელსაცა ევედრე აწ, დაცვად განსაცდე-ლთაგან ბოროტთა შენდამი მგალობელთა:

გიხაროდენ, ჯუარისა ქრისტეისისა მხართა შენთა ზედა აღმღებელო;
გიხაროდენ, მსგავსად დავითისა უცხო-თესლთა დამცემელო;
გიხაროდენ, ყოვლისა კეთილისა და ღმრთივ-სათნოისა დამნერგველო;
გიხაროდენ, ძმათ-უყუარულთა და ანგარ-მომხვეჭელთა მამხილებე-ლო და ძლიერად დამთრგუნველო;
გიხაროდენ, მოყუასთა შემაერთებელო და მტერთა დამლახვრელო;
გიხაროდენ, ღმრთისმებრძოლთა სილაღისა დამამხობელო;
გიხაროდენ, ცოდვათა ჩუენთა საკრველთაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, სინანულისა ძლით შეცოდებულთა ლოცვად აღმძრველო;
გიხაროდენ, მხოლოო მართლმადიდებელთა მხედართა მრავალ-გზის თანამბრძოლო და მფარველო;
გიხაროდენ, მედროვეთა და მზაკუვართა მარცხვენელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მგალობელთა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი.

 

კონდაკი 8

ვითარცა ელისე ელიაის ხალენითა მსწრაფლ განაპობდა მდინარესა, ეგრევე ჯუარითა განაპე ურწმუნოებისა სიმძლავრეთა მდინარენი, რომელსა შინა განვლეს მრავალთა ერთა, რამეთუ არა მხოლოი ცოცხალი ოდენ და სულიერი, არამედ ყოვლითურთ უვნებელი გიხილეს, ახალ-დამბალსა კირსა შინა, ცეცხლისა სახედ მოტყინარესა და განკვირვებულთა ხმა-ყვეს: „ჭეშმარიტად დიდ არს ღმე-რთი ქრისტეანეთა“, ხოლო შენ, მსგავსად ყრმათა მათ სახუმილსა შეთხეული არა განილიენ, მოწამეო, არამედ შეიცურიენ და წადიერად უგალობდი ზეცათა მეუფესა: ალილუია.

იკოსი 8

უბრძანა მეფემან უგუნურმან ფრიად განხურვებაი ხამლთა რკინისაითა, განმსჭუალულთა სამსჭუალებითა და შესხმად ფერხთა შენთა პატიოსანთა, რომელ ილოცევდ: „ყვენ ესე მხსნელ ფერხთა ჩემთა, სანთელ აღნთებულ და გზა მორბედებისა ჩემისა შენდა მომართ“, ხოლო ანგელოზნი მხიარულ იქმნეს კეთილთა მათ მოღუაწებათათვის შენთა და განგკურნეს ყოველთაგან სატანჯველთა, ამისთვისცა ხელაღპყრობით მლოცველნი შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა შენსა და ქებულებათა შენთა მიუთხრობთ ყოველთა:

გიხაროდენ, ცხოვარო პირმეტყუელო ქრისტეის წმიდისა სამწყსოისაო;
გიხაროდენ, აღმსაარებელო დევნილისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, მესაიდუმლეო ღმრთის მხილველობისაო;
გიხაროდენ, მაგალითო საღმრთოისა მხედრობისაო;
გიხაროდენ, მხნედ განმბასრველო კაცთა ხელოვანებითა შეთხზულისა შჯულისაო;
გიხაროდენ, აღმაორძინებელო დაცემულისა ქრისტეანულისა სულისაო;
გიხაროდენ, შემმუსრველო ბოროტად მადიდებელთა კადნიერებისაო;
გიხაროდენ, გზაო უცდომელისა ცხორებისაო;
გიხაროდენ, ცოდვისა ზღუასა შინა დანთქმულთათვის ნავთსაყუდელო ხსნისაო;
გიხაროდენ, დამაცხრობელო ცოდვათა ჩუენთა წყლულებისაო;
გიხაროდენ, ძლიერო შურისმგებელო ქართველთა მტერისაო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი.

 

კონდაკი 9

შენ მიერ აჩუენა ღმერთმან უღმრთოთა მათ საკვირველი სასწაული, და ლოცვითა შენითა აღადგინა საფლავით მკუდარი დაძუელებული და ურწმუნოებითა დაძინებული კერპთმსახურებასა შინა, რომელი გმადლობდა, ვითარცა ღუაწლისა-მძლესა, უარისყოფითა შეაჩვენებდა კერპთა უსულოთა, და ხმა-მაღლად აღიარებდა ქრისტესა ღმერთად, ხოლო ათანასე გრძნებასა ზედა განთქუმული, მყის მოიქცა, ძლიერებითა ღმრთისაითა უქმ-იქმნა-რაი გრძნებათა მისთა ხელოვნებაი და გვირგვინოსანმყოფელსა შენსა იესუს შესწირა სამადლობელი გალობაი: ალილუია.

იკოსი 9

ჯუარითა შემუსრე-რაი კერპნი მცბიერნი წინამძღუარმან დიდმან მორწმუნეთამან, აღეგზნა ნეტარი დედოფალი საღმრთოითა შურითა და მსწრაფლ დაუტევა სადედოფლოი იგი თვისი, და განეშორა-რაი დიოკლეტიანეს - ვეშაპსა მას ჯოჯოხეთისასა, მოწაფესა ეშმაკისასა, ხმა-ყო: „ესე უწყოდით ამიერითგან, მე ვარ მხევალი ქრისტეისი, რომელსა ქადაგებს წმიდაი გიორგი“, და მყის რწმენა ქრისტე დიდსა სიმრავლესა ერისასა, ამისთვისცა განვიცდით მხურვალესა ღმრთისმოყუარებასა შენსა და მოგართმევთ საგალობელსა ამას ქებისასა:

გიხაროდენ, ხარსა ზედა ქმნულითა სასწაულითა ყოვლად ნეტარისა ღლუკერისა ღმრთისა მომაქცეველო;
გიხაროდენ, ალექსანდრია დედოფლისა ჭეშმარიტებისა გზასა ზედა დამაყენებელო;
გიხაროდენ, ანატოლე და პროტოლეონ სტრატილატთა ღუაწლთა შენთა თანა შემრაცხველო;
გიხაროდენ, სასწაულთა მიერ კერპთმსახურთა შემაშფოთებელო;
გიხაროდენ, მათ მიერ ზარგანხდილთა ქრისტეისმოყუარეთა ერთა სულიერითა სიხარულითა აღმავსებელო;
გიხაროდენ, მოგვთა გრძნებისა და მცბიერებისა დამარღვეველო;
გიხაროდენ, გრძნეულთა და მისანთა უგულისხმოებისა და ბილწთა ზახებისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ეშმაკთა საზორველისა ძალითა ქრისტეისითა დამამხობელო;
გიხაროდენ, სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამცველო;
გიხაროდენ, ცოდვისა ბიწთა სულისა ჩუენისაგან განმხდელო;
გიხაროდენ, განწირულთა სიკუდილისაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი.

 

კონდაკი 10

განცვიბრდა დიოკლეტიანეი და რისხვითა მიუთხრობელითა აღივსო, რამეთუ ხედვიდა სარწმუნოებისა წარმატებასა და კერპთა უსულოთა დამდაბლებასა, თუ-ვითარ საპყრობილედ მოყვანებულნი მრავალნი უძლურნი შენ მიერ საკვირველსა კურნებასა მიემთხვეოდეს, ხოლო ურიცხვი ერი და სიმრავლეი მხედართაი ნიშთა მიერ საკვირველთა ახოვან-ქმნილნი სულითა განმტკიცნებოდეს და ყოვლად ძლიერსა ღმერთსა ცხადად და საცნაურად ადიდებდეს: ალილუია.

იკოსი 10

დაელინეს ღონენი იგი სატანჯველთანი უწყალოსა მას მეფესა, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა - არაი გკუეთდა ლახუარი, არცა ცეცხლი შეგწუვიდა და არცა ზარ-გცემდა შიში სიკუდილისაი და ჰრქუა ერსა თვისსა: „აჰა ესერა, ვერარაი ვავნეთ ჩუენ ტანჯვითა განდგომილსა მას, არამედ აცთუნა სხუანიცა მრავალნი“, და მსგავსად სამსხუერპლოისა ზუარაკისა განაჩინა შენი დაკლვაი, რომელიცა სიხარულითა მიითუალე და წარსდეგი წინაშე ღმრთისა, და აწ მრჩობლ-გვირგვინითა შემკული მფარველ ხარ ყოველთა, შენდა შევედრებულთა და მხურვალედ მგალობელთა:

გიხაროდენ, მოციქულებრივ მქადაგებელო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, განმაქარვებელო ყოვლისა ურწმუნოებისაო;
გიხაროდენ, ფარო დამცველო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, მახვილო განმკუეთელო ბოროტმსახურებისაო;
გიხაროდენ, ტკბილად მზიდველო საღმრთოისა უღლისაო;
გიხაროდენ, მომგებელო ძლევისა გვირგვინისაო;
გიხაროდენ, ოქროო, ცეცხლისა მიერ გამობრძმედილო და მიძღვნილო უკუდავისა სიძისაო;
გიხაროდენ, მურო, ნელსაცხებელად შეწირულო უკუდავისა მეუფისაო;
გიხაროდენ, გუნდრუკო, აღკმეულო საღმრთოისა მის საკურთხეველისაო;
გიხაროდენ, ცეცხლო, დამწველო გულსა შინა ჩუენსა ყოვლისა ღუარძლისაო და კუროისთავისაო;
გიხაროდენ, უმუსრველო ძეგლო ქრისტეანობისაო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი.

 

კონდაკი 11

კრავთაებრ არა უხმობდი შენ და არცა ღაღადებდი დაკლვად-რაი ხვიდოდი, არამედ სულ-თქმით ილოცევდი ღმრთისა მიმართ და წამებისა შენისა მომხსენებელთა ხსნასა ყოვლისაგან ჭირისა და განსაცდელისა კადნიერად ითხოვდი, ხოლო რაჟამს გამოგიჩნდა ღრუბლით-გამო უფალი და აღგითქვა თხოვისა შენისა კეთილად აღსრულებაი, სიხარულითა წარუპყარ ქედი შენი მახვილსა და შეეყავ გზასა მას წმიდათასა, და მიერითგან სასწაულთა მარადის აღმოუცენებ წმიდათა ნაწილთა შენთა თაყუანისმცემელთა და მგალობელთა წინაშე ყოვლად ბრწყინვალისა ხატისა შენისაითა: ალილუია.

იკოსი 11

სიყუარულსა ქრისტეს ღმრთისასა ვერარამან განგაშორნა, პატიოსანო მარტვილო, - ვერცა ტანჯვამან და ვერცა აღთქუმულმან დიდებამან, არამედ სიმხნითა ყოველთა ერეოდი და განითქვი სახელოვნად ყოველთა ცისკიდეთა, რამეთუ დაუტევე ეკლესიათა ღმრთისაითა წამებისა შენისა თანა, სწავლაი და სახსენებელი შენი პატიოსანი, რომლისა აღმასრულებელნი გულსმოდგინედ მოვისწრაფვით ტაძარსა შენსა შუენიერსა და საძვალესა ბრწყინვალესა, რაითა არა ვიქმეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ სიყუარულითა ღმრთისა და მამულისაითა ერთ ზრახვად შეკრულნი გნატრიდეთ შენ, მარტვილო დიდებულო, ჭეშმარიტად საქებელსა:

გიხაროდენ, ზუარაკო წმიდაო და უბიწოო, ქრისტეისთვის სისხლისა დამთხეველო;
გიხაროდენ, მხეცთა ზახებისა დამადუმებელო და დამცემელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებისაგან განდრეკილთა და უსჯულოებისა მომქმედთა ერის მთავართა და წინამძღოლთა დამამხობელო;
გიხაროდენ, ამპარტავნებითა აღზევებულთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, ბრძენთა და კეთილად მხედველთა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, სიღრმესა უღმრთოებისასა დანთქმულთა სულთა ღმრთისა შესამეცნებელად აღმომქუმელო;
გიხაროდენ, ტყვეობისაგან და მძლავრთა მონებისაგან მრავალთა სულთა გამომხსნელო;
გიხაროდენ, საღმრთოითა ღუაწლითა შენითა უხორცოთა წესთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, ერისა ჩუენისა სულიერად განმაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, ძილსა შინა მცველო და მღვიძარებასა შინა განმანათლებელო;
გიხაროდენ, არა-ცხოველისა და ნელტფილისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი.

 

კონდაკი 12

მართლმადიდებლობისა სარწმუნოებითა მოწყლულმან, ვითარცა ამხილენ კერპთმსახურებისა სიცბილსა, ეგრეთვე დაგვიფარენ მართლმადიდებელნი ერნი მწვალებელთა შესაკრებელისაგან, რომელ არს მორევი სიბილწისაი, ხოლო მტერი იგი მომსრველი მორწმუნეთა ქართველთაი დაამხუე და დასთრგუნე ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოი იგი უშჯულოებისაი, რაითა სიწრფოებითა გუ-ლისაითა ვიდოდეთ მამულ-პაპურსა გზასა ზედა და კურთხეულითა ენითა ქართულითა გაქებდეთ შენ, ვითარცა უძლეველსა მოწამესა და მხედარსა ძლიერსა: ალილუია.

იკოსი 12

დიდისა მეუფისა მხნეო მხედარო გიორგი, გუაკურთხენ და გვიძღვიდე ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა, რაითა კაცნი ცრუნი და ურწმუნონი, რომელნიცა ჰგმობენ ჭეშმარიტსა ღმერთსა და აქუთ თაყუანის-საცემელად და სალოცველად თვისად მამონაი, არასადა ღირს იქმნენ მთავრობად ერსა ჩუენსა ზედა და მიტაცებად მართლმადიდებელთა ქართველთა, არამედ განგვიმრავლდეს ყოვლისა ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი, რაითა ზრუნვიდეს ერისა ჩუენისათვის და ხმითა მადლობისაითა ჰნატრიდეს სიმხნეთა შენთა:

გიხაროდენ, ღმრთისა მიერ შენდა მონიჭებულითა მადლითა საკვირველთმოქმედო;
გიხაროდენ, ვარსკულავო, ხსნისა მეძიებელთათვის გზისა მაჩუენებელო;
გიხაროდენ, ცოდვისა მოყუარეთა კაცთათვის თავშეკავებისა სიტკბოებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, საუფლოისა ერისა მზაკუვარებითა განმხრწნელთა დამლახურელო;
გიხაროდენ, სიმართლისა მოძულეთა და ბოროტისა კეთილად დამდებთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, აღბორგებულთა ღმრთისმოძულეთა მძლეველო;
გიხაროდენ, ნებელობითა თვისითა სჯულის მდებელთა მათ, მრავალთა შემაცთუნებელთა, შემრისხველო;
გიხაროდენ, ქუადქმნილთა და ფიცხელთა გულთა მომალბობელო;
გიხაროდენ, ყრმობრივისა ბორგნეულებისა და უკრძალველობისა მომძულებელო;
გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მხედრობათა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, საღმრთოითა ძალითა სნეულთათვის სიმრთელისა მბოძებელო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი.

 

კონდაკი 13

ჰოი, გვირგვინოსანო მარტვილო, და ანგელოზთა თანა-ზიარო დიდო მოწამეო გიორგი, რომელი განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისაითა და საკრველისაგან იხსნი შენითა ღმრთისა მიმართ სათნოითა ლოცვითა, შეიწირე აწ კნინი ესე სამადლობელი გალობაი და, ვითარ იგი აღგვითქუ ჟამსა აღსრულებისა შენისასა, ეგრეცა გვიხსენ, წმიდაო, ყოვლისა ბოროტისაგან და მტერისა საფრხეთაგან, და სიხარულსა საუკუნოსა ღირს გვყვენ შენდამი მგალობელნი: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის

 

კონდაკი 1

უგალობთ ღუაწლთა შენთა, მხნეო მოწამეო იესუისო, და წმიდასა ხსენებასა შენსა ვადიდებთ, ხოლო რომელთა ესე მოვიღეთ შენ მიერ ხსნაი, გიხაროდენსა მადლობითა შევსწირავთ შენდა, ღმრთივსანატრელო, და ვითარცა მსწრაფლ-შემწისა მიმართ სარწმუნოებითა მოლტოლვილნი და სიყუარულითა მოსრულნი, სახელოვანსა და ყოვლად დიდებულსა საკვირველებათა მიერ, მხურვალედ გიღა-ღადებთ: გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი.

იკოსი 1

ჰბრწყინავ ნათლითა წამებისაითა, ქრისტეის მხედარო, მხნეო სულითა, და გვირგვინითა მარტვილთაითა შემკული ელვარედ მდგომარე ხარ წინაშე ღმრთისა, რომელსაცა ევედრე აწ ცხორებად და განათლებად ღირსად მგალობელთა სიწმიდისა შენისაითა, რაითა ყოველთა უწყოდიან, ვითარმედ სიკუდილისაცა შემდგომად ცხოველ-ხარ და წყალობასა მიჰმადლებ სარწმუნოებითა მხმობელთა:

გიხაროდენ, საუნჯეო სულისა წმიდისაო;
გიხაროდენ, ჭურო კეთილისა ზნეობისა და გონიერებისაო;
გიხაროდენ, ტრფიალო ქრისტეის სიყუარულისაო;
გიხაროდენ, ზეცადმდე აღწევნულო სუეტო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, ზღუდეო უბრძოლველო მამაცობისაო და გოდოლო შეუძრველო სიმხნისაო;
გიხაროდენ, სულითა წარჩინებულო გონიერო ანდამატო მოთმინებისაო;
გიხაროდენ, ას-წილად აღმაორძინებელო შენდა მოცემულისა ტალანტისაო;
გიხაროდენ, უშურველო წყაროო წყლისა ცხოველისაო და ზღუაო კაცთმოყუარებისაო;
გიხაროდენ, კეთილმუშაკო ქრისტეის ვენახისაო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა მტერთა მიმართ საძლეველო დიდო მხედარო ქრისტეის ღმრთისაო;
გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი.

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, კეთილშუენიერებითა ცისკროვან-ბრწყინვალეო, მნათობო ყოვლისა სოფლისაო და ახოვანო მხედარო ქრისტეის ღმრთისაო, შემწეო მორწმუნეთაო და მწუხარეთა სიხარულო და მხიარულებაო, გამომხსნელო ტყუეთაო და მეოხო მვედრებელთა და მადიდებელთა შენთაო, ღუაწლისა-მძლეო, დიდო მოწამეო გიორგი!
ჰოი, ღმრთივგვირგვინოსანო, დიდო მოწამეო ქრისტეისო, წმიდაო გიორგი! მოგვიხსენე წინაშე ღმრთისა და ელვარებითა სიწმიდისა შენისაითა მოხედენ სამკვიდრებელსა ქართველთასა, და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა, მძლავრებისაგან ბოროტისაითა მრავალგზის კუეთებულსა და შეჭირვებულსა და განამტკიცე იგი. დაამდაბლე ქუეშე ფერხთა ქრისტეანეთასა წინააღმდგომნი მტერნი, ხილულნი და უხილავნი, და ვითარ-იგი მიეც ღმრთისმო-ყუარესა მეფესა დავითს პირველ დიდგორსა შინა ძლევაი საკვირველი, ეგრეთვე აწ უკანაისკნელსა ამას და მზაკუვარსა ჟამსა ბოროტითა უძლურებითა შეპყრობილთა ქართველთა კუალად მოგუმადლე ძლევაი საკვირველი, რაითა ვიპყრათ, რომელი უკუე გუაქუს, და არავინ მოგვიღოს გვირგვინი იგი წმიდისა მოციქულისა იოვანეისა მიერ წინაისწარმეტყუელებული და ჩუენთვის აღთქუმული. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა განაძლიერეთ ქრისტეისმოყუარე მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე. ევედრე, ყოვლადბრწყინვალეო მარტვილო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კლვანი და სხვანიცა, შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.
ჰოი, ღმრთივშუენიერითა ღუაწლითა განათლებულო, პატიოსანო და ბრძენო მოწამეო, უძლურთა განმაძლიერებელო და მძლავრთა დამცემელო, წმიდაო გიორგი! ღმრთივდიდებულითა საკვირველებითა და ნიშებ-სასწაულითა შენითა განათავისუფლე ტყუენი, განჰკურნე უძლურნი, იხსენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განარინე ზღვასა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარეთ ქრისტესა ღმერთსა, ყოველთა შემწყნარებელსა. ყოველნი მარტვილთმოყუარენი და მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი ადიდე და აღამაღლე სულითა და ხორცით, რაითა სასუფეველისა დიდებასა და დიდადშუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს ვიქმნნეთ ყოველნი, ანგელოზთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ და შენ თანა გვირგვინოსანნი ვაკურთხევდეთ შენსა გვირგვინოსანმყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა და შენ შორის მეტყველსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ლოცვა მუხლთმოდრეკითა სათქმელი

ჰოი, მოწამეთა და მოღუაწეთა შუენიერებაო, ჩემო საწურთელო და ბრწყინვალებაო, ტკბილო სახელითაცა და საქმითა, მეუფისა მრავალნაყოფიერო ნამუშაკეო, მართალთა ყოველთა სამკაულო, ურწმუნოთა მტერთა მიმართ საძლეველო დიდო მხედარო ქრისტეის ღმრთისაო, წმიდაო მთავარმოწამეო გიორგი, რომელმან ჰქადაგე წმიდაი და დიდებული სახელი მისი წინაშე მეფეთა და მთავართა უშჯულოთა და შინებათა და ტანჯვათა მათგან არა შესძრწუნდი, არამედ მიიღე წადიერებითა მრავალფერთა მათ ტანჯვათა მიერ სასუმელი იგი წამებისაი და უხრწნელებისა გვირგვინი ცხოველსმყოფელისაგან მარჯვენისა მაღლისა დაიდგი, და აწ ცათა შინა წინაშე საყდართა მათ მადლითა მისითა ანგელოზთა თანა მდგომარე ხარ, ხოლო ქუეყანასა ზედა ნიშთა და სასწაულთა და დიდებულთა საკვირველთა აღასრულებ, რომელთაი არა არს რიცხვი, მოვედ აწ და დადეგ შორის ჩუენსა და უხუად განგვიყავ შემსხმელთა შენთა და მგალობელთა მადლი, წყალობაი და ცოდვათა მიტევებაი და წარგვიმართე ჩუენ გზასა მშვიდობისასა სავანეთა მათ მიმართ საწადელთა, ზეცისა სასუფეველსა ქრისტეის იესუის მიერ უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის ყოველივე დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა გიორგისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

გამოკრიბა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა